განხილვალიტერატურა

ფარსმან სპარსი – პერსონაჟის განხილვა

ფარსმან სპარსი ერთი სრულიად გამორჩეული და ორიგინალური პერსონაჟია არა მარტო გამსახურდიას შემოქმედებაში, არამედ, საერთოდ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
„დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟთა შორის არავინ არის ისეთი ტრაგიკული, საცოდავი და იმავდროულად საშინელი კაცი, როგორიც ფარსმანია.
ფარსმან სპარსი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა მას დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის გამოჩინებაზე მეოცნებე ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად.
თავის ფენომენალურ განათლებასა და გენიალურ ნიჭს იმავე ნადიმის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს, საიდანაც იგი უცერემონიოდ იქნა გაძევებული.
ტრაგიკული განცდა გვეუფლება არა იმდენად თვით ფარსმან სპარსთან მიმართებაში, არამედ მისი მშობელი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან ეს კაცი თავისი გენიალური ჭკუით ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა ქვეყანას დიდ სიკეთედ მოვლენოდა, როგორი წარმატებითაც დიდი ბოროტების ქმნა შეუძლია.
ერთია ქვეყნისათვის დაკარგული ნიჭი, მეორეა ამ დანაკარგის ბოროტებად შემობრუნება იმავე ქვეყნისთვის. მსოფლიოს დიდი ქვეყნის ბედს წარმატებით ატრიალებდნენ ქართველი კონდოტიერები. იმავდროულად ან ანგრევდნენ საკუთარ ქვეყანას, ან სულაც დავიწყებული ჰქონდათ მისი არსებობა. დღემდე გაწვალებს კაცს ფიქრი: რა იქნებოდა, მათ რომ კეთილი ნება ჰქონოდათ და, ამდენი თუ შეეძლოთ, იმის მეათედი მაინც ერგოთ საკუთარი სამშობლოსათვის, რაც ავნეს…
ფარსმან სპარსი ფლობდა უამრავ ენას, უდიდეს ცოდნას. იყო საუკეთესო ექიმი, ვარსკვლავთმრიცხველი, სამყაროს იდუმალებათა შემცნობი.
გაბედულება და სულიერი სიმტკიცეც საარაკო ჰქონდა. მეფე გიორგის ირიბად, ისეთ მწარე სიმართლეს მიახლის ხანდახან, კაცთაგანი რომ ვერ უბედავს გვირგვინოსანს.
ხელოვანიც იყო, დიდი მეომარიც და დიდი მეცნიერიც, მაგრამ სწორედ ამით, ყოველივე ამით აღჭურვილი, იგი შემაძრწუნებლად საშიში გახლდათ გარშემო მყოფთათვის, ვინაიდან მას ამოძრავებდა მხოლოდ ცინიზმი და სიძულვილი ადამიანთა მიმართ.
ერთი სიტყვით, სხვაზე აღმატებული ყველაფერი ჰქონდა ამ კაცს – ცოდნაც, გაბედულებაც, სიმტკიცეც.
არანაირი პრინციპი ფარსმანს არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი პრინციპი უპრინციპობაა.
იმ საზოგადოებაში, სადაც თვით მეფესაც კი სჯერა, რომ შეცოდებათა გამო ხატი შემოსწყრა და სასახლის პალატიდან ნიკორნის მონასტერში გაიპარა, ყოვლისმცოდნე და სხვათაგან დაწიხლული ფარსმანის ცინიზმს იქნებ ჰქონდეს კიდეც ახსნა, მაგრამ შემზარავია ის სცენა, როდესაც იგი თანამემამულეებს, თვით საკუთარ შვილსაც კი, რომელიც გონჯი მისცა განგებამ და ამითაც დასაჯა, მიწისძვრის დროს დასაღუპად იმეტებს.
წინასწარ იცის და არავის, ვარდისახარის გარდა, არ აუწყებს მოსალოდნელი საშინელი უბედურების შესახებ.
არც ამ მიზანტროპ კაცთმოძულედ ქცეული გენიოსის სიცოცხლე დასრულდა ბუნებით სიკვდილი. ჯერ დადაღეს, როგორც მწვალებელი, შემდეგ წამებაში ამოხდა სული.
ეს კაცი შურისძიების წყურვილმა გააბოროტა. ბაგრატიონების სიძულვილი კი მთელი ქვეყნის სიძულვილად ექცა. ქვეყნის ღალატის მოლიპულ გზაზე ესეც ერთი ნაცნობი სურათია

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button