სიტყვათშეხამება წინადადებაში
წინადადებაში გრამატიკული წესების შესაბამისად შექმნილ სიტყვათა წყვილს სიტყვათშეხამება (სინტაქსური კავშირი, თავისუფალი შესიტყვება) ჰქვია. სამეცნიერო ლიტერატურაში განასხვავებენ სიტყვათშეხამებასა და შესიტყვებას (ა.დავითიანი, 1973, გვ. 364). ზოგ ენაში სინტაქსური კავშირი სუსტია და სიტყვათშეხამება წინადადების წევრთა რიგით განისაზღვრება. ქარ-თული, როგორც აგლუტინაციური (აფიქსებიანი) ენა, მდიდარია სიტყვათშეხამების სახეებით; ქართული წინადადების აზრის გასაგე-ბად არსებითი არ არის სიტყვათა რიგი, თუმცა ენობრივი ნორმებისა და სტილის თვალსაზრისით ყურადღება ექცევა წინადადების წევრთა თანმიმდევრობასაც.
სინტაქსურ წყვილში სიტყვებს შორის კავშირის სახეებია: შე-თანხმება, მართვა და მირთვა. წყვილში ერთი გაბატონებული, ძირითადი წევრია, მეორე – დაქვემდებარებული, ძირითადის დამაკონკრეტებელი (შდრ., საზღვრული და მსაზღვრელი ფართო გაგე-ბით).
შეთანხმება სიტყვათა ისეთი შეკავშირებაა, როდესაც დაქვემდებარებული სიტყვა იღებს იმ ფორმას, რომელიც წამყვან სიტყვას აქვს. შეთანხმებისათვის აუცილებელია, შესიტყვებაში შემავალ სიტყვებს საზიარო გრამატიკული კატეგორია ჰქონდეს. ქართულში სახელებისათვის ზიარია ბრუნვისა და რიცხვის კატეგორია, ზმნისა და სახელისთვის კი _ რიცხვისა. აქედან გამომდინარე, გამოიყოფა შეთანხმების სამი ძირითადი შემთხვევა:
სახელი ითანხმებს სახელს ბრუნვაში;
სახელი ითანხმებს სახელს რიცხვში;
სახელი ითანხმებს ზმნას რიცხვში;
იმ სიტყვას, რომელიც ითანხმებს, მათანხმებელს უწოდებენ, იმ სიტყვას კი, რომელიც ეთანხმება – შეთანხმებულს. მათანხმებელი სიტყვა სახელია, შეთანხმებული – სახელი ან ზმნა.
სამეცნიერო ლიტერატურაში შეთანხმების ერთ-ერთ შემთხვევად გამოყოფენ სახელისა და ზმნის პირში შეთანხმებასაც (ლ.კვაჭაძე, ი.იმნაიშვილი, ა.დავითიანი…).
მართვა სიტყვათა ისეთი სინტაქსური დამოკიდებულებაა, როდესაც ერთი სიტყვა მეორისაგან მოითხოვს ისეთ ფორმას, რო-მელიც მას არ გააჩნია საერთოდ ან არ აქვს მოცემულ შემთხვევაში.
იმ სიტყვას, რომელიც მართავს, მმართავი ეწოდება; ხოლო იმ სიტყვას, რომელიც იმართვის, მართული ჰქვია.
არნ.ჩიქობავა მართვის ოთხ შემთხვევას გამოყოფს:
სახელი მართავს სახელს ბრუნვაში (ხის სახლი);
სახელი მართავს ზმნას პირში (მწერს მე);
ზმნა მართავს სახელს ბრუნვაში (დახატა დედამ);
ფორმაუცვლელი სიტყვა მართავს სახელს ბრუნვაში (სახლის გარშემო).
იმ შემთხვევაში, როდესაც მმართავი სიტყვა უშუალოდ მოითხოვს მართული სიტყვისაგან ამა თუ იმ ბრუნვის ფორმას, მართვა უშუალოა. მაგ.: ლამაზმა ქალმა; იმ შემთხვევაში კი, როდესაც მართვაში მონაწილეობს თანდებულიანი სახელი და მისი მნიშვნელობით გამოყენებული ზოგიერთი ზმნიზედა, რომელიც წყვილში შედის ზმნასთან, საქმე გვაქვს შუალობით მართვასთან (არნ.ჩიქობავა, ლ.კვაჭაძე…).
მირთვა სრულმნიშვნელოვან სიტყვათა ისეთი შეკავშირებაა, როდესაც წამყვანი სიტყვა დამოკიდებულს იკავშირებს მხოლოდ შინაარსობლივ ისე, რომ ამას რაიმე გრამატიკული გამოხატულება არ ახლავს. ”მირთვა ნულამდე დაყვანილი მართვაა. მართვის დასუსტების გზით მივდივართ მირთვისაკენ” (არნ.ჩიქობავა, 1968, გვ.120).
მირთვის შემთხვევებია:
ფორმაუცვლელი სიტყვა მიერთვის ზმნას ან ნაზმნარ სახელს (ნელა წერდა);
თანდებულიანი სახელი მიერთვის ზმნას ან ნაზმნარ სახელს (სახლში მიდის).
მარტივ წინადადებაში სინტაქსურ წყვილთა რიცხვი წინადადე-ბის წევრთა რაოდენობაზე ერთით ნაკლებია;
განვიხილოთ სინტაქსური წყვილთა სახეები მარტივი წინადადების მიხედვით: “ძალიან ლამაზი ქალი აჩქარებული ნაბიჯით შე-მოვიდა ოთახში”. კონსტრუქციაში 6 სინტაქსური წყვილია.
ქალი შემოვიდა: გაბატონებული წევრია შემასმენელი; შეთანხმება გვაქვს რიცხვში (შდრ.: ქალები შემოვიდნენ). ქვემდებარეს (სახელს) ბრუნვაში მართავს შემასმენელი (ზმნა): ზმნა ითხოვს, რომ სახელი იყოს სახელობით ბრუნვაში. ამავე დროს, ქვემდებარე (სახელი) ზმნას მართავს პირში (შდრ.: შენ შემოხვედი, ის შე-მოვიდა), ე.ი. გვაქვს საურთიერთო მართვა – კოორდინაცია (იხ. ქვე-მოთ; 3.5.).
ნაბიჯით შემოვიდა: გაბატონებული წევრია შემასმენელი; ვითარების გარემოებას (სახელს) მართავს შემასმენელი (ზმნა). აქვე აღვნიშნავთ, რომ ნაბიჯით შემოვიდა წყვილი სამეცნიერო ლიტერატურაში მირთვადაც განიხილება.
ოთახში შემოვიდა: გაბატონებული წევრია შემასმენელი; ადგილის გარემოებას (სახელს) მართავს შემასმენელი (ზმნა): ზმნა სახელს ითხოვს შიმორფემიანი ფორმამაწარმოებელი ყალიბით – ბრუნვით.
ლამაზი ქალი: გაბატონებული წევრია ქვემდებარე; შეთანხმება გვაქვს ბრუნვაში: ლამაზი (განსაზღვრება) ბრუნვაში ეთანხმება ქვემდებარეს (არსებითი სახელს).
ძალიან ლამაზი: გაბატონებული წევრია ზედსართავი სახელი, ზმნიზედა მირთულია ზედსართავზე, მისი მსაზღვრელია, განსაზღვრებაა (და არა ვითარების გარემოება; გარემოება, როგორც წესი, უნდა ახლდეს შემასმენელს).
აჩქარებული[თ] ნაბიჯით: გაბატონებული წევრია ვითარების გარემოება (არსებითი სახელი), რომელიც მოქმედებით ბრუნვაში ითანხმებს მსაზღვრელს (ზედსართავი სახელის როლში წარმოდგენილ მიმღეობას).
სინტაქსურ წყვილთა წარმოდგენილი კვალიფიკაცია კარგად ასახავს ქართული წინადადების წევრთა იერარქიას, რომელიც წარმოჩნდება უშუალო შემადგენლების მეთოდით (იხ. ქვემოთ 3.5.).
სიტყვათშეხამება (თავისუფალი შესიტყვება) შეიძლება იქცეს მყარ შესიტყვებად – ფრაზეოლოგიურ ერთეულად (ა.დავითიანი, 1973, გვ. 355-368; თ.გამყრელიძე, 2003, გვ.374-379). ფრაზეოლოგიური ერთეული დაუშლელია, თუმცა სინტაქსური კავშირის სახეები თავისუფალი სიტყვათშეხამების ანალოგიურია;
შდრ.: ნემსის ყუნწში (სახელი მართავს სახელს ბრუნვაში) გაძვრა;
ტყუილს მოკლე ფეხები (სახელი ითანხმებს სახელს ბრუნვაში) აქვს;
ეგ კაცი წყალს ნაყავს (ზმნა სახელს მართავს ბრუნვაში და სახელი მართავს ზმნას პირში)…