ისტორიასაინტერესო

პაატა ნაცვლიშვილი – “იმის ღირსი ვიყოთ, ქართველები რომ ვართ…”

“იმის ღირსი ვიყოთ, ქართველები რომ ვართ…”

არგენტინიდან სამწუხარო ამბავი მოვიდა: გარდაიცვალა მზია პაპავა-ჭეიშვილი – ქართველ ემიგრანტთა ერთი ყველაზე ძლიერი და სახელოვანი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი.

მისი მშობლები – თამარ და აკაკი პაპავები – სახელოვანი მწერლები და მოღვაწეები იყვნენ, რომელთა სახელები, რომელთა წიგნები და შემოქმედება გასული საუკუნის ბოლოსღა დაიბრუნა საქართველომ. პაპავების ფესვმაგარი ოჯახი ქართული კულტურის მძლავრი კერა იყო ჯერ გერმანიაში და შემდეგ არგენტინაში. მზია პაპავა და მასზე ოთხი წლით უფროსი მისი და ტურფა, ბავშვობიდანვე ქართულ გარემოში და ქართული სულისკვეთებით იზრდებოდნენ, უფრო ქართულ გარემოში და უფრო ქართული სულისკვეთებით, ვიდრე ეს იმ დროის საქართველოში იყო შესაძლებელი. თამარ და აკაკი პაპავები გოგონებისთვის სპეციალურად ადგენდნენ ქართულ რებუსებს, შარადებსა თუ კროსვორდებს, წერდნენ ლექსებს და სათუთად ინახავდნენ ბავშვების გულუბრყვილო ჩანაწერებსა თუ ბავშვურ ნახატებს. მოგვიანებით ქალიშვილებისთვის დაწერილი და მათდამი მიძღვნილი აკაკი პაპავას ლექსების ორი მომცრო კრებული, “ბაბუტას ლექსების” სახელწოდებით, სტამბურადაც დაიბეჭდა. ერთ ასეთ კრებულში შესულია 1924 წელს ჰამბურგში დაწერილი ლექსი სათაურით “მზიას ალბომში”:

პატარა მზიას ჰქონია
ეს შვენიერი რვეული,
თვითონაც ყველა
ბავშვებში
იყო და არის რჩეული…
მას უყვარს თვისი ქვეყანა,
ვარდებად გადარეული,
ქართლის კოშკები,
ტაძრები,
იაზმა გადავლებული.
ცხრათვალა წყაროთ
დუდუნი,
ცა, მუდამ გადარებული…
ცხად-სიზმრად მხოლოდ
ეს ახსოვს,
დამღერს
გულ-გალაღებული.
ან განა იცის მზიამა,
რომ მტერი ხმალ-აღებული,
მუსრს ავლებს
საქართველოსა,
შურითა აღტყინებული.
ერთხელ მის ყურსაც
მოხვდება,
კვნესა ქართველი ქალისა,
იქნებ თავს იდოს, ამირანს
ხელს მისცეს ტარი
ხმალისა…”

თამარ პაპავა ქალიშვილებთან მზია და ტურფა პაპავებთან – Tamar Papava with her daughters Mzia & Turpha Papava

ტურფა და მზია პაპავებისთვის დაწერილ საბავშვო ლექსებზე, მათ გარდა, ქართველ ემიგრანტთა პირველი თაობის არაერთი ბავშვი აღიზარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ზრდიდნენ თამარ და აკაკი პაპავები ჯერ შვილებს და შემდეგ შვილიშვილებს, შეიძლება საოჯახო პედაგოგიკის მეტად საინტერესო და სასარგებლო სახელმძღვანელო დაიწეროს.

თამარ და აკაკი პაპავების მეცადინეობით, არაერთ ოჯახურ ტრადიციას დაედო სათავე. ისინი საყოველთაო, ეროვნულ თუ ოჯახურ დღესასწაულებთან იყო დაკავშირებული: შობა, ახალი წელი, აღდგომა, თამარობა, 26 მაისი, 29 აგვისტო, ოჯახის წევრთა დაბადების დღეები…

და რაც მთავარია, ყველა ასეთი დღესასწაული დოკუმენტურად ფიქსირდებოდა ხოლმე ამა თუ იმ ფორმით. პაპავა-ჭეიშვილების ოჯახურ არქივში დაცულია ერთი ასეთი დოკუმენტი. ეს გახლავთ გერმანული ღია ბარათი, რომლის უკანა მხარეს ოთხი სხვადასხვა კალიგრაფიით ოჯახის წევრთა წინასაახალწლო სურვილები და განწყობილებებია დაფიქსირებული.

თავში ოჯახის უფროსის ხელით წერია:

“ქ. ჰამბურგი. 1933 წ. 31 დეკემბერი, ღამის 11 ს და 20 წუთი. ვეგებებით ახალ წელს და ვისურვებთ 1934 წლისაგან…”

მერე ოჯახის წევრები თავ-თავიანთ სურვილებს წერენ. 16 წლის მზია პაპავას ასეთი რამ უნატრია საახალწლოდ:

“მე ვთხოვ 1934 წელს, რომ ჩემს საყვარელ დედ-მამას ჯანმრთელობა აჩუქოს და ტურფას და მე გვაჩუქოს, რომ იმის ღირსი ვიყოთ, ქართველები რომ ვართ და მერე ვთხოვ საქართველოს განთავისუფლებას და ჩვენი საყვარელი ბებოს კარგად ყოფნას. მზია”.

აკაკი და თამარ პაპავები – Akaki & Tamar Papava

მზია პაპავა უკვე მაშინ, როცა ნატრობდა, ქართველობის ღირსი ვიყოო, მართლა ღირსეული ქართველი იყო და ასეთად დარჩა იგი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე.

სწორედ მზია პაპავას დამსახურებაა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ პაპავა-ჭეიშვილების სახლი ბუენოს-აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში კვლავ დარჩა ქართული სულისა და ქართული კულტურის ერთ-ერთ უძლიერეს კერად საქართველოს გარეთ. თავის დროზე ამ სახლში დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა ვიქტორ ნოზაძე. მზია პაპავას ახლო ურთიერთობა ჰქონია გრიგოლ რობაქიძესთან, რომელსაც ძია გრიგოლს ეძახდა. მის მეხსიერებაში ღრმად იყო აღბეჭდილი შეხვედრები ქართული პოლიტიკური თუ კულტურული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან: ნოე ჟორდანიასთან, სამსონ ფირცხალავასთან, ლადო ახმეტელთან, გიორგი მაჩაბელთან, გიორგი კვინიტაძესთან, კიტა ჩხენკელთან, ირაკლი ბატონიშვილთან, გიორგი ყიფიანთან, სხვებთან…

მზია პაპავა – აკაკი და თამარ პაპავების ქალიშვილი; Msia Papava – dougther of Akaki and Tamar Papava 3

ქართულმა საზოგადოებრიობამ მზია პაპავა-ჭეიშვილი გასული საუკუნის 80-იან წლებში გაიცნო რეზო თაბუკაშვილის ცნობილი კინოტრილოგიიდან “შორიელთა სიახლოვე”. ამ ფილმში მოთხრობილია თბილისის სიონის ტაძრის საკურთხევლის გადასაფარებლის ისტორია, რომელიც 1936 წელს გერმანიაში შეუძენია აკაკი პაპავას და რომელიც მისმა შვილებმა რეზო თაბუკაშვილს საქართველოში გამოატანეს. მზია პაპავა მის მეუღლესთან ალექსანდრე ჭეიშვილთან ერთად რეზო თაბუკაშვილის კეთილი მასპინძელი იყო არგენტინაში. მანამდე მათ სტუმართმოყვარე ოჯახს სტუმრობდნენ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტებული ქართველები: მიხეილ კაკაბაძე, ნოდარ გუგუშვილი, არჩილ გოგელია, გურამ ფანჯიკიძე, კოტე მახარაძე, გიგლა ფირცხალავა და დავით ქლიბაძე.

აკაკი და თამარ პაპავები, ქალიშვილები ტურფა და მზია პაპავები, საშა ჭეიშვილი (მზიას მეუღლე), ბერლინი; Berlin, from left to right Turpa Papava, Msia Papava (dougthers of Akaki and Tamar), Sacha Tcheichvili (Msia´s housband), Akaki & Tamar Papava

“ისინი არგენტინაში საქართველოთი ცხოვრობენ, საქართველოთი ცოცხლობენ. თუ სადმე წიგნში, აფიშაზე ან გაზეთებში თვალს მოჰკრავენ ქართულ გვარს და ძეგლს, ქართულს რაიმეს, შეფრხთიალდებიან, თითქოს ქართულ მიწაზე დაედგათ ფეხი”, – ამბობდა პაპავა-ჭეიშვილების ოჯახების შესახებ მიხეილ კაკაბაძე 1981 წელს დაწერილ და 1988 წელს გამოქვეყნებულ თავის წერილში.

მიხეილ კაკაბაძე იმავე წერილში ასე აღწერს პაპავა-ჭეიშვილების ქართულ კერას არგენტინაში:

“თაროებიდან და კარადებიდან იმზირებიან შოთა რუსთაველი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი, ივანე ჯავახიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, “ჯეჯილის”, “მნათობისა” და “ცისკრის” ტომები. ორივე ოჯახში ქართული წიგნებისა და ალბომების უმდიდრესი ბიბლიოთეკაა. აქ მრავლად ნახავთ უნიკალურ ქართულ გამოცემებს და სხვადასხვა ენაზე დასტამბულ წიგნებს საქართველოს შესახებ”.

ამ ოჯახის სტუმრები სხვადასხვა დროს ყოფილან ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები… მზია დეიდას ქართული მასპინძლობა ახსოვთ ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ალექსანდრიას, ნანა იოსელიანს, სოფიკო ჭიაურელს, რობიკო სტურუას, რეზო ეგაძეს, გია თორთლაძეს, გოჩა შათირიშვილს… 1979 წელს მეც მქონდა ბედნიერება, მზია დეიდისა და მისი ქალიშვილების – გულნარასა და სალომეს სტუმარი ვყოფილიყავი ლომას-დე-სამორაში.

იმ ხანმოკლე სტუმრობისას საშუალება მომეცა, თვალნათლივ დავრწმუნებულიყავი იმაში, რაც მანამდეც მქონდა გაგებული მიშა კაკაბაძისგან, ნოდარ გუგუშვილისა თუ არჩილ გოგელიასაგან: მზია პაპავა-ჭეიშვილი ყველა ქართული საქმის შუაგულში ტრიალებდა არგენტინაში. ვინც უნდა ჩამოსულიყო საქართველოდან, რა საქმეც უნდა ჰქონოდა, მზია დეიდას მის გვერდით დგომა თავის მოვალეობად მიაჩნდა.

თამარ პაპავა შვილიშვილთან ალექს ნოდართან – Tamar Papava with grand grand son Alex Nodar, August, 1965

იმხანად არგენტინაში მცხოვრებ დოქტორ გოჩა შათირიშვილთან ერთად ბუენოს-აირესში ვიყავი, ურუგვაის საელჩოში და რაკი ვიცოდი, რომ მზია დეიდა ნერვიულობდა, მომცემდნენ თუ არა ურუგვაელები ვიზას, როგორც კი საქმეს სასიკეთო პირი დავატყვე, დავურეკე, ყველაფერი რიგზეა-მეთქი. კიდევ კარგი, დამირეკე, ახლა სწორედ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომეძებნეთ, რობიკოს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება, თარჯიმანი გაფიცულაო; გულნარასაც დავურეკე, ნინოსაც, სალომესაც, მაგრამ არც ერთმა არ იცის დანამდვილებით, მოახერხებენ თუ არა 4 საათისთვის თეატრში მისვლასო; იქნებ გოჩამ შეძლოსო. რობერტ სტურუა ბუენოს-აირესში, ალვეარის თეატრში სპექტაკლს დგამდა და პრემიერამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. თარჯიმანს, იმაში დაწმუნებულს, რომ პროდიუსერს სხვა გზა არ ექნებოდა, ჰონორარის მომატება მოუთხოვია; მაგრამ სანამ ქართველი რეჟისორის არგენტინელი პროდიუსერი ამ ამბავს გაიგებდა და რაიმეს იღონებდა, რობიკოს რეპეტიცია ეშლებოდა და სასოწარკვეთილს მზია დეიდასთვის დაურეკავს. იმანაც ყველას მიაწვდინა ხმა – თავის შვილებსაც, დისშვილებსაც, გოჩასაც – ყველას, ვინც იმ წუთში ბუენოს-აირესში იყო და ქართული და ესპანური იცოდა. მობილური ტელეფონი მაშინ ახალი ხილი იყო და არც ერთ ჩვენგანს, ვისაც მზია დეიდამ ხმა მოგვაწვდინა, მობილური ტელეფონი არ გვქონია. მე და გოჩა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ გავეშურეთ ალვეარის თეატრისაკენ. რომ მივედით, ოთხს 15 წუთი აკლდა. უნდა გენახათ რობიკო სტურუას ამაყი და ბედნიერი სახე. არა იმიტომ, რომ ჩვენ მივედით, არამედ იმიტომ, რომ მე და გოჩა პირველები სულაც არ ვყოფილვართ და ჭეიშვილები უკვე იქ დაგვხვდნენ! ხოლო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და დირიჟორი – მზია დეიდა ყველას შინ მიგველოდა და ვახშამს ამზადებდა.

მზია პაპავა-ჭეიშვილი მარტო მის შვილებს, დას, დისშვილებს, არგენტინასა თუ საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს როდი მოუკვდა. იგი მოგვიკვდა ჩვენც, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც შევხვედრივართ მას, ვისაც გვიგრძვნია მისი დედაშვილური სითბო და ყურადღება. ჩვენც მისი ჭირისუფლები ვართ. მზია პაპავა-ჭეიშვილის ჭირისუფალია ყველა ქართველი, ვისაც რეზო თაბუკაშვილის ფილმი უნახავს, ვისაც თამარ და აკაკი პაპავების ოჯახის შესახებ რაიმე სმენია.

მარჯვნიდან პაპავების სიძე პროფ. ლეო ჭეიშვილი, შვილიშვილი ნინო ჭეიშვილი(მხატვარი), ქალიშვილი ტურფა პაპავა, ნინო ჭეიშვილის მეუღლე -ოსმარ გიგლიონე (არქიტექტურის პროფესორი, იტალიელი), Son-in-law – Leo Cheishvili, granddaughter Nino Cheishvili & her husband Osmar Giglione,

თამარ და აკაკი პაპავების უმდიდრესი ბიბლიოთეკა და უძვირფასესი არქივი სწორედ მზია პაპავა-ჭეიშვილის ოჯახში ინახება ლომას-დე-სამორაში, ალვარეს თომასის ქუჩაზე მდებარე სახლში. ამ არქივის მცირე ნაწილი მზია დეიდამ საქართველოში გამომატანა და წლების განმავლობაში იგი გაზეთ “სამშობლოს” რედაქციაში იყო დაცული. წელს ამ არქივმა, გაზეთ “სამშობლოს” არქივთან ერთად, მისამართი შეიცვალა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიდო ბინა. ამ ცენტრის დირექტორის ბუბა კუდავას თანადგომითა და მოწადინებით, აქ გაიხსნება თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტი, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. ჩემდა სავალალოდ, ვერ მოვასწარი, მზია დეიდასათვის ეს სასიხარულო ამბავი მეცნობებინა – საქმის დაგვირგვინებას ველოდებოდი. ნეტა, არ დავლოდებოდი და წინასწარ მეცნობებინა, – მზია დეიდა ძალიან განიცდიდა მისი მშობლების ბიბლიოთეკისა და არქივის ბედს და ამაზე დარდი არ აძლევდა მოსვენებას. სამწუხაროდ, მზია დეიდას ვეღარ, მაგრამ მის ქალიშვილებს, მის დას და დისშვილებს კი შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ნეტა, უცხოეთში დაცული ყველა ქართული არქივი ისე იყოს მოვლილი და დაცული, როგორც თამარ და აკაკი პაპავების არქივი იქნება მოვლილი და დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აკაკი პაპავა – Akaki Papava

მზია პაპავამ და მისმა მეუღლემ საშა ჭეიშვილმა არაერთ უჭირისუფლო ქართველს უპატრონეს არგენტინაში. თავისი მშობლების არქივთან ერთად, მზია დეიდამ საქართველოში გამომატანა არგენტინაში სხვადასხვა დროს გარდაცვლილი დავით ღოღობერიძის, ივანე ფალიაშვილისა და ტარასი შანავას გარდაცვალებისა და დაკრძალვის საბუთები – იქნები მათი ნათესავები მოიძებნონ შენი გაზეთის მეშვეობითო.

მზია დეიდას მეუღლე – საშა ჭეიშვილი ათწლეულების განმავლობაში ავიაკომპანია “ლუფტჰანზას” გადაზიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბუენოს-აირესში და თამარ და აკაკი პაპავების ფერფლი სწორედ მან გადაასვენა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მანვე გადაასვენა ლევილში ტურფა პაპავასა და ლეო ჭეიშვილის 25 წლის ქალიშვილის მაყვალას ფერფლი. თავად საშა ჭეიშვილის ფერფლიც დღეს ლევილში განისვენებს. მზია პაპავა-ჭეიშვილის ნეშტიც საბოლოოდ ლევილის სასაფლაოზე დაიკრძალება მშობლებისა და მეუღლის გვერდით.

მზია პაპავა 2 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ზუსტად 20 დღე დააკლდა, რომ 90 წლისა შესრულებულიყო. აქედან 86 წელიწადი მან უცხო მიწაზე გაატარა, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყებია, რომ ქართველი იყო და შვილებიც ნამდვილ ქართველებად აღზარდა თავის მეუღლესთან და მშობლებთან ერთად.

მზია პაპავა – აკაკი და თამარ პაპავების ქალიშვილი; Msia Papava – dougther of Akaki and Tamar Papava

გულნარა ჭეიშვილი ექიმია, სალომე ჭეიშვილი – არქიტექტორი და, თუმცა, ორივენი არგენტინის მოქალაქეები არიან, იშვიათია მათებრი ქართველი, იშვიათია მათებრი სიყვარული საქართველოსი – მათი შორეული და ძვირფასი სამშობლოსი.

იმის მიუხედავად, რომ ენა ფაქტობრივად უცხოეთში აიდგა და ექვს თუ შვიდ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა, მზია პაპავა-ჭეიშვილის მშობლიური ენა ქართული იყო. დღესაც ყურში მიდგას მისი დახვეწილი, შეურყვნელი ქართული, მდიდარი ლექსიკით, საჭირო დროს – სალაპარაკო, საჭირო დროს – ლიტერატურული, თავისუფალი ემიგრანტთა დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელი უცხოური აქცენტისა და ყოველგვარი ბარბარიზმისაგან.

საქართველოს განთავისუფლებას და მისი დამოუკიდებლობის აღდგენას კი მოესწრო, მაგრამ სამშობლოს ხილვა აუსრულებელ ოცნებად დარჩა. ძალიან შორს არის არგენტინაო, ამბობდა. ერთხელ კი მითხრა – განა ჩემი შვილები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ჩემი სამშობლოში დაბრუნება არ არისო.!

არის, როგორ არ არის!

გულნარა და სალომე ჭეიშვილები კიდევ არაერთხელ ჩამოვლენ საქართველოში და მათი ყოველი ჩამოსვლა მზია პაპავა-ჭეიშვილის სამშობლოში დაბრუნებაც იქნება. საშა ჭეიშვილის დაბრუნებაც.

თამარ და აკაკი პაპავების დაბრუნებაც.

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button