აკაკი წერეთელი – ბიოგრაფია
აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები
აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.
ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა: „სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.
აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.
ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს:
„მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები…
ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.
სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე – დარბაზისა და სისქე-ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია“.
შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.
ზემო იმერეთში ცნობილია წერეთელთა საჩხერისა და სხვიტორის შტო.
აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.
აკაკის მამა, როსტომ წერეთელი დაბადებულია 1802 წელს. მას მამა ადრე გარდაცვლია და ამ უბედურების გამო სათანადო სწავლა-განათლება ვერ მიუღია. დედისერთა ობოლი ბავშვი მომეტებულად შინ ყოფილა და ძირითადად შინაური სწავლა-განათლებით დაკმაყოფილებულა.
აკაკის მამა კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი, გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა. ეს ნათლად ჩანს პოეტის შემდეგი სიტყვებიდან:
„მამაჩემი… ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.
როსტომი ოჯახის საქმეებში არ ერეოდა. მიუხედავად იმისი ახირებულობისა და გულფიცხი ხასიათისა, სასახლეში ის ქალბატონზე უფრო ყვარებიათ. გარეშეებიც დიდი სიყვარულით ექცეოდნენ თურმე როსტომს და „მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა“. 1847 წელს როსტომი დაუნიშნავთ ქუთაისში მთავრობის მიერ დაარსებული „იმერეთისა და გურიის თავადაზნაურობის უფლებათა გამრჩევი კომისიის“ დეპუტატად. ამ კომისიის მრავალ საქმეთა შორის როსტომ წერეთლის ხელმოწერა გვხვდება 1853 წლის 26 ივლისს შედგენილ მოწმობაზე.
აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. ეკატერინე დაბადებულა 1808 წელს. მამამისი, ივანე აბაშიძე, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას მეთაურობდა. ეს აჯანყება იარაღით იქნა ჩახშობილი, რის შემდეგაც ივანე აბაშიძე იმერეთიდან თურქეთში გადახვეწილა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის მოუკლავთ ახალციხეში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ აბაშიძის ოჯახი სასტიკად დაარბიეს. ამის შესახებ აკაკი წერს: „აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს… აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმის ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები… უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა“.
ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.
აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).
ძიძასთან სავანეში
ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.
„საწერეთლოში, ზემო იმერეთში, – წერს აკაკი, – ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება“.
ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.
გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. ხანში შესული პოეტი უტკბესი გრძნობით გადმოგვცემს:
„თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა“.
სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში. „ხუთი-ექვსი წლისამ, – მოგვითხრობს აკაკი, – ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვს ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამადის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი“… განსაკუთრებით უყვარდა პატარა აკაკის სამწყემსურში წასვლა: „გათენდებოდა თუ არა, – წერს აკაკი, – უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი“.
მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.
დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ამას თვით პოეტიც გრძნობდა და სიამოვნებით აღნიშნავდა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.
აკაკი სხვიტორში
ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ოჯახში მოყვანისთანავე მამამ შვილს მიაძახა: „ეი, სოფლის ბიჭო! შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო!“ იმავე დღეს სადილზე აკაკიმ, ყმა ბიჭებს შორის, თავის ძიძიშვილს ფარულად ხორცი რომ გადაუგდო, დედამ შენიშნა და, ვითომ სხვათა შორის, მაგრამ ნართაულად უთხრა: მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არის! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო.
ასეთ პირობებს სათანადო გავლენა უნდა მოეხდინა პატარა აკაკის აღზრდაზე და ჩაეკლა ბავშვში კეთილი თვისებები, მაგრამ გლეხის ოჯახში მიღებული აღზრდა იმდენად ძლიერი და ძირმაგარი აღმოჩნდა, რომ მისი შერყევა შეუძლებელი შეიქმნა.
აკაკის დედა არ ანებივრებდა, რომ მეტისმეტი ალერსით არ გაეფუჭებინა ბავშვი. ეკატერინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვის ფიზიკურ აღზრდას. მომავალ პოეტს არ არიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც გარეთ ღამისთევას და მინდორ-ტყეში ხანგრძლივად ყოფნას; სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში,- გადმოგვცემს აკაკი,- არც გაციების გვეშინოდა და არ შიმშილისაო.
აკაკიმ უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რუსული კითხვა კი დედამ ასწავლა.
აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, პროფესორ დავით ჩუბინიშვილის მიერ პეტერბურგში გადმოცემული ქართული ლიტერატურის ქრესტომათია და სხვ. „ვეფხისტყაოსანმა“ იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.
სასწავლებელში
პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,- წერს აკაკი, – დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი“.
ასეთი ყოფილა ეს შემთხვევა. ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1847 წლის შემოდგომაზე. ამ დროს ქუთაისში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი გიმნაზია. არსებობდა მხოლოდ 1830 წელს დაარსებული პირველდაწყებითი ორ-კლასიანი სამაზრო სასწავლებელი და ქალების „წმინდა ნინოს სასწავლებელი“, დაარსებული 1846 წელს.
გიმნაზიაში მიბარებამდე პატარა აკაკის, როგორც ჩანს, სახლში ამზადებდნენ. ყოველ შემთხვევაში პოეტი თავის „თავგადასავალში“ არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ მას სადმე სკოლაში ესწავლოს. პირიქით, იგი წერს: „გიმნაზიაში რომ შევედი, გავცეცდი: იმდენი ბავშვი, ერთად თავმოყრილი, ჩემ დღეში არ მენახაო“. „გიმნაზიაში შესვლისას,- აღნიშნავს იგი ქვემოთ,- ხუცური ვიცოდი, მხედრული წერა-კითხვა შესწავლილი მქონდა და რუსულ ამოსაღებშიდაც გატეხილი მქონდა თვალი დედაჩემის წყალობით“.
პატარა აკაკი გიმნაზიაში მიუბარებიათ 1850 წლის დამლევს.
თავისი ცხოვრების ეს დაუვიწყარი პერიოდი,-ათ წელიწადზე მეტი-პოეტმა გაატარა ამ ქალაქში და შემდეგაც, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ძალიან ხშირი სტუმარი იყო მისი.
1850 წელს ქ. ქუთაისის სამაზრო სასწავლებელი რვაკლასიან გიმნაზიად იქნა გადაკეთებული. ახლად გახსნილი გიმნაზია, რომელშიც სექტემბრის დამლევს მიღებული იქნა პატარა აკაკი, ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი კლასისაგან შედგებოდა. შემდეგ ყოველ წელიწადს თითო კლასი უნდა მომატებოდა.
პატარა აკაკიმ მშობლებს „თავისუფალ მოსიარულედ“ მიუბრუნებიათ გიმნაზიის პირველ კლასში. აქედან იწყება სწორედ ის ახალი ხანა მის ცხოვრებაში, რომელსაც იგი „მტანჯავს, დამჩაგვრელსა და გამაუკუღმართებელს“ უწოდებს. საკმარისია ახლოს გავეცნოთ სახაზინო გიმნაზიაში გამეფებულ სასტიკ რეჟიმსა და სწავლა-აღზრდის მეთოდებს, რომ სავსებით გასაგები შეიქნეს ჩვენთვის, რატომ გაჰყვა აკაკის მთელი სიცოცხლის მანძილზე ასე მწარე და უსიამოვნო მოგონებად სასწავლებელში გატარებული ბავშობის დღეები.
აკაკი თავის „თავგადასავალში“ გვიხატავს მთელ რიგ ეპიზოდებს მოწაფეობის ხანიდან, რომლებიც შესანიშნავად ახასიათებენ როგორც იმ დროს გამეფებულ სასკოლო რეჟიმს, ისე იმ დამღუპველ გავლენას, რომელსაც ეს რეჟიმი ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამასთან ერთად აკაკი გვაცნობს გალერიას იმ სულიერად და ფიზიკურად გახრწნილ ტიპებისა, რომლებიც პედაგოგების სახელს ატარებდნენ და ვის ხელშიაც იყო ჩაბარებული ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდა- განათლების საქმე.
თავისი აღმზრდელებიდან აკაკი ასახელებს მხოლოდ რამდენიმეს,- იმათ, ვინც ყველაზე უფრო დამახასიათებელ და კოლორიტულ ფიგურებს წარმოადგენენ ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლებს შორის. ასეთები იყვნენ: რუსული ენის მასწავლებელი ტროე, საპეგა და პანიზოვსკი; მათემატიკური საგნების მასწავლებელი პოლონელი როდზიევიჩი; ფრანგული ენის მასწავლებელი მუსიე ტურესი და გიმნაზიის დირექტორი კოცებუ. ტროეს და როდზიევიჩის გამოკლებით ეს მასწავლებლები საუკეთესო გამომხატველები და პრაქტიკული გამტარებლები იყვნენ თავისი დროის მახინჯი პედაგოგიური სისტემისა.
გიმნაზიის მეშვიდე კლასში რომ გადავიდა, აკაკი ფრანგულის მასწავლებელ მუსიე ტურესის ოჯახში ცხოვრობდა (1859 წ.). მისი უფროსი ძმები, დავითი და იასონი, ამ დროს კარგა ხნის წასული იყვნენ ქუთაისიდან და ჯარში მსახურობდნენ. ამ მუსიე ტურესს ბავშვები თურმე მოსე ტურას ეძახდნენ. ერთხელ, საღამოს ამ ტურესს სტუმრად შემოჰყოლია სახლში როდზიევიჩი. დამსხდარან მარტო და ჩაის სმა დაუწყიათ. შემდეგ რომზე გადასულან და ნელ-ნელა, მუსაიფში შეზარხოშებულან კიდეც. „ფრანგმა დიდი რევოლუცია მოიგონა და აღტაცებით დაიწყო ლაპარაკი, – წერს აკაკი,- სტუმარმა პოლონეთი გაიხსენა, და მოხსნეს თავი სიფრთხილეს, მით უმეტეს, რომ იქ იმ ორისა და ჩემს მეტი არავინ იყო. მე ჩემთვის კუთხეში ვიჯექ, ასე რომ, მგონი, ვერც კი შემნიშნეს. იმათმა აბდაუბდა საუბარმა ისე გამიტაცა, რომ რაღაც უჩვეულო სასუფეველი ვიგრძენი, სმენად გადავიქეცი“. ნუ დაივიწყებთ, როდის ხდებოდა ეს ამბავი. ყირიმის ომი ახალი დამთავრებული იყო. პოლონეთში ახალი აჯანყება მზადდებოდა ცარიზმის წინააღმდეგ. მიცკევიჩი ამ დროს თუმცა ახალი გარდაცვლილი იყო (1855 წ.), მაგრამ მისი პატრიოტული ლექსები და პოემები დაუსრულებელ შთაგონებას აძლევდა პოლონეთის ნაციონალურ-რევოლუციური მოძრაობის მოღვაწეებს.
როდზიევიჩს საუბარში, როგორც ჩანს, მოუგონებია მიცკევიჩის სახელგანთქმული პოემის გმირი კონრად ვალენროდი, ლიტველი ხალხის თავდადებული რაინდი, რომელმაც სამშობლოს გულისთვის დაივიწყა თავისი პირადი ბედნიერება, დასტოვა ოჯახი, საყვარელი ცოლი და წავიდა მოსისხლე მტრების, ტევტონების ბანაკში. აქ თავისი მოჩვენებითი ერთგულებით მან ნდობა და სიყვარული დაიმსახურა და ბოლოს მთავარსარდლის პოსტსაც მიაღწია. მოხერხებულ დროს კი, როდესაც ტევტონებმა, კონრადისავე მეთაურობით, ხელახლა გაილაშქრეს ლიტვის დასარბევად, კონრადმა გაანადგურა მათი ჯარი და, შურისძიების ნიშნად, ცეცხლსა და მახვილს მისცა მათი ქვეყანა. აკაკი გვიამბობს, რომ მუსიე ტურესთან ამ საუბრის შემდეგ როდზიევიჩმა ამოიოხრა და თქვაო: ახლა რაღა დროს, ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავ და მარჯვე დროს ქვეყნისთვის კონრადივით სამსახური გამეწიაო…“
ამ საუბარს უაღრესი შთაბეჭდილება დაუტოვებია ყმაწვილი კაცის გრძნობა- გონებაზე. ამ დროს აკაკი, ალბათ, უკვე იცნობდა მიცკევიჩის პოემის შინაარსს, უპირველეს ყოვლისა თვით როდზიევიჩის გადმოცემით. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ იმ ხანებში, 1858 წელს, ჟურნალ „სოვრემენიკის“ 69-ე ნომერში დაიბეჭდა „კონრად ვალენროდის“ რუსული თარგმანი, შესრულებული შერშენევიჩის მიერ. საფიქრებელია, რომ ამ ჟურნალის მეოხებითაც შესძლო ჭაბუკმა აკაკი პოლონელი პოეტის ნაწარმოების უშუალო გაცნობა. „როზდიევიჩის ნათქვამი სიტყვები რომ ჩამეწვეთა ყურში, – წერს აკაკი, – ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა. ვამბობდი: რა მინდა უნივერსიტეტში? რა კარგი იქნებოდა სამხედრო სამსახურში. ოდესმე სარდალი გავხდები. რაც ადრე შევუდგები საქმეს, ის აჯობებს, და ამ ერთ წელიწადს მაინც ხომ, უკანასკნელ კლასში, ახალს არას გვასწავლიან, ძველებს გვამეორებინებენ,- და გამოვალ, არსად არ წავალ მეთქი“. ჭაბუკს მტკიცედ გადაუწყვეტია სამხედრო სამსახურში შესვლა და დაწინაურება იმავე მოტივებით, რითაც ხელმძღვანელობდა მიცკევიჩის გმირი.
თავისი გადაწყვეტილება გიმნაზიიდან გამოსვლის შესახებ აკაკის მამისათვის განუცხადებია. როსტომს ძალიან გახარებია ეს ამბავი და უთქვამს: „შენი ნებაა, შვილო მე შენი ხნისას ცოლი მყავდა და ოჯახს ვეკიდეო“. მაგრამ ასე არ შეუხედავთ ამ საქმისათვის ოჯახის სხვა წევრებს და ნაცნობ-ნათესავებს. აკაკი წერს, რომ მამისაგან თანხმობა მივიღე თუ არა, „მაშინვე გამოვედი სასწავლებლიდან, რითაც ყველა გავაკვირეო.“
ქუთაისის ყოფილი კლასიკური გიმნაზიის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ როსტომ წერეთელს 1859 წლის 7თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სასწავლებელთა დირექტორ პესოჩინსკის სახელზე თხოვნა შეუტანია შვილის გიმნაზიიდან გაყვანის შესახებ.
დირექციას როსტომის თხოვნა დაუკმაყოფილებია და აკაკისთვის მიუცია მოწმობა.
რუსეთისაკენ
გიმნაზიიდან გამოსვლის შემდეგ ორი თვე, მარტი და აპრილი, აკაკიმ სოფელში გაატარა. აპრილის დამლევს იგი გამოეთხოვა დედ-მამას, თავის მშობლიურ სახლ-კარს და გაუდგა შორეულსა და უცნობ გზას – რუსეთისაკენ! ამ დროს ჭაბუკი აკაკიმ, – როგორც თვითონ წერს, „ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებებით გაბერილი“ იყო.
მშობლებმა უცხო ქვეყანაში მიმავალ შვილს საგზაოდ ხუთასი მანეთი ჩაუდვეს ჯიბეში და, გარდა ამისა, შორეულ მგზავრობასა და უცხო ქალაქში მარტო რომ არ ყოფილიყო, ლალად ერთგული შინა – ყმა ივანე კირკიტაძე გაატანეს. „ბევრის არ მცოდნეს და სრულიად არაფრის მნახველს, – გვიამბობს პოეტი, – უნდა ზღვა გამევლო, ხმელეთი გადამელახა და ერთი ბიჭის ამარა ჩავსულიყავ პეტერბურგში, სადაც ჩემი ძმა მეგულებოდა „კანვოი“-ში მოსამსაურედ“.
ჩავიდა თუ არა პეტერბურგში, აკაკიმ პირდაპირ თავის ძმას ილიკოს მიაშურა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმპერატორის კანვოი და მასთან ერთად, რასაკვირველია, ილიკოც, ზაფხულის გამო ცარსკოე სელოში გადაეყვანადთ ბანაკად. აკაკი შეწუხდა, მაგრამ რაღას გააწყობდა. მხოლოდ მეორე დღეს გაემგზავრა იგი ძმის სანახავად.
ილიკო უფრო ადრე მოელოდა აკაკის, მან დაახლოებით იცოდა, როდის უნდა ჩასულიყო მისი უმცროსი ძმა და როდესაც აკაკის დააგვიანდა, ძალიან შეშფოთებული იყო, -ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, ვაი თუ რამე დაემართა გზაში მარტო მომავალ, გამოუცდელ ყმაწვილსო. მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ცარსკოე სელოში უეცრად კარი გაიღო და მასთან ოთახში აკაკი შევიდა.
პეტერბურგში, სამოციანი წლების დამდეგს, ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა.
აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები. აკაკისა და კირილე ლორთქიფანიძეს ჩასვლის მერე, ორი წლის შემდეგ, ქართველ სტუდენტთა დასს მიემატნენ კიდევ ნიკო ნიკოლაძე და გიორგი წერეთელი.
პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასთან, მის შემოქმედებასთან.
სამოციანი წლებიდან დამოკიდებული, უკანასკნელ დრომდე, ღრმა მოხუცობის ხანამდე, აკაკი არა იშვიათი სტუმარი იყო ამ ისტორიული ქალაქისა, რომელმაც ილია ჭავჭავაძე ერთ თავის სტუდენტობის დროინდელ წერილში „ცივს, ქვეით მოსიპულსა და უზარმაზარს“ უწოდებდა.
1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს“, რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ ცისკარში“.
აკაკი შენიშნავს ამ ნაწარმოების შესახებ: „ეს ვრცელი პოემა იყო. აქ ახალი თაობის ტიპად ჩემი თავი მყავდა გამოხატული და ძველი თაობის ტიპად ჩემივე ოჯახი.
1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის“ შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური“, სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში“, ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების“ საქმე.
ეს ლექსიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთგვარ სათავეს აკაკის სოციალური პოეზიისა.
თავის პოეტურ შემოქმედებასთან ერთად აკაკი არ ივიწყებს უნივერსიტეტსაც. 1861 წლის დასაწყისიდანვე იგი ინტენსიურად ემზადება გამოცდებისათვის, – გადაწყვეტილი აქვს ამ წელს ჩააბაროს ყველა საგანი და მიიღოს კანდიდატის ხარისხი.
თავისუფალ მსმენელთათვის უნივერსიტეტში სავალდებულო არ იყო ოთხ წელს სწავლა: როცა სურდათ, მაშინ ჩააბარებდნენ გამოცდას და წარადგენდნენ საკანდიდატო თხზულებას.
აკაკიც ასე მოქცეულა. არსებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენს პოეტს და მის ამხანაგებს, აგრეთვე გარეშე მსმენელებს – აბელ ჩოლოყაშვილს, ალექსანდრე აბხაზს და რაფიელ პატკანიანს, თხოვნა მიუციათ უნივერსიტეტის რექტორისათვის, რომ მათ ნება მისცემოდათ კანდიდატის ხარისხზე გამოცდების დაჭერისა. ეს თხოვნა რექტორს გადაუცია განსახილველად აღმოსავლეთის ენების ფაკულტეტისათვის. 1861 წ. აპრილის სხდომაზე ფაკულტეტს განუხილავს ეს თხოვნა და კიდეც დაუკმაყოფილებია. ამის შემდეგ აკაკი შესდგომია გამოცდების ჩაბარებას სხვადასხვა საგანში.
აკაკის გამოცდები დაწყებულა 1861 წლის 3 აპრილიდან.
1862 წელს, მარტის 31-ს, აკაკიმ ჩააბარა უკანასკნელი გამოცდა და მოიპოვა უფლება საკანდიდატო თხზულების წარდგენისა. კირილე ლორთქიფანიძის სიტყვით, “აკაკის საკანდიდატო თხზულება მართლაც წარუდგენია. თემა აღებული ჰქონია ქართული ლიტერატურიდან, სახელდობრ, “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალობის საკითხი. ამ თხზულებაში გატარებული აზრები შემდეგ უფრო ვრცლად აკაკის განუვითარებია თავის ლექციებში “ვეფხისტყაოსნის” შესახებ.
აკაკის ეს თხზულება უნივერსიტეტს მოუწონებია და მისი ავტორი ღირსად უცვნია საკანდიდატო დიპლომის მიღებისა (აკაკი, როგორც თავისუფალი მსმენელი, ვალდებული იყო წარედგინა გიმნაზიის კურსის დამთავრების მოწმობა, მაგრამ არ წარუდგენია და ამის გამო ვერც დიპლომი მიუღია).
1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში.
რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა „წვეროსანს“ დიდი სიხარულით დაუხვდნენ მშობლიურ ოჯახში.
გარეგნულად ცივმა და სასტიკმა ეკატერინემ ბევრი ცრემლი დაღვარა უმცროსი, უსაყვარლესი ვაჟის ნახვაზე. მას დიდხანს ჰქონდა გულში ჩახუტებული შვილის ხუჭუჭა თავი.
თავადი როსტომი კიდევ ჭარმაგად იყო. მან დიდის ინტერესით გამოჰკითხა შვილს რუსეთის ამბები, პეტერბურგის ცხოვრების ავან-ჩავანი. როსტომი მაინც და მაინც ვერ იყო კმაყოფილი ბატონყმობის გაუქმებით და ეჭვს გამოთქვამდა: ეს საქმე ჩვენში დიდ ხანს არ განხორციელდებაო. აკაკის შეტყობით, როსტომს ამ სამ წელიწადში ახირებულობა მომატებოდა.
სოფელში დიდხანს აღარ დარჩენილა აკაკი. მას გული მიუწევდა გარეთ, -ახალგაზრდა პოეტს სწყუროდა საზოგადოებაში გასვლა, ხალხის გაცნობა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე ფეხის შედგმა.
ის გაემგზავრა ქუთაისში.
იმერეთის დედაქალაქი დიდად არ გამოცვლილიყო. იგივე ყრუ, მივარდნილი დაბა იყო, როგორიც მან დასტოვა სამი წლის წინათ.
ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებს, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკი ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა.
„ქუთაისის თეთრი ხიდის სიახლოვეს,- წერს რუსუდან ნიკოლაძე,-რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩვენის ძველი, ნახევრად დანგრეული ხის სახლი, მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივანით“. ამ სახლთან აკაკის ბევრი საუკეთესო მოგონება აკავშირებდა. მაგრამ განსაკუთრებით წმინდა იყო მის ხსოვნაში მოგონება ამ სახლის ერთი ბინადრისა- ეს იყო ანასტასია ნიკოლაძე. მეგობრული გრძნობა ამ ქალისადმი აკაკიმ შეუბღალავად შეინახა მთელი სიცოცხლის მანძილზე. რუსეთიდან ნიკოლაძე, ახასიათებს რა აკაკის დამოკიდებულებას ანიჩკასადმი, წერს: „ეს იყო „ჩერნიშევსკისებული“ მეგობრობა რჩეული ბუნების, გულისა და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე პატივისცემით აღბეჭდილი“. „ანიჩკა ნიკოლაძესთან მეგობრობას, – განაგრძობს ჩვენი ავტორი,- როგორც ჩანს, პოეტის მიმოწერიდან, ღრმა კვალი ჰქონდა გავლებული აკაკის გულში. კერძო წერილებში პოეტი მას სანუგეშო მეგობარს უწოდებს. „თვით ანიჩკამ-კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას,- აკაკის ჩანგსა და პიროვნებას. და შესწირა მისებურად: სრულად და უნაშთოდ; და ისე ჩუმად, ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის არ სცოდნია დანამდვილებით, გარდა მის და თვით აკაკისა“.
ანიჩკასა და მისი დების, აგრეთვე ხელთუფლიშვილების წრეში აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს…
1862 წლის ზაფხულის დამლევს აკაკი გაემგზავრა თბილისისაკენ.
ბევრი რამ ხიბლავდა და იტაცებდა თბილისისკენ აკაკის გულს, მაგრამ ყველაზე უფრო მას აინტერესებდა მწერლების გაცნობა.
1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.
1864 წელი აკაკიმ მოსკოვში გაატარა. ამ წლის 24 ივნისით არის დათარიღებული მისი აკროსტიხი „საცოლოს ალბომში“. საფიქრებელია, რომ წინა წლის გაზაფხულზე სამშობლოდან რუსეთისაკენ გაბრუნებულმა პოეტმა ერთი ხანი პეტერბურგში გაატარა და უნივერსიტეტს წარუდგინა თავისი საკანდიდატო შრომა „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ“. თავის „თავგადასავალში“ აკაკი გვიამბობს: „მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წელიწადს დავცოლშვილიანდი“.
შევჩერდეთ აკაკის ცოლის თხოვის ისტორიაზე. მაგრამ ჯერ ყური დავუგდოთ რა სწერს თვითონ პოეტი ამის შესახებ:
„ნურავინ ნუ დაიჩემებს: მომავალში ამას ვიზამ, თუ იმასო! მე გადაწყვეტილი მქონდა გუნებაში, რომ ცოლი არ შემერთო და მერე ისიც უცხოელი, მაგრამ შემთხვევას ყველაფერი შესძლებია!“
მისი ცოლი ბაზილევსკის ქალი იყო, ნატალია.
აკაკი წერს თავის „თავგადასავალში“: „ჩემმა მტრებმა და მათმა ამყოლებმა, სხვა რომ ვეღარა მოახერხეს რა, დაჰყარეს ხმა, რომ აკაკიმ ცოლის მზითევი მილიონები აიღო და გაფლანგაო! მაშინ, როდესაც თვალით არა მინახავს რა. ეს ცილისწამება დღესაც ბევრს მართალი ჰგონია ჩვენში“.
სამშობლოში დაბრუნება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი არჩია.
აკაკი წერეთელმა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე, ჯერ კიდევ 1864 წლის მაისში გამოაქვეყნა ლექსი „იმერული ნანინა“. პოეტი ხედავდა, რომ ნამდვილი განთავისუფლება კვლავ მომავლის საქმე იყო და ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გაშლილიყო ბრძოლა. ამ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება აკაკიმ აღნიშნულ ლექსში და გააფრთხილა პაწაწინა გლეხის შვილი:
„მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე, იცან ქვეყანაო!
შენც შეიტყვე ამ სოფლის ცრუგამოცანაო!“
და მოუწოდა მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისაკენ, დაუსახა კეთილშობილური მიზანი: „შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო“.
გლეხობის ტანჯული ცხოვრება პოეტმა მრავალჯერ გამოხატა „რეფორმის“ შემდეგდროინდელ თხზულებებში. იგი მუდამ გლეხკაცის მწარე ბედზე მოსთქვამდა, თავისი ლექსებით მკითხველს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუხმობდა, ხალხის ძალისადმი რწმენას უნერგავდა. 1880 წელს გლეხებს პოეტი ეუბნებოდა:
„მიმხვდარი არის ეგ თქვენი
შეუბღალავი გონება,
რომ პირუტყვსავით არ შვენის
მშრომელ კაცს სხვისი მონება“
(„მუშებს“)
სამოხელეო სამსახურის უარყოფა, მწერლობისადმი თავდადება დიდმა პოეტმა მთელი სიცოცხლე ხალხის კეთილდღეობის მოპოვებისათვის დაუცხრომელ სამსახურს მოახმარა. როგორც აღვნიშნეთ, სამშობლოში ჩამოსვლამდე აკაკი წერეთელი უკვე ჩამბული იყო ბრძოლაში ხალხის განთავისუფლებისათვის და ახლა, საქართველოში დაბრუნებისას, კიდევ უფრო ღრმად მომზადებულმა და მომავლის იმედით შთაგონებულმა, საბოლოოდ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სამსახური არჩია. მან უარი თქვა სამოხელეო სამსახურზე და მთლიანად ლიტერატურულ ცხოვრებას მიეცა, აქტიურად ჩაება ხალხისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის ერთხმად შეაძლია ბანკის დირექტორის თანამდებობა. პოეტმა კატეგორიული უარი განაცხადა იმ დროისათვის ამ ერთგვარად საპატიო თანამდებობის დაკავებაზე, კრებას მადლობა გადაუხადა და თავისი უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: „მე რომ დირექტორობა ვიკისრო, საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი, თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სარგებელია, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელის შემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები“.
ამრიგად, აკაკი წერეთელი არსად, არასდროს სამსახურში არ შესულა და მთელი სიცოცხლე ქვეყნისა და ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლა შეალია. ამ გარემოებას არა ერთხელ გამოუწვევია როგორც ახლობლების, ისე მამის წყრომა.
აკაკი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დანიშნულების შესახებ
ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში აკაკი წერეთლისათვის მთავარი იარაღი მწერლობა იყო. მის პოეზიას თავიდან ბოლომდე საბრძოლო კილო, შემართებითი პათოსი გასდევს. „კილო ჩემის მწერლობისა, – აცხადებდა აკაკი, – სულ სხვაგვარი იქნება: ისეთს, ისეთს დავყეფ, რომ კურდღლები ჩირგვებში აკანკალდნენ და მხეცები სოროებიდან გამოვიყვანო. ვიცი, ბევრჯერ მესვრიან ქვას… ბევრჯერაც დამიტატანებენ, მაგრამ მე მაინც, სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემსას არ მოვიშლი: პატარა ხელ-ფეხის მსლაქველ ფინიასავით სხვის კალთაში თბილად წოლას და ნებივრობას, შარაგზაზედ ყეფის დროს სიკვდილი მირჩევნია“.
„მწერლობა, – წერდა პოეტი, – არის უძლიერესი და უპირველესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხმარებოდეს სამშობლოს საკეთილდღეოდ… მწერლობა ზნეობითი და გონებითი მესარკეობაა. ნაწერში, როგორც სარკეში, ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისი სისწორ-სიმრუდით, რომ საისტორიო სურათებად გადაეცეს მომავალ დროებს. და როგორც სარკეში ისე იხატება, რაც მხოლოდ მის გარშემოა და რაც მის გულში ჩაჰყურებს, ისე პოეტის ნაწერშიაც იმას უნდა ვხედავდეთ, რაც მის გულს, როგორც ხალხის თანაზიარს, მოხვედრია. „მწერლობა ზნეობითი და გონებითი მესარკეობაა“, „ნაწერში, როგორც სარკეში, ნათლად უნდა ისახებოდეს მწერლის თანადროება მისი სისწორ-სიმრუდით“, ეს შეხედულება პოეტისა და პოეზიის შესახებ აკაკი მკაფიოდ და ნათლად გამოხატა ლექსში „პოეტი“, რომელშიც იგი წერს:
„ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია;
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;
აკაკი წერეთელი პოეზიის ძირითად დანიშნულებას სიმართლისადმი სამსახურში, მოწინავე, წმინდა აზრების განმტკიცებასა და ხალხის გულის სპეტაკი მისწრაფებებით აგზნებაში ხედავს:
„მე ჩონგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურობდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!“(„ჩანგური“)
აკაკის რწმენით, პოეზია უნდა იყოს მებრძოლი,
მისთვის მომცა ღმერთმა ენა,
სიმართლისთვის გავიწირო,
ჩაგრულ მოძმეს მოვეხმარო,
თუნდა ქვითაც დავიკირო,
მოძმის ვიყო შემწე ჭირში,
ვიხარო და გავახარო“.
მოღვაწეობა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისათვის
აკაკი წერეთელმა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების დიდ სახალხო საქმეში მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ცნობილია, რომ ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა. „ქართველურ (და საერთოდ, იბერულ-კავკასიურ) ენათა წრეში“.
უაღრესად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარებისათვის თავდადებულ ბრძოლას და დაუღალავ ზრუნვას ხალხისათვის გასაგები საყოველთაო ეროვნული ლიტერატურული ენის გასანვითარებლად და ხალხში დასამკვიდრებლად.
ამ მისიის შესრულება იტვირთეს ქართველმა მესამოციანელებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, იაკობ გოგებაშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ, გიორგი წერეთელმა, კირილე ლორთქიფანიძემ და სხვებმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით.
აკაკიმ და ილიამ გადამწყვეტი იერიშები მიიტანეს ლიტერატურულ ენაში არქაული სტილისა და დიალექტების გაბატონების წინააღმდეგ და თავისი მდიდარი შემოქმედებითი პრაქტიკით გზა გაუკაფეს ერთიანი სახალხო-ლიტერატურული ენის დამკვიდრებას, მის ბუნებრივ განვითარებას. აკაკი იმთავითვე ხალხისათვის გასაგები ენით წერდა. ამიტომ მან, ჯერ კიდევ თაობათა შორის მკაცრი ბრძოლის დაწყებამდე, განიცადა ერთგვარი თავდასხმა არქაისტების ბანაკიდან. 1860 წლის ჟურნალ „ცისკრის“ იანვრის ნომერში დაიბეჭდა აკაკის ლექსი „საიდუმლო ბარათი“. ამ ლექსის გამოქვეყნებისთანავე პოეტს მოუვიდა საყვედურის წერილები, რომელთა ავტორები მას ურჩევდნენ ხელი აეღო „მდაბიო ენაზე“ და „დარბაისლური ენით “ ეწერა ლექსები. მაგრამ აკაკიმ, როგორც თვითონ ამბობს, მტკიცედ გადაწყვიტა ეწერა „სახალხო ენით და არა დარბაისლურით“.
აკაკი წერეთელი სასტიკი წინააღმდეგი იყო სიტყვების ხელოვნური, ქარაფშუტული გამოგონებისა, ენის ნორმების და ფორმების თვითნებურად შეცვლისა, საკუთარი სიტყვა-ფრაზების თავაშვებული „ნავარდისა“ და „ენაზე შემთხვევით მომდგარი სიტყვების“ ხმარებისა.
საინტერესოა აკაკის შეხედულება ქართულ ენაში უცხოური სიტყვების შემოტანის შესახებ. ამის გამო აკაკი წერდა: „ძვირად რომელიმე ხალხი გვეგულება, რომ ქართველებსავით მდიდარი ლექსიკონი ჰქონდეს… არა, ჩვენი ენა მდიდარი არის. ძვირად დარჩენილა ენა, რომელსაც არ შემოეწიროს ჩვენთვის რამდენიმე სიტყვა. ჩვენს ენაში ვხედავთ სხვადასხვა ენების სიტყვებს: სპარსულს, არაბულს, ებრაულს, სომხურს, ბერძნულს, თათრულს, რომაულს და სხვ. და ამ მიზეზით ხშირად ერთისა და იმავე საქმის გამოსახატავად ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიტყვა“. სხვა ენის ხარჯზე ქართული ენის ლექსიკური შემადგენლობის ამგვარი გამდიდრების მიუხედავად, ქართულ ენას არ დაუკარგავს თავისი ეროვნული თვითმყოფადობა, პირიქით, იგი უკუაგდებდა უცხო ენის შემოტევას და განაგრძობდა წინსვლას, სრულყოფას თავისი განვითარების შინაგანი კანონების მიხედვით.
მოღვაწეობა ქართული თეატრის აღორძინებისათვის
აკაკი წერეთელი ლიტერატურულ-შემოქმედებით მუშაობასთან ერთად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. აკაკიმ დიდი მუშაობა ჩაატარა ახალი ქართული რეალისტური თეატრის აღორძინებისა და განვითარებისათვის. ქუთაისში ცხოვრების პერიოდში იგი ახლო გაეცნო ცნობილ პოეტს რაფიელ ერისთავს, რომელიც იმ დროს იქ მომრიგებელ მოსამართლედ მსახურობდა, მასთან ერთად ჩამოაყალიბა დრამატული წრე და შეუდგა წარმოდგენებისა და ლიტერატურული საღამოების მოწყობას. „სახელმწიფო სახლში“ გამართეს სცენა და კვირაში ერთხელ, აგრეთვე დღესასწულებზე, აწყობენ წარმოდგენებს. წარმოდგენების შემოსავლით ინახავდნენ „ქალთა უსასყიდლო სკოლას“. ამ მოღვაწეობის შესახებ 1910 წელს აკაკი წერდა: „იმ დროს ქუთაისში მომრიგებელ მოსამართლედ იყო პოეტი რაფ. ერისთავი და მისი მეცადინეობით შედგა სცენისმოყვარეთა წრე. მუდმივ მოთამაშეები იყვნენ ქალთაგან: ქ-ნი ეფროსინე კლდიაშვილისა, ყიფიანის ქალი. კაცებთაგან მე, თქვენი უმორჩილესი მონა და ჭეიშვილი. წარმოდგენა იმართებოდა ხანგამოშვებით, მაგრამ უსუსტრად. ხალხი დიდძალი დაიარებოდა. თეატრი სავსე იყო ხოლმე.“
აკაკი წერეთელი ქუთაისში გამართულ თეატრულ წარმოდგენებში მონაწილეობდა როგორც რეჟისორი და აქტიორი.
ქუთაისის დრამატულმა წრემ თბილისში იმოგზაურა და გამართა წარმოდგენა. დაუდგამთ „ყვარყვარე ათაბაგი“. „ერთხელ კიდევ თბილისში მოგვიწვიეს, – წერდა აკაკი, – მაშინ ჯერ კიდევ რკინიგზა არ იყო გათავებული… წარმოვადგინეთ „ყვარყვარე ათაბაგი“… დიდძალი ხალხი დაესწრო.
აკაკი წერეთელი ქართულ თეატრს დიდ ენერგიას ახმარდა, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა თეატრის როლი მასების აღზრდის საქმეში. აკაკი მაღალ შეფასებას აძლევდა მსახიობს, მის მოქალაქეობრივ როლს საზოგადოებაში. იგი წერდა: „აქტიორი იგივე მოძღვარია ხალხისა. ის არის მწერლის თანაშემწე… მწერლის სურათებს ის ახორციელებს და ერთად თავმოყრილ ხალხს ცოცხლად და ნათლად გადასცემს.
თბილისსა და ქუთაისს გარდა აკაკი წარმოდგენებს მართავდა გორში და სხვა ქალაქებში, რითაც ხელს უწყობდა ფართო მასებში თეატრალური კულტურის შეტანას და მოწინავე იდეების დანერგვას.
აკაკი წერეთელი განსაკუთრებით ზრუნავდა თეატრის მატერიალური ბაზის შექმნაზე, რეჟისორული ხელოვნების ამაღლებაზე, ქართული ორიგინალური დრამატურგიისა და თეატრალური კრიტიკის განვითარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ პოეტი თეატრალური კრიტიკის ერთ ერთი ფუძემდებელია.
აკაკი წერეთელმა დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში. აკაკი წერეთლის ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ისეთ ორგანოებში, როგორიც იყო „ ცისკარი“, „დროება“, „ მნათობი“, „კრებული“, „ ივერია“, „ იმედი“, „ შრომა“, „ მნობათი“, „თემი“, „ ნიშადური“, „ კვალი“, „ ჯეჯილი“, „ საქართველო“, „ თეატრი“, და სხვ. აკაკიმ გამოსცა საკუთარი ჟურნალი „ აკაკის თვიური კრებული“. ხანგრძლივად და ნაყოფიერად მუშაობდა აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში“. როგორც ცნობილია, ეს ორგანო 1866 წელს დაარსდა და უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში. პოეტი ამ გაზეთის თანამშრომელი ხდება 1867 წლიდან და პირველ ხანებში აქ ათავსებდა ლექსებსა და კორესპონდენციებს.
აკაკიმ 1907 წელს გამოსცა იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“. პოეტს მიზნად ჰქონდა დასახული ჟურნალში გაეკიცხა იმდროინდელი საზოგადაოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები. მაგრამ ჟურნალი მეფის მთავრობა, იმის გამო, რომ მასში მხილებული იყო თბილისის გუბერნატორი, პირველი ნომრის გამოსვლისთანავე აკრძალა, ხოლო აკაკი დაატუსაღა. მაგრამ ხალხში პოეტის დიდი პოპულარობის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა იგი ერთი ღამის პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინა.
აკაკი ხალხური შემოქმედების შემკრები და გამომცემელი
მთელი სიცოცხლის მანძილზე აკაკი დაუღალავად იღვწოდა ხალხური შემოქმედების შეგროვებისა, შესწავლისა და გამოცემისათვის. „ზეპირსიტყვაობა, – წერდა პოეტი, – არის სარკე ჩვენის წარსულის, როგორც ხორციელის, ისე სულიერის ცხოვრებისა… იმისი დაკარგვა, დავიწყება ჩვენი სიკვდილია და თუ სიკვდილი არ გვინდა, უნდა მალე მივეშველოთ და შევაგროვოთ… და ბევრს მარგალიტს შევიძენთ საშვილიშვილოდ ხელიხელ საგოგმანებელს“.
მისი ინიციატივით დაარსდა ფოლკლორის შესწავლის სპეციალური ფონდი, ხოლო საქართველის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მან უანდერძა საკუთარი ვენახი და მთელი თავისი უძრავი ქონება, რათა ამ საზოგადოებას შეეკრიბა და გამოეცა ქართული ზღაპრები, ლექსები და საზოგადოდ ზეპირი თქმულებანი.
პოეტი მაღალ შეფასებას აძლევდა ხალხურ შემოქმედებას და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს უხვად იყენებდა თავის შემოქმედებაში. პოეტი ამტკიცებდა, რომ „ზეპირსიტყვაობა არის საფუძველი ისტორიისა და წარსულის ქვაკუთხედი… ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გადასული ცხოვრებისა და ისტორიის მტკიცე საძირკველი… ქართველებს დიდი და შესანიშნავი ზეპირსიტყვირება გვაქვს დარჩენილი… არც ერთი რამ შესანიშნავი მოვლინება არ ყოფილა ჩვენში, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეგდოთ და შაირი არ გამოეთქვას.“ აკაკი წერეთელმა უდიდესი ამაგი დასდო ამ მდიდარი ქართული ხალხური შემოქმედების შეკრება-გამოცემის, ხალხში მისი პოპულარიზაციის, მეცნიერული შესწავლისა და დაცვის დიდ სახალხო საქმეს.
ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა მხარეები
1870 წელს აკაკი წერეთელმა ყურადღება მიაქცია ჭიათურის შავი ქვის (მანგანეცის) საბადოებს.
ქართული მანგანეცისა და ტყიბულის ქვანახშირის ნიმუშები აკაკიმ გაგზავნა რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში და საზღვარგარეთ.
ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი წერდა: „შავი ქვის წარმოება პირველად ჩვენმა პოეტმა აკ. წერეთელმა დაიწყო. პირველი ნიმუშები… მანვე გაგზავნა ევროპასა და რუსეთში. პირველი „პარტია“ შავი ქვისა ამის სახელით გავიდა ევროპის ბაზარში“. ჭიათურის მანგანეცით დაინტერესდნენ ევროპის კაპიტალისტები და მოინდომეს ამ ძვირფასი საბადოების ხელში ჩაგდება. აკაკი წერეთელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მათ მტაცებლურ მისწრაფებას და პრესაში თავგამოდებით ეწეოდა პროპაგანდას, რათა ადგილობრივ მესაკუთრეებს ხელიდან არ გაეშვათ ეს სიმდიდრე და უცხოეთა ხელში არ ჩაეგდოთ იგი.
1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის სიცოცხლის მთელ მანძილზე დაუნიშნა პენსია წლიურად ათას ხუთასი მანეთის რაოდენობით. ამ მოვლენას მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პროგრესული პრესა და მოწინავე საზოგადოებრიობა.
1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროვებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა. მთელი მოწინავე ქართველი საზოგადოება შეაშფოთა ამ ამბავმა. დეკემბრის ბოლოს აკაკი მომჯობინდა, სიკვდილს გადარჩა, მაგრამ მის მშვენიერ სახეს დაღი დააჩნდა. თვალების ქუთუთოების მოძრაობა შეებოჭა, ფართოდ ვეღარ ახელდა თვალებს. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.
1907 წლის 30 აგვისტოს მეფის აგენტებმა ავაზაკურად მოკლეს ილია ჭავჭავაძე. დიდი მწერლისა და მოღვაწის დაკრძალვის დღეები ქართველი ხალხის უმძიმესი გლოვის დღეებს წარმოადგენდა. ილიას დასაფლავებას დიდძალი ხალხი დაესწრო.
განსაკუთრებით მძიმე იყო აკაკის გამოთხოვების წუთები. „დიდი ამაღელვებელი მომენტი იყო, როცა სასახლის ქუჩაზე პროცესია გააჩერეს და სასტუმრო „კავკაზიდან“ ხელით ჩამოიყვანეს მაშინ ავადმყოფი აკაკი წერეთელი, რომელმაც გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა. ბოლოს ატირდა და მიაძახა: „ მეც მალე მოვალ შენთან, ილია!“
1908 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით გადაიხადა საყვარელი პოეტის სამწერლო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის იუბილე.
1909 წლის ივლისში აკაკი წერეთელი სამკურნალოდ ხელმეორედ გაემგზავრა პარიზში. პარიზში აკაკიმ დაასრულა თავისი პოემა „ვორონცოვი“. პარიზშივე დაწერა აკაკიმ სცენები „რეაქცია“, რომელშიც გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება 1905 წლის რევოლუციისადმი და მრისხანე გულისწყრომა მეფის ხელისუფლების ბარბაროსული სისასტიკის წინააღმდეგ. 1910 წლის თებერვლის დამლევს აკაკი წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა.
1914 წელს მხცოვანი პოეტი ფიზიკურად დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ინტენსიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობდა, დაძაბულად მუშაობდა პოემაზე „ომი“, უნდოდა იგი სასწრაფოდ დაემთავრებინა.
21 დეკემბერს, შრომით დაღლილი და ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა, ქუთაისიდან სხვიტორში ჩაიყვანა. 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს ფრიად სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საყვარელი პოეტის ჯარმთელობის მდგომარეობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ სხვიტორში აკაკის სანახავად. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პოეტის შვილი ალექსი. 1915 წლის 25 იანვარს ავადმყოფს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და ღამის პირველ საათზე აკაკი გარდაიცვალა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გ. შარაძე, „აკაკი წერეთელი“.
2. პ. კეკელიძე, „აკაკი წერეთელი“, 1953 წელი.
3. გ. ასათიანი, „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“, 1953 წელი.
წყარო: http://geo.allgeo.org