ზოგადი განათლება

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

– შ –

შავი სამღვდელოება – ბერ-მონაზვნობაში მყოფი მღვდელი და დიაკონი.

შანდალი – სასანთლე, სანთლების რაოდენობის მიხედვით სხვადსხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მაგ.: ერთსანთლიანი აღნიშნავს იესო ქრისტეს ან იმ წმინდანს, ვის სახელზეც ანთია; ორიანი – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას; სამიანი – წმიდა სამებას. შანდალი, რომელშიც სანთლები წრიულადაა განლაგებული მარადისობის სიმბოლოა.

შარავანდედი (ნიმბი) – 1) სხივი, შუქი, ბრწყინვალება; 2) სამეფო გვირგვინი მსგავსი სხივთა (საბა); 3) ნათელი, რომელიც თავს ადგია წმინდანებს.

„შედეგი“ (ჟამთა შედეგი) – ლოცვა; იკითხება ჟამნის ბოლოს.

შენდობის კვირა – დიდმარხვის წინა კვირა, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას თხოვენ და მიუტევებენ ურთიერთ შეცოდებებს.

შერაცხვა – მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება.

შერისხვა – იხ. შეჩვენება.

შესამოსელი – სამღვდელო ტანისამოსი. ღვთისმსახურების დროს დიაკვანი იცვამს: სტიქარს, გინგილას და სამკლავებს. მღვდელი: სტიქარს, ოლარს, სამკლავებს, სარტყელს და ფილონს. ეპისკოპოსები: სტიქარს, ბისონს, ოლარს, ომფორს, ენქერს, მიტრას, პანაღიას და მანტიას. დამსახურებული მღვდლები დამატებით: საგვერდეს, სკუფიას ან კუნკულს, ენქერს და მიტრას. სამღვდელოთა ყოველდღიური შესამოსელია ანაფორა.

შესვლა – არსებობს დიდი და მცირე; იგივე გამოსვლა. იხ. გამოსვლა.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და მათი წამალი – შვიდი სათნოება – 1. ამპარტავნება – სიმდაბლე; 2. ანგარება – მოწყალება; 3. სიძვა – უმანკოება; 4. მრისხანება – სიმდაბლე; 5. ნაყროვანება – მარხულობა; 6. შური – სიყვარული; 7. სასოწარკვეთილება – სასოება.

შვიდი საიდუმლო – იხ. საიდუმლოებანი.

შვიდსანთელა – შვიდლამპრიანი შანდალი, ტრაპეზის წინ აღმოსავლეთით.

შობა უფლისა იესო ქრისტესი – იმ საიდუმლოების შესახებ, რომ ქვეყანაზე უნდა მოვლენილიყო ძე ღვთისა, იცოდა ღვთის რჩეულმა ქალწულმა მარიამმა და იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა, რომელთაც ეს ეცნობათ სულიწმიდის მადლით. ღვთის ანგელოზი გამოეცხადა ქალწულ მარიამის დანიშნულს, საქმროს იოსებს და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამი მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან“ (მათე 2, 20-21). ამის შემდეგ იოსები გახდა არა მარტო მარიამის ქალწულობის დამცველი, არამედ მონაწილე ისაიას წინასწარმეტყველებისა, რომლის თანახმად იგი გახდა მომსწრე საიდუმლოსი, ქალწულისაგან ღვთის შობისა. იმ დღეებში კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით მიმდინარეობდა მოსახლეობის აღწერა. ვინაიდან იოსები დავითის მოდგმისა იყო, მას მოუწია დავითის ქალაქში ჩასაწერად ბეთლემში გაემგზავრება. „მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები და შვა ძე, თავისი პირმშო შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში ადგილი არ იყო მათთვის“ (ლუკა 2, 6-7). იმ მხარეში იყვნენ მწყემსები და დარაჯობდნენ თავიანთ ცხვრებს, როდესაც მათ გამოეცხადათ უფლის ანგელოზი, რომელმაც ახარა მათ იესო ქრისტეს დაბადების ამბავი: და უეცრად გაჩნდა ანგელოზთა დიდი ლაშქარი, ციდან აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ (ლუკა 2, 13-14). ამის შემდეგ მწყემსებმა მოინახულეს ყრმა იესო, ხოლო მერე გამოჩნდნენ მოგვები, რომელთაც ამცნეს ხალხს იესო ქრისტეს დაბადება.

შობა ღვთისმშობლისა – ერთ-ერთი 12-დან უდიდესი დღესასწაული, იესო ქრისტეს დედის წმ. ქალწულ მარიამის შობასთან დაკავშირებული. წარმომავლობით მარიამის მამა იოაკიმი იყო დავითის შთამომავალი, დედა კი – არონ მღვდელმთავრის შთამომავალი – ანა. მათი ასულის შობა იყო „სიხარული ყოველისა სოფლისა, რამეთუ მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარიდან). დღესასწაული აღინიშნება 8(21) სექტემბერს.

შტახსი – კეთილსურნელება.

– ჩ –

ჩილა – სანთლის გული ბამბის ნართი პატრუქისათვის.

ჩიჩილაკი – ჯოხი (მეტწილად თხილისა) ბურბუშელასნაირი ანათლებით, მორთული ტკბილეულობითა და ხილით (იხმარება საშობაო სამკაულად). სიმბოლურად აღნიშნავს წმ. ბასილი დიდის წვერს.

– ც –

ცელიბატი – ქრისტიან სასულიერო პირთა დაუქორწინებლობა. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდლობის აუცილებელი პირობაა.

ცვილი – ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება – ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობას და სიწმინდეს. როგორც ნივთიერება, რომელზეც შეიძლება საგნების აღბეჭდვა, ნიშნავს ჯვრის ბეჭედს ნათლობისას და მირონცხებისას; როგორც რბილი და დრეკადი ნივთიერება აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებას და ცოდვების მონანიებისათვის მზადყოფნას, როგორც ნივთიერება, რომელიც უნდა დაიწვას, ნიშნავს მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით, როგორც მრავალი სახის ყვავილისაგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს; როგორც კეთილსურნელოვანი ყვავილისაგან შეკრებილი ნიშნავს სულიწმიდის მადლს და, ბოლოს, ნივთიერება, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს ნიშნავს ჩვენი სიყვარულისა და მშვიდობის სიძლიერეს. ამ თვისებათა გამო ცვილი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი, მისგან III საუკუნიდან კეთდება სანთლები. ცვილის და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით.

ცისკარი (განთიადი) – ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება წირვამდე დილის 6-დან 9-მდე, ან წინა საღამოს, მწუხრის შემდეგ.

ცოდვა – ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, დანაშაული ღვთის ზნეობრივი კანონის მიმართ. ღვთისაგან მოცემული კანონის დარღვევა ორგვარია: აკეთო პირდაპირ კანონის საწინააღმდეგო ან არ შეასრულო კანონით მოცემული წესები.

ცოდვა მომაკვდინებელი – ცოდვა, რომელიც ადამიანს საუკუნო სიკვდილს და წარწყმედას უქადის: 1) ამპარტავნება; 2) ანგარება; 3) სიძვა; 4) შური; 5) გემოთმოყვარება; 6) მრისხანება; 7) სიზარმაცე.

ცხონება – სულის საუკუნო ნეტარება საიქიოში.

– ძ –

ძალნი – ანგელოზთა მეხუთე დასი. იხ. დასნი ანგელოზთა.

ძლისპირი (ძალი, სიმი, პირველი სიმი) – საგალობლის სტრიქონის პირველი სტროფი, რომელიც უჩვენებს მომდევნო სტროფების რიტმსა და მელოდიას. ქართულ ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებში ძლისპირების დასაწყისებია მითითებული.

– წ –

წანდილი – იხ. კოლიო.

წარგზავნა – დღესასწაულის წარგზავნა. ნიშნავს რომელიმე საუფლო ან დიდი დღესასწაულის დამთავრებას. დღესასწაულიდან წარგზავნამდე იკითხება სადღესასწაულო საგალობელი, თვით წარგზავნის დღეს კი (ძირითადი დღესასწაულიდან მე-8 ან მე-9 დღეს) უკანასკნელად იკითხება საგალობელი და ამგვარი პატივით გაისტუმრება.

„წარდგომა“ – მცირე საგალობელი, რომელიც ყოველთვის უძღვის ცისკრის 9 გალობიან კანონს. მას საკუთარი მელოდია აქვს (ე.ი. თვითავაჯი) და ხშირად ემყარება „უფალო ღაღადყავის“ ტექსტს.

წარწყმედა – ადამიანისათვის მეორედ სიკვდილი, როდესაც ჩადენილი ცოდვების გამო სული ხვდება სამუდამო ჯოჯოხეთში.

წითელი პარასკევი – დიდი პარასკევი; დღე, როდესაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. ვნების შვიდეულის პარასკევი, ამ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში სრულდება განსაკუთრებული რიტუალი ქრისტეს ჯვარცმის სამახსოვროდ, რომლის დროსაც ტაძარში დაასვენებენ გარდამოხსნას, ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებას (იხ. გარდამოხსნა).

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი – აღინიშნება 1(14) იანვარს, ნიშნად ყრმა იესოს დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთისა, როდესაც მას სახელად უწოდეს იესო, ე.ი. მხსნელი.

წინამძღვარი – მონასტრის ან ეკლესიის კრებულის უფროსი.

წინასწარმეტყველნი – განსაკუთრებული, მომავლის წინასწარმჭვრეტი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები. ეს ნიჭი ღვთის ნებით ეძლევათ განსაკუთრებული სიწმინდითა და ღვთისმოსავობით გამორჩეულ ადამიანებს. ძველ აღთქმაში არსებობს 4 დიდი და 12 მცირე წინასწარმეტყველი; მათი წიგნებიდან დიდებს ეკუთვნის: ესაია, იერემია, იეზეკიელი და დანიელი. მცირეებია: ოსია, იოილი, ამოსი, ავდია, იონა, მიქა, ნაუმი, ამბაკუმი, სოფონი, ავგია, ზაქარია და მალაქია. წინასწარმეტყველთა წიგნებს იესო ქრისტე აყენებდა მოსეს კანონების გვერდზე. ახალ აღთქმაში წინასწარმეტყველურ წიგნად ითვლება იოანეს გამოცხადება.

წირვა – იხ. ლიტურგია.

წმიდა ადგილები – იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები: პალესტინა – იწოდება წმ. მიწად, იერუსალიმი – წმ. ქალაქად; წმ. ადგილებია: გოლგოთა – იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილი, უფლის საფლავი (იერუსალიმში), თაბორი (ფერიცვალების ადგილი), ბეთლემი (შობის ადგილი), მდ. იორდანე (ნათლისღების ადგილი), ნაზარეთი, სინას მთა (სადაც მოსეს ღმერთმა გადასცა ათი მცნება), წმ. ადგილებია, აგრეთვე, ქრისტეს მოციქულებისა და სხვა მოწამეთა მოღვაწეობის ადგილები. საქართველოში წმ. ადგილებია – ახალი ათონი (სადაც დაკრძალულია სვიმონ კანანელი), სვეტიცხოველი (სადაც დაფლულია კვართი უფლისა), თბილისის სიონი (აქ ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თომა მოციქულის თავის ქალა) და სხვ.

წმიდა ზიარება (ევქარისტია) – იესო ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო – იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. ზიარებაზე დაიშვება ეკლესიის ყველა წევრი მარხვითა და სინანულით სათანადო მომზადების შემდეგ. ზიარებით ადამიანი ხდება ქრისტეს სხეულის ნაწილი.

წმიდა წერილი – ბიბლია.

წმიდა ჭურჭელი – 1) ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ევქარისტიის საიდუმლოს დროს: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი, ღრუბელი, სამირონე და სანაწილე; მათთან შეხება არ შეუძლია ერის კაცს და დაბალი ჩინის საეკლესიო პირებს; 2) საერთო მნიშნველობით ეს არის საეკლესიო ღვთისმსახურების დროს გამოყენებული ჭურჭელი და საგნები. მაგ.: საცეცხლური, ნაკურთხი წყლის ჭურჭელი და სხვ.

წმიდანები – ისტორიული პიროვნებები, რომლებიც ეკლესიამ აღიარა ღვთაებრივი ძალის მქონედ, ისინი არიან შუამავლები ადამიანებსა და ღმერთს შორის.

წუმწუბა – გოგირდის ცეცხლოვანი წვიმა, რომელიც მოუვლინა სოდომს ღმერთმა (საბა).

წყევლა – ღმერთის სახელით კაცის შეჩვენება, წყევლა ქრისტიანული ზნეობის საწინააღმდეგო და ყოველთა უსაშინლესი ცოდვაა.

წყლის კურთხევა – საეკლესიო ღვთისმსახურება, რომლის დროსაც იკურთხება წყალი (იხ. აიაზმა).

– ჭ –

ჭონა – ძველი ჩვეულება – აღდგომის წინა დღეს მისალოცად კარდაკარ დადიოდნენ და მღეროდნენ საგანგებო სიმღერას (ჭონას).

– ხ –

ხარება – ერთ-ერთი თორმეტთაგანი უდიდესი საუფლო დღესასწაული, რომლის დროსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა მაცხოვრის უბიწო ჩასახვა. აღინიშნება 25 მარტს (7 აპრილს).

ხატი – ქრისტიანობაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულების ან წმინდანების ფერწერული და რელიეფური გამოსახულება. ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას. იგი ღმერთთან ურთიერთობის გზას წარმოადგენს. პირველი ხატი შექმნილია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს; ტილოზე, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიიფარა, გამოსახულია მისი სახე. ამ ხატს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდება, რომელიც ანტონ მარტყოფელმა საქართველოში ჩამოიტანა და ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. ამის გარდა ცნობილია ლუკა მახარებლის პირველდახატული ღვთისმშობლის ხატი; მრავალი ხატი სასწაულთმოქმედია, ასეთებია: ივერიის ღვთისმშობლის ანუ „პორტაიტისა“, „სამხელიანი ღვთისმშობელი“ და სხვა.

ხატის მიწები – ხატის (ჯვრის) კუთვნილი მიწები, რომელზედაც დღესასწაულისთვის საჭირო მოსავალი მოჰყავდათ. ხატის მიწების ერთი ნაწილი, გადმოცემის თანახმად, ძველთაგანვე ხატის საკუთრებას შეადგენდა და მკვიდრი (უნჯი) მიწები ერქვა.

ხატმებრძოლეობა – ერესი, რომელიც მიმართული იყო ხატების თაყვანისცემის საწინააღმდეგოდ; წარმოიქმნა ბიზანტიაში VIII-IX საუკუნეებში.

ხატწერა – რელიგიური შინაარსისა და საკულტო დანიშნულების ფერწერა, რომელიც სრულდება მოძღვრის კურთხევით.

ხელდასხმა – იხ. ქიროტონია.

ხელმწიფებანი – ანგელოზთა მე-6 დასი (იხ. დასნი ანგელოზთა).

ხილვა – გამოცხადება.

ხმა – საგალობლის მელოდიის აღმნიშვნელი ტერმინი; არსებობს ოთხი ძირითადი (1-4) და ოთხი დამატებითი (5-8).

ხორუგვი – იხ. ბაირაღი.

– ჯ –

ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, ქრისტიანული დღესასწაული. აღინიშნება 14(27) სექტემბერს.

ჯვარი – ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდე, ხსნის სიმბოლო. რომის იმპერიაში ხის ჯვარს იყენებდნენ, როგორც სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღს. იესო ქრისტე ჯვარცმის შემდეგ ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმ. ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც წმ. ნინომ ღვთისმშობლისაგან მიიღო საქართველოში გამომგზავრებისას. ჯვარი არის ცხოვრებისეული გაჭირვების, სიდუხჭირის და ჭირ-ვარამის ერთობლიობა, რომელიც ქრისტეს სახელით მოთმინებით უნდა გადაიტანოს მართლმადიდებელმა მცნებათა დაურღვევლად.

ჯოჯოხეთი – გარდაცვალების შემდეგ ცოდვილ სულთა ადგილსამყოფელი ოთხი სფერო: 1) გარეგანი – მამამთავართა დილეგი; 2) მას შიგნით მეორე სფერო – უნათლავთა ჩვილთა სამყოფი; 3) მესამე სფერო – სალხინებელი ჯოჯოხეთი; 4) მეოთხე სფერო – საუკუნო ჯოჯოხეთი გამოუხსნელი (ტარტაროზი, გეენია). (საბა)

– ჰ –

ჰიმნი – სახოტბო გალობა, ღვთაების სადიდებელი გალობა.

ჰიმნოგრაფია – სასულიერო პოეზიის დარგი, რომელიც მოიცავს ღვთისმსახურებაში გამოსაყენებელ საგალობლებს, ჰიმნებს.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button