ზოგადი განათლება

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

– ს –

საბაოთი – იუდაიზმში ღმერთის ერთ-ერთი ეპითეტი.

საბეჭური (პარამანი) – ბერ-მონაზვნის ჯვარი.

საბუხრეები – სამკლავე, სამაჯური.

საგალობელთა წიგნები (ბერძ. – პარაკლიტონი) – რვა ხმათა წიგნი, მარხვანი და ზატიკი, სადღესასწაულო წიგნები.

საგალობელი – გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ტექსტები. ძვ. ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის „იადიგარში“ (978-988 წ.).

საგვერდული – მღვდლის სამკაული, ეძლევა ჯილდოდ, ნიშნად მისი წმინდად მსახურებისა (იხ. ენქერი).

სადიაკვნო – საკურთხეველის სამხრეთი ნაწილი, რომელშიც შედიან სამხრეთის კარებიდან და დიაკვნის გამგებლობის ქვეშაა, სადიაკვნოში ინახება საეკლესიო ჭურჭელი და სამღვდელოთა შესამოსელი.

სადღესასწაულო – საეკლესიო წიგნი, რომელშიც მოთავსებულია უმთავრესი დღესასწაულების საღვთო მსახურების წესები.

საეკლესიო მუსიკა – იხ. საგალობელი.

საეკლესიო სამართალი – ეკლესიის მიერ დადგენილი წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან სტრუქტურასა და საეკლესიო ორგანიზაციას, მორწმუნეებისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

საეკლესიო წიგნები – საღვთისმსახურო წიგნები, ესენია: სახარება, სამოციქულო წიგნი, ჟამნი, დავითნი, თვენი, მარხვანი, სადღესასწაულო, ზატიკი, კურთხევანი, კონდაკი და სხვა.

საეპისკოპოსო – იხ. ეპარქია.

საერონი – ეკლესიის წევრები, რომელთაც არ აქვთ საეკლესიო ხარისხი, მრევლი.

სავანე – უდაბნო, სამყოფელი, მონასტერი, ბერთა სადგომი, სალოცავი და თავშესაფარი.

საზვერე (საბაჟო) – ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მისი სული იწყებს ზეცაში ასვლას მფარველი ანგელოზის წინამძღოლობით, მაშინ ბნელი სულები წარუდგენენ მას აღსარების საიდუმლოში მოუნანიებელ ცოდვებს. ყოველ ცოდვას თავისი დემონი ჰყავს მიჩნეული და შესაბამისი საზვერე, სადაც მოიკითხება ეს ჩადენილი ცოდვები: პირველი საზვერე – მოიკითხება ამაო მეტყველებით, მეორე – შეხედვით, მესამე – სმენით, მეოთხე – ყნოსვით, მეხუთე – ხელით ჩადენილი ყველა უკანონო და ბილწი საქმე, ხოლო შემდეგში მოიკითხება: მრისხანება, შური, სიძულვილი, სიამაყე, სიძვა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები. საზვერეებზე დემონების გარდა იმყოფებიან ანგელოზებიც, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანების მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს – თუ სიკეთემ გადასწონა ბოროტება, მაშინ ანგელოზები მიიღებენ გარდაცვლილის სულს და შეიყვანენ ცათა სასუფეველში, არადა სული გადაეცემა სატანჯველად დემონებს,

საზოგადო ღვთისმსახურება – ღვთისმსახურება, რომელიც სრულდება საზოგადოდ ყველა ქრისტიანისათვის; მაგ: წირვა, მწუხრი, ცისკარი და სხვა.

სათნოება – მოწყალება; ქრისტიანი, რომელიც ცოდვებს არ ჩადის, მაგრამ არ გააჩნია სათნოება, სასუფეველში ვერ მოხვდება. მისი სული არ ცხონდება.

საიდუმლოებანი (ეფეს. 6, 32) – დაფარული ღვთისმსახურება, რომლის შესრულების დროსაც ადამიანზე სულიწმიდის მადლით გადმოდის ღვთის მადლი; საიდუმლოებანი არის შვიდი: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება; 3. ზიარება; 4. სინანული; 5. ზეთის კურთხევა; 6. ქორწინება; 7. მღვდლობა.

საიდუმლო სერობა (იოანე 8, 2,4, 1 კორინთ. 11, 20) – უფლის მიერ ჯვარცმის წინა საღამოს იერუსალიმში ჩატარებული სერობა, სადაც მან დააწესა წმ. ზიარების საიდუმლო.

საიქიო – სულის სამყოფელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.

საკმეველი – სურნელოვანი ფისი, რომელიც ძირითადად მიიღება საკმევლის ხის დასერილი ქერქისაგან; შეიცავს გუმფისს, ეთეროვან ზეთებს და სხვ. ეკლესიაში იხმარება საცეცხლურით კმევისათვის, სიმბოლურად ნიშნავს მლოცველთა ლოცვა-ვედრების ასვლას ცაში და იქიდან მადლის გადმოსვლას.

საკოსი – პირველად იყო პატრიარქთა და მიტროპოლიტთა, შემდგომში მღვდელმთავრის ზედა შესამოსელი, ფილონის შემცვლელი. სიმბოლურად მოგვაგონებს მაცხოვრის შესამოსელს (იოანე 9, 2,5). მართლმადიდებლობაში საკოსი მონანიების სიმბოლოა.

საკურთხეველი – ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადი სივრცისაგან გამოყოფილი, ამაღლებული ადგილი, სამსხვერპლო, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ღმერთთან შეხვედრის, მასთან დაახლოვების, ლოცვა-კურთხევის და წმინდა სერობისათვის. საკურთხეველში დგას მაგიდა (ტრაპეზი), სადაც სრულდება ღვინისა და პურის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის საიდუმლო წესი.

საკურთხი – შესაწირი მიცვალებულის სახელზე; საკურთხად ამზადებენ კოლიოს, პურს, ღვინოს, ზეთს და სხვ.

სალოსი – ღვთისათვის, ქრისტესათვის სულელი, ღვთის გლახა, ქადაგებენ სიმართლისათვის, ამხელენ საზოგადოების მანკიერ მხარეს, ზოგიერთი დაჯილდოვებულია წინასწარმეტყველების მადლით, მათ შორის ბევრია წმინდანად შერაცხილი.

სამება – მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით ღმერთი ერთია თავისი არსებით, „სამგვაროვანია“ (სამპიროვანია) – მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამების წევრები თანასწორნი არიან. სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაზე (325 წ.) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო კრებაზე (381 წ.).

სამებისა – „კანონის“ ყოველი გალობის ბოლოს წინა მუხლი, რომელშიც უგალობენ მამას, ძეს და სულიწმინდას. მუხლის წინ ითქმის „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

სამი საღვთისმეტყველო სათნოება – 1. სარწმუნოება; 2. სასოება; 3. სიყვარული.

სამირონე – ჭურჭელი წმ. მირონისათვის, რომელიც დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სამკარედი – იხ. ტრიპტიქი.

სამკვეთლო – საკურთხევლის ჩრდილოეთის კედელზე მიდგმული, ფარჩებით შემოსილი მაგიდა; მასზე სრულდება კვეთა, ანუ პურისა და ღვინის შემზადება ზიარებისათვის. მასზე ასვენია წმ. ჭურჭელი და სხვა საგნები, რომლებიც საჭიროა ზიარების შესრულების დროს, ესენია: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, ლახვარი, კოვზი და ღრუბელი. სიმბოლურად აღნიშნავს გოლგოთას.

სამკლავეები – სამღვდლო შესამოსელი, რომელიც გამოიყენება სტიქარის სახელოების მაჯებთან დასამაგრებლად. სიმბოლურად აღნიშნავს სარტყლებს, რომლითაც შებოჭეს მაცხოვარი მისი გასამართლების დროს.

სამოთხე – ნეტართა მარადიული სასუფეველი გარდაცვალების შემდეგ. სამოთხეში მოხვედრა ღვთის წყალობაა, მათთვის ვინც ერთგულად, უმწიკვლოდ და ღვთის მცნებების დაცვით გაატარა მიწიერი ცხოვრება.

სამოციქულო – საეკლესიო წიგნი, რომელშიც შესულია საქმე მოციქულთა, პავლეს 14 ეპისტოლე და 7 კათოლიკე ეპისტოლე. ამ წიგნს კითხულობენ ყოველ წირვაზე.

სამოძღვრებო წიგნები – ქრისტიანების მიერ მიღებული მოსეს და დავითის დროს ექვსი ბიბლიური წიგნი – მიღებულია, როგორც კანონიკური: იობის, იგავთა, ეკლესიასტე, ქება, იერემიას გოდება, ფსალმუნი (დავითნი).

სამრეკლო – შენობა ტაძრის ტერიტორიაზე ზარებისათვის, რომელსაც კოშკის ფორმა აქვს.

სამღვდელმთავრო არწივი – სამღველმთავრო წირვის ატრიბუტი, ძირს დასაფენი ოვალური ან მრგვალი ფორმის ნაჭერი, რომელზეც გამოსახულია არწივი და ქალაქი. ქალაქი განასახიერებს საეპისკოპოსოს, რომელსაც მართავს მღვდელმთვარი, ხოლო არწივი წმინდა და მართალ ღვთისმეტყველებას. წირვის დროს ეპისკოპოსი დგას ამ ქსოვილზე.

სამშვინველი – უტყვი სული; წმ. მამათა სწავლებით, ადამიანის არსი სამი ნაწილისაგან შედგება: სული, სამშვინველი და სხეული. სამშვინველი სხეულისაგან სუბსტანციურად (ბუნებით) განსხვავდება, ხოლო სული და სამშვინველი ერთმანეთისაგან განსხვავდება ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. მშვინვიერი ძალები ესაა ინტელექტი, ჩვენი გონება, რომლის მეშვეობითაც ლოგიკურად ვაზროვნებთ.

სამწმიდაო – წმიდა სამების საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სანაწილე – ვერცხლის ან სხვა რომელიმე ლითონის ყუთი, რომელშიც ინახება წმ. ნაწილები; ამ ნაწილებით მღვდელი სხვადასხვა შემთხვევის დროს აზიარებს მომაკვდავს, ავადმყოფს. ამ ნაწილებს მღვდელი ამზადებს დიდ ხუთშაბათს და მთელი წლის მანძილზე იყენებს. სანაწილე წმ. ნაწილებით დაბრძანებულია ტრაპეზზე.

სანთელი – შესაწირავი; როგორც სანთელი ანათებს, ასევე ჩვენი სულიცა და გულიც ანთებული იყოს ღვთის წინაშე ლოცვით, ერთგულებითა და სიყვარულით (იხ. ცვილი).

სანოტე წიგნები – გალობისთვის განკუთვნილი საღვთისმსახურო წიგნები. სანოტე წიგნებს საფუძველი ჩაუყარა იოანე დამასკელმა (675-753), რომელმაც შემოიტანა ახალი საგალობლები, დაალაგა ისინი ნოტებზე, რომელთა მაგივრობას თავდაპირველად ანბანი ასრულებდა.

საპატრიარქო – პატრიარქის საგამგებლო.

სარტყელი – სამღვდელმთავრო და მღვდლის შესამოსელი, მოგრძო წვრილი ბაფთით, რომელიც იცმევა სტიქარის ზემოდან. სიმბოლურად ორი მნიშნველობა აქვს: 1) ნიშნავს ღვთისმსახურებისათვის მზადყოფნას და ამისთვის საჭირო ძალას; 2) აღნიშნავს იმ პირსახოცს, რომელიც გარშემოირტყა მაცხოვარმა, როდესაც მან ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს.

სასულიერო აკადემია – უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, ამზადებს მღვდელმთავრებს და ღვთისმეტყველებს.

სასულიერო სემინარია – ეკლესიის საშუალო სასწავლებელი, ამზადებს მღვდლებს.

სასძლო – სძლად ქრისტესა, ითქმის უბიწონი სულნი ქალწულთანი.

სატრაპეზო – ქრისტიანული მონასტრის ერთ-ერთი ნაგებობა, შეიცავს საერთო ტრაპეზისათვის გამიზნულ დარბაზებსა და სამლოცველოს, აგრეთვე დამხმარე სათავსოებს.

საფარველი ღვთისმშობლისა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. გადმოცემის თანახმად, 910 წ. ბერძნებსა და არაბებს შორის გამართული ბრძოლისას ბერძნებს ძლიერ გაუჭირდათ; დარაჯად მდგარ წმინდა ანდრია სალოსსა და მის მოწაფეს, ეპიფანეს მწუხრში გამოეცხადათ ღვთისმშობელი, რომელმაც ლოცვა-კურთხევით გადააფარა ქრისტიანებს წმინდა საფარველი, თან ძლევა და მშვიდობა უსურვა. გამხნევებულმა ბერძნებმა მტერი უკუაქციეს. ამ სასწაულით გამოიხატება, რომ ღვთისმშობელი ადამიანთა მფარველია. საფარველი (ომოფორი) იქცა ამ მფარველობის სიმბოლოდ. დღესასწაული აღინიშნება 1(14) ოქტომბერს (რუსეთში – „პოკროვ“).

საქორწილე ბეჭედი – ჯვრისწერის ატრიბუტი, რომლის დროსაც ორი ბეჭედი იდება ტრაპეზზე განსაწმენდად. სიძე-პატარძალს შორის ბერჭდების გაცვლა უჩვენებს მეუღლეთა შორის უფლებათა გაცვლას. ბეჭდის წრიული ფორმა აღნიშნავს მარადიულ ერთობას.

საქორწინე გვირგვინი – ქორწინების რიტუალის აუცილებელი კუთვნილება; სიმბოლურად აღნიშნავს გამარჯვებულის გვირგვინს, ქრისტიანის გამარჯვებას ვნებებზე (იხ. გვირგვინი).

საქორწინე სანთელი – გამოიყენება ჯვრისწერის დროს, რომელსაც ძველად ახლად დაქორწინებულებს სასთუმალთან უდგამდნენ. სანთელი ახლად დაქორწინებულების სიყვარულისა და მათი ცხოვრების სიწმინდის სიმბოლოა.

საყდარი – საეპისკოპოსო ტაძარი; მასში უხილავად სუფევს იესო ქრისტე, როგორც მეფე და აქედან წარმოდგება მთელი ტაძრის სახელწოდებაც.

საყოველთაო ლოცვანი – იხ. ყოველდღიური ლოცვები.

საცეცხლური – საკმევლის ჭურჭელი.

საძვალე – საგანგებო სათავსი, ტაძრებისა და ეკლესიების იატაკქვეშ ან ცალკე მათთან ახლოს, სადაც კრძალავენ ეკლესიის მსახურთ, აგრეთვე, სამეფო გვარის წარმომადგენლებს.

საძმო – ბერთა ერთობლიობა.

საწინასწარმეტყველო – ღვთისმსახურების წიგნი, ღვთისმსახურების დროს საკითხავი წინასწარმეტყველება.

სახარება (ბერძ. ევანგელიე – ხარება, სასიხარულო ამბის უწყება) – ღვთის მიერ მოცემული და წმინდა მოციქულთა საშუალებით დაწერილი წიგნთა კრებული, სადაც ღვთის მიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად არის შენახული. ის შედგება ოთხი წიგნისაგან, რომლებიც შეიცავს ხარების, ქრისტეს შობის, ცხოვრების, ვნებებისა და აღდგომის ამბებს. არსებობს ოთხი კანონიკური სახარება – მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. ოთხივეს ეწოდება ოთხთავი. სახარება შედგენილია I-II სს. მიჯნაზე.

სახარება საცისკრო – სახარება, რომელიც იკითხება ცისკარზე, სადაც მოთხრობილია იესო ქრისტეს აღდგომის ამბავი. წაკითხვის შემდეგ სახარებას გამოასვენებენ შუა ტაძარში, სადაც მორწმუნენი ეამბორებიან. ეს მოქმედება მოგვაგონებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას.

სეკულარიზაცია (ლათ. – საერო) – 1) საეკლესიო და სამონასტრო საკუთრების გადაქცევა სახელმწიფო საკუთრებად; 2) რისამე გადასვლა საეკლესიო სასულიერო გამგებლობიდან, საერო-სამოქალაქოში.

სენაკი – ცალკე ოთახი ბერის, მონაზვნის, განდეგილისათვის; „მცირე სახლაკი“.

სერაფიმები (ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული) – ერთ-ერთი წოდება ზეციური იერარქიიდან. ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი (ეს. 11, 26) არსებები. სერაფიმები გარშემორტყმულები არიან უფალს, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ, რათა შეასრულონ მეუფის ყველა განკარგულება, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ.

სეფისკვერი (პროსფორა) – ზიარებისათვის განკუთვნილი ლიტურგიული პური. იგი უნდა იყოს ხორბლის ფქვილისაგან და აუცილებლად გაფუებული. მას აქვს ორად გაყოფილი ფორმა, ქრისტეს ორი ბუნების აღსანიშნავად, ზემოდან აქვს ბეჭედი ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით. მღვდელი საზიარებლად იყენებს სეფისკვერის შუაგულს, რომელსაც აწერია ქართულად „იესო ქრისტე ნიკე“ (იესო ქრისტე ძლევა), როცა მღვდელი ამ ნაწილს ამოიღებს და ფეშხუმზე დაასვენებს, მას უკვე ტარიგი ეწოდება (იხ. ტარიგი). სეფისკვერიდან ასევე ამოიღება ნაწილები ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, წმინდანთა, პატრიარქის, სამღვდელოთა, ცოცხალთა და მიცვალებულთა სულების სახელზე. წირვის შემდეგ დარჩენილი სეფისკვერი ურიგდება მორწმუნეებს (იხ. ევლოგია).

სიკვდილი – ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი; სხეულებრივი სიკვდილი მდგომარეობს იმაში, რომ სხეული კარგავს სულს, რომელიც აცოცხლებს მას, ხოლო სულიერი – როდესაც სულს ერთმევა ღვთის მადლი, რომელიც აცოცხლებდა მას. სული არ კვდება როგორც სხეული – ცოდვებისაგან დამძიმებული კარგავს სულიერ სიმშვიდეს, სიხარულს და ნეტარებას, რჩება სიბნელეში, მწუხარებაში და ტანჯვაში.

სიმბოლო (ნიშანი) – საგანი, მოქმედება და სხვა, რომელიც რაიმე მცნების იდეის პირობით ნიშანს წარმოადგენს.

სიმბოლო „სარწმუნოებისა“ – მართლმადიდებლური დოგმატების გადმოცემა; აღიარებს სამებას: მამა ღმერთს – სამყაროს შემქმნელს, ძე ღმერთს – კაცთათვის ჯვარცმულს და სულიწმიდას – მამისაგან გამომავალს.

სიმონია – საეკლესიო თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა.

სინანული – იხ. აღსარება.

სინას მთა – ქართული ღვთისმსახურების კერა საზღვარგარეთ, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინას ნახევარკუნძულის სამხრეთით. დაარსებულია მე-4 საუკუნეში; აქ მოღვაწეობდნენ: იოანე მინჩხი, იოანე ზოსიმე, იოანე კუმურდოელი და სხვ.

სინოდი (ბერძ. – კრება) – უმაღლესი საეკლესიო წოდების სათათბირო.

სიძე – სულის სიხარული – ქრისტე.

სიძვა – უცოლო კაცის ან გაუთხოვარი ქალის მიერ ჩადენილი სქესობრივი აქტი.

სიწმინდე – ყოველგვარი ცოდვისაგან და ვნებისაგან თავისუფლება.

სკიტი – განმარტოებული, ბერთა მყუდრო სავანე. სკიტის წესდება საერთო სამონასტრო წესდებისაგან განსხვავდება განსაკუთრებული სიმკაცრით.

სკრიპტორიუმი – ძველად მონასტერში გამოყოფილი ცალკე ოთახი ხელნაწერთა დასამზადებლად და გადასაწერად.

სკუფია – წვეტიანი, რბილი ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურნი; ეძლევა მღვდლებს ჯილდოს სახით.

სმირნა – ძვირფასი ნელსაცხებელი, რომელიც მარიამ მაგდალინელმა მაცხოვარს ფეხებზე სცხო.

სტავროპიგია (ბერძ. ჯვრის აღმართვა) – ეკლესია-მონასტრები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ადგილობრივი ეპისკოპოსის მმართველობას და ემორჩილებიან უშუალოდ პატრიარქს; სხვა მონასტრებისაგან და ეკლესიებისაგან გამოსარჩევად საკურთხევლის ან ტაძრის კარიბჭის წინ აღმართულია ჯვარი.

სტიქარი – სამღვდელოთა შესამოსელი, გრძელი, ფართესახელოებიანი პერანგი, თეთრი ფერის – ნიშნად სიწმინდისა.

სტიქრონი – რამდენიმე სტროფიანი საგალობელი, რომელიც ცისკრად და მწუხრზე იგალობება ფსალმუნისა და სხვა ბიბლიური ტექსტების შემდეგ.

სტიქაროსანი – იხ. მნათე.

სტიხოლოგია – დავითნის რომელიმე კანონის კითხვა.

სტოა – ტაძრის დასავლეთი ნაწილი, სადაც დგანან მოუნანიებელი ცოდვილნი და მოსანათლად გამზადებული კათაკმეველნი.

სუდარა – მიცვალებულთა შესახვევი ქსოვილი.

სულთაბრძოლის ლოცვა – ლოცვა, რომელიც იკითხება მღვდლის მიერ, სულთაბრძოლის დროს.

სულთმოფენობა – უდიდესი დღესასწაული, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს (სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე). ითვლება ეკლესიის დაარსების დღედ.

სული – როდესაც ღმერთმა პირველად მიწისაგან შექმნა ადამიანი – ადამი, მან სიცოცხლის სუნთქვა, სული შთაბერა და ეს არსება გახდა სულიერი და უკვდავი; ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სული აგრძელებს არსებობას (იხ. უკვდავება სულისა).

სულიერ მოწყალებათა შვიდი საქმე – 1) ცოდვილთა მოქცევა; 2) უმეცართა სწავლება; 3) დაბრკოლებულთა განმართვა; 4) მწუხარეთა ნუგეშინისცემა; 5) უსამართლობის მოთმენა; 6) შემცოდეთა პატიება; 7) მოყვასის საცხოვნებლად ღვთისადმი ვედრება.

სულიწმიდა – ერთარსება სამების (მამა, ძე და სულიწმიდა) მესამე იპოსტასი ანუ პირი, რომელიც გამოდის მამა ღმერთისაგან, დამკვიდებულია ძეში და იგზავნება სამყაროში მამისაგან (იოანე 15, 20). სულიწმიდა არის ჭეშმარიტი ღმერთი, აქვს ერთი ბუნება ღმერთთან და გამოდის მისგან უწინარეს ყოველგვარი დროისა; სულიწმიდა თანაბარია მამა ღმერთისა და ძე ღმერთისა, ერთ არსია და თანაბარი.

სულიწმიდის ცხრა ნაყოფი – 1) სიყვარული; 2) სიხარული; 3) სიმშვიდე; 4) სულგრძელება; 5) სიტკბოება; 6) სიკეთე; 7) სარწმუნოება; 8) მყუდროება; 9) მოთმინება.

სულიწმიდის შვიდი ნიჭი – 1) შიში ღვთისა; 2) ღვთისმსახურება; 3) აღსარება; 4) ზრახვა; 5) მეცნიერება; 6) გულისხმიერება; 7) სიბრძნე.

სქემა (ბერძ. მონაზვნის ტანსაცმელი, სიტყვასიტყვით – გარეგნული სახე, ფორმა) – ბერ-მონაზვნის უმაღლესი ასკეტური ხარისხი მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ხარისხის მონაზვნები გამოირჩეოდნენ მკაცრი ასკეტიზმით. მონაზონთა დადებული აღთქმის მიხედვით არსებობდა დიდი და მცირე სქემა. შუა საუკუნეებში საქართველოში მონაზვნები ეწეოდნენ „დაყუდებით“ ცხოვრებას. ძველ ქართულ კანონიკურ ძეგლებში გვხვდება მონაზონთა „სქემით კურთხევის“ განწესებანი, რომელიც განსხვავებულია ჩვეულებრივი მონაზვნის კურთხევის წესისაგან.

სქემონაზონი – განსაკუთრებული ასკეტიზმით მცხოვრები, სქემაშემოსილი ბერ-მონაზონი.

სქიზმა – 1) მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიაში განხეთქილება; 2) ერთიანი ეკლესიისაგან რაიმე ნაწილის გამოყოფა.

სძლად – იწოდება ეკლესია.

სძლისპირი – საეკლესიო კანონის თითოეული გალობის I მუხლი (II და III მუხლები ტროპარებია) სამებისა, ღვთისმშობლისა. სრულდება დღესასწაულებზე, მწუხრის ლოცვაზე, სახარების კითხვის შემდეგ.

სხუანი – ცხრა გალობიანი საგალობელი, რომელიც მოსდევს ამავე დღესასწაულისადმი მიძღვნილ პირველ ცხრაგალობიან საგალობელს; „სხუანი“ შეიძლება იყოს ერთზე მეტი.

სჯულის კანონი – საეკლესიო კანონების კრებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიო საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების ეპისტოლეებიდან გამოკრებილ საეკლესიო კანონმდებლობას.

– ტ –

ტაბუკი ან ტაკუკი – მომცრო ღვინის ჭურჭელი.

ტალანტი (ნიჭი) – 1) სახარების მიხედვით ნიშნავს გონებას, სწავლას, სიმდიდრეს, კეთილშობილებას, თანამდებობას ანუ პატივს ე.ი. ყოველივე იმას, რასაც ღმერთი ადამიანს აძლევს ე.ი. 2) ძვ. ბერძნული წონითი და ფულადი საანგარიშო ერთეული.

ტარიგი (კრავი) – ოთხკუთხა ფორმის ნაწილი, რომელიც ამოიღება სეფისკვერის კვეთის დროს. ტარიგი ამოიღება დიდი სეფისკვერიდან, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი. ყველა ლიტურგიისათვის მზადდება მხოლოდ ერთი ტარიგი. იგი მოგვაგონებს იესო ქრისტეს, რომელმაც თავისი სისხლით დაიხსნა ადამიანი სულიერი სიკვდილისაგან. ლიტურგიის დროს, ტარიგი გარდაიქმნება მაცხოვრის სხეულად. ფეშხუმზე დასვენებულ ტარიგს მღვდელი ჯვარედინად გაჭრის ისე, რომ ერთი მეორეს არ დასცილდეს, იმის მოსახსენებლად, რომ იესო ქრისტე დაიკლა ჩვენი ცოდვებისათვის.

ტარტაროზი (ძვ. ბერძ. – ქვესკნელის უბნელესი ნაწილი, შავეთი, ცოდვილთა დასასჯელი ადგიილ) – ქრისტიანულ წყაროებში: ჯოჯოხეთი, ეშმაკი.

ტაძარი – უფლის სახლი, საყდარი, სადაც სუფევს ღმერთი და ლოცულობს მორწმუნე. ტაძარი შედგება ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი დიდი თუ მცირე შენობისაგან, რომლის ყოველ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. დიდი ყურადღება ექცევა მის ფორმას, გაფორმებას, შემკულობასა და მოხატვას. აქ იკრიბება მორწმუნე ერი, სრულდება 7 საიდუმლო და სხვა წესები. ტაძარს აქვს ძირითადად სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ-გუმბათოვანი), მოგრძო-ნავისებური (ბაზილიკა).

ტაძრად მიყვანება ღვთისმშობლისა – თორმეტთაგანი ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული, ზეიმობენ 21 ნოემბერს (4 დეკემბერი). მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს მნიშვნელოვან მოვლენას, როცა მშობლებმა მარიამი ტაძარში მიიყვანეს აღსაზრდელად (სამი წლის); ეკლესია ამით აძლევა მაგალთს ყველა მშობელს თუ როგორ უნდა აღზარდოს პირმშო ადრევე ღვთის მოშიშად.

ტახტი – სავარძელი საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრისათვის.

ტიპიკონი – ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის შემცველი ლიტურგიკული წიგნი; ცნობილია ორი სახის წესი: ტიპიკონი სამრევლო და სამონასტრო. საქართველოში მოქმედებდა ორნაირი სამრევლო წესი: იერუსალიმის ანუ ქრისტეს საფლავისა და კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიოს ტაძრის, ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო წესებიდან აღსანიშნავია სამი: საბა წმიდისა (პალესტინაში), სტულიტეს მონასტრისა (კონსტანტინოპოლი) და ათანასე დიდის ლავრისა (ათონის მთაზე); ტიპიკონი მღვდელთმსახურთა წიგნისა, რომელიც შეიცავს ღვთისმსახურების შესრულების წესებსა და მითითებებს, უძრავ და მოძრავ დღესასწაულთა განლაგების შესახებ, ამას ემატება დისციპლინური წესები მონაზონთათვის და სხვა.

ტრაპეზი (ბერძ. – მაგიდა) – ქრისტიანული ეკლესიის საკურთხეველში მდგარი ფარჩებით შემოდილი მაგიდა, რომელზეც სრულდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი. ზოგჯერ ტრაპეზი იხმარება მთელი საკურთხევლის მნიშვნელობითაც, რომელსაც ასევე საყდარსაც უწოდებენ. ტრაპეზი ნაკურთხია და მირონცხებული. მასზე აუცილებლად ასვენია ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი, სახარება და სანაწილე. ამათ გარდა, ტრაპეზზე უნდა ესვენოს სამირონე წმ. მირონით. ტრაპეზი დგას ერთ ან ოთც ბოძზე, ან კიდევ კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან ერთმანეთთან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზედაც პირველი ტრაპეზები აღიმართებოდა.

ტრიკირი – სამსანთელა; გამოიყენება მღვდელმთავრის მსახურების დროს. სიმბოლურად აღნიშნავს სამებას.

ტრიპტიქი – სამად მოსაკეცი ხატი (ქართული სინონიმია – სამკარედი).

ტროპარი – ბიზანტიურ ღვთისმსახურებაში მოკლე საგალობლები, რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ. იგი შეესატყვისება ქართულ ღვთისმსახურებაში ხმარებულ „დასდებელს“. ტერმინი ტროპარი ქართულში მე-18 საუკუნემდე არ გვხვდება. იგი, როგორც ჩანს, გვიან დამკვიდრდა რუსული საღვთისმსახურო წიგნების გავლენით. ტროპარი წმინდანთა სახელობის ლოცვაა (კონდაკთან ერთად), ამა თუ იმ წმინდანის მეოხების თხოვნით, აგრეთვე, კანონის ზოგიერთი მუხლი, სტრიქონი.

– უ –

„უგალობდითსა“ – საეკლესიო საგალობლის კანონის I გალობა, რომლის სახელწოდება აღებულია ბიბლიის „მოსეს გალობის“ დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (გამოსვლათა 6, 19).

უდაბნო – 1) უკაცრიელი ადგილი; 2) მონასტერი, სკიტი.

უკვდავება სულისა – მთელი ახალი აღთქმა სულის უკვდავების სწავლებითაა განმსჭვალული. ქრისტიანობა იმ აზრზეა დაფუძნებული, რომ ჩვენ ღმერთი სიცოცხლის ღმერთია. ცოდვასთან ბრძოლაში მაცხოვარი სიმტკიცეს იმ რწმენით გვმატებს, რომ ხორცის წარმწყმედელს სულის მოკვლა არ შეუძლია (მათე 10, 28), მდიდრისა და ლაზარეს იგავით კი უჩვენებს, რომ გარდაცვალების შემდეგ მართალი ლაზარეს სული ნეტარებას განიცდის, ხოლო მდიდრის სული ცოცხალია, მაგრამ ტანჯვით დამძიმებული (ლუკა 16, 19-31); სული დამოუკიდებელი არსებაა, რომელიც არსებობის საიდუმლოს თავისივე თავში ატარებს. იგი ნივთიერი ბუნების ძალებზე და მატერიებზე აღმატებულია და მაშინ როცა მის ორგვლივ ყოველივე იცვლება, თვითონ უცვლელი რჩება.

უნია – კათოლიკური და ზოგიერთი სქიზმაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება რომის პაპის მეთაურობით.

უსისხლო მსხვერპლი – ევქარისტიის საიდუმლო. იხ. ევქარისტია.

უსუპი – ნაკურთხი წყლის სასხურებელი, საპკურებელი.

უტევანი – მანძილის ერთეული, უდრის 125 ნაბიჯს.

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში – იხ. ბზობა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button