ზოგადი განათლება

საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი

– ა –

აგიოგრაფია (ჰაგიოგრაფია) – სასულიერო მწერლობის დარგი, ქრისტიან წმინდანთა ცხოვრება-მოღვაწეობის ან მათი მოწამეობრივი აღსასრულის აღწერა.

აგრაფები – მაცხოვრის გამონათქვამები, რომლებიც წმინდა ოთხთავში არ არის ჩაწერილი. „ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა, რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, რომ თვით ქვეყნიერებაც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21, 25).

„ადიდებდითსა“ – საეკლესიო საგალობელი, რომელსაც ღვთისმშობლის გალობა ეწოდება – „და სთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა“ (ლუკა 1, 46).

ადონაი (ძვ. ებრ. უფალი ჩემი) – ღვთის ერთ-ერთი ბიბლიური სახელი.

ათორმეტი სახარება – სახარების თორმეტი მონაკვეთი, სადაც აღწერილია ქრისტეს ვნება (წამება), იკითხება ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს (საღამოს), და პარასკევს (ცისკრის ჟამს).

აიაზმა – ნაკურთხი წყალი, არის დიდი და მცირე. დიდი აიაზმა: – 1) ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხი წყალი, რომელსაც მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. 2) ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს ნაკურთხი წყალი.

მცირე აიაზმა – პარაკლისების და სხვა მსახურებათა აღსრულების დროს ნაკურთხი წყალი.

აკათისტო (დაუჯდომელი) – სადიდებელი საგალობელი; ლოცვა, რომლის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ, არამედ ფეხზე უნდა იდგნენ ან დაიჩოქონ.

„აკურთხევდითსა“ – საეკლესიო საგალობელი. (კანონის) მე-8 გალობის სახელწოდება, რომელიც აღებულია „სამთა ყრმათა დასაწყისი სიტყვების მიხედვით: „აკურთხევდით ყოველი საქმენი უფლისანი“ (დანიელი, წინასწარმეტყველება 57).

აკოლოთია – ლოცვათა კრებული, ზიარების წინ შესასრულებელი კანონი.

ალილო – ქართული საგალობელი. სრულდება შობის წინა ღამეს.

ალილუია (ძვ. ებრ. „ადიდეთ უფალი“) – დიდება ღვთისა ყველაფრისათვის, ღვთის სადიდებელი შეძახილი, სამგზის წარმოითქმის როგორც ყოვლად წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სადიდებელი.

ამაღლება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი – დღესასწაული აღინიშნება აღდგომის მე-40 დღეს, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ხორცით ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა (მარკ. 15, 14-19). ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის: იხსენიება ეკლესიის მამებთან (გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვა).

ამბა – მონასტრის წინამღძვარი, „მამის“ შესატყვისი. საქართველოში მე-11 საუკუნიდან ალავერდის ეპისკოპოსის ზედწოდება იყო. ტრადიცია მომდინარეობს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი თორმეტთაგანი სირიელი მამის – იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა.

ამბიონი – განსაკუთრებული ამაღლებული ადგილი ეკლესიაში. აღსავლის კარის (კანკელის სამი კარიდან შუა კარი) წინ, სადაც იკითხება სახარება, ფსალმუნი, წარმოითქმის ქადაგება და ლოცვები.

ამინ – დამამტკიცებელი, დასკვნითი სიტყვა. წარმოთქვამენ ლოცვის, საგალობლის, ქადაგების ბოლოს, საზეიმო ფიცის ან აღთქმის დადების დროს.

ანათემა – ეკლესიისაგან განკვეთა, შეჩვენება. ქართულ ეკლესიაში ზოგჯერ იხმარებოდა „შერისხვა“.

ანალოგია (ანალოღია) – დახრილი, პატარა მაგიდა, ღვთისმსახურების დროს ხატისა და სახარების დასაბრძანებელი.

ანაფორა – 1) მღვდლის განიერი და გრძელი შესამოსი; 2) წირვის დროს დარჩენილი პური და ღვინო, რომელსაც გლახაკებს ურიგებენ.

ანგელოზთა გალობა – 1) გალობა, რომელსაც განუწყვეტლივ აღავლენენ ღვთის ტახტს გარშემორტყმულნი სერაფიმები „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“; 2) გალობა, რომელიც ანგელოზებმა იგალობეს მაცხოვრის შობის ღამეს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლუკა 2, 14)“.

ანგელოზთა დასი – იხ. ანგელოზთანი.

ანგელოზი (ბერძ. მაცნე) – ღვთის ზეციური მსახური, რომელიც ფლობს ადამიანზე ბევრად აღმატებულ ცოდნას, სიწმინდეს, ძალას, არის სულიერი, უსხეულო არსება.

ანტიდორი – სეფისკვერის ნაწილი, რომლიდანაც ამოღებულია ტარიგი. იგი ურიგდება მლოცველებს ზიარების შემდეგ.

ანტიფონი – საეკლესიო გალობის ფორმა; ორი გუნდის მონაცვლეობით გალობა.

ანფოლოგიონი – წიგნი, რომელიც შეიცავს საეკლესიო დღესასწაულთა, ლოცვათა თანმიმდევრობას.

აპოლოგეტიკა – მოძღვრება, რომელიც ღვთის მიერ გამოცხადებულ ჭეშმარიტებას იცავს ფილოსოფოსთა და მოაზროვნეთა ცრუ სწავლებისაგან.

არტოკრასია – პურის კურთხევა.

არტოსი (ბერძნ. პური) – გაფუებული ცომისაგან დამზადებული პური, რომელიც იკურთხება აღდგომის დღეს განსაკუთრებული ლოცვით, მას ინახავენ კანკელის წინ, ანალოღიაზე ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში. პასექის შაბათს იმტვრევა და ურიგდება მორწმუნეებს, როგორც სიწმინდე.

არქიდიაკონი – მთავარ დიაკონის ბერული წოდება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ბერია.

არქიელი – მღვდელმთავარი.

არქიეპისკოპოსი – მთავარეპისკოპოსი, მაღალი იერარქიის ტიტული, უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები.

არქიერატიკონი (ბერძ. სამღვდელმთავრო) – ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნი, რომელიც განკუთვნილია მღვდელმთავართათვის. არქიერატიკონი ანუ „სამღვდელმთვარო კონდაკი“, სამღვდელო კონდაკისაგან განსხვავებით, შეიცავს ხელთდასმის („ქიროტონიის“) წესებსაც.

არქიმანდრიტი (ბერძ. ზღუდის უფროსი, იგულსხმება მონასტრის ზღუდე, გალავანი) – მართლმადიდებელი ეკლესიის ბერთა უმაღლესი სასულიერო წოდება. რამდენიმე მონასტრის წინაძღვრის, ზედამხედველის ტიტული.

არწივი – იხ. სამღვდელმთავრო არწივი.

ასამაღლებელი – სამების სადიდებელი ლოცვათა ბოლო ნაწილი, რომელსაც საზეიმო კილოთი ხმამაღლა წარმოთქვამს მღვდელი.

ასკეტიზმი (ბერძ. ასკეტის – გმირობა, ვარჯიში) – განდეგილობა, ხორცის გვემა, ცხოვრების სიამეთა უარყოფა, მორწმუნის პირადი ცხოვრების ძირითადი კანონი.

აქსიოს (ბერძ. ღირსი) – ეპისკოპოსისა და მღვდლების, ზოგჯერ კი დიაკვნის ქიროტონიის დროს სამღვდელოთა და მრევლის შეძახილი, რომლითაც ისინი გამოხატავენ დასტურს, რომ საკურთხებელი პიროვნება გამოირჩევა თავისი წმინდა, შეურყვნელი ცხოვრებით და ღირსია ხელდასხმის.

აღაპი (ბერძ. სიყვარული, ქრისტიანთა ძმური ტრაპეზი) – რიტუალი, რომელიც ძველად მიცვალებულის მოსახსენიებლად ეწყობოდა. საქართველოში მას თან ახლდა წირვა და ზოგჯერ პანაშვიდი. სააღაპო ტრაპეზზე უნდა შეესვათ ღვინო მიცვალებულის ცოდვების შესანდობლად, ხოლო წირვისას მოეხსენებინათ მისი სახელი.

აღდგომა – ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული „ოდეს ყოველი ხარობს, რამეთუ აღსდგა ქრისტე“. მოძრავია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ებრაული პასექის სწორს, მას წინ უსწრებს დიდმარხვა, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის შესახვედრად ამზადებს. აღდომის დღესასწაული გრძელდება ერთ კვირას (ბრწყინვალე შვიდეული) ახალ კვირამდე (კვირაცხოვლობა). სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ (წითელი ფერი ქრისტეს მიერ ადამიანთა კეთილდღეობისათვის დაღვრილი სისხლის მოსაგონია, კვერცხი კი მარადიული სიცოცხლის სიმბოლო), აღდგომის აღნიშვნის დღე დაადგინა ნიკეის საეკლესიო კრებამ (325 წ.) სააღდგომო საგალობლების უმეტესი ნაწილი იოანე დამასკელს ეკუთვნის.

„აღვივსენითი“, „აღვივსენი“ – მცირე ფორმის საეკლესიო საგალობელი, რომელსაც გალობენ ფსალმუნის გალობასთან ერთად, ცისკრის ღვთისმსახურებაზე. სახელწოდება აღებულია 89-ე ფსალმუნის მე-14 მუხლის დასაწყისი სიტყვის მიხედვით: „აღვივსენით ჩუენ ცისკარსა, წყალობითა შენითა, უფალო“.

აღსავალთა გალობა – ცისკრის ლოცვის წინარე მუხლი რვა ხმისათვის, აღსავლები, ანტიფონი წირვის პირველი სამი საგალობელია.

აღსავლის კარი – ტაძრის კანკელის შუა კარები.

აღსარება – ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, რომლის დროსაც მორწმუნე უფლის წინაშე აღიარებს და ინანიებს თავის ცოდვებს, ხოლო მღვდელი უფლის სახელით შეუნდობს მას.

აღსაყდრება (ინტრონიზაცია) – პატრიარქის კურთხევის ცერემონია.

ახალი აღთქმა – საღვთო წიგნების კრებული, ბიბლიის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია იესო ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება. ახალი აღთქმის წიგნების (სულ 27) პირველი ნაწილია „ოთხთავი“ ანუ ოთხი სახარება: მათესაგან, მარკოზისაგან, ლუკასაგან და იოანესაგან. მას მოსდევს „საქმე მოციქულთა“, „კათოლიკე ეპისტოლენი“ (სულ 7), „ეპისტოლენი წმიდისა მოციქულისა პავლესნი“ (სულ 4) და „გამოცხადება იოანესი“ ანუ „აპოკალიფსისი“.

ახალი ისრაელი – მართლმადიდებელი ეკლესია.

– ბ –

ბაზილიკა – მოგრძო, ნავისებრი ფორმის ტაძარი, რომელიც სიმბოლურად აღნიშნავს ნავს ცხოვრების ზღვაში, რომლის მესაჭეც არის იესო ქრისტე და მისი საშუალებით შეგვიძლია გავცუროთ ზღვა და მივიდეთ სამშვიდობო ნავსადგურში, ე.ი. სასუფეველში.

ბაია – პალმის რტო.

ბაიაობა – იხ. ბზობა.

ბაირაღი – ეკლესიის წმიდა დროშა, რომელიც გამოიყენება დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს. ის აღნიშნავს მართლმადიდებლობის ამ ქვეყანაზე გამარჯვებას.

ბაპტისტერიუმი (ბერძ. ნათლობა) – განსაკუთრებული შენობა, ნათლობის საიდუმლოს ჩასატარებლად, სადაც მოწყობილია ემბაზი.

ბარტყულა (კუნკული) – მონაზვნის თავსაბურავი.

ბარძიმი – ძვირფასი ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი) დამზადებული მაღალფეხიანი სასმისი, რომელშიც ღმრთისმსახურების დროს ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად. ბარძიმიდან ხდება ზიარება.

ბასილი დიდის წირვა – საღვთო ლიტურგიას ძველ დროში სხვადასხვანაირად ასრულებდნენ. ის ხშირად მთელ ღამეს გრძელდებოდა, ამიტომ ქალაქ კესარიის მთავარეპისკოპოსმა, წმ. ბასილი დიდმა, შეადგინა საყოველთაო წირვის სახელმძღვანელო, შემდეგ იგი შეამოკლა წმინდა იოანე ოქროპირმა. დღეს ხმარებაშია უმეტესწილად იოანე ოქროპირის ლიტურგია. ბასილი დიდის წირვა წელიწადში 10-ჯერ სრულდება: დიდმარხვის 1-5 კვირებში, ქრისტეშობის ან მის წინა დღეს, ბასილი დიდის ხსენების დღეს, ნათლისღების ან მის წინა დღეს, დიდ ხუთშაბათს და დიდ შაბათს.

ბაღდადი – მეწამული ფერის ოთხკუთხა ნაჭერი, იხმარება ზიარების შემდეგ ბაგეს მოსაწმენდად.

ბერ-მონაზვნობა (ბერძ. „მონახოს“ – კენტად მცხოვრები, განდეგილი) – წუთისოფლისაგან განდგომა, ცხოვრების გატარება საკუთარი ნების უარყოფაში, ლოცვაში, მარხვაში და მუდმივად ღმერთზე ფიქრში. ბერ-მონაზვნულ ცხოვრებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში, რომელიც განვითარდა მე-4 საუკუნეში. მის ფუძემდებლად ითვლება წმ. ანტონი დიდი.

ბზობა (ბაიაობა), ბზობის კვირა – ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში (უკანასკნელი კვირა აღდგომის წინ). ერთი ათორმეტი საუფლო დღესასწაულთაგანი. დამკვიდრებულია მე-4 საუკუნიდან. მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იესო ქრისტეს იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესვლა. მოსახლეობა იესოს ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი – პალმის ტოტს – ბაიას უფენდა, თან ოსანას შესძახოდნენ.

ბისონი – 1) ძვირფასი, რბილი, თხელი ქსოვილი მეწამული მოყვითალო ფერის. 2) ამავე ქსოვილისაგან დამზადებული მდიდრული სამოსი. 3) ეპისკოპოსის შესამოსელი. სიმბოლურად აღნიშნავს იმ სამოსელს, რომლითაც იესო შემოსეს განსჯის დროს.

– გ –

გადმოცემა წმიდა – მაცხოვრისა და მოციქულების მიერ ზეპირად გადმოცემული სწავლება, რომლებიც მოგვიანებით იქნა ჩაწერილი. ის შეიცავს: 1) უძველესი ადგილობრივი ეკლესიების სარწმუნოების სიმბოლოს; 2) „მოციქულთა წესებს“, რომელიც მიიღო კანონიკურად მართლმადიდებელმა ეკლესიამ; 3) მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულ იქნა VI მსოფლიო კრებაზე; 4) წმიდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ ხიმბოლოებს; 5) მსოფლიო და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებებს; 6) პირველ ლიტურგიებს, რომელთა წარმოშობა ეკუთვნით მოციქულებს; 7) პირველ წმინდანთა მარტვილობას, რომელიც შედგენილია თვითმხილველთა მიერ; და სხვა.

განბანვა – ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მირონის მოწმენდა წყლით. პირველ საუკუნეებში სრულდებოდა მირონცხების შემდეგ მე-8 დღეს. თანამედროვე პრაქტიკაში სრულდება იმავე დღეს.

განდეგილობა – ბერ-მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი, განმარტოებით დაყუდება აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის.

„განიცადე“ – გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი“.

განკვეთა – ერესის გამო ეკლესიიდან გაძევება.

განკითხვის დღე – ქვეყნის აღსასრული, ღვთის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი. პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი – ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან.

„განმანათლებელი“ – ცისკრის ლოცვაზე მე-9 ძლიპირის გალობის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი ლოცვა.

განტევება – კურთხევით პატიება შეცოდებისა.

„განძლიერდასა“ – საგალობლის (კანონის) მე-3 გალობა, სახელწოდება აღებულია ბიბლიური ანას გალობის დასაწყისის მიხედვით: „განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ“ (1 მეფეთა 2, 1).

გაპატიოსნება – მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის დადება, დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება.

გარდამავალი დღესასწაულები – 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა რიცხვით, არამედ სხვა დიდი დღესასწაულების მიხედვით. მაგ. შიო მღვიმელის (ყველიერის ხუშთაბათი), გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ბრწყინვალე სამშაბათს) და სხვა.

გარდაცვალება – სულის გამოსვლა სხეულიდან, რომლის შედეგად სხეული მიწისაგან შექმნილი „მიწად მიიქცევა“, ხოლო სული განაგრძობს არსებობას და წარსდგება ღვთის წინაშე.

გარდამოხსნა (მოხსნა, ჩამოღება) – 1) ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან. 2) ქსოვილი, რომელზეც გამოსახულია მაცხოვრის ცხედარი. 3) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ პარასკევს.

გერი – ასე ეწოდება მიბაძვით გალობებს, სტიქრონებს, რომელთაც უმთავრესად საკუთარი მელოდია აქვთ.

გვერდნი („გუერდი“) – ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პლაგალურ ე.ი. დამატებით ხმას, ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით.

გვირგვინი – ქორწინების საიდუმლოში გვირგვინის თავზე დადგმა ნიშნავს მეუღლეების მიერ ვნებებზე გამარჯვებას და მათ მიერ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად განვლილი ცხოვრებისათვის მინიჭებულ ჯილდოს (იხ. ქორწინება).

გინგილა – დიაკონის შესამოსელის ნაწილი. მხარზე გადასაკიდი გრძელი ვიწრო ბაფთი. სიმბოლურად ნიშნავს ანგელოზთა არანივთიერ ფრთას.

„გიხაროდენი“ – ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი. სახელწოდება მოდის გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი ხარების დროს წარმოთქმული მიმართვის დასაწყისი სიტყვებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“ (ლუკა 1, 28).

გულანი – საეკლესიო წიგნების კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი, ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული საკითხავები და სხვა. გულანი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას არ აქვს.

– დ –

დავითნი – დავით მეფის მიერ დაწერილი საგალობლების ანუ ფსალმუნების კრებული.

დაისის ლოცვა – მწუხრის ლოცვა.

დალოცვა – მღვდელმსახურისაგან ლოცვის მიღება.

დასდებელი – ლოცვების კრებული, ცალკეული ვრცელი ლოცვების ბოლოს ჩასართავი (მუხლებში), აგრეთვე ეწოდება ამა თუ იმ საეკლესიო დღესასწაულის წირვათა მთელ საგალობელ მასალას.

დასნი ანგელოზთანი – ანგელოზთა ციური კრებული. იყოფა სამ იერარქიულ საფეხურად, ხოლო თითოეული მათგანი იყოფა სამ დასად ანუ მხედრობად, უმაღლესი იერარქია – სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. საშუალო იერარქია – უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. დაბალი იერარქია – მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

დაუჯდომელი – იხ. აკათისტო.

დაფარნა – საგანგებოდ გამოჭრილი და შეკერილი გადასაფარებელი. დაფარნა სამია: ერთი დიდი და ორი პატარა – პატარებით იბურება ბარძიმი და ფეშხუმი ცალ-ცალკე, დიდით – ორივე ერთად. დაფარნა სიმბოლურად აღნიშნავს სახვევლებს, რომელშიც ღვთისმშობელმა შეახვია ახალშობილი ქრისტე და სუდრებს, რომელშიც შეგრაგნეს მიცვალებული ქრისტე.

დაყუდებული – ბერები, რომლებიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში იკეტებოდნენ გამოქვაბულებში ან კელიებში, თავს უძღვნიდნენ ღვთისადმი ლოცვას და ადამიანურ ვნებებთან ბრძოლას.

დეკანოზი – 1) საეკლესიო იერარქიაში – უფროსი მღვდელი. ტაძრის წინამძღვარი. დიდ ეკლესიებში დეკანოზს ზოგჯერ ცალკე სამმართველო – „სადეკანოზო“ ებარა. 2) ქართულ მონასტრებში – მღვდლებისა და მგალობლების უფროსი, მონასტრის წინამძღვრის შემდგომ მეორე პირი. მისი თანაშემწე მღვდელმსახურებაში. 3) აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატის მსახური, რომელიც სახატო რიტუალს ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა (წარმართული გადმონაშთი).

დიაკონი – სამღვდელმსახურო იერარქიის ქვედა საფეხურის წევრი, მოძღვრის თანაშემწე, რომელიც მას ეხმარება ღვთისმსახურების წესების შესრულებაში.

დიდება – ღვთის სადიდებელი შეძახილი.

„დიდება მაღალიანი“ – საცისკრო ლოცვის საგალობელი, რომელიც იწყება სიტყვით „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

დიდი აიაზმა – იხ. აიაზმა

დიდი ოთხშაბათი – იუდას მიერ მაცხოვრის გაცემის დღე.

დიდი სქემა – იხ. სქემა.

დიდი შაბათი – იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღე. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით იმყოფებოდა საფლავში, ხოლო სულით ჩაბრძანდა ჯოჯოხეთში, მართალთა სულების ამოსაყვანად. შაბათს შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი.

დიდი ხუთშაბათი – ქრისტეს უკანასკნელი სერობის (ვახშმის, სამხრობის) დღე, როდესაც მან მოწაფეებისადმი სუფრა გააწყო, რომელსაც 12 მოციქული შემოუსხდა. მოძღვარმა მათ ჯერ სათითაოდ დაბანა ფეხები, შემდეგ პური გაუტეხა. გაუწოდა მოციქულებს და უთხრა: „ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“, შემდეგ ღვინო მიაწოდა: „ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“. ასე აღესრულა პირველი ზიარება.

დიკასტერია – ოლქი იმ მიტროპოლიტისა, რომელიც, თვით პატრიარქს ექვემდებარება, მაგრამ თავის მხრივ განაგებს ზოგიერთ ეპარქიებს თავისი არქიეპისკოპოსებით, ეპისკოპოსებით და განსჯის მათ პატრიარქისგან მინიჭებული უფლებების მიხედვით.

დიკირი – ორსანთელა, გამოიყენება სამღვდელმთავრო მსახურების დროს, სიმბოლურად აღნიშნავს მაცხოვრის ორბუნებოვნებას.

დიოფიზიტობა – მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი დოგმატი, რომელიც ცნობს ქრისტეში განსხვავებული და თანაბარი, შეურეველი და განუყოფელი ორი ბუნების ღვთაებრივისა და ადამიანურის არსებობას.

დიპტიხი – მოსახსენებელი წიგნი. გამოიყენება მოციქულთა დროიდან. ფართო გავრცელება ეკლესიებში ჰპოვა მე-4 საუკუნიდან. დიპტიხში მოხსენიება ითვლებოდა დიდ პატივად. მასში შედიოდნენ მხოლოდ წმინდა ცხოვრების წესით განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანები. დიპტიხები იყოფა: 1) ნათლობის; 2) ცოცხალთა; 3) წმინდანთა ანუ მარტიტოლოგები; 4) მიცვალებულთა, რომელშიც პირველად შედის ეპისკოპოსთა, სამღვდელოთა და ბოლოს, ერისკაცთა სახელები. ეხლა არსებობს დიპტიხების ორი სახეობა საერო ანუ საეკლესიო და კერძო (მოსახსენებელი) (იხ. მოსახსენებელი). პირველი გამოიყენება მონასტრებსა და ეკლესიებში და მასში შედის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიების მამათმთავართა სახელები. მეორე გამოიყენება ყოველ მართლმადიდებელ ოჯახში.

დოგმატიკური ღვთისმეტყველება – ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების სისტემური გადმოცემა. დოგმატური ღვთისმეტყველება ჩამოყალიბდა იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცების მიზნით.

1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button