ისტორია

საქართველო და ჩრდილოეთის მეზობლები (ნაწილი I)

გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის _ ბაგრატ III-ის (996-1014) გარდაცვალების დროისთვის ისტორიული ქართული მიწებიდან სამეფოს ფარგლებს გარეთ კვლავ რჩებოდა თბილისი, რომელიც პატარა მაჰმადიანური საამიროს ცენტრს წარმოადგენდა; ასევე _ სამხრეთ საქართველოს ნაწილი, რომელსაც 1001 წელს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა. სწორედ ამიტომ ბაგრატ III-ის მემკვიდრეების მთავარი საზრუნავი ამ ტერიტორიების დაბრუნება იყო.

გიორგი I (1014-1027 წწ.) უშედეგოდ ეომა ბიზანტიელებს ქართული მიწების დასაბრუნებლად.

მის ვაჟს _ ბაგრატ IV-ს (1027-1072 წწ.) კი თავისი მეფობის დასაწყისში მათი მოგერიება მოუხდა. ის თბილისისა და ბიზანტიელთა ხელში დარჩენილი ციხესიმაგრეების გასათავისუფლებლად იბრძოდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა თურქ-სელჩუკთა შემოსევების გამო, რომლებიც საქართველოში პირველად 1064 წელს შემოიჭრნენ. ეს მოხდა გიორგი II-ის გამეფების მეორე წელს. მან სამშვილდის ციხე აიღო, ქართლი დაარბია და უკან გაბრუნდა. შემდეგ სულთანმა განძა აიღო, მის გამგებლად სარანგი დანიშნა და მას ქართლში ლაშქრობები დაავალა.

მალიქ-შაჰმა საქართველოში მეორედაც ილაშქრა. თურქ-სელჩუკებმა კარის ციხე-ქალაქი აიღეს, ჯავახეთში მდგომ გიორგი II-ს თავს დაესხნენ და დაამარცხეს.

სელჩუკთა შემოსევებმა განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისთვის _ საქართველოში დიდი თურქობა დაიწყო. მათ სასტიკად ააოხრეს ქვეყანა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი გაჟლიტეს ან ტყვედ წაიყვანეს. მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.) იძულებული შეიქნა, სელჩუკთა დიდ სულთან მალიქ-შაჰს ხლებოდა და მისთვის ყოველწლიური ხარკის გადახდა აღეთქვა, მაგრამ ცალკეული თურქული რაზმები ქართულ მიწებზე თარეშს მაინც არ წყვეტდნენ; აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქებში (თბილისშიც) სელჩუკთა გარნიზონები იდგნენ.

სელჩუკთა სახელმწიფომ თავის ძლიერების მწვერვალს 1092 წელს მიაღწია, მაგრამ როდესაც სელჩუკთა იმპერიის მესამე სულთანი, მალიქ-შაჰი, ნოემბერში გარდაიცვალა, სახელმწიფო ანარქიამ მოიცვა, ხოლო დასავლეთიდან მას ევროპელმა ჯვაროსნებმა შეუტიეს.

შექმნილი ვითარება კარგად გამოიყენა საქართველოს ახალმა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.). მან 1097 წელს სელჩუკებს ხარკის გადახდა შეუწყვიტა და დაიწყო ბრძოლა საქართველოდან მათ განსადევნად. დავითმა, როგორც ნიჭიერმა სარდალმა და დიდმა სახელმწიფო მოღვაწემ, საქართველო ძლიერ სახელმწიფოდ აქცია. ქართველებმა დავით მეფის ხელმძღვანელობით არაერთგზის დაამარცხეს სელჩუკთა ჯარები და 1122 წელს იერიშით აიღეს თბილისი, რომელიც საქართველოს დედაქალაქად გამოცხადდა.

ქართული მიწების გათავისუფლების შემდეგ, 1123-1124 წლებში, დავით IV-მ სელჩუკები მეზობელი სომხური და აზერბაიჯანული პროვინციებიდანაც გარეკა, ხოლო ეს მიწები თავის სამეფოს შემოუერთა და დავითის მეფობის ბოლო წლებში მისი სამფლობელოები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული. ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგა.

რუს–ვარანგები, ოსნი, ყივჩაღნი…

დავითის საგარეო–პოლიტიკურ თვალსაწიერში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩრდილოეთის ქვეყნებსა და ხალხებს. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში დავითი ხედავდა მნიშვნელოვან ძალას, რომელსაც სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლასა და ამიერკავკასიის ხალხთა კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო.

ქართული ნარატიული წყაროების უძველესი ცნობები რუს-ვარანგებისა და ქართველების კონტაქტის შესახებ XI საუკუნეს განეკუთვნება (ამაზე საუბარი გვქონდა წინა ნომერში), თუმცა სავარაუდოა, რომ ქართველებისთვის რუსი ხალხი მანამდეც არ იყო უცხო. მაგრამ XII საუკუნის დასაწყისიდან, დავითის მეფობის ხანაში, რუსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაიზარდა.

დავითის გამარჯვებებმა და წინსვლამ, ბუნებრივია, კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი რუსეთთან. გაძლიერებულ საქართველოსთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძველი რუსეთის ინტერესებშიც იყო, მეტიც, გაძლიერებულ საქართველოს სამეფოსთან კავშირს რუსეთი თვითონ ესწრაფვოდა, მით უფრო, რომ დავითის დროს ყივჩაყები და ოსები უკვე საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ და ყივჩაყთა თავდასხმების თავიდან აცილება და სამხრეთ–დასავლეთ საზღვარზე მშვიდობიანობის უზრუნველყოფა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებით იყო შესაძლებელი.

დავითი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან, განსაკუთრებით, ოსებსა და ყივჩაღებთან ურთიერთობას. ოსები სხვა ჩრდილოკავკასიელი ეთნიკური ელემენტებისაგან გამოირჩეოდნენ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების დონით. ალანთა სამეფოს კავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ტერიტორია ეკავა. დავითის მეფობისას, როცა ყივჩაღთა ჩამოსახლების საკითხი დაისვა, ოსებთან ურთიერთობაც ახლებურ მიდგომას მოითხოვდა. ყივჩაღებს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებთან, ამიტომ საქართველოს მეფეს ქმედითი ღონისძიებების გატარება დასჭირდა ყივჩაღთა საქართველოში ჩამოსაყვანად, რადგან ყივჩაღების საქართველომდე ჩამოსასვლელად ოსეთი იყო გასავლელი.

საგულისხმოა, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, დავითის ერთ-ერთი ქალიშვილი ოსეთში ყოფილა გათხოვილი. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამ ცნობას სარწმუნოდ მიიჩნევს. ზოგი ფიქრობს, რომ, თუ საკუთრივ დავითის ასული არა, სამეფო სახლის რომელიღაც წევრი მაინც უნდა ყოფილიყო ოსეთის სამეფო კარზე გათხოვილი.

ოსეთთან ურთიერთობის განმტკიცების მნიშვნელობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ თვით დავითი და მისი ვაზირი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი “წარემართა ოვსეთს”. დავითის ოსეთში გადასვლა მხოლოდ ყივჩაღთათვის გზის უზრუნველყოფა არ ყოფილა. მნიშვნელოვანი იყო ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს დამაკავშირებელი საუღელტეხილო გზების დაკავება. იმხანად დარიალსა და სხვა უღელტეხილებზე კონტროლს ოსები ახორციელებდნენ. ძლიერი ფეოდალური საქართველოსთვის აუცილებელი გახდა აღნიშნული გადასასვლელების დაუფლება და დავითის მისიაც ამას ისახავდა მიზნად.

ნიშანდობლივია, რომ ოსეთში შესულ დავითს “მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა”. დავითმა მძევლები ჩამოართვა როგორც ოსებს, ისე ყივჩაღებს და “ესრეთ ადვილად შეაერთნა ორივე ნათესავნი”. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ დავითს თან ახლდა გარკვეული სამხედრო ძალაც. შემდეგი ეტაპი დავითის მოქმედებისა ის არის, რომ მან აიღო და დაიკავა “ციხენი დარიალისა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი”. უდავოა, რომ კავკასიის უღელტეხილების დაკავება საქართველოს მიერ უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი იყო. ამასთანავე, ამ პერიოდიდან თუ უფრო ადრე არა, ოსეთი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა გახდა.

ნიშანდობლივია, რომ ოსეთში გადასვლისას დავითს თან ახლდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი. ამ აქტში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-განმტკიცებისთვის ზრუნვა მოჩანს.

დავითმა ხელში ჩაიგდო კავკასიის გადასასვლელები, რომელთაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და ოსეთი მტკიცედ შემოიყვანა თავისი მორჩილების ქვეშ ყმადნაფიცობის პირობაზე. ამიერიდან სხვა ხალხებთან და ქვეყნებთან ერთად, დავით აღმაშენებლის “აჩრდილსა შეკრებილ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა”.

დავით აღმაშენებლის დროის საქართველოს ურთიერთობა ჰქონდა ჩაჩნეთ–ინგუშეთთან (ქართული წყაროების ძურძუკები, კავკასიონი), დაღესტნის ხალხებთან, ადიღესთან (ჯიქნი, ქაშაგნი).

საქართველოსა და ქართული კულტურის გავლენა ჩრდილო კავკასიის ხალხებზე უდავოა. ქართველებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ურთიერთობამ თავისი კვალი დატოვა. არაერთი ქართული სიტყვა შევიდა ჩრდილო კავკასიელი ხალხების ლექსიკურ ფონდში, გავრცელდა ქართული დამწერლობა, ხშირია ქართული წარწერები (დაღესტანში ოცამდე ქართული წარწერაა დამოწმებული), შეიმჩნევა ქართული სტილის გავლენა არქიტექტურაში.

დავითის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი იყო დარუბანდის საკითხი. გეოგრაფიულმა გარემომ, ეთნიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ შექმნა ის ბაზა, რომელზეც ჩამოყალიბდა დარუბანდის ქალაქი-სახელმწიფო. დარუბანდზე გამავალი საქარავნო გზის მიმართ ქართველები გულგრილნი არ იყვნენ. დავითი დიდად აფასებდა კასპიის კარის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ყოველგვარად ცდილობდა თავის გავლენის გავრცელებას. 1124 წლის აპრილში დავითის მოლაშქრეებს დარუბანდიც ხელთ უგდიათ.

როგორც დავით აღმაშენებლის ანდერძშია ნათქვამი, მას მთელი ჩრდილოეთი კავკასია ემორჩილებოდა. ასე რომ, ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებს ფეოდალური საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. ამასთან, დავითი ჩრდილოეთის ქვეყნებთან მხოლოდ თავდაცვის უზრუნველყოფაზე არ ფიქრობდა. გარკვეულ შემთხვევაში, მშვიდობიან მოლაპარაკება-დიპლომატიასთან ერთად, საქართველოს სამეფო კარი შეტევით ოპერაციებსაც ატარებდა და ეუფლებოდა მის ჩრდილოეთით მიმდებარე ქვეყნებს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button