სხვადასხვა

ქალები ქართულ ხალხურ პოეზიაში III

ერეკლესა და მაია წყნეთელის შეხვედრა

შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ
ჩაიცვა ვაჟკაცურადა,
თოფ–იარაღი აისხა,
იქცევა მამაცურადა,
პატარა კახსა ეახლა,
რა კარგი სანახავია!..
ხირიმი შეატრიალა,
დაბლა დაუკრა თავია…

_ ვინა ხარ, ძმაო, საიდან,
რომელი გვარის კაცია!
ჰკითხა ბატონმა, რა იცის,
რომ ქალს კაცურად აცვია.
_ მათე ვარ, შენი ჭირიმე!
მოვდივარ შორის–შორადა,
ჯავრი მჭირს ავკაცებისა,
ცეცხლი მწვავს ერთი ორადა.
მინდა, რომ გეყმო ერთგულად,
წელზე ვატარო ხმალია,
შენი ბრძანებით დავიცვა
ქვრივ–ოხერ, ობოლ–ქალია.
ნეფესა მოეწონება
სიტყვა–პასუხი მათესი,
თავის მახლობლად დანიშნა
გმირი _ სიკეთის დამთესი.

მაიას დატყვევება და სიკვდილი

დაკოდილი ყაენის დროს
ამბავი ესე მომხდარა, –
სპარსი დაეცა ქართველსა,
დაჰკრეს ბუკი და ნაღარა.
ქალაქ ერევნის ახლოსა
მაია დაატყვევნესა,
არ დაუფასეს გმირობა
სპარსეთში გააგზავნესა.
გულით მაგარი დიაცი
არ შეუშინდა განსაცდელს,
გზაში დახოცა მცველები
და მიაღწია საწადელს…
გახარებული გამორბის,
ესწრაფის მშობელ მხარესა.
უნდა, რომ მალე ეწვიოს
თვით აღმზრდელ არე–მარესა,
მაგრამ უმუხთლა საბრალოს
ტიალმა წუთისოფელმა,
ვერ მიაღწია სახლამდე
უბედურების მნახველმა.
გზაში მოუსწრო სიკვდილმა
ტანჯული სული დალია.
მოუკვდათ ბეჩავ გლეხებსა
მათი დამცველი მაია.
ტიალ მინდორზე ობლადა
მაია ასაფლავია,
ციდან მის საფლავს ანათებს
დღისით მზე, ღამით მთვარეა.

ქართული ხალხური პოეზია / ტ. 11 / თბილისი 1984 / გვ. 69

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button