სხვადასხვა

ილია ჭავჭავაძე ქალაქის თავის არჩევნებზე

ქალაქის თავის არჩევანი

… ჩვენ გვინდა ორიოდე სიტყვა ვთქვათ მხოლოდ ამ საშუალებებზე და ღონისძიებაზე, რომელითაც ერთი ამ კანდიდატის მომხრეთაგანი ცდილობენ თავის მიზნის შესრულებას, თავის კანდიდატის გაყვანას.
ყველაზედ პირველად იმათი მოქმედება უკანასკნელს, პირველ ხარისხის ხმოსანთა ხელმეორედ არჩევანის დროს აღმოჩნდა. ამ არჩევანის დროს იმათ დაივიწყეს უპირველესი საფუძველი ყოველ ამგვარ არჩევანისა: გამოსადეგნი, სასარგებლო იქნებოდნენ ქალაქისათვის ის პირნი, რომელთაც ისინი ხმოსნებად არჩევდნენ, თუ არა. ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ იმით ხელმძღვანელობდნენ: მომხრე იქნებოდა ხმოსნად ამოსარჩევი პირი იმათის კანდიდატისა _ თუ არა. თუ მომხრე იყო, თეთრს უგდებდნენ, თუ მოწინააღმდეგე _ აშავებდნენ. ვის ჰქონდა მხედველობაში ქალაქის ინტერესი, პატიოსნად და ღირსეულად აღსრულების შეძლება კანდიდატისაგან თავის მძიმე მოვალეობისა?
აქედამ წარმოსდგა ის, რომ ზოგიერთი ისეთი პირები იყვნენ ამორჩეულნი ამ კენჭისყრის დროს, რომელთაც საქალაქო კანონები თავის დღეში თვალითაც არ უნახავთ, რომელთაც ქალაქის ინტერესი და სარგებლობა ფეხზედ ჰკიდიათ.
ამას გარდა, რა არის ეს ჩუმ-ჩუმად დაძრომა მაღაზიებში და სახლებში, და, რაღაც ქაღალდზე ხელისმოწერის მოგროვება? განა ქვეყანამ არ იცის _ როგორ აწერინებენ ხოლმე ხელს უმეცარ ხალხს მაგგვარ ქაღალდებზე?, რომ, თუნდაც ოცი-ათას კაცს მოაწერინოთ ხელი, ეგ საზოგადო აზრს არ შეადგენს და ქალაქის ხალხის სურვილს ვერ გამოხატავს?
რა მნიშვნელობა აქვს ამ სხვადასხვა დეპუტაციებს, რომელთაც დაათრევთ აქეთ-იქით, ხან ერთს მიუგზავნით და ხან მეორეს?
ის ფუჭი დაპირება რაღაა, რომელსაც ასე გულუხვად არიგებთ?
ამ გვარის საშუალებით გინდათ, ქალაქის რჩევის ხმოსანთა ძალა დაატანოთ და უეჭველად გინდათ ზნეობითი ზედმოქმედება იქონიოთ ზოგიერთ სუსტ და გზაგაუკვლეველ ხმოსნებზედ და იმათი ხმა თქვენის კანდიდატისათვის შეიძინოთ?
ჩვენა გვგონია, რომ ეს შემცდარი ანგარიშია; რომ ქალაქის რჩევა მაგით არ შეშინდება, მაგას არ მოერიდება და თავისუფლად გამოსთქვამს თავის აზრს…
თუ ესენი კარგის განზრახვით მოქმედებენ, თუ მხოლოდ საზოგადო სარგებლობა აქვთ მხედველობაში, რატომ, თავის კეთილშობილურ აზრის განსახორციელებლად, კეთილშობილურ საშუალებასაც არ ხმარობენ? რატომ პირდაპირ, აშკარად, საქვეყნოდ არ გამოდიან და არ აღიარებენ _ ჩვენ ეს გვსურს და გვსურს იმიტომ, რომ ამადაამ მხრით, ამადაამ საბუთით ეს ემჯობინებაო? ქვეშ-ქვეშ, მალულად, თეატრალურ დეპუტაციებით და ფუჭ იმედების ჩაჩურჩულებით რად მოქმედებენ?

ტფილისი, 18 იანვარს


ილია ჭავჭავაძე/ თხზულებათა აკადემიური გამოცემა/ ტ. 15/ თბ. 1983/ გვ. 395–396

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button