სამოციანელთა “გაზაფხული”
გაზაფხული
დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
„გაზაფხული! გაზაფხული!“
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი…
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
„მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახამ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
„დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: „ტია, ტიას!“
აკაკი წერეთელი
საინტერესოა, რას შეჰნატროდა ამ ლექსით აკაკი წერეთელი… გაზაფხულმა, როგორც მეტაფორამ ფეხი მოიკიდა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ეპიკასა და ლირიკაში, დამკვიდრდა რიტორიკაში და, ალბთ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ გაზაფხულის მომლოდინე სამყარო ნაციონალური თვითშემეცნების ერთგვარ ფორმულადაც იქცა. გაზაფხული, როგორც ლიტერატურული სახე, ერთგვარი ხარკია ამ პერიოდის ესთეტიკური კონიუნქტურის წინაშე. მხატვრული ტექსტი გვერდს ვერ უვლის ამ მეტაფორასთან გაიგივებულ სახე–სიმბოლოებს: მერცხალი, ჩიტი, ყვავილობა, კვირტი, ბუნების გაღვიძება / გაცოცხლება, სინათლის / სითბოს გამარჯვება სიცივესა და სიბნელეზე და მისთ.
ის ალეგორია, რაც მეტაფორით მოიაზრება, სხვადასხვა ინტერპრეტაციების მიუხედავად ინარჩუნებს უმთავრეს საზრისს: მონობისგან გათავისუფლება, მკვდრეთით აღდგომა
(“ამდგარა ამირანიცა, / კლდეში დაბმული ჯაჭვითა. / დაუბღუჯია ხმლის ვადა / მოუღალავის მაჯითა, / კვლავ სთელავს დედამიწასა / თვალ-გაუწვდენის ლაჯითა; / სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის / გმირი აწამა ბაჟითა.” ვაჟა–ფშაველა “გაზაფხული”;
“ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის, / მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი, / დაანიავებს შავთა ღრუბელთა, / მომზიანდება, დადგება დარი / და გაიღება, ერთხელც იქნება, / ბეჩავთათვისაც სამოთხის კარი.” ვაჟა–ფშაველა “პასუხად #–ს”;
“გახარებულმა ზეცამა / უხვად დაჰყარა ცვარია. / ტყდება მონობის ბორკილი, / ეშმაკს დაუდგეს თვალია!” ვაჟა–ფშაველა “ვარსკვლავი”).
გულო, რას დაჰღონებულხარ
(სიმღერა)
გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი:
გუგული-დ მერცხალიც მოვლენ
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში-ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული, ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
შენაც გაშალე მკლავია.
მოყვანილი ტექსტების ანალიზისას საბჭოური პერიოდის ლიტერატურულ კრიტიკასა და სასკოლო “გარჩევის” სახელმძღვანელოებში უმთავრესად, აპელირებდნენ მეფის რუსეთისა და ბატონყმობის უღელზე, თუმცა დღესდღეობით შეგვიძლია, უფრო საფუძვლიანად ჩავუკვირდეთ ამ ქარაგმას, რომლის მიღმაც, უმთავრესად, მოიაზრება ქრისტეს შობა და ქვეყნიერების გამოხსნა ბოროტების “ბორკილებისაგან”.
ვარსკვლავი
(საშობაოდ)
უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზე დამცქერალია.
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივმოფენილი ქალია.
გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებულა წყალია.
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.
გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძო ძალია.
„არ წასსწყმდებიო, არაო“,
ბუნებამ დაჰკრა ზარია.
შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია.
გახარებულმა ზეცამა
უხვად დაჰყარა ცვარია.
ტყდება მონობის ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!
ვაჟა–ფშაველა
ვნახოთ, რას წერს საშობაო წერილში ილია ჭავჭავაძე:
“ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე, გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველწლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღით დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუმენველიE და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლუროსა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. ,,ვით მამა ზეცის იყავ შენც სრულიო”, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არის აღსლვად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!.. იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლია ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდგ ყოველწლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.”
ნათლად ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძის ამ პუბლიცისტური წერილის მიზანია, გამოკვეთოს ადამიანის, უფრო ზუსტად კი – “კაცის” დანიშნულება, “საღვთო ვალი”, რასაც ქრისტეს განკაცებასთან აკავშირებს (ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ქრისტეს განკაცების შედეგად ადამიანს შეუძლია განღმრთობა, ადამიანი აღარ არის ბოროტებისა და ცოდვის მონა).
ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების პრობლემას, რაც მე–19 საუკუნეში მწვავედ დადგა მსოფლიოს წინაშე, ილია ჭავჭავაძე არაერთ ნაწარმოებში ეხმიანება. მაგალითად, გავიხსენოთ, “აჩრდილიდან”: “შრომისა ახსნა – ეგ არის ტვირთი / ძლევამოსილის ამ საუკუნის. / კაცთა ღელვისა დიადი ზვირთი / ამ ახსნისათვის მედგრადა იბრძვის!”. “ძველ კაცსა” და “ახალ კაცს” ერთმანეთისაგან განასხვავებს თავისუფლება. “გუთნისდედაშიც” მწერალი ამავე თემას ჩაუღრმავდება – ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია პიროვნული თავისუფლება, ვერ აღასრულებს უწმინდეს ადამიანურ “ვალს” და ცხოველისგან არ განსხვავდება (“ბელტი ბელტზედა გადავაწვინოთ / და შრომის ოფლი მიწას ვაწვიმოთ… / რად დამიღონდი? შენი უღელი / ჩემს უღელზედა არ არის ძნელი. / მეც შენებრ მიწას დავყურებ თვალით, / რადგანაც ზეცა წამართვეს ძალით…” – მიმართავს გუთნისდედა ხარს).
გლეხის სიმღერა
ვაჟა–ფშაველა
გლეხი ვარ, მიწას შევყურებ,
ბალღი რო დედის უბესა,
ის მე მაწოვებს ძუძუსა,
მიმრავლებს ქათამ-იხვებსა;
და მეც ვუსერავ გულ-მკერდსა,
ვაყენებ ოფლის გუბესა,
მიწის უბესა, კალთაზე
დილით მწუხრამდე მშრომელი:
ხან ვთიბ, ხან ვმკი, ხან ვთოხნი
მუშაკი დაუცხრომელი.
ბედნიერი ვარ, ჩემისა
შრომითა გაუძღომელი.
ნუ, ნუ მეძახით საწყალსა,
მწყინს ამისთანა ქართული:
მნახოდით ყანის მკაშია,
ვბრუნავდე შემოკალთული;
მაქვს საბძელ-კალო, გომური,
სახლი-მაქვს ერთი სართული;
კერაზე ცეცხლი მინთია,
ზედ შეშა არის დართული.
რაცა მაქვს, ჩემი შრომაა,
არავისთვის მაქვს წართმული.
ესა მწყინს მხოლოდ არა მაქვს
მე საკუთარი მამული.
შრომისთვის ნუ გებრალებით,
მე იმაში ვარ გართული.
ის შაიბრალეთ, ხელები
ვისაც აქვს გადახლართული
უკან სხვის ნაშრომს შეჰყურებს,
ბოლთას სცემს გამოპრანჭული.
ერთობის იმედი ჰქონდა,
ვაჰ, რო გაუწყდა მავთული!
დღეს თუ არ, ხვალე ვიქნები
ბატონი თავის შრომისა,
მიწის გულისთვის მოვკვდები,
არ მეშინიან ომისა,
არც თოფის, არც ზარბაზნების,
არც უფროსების წყრომისა.
ეყოფათ, რაც იუფროსეს,
მუქთად აჰკრიფეს ღალები.
ის აღარა ვარ, მენაცა
დღეს ავახილე თვალები.
ავიწევ, უეჭველია,
ცხოვრების განაწვალები.
მიწა მომეცით, შრომისთვის
ნურავის შაგებრალები.
შრომა თქვენ ცუდი გგონიათ,
კაცის ღირსების დამმცრობი?
თქვენ მაინც გულში იფიქრეთ,
ვინც შრომისა ხართ ნაცნობი.
მაშვრალისათვის მჭადიც კი
ქადაა, შაქრის პურია,
დურდო წყალიც კი ოლესი
ღვინოა, როცა სწყურია,
და ძილი იქვე მინდორში
ყველასთვის შესაშურია:
ნანას უმღერის ნიავი,
ცა ვარსკვლოვანი ჰხურია,
საღვთისმეტყველო ამბებსა
ისმენს მშრომელის ყურია,
წმინდა გრძნობებით იმსჭვალვის
მუშის გონება, გულია.
ესა მწყინს მხოლოდ, რადა ვარ
სხვის საწველავი ფურია?!
ინდივიდისა და მისი შრომის თავისუფლებაზეა ვაჟა–ფშაველას ეს ლექსებიც:
პასუხად #–ს
„გული მიკვდება“ – ნუ ამბობ ამას,
გულის სიკვდილი ხომ აუგია?!
იმას მოუკვდეს, ვისც არა უყვარს,
ვის ჭკვასთან გულიც ზედ წაუგია
და წარბსაც არ ჰხრის, ქედს მაღლა იღებს,
თვისი ცოდვები არ გაუგია.
ამოღებული უსისხლოდ ვაჟკაცს
ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია.
მე არ მიკვდება, უფროც მთელდება
ჩემ გულზე წყლული, ძველი იარა.
ციდამ ხმა მესმის ანგელოზების,
ცამ თვისი აზრი გამიზიარა:
„ბოლო კარგია“-და ჟრუანტელმა
თავით ბოლომდე ჩამომიარა.
და ამ ხმამ ტკბილმა ახლად დამბადა,
ბნელი კუნჭული გამიმზიანა.
ვერა, ვერ ვიტყვი, რომ აღმაფრენამ
ვითამ მავნო რამ, დამიზიანა.
„დრონი მეფობენ“-ძველთ ნათქვამია,
და მეც მრწამს ესა, რომ ასე არი.
ჯერ ავდარია, ქვის სეტყვა მოდის,
მაგრამ, ვიმედობ, ადგება ქარი,
დაანიავებს შავთა ღრუბელთა,
მომზიანდება, დადგება დარი
და გაიღება, ერთხელც იქნება,
ბეჩავთათვისაც სამოთხის კარი.
გაზაფხულის სურათები
გაზაფხულია, დაწვიმა,
გული დაულბო მიწასა;
იმისი მოსვლა ძალიან
გაჰხარებია ბიძასა.
გუთანში აბამს ხარებსა,
ბლომად გაჭიმა ხნულები.
ურჩება ცივის ზამთრისგან
გულს დაჩნეული წყლულები.
სხვანიც რომ იმას ჰბაძავენ:
გადაუყრიათ ცულები.
ყველა ბარ-სახნისს შეჰყურებს,
ბელტოს აწვენენ ბელტზედა,
არ დაეკარგვისთ ამაგი,
იმედოვნებენ ღმერთზედა:
მოწყალე არის უფალი,
კაცს არ უკარგავს ამაგსა,
სულ ოქრო-ვერცხლით შეჰმოსავს
მათ ოფლით მორწყულს ალაგსა.
მიწაცა ჰყვავის, ტყეც ჰყვავის,
გული მუშისაც ესია,
ერთი ათასად იქცევა,
რაც იმას დაუთესია.
ბალღებს ქალმები ჩაეცმის,
დიასახლისებს-კაბები,
დუქანში არ იჩხარუნებს
იმათ თანგირა ქვაბები
გირაოდ, როგორც წინადა
არბენინებდნენ ჩაფრები.
ცაზე მოფრინვენ წერონი,
მოაქვთ საამო ამბები
ახია შენზე ზამთარო,
ჰხედავ, გებნევა დავთრები!
ღამით დარდები აწუხებს,
დღისით ჩიტების ჟივილი.
ეზოს ვერ ჰნახავ, არ გესმას
კრუხთან წიწილის წივილი.
გავხედე მინდორს თვალ-უწვდენს,
ჰყვაოდა ათას ფერადა,
მზე ადგა ორმოც-თვლიანი,
მას უფროც გაეფერადა.
თავს დაჰბრუნავდა არწივი,
მისი მხარ-ბეჭი ელავდა,
რას დაეძებდა, არ ვიცი,
და ან რა ფიქრებს ჰკვერავდა.
ამ სურათების მნახველი
გული კაცისა ჰღელავდა.
საინტერესოა, რომ ილია ჭავჭავაძემ პარიზის კომუნის დაცემა ასე შეაფასა: “ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი / დიდი დროშა დაიშალა, / კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ / იგი დროშა დასცა დაბლა”, მაცხოვრის სიტყვების ალუზიით “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ” (მათე 11, 28) ილია ჭავჭავაძემ ლიბერალური ფასეულობები ქრისტიანულ ღირებულებებს დაუკავშირა და საკუთარი პატივისცემა და მოწიწება გამოხატა ზემოხსენებული მოძრაობების მიმართ. იგი წერს: “კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება / ქვეყნის ხსნად მოვლინებული, / რომლისთვისცა თვითონ ღმერთი / იყო ტანჯულ და ჯვარცმული.” ქრისტეს მცნება და ლიბერალიზმი რომ განუყოფელია ილიასთვის, ეს მან “ქართვლის დედაშიც” დაადასტურა: “საზრდოდ ხმარობდედ ქრისტესა მცნებას, / შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,/ ძმობას, ერთობას, თავისუფლებას…” (ძმობა, ერთობა, თანასწორობა – ლიბერალი დეკაბრისტების ტრიადა).
ლიბერალური და დემოკრატიული მოძრაობების გააქტიურება და “ახალი საზოგადოების” ჩამოყალიბების მცდელობა სამოციანელებისთვის პროგრესის, ქრისტეს მცნებასა და ქრისტიანულ სათნოებებზე დამყარებული თავისუფალი ინდივიდებისგან შემდგარი სამოქალაქო საზოგადოების საწინდარია. შესაბამისად, მათი “გაზაფხულიც” ამ საზოგადოებაზე ოცნების მხატვრული გარდათქმაა.
თუ დავესწრათ გაზაფხულსა,
ჩვენგან ნათესს აღმოსულსა,
მეტი ჯილდო რაღად გვინდა,
თუ ვსჭვრეტთ მამულს გაფურჩვნილსა?!
(ილია ჭავჭავაძე. ჩემი თარიარალი)
და ბოლოს, წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძის სააღდგომო წერილი, სადაც ჩვენი მსჯელობის შემდეგ პასუხგაუცემელ კითხვებსაც აეხდება ფარდა:
ტფილისი, 4 აპრილი
ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელის ქვეყნის ქრისტიანობა ჰგალობს დიდებულს საგალობელს ქრისტეს აღზდეგისას. დიდი და პატარა სიხარულით ჰღაღადებს: “ქრისტე აღზდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მომნიჭებელი”. ქრისტიანობამ იცის _ რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღზდგა ქრისტე და აღადგინა თვისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თვისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.
რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზედ მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტი ძე კაცისა? ძველის მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატიებულს ხორცს, რომელსაც მარტო “კბილი კბილისა წილ ჰშიოდა და თვალი თვალისა წილ”, მოკვდინებული ჰყვანდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივითა ჰნათობს, ჰთბება, ჰყვავის, სცოცხლობს და სულდგმულობს. აი ეს მკვდარი სული აღზდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომითა. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღადგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედვა მთელს მშვენიერს, დიდებულს, მართლადა ცხოვრების მომნიჭებელს მოძღვრებას ქრისტესას: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!.. ამას გარედ ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელს ფესვზედ ამოვიდა, გაიშალა, გადაჰფინა შტოები, აყვავდა მთელი იგი დიადი ხე ახალის ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა, ქრისტიანობა ჰქვიან და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი სამზღვრადა. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქედ _ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთის სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება!
“არა კაც კლა, არა იმრუშო, არა იპარო, და არა ცილი სწამო, არა გული გითქმიდეს არარაზედ, რაიც იყოს მოყვასისა შენისა”,_ამბობდა ძველი მოძღვრება ძველის ცხოვრებისა. რა არის ეს _ ნუ მოჰკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტსაო. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალის ცხოვრებისა და გვეუბნევა: არამც თუ ნუ იქმ ბოროტსა, ჰქმენ კეთილიო. ნუ იქმ ბოროტსა მცნებაა ძველისა, ჰქმენ კეთილი, მცნებაა ახალისა და ამით განირჩევა ძველი აღთქმა ახალისაგან. დიდი მანძილია ბოროტის არაქმნისა და კეთილის ქმნის შორის. ერთმანეთს არასფერში არა ჰგვანან. ბოროტის არაქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასსა, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო. საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოჰკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუწყავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელი, ფეხი გაშალო, ამოქმედო.
ძველი აღთქმა ხორცის უვნებლობისათვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა. ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისამ გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოავლინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერობაზედ არაფერი არა ჰხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არა ჰყვავის, არა სცხოვრობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვენიჭა ცხოვრება, იმიტომ _ რომ მკვდარ იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.
აბა დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულისას, და საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელისა და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქო იგავია, თითქო განგებ არის ასე მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ, გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღზდეგისა? თითქმის პირველ ხანს გაზა-ფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძრცვნილი, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხ-ლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალის ცხოვრე-ბისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღზდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სიბერეა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობისა, აღდგომისა, სიცოცხლისა.
არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე “ქრისტე აღზდგაო”. _ ეს საათიც კი გვაშინებს, რის მომასწა-ვებელია აღდგომა ქრისტესი: აღზდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელსა, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თვისის სიბნელითა და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თვისის სინათლითა. ამოდის თუ არა ცაზედ ალიონი _ ეს წინამორბედი განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვებს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღზდეგისათვის, თითქო გვეუბნებოდეს: აღზდეგით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლესა, როგორც ძველის ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალის ნათელსა.
ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღზდეგის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო სცვლის სიცივეს, ნათელი ბნელსა და მთელს ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გაშლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა… მოძღვრება ქრისტესი იგივე განთიადი იყო, იგივე გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის!