– „სამშობლოს სიყვარული ერთ-ერთი უპირველესი და უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა, ისეთივე ბუნებრივი, როგორც დედის სიყვარული. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პატრიოტიზმით კეკლუცობა ისეთივე გაუგებარია, როგორც დედის სიყვარულით ტრაბახი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც სიყვარულის სხვა სახეებს, პატრიოტიზმსაც განსხვავებულად გრძნობენ და გამოხატავენ ადამიანები. ასეა „ვეფხისტყაოსანშიც.“ ნესტან-დარეჯანი, ტარიელი, როსტევანი, თინათინი, ავთანდილი, ფრიდონი, შერმადინი – ყველანი თავისებურად ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე და ეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს მათ. პოემა არაბეთის მეფის ამბით იწყება და ჩვენ ვეცნობით საკუთარი სამეფოს კეთილდღეობაზე დაუცხრომლად მზრუნველ ბრძენ მეფე როსტევანსა და მის ღირსეულ მემკვიდრე თინათინს. თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია ავთანდილიც, თავის სამფლობელოზე მზრუნველი, ამიტომაც სთხოვს შერმადინსა და ქვეშევრდომებს: უპირველესად საზღვრების გამაგრებაზე იზრუნონ: „სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა“ და კიდევ: „მე დამახვედრეთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.“ განსაკუთრებითაა გამოკვეთილი ნესტანის პატრიოტული სულისკვეთება. ის მუდამ იბრძვის თავისი ქვეყნის ინტერესებისა და ღირსების დაცვისთვის. ისაა ინიციატორი ტარიელის ხატაელების წინააღმდეგ გალაშქრებისა, რადგან: „ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“ ნესტანი მოუწოდებს სატრფოს ტყუილუბრალოდ ცრემლების ღვრას თავი დაანებოს და ინდოეთის მტრების წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლითა და გამარჯვებით დაუმტკიცოს თავისი სიყვარული მიჯნურს: „წა, შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე!“ უფრო მეტი, ქაჯეთის მიუვალ ციხეში გამოკეტილი ნესტანი ისევ და ისევ სამშობლოზე ფიქრობს და სატრფოს მოუწოდებს: „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა.“ ფარსადანისაგან განსხვავებით, ნესტანი ყველა ვითარებაში უფრო საღად აფასებს პოლიტიკურ სიტუაციას. მან იცის, რომ ტარიელი, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის ვაჟი, ტახტის კანონიერი პრეტენდენტია, ამასთან ერთად, ხვარაზმშას ძის სიძედ მოყვანით ინდოეთში უცხოელები გაბატონდებიან, ეს კი, პატრიოტი ნესტანის აზრით, დაუშვებელია: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია იმისათვის, რომ მან ტარიელს სასიძოს მიპარვით ანუ მალულად მოკვლა დაავალოს: „მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო.“ ამას ნესტანი უწოდებს „მართალ სამართალს.“ ის იმაზეც ფიქრობდა, რომ ტარიელსა და ფარსადანს შორის შუღლი არ ჩამოვარდნილიყო, რადგან შინაომები დააუძლურებდა ქვეყანას: „თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ, მეფე გაგიმწარდეს, შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!“ ინდოეთის მეფის ასული გონივრულად მსჯელობს, მისი გეგმაც, თითქოს, უნაკლოა, მაგრამ, განგებამ, ბედისწერამ ამ გეგმაში თავისი კორექტივები შეიტანა, დავარმა გადაკარგა ნესტანი და ინდოეთიც პოლიტიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ეროვნული სიამაყის გრძნობა არანაკლებ ახასიათებდა ტარიელსაც. მან ხომ პირველად საარაკო გმირობა სწორედ სამშობლოს მტრების, ხატაელების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოავლინა. ინდოეთში ხვარაზმშას ძის გამეფებაც ტარიელს მამულიშვილური გრძნობების შეურაცხყოფად მიაჩნია: „სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!“ ქაჯეთის ციხიდან ნესტანის განთავისუფლების შემდეგაც ის სამშობლოსაკენ მოიჩქარის, რადგან იცის: „მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შინა მძოველად.“ პოლიტიკურად სწორ გადაწყვეტილებას იღებს სარიდანი, ტარიელის მამა, რომელმაც თავისი მეშვიდე სამეფო ფარსადანისას შეუერთა. ერთიანი ინდოეთი კი უფრო ძლიერი და მტკიცე იქნებოდა. ვფიქრობთ, როცა სამშობლოს სიყვარულზე ვსაუბრობთ, უპირველესად ყურადღება უნდა მივაქციოთ რამაზ მეფის მხატვრულ სახეს. ის „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი საყურადღებო, გამორჩეული და წინააღმდეგობრივი პერსონაჟია. რამაზ მეფე – ხატაელთა დაუშოშმინებელი ლიდერი, დაჩაგრული, ვასალი ქვეყნის მეფეა, რომელიც ყველა საშუალებას იყენებდა, რათა მის ქვეყანას თავი დაეღწია ინდოელთა უღლისაგან, გათავისუფლებულიყო. ის ამისათვის არ ერიდებოდა ეშმაკობას, ღალატს, ამბოხებას, სამხედრო ექსპანსიას. რამაზ მეფე ვაჟკაციცაა, ბედავს იმპერიის უმაღლეს სამხედრო პირს თავხედურად შეუთვალოს სიტყვები – „ლაღნი და უკადრონია“: „არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?“ უფრო მეტი, ის არ ემორჩილება ინდოეთის ამირბარის ბრძანებას და აფრთხილებს, რომ ამის შემდეგ აღარ გაბედოს მრავალი ერის პატრონის, რამაზ მეფისთვის მსგავსი წერილის მიწერა. როცა ძალა არ ჭრის, რამაზი ხერხს მიმართავს, ემლიქვნელება ინდოელებს: „ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია“, დროს იგებს, ცდილობს, მცირე რაზმით მიიტყუოს ტარიელი და გაანადგუროს, თუმცა თავადაც შინაურთა გამცემლობის მსხვერპლი ხდება. გავიხსენოთ რამაზის გამოგზავნილი მესამე მოციქული, რომელმაც შეატყობინა ტარიელს, რომ ხატაელები ღალატობდნენ, გაუმხილა მათი გეგმა. რამაზი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის ქვეყანასა და ხალხს კატასტროფა ააცილოს: გამარჯვებულ ტარიელს ციხე-სიმაგრეთა გასაღებებს უომრად აბარებს. მაგრამ, როგორც კი ინდოეთი უმემკვიდროდ დარჩა, დასუსტდა, რამაზმა დიდი ლაშქრით შემოარტყა ალყა ინდოეთის სატახტო ქალაქს, აიღო ციხე-სიმაგრეები და ტარიელს რომ არ მოესწრო, შესაძლოა, დაეპყრო კიდეც ქვეყანა. სხვათა შორის, ხატაეთის მეფის კეთილშობილ ბუნებაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ მზადაა, მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს, თვითონ და მისი ხუთასი ვაზირი დაიღუპონ, ოღონდ უდანაშაულო მეომრები გადაარჩინოს სიკვდილით დასჯას: „სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!“ ალბათ, ამიტომაც იწვევს თანამედროვე მკითხველში რამაზ მეფე სიმპათიასა და თანაგრძნობას. თუმცა რუსთაველს ის აშკარად უარყოფით პერსონაჟად ჰყავს დახატული. ამის მიზეზი ერთია: შემოქმედი თავისი დროის შვილია, თამარის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე. ეს ხომ ის დროა, როცა, თუ მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის სტრიქონებს გავიხსენებთ: „ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ განვმზადებულვართ ახალ ბიზანტიად!“ ბუნებრივია, შოთა რუსთაველი, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, ამ „ახალი ბიზანტიის“ იდეოლოგია და არაა გასაკვირი, რომ მოხარკე, ვასალი ქვეყნების ამბოხებისაკენ მიდრეკილებას ის არ მიესალმებოდა და მუხანათობად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვლიდა. სხვათა შორის, მწერლის ეს პოზიციაც იმის დასტურია, რომ პოემა თამარის მეფობის „ოქროს ხანაშია“ შექმნილი, თორემ შემდეგ ეპოქებში, ჩვენდა საუბედუროდ, ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით, საქართველო თავადაა ხატაეთის დღეში: უზარმაზარ სახელმწიფოთა იმპერიული ზრახვების ობიექტი. აი, შემდეგ საუკუნეებში რომ დაწერილიყო „ვეფხისტყაოსანი“, დარწმუნებული ვარ, რამაზ მეფე ქვეყნის პატრიოტ, სწორუპოვარ გმირად დაიხატებოდა. როგორც ვხედავთ, შოთა რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანში“ ქართული მწერლობის უპირველესი და უმთავრესი თემა – პატრიოტიზმი – ძალიან საინტერესო კუთხით გვიჩვენა, დაგვიხატა პერსონაჟები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საყვარელი სამშობლოს კეთილდღეობისათვის.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - მელიქ-სურხავის დახასიათებასექტემბერი 30, 2022