ესე

ვეფხისტყაოსანი – როსტევან მეფის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანში“ დახატულია პატროყმური სახელმწიფოები, რომელთა სათავეში დგას უმაღლესი განმგებელი – მეფე. მეფეთა გალერეას ხსნის იდეალური მეფის, როსტევანის დიდოსტატურად შესრულებული პორტრეტი: „იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.“ როგორც ვხედავთ, პოემა როსტევან მეფის დახასიათებით იწყება. როცა დავუკვირდებით, როგორი ეპითეტებით ამკობს მას შოთა რუსთაველი, მივხვდებით, რომ პოეტს სურს იდეალური მმართველის სახის დახატვა. როგორია ის? უპირველესად, რა თქმა უნდა, ღვთისაგან დალოცვილი. ღვთის, განგების კეთილი ნების გარეშე ხომ პოემაში არაფერი არ ხდება; დიდბუნებოვანი, თავმდაბალი, გულუხვი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარის სარდალი, თავადაც დიდებული მეომარი, გამარჯვებული, ბევრი მოყმის მფლობელი, სამართლიანი, გაჭირვებულთა, ქვრივ-ობოლთა შემწყალებელი, მჭევრმეტყველი – აი, ასეთია როსტევანი. მაგრამ ეს ავტორისეული დახასიათებაა და, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ მასში მწერლის სურვილი უფროა ასახული, ვიდრე – რეალობა. ამაში რომ გავერკვეთ, უნდა ვნახოთ, შეესაბამება თუ არა პოემაში დახატული როსტევანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი ხასიათის თვისებები, მისი ქცევის მოდელი იდეალური მეფის სახეს? როგორია თავის მეფურ ყოველდღიურობაში არაბეთის მბრძანებელი? პირველი ეპიზოდი, რომელშიც ჩვენ როსტევან მეფეს ვხედავთ, არის ვაზირებთან თათბირის სცენა. როსტევანი აქ ჭეშმარიტად მეფურ დიდებულებასა და სიბრძნეს იჩენს: ჯერ ერთი, ვაზირთა და წარჩინებულთა მხრიდან რომ მომავალში შესაძლო წინააღმდეგობა ააცილოს ერთადერთ ქალ მემკვიდრეს, ჯერ კიდევ ჭარმაგი ხელმწიფე თავის სიცოცხლეშივე ამეფებს მას. ვაზირებმა კი შეჰბედეს: „მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობაო?“ საკმაო არგუმენტებიც მოიყვანეს იმის დასტურად, რომ მისთვის ჯერ ტახტის დათმობა ადრე იყო: „თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია“, მაგრამ სხვა ვეღარაფერი გაუბედეს და იძულებულნი იყვნენ, დათანხმებოდნენ. მეორე, როსტევანი გვხიბლავს თავისი ბრძნული მჭევრმეტყველებით. ის ვაზირებს დინჯად, აუჩქარებლად, თავისუფლად, სასიამოვნოდ, გულში ჩამწვდომად ჯერ ზოგადად ესაუბრა სიცოცხლის სწრაფწარმავლობაზე, ჭირთა უფრო ძნელ ჭირზე – სიბერეზე და მხოლოდ შემდეგ შესთავაზა: „ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“ ფაქტობრივად, თვითონ ვაზირებს ჩამოაყალიბებინა ფორმულად ქალის გამეფების კანონიერების დამადასტურებელი მცნება: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ ამ ეპიზოდის მიხედვით, როსტევანი ბრძენიცაა, მჭევრმეტყველიც და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსიც. შემდეგი ეპიზოდი უკვე თინათინის გამეფების სცენაა. მასში კარგად ჩანს როსტევანის ისევ და ისევ სიბრძნე და გულუხვობა. ის თავის ქალიშვილს არიგებს, სთხოვს იყოს დინჯი, გონიერი. იმასაც უხსნის, რომ თაობათა ცვლა კანონზომიერი მოვლენაა და მისი დაწყებული საქმე მემკვიდრემ ღირსეულად უნდა განაგრძოს: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!“ ასწავლის, რომ ხელმწიფე გულუხვი უნდა იყოს, რადგან „რასაცა გასცემ შენია; რასც არა, დაკარგულია!“ ამასთან, სამართლიანმა და მოწყალე მეფემ ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს წყალობა, არ უნდა დაავიწყდეს, რომ უხვი ადამიანი მოღალატესაც კი ერთგულად აქცევს: „უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.“ როსტევანის აზრით, სიუხვე ქვეშევრდომთა გულის მოგების შესანიშნავი საშუალებაა. ამავე ეპიზოდში კარგად ჩანს როსტევანის თავმდაბლობა, მისი დამოკიდებულება ქვეშევრდომებისადმი, ადამიანური ურთიერთობის მაღალი კულტურა. გავიხსენოთ, როცა მოწყენილ მეფესთან მივლენ ავთანდილი და ვაზირი სოგრატი. ეს უკანასკნელი მის ნაღვლიანობას თინათინის მიერ საგანძურის გაცემას დაუკავშირებს, თან ეტყვის: „ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ მართალია, როსტევანს გაუკვირდება, როგორ მაკადრესო, მაგრამ მხოლოდ დინჯად მიუგებს: „ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა.“ ასეთივე თავშეკავებული და კეთილგანწყობილია როსტევანი ახალგაზრდა სპასპეტის მიმართ, რომელიც გაკადნიერდა და შეჯიბრებაში გამოიწვია მბრძანებელი. უფრო მეტი, მას ნამდვილად უხარია თავისი გაზრდილის გამარჯვება: „მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა.“ ამ შემთხვევაში ძნელია ეჭვი შეიტანო მეფის გულწრფელობაში, თუმცა, შემდეგ, როცა სამი წლით გაურკვეველი მიმართულებით ვიღაც უცხო მოყმის საძებნელად (რომელიც არც იციან, ადამიანია, მოჩვენება თუ ეშმაკი) გზავნის თინათინი არაბეთის სპასპეტს, აი, აქ კი შეიძლება ურწმუნო ადამიანს გაუჩნდეს ეჭვი: ასე ხომ არ დასაჯეს ზედმეტი სითამამისთვის, უფრო მეტი, ნადირობისას მბრძანებლის შერცხვენისათვის თავისთავში ზედმეტად დაჯერებული ამაყი სპასპეტი?! ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, გავიხსენოთ კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ავთანდილი უკვე თავისი ნებით მიდის ტარიელის დასახმარებლად, როსტევანი ამის წინააღმდეგია და როცა სპასპეტის გაპარვის ამბავს გაიგებს, მის მრისხანებას საზღვარი არ აქვს. მთელი პოემის მანძილზე დინჯი, თავშეკავებული მეფე წონასწორობას კარგავს, ვაზირ სოგრატს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და სკამსაც კი ესვრის: „დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; დააცთუნნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა.“ აქედან კარგად ჩანს, რომ როსტევანსაც გააჩნია ადამიანური სისუსტეები და ეს კიდევ უფრო ნამდვილს, ცოცხალს და დამაჯერებელს ხდის მის მხატვრულ სახეს. არც ის უნდა დავუკარგოთ როსტევან მეფეს, რომ, ფარსადან მეფისაგან განსხვავებით, ის იდეალური მამაა. მას გვერდიდან არ მოუშორებია ქალიშვილი, იმთავითვე სამეფოდ წვრთნიდა. მის ბრძნულ რჩევებსაც ითვალისწინებდა. სწორედ თინათინმა შეჰკადრა უცხო მოყმის ნახვის შემდეგ დამწუხრებულ მეფეს: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“ როსტევანს, ფარსადანის მსგავსად, არც გადამთიელი სიძე უძებნია, ის უფრო ბრძენი პოლიტიკოსია, პირდაპირ ეუბნება საშუამავლოდ მისულ ტარიელს, რომ ავთანდილზე უკეთეს სიძეს ის ვერსად იპოვის, ხოლო თინათინმაც: „სხვა მისებრი ვერა პოვოს, ცათამდისცა გა-ცა-ფრინდეს!“ ასე რომ, როსტევანი, მართლაც, იდეალური ხელისუფალია: თავისი ქვეყნის გონიერი მმართველი, სამართლიანი და შორსმჭვრეტელი, ლმობიერი და გულუხვი, კარგი ვაჟკაცი და მეომარი. რაც შეეხება, მის პატარ-პატარა ადამიანურ სისუსტეებს, ის უფრო მეტ ხიბლს სძენს და ინდივიდუალურ, განუმეორებელ იერს ანიჭებს რუსთაველის მიერ ასე დიდოსტატურად გამოძერწილი მეფის მხატვრულ სახეს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button