– „„ვეფხისტყაოსანში“ ორი ამბავია მოთხრობილი: არაბეთისა და ინდოეთის. ორივე ცენტრალიზებული, ძლიერი პატროყმური სახელმწიფოა, მათ ვასალი, მოხარკე ქვეყნებიც ჰყავთ. მაგრამ ინდოეთის ძლიერება მაინც საკმაოდ მერყევია, ამის მაჩვენებელია ხატაელთა არაერთგზის აჯანყება. ინდოეთის მეფე – ფარსადანი, ტარიელის დახასიათებით, იყო: „უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედან მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი“, მაგრამ, თუ ამ დახასიათებას შევადარებთ არაბეთის მეფისას ორი რამ მიიპყრობს ჩვენს ყურადღებას: ჯერ ერთი ეპითეტი „უკადრი“ ანუ ამპარტავანი, განსხვავებით როსტევანის თავმდაბლობისაგან და, მეორე, ფარსადანი შვიდი სამეფოს ხელმწიფეა. გარდა ტარიელის მამის შემთხვევისა, რომელიც თვითონ „შეეწყნარა“ ფარსადანს, ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩაიგდო მან ხელთ ის ექვსი სამეფო. სასიძოს მოკვლის შემდეგ ტარიელი მას ეუბნება: „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, – ყველაი თქვენ მოგხვდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდ არვისად მისახვდომია!“ ფარსადანი არ არის როსტევანის მსგავსად მოყვარული მამა. ის არსად ამბობს არაბეთის მეფესავით ქალიშვილის შესახებ: „ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო“; არც მოალერსე მამასავით მიმართავს ტკბილად: „შენ, მამისა სიცოცხლეო“, არც გვერდით არ ამოიყენებს და ასწავლის სახელმწიფო საქმეებს, პირიქით, მას იმთავითვე აღიქვამს როგორც თავისი მიზნების განხორციელების საშუალებას. სასახლიდან მოშორებით აუგებს ციხე-კოშკს და დავარ ქაჯს აზრდევინებს შვილს. არც მას და, სამწუხაროდ, არც დედოფალს, არანაირი სულიერი კონტაქტი არ აქვთ ქალიშვილთან. ამის მაჩვენებელია ნესტანის დაუკითხავად მისი ბედის გადაწყვეტა. ეს ეპიზოდი გვიჩვენებს ფარსადან მეფის პოლიტიკურ სიბეცეს. მას ქვეყნის მმართველად, ფაქტობრივად, უცხო ძალა, ხვარაზმელები შემოჰყავს. სწორედ ამან აღაშფოთა ნესტანი უპირველესად: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ“. მეორე, მას ჰყავდა სამეფო გვარის წარმომადგენელი, მისივე გაზრდილი, სამეფოდ გაწვრთნილი, სწორუპოვარი ამირბარი ტარიელი, რეალური ტახტის მემკვიდრე: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.“ ნესტანის აზრითაც, სასიძოს მოკვლა ამიტომაც იყო „მართალი სამართალი.“ თუ ამას დავუმატებთ, რომ ფარსადანს ეჭვი ჰქონდა: ტარიელსა და ნესტანს ერთმანეთი უყვარდათ: „მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.“ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ასე რამ დააბრმავა და რამ გადაადგმევინა ყოველმხრივ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი ფარსადანს? ამაზე პირდაპირი პასუხი არ არის პოემაში, მაგრამ, ფარსადანის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ: ძალაუფლებისმოყვარეობამ, დიქტატურისადმი მიდრეკილებამ. ბუნებრივია, ტარიელის გამეფების შემთხვევაში ის ერთპიროვნულ მმართველად ვეღარ დარჩებოდა. ტარიელს რომ ქადილის ძალა შესწევდა, ეს მას ამირბარის მიერ ხატაეთში მოპოვებულმა უდიდესმა გამარჯვებამაც აჩვენა. შესაძლებელია, ამიტომაც უნდოდა უცხოტომელი სასიძო, რომელსაც რეალურ ხელისუფლად არასოდეს მიიღებდა ინდოელი ხალხი. ასეა თუ ისე, ფარსადანის ქმედებამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და უმემკვიდროდ დატოვა ერთ დროს ძლიერი იმპერია. თავისი შეცდომა მან სიკვდილით ზღო. როგორც ვხედავთ, ფარსადანი ერთ-ერთი საინტერესო, უაღრესად გამოკვეთილი სახეა ერთმმართველი ხელისუფლისა, რომლის პოლიტიკურ შეცდომებს, გაუთვლელ ნაბიჯებს სახელმწიფო დაღუპვის პირამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებს ის დედოფალთან შეთანხმებით დგამს. ისინი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს და ყველა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებასაც ერთად იღებენ. ამის დასტურად გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ფარსადანმა ვაზირები, მათ შორის – ტარიელიც, დაიბარა ვითომ სათათბიროდ ნესტანისთვის სასიძოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ტარიელი შენიშნავს: „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.“ დედოფალი უყოყმანოდ დაეთანხმა ფარსადანს, აღნიშნა, რომ ხვარაზმშას შვილზე უკეთეს სასიძოს ისინი ნესტანისთვის ვერ ნახავდნენ. სავარაუდოა, რომ ის ამასთან დაკავშირებით ქალიშვილის აზრით არც დაინტერესებულა. იქნებ, ამიტომაც არ აქვს დედოფალს სახელი, ის თითქოს უპიროვნოა, მხოლოდ მისი სტატუსი განსაზღვრავს მის არსებობას. ასე რომ, ფარსადანის სახით რუსთაველმა დაგვიხატა ერთპიროვნული მმართველი, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს შეინარჩუნოს აბსოლუტური ძალაუფლება. შესაბამისად, მისი მცდარი პოლიტიკური ნაბიჯები ძვირად უჯდება ქვეყანასა და ხალხს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - ბლეიზი – რიჩარდ ბახმანი (სტივენ კინგი)მარტი 20, 2020