– „დღეს, როცა ამდენს საუბრობენ გენდერული თანასწორობის შესახებ და ზოგიერთი ახლადგამოჩეკილი ე.წ. არასამთავრობოები გვასწავლიან ქართველებს ქალისადმი პატივისცემას, გვმოძღვრავენ, რომ, თურმე, ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები გააჩნიათ, ცოტა არ იყოს, უხერხულობის განცდა გვიპყრობს. დიახ, შეიძლება ასეთ დამრიგებელთა მიმართ ირონიული დამოკიდებულებაც კი გაგვიჩნდეს, რადგან ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ქართველების სულიერმა მოძღვარმა, ერის მენტალიტეტის, ცხოვრების წესის, მორალური კოდექსის შექმნაში რომ ლომის წილი მიუძღვის, რუსთაველმა, გენიალური უბრალოებით რვა საუკუნის წინ ჩამოაყალიბა ამ გენდერული თანასწორობის ფორმულა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ მართალია, ეს ძუ და ხვადი ლომის ანუ მეფის ლეკვები ანუ მეფის შვილები არიან, მაგრამ მსგავსი აღიარება, კანონად ქცეული წესი მემკვიდრეობისა, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისა, ნამდვილი რევოლუცია იყო იმდროინდელ სამყაროში. ამასთან ერთად, „ვეფხისტყაოსანი“ „მეფეთა წიგნია“, მასში სამეფო კარისა და მის წარმომადგენელთა ცხოვრებაა დახატული და, ბუნებრივია, დასკვნაც აქედანაა გამოტანილი. ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ დახატული ქალი-პერსონაჟები არაფრით ტოლს არ უდებენ მამაკაცებს: არც გარეგნობითა და ღირსებით, არც ჭკუითა და სიბრძნით, არც ვაჟკაცობითა და მრისხანებით, არც ერთგულებითა და სიყვარულის ნიჭით, გასაგები გახდება, რომ რუსთველისეული „ლეკვი ლომისა სწორია…“ მხოლოდ თეორიულად დეკლარირებული ლოზუნგი არაა. პოემაში მის პრაქტიკულ ხორცშესხმას ვხედავთ. საოცარ ქალებს გვიხატავს რუსთაველი, ქალებს, რომელთათვის დამახასიათებელია ერთდროულად სინაზეცა და მრისხანებაც, ქალური კეკლუცობა და კდემამოსილება, ვაჟკაცობა და სიმამაცე, სამშობლოს სიყვარული და მიჯნურისადმი ერთგულება… რაც მთავარია, არცერთი ქალი არ არის დახატული აბსოლუტურად უარყოფითი რაკურსით. თვით ბოროტების განმასახიერებელ დავარ-ქაჯს, რომელმაც ინდოეთს (ქვეყნიერებას, სამყაროს) მზე-ნესტანი დაუკარგა, გააჩნია დადებითი თვისებები: ის ბრძენია: „დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.“ ამასთან ერთად, დავარი თავმოყვარე, ამაყი, უშიშარი ქალიც იყო, შეეძლო თავისი დანაშაულისთვის პასუხი ეგო. მან თავი მოიკლა, როცა გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე: „დავარ თქვა: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა.“ დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.“ ან გავიხსენოთ კიდევ ერთი წარმომადგენელი ქაჯეთისა, დედოფალი დულარდუხტი, კლდესავით მაგარი ქალი: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია.“ დულარდუხტი ზრდის ადრე დაობლებულ ძმისშვილებს: როსანსა და როდიას. ის ამაყი და შეუბრალებელი დედოფალია, ამას მეკობრე როშაქის მოკრძალებითა და რიდით ნათქვამი სიტყვებიც გვიჩვენებს: „თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია.“ ის, რომ დულარდუხტი ძლიერი ხელმწიფეა, მისი გამაგრებული ციხე-ქალაქი, საუკეთესო მეომრები და ქაჯთა სახელი, რომელიც შიშის ზარს სცემს მტრებს, გვიჩვენებს. მისმა არყოფნამ (ზღვის გაღმა დის ტირილში იყო წასული) ბევრად განსაზღვრა და გაუადვილა სამ ძმადნაფიცს ქაჯეთის ციხის აღება და ნესტანის განთავისუფლება. ესაა ოღონდ, დულარდუხტს წილად ხვდა ბოროტების სიმბოლოდ ქცეული სამეფოს მბრძანებლობა, რაც მის მიმართ, ბუნებრივია, უარყოფითად განგვაწყობს. ეს ბოროტების მხარეს მდგომი პერსონაჟები არიან, მაგრამ თავიანთი დადებითი თვისებებით ისინიც კი იწვევენ გარკვეულ სიმპათიას. გენიალურმა რუსთაველმა კარგად იცოდა, რომ არ არსებობს უშეცდომო, იდეალური ადამიანი, მასში არის დადებითი-ნათელიც და უარყოფითი-ბნელი მხარეებიც. ახლა ვნახოთ, როგორები არიან სიკეთის განმასახიერებელი ქალი-პერსონაჟები. სწორედ ქაჯების ტყვეობაში მყოფი ნესტანის გამოსახსნელად იბრძვის სამი მეგობარი-ძმადნაფიცი: ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი. პოემა ნესტანის სახელს ატარებს, უფრო ზუსტად, ამ სათაურში სიმბოლურად დაშიფრულია მიჯნურების, ნესტანისა და ტარიელის, სახელები. ინდოელ ჭაბუკს ხომ ვეფხვის ტყავი სწორედ იმიტომ აცვია, რომ ის სატრფოს აგონებს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს.“ ვინ არის ნესტანი? ის ინდოეთის მეფის, ფარსადანის, ქალიშვილია, უმშვენიერესი, ვისი სილამაზე და ელვარება მზესაც კი შუქს ართმევს. სხვადასხვა პერსონაჟი ახასიათებს ნესტანის სილამაზეს, მაგრამ ჩვენ ბევრისმნახველი, ბრძენი, უფრო მეტი, თავად მზის მოწუნარი ასულის, თინათინის, მამის, როსტევანის სიტყვები გავიხსენოთ, ნესტანის არაამქვეყნიური მშვენიერებით გაოგნებულს რომ აღმოხდა: „ეტყვის: „მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო! შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო.“ ნესტანი ჰაეროვანი, ნაზი, სიყვარულისა და ალერსისთვის გაჩენილი ქალია, კდემამოსილი, მორცხვი. ამის მაჩვენებელია სატრფოსთან მისი პირველი შეხვედრის სცენა, როცა დიდმა გრძნობამ დაამუნჯა: „დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა.“ მაგრამ ეს ნაზი და მორცხვი ასული განრისხებულ, პირგამეხებულ, საბრძოლველად შემართულ ვეფხვად იქცევა, როცა მისი და მისი სამშობლოს თავისუფლებას, მის სიყვარულს შეექმნება საფრთხე. რაც მთავარია, ამ მრისხანებაშიც უმშვენიერესია ნესტანი: „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული.“ ნესტანისა და ტარიელის თათბირის ეპიზოდში შესანიშნავად გამოჩნდა ნესტანის ხასიათის მრავალმხრივობა, მისი სიმამაცე, სამართლიანობის განცდა, პატრიოტიზმი, პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და, რაც მთავარია, ქალური ღირსების გრძნობა. დავიწყოთ ამ უკანასკნელით. ნესტანი თვლის, რომ ტარიელმა გატეხა მისთვის მიცემული ფიცი, უღალატა. მისი გათხოვების თათბირზე სატრფოს ყოფნით შეურაცხყოფილი ნესტანი: „დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა“ – ქვეყნიდან გაძევებითა და სიკვდილითაც კი ემუქრება მას. აქ ჩანს ქალი, რომელმაც კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. მართლაც, წარმოუდგენლად მომხიბლავია ნესტანი ამ სცენაში: „ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“ ნესტანი, ფარსადანისაგან განსხვავებით, უფრო საღად აფასებს პოლიტიკურ სიტუაციას. მან იცის, რომ ტარიელი, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მფლობელის ვაჟი, ტახტის კანონიერი პრეტენდენტია, ამასთან ერთად, ხვარაზმშას ძის სიძედ მოყვანით ინდოეთში უცხოელები გაბატონდებიან, ეს კი, პატრიოტი ნესტანის აზრით, დაუშვებელია: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“ ამას ემატება ისიც, რომ მას სიცოცხლეზე ძვირფას სატრფოს დააშორებენ: „ერთმანეთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ.“ ეს სამი მიზეზი საკმარისია იმისათვის, რომ მან ტარიელს სასიძოს მიპარვით ანუ მალულად მოკვლა დაავალოს: „მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო.“ ამას ნესტანი უწოდებს „მართალ სამართალს.“ ინდოეთის მეფის ასული გონივრულად მსჯელობს, მისი გეგმაც, თითქოს, უნაკლოა, მაგრამ, განგებამ, ბედისწერამ ამ გეგმაში თავისი კორექტივები შეიტანა, დავარმა გადაკარგა ნესტანი და ინდოეთიც პოლიტიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს ნესტანი ყოველთვის ავლენს. ტარიელისადმი მიწერილ პირველ წერილში ის საყვედურობს მას მიჯნურობის გამო ცრემლების ღვრას და მოუწოდებს ინდოეთის მტრების წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლითა და გამარჯვებით დაუმტკიცოს თავისი სიყვარული სატრფოს: „ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“ უფრო მეტი, ქაჯეთის მიუვალ ციხეში გამოკეტილი ნესტანი ისევ და ისევ სამშობლოზე ფიქრობს და სატრფოს მოუწოდებს: „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა.“ ნესტანი უერთგულესი მიჯნურია, ვისთვისაც სატრფოს სიცოცხლე საკუთარზე ძვირფასია. ქაჯეთის ციხიდან ის ევედრება ტარიელს, არ შეებრძოლოს დაუმარცხებელ ქაჯებს, თავისი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააგდოს, რადგან: „შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა, მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!“ შეუძლებელია, უფრო მეტი ვაჟკაცური სული ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე ეს ნესტანს გააჩნია. ის არასოდეს ეძლევა სასოწარკვეთას, ცდილობს, იპოვოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. სხვათა შორის, ამ თვისებით ის ძალიან ჰგავს ბრძენ ავთანდილს. ამ მიმართებით საინტერესოა მელიქ-სურხავის ტყვეობაში მყოფი ნესტანის მსაჯელობა; ჯერ ერთი, ის ფატმანს იქით ამშვიდებს და ეუბნება: „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!“ და მეორე, მოთქმა-გოდებაში კი არ ხარჯავს დროსა და ენერგიას, ეძებს თავდახსნის გზებს: „კვლაცა იტყვის: „ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!“ როგორც ვხედავთ, ნესტანში ჰარმონიულადაა შერწყმული ფიზიკური და სულიერი მშვენიერება, ის ღირსეული, ბრძენი ქალია, რომელსაც შეუძლია იყოს ერთდროულად ნაზიცა და მრისხანეც, გონიერიცა და იმპულსურიც, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული მომხიბვლელობა. ერთი ქალი-პერსონაჟია კიდევ პოემაში, ნესტანის დედა, რომელსაც სახელით არ იხსენებს პოეტი. ალბათ, იმიტომ, რომ ფარსადანთან შეთანხმებულად მოქმედი დედოფალიც არის დამნაშავე იმაში, რომ სახელმწიფო ლამის კატასტროფის პირას მივიდა და უმემკვიდროდ დარჩა. მათმა პოლიტიკურმა შეცდომებმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა სახელმწიფო დაღუპვის პირამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, ფარსადანი ამ ნაბიჯებს დედოფალთან შეთანხმებით დგამდა. ისინი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს და ყველა სწორ თუ არასწორ გადაწყვეტილებასაც ერთად იღებდნენ. ამის დასტურად გავიხსენოთ ის ეპიზოდი, როცა ფარსადანმა ვაზირები, მათ შორის – ტარიელიც, დაიბარა ვითომ სათათბიროდ ნესტანისთვის სასიძოს ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ტარიელი შენიშნავს: „რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა; ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.“ დედოფალი უყოყმანოდ დაეთანხმა ფარსადანს, აღნიშნა, რომ ხვარაზმშას შვილზე უკეთეს სასიძოს ისინი ნესტანისთვის ვერ ნახავდნენ. სავარაუდოა, რომ ის ამასთან დაკავშირებით ქალიშვილის აზრით არცკი დაინტერესებულა. და საერთოდ, ქალიშვილთან რაიმე სულიერი სიახლოვე მას არ გააჩნია, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აღსაზრდელადაც დავარ-ქაჯს მიაბარა. „ვეფხისტყაოსანში“ ორი ამბავია გადმოცემული: არაბეთის მეფისა და ინდოეთის მეფის. პოემა სწორედ არაბეთის მეფის, როსტევანისა და მისი მზის მსგავსი ასულის, თინათინის ამბით იწყება, კიდევ მეტი, ჩვენ თინათინის გამეფების გრანდიოზული ცერემონიის მაყურებელნიც ვხდებით. „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა“ – ასეთი მზიური მეტაფორით შემოჰყავს რუსთაველს მშვენიერი პერსონაჟი, რომლის სრულყოფილებამ, გონიერებამ, სახელმწიფოს მართვისათვის მზადყოფნამ ათქმევინა ვაზირებს: „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ თინათინი იმთავითვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას გაწონასწორებული, დინჯი, მშვიდი ბუნებით. ის მამის დარიგებას ბრძნულად ისმენდა: „ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.“ ის თავმდაბალიცაა: „მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა.“ დარწმუნებულნი ვართ, რომ არაბეთის მეფის ასული ღირსეულად გააგრძელებს სახელოვანი მამის გზას, იქნება სწორედ ისეთი ხელმწიფე, როგორადაც ის როსტევანმა გაწვრთნა: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.“ მან ხომ მაშინვე ზედმიწევნით გაითვალისწინა მამის დარიგება და უხვად გასცა „სივაჟისა მოგებული“ ანუ უფლისწულობისას დაგროვებული ქონება: „მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.“ თინათინის ბრძნულ რჩევებს მისი მამაც კი ითვალისწინებს. გავიხსენოთ, უცხო მოყმის ვინაობის ვერგაგების შემდეგ დამწუხრებულ როსტევანს სწორედ ქალიშვილი ურჩევს: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“ თინათინი ასეთივე გონიერებას იჩენს, როცა ავთანდილს უცხო მოყმის საძებნელად გზავნის. ეს ეპიზოდი არაბეთის მეფის ასულის ხასიათის გასაგებად მრავალმხრივაა საყურადღებო. ჯერ ერთი, აქ ვხედავთ კეკლუც ქალს, ვისაც მხნე სპასპეტის მოხიბვლა გადაუწყვეტია. ვფიქრობთ, ამაზე მიგვანიშნებს მისი ჩაცმულობა: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.“ მეორე, ის თავად უმხელს სიყვარულს ავთანდილს, ეფიცება, რომ მის გარდა არავის გაჰყვება ცოლად და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს რთულ დავალებას: მოძებნოს უცხო მოყმე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვერ იპოვეს როსტევანის მიერ ქვეყნის ყველა მხარეს გაგზავნილმა მსახურებმა. თინათინს კონკრეტული არგუმენტებიც მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა წავიდეს მაინც და მაინც ავთანდილი ამ მოყმის საძებნელად. პირველი, ის არაბეთის მეფის ყმაა და პატრონის ბრძანება უნდა შეასრულოს, მეორე, მისნაირი ვაჟკაცი რაინდი სახელმწიფოში სხვა არ ჰყავთ და მესამე, ის თინათინის მიჯნურია და საგმირო საქმით უნდა დაუმტკიცოს სიყვარული სატრფოს. თინათინი ერთგული მიჯნურიცაა და კარგი მეგობარიც. როცა ავთანდილმა გაუმხილა, რომ ტარიელის დასახმარებლად აპირებდა წასვლას, მან განზრახვა მოუწონა და უთხრა: „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა, ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.“ თინათინის გონიერების მაჩვენებელია ისიც, რომ მან ღირსეული რაინდი შეიყვარა ავთანდილის სახით, მოყმე, რომელმაც „სამეფო დააშვენა.“ ის, მართლაც, ყოველმხრივ მშვენიერი ქალია, ღირსეული მემკვიდრე როსტევან მეფისა. კიდევ ერთი გამორჩეული ქალი-პერსონაჟია „ვეფხისტყაოსანში“ და ეს ასმათია. ტკბილი, თბილი, საყვარელი, უერთგულესი და ტარიელისა და ნესტანისა, ამ მშვენიერი წყვილის სიყვარულის ჩასახვიდან დაწყებული ბედნიერ დასასრულამდე მათ გვერდით მდგომი. ის შუამავალია შეყვარებულებს შორის, მათი მესაიდუმლეა, ამასთან, მუდმივად იცავს მგრძნობიარე ტარიელს, იმედს უნერგავს, ცდილობს მშვიდობიანად მოაგვაროს მიჯნურებს შორის არსებული გაუგებრობები. აი, რას ეუბნება ტარიელს: „გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“ ეს კეთილშობილი, წმინდა პიროვნება ტარიელთან ერთად იტანს უამრავ უბედურებას, ტყე-ღრეში ხეტიალისას გაუსაძლის პირობებს, ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრებას. რომ არა ასმათი, ალბათ, ტარიელი ადრევე მოისწრაფებდა სიცოცხლეს, ვერ შეხვდებოდა ავთანდილს და, შესაბამისად, ვერ იპოვიდა დაკარგულ სატრფოს. ასმათისა და ტარიელის დაძმური სიყვარული, მეგობრობა, მართლაც, გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ასმათის ხასიათში გვხიბლავს მისი უანგარობა. როცა ტარიელმა მას ძვირფასეულობით სავსე ჯამი შესთავაზა, მან მხოლოდ ერთი მცირე ბეჭედი აიღო სამახსოვროდ ამ სიტყვებით: „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“ ასმათის ტარიელისადმი ერთგულების ბრწყინვალე დემონსტრაციაა ავთანდილთან მისი პირველი შეხვედრის სცენა. რა ხერხს არ მიმართა არაბმა მოყმემ, მოკვლითაც კი დაემუქრა ქალს, მაგრამ მან მეგობრის საიდუმლო არ გასცა: „კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.“ ასმათი ყველაზე კარგად იცნობს ტარიელის მგრძნობიარე ბუნებას. დამაჯერებელია მისი არგუმენტები, როცა ის ავთანდილს უმტკიცებს, რომ ტარიელს არ შეეძლო მისთვის მიცემული პირობის შესრულება, რადგან მან გული დაკარგა, გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ასმათი გამოირჩევა სიდინჯით, გონიერებით, წინდახედულებით. ამის დასტურია ის, რომ ინდოეთში გამეფებული ტარიელი მას მეშვიდე სამეფოს უბოძებს. ეს მხოლოდ მეგობრის ფასდაუდებელი ამაგის გადახდა, უანგარო სამსახურის დაფასება არაა, ის ასმათის სიბრძნის, საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავების უფლების აღიარებაცაა. „ვეფხისტყაოსნის“ კიდევ ერთი, ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟთაგან განსხვავებული, თუმცა უაღრესად კოლორიტული სახე-ხასიათია ვაჭართა უხუცესის, უსენის, მეუღლე, ფატმან-ხათუნი. მართალია, რუსთაველი მის დასახატავად მზესა და მთვარეს არ იყენებს მეტაფორა-შედარებებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფატმანიც ძალიან მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე, მხიარული ქალია: „ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.“ როგორც ავტორისეული დახასიათებიდანაც ჩანს, ფატმანი ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარული ქალია, არ იკლებს გართობასა და ლხინს, უყვარს კარგი მასპინძლობა და სტუმრებთან მხიარულობა: „პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი.“ ავთანდილსაც: „მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.“ რა თქმა უნდა, ფატმანის სამყარო და იქ არსებული წესები აბსოლუტურად განსხვავდება რაინდთა საზოგადოებაში მოქმედი ზნეობრივი ნორმებისაგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცოლქმრული ღალატი, ფიცის გატეხა, განსაცდელის წინაშე ლაჩრული შიში, შანტაჟი და ახლობელი ადამიანის უყოყმანოდ გაწირვა ვაჭართა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ფატმანისთვის სრულიად ბუნებრივია დროებითი, წუთიერი გატაცებები იმ დროს, როცა რაინდთა წრეში მიღებულია „შორით დაგვა, შორით ალვა“, როცა იქ სავალდებულოა, რომ მიჯნურმა „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში“, ფატმანს არ მოსწონს მეუღლე, რადგან: „მით არ ჯერ-ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ ის ეძებს ჭაშნაგირის მსგავს წარჩინებულ და მოხდენილ ჭაბუკებს, თუმცა იმათაც დაუნანებლად გასწირავს სასიკვდილოდ, თუკი მის ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ხოლო როცა ჭაშნაგირზე უფრო მშვენიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მაშინვე გაუმიჯნურდება. ის ავთანდილს თავშეუკავებელი ვნებით სავსე ბარათს სწერს. შემთხვევით არ ამბობს არაბი ჭაბუკი ფატმანის ე.წ. სიყვარულის შესახებ: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ჩვენ ვთქვით, რომ რუსთაველი არასოდეს ხატავს ადამიანს მხოლოდ დადებით ან უარყოფით პერსონაჟად, ის ცდილობს მასში დაინახოს კარგიც და ცუდიც. ასეა ფატმანის შემთხვევაშიც. ვაჭართა უფროსის ცოლს აქვს რამდენიმე თვისება, რითაც ის ჩვენს სიმპათიას იმსახურებს. ჯერ ერთი, მას გააჩნია მშვენიერების დანახვა-აღქმისა და დაფასების უნარი. ამის მაჩვენებელია მისი ნესტანისადმი დამოკიდებულება. მას შეუძლია უერთგულოს ნესტანს, იყოს უხვი. ტყუილად როდი მიმართავს მას ინდოეთის მეფის ასული ასე: „დედისა მჯობო დედაო!“ ფატმანმა, მართლაც, დიდი დახმარება გაუწია ავთანდილს, ფაქტობრივად, აპოვნინა ნესტანი. ასე რომ, ფატმან ხათუნი ვაჭართა წრის ტიპური წარმომადგენელია, თავისი საეჭვო მორალით, თუმცა მას აქვს დიდი, თბილი და მოსიყვარულე გული, შეუძლია ერთგულებაც და უანგაროდ მხარში დგომაც. როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ დიდოსტატურადაა დახატული ქალთა მრავალფეროვანი სახე-ხასიათები. მათ გალერეას ამშვენებენ ერთდროულად ნაზი და მრისხანე ნესტან-დარეჯანი, ბრძენი და გაწონასწორებული მზე-თინათინი, ერთგული მეგობარი ასმათი, ვაჭართა უხუცესის მიმზიდველი მეუღლე ფატმან ხათუნი, ქაჯთა ძლიერი ქალები: დედოფალი დულარდუხტი და დავარი.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - ალუდას დახასიათებადეკემბერი 13, 2023