ვაჟა-ფშაველა ქალთა უფლებების შესახებ
სადღეისო წერილი მეგობართან
მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერცავინ შემაცვლეინებს ამ რწმენას. დღეს რომ მაღალ ბიუროკრატიულ წრეებში, გავლენიან ადგილებზე მინისტრებისა და სხვა, დედაკაცები იყვნენ, დღევანდელი გამწვავებული და გამწარებული ცხოვრება რუსეთისა მალამოს დაიდებდა და საჭირო რეფორმებს მალე ვეღირსებოდით. დედაკაცები ამდენს სიჯიუტეს არ გამოიჩენდნენ, როგორსაც დღეს იჩენენ მაღალი სფეროს მაღალნი პირნი_ისინი ხომ მამაკაცები არიან _ ”კაი ბიჭობად”, “გულ-მაგრობად” არ გაასაღებდნენ თავიანთ სიჯიუტეს, ვინაიდგან დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება. იფიქრე, თუ ასე არ იყოს. მიიხედ-მოიხედე, სად არის ეს შებრალება?! კაცი ძვალ-ტყავად ქცეული გემუდარება, გეხვეწება: “კაცო, ღმერთი-რჯული, მთელი ერთი კვირაა მშიერი ვარ, სული ამოდის. ეს არი ვკვდები, წყალობა მოიღეო!” მე და შენ იმას ყურს არ ვათხოვებთ და ჩვენს ქცევას გავამართლებთ სხვადასხვა ფილოსოფიურის მოსაზრებით; გამოვჩხრეკთ ხრიკიანს მოძღვრებას და იმის წყალობით წინაშე ქვეყნისაც თავს გავიმართლებთ და თავის თავთან ხომ მართალნი ვართ და მართალნი. მაგრამ დედაკაცი ამას არ იზამს, ერთ გროშს მაინც მიაწვდის… მრწამს მე ეს და ამიტომ მენატრება, რომ დედაკაცს მიეცეს ისეთივე უფლება, რაც მამაკაცს, როგორც სწავლაში, ისე სამსახურში… შენ როგორც გნებავს, იფიქრე; საჭიროა გაქვავებული გული მამაკაცისა გაათბოს დედაკაცის ხმამ და მისი რწმენა, რომ მამაკაცი ვარ, მე ადვილად არ უნდა გავტყდე, არ უნდა მოვიხადო ქედი ხალხის მოთხოვნილების წინაშე, რათა სილაჩრე არავინ დამწამოსო, უნდა მოათავსოს კეთილგონიერების ფარგალში იმავე დედაკაცის ხმამ…
ჰოი დედანო,
მარად ნეტარნო!
მეგობარო! მრწამს სიფლიდე დიპლომატიისა: როგორც უბეში გველი არ დაინდობა, ისე დიპლომატია, ავს აკეთებს თუ კარგს, მაინც ფლიდია მაინც. აი, ამას წინად რომ გამობრძანდა და წინ წამოიმძღვარა კაცთმოყვარეობა და… შეარიგა რუსეთი და იაპონია. რა იყო მიზეზი: კაცთმოყვარეობა, თუ სხვა რამე? მრწამს, რომ არა, აქ კაცთმოყვარეობა სათვალთმაქცო სიტყვაა, მიზეზი სულ სხვაა _ ყველა დააფიქრა იაპონიის გაძლიერებამ. ყველა ჰგრძნობდა, რომ თუ ხარბინთანაც გაიმარჯვებდა იაპონია, რაიც მოსალოდნელი იყო, მაშინ ყველას, თვით ამერიკასაც, თითი უნდა მოეკაკვა იაპონიის წინაშე. არა გჯერა, რომ ეს ასეა? გამარჯვებული იაპონია კაი სიტყვებით, კაი რჩევით დასაჯეს და არანაკლები წილი ამ საქმეში უდევს თვით მოკავშირე ინგლისს. ამ რჩევაში აშკარად, ცხადად ერთი მხოლოდ ისა სჩანს: რუსეთს რაც ლახტი მოჰხვდა ეგ ეყოფა, და შენც, პატარა იაპონიავ, ძლიერ წინ ნუ გაიწევ, ნუ გაჰღონიერდები, რათა ჩვენც არ მოგვახვედრო იგივე ლახტიო.
დიაღ, მწრამს, რომ ყოველ ერს ჯერ თავისი თავი ენიაზება, თავისთვის უნდა კეთილი, თავის საქმეების მოწესრიგება ე. ი., როგორც ხალხი ამბობს: ყველა თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისათვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავადაც გამოადგება იგი. მხოლოდ ერთს ნაწილს ქართველებისას არა სწამს, რომ ეს ასეა და ესენი გახლავან “დასელები”, რომელნიც ქადაგებენ სხვა გავაბედნიეროთ, გავაძლიეროთ და ამით ჩვენც ძლიერნი შევიქნებითო. მოიგონე დასელების მოძღვრება დემოკრატიულ ცენტრალიზაციისა. გაძლიერებულის რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა, საიდან სადა! ნუთუ ძლიერი მეზობელი არ არის საშიში უძლურისათვის?! ნუთუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება გაძლიერებულს რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა… ძლიერს ბატონს უძლური ბატონი სჯობია დამონებულთათვის. ვისა ჰშურს ძლიერება რუსეთისათვის? აგრეთვე არავის, ოღონდ წვრილს ერებსაც ჰქონდეს მიცემული საშუალება ამავე გაძლიერებისა… დღეს მთელი ქვეყანა ამას გაიძახის: დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გვინდა მოვიპოვოთ საღსარი ბედნიერების, სიმართლის მისაღწევად. მე კი ჩემად მრწამს, და შენც, ვიცი, არ იუარებ, რომ უხეირო დეცენტრალიზაცია სჯობია საუკეთესოდ მოწყობილს ცენტრალიზაციას. ეს რომ ასე არ იყოს, არც სპენსერები დაამჯობინებდნენ. (იხ. სპენსერის თხზ. “განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა”).
ვის არა სწამს, რომ მხოლოდ სრული თვითმართველობა გააბედნიერებს ხალხს, გაჰზრდის მის ენერგიას, გამოიწვევს და ააყვავებს მასში დამალულს ახალს ძალებს? _ რომ აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას?! _ რომ დედაენაზე სწავლება სრულჰყოფს, ზრდის, ავითარებს ყოველმხრივ მოზარდ თაობას?! ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი ოთხია და არა ოცი.