დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – სამხილი შოკოლადებით

პუარო ცდილობდა, დაემტკიცებინა თავისი მეგობრისთვის, რომ წარმატება არ შეიძლება მუდამ თან სდევდეს ადამიანს. შემოდგომის ცივ, ქარიან საღამოს ისინი ბუხართან ისხდნენ და პუნშს სვამდნენ. მეგობარმა სთხოვა, გაეხსენებინა, თუნდაც ერთი წარუმატებელი საქმე და პუარომაც დაიწყო…

– ეს ამბავი ბელგიაში მოხდა. მესიე პოლ დერუარი, ცნობილი დეპუტატი იყო. სავარაუდოდ, მას მინისტრის პორტფელიც ელოდა. საფრანგეთის ანტიკათოლიკური პარტიის ერთ-ერთი, ყველაზე აქტიური წევრი ბევრს სძულდა. საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა. თუმცა, თავისი სისუსტეები მაინც ჰქონდა. ქალები, რა თქმა უნდა, ქალები, ჰასტინგს. ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე ცოლი შეირთო – ახალგაზრდა ლედი ბრიუსელიდან. ქალს შთამბეჭდავი მემკვიდრეობა მოჰყვა. შვილები არ შესძენიათ. ცოლი ქორწინებიდან ორ წელიწადში ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა – კიბეზე დაგორდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. მესიე დერუარის ცოლისგან დარჩა სახლი ბრიუსელში, ძალიან პრესტიჟულ ადგილას. სწორედ ამ სახლში უწია მას მოულოდნელად სიკვდილმა.

შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა მინისტრი, რომლის პორტფელიც დერუარის უნდა დაეკავებინა, გადადგა. სიკვდილი ისე მოულოდნელად ეწვია, ექიმებმა მხოლოდ გულის მწვავე შეტევის დიაგნოზი დასვეს. მე მაშინ ბელგიის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი ვიყავი. ამ შემთხვევას ჩემში განსაკუთრებული ინტერესი არ გაუღვიძებია. მე ხომ ჭეშმარიტი კათოლიკე ვარ, მაგრამ სამი დღის შემდეგ მოულოდნელი სტუმარი მეწვია – ახალგაზრდა ქალი, რომელიც სახეს თხელი ვუალით იფარავდა. დაჯდომა შევთავაზე. დაჯდა და პირბადე მოიხსნა. ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა. თვალები ტირილისგან დაწითლებოდა.

– მესიე, მინდა, დამეხმაროთ. დაიწყეთ გამოძიება. პოლიციაში წასვლა არ მინდა, მაგრამ სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ პოლი მოკლეს. გაგეცინებათ, მაგრამ ქალური ინტუიციის გარდა, არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია…

– კი, მაგრამ ექიმები… – ჰასტინგს სიმართლე გითხრათ, დავიბენი.

– ექიმები ცდებიან ხოლმე, ის ძალიან ძლიერი კაცი იყო. გევედრებით, დამეხმარეთ.

– უარი ვეღარ ვუთხარი, ჰასტინგს. ვთხოვე, სახლის ბინადრების შესახებ მოეყოლა. დეპუტატს სამი მოსამსახურე ჰყავდა. მათ შორის ერთი მზარეული – დენიზი, ასევე ჟანეტი და ფელიცია, ჩვეულებრივი, სოფლელი გოგონები… მოხუცი მსახური ფრანსუა… ოჯახის წევრია დერუარის დედა და თავადაც იქ ცხოვრობდა – განსვენებული მისტერ დერუარის ნათესავი, ვირჯინია, ღარიბი ნათესავი. გარდა ამ ადამიანებისა, სახლში, ფაქტობრივად, სულ იყო სტუმარი. იმ პერიოდში იქ დერუარის ფრანგი მეზობელი დე სენ ალარო და ინგლისელი მეგობარი ჯონ ვილსონი იმყოფებოდნენ.

ვირჯინიამ შემომთავაზა, ცოტა ხანს მის სახლში მეცხოვრა ცნობისმოყვარე ჟურნალისტის სტატუსით. ჩემ წინაშე რთული ამოცანა იდგა – განაგრძო პუარომ. უნდა გამერკვია, რა მოუვიდა ადამიანს, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. შეიძლებოდა თუ არა, რომ ის მოეწამლათ. სხეულის დათვალიერების იოტისოდენა შანსიც კი არ მქონდა. არანაირი ხელჩასაჭიდი. არც ერთი დამხმარე, მოწმეზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მხოლოდ ვირჯინია, თავისი ეჭვებითა და ინტუიციით. საბედისწერო დღეს გვიან ისადილეს. წვნიანი დიდ საწვნეში იყო ჩასხმული და ის ყველამ მიირთვა. ყავაც საერთო ყავადანიდან ჩამოასხეს. სადილის შემდეგ დეპუტატის დედა თავის ოთახამდე ვირჯინიამ მიაცილა. მამაკაცები მესიე დერუარის კაბინეტში შევიდნენ. ისინი მეგობრულად საუბრობდნენ, რომ უცებ დეპუტატი ხმაურით დაეზღერთა იატაკზე. სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს. კაბინეტიდან მესიე დე სენ ალარო გამოვარდა ყვირილით. ექიმმა პაციენტს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. კაბინეტის დათვალიერებამ არაფერი მომცა. უკვე ვფიქრობდი, რომ მადმუაზელ ვირჯინიას რომანტიკული გრძნობები ჰქონდა გარდაცვლილის მიმართ, რაც მას რეალობის აღქმაში უშლიდა ხელს… და უცებ, პატარა მაგიდაზე შოკოლადებიანი ყუთი დავინახე… გულმა გამეტებით დამიწყო ცემა. ავიღე და თავსახური ავხადე. ყველა შოკოლადი ადგილზე იყო, მაგრამ მე სხვა რამემ დამაეჭვა, ყუთის თავსახურმა. ის სხვა ფერის იყო. განსხვავებული ფერის ლენტით შეკრული შოკოლადებიანი კოლოფი ყველას გვინახავს, მაგრამ ის, რომ ყუთი ვარდისფერი ყოფილიყოს, თავსახური კი – ლურჯი, დამეთანხმეთ, ეჭვს ბადებდა.

პირველად მოხუცი მსახური ფრანსუა დავკითხე. გავარკვიე, რომ დეპუტატი გიჟდებოდა შოკოლადზე და სახლში სულ ჰქონდა რამდენიმე ყუთი.

– ფრანსუა, ეს ხომ სულ ახალი ყუთია?

– დიახ, მესიე. მე შემოვიტანე იმ დღეს, როცა ბატონი მოკვდა და გავხსენი. ძველი კი, უკვე ცარიელია, გადავაგდე.

– როდის ჭამდა დერუარი შოკოლადს?

– სადილის შემდეგ. თუმცა დილითაც შეეძლო რამდენიმე ცალი შეეჭამა. ფრანსუას ვთხოვე, ის ცარიელი კოლოფი მოეძებნა. სიბნელეში სანთლის სხივი გამოჩნდა… როგორც ვვარაუდობდი, იმ ყუთს თავსახური ვარდისფერი ჰქონდა, თვითონ კი ლურჯი იყო.

ექიმთან საუბრისას შევიტყვე, რომ დეპუტატმა და მისმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც თავგადაკლული კათოლიკე იყო, მაგრად იჩხუბეს. ექიმი ვარაუდობდა, რომ ნოყიერი სადილის შემდეგ, ასეთი ემოციური აფეთქება გახდა ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზი, რამაც დერუარის სიკვდილი გამოიწვია. მესიე დე სენ ალაროს თვალში დერუარი ნამდვილი ანტიქრისტე იყოო, დაამთავრა საუბარი ექიმმა. მე ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, შოკოლადში ვინმეს სასიკვდილო დოზა შხამი შეერია და დადებითი პასუხი მივიღე. მორფინი ან სტრიქნინი ამ შემთხვევაში თავისუფლად გამოდგებოდა. ერთ-ერთ ახლომდებარე აფთიაქში მითხრეს, რომ დერუარებს ხშირად მიჰქონდათ ატროპინის შემცველი თვალის წვეთები დეპუტატის დედისთვის. მაგრამ ზეიმი ნაადრევი იყო, რადგან ატროპინით მოწამვლას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს. ისევ აფთიაქარმა მიშველა, რომელმაც მითხრა, რომ გოგონა, რომელმაც თვალის წვეთები წაიღო, კიდევ რაღაც წამალს ეძებდა და სხვა აფთიაქშიც აპირებდა შევლას და, რა გავიგე?! – აღმოჩნდა, რომ დერუარის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, აფთიაქში მისტერ ვილსონის რეცეპტით ტრინიტრონის აბები დაამზადეს. აფთიაქარს ვთხოვე, ეჩვენებინა ეს პატარა ტაბლეტები და როცა ვნახე, მათ გარედან შოკოლადის გარსი ჰქონდა, ლამის შევყვირე. ეს არ იყო შხამი, მაგრამ რამდენიმე ცალის დალევაც კი წნევის ისეთ ვარდნას იწვევდა, სიკვდილს თავს ვეღარ დააღწევდი. ახლა უკვე ვიცოდი, რომ ინგლისელ ბატონს ჯონ ვილსონს სასიკვდილო იარაღი ჰქონდა. მაგრამ ვინ გამოიყენა ის? რაში აწყობდა ამ ინგლისელს დერუარის სიკვდილი… თანაც ექიმს გული აწუხებდა და ტრინიტრონის აბები აუცილებელი იყო მისთვის. მოტივი ფრანგს ჰქონდა. ფელიციამ მითხრა, რომ ინგლისელმა ბატონმა თავისი აბების კოლოფი დაკარგა და ბრალი მას დასდოო. როგორ დამემტკიცებინა, რომ კოლოფი სენ ალარომ მოჰპარა, აბები შოკოლადებში შეურია და დერუარი ჯოჯოხეთში გაისტუმრა.

სასწრაფოდ სენ ალარო უნდა მენახა, რომ უცებ, ვირჯინიამ გამოძიების შეწყვეტა მთხოვა და სენ ალაროს მისამართის მოცემაზეც უარი მითხრა. სამაგიეროდ, მოხუცი მსახური ფრანსუა დამეხმარა. ფრანგი არისტოკრატის საგვარეულო კოშკში წყალგაყვანილობის ხელოსნის კომბინეზონში გადაცმულმა შევაღწიე და როგორ გგონიათ, რა ვიპოვე აბაზანის კარადაში? ფლაკონი ტრინიტრონის ეტიკეტით. თანაც იმ აფთიაქის წარწერით, სადაც ისინი დაამზადეს. იმ აფთიაქში მე უკვე ვიყავი. ბელგიაში ჩავედი და პრეფექტთან წარსადგენ განცხადებას ვწერდი, რომ მოულოდნელად მადამ დერუარმა თავისთან გამომიძახა და შვილის მკვლელობა აღიარა. მანვე მითხრა, რომ ვირჯინიამ მონასტერში გადაწყვიტა წასვლა. ჩემი შვილი ცოდვიანი ადამიანი იყო. მას სძულდა ეკლესია. სხვა სულებსაც რყვნიდა და ღუპავდა… მთავარი კი ის არის, რომ მე ვნახე, როგორ დააგორა კიბეზე ჩემი რძალი, თავისი ცოლი… ხელი ჰკრა, როცა ის წერილს კითხულობდა… ჩემი ვალი იყო, მომეკლა ის, რომ ახლა ვირჯინიაც არ დაეღუპა. ასეთი

ახალგაზრდა და უმანკო… ის ბატონობდა ქალებზე… საოცარი გავლენა ჰქონდა მათზე… ვიცოდი, რომ ვირჯინიას ცოლად არ შეირთავდა… მე ისედაც ვიყავი ერთი მკვლელობის თანამონაწილე, სანამ ვდუმდი… სინდისმა არ მომასვენა… შოკოლადს ამ სახლში მის გარდა არავინ ჭამდა. ჰოდა, ვისარგებლე ამით. ცარიელი წამლის ფლაკონი კი სენ ალაროს ჩავუდე ჯიბეში, იმ მოტივით, რომ მისი მსახურები იპოვიდნენ და გადააგდებდნენ. მე ახლა მართალი ვარ, უფლის წინაშე…

დავიბენი ჰასტინგს… მე ერთგული პუარო… და საქმე დავხურე. ბარონესა დერუარი მალე გარდაიცვალა. ვირჯინია კი მონაზვნად აღიკვეცა.

მაგრამ ამ ამბავში სულელი, იცით, რატომ გამოვედი? ვერ მივხვდი, ვინ იყო მკვლელი. არადა, მასალები ხელში მეჭირა. შოკოლადებიანი ყუთი. ვის შეეშლებოდა კოლოფების თავსახურები, ვარდისფერი ლურჯში, თუ არა ადამიანს, რომელსაც ცუდი მხედველობა ჰქონდა. მე ხომ ვიცოდი, რომ მადამ დერუარს ორივე თვალის კატარაქტა ჰქონდა… და კიდევ, რომელი მკვლელი გინახავთ, მკვლელობის იარაღს ან ნივთმტკიცებას თავის სახლში ინახავდეს. სენ ალარო რომ მკვლელი არ იყო, ჩემითაც უნდა მივმხვდარიყავი. მან, უბრალოდ, იპოვა კოლოფი და გადაგდება დაავიწყდა, მადმუაზელ ვირჯინიამ ხომ მითხრა, ძალიან დაბნეული კაციაო…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button