ნ. გულუა – ცივილიზებულ და პრიმიტიულ სამყაროთა შეპირისპირებისათვის ჯეკ ლონდონის მოთხრობა “ჯის უკის ამბავისა” და მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “თეთრი საყელოს” მიხედვით
ცივილიზებულ და პრიმიტიულ სამყაროთა შეპირისპირებისათვის ჯეკ ლონდონის მოთხრობა “ჯის უკის ამბავისა” და მიხეილ ჯავახიშვილის რომანის “თეთრი საყელოს” მიხედვით
ნ. გულუა
თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას მხატვრული ტექსტის შედარებით-ტიპოლოგიური კვლევა წარმოადგენს. ამიტომ ჯეკ ლონდონისა და მიხეილ ჯავახიშვილის მსოფლმხედველობათა ურთიერთმიმართების საკითხის გასარკვევად შევეცადეთ, თანამედროვე მეთოდოლოგიური პრინციპების გამოყენებით გამოგვერკვია, რა ტიპოლოგიური მსგავსება-განსხვავებანი არსებობს ჯეკ ლონდონის “ჯის უკის ამბავსა” (ჯეკ ლონდონი, 1966; მ. ჯავახიშვილი 1970) შორის.
ტექსტების ახლებურად წაკითხვამ და განმარტებამ, მოქმედ გმირთა მხატვრულ მთლიანობაში განხილვამ და ქვეტექსტური შინაარსის ამოკრებამ, საანალიზო ნაწარმოებთა იდეურ-მხატვრული შინაარსის ახლებური ინტერპრეტაციის საშუალება მოგვცა. წარმოჩინდა მათი არა ცალსახა, არამედ მრავალმნიშვნელოვანი შინაარსი; ასევე ნათლად გამოვლინდა ავტორისეული იდეურმხატვრული ჩანაფიქრი და პერსონაჟთა ქმედების ჭეშმარიტი მოტივები.
“ჯის უკის ამბავისა” და “თეთრი საყელოს” შეპირისპირებამ გამოკვეთა ზოგადი ტიპოლოგიური ნიშნები, ასევე, წარმოაჩინა განსხვავებული ეთნოკულტურული არქეტიპები, რომლებშიც კონცენტრირებულია ორი სხვადასხვა ეთნოსის კულტურული გამოცდილება, მსოფლმხედველობა, ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ორივე მწერალი მეოცე საუკუნისათვის ისეთ აქტუალურ თემას შეეხო, როგორიცაა ადამიანი და ბუნება. აქედან გამომდინარე, ამ ნაწარმოებებს საერთო ფაბულა გააჩნიათ: გმირი ტოვებს კულტურულ საზოგადოებას და ცხოვრებას აგრძელებს პრიმიტიულ სამყაროში, საიდანაც სასიცოცხლო ენერგიით აღვსებული ბრუნდება უკან, მშობლიურ გარემოში. მათმა სიუჟეტებმა, გარკვეულწილად, გადაკვეთეს ერთმანეთი, თუმცა განსხვავებულად განვითარდნენ; მსგავს გარემო პირობებში მყოფი სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენლები განსხვავებულად აზროვნებენ,
მოქმედებენ და რეაგირებენ მოვლენებზე.
“ჯის უკის ამბავის” ცალკეულ ეპიზოდთა ანალიზის საშუალებით ცხადი გახდა ავტორის ჩანაფიქრი, გამოიკვეთა მწერლის მიზანდასახულობა: ორი მკვეთრად განსხვავებული – ცივილიზებულ და პრიმიტიულ სამყაროთა შეპირისპირებით აჩვენოს მათ შორის არსებული უფსკრული, მათი ნათელი და ბნელი მხარეები. ავტორის აზრით, პრიმიტიული და ცივილიზებული სამყაროების თანადროული არსებობა ანომალიაა, იგი მათი სინთეზის მომხრეა და ფიქრობს, რომ თუ მათ შორის არსებული განსხვავება თანდათანობით დაიძლევა, ისინი შეავსებენ ერთმანეთს, მაშინ მათში დავანებული მანკიერებანიც აღმოიფხვრება.
“ჯის უკის ამბავი” არ არის ზოგადად ცივილიზაციის, პროგრესის წინააღმდეგ მიმართული მოთხრობა, ესაა მწერლის თანამედროვე მაღალი საზოგადოების კრიტიკა. მიხეილ ჯავახიშვილის “თეთრ საყელოშიც” ორი კონტრასტული სამყარო და სხვადასხვა საზოგადოებრივი მენტალიტეტია ნაჩვენები. ეს ნაწარმოებიც ცივილიზებული სამყაროსათვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს ამხელს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქარტეხილებით აღსავსე ცხოვრებისაგან გამოფიტულ, საბჭოთა წყობის მიერ დამკვიდრებული ახალი ურთიერთობებითა და ქართული მენტალიტეტისათვის შეუფერებელი დამოკიდებულებებით სულიერებისაგან დაცლილ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვისაკენ მოუწოდებს.
მოთხრობაში “ჯის უკის ამბავი” ორი სხვადასხვა სამყარო გაშლილია ნილ ბონერისა და ჯის უკის ხასიათებში. ნაწარმოებში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მთავარი გმირის, ნილ ბონერის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის ჩვენებას. იგი, ჯეკ ლონდონის “ჩრდილოეთის მოთხრობების” სხვა გმირებისაგან განსხვავებით, თავისი ნებითა და სურვილით არ აღმოჩენილა “მეოცე მილზე”, რუკაზე აღნიშნულ თეთრ ლაქაზე რომ მდებარეობდა, ის არც ოქროს და არც ბედის მაძიებელი ყოფილა, ნილი მაშინდელი ამერიკული მაღალი საზოგადოების ღვიძლი შვილი იყო: კუჭსავსე და ფუქსავატი. ცხოვრობდა ცივილიზებული სამყაროსათვის დამახასიათებელი ცხოვრებით: უსაქმოდ, უმიზნოდ, “აურზაურით ფანტავდა” ენერგიას. კლონდაიკი მისთვის სასჯელი იყო, ადგილი, სადაც ნებისყოფა უნდა გამოეწრთო, რათა ღირსეული ადგილი დაეჭირა იმ საზოგადოებაში, რომელმაც წარმოშვა. ნილმა უკვე იგემა ცივილიზაციის სიტკბოცა და სიმწარეც და ახლა მისი გამოფიტული სული ძალითა და სიხარულით შევსებას ითხოვდა, ახალ, დადებით, პირობითობებისაგან თავისუფალ ურთიერთობებს საჭიროებდა. ჯის უკმა, რომელიც ბონერისთვის განასახიერებდა სუფთა, უბრალო, უშუალო, მარტივ, ხრიკებისაგან შორს მყოფ სამყაროს, გააცოცხლა მისი “მოყირჭებული სული”. ამიტომ იყო ნილი ბედნიერი ამ ქალთან ცხოვრების დროს.
“თეთრი საყელოს” გმირიც, ბონერის მსგავსად, დაქანცა ცივილიზაციამ, ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა. “ბედისაგან მოთელილი და ნაბურთალი ვარ. ცხოვრებამ გამომფიტა, მომქანცა და ფუღურო მყო”, – წუხს ელიზბარი, რომლის სულს სიმხნევე დაუკარგავს, ხოლო გულს სიმტკიცე და ამ სიცარიელის ამოსავსებად, “განკურნებისა და განდგომისათვის”, ხევსურეთის ყველასაგან მივიწყებულ სოფელში – ჯურხასკარში – ცდილობს თავის შეფარებას.
ნილ ბონერის ცხოვრების მაგალითზე მწერალი მოთხრობაში თითქოს შემთხვევით, მაგრამ მაინც გარკვევით მიგვანიშნებს მაღალი წრის ადამიანების ფუქსავატურ ყოფაზე. ამ საზოგადოების ისეთი თვალსაჩინო წევრებიც კი, როგორებიც ნილის მშობლები იყვნენ, არაფერს აკეთებენ ორი განსხვავებული სამყაროს ერთმანეთთან დასაახლოვებლად. ნილის მამამ, უსაქმურობისაგან გაზონებს რომ კრეჭდა და ვარდებს სხლავდა, და დედამ, რომელიც “მაღალი წრის ტკბობას ეძლეოდა”, ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ შვილი მათ დამგვანებოდა. კლონდაიკიდან ნილი მართლაც “ახალ კაცად” დაბრუნდა სანფრანცისკოში. მიწის სურნელის შეგრძნებამ საშუალება მისცა მას თავისებურად შეეფასებინა ცივილიზაცია და კიდევ უფრო შეეყვარებინა იგი.
მართალია, ალიასკამ ბონერი თავდაჭერილი, სერიოზული და გამჭრიახი გახადა, მაგრამ ეს თვისებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ არ მიეტოვებინა საყვარელი ქალი – ჯის უკი და არ დაოჯახებულიყო მისი წრის ქალზე – კიტი ბონერზე.
თუ “ჯის უკის ამბით” ჯეკ ლონდონმა მისი თანამედროვე ამერიკული ცხოვრების წესი გაკენწლა, მიხეილ ჯავახიშვილმა, როგორც თავად აღნიშნავდა, საშუალო საუკუნეების კარჩაკეტილობისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის კარღიობის შეპირისპირებით, გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება არსებული სინამდვილისადმი, თავისი ანტისაბჭოური განწყობილება. ჯურხასკარის მცხოვრებლებმა შეგნებულად გაწყვიტეს კავშირი გარე სამყაროსთან და აღადგინეს შუასაუკუნეობრივი ადათები, რითაც დაუპირისპირდნენ საბჭოთა ხელისუფლებას – “წითელ ეშმას”. მათ ზიზღს ქალაქური ცხოვრების მიმართ უფრო ღრმა საფენელი აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. “რაი ას თქვენი ქალაქი? – მიმართავს ჯურხა წიკლაური ელიზბარს, – ხაშმიან ალაგ ას, ტიალი. ხალხი სხვა ას. დამპალი, უჯილაგო, უჯიშო, არც გული აქვ, არც სინდისი, არც ფიცი, არც რჯული, ჩვეულებაი, სიტყვაი… ჩვენ ჭუჭყი გარედან გვაცხია, ქალაქელს კი შიგნით აქვს”…
ჯურხას პირით ავტორი არა მარტო ზოგადად ცივილიზაციის უარყოფით მხარეებს აჩვენებს, არამედ საბჭთა ხელისუფლების თანმხლებ ისეთ მანკიერებებსაც აშიშვლებს, როგორიცაა: ურწმუნობა, საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების უგულებელყოფა, ეროვნულობის, ჯიშის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება და სხვ. ჯეკ ლონდონი ძუნწად, მაგრამ მაინც გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას თავისი მოთხრობის გმირისადმი და როცა ნილს “ნამდვილ ქალაქის შვილს” უწოდებს, უეჭველად იმასაც გულისხმობს, რომ ცივილიზებული სამყაროს ადამიანისათვის უცხოა ღრმა, გულწრფელი გრძნობები და სინდისის ქენჯნა.
ბონერი ერთი წუთითაც არ მდგარა არჩევანის წინაშე – ცივილიზაცია თუ პრიმიტიული ცხოვრება. მან თვალისდახამხამებაში დაივიწყა ალიასკა და ჯის უკი.
ნილის საპოვნელად სიეტლში ჩასული ჯის უკი შემთხვევით როდი გადააწყდა სენდი მაკფერსონს, ბონერის მეგობარს ალიასკადან. სენდის სახით მწერალს მომხდარი ფაქტის ობიექტურად შემფასებელი შემოჰყავს. სწორედ ამ პერსონაჟის მიერ მოვლენების გაანალიზება ავლენს ავტორის პოზიციას თავისი გმირისადმი. სენდიმ ნილის საქციელი უსინდისობად მიიჩნია და მისი შინაგანი მონოლოგი – ერთგვარი ბურტყუნი: “დალახვროს ეშმაკმა, რა თავის მოჭრააო”, – ავტორის გარემეტყველებად უნდა მივიჩნიოთ.
“თეთრი საყელოს” გმირმა კი ბუნებასთან სიახლოვით დაიბრუნა თუ არა სიცოცხლის ხალისი და დაკარგული გუმანი, იგრძნო, რომ სული გონების თანდათან მიძინების ხარჯზე ევსებოდა და მეორე უკიდურესობაში რომ არ გადავარდნილიყო, გულმა ქალაქისაკენ, ცივილიზებული სამყაროსაკენ გაუწია.
ნილ ბონერისაგან განსხვავებით, ელიზბარმა სინანულით დატოვა ჯურხასკარი და მისი მცხოვრებლები, ამიტომ როცა მას ქალაქი “თოკით მიათრევდა”, ელიზბარმა ამ თოკის ბოლო ხევსურეთში დატოვა იმ მიზნით, რომ მის მიმართ გაღვივებული ნდობა და სიყვარული ჯურხასკარელებს ოდესმე ქალაქში ჩამოიყვანდა. “თუ ჩაგითრიეთ, ვცხონდებითო~, – ამბობდა ელიზბარი, მიაჩნდა რა, რომ, თუ სოფელი ახალ ცხოვრებას კარს არ გაუღებდა, ფარსმან მეფის დროში დარჩებოდა და დაიღუპებოდა. მთავარი გმირის არჩევანმა ნათლად გამოკვეთა ავტორის მიზანი, რომელიც ცივილიზებულ და პრიმიტიულ სამყაროებს შორის ხიდის გადებას გულისხმობდა.
ჯეკ ლონდონის მოთხრობას “ჯის უკის ამბავი” ჰქვია და ბუნებრივია, რომ ავტორის სიმპატია და ყურადღება ჯის უკისაკენაა მიმართული. მის მიერ ნილ ბონერის სიყვარულის სახელით გაღებული მსხვერპლი მწერალს ბიბლიური გმირების – აბელისა და აბრაამის უფლისადმი სიყვარულსა და მისი მსახურების წყურვილთან აქვს შედარებული. ამით ჯეკ ლონდონს იმის თქმა სურს, რომ დიდმა სიყვარულმა ჯის უკის ბუნება და ხასიათი შეცვალა, პრიმიტიული არსებიდან კეთილგონიერ ქალად გადააქცია, აამაღლა “თეთრი რასის მეფურ მწვერვალამდე” და “ჭეშმარიტად მეფური მსხვერპლი გააღებინა”. ეს არ იყო ჯის უკის სამყაროს ქალებისათვის დამახასიათებელი მხოლოდ მონური სიყვარული და უსაზღვრო ერთგულება, ეს გახლდათ ჭეშმარიტად ცივილიზებული ქალის ტაქტიანი უკანდახევა საყვარელი მამაკაცის, ნილ ბონერის სასარგებლოდ, მისი კეთილდღეობისათვის. ჯის უკიმ გულს ამოაფარა საკუთარი გრძნობები, დამტვრეული ინგლისურით დაფარა დიდი სიყვარული, ნილისადმი რომ განიცდიდა, დათრგუნა საკუთარი ბუნება, ველური ინსტინქტები. ცივილიზებული სამყაროს გავლენით, ჯის უკიმაც, რომელიც ზნე-ჩვევათა თუ ცხოვრებაზე შეხედულებით “პირწავარდნილი ტოიატი” იყო და რომლის გონება მიჩვეული არ იყო `ვერაგული ხრიკების აწონ-დაწონას”, შეძლო ეთვალთმაქცა და დაემალა საკუთარი ქმედების ჭეშმარიტი მიზეზები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ჯის უკის ამ კეთილშობილურმა საქციელმა უბიძგა ნილ ბონერს ალიასკის გასანათლებლად ვეებერთელა ხარჯები გაეწია.
ცივილიზაციისა და პრიმიტიული სამყაროს შეპირისპირების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა ჯის უკის სან-ფრანცისკოში ჩამოსვლის ეპიზოდი, სადაც ნათლად გამოიკვეთა პრიმიტივის თვალით დანახული ცივილური სამყარო მთელი თავისი დიდებულებით, რომლის ფონზე საცოდავი და უბადრუკი იყო “მეოცე მილი” და ტოიატების სოფელი თავისი ტყავებით ამოკერილი ქოხმახებით.
ამ ეპიზოდში ყველაზე უკეთ ვლინდება ავტორისეული ჩანაფიქრი – ერთმანეთს შეუდაროს ორი ძლიერ განსხვავებული სამყარო და ამგვარად აჩვენოს ორივეს კარგი და ნაკლოვანი მხარეები. ჯის უკისა და კიტი ბონერის შეხვედრით ავტორმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა იმ უფსკრულის სიღრმე, რომელიც ამ ორ სამყაროს ყოფდა და რომლის ამოვსებას საუკუნეები დასჭირდა. ნილ ბონერის სახლში მოხვედრილმა ჯის უკიმ პირველად განიცადა მოკრძალება თეთრკანიანთა ცივილიზაციის მიმართ, შეუმცადრად იგრძნო ირგვლივ დავანებული მშვენიერება, სილამაზეში მიჩქმალული სიბრძნე და ოსტატობა; ხოლო ნარნარა და ჰაეროვანი კიტი ბონერის დანახვამ თითქოს დააპატარავა და არარაობად აქცია ყოველთვის თავის სილამაზესა და მომაჯადოვებლობაში დარწმუნებული ქალი. ორი განსხვავებული საზოგადოების შედარება სწორედ ჯის უკის თვალმა მოახდინა და აღიარა კიდეც თეთრკანიანთა ცხოვრების უპირატესობა, დაასკვნა: ნილის ხალხი სჯობდა მის ხალხს.
ჯეკ ლონდონმა მოთხრობით “ჯის უკის ამბავი” გვიჩვენა, რომ მომავალი ცივილიზაციას ეკუთვნის და კლონდაიკს სწორედ ნილ ბონერის მსგავსი ადამიანები სჭირდებოდა, რათა ორი განსხვავებული სამყარო ერთმანეთს დაახლოვებოდა და დროთა განმავლობაში შერწყმოდა. ცალსახაა მიხეილ ჯავახიშვილის პოზიციაც: არც ქალაქი თავისი ცივილიზაციით და არც სოფლის პრიმიტიული ფორმა ხელაღებით მისაღები არ არის, ორივეშია კარგი, მისაღები, სასარგებლო და ამავე დროს უარსაყოფი, მიუღებელი, ამიტომ უნდა მოხდეს სინთეზი ორივე მხარის დადებითი მხარეებისა. როცა მწერალი წერს: “გმირი ისევ ქალაქში დავაბრუნე, ე.ი. კარჩაკეტილობა დავგმე და გამარჯვება კულტურას მივაკუთვნეო”, უდავოდ გულისხმობს, რომ ადამიანი მაინც იმ საზოგადოების კუთვნილებაა, რომელმაც წარმოშვა, ამიტომ, კი არ უნდა გაექცეს არსებულ რეალობას და “დათვის ბუნაგს” შეაფაროს თავი, არამედ უნდა შეეცადოს მის გაუმჯობესებას და ამ სახით იღვაწოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. რაც შეეხებათ გმირებს, ელიზბარსა და ნილს, ისინი, როგორც სხვადასხვა ეთნოკულტურის წარმომადგენლები, განსხვავებულად აზროვნებენ მსგავს გარემო პირობებში მოხვედრილები. ელიზბარისთვის სამშობლოს ცნება ბევრად უფრო გამოკვეთილია და მასზე ზრუნვა სავალდებულოდ მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ იგი უპირატესობას ქალაქურ ცხოვრებას ანიჭებს, რომანის ფინალში აშკარად იგრძნობა მისი სიყვარული თავისი ქვეყნის როგორც ბარის, ასევე მთის მიმართ.
“ჯის უკის ამბავისა” და “თეთრი საყელოს” ურთიერთშეპირისპირებით ტიპოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ შორის არსებული აშკარად გამოვლენილი პარალელებისა და ანალოგიების მიუხედავად, დიდია განსხვავებაც, როგორც სიუჟეტის განვითარების, ისე იდეური თვალსაზრისით. ამერიკული და ქართული ლიტერატურის შედარებით-ტიპოლოგიური დიალოგმა ამ ორი მწერლის მაგალითზე დაგვანახა, რამდენად შესაძლებელია ნაციონალური ლიტრატურის მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში ჩართვა.