ისტორიალიტერატურა

იაკობ მანსვეტაშვილი – მზადება უნივერსიტეტში წასასვლელად. ომნიბუსით მგზავრობა, არაგვის ხეობა. მყინვარი და თერგი. კავკავი. უკრაინელები

იაკობ მანსვეტაშვილი – “მზადება უნივერსიტეტში წასასვლელად. ომნიბუსით მგზავრობა, არაგვის ხეობა. მყინვარი და თერგი. კავკავი. როსტოვიდან მოსკოვამდე. უკრაინელები, მეეზოვის და შვეიცარის დიალოგი.”

წიგნიდან “მოგონებანი, ნახული და გაგონილი”

თავი II
გათავდა ჩემი ტანჯვა-ვაების ხანა. მოვრჩი ლათინურ-ბერძნულის სულთა-მხუთავებს. ვემშვიდობები სასწავლებელს, სადაც ტანჯვა და მწუხარება ბევრი მინახავს, სასიხარულო კი _ არაფერი. გამომშვიდობების დროს მეტს ვერას ვეტყვი: განვედი ჩემგან მტანჯველო, ქვა მომიგდია შენთვის! შენი მალე გადავარდნა, წასვლა და აღარ მოსვლა! წინ წყალი და უკან მეწყერი!

შორი გზა მიდევს. გარდაწყვეტილი მაქვს, ბუნებისმეტყველება შევისწავლო. რომელ ქალაქში? პეტერბურღში. რად ამოვირჩიე ეს ქალაქი? ჯერ ერთი, ეს ქალაქი იყო ახალი მოძრაობის დედაბუდე, აქ იყვნენ და შემოქმედობდნენ ამ მოძრაობის სულის შთამდგმელნი – ჩერნიშევსკი, პისარევი და სხვანი. მათი სული დღესაც თავს დასტრიალებდა ამ ქალაქს, – მეორეს მხრივ, პეტერბურღის უნივერსიტეტი განთქმული იყო თავისი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტით, სადაც საუკეთესო პროფესორებს მოეყარათ თავი.

ვემზადები საგზაოდ. მამაჩემს მამა ანტონის მონასტერში მივყევარ სალოცველად, – გზაში მფარველობას გაგიწევსო. ეს მონასტერი ჩვენი სოფლის თავზეა. დაარსებულია მამა ანტონის მიერ. ეს ანტონი იმ ცამეტ მამათა შორის იყო, რომელნიც ძველის-ძველ დროს მოსულან ასურეთიდგან საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად. და აი ეს ანტონი ითვლება ჩვენი სოფლის მფარველად და, მაშასადა-მე, ჩვენი ოჯახისაც. მამაჩემს, მღვდელს, ეს წმინდად სწამს. მე თუმცა მამის რწმენას არ ვიზიარებ, მაგრამ მაინც არ ვეურჩები, არ მინდა ვაწყენინო, ესეც უნდა ითქვას, რომ ეს მონასტერი ერთ საუცხოვო ალაგას არის გაშენებული. მაღალი, მთიანი ადგილი, მდიდარი, ხშირი ტყით შემოსილი, სადაც ხშირად შეხვდებით ასწლოვან ხეებს, – საუცხოვო სანახავს წარმოადგენს. დიდებული და თვალწარმტაცი სურათი გეხატებათ თვალწინ, ამ სიმაღლიდგან რომ გადმოიყურებით: ტფილისი, ყარაია, მტკვარი ხელის გულივით გადაგეშლებათ წინ.

დედაჩემი საცვლებს მიმზადებს და თანაც დარიგებას მაძლევს, თავს გავუფრთხილდე, ავად არ გავხდე, მომვლელი არავინ გეყოლებაო. მარიგებს და თანაც ცრემლი სდის თვალებიდგან.

ვამშვიდებ: რა გატირებს? ომში ხომ არ მივდივარ, რომ სასიკვდილოდ ვიყო განწირული, პეტერბურღიც ისეთივე ქალაქია, როგორც ჩვენი ტფილისი, თუ უკეთესიც არა.

მაშინ ჯერ ბაქოს რკინის გზა არ იყო. რუსეთში წასასვლელად ერთად ერთი გზა გვქონდა კავკავის მთებზე, ეგრედწოდებული საქართველოს სამხედრო გზით. კავკავამდე ომნიბუსები დადიოდნენ. ომნიბუსში რვა ადგილი იყო: ექვსი შიგნით და ორიც წინ, კოფოზე, სადაც, «იამშჩიკის» გარდა, კონდუქტორიც იჯდა. მე უკანასკნელი ვარჩიე, რადგან საკმაოდ ღია იყო და გზაში თვალის გახილება და შესანიშნავ ადგილების ნახვა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე შიგნით, ეტლში ჩაკეტილებისთვის.

დილის ათი საათი იქნებოდა, რომ ჩვენი ომნიბუსი დაიძრა. დიდის ამბით გავედით. კონდუქტორი თავმოწონებით ღოროტოტოს (труба) უკრავდა, ვითომ გზიდან ჩამოგვეცალეთო. ეს კონდუქტორი გზაში დიდად გამომადგა. დიდი ხნის ნამსახური აღმოჩნდა, ამასთან განვითარებული, გზის კარგად მცოდნე და რაც გზაში ღირსშესანიშნავი ადგილი შეგვხვდებოდა, გვიჩვენებდა და გვიხსნიდა. გავედით ქალაქს და დავადექით გზატკეცილს. გავიარეთ ჯვარი, აღმართული ვერის დაღმართზე იმ ადგილას, სადაც ხელმწიფე ნიკოლოზ პირველს, საქართველოში ჩამოსვლისას, ეტლი გადაბრუნებოდა და ოდნავ დაშავებულიყო (1). გავიარეთ ხიდი ვერის ბაღებთან და ტფილისის საზღვრებიც გათავდა. მშვიდობით, სამშობლო ქალაქო! დიდ ხანს? როდის დავბრუნდები უკან? თუ მწარე ბევრი მასვი, შენგან სიტკბოც ბევრი მომაგონდება. გული მწყდება, რომ მშობელ ქალაქს ვშორდები. მაგრამ შორს შავო ფიქრებო!

საქართველოს სამხედრო გზა. ვერა, ხიდი

აგერ მცხეთაც, სადაც მღვრიე მტკვარს უერთდება წმინდა არაგვი. დიდი ბრძოლა აქვს არაგვს, რომ გაწმინდოს მტკვრის სიმღვრიე. მაგრამ ვერას ხდება, მტკვარი სძლევს და წმინდა, ანკარა არაგვის წყალს შთანთქავს თავის სიმღვრიეში.

აგერ არაგვის გაღმა მოსჩანს ჯაჭვის მონასტერი, რომელზედაც ლერმონტოვი ამბობს თავის «მწირში»

«Там, где сливаяся шумят
Обнявшись, будто две сестры,
Струи Арагвы и Куры –
Был монастырь».

და ამ მონასტრიდამ თითქოს ახლაც ყურში მომესმის ბავშვის, მწირის განწირული სულისკვეთება. მისი ხვეწნა-მუდარა, წყევა-მუქარა. ცის და დედამიწის დაგმობა, – მაგრამ ამაოდ: მისმა აღშფოთებულმა სულისკვეთებამ, ცეცხლივით მხურვალე სიტყვებმა, ვერ გაალხვეს გაციებული, გაქვავებული მონასტრის მსახურთა გული, და საბრალო მწირი ვერ ეღირსა თავისუფლებას, რომ ენახა ერთხელ კიდევ სამშობლო ქვეყანა და დამტკბარიყო მისი ცქერით. მივდევთ არაგვს. რამდენ გრძნობას უღვიძებს ქართველს ამ მდინარის და მისი არემარის ნახვა. რა არ უნახავს, რა არ გადაჰხდენია თავს არაგვს ტყუილად კი არ უთქვამს ი. ჭავჭავაძეს:

ჩემო არაგვო, რა რიგ მიყვარხარ,
ჩვენ ძველ ცხოვრების მოწამე შენ ხარ!

დიახ, არაგვი მნახველია ჩვენი ხანგრძლივი ტანჯული ცხოვრებისა. მაგრამ რის მნახველი: ვაებისა და ტანჯვისა, შუღლისა, მტრობისა, დაუსრულებელი სისხლის ღვრისა. აგერ გამოჩნდა ნატახტარიც, წყლის გაღმა წიწამური, რომაელების სისამორა. ეს ის ადგილია, სადაც შემდეგში დიდი ტრაღედია დატრიალდა.

მირბის ჩვენი ომნიბუსი და არაგვის ხუილი სმენას გვიტკბობს, რაც ზევით მივდივართ, მით უფრო მეტ მშვენიერებას გვიშლის არაგვი თვალწინ. მაგონდება ბარათაშვილის სიტყვები:

ჰოი, არაგვო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო:
ქართველსა გულმა როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენება თქვენი იხილოს,
რომ თქვენ ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასა ეშურებოდეს!

მე კი არსად მეშურებოდა, მაგრამ სხვებს, ჩემ თანამგზავრებს და მეტადრე კონდუქტორს კი ეჩქარებოდათ, რადგან დრო და მანძილი სასტიკად განსაზღვრული ჰქონდათ და ვადაზე დანიშნულ ადგილას უნდა მისულიყვნენ. თორემ როგორ არ ჩამოვხტებოდი, და თუ «თვალს ვერ მოვატყუებდი», სიცხით შეწუხებულს შუბლს განვიგრილებდი ცივი არაგვის წყლით.

აგერ ბაზალეთის ტბაც დუშეთის მახლობლად. ეს ის ტბაა, სადაც ხალხის გადმოცემით, თამარის ოქროს აკვანი იყო დამალული. ეს ლეგენდა მშვენივრად აქვს ილიას ნაამბობი თავის ლექსში ამავე სათაურით, ეს პოეტურად. და პროზაულად კი რომ შევეხოთ საგანს, ბაზალეთის ტბა განთქმულია თავისი წურბელებით, რომელიც ბლომად საღდება ტფილისში. საინტერესოა, როგორ იჭერენ ამ წურბელებს. ფეხშიშველა და ზედა ტანამდე დაკარწახებული კაცები შედიან წყალში, დამშეული წურბელები ფიცხლავ ხარბად მოეკიდებიან ტიტველა ტანზე. გამოვლენ წყლიდგან, ჩამოიყრევინებენ ტანიდგან და ჩაყრიან ქილებში ან სხვა ჭურჭელში. არც ბადე და არც დასაჭერი იარაღი არა სჭირდებათ.

აგერ გამოჩნდა დუშეთიც, ლამაზი, კოხტა პაწია ქალაქია. მშვენიერი მდებარეობა აქვს. მწვანით შემოსილ მთის ფერდობზეა შეფენილი. ამ ქალაქში დაბადებულა და უცხოვრია პოეტ ჩახრუხაძეს, რუსთაველის და შავთელის თანამედროვე მწერალს და გვერდის დამშვენებელს. პლატონ იოსელიანი ასე ახასიათებს ჩახრუხაძეს: დუშეთსა და მის არე-მარეს თავს ევლება გენია ჩახრუხაძის დიადის პოეზიისა, რომლის ლითონივით მაგარი ლექსი მძლავრის გამოძახილით გაისმის კავკასიონის მთებში».

დუშეთთან დაახლოვებამდე მარცხნით გვერდს ვუხვევთ არაგვს. აი გადავიარეთ პატარა მაღლობი მთა და დავეშვით ძირს ისევ არაგვისაკენ. აქ დაგვხვდა ანანური თავის ციხე-კოშკით, რომელიც არაგვის ხევის შესავალს დარაჯობს. მივდივართ ეხლა არაგვის ვიწრო ხეობით. ორივე მხარეს ამართულია მაღალი მთები, ბუჩქებით და ატეხილი ტყით შემოსილი. აქა-იქ მოსჩანს მთიელების სოფლები, მთის მაღალ კალთებზე მიკრული მერცხლის ბუდესავით. სახლები სალი კლდისაგან არის ნაშენი. ზოგან კოშკებიც მოსჩანს, საიდგანაც ძირს არაგვისკენ ბილიკები ჩამოურბის.

მლეთს რომ მივუახლოვდით, წინ აგვიდგა დიდი მაღალი მთა, თითქოს ვიღაცამ გზა გადაგვიღობა და იქით აღარ გვიშვებსო. შევუდექით ამ მთას. დაგრეხილი, მიხრილ-მოხრილი გზა ჯერ წინ წაგვიყვანდა, მერე ისევ იმავე გზით, ცოტა ზემოთ ასვლით, უკან ვბრუნდებოდით. კაცს ეგონებოდა, ერთ ადგილას ვტრიალებთო.

ავედით როგორც იყო ზემოთ, მთა შევლიეთ. აქ დაგვხვდა სადგური გუდაური. შევედით სადგურში და ცოტა შევისვენეთ, ვიდრე ახალ ცხენებს შეგვიბამდნენ. აქვე ამოდის მეორე გზა კაიშაურის ხეობით. ეს ის გზაა, რომელსაც ლერმონტოვი აღგვიწერს თავის «Герой нашего времени»-ში. აი ხარებით შებმული დაბარგული ურემი ძლივს მოიზლაზნება ციცაბ აღმართზე. ლერმონტოვი უკან მოსდევს ფეხით. მას ამ გზაზე შეხვდება ძველი დროის, კავკასიის ომებში გაკაჟებული ოფიცერი მაქსიმ მაქსიმიჩი. და აი, თვალწინ წარმომიდგება ამ სადგურში ჩამომხტარნი, დაღლილ-დაწყვეტილნი ლერმონტოვი და მაქსიმ მაქსიმიჩი. ჩაიდანში ჩაის ამზადებენ. მანამ კი საუბარში არიან გართულნი. მაქსიმ მაქსიმიჩი ჩიბუხით პირში განაგრძობს თავის ფილოსოფიას იმის შესახებ, თუ როგორია აქაური ხალხი (туземцы) და როგორ უნდა მოვექცეთ მათ ჩვენ, რუსები.

საქართველოს სამხედრო გზა, გუდაურის უღელტეხილი

ამ ოცნებით ვიყავ გატაცებული, როდესაც ერთი ახალგაზრდა, ტელეგრაფისტი მუნდირში გამოწყობილი, მომიახლოვდა.

_ გამარჯობა, ვერ მიცან?

_ მაკარაძე, როგორ ვერ გიცან, მაგრამ აქ როგორ გაჩნდი?

მიამბო თავის თავგადასავალი. ამბავი მოკლე იყო და ჩვეულებრივი. მას შემდეგ, რაც ბერძნულ-ლათინურ სიბრძნის ძლევა ვერ შესძლო, სასწავლებელს თავი მიანება, მეორე კლასიდგან. ცხოვრების მორევში კარგა ხანს იტივტივა და ბოლოს ტალღებმა აქ მაღლა მთაზე გადმოსტყორცნა, ტელეგრაფისტის ადგილზე. მოვიგონეთ ჩვენი ამხანაგები, მასწავლებლები, სასაცილო ამბები, ერთი-ორიოდე შევუკურთხეთ ჩვენ მწვალებლებს – მასწავლებლებს… ამ დროს ღოროტოტოს ხმა მოისმა გარედგან იმის ნიშნად, რომ ომნიბუსი მზად არის. ჩვენ გულითადად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, იმან გზა დამილოცა და შემომნატრა, რომ პეტერბურღში მივდივარ და სწავლის გაგრძელება შემიძლიან.

_ შენც ხომ, ასე თუ ისე, გზა გაგიკვლევია, ბედს რად ემდური? – ვუთხარი ვითომ სანუგეშოთ.

_ დამნაშავეს დასასჯელად ციმბირში გზავნიან, და გუდაური კი ციმბირზე უარესია. ნეტა რა დავაშავე, რომ ბედმა ასე დამსაჯა.

ამ დროს გარეთ გამოვედით ომნიბუსთან. ნისლი ჩამოწოლილიყო, ჟინჟღლავდა.

_ აი ასეა ყოველ ცისმარე დღეს. გარეთ თავი ვერ გამოგიყვია. ვზივარ ჩემ ოთახში, როგორც თაგვი სოროში.

ეს სიტყვები მითხრა, როცა უკვე ომნიბუსში ვიჯექი. ერთხელ კიდევ გულითადად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და განვშორდით, მგონი სამუდამოდ.

ჯვარს რომ მივაღწიეთ, ნისლი ცოტა გადაიყარა. მეგონა ჯვარი უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე სდგას მეთქი, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი განცვიფრება, როდესაც მაღლა ავიხედე და დავინახე აწოწილი მაღალი მთა. მას ზევით მისდევდა უფრო კიდევ მაღალი, თითქოს ცას მიბჯენილი მთა, და ცის ტატანებაზე ვერ გაარჩევდი, სად თავდებოდა მთა, და სად იწყებოდა ცა.

ჯვარზე მთის უღელი შუაზე ტყდება, ერთი მხარე საქართველოსაკენ გადაიხრება, მეორე კავკავისკენ. აქამდის თუ სულ აღმართ-აღმართ მივდიოდით, ახლა სულ დაღმართ-დაღმართ უნდა ვიაროთ. ცხენებმაც იგრძნეს შეღავათი და თავისუფლად მიაგრიალებენ ჩვენ ომნიბუსს.

საოცარია აქედგან გზა. ერთ მხარეს თვალუწვდენელი მთები, მეორე მხარეს თვალჩაუწვდენელი უფსკრული, სადაც აგერ-აგერ სადღაც შორს მოსჩანს რაღაც პატარა წყალი. ეს არაგვია სათავეში. აქ თავდება არაგვიც და საქართველოც, რომელსაც ვეუბნები უკანასკნელ მშვიდობას.

ეს სანახავი ორგვარ გრძნობას გიღვიძებს: თუ შიშსა გგვრის ერთის მხრივ, მეორეს მხრით აღტაცებაში მოჰყევხარ. საერთოდ კი ეს სანახავი დაუვიწყარ და თვალ-წარმტაცს სურათს წარმოადგენს.

გავიარეთ ეს საშიში ადგილები და აგრეთვე კედლებით შემოზღუდული და ზემოდამ მაგრად დახურული ადგილი, სადაც თოვლის ზვავები ჩამოაწვება ხოლმე, და სამშვიდობოში გავედით. კობი გავიარეთ და ყაზბეგისკენ მივეშურებით. აქ თერგის სამეფო იწყება. მხოლოდ აქ ეს ის შეუპოვარი და მრისხანე თერგი არ არის, რომელსაც პოეტები აგვიწერენ. აქ თერგი წყნარია და უმანკო, ვითა კრავი, ჩუმი და უწყინარი ვითა ახლად შობილი ბავშვი.

მივედით ყაზბეგშიც. უკვე საღამოა, მყინვარი ქუდჩამოფხატული, ნისლით შემოსილი, დაღვრემილი დაგვხვდა. «მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დასწოლიან, და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან», მაგონდება გრ. ორბელიანის სიტყვები.

საქართველოს სამხედრო გზა, ყაზბეგი, მე-19 საუკუნე

ყაზბეგში ღამე უნდა გავათიოთ. კარგი შენობაა სადგური, ნომრები – რიგიანი ოთახებია.

ვახშმის შემდეგ, მოვემზადეთ საძილეთ. მაგრამ თვალზე რული არ მომდის, ძილი გამიკრთა, ათას ფიქრებში გავერთვი, ტფილისიდგან რამდენჯერ დამინახავს მყინვარი და მინატრია მისი ახლო ნახვა, და ეხლა სულ ახლოსა ვარ. რასა ვგრძნობ? მაგონდება ილიას სიტყვები მისი «მგზავრის წერილები»-დან. «მყინვარი დიდებულია, და თან ამაყი, მიუკარებელი, ცივი. მისი სიდიადე მაკვირვებს, თვალს მიტაცებს, ხოლო გულში კი სითბოს არ მაგრძნობინებს, სიყვარულს არ მიღვიძებს, არ მიყვარს არც მაგისთანა სიდიადე, არც მაგისთანა განზე გადგომა. დალოცოს ისევ ღმერთმა თავზე ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი! რად მინდა მყინვარის სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება. მყინვარი დიდ გიოტეს მომაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარ ბაირონს. თერგო, მითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი».

მყინვარი მეც ცივად და გულჩათხრობილად მეჩვენება. რას ჩაფიქრებულხარ მყინვარო? რა დარდი გაწევს გულზე? ის ხომ არა, რომ ადამიანმა გაჰბედა, შენი წიაღი გააპო და შენ დაუკითხავად გზა გაატარა? თუ ეგ ჩაგიხვევია გულში, მაშ რატომ ჭკუა არ მოიხმარე და არ დაუჯერე მოხუც თეთრ-სპეტაკ იალბუზს, როცა ის გაფრთხილებდა და გირჩევდა მოჰრიდებოდი ადამიანს, შენ რა უპასუხე ამაყად იალბუზს:

Не боюсь я Востока,
Отвечал Казбек,
Род людской там спит глубоко
Уж девятый век.

დიახ, მყინვარო, შენმა სიამაყემ, მედიდურობამ დაგღუპა შენ. ამ პატარა ქმნილებას, რომელსაც ადამიანი ჰქვიან, შენ არაფრად აგდებ, მაგრამ ერიდე, შეგებრძოლება და ვინ იცის, იქნება შენი მედიდური თავი მოიხარო მის წინაშე, გული გაუხსნა და შიგ ჩამარხული სიმდიდრე, რომელიც დღეს არც შენია და არც სხვისა, სხვამ გამოიყენოს. ასეთი და სხვა მრავალი ამგვარი ფიქრები მიტრიალებდა თავში, როდესაც ოთახში მზემ უკვე შემოანათა. ადრე უნდა გავსულიყავით აქედგან. საჩქაროდ ჩავიცვი და გარედ გამოვედი. იმედი მქონდა, იქნება ეხლა მაინც დაგვანახვოს მყინვარმა თავის სახე. იმედი არ გამიცრუვდა. მყინვარი მოწმენდილი იყო, მისი სპეტაკი თეთრი თავი ისე გამოიყურებოდა, როგორც ახლად გაღვიძებული ბავშვის უმანკო პირის სახე, მზის სხივები შარავანდედად თავს შემოჰვლებოდენ და მყინვარი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მზეს ეარშიყება და შეჰხარისო.

საქართველოს სამხედრო გზა, თერგის დაბლობი, ნ. გადაევის ფოტო, 1890-იანი წლები

მე რას ვიფიქრებდი მაშინ და შენ კი იცოდი, მყინვარო, რომ შენ ფეხქვეშ, სოფელ სტეფანწმინდაში დაიბადა და იზრდებოდა სანდრო ყაზბეგი, ის ყაზბეგი, რომელმაც აღმოაჩინა, გაგვაცნო და შეგვაყვარა ელგუჯა, ხევის ბერი გოჩა, მოძღვარი, მარტია და სხვანი მრავალნი. ესენი სულ შენი ღვიძლი შვილები იყვნენ: ამაყნი შენსავით, ხოლო არა მიუკარებელნი, შენსავით გულმაგარნი, ხოლო არა გულქვანი, მტრისთვის მედგარნი, მრისხანენი, ხოლო მეგობრისათვის გულჩვილნი, თავდადებულნი. ერთი სიტყვით, ყველა შენი ღირსება დედის ძუძუსავით შერგებოდათ, ხოლო შენი ნაკლი, შენი გულციობა, განზე გადგომა არ შეეთვისებინათ, უკუეგდოთ. მხოლოდ შენ წიაღში შეეძლოთ დაბადებულიყვნენ ასეთნი მძლავრი სულით, უმწიკვლონი გულით ადამიანები! შენ აღგვიზარდე ნიჭით უხვი კალმით მადლიანი სანდრო ყაზბეგი. ამისთვის დიდს მადლობას გიძღვნის ყველა ქართველი. ახლა კი მშვიდობით, მყინვარო. გშორდები, იმედი მაქვს, კიდევ გინახულებ.

დილით ადრე გავედით. აქედგან იწყება დარიალის ხეობა. აქ თერგი ტყავს იბრუნებს და ფერს იცვლის. ის ჩუმი და წყნარი თერგი აღარ არის, რომელიც ზევით ვნახეთ აქ.

თერგი რბის, თერგი ღრიალებს,
კლდენი ბანს ეუბნებიან.

გაშმაგებული თერგი დაჭრილი ვეფხვივით ხტის, ქვიდგან ქვაზე გადადის და ღრიალებს, ღრიალებს ისეთი ხმით, რომ ყურთა სმენა არ არის, ლაპარაკი გვიძნელდება, ერთმანეთს ვერაფერს ვაგონებთ ამ ყვირილსა და განგაშში. მივდივართ სულ ქვევით დაღმართით. ხეობა უფრო მეტად ვიწროვდება. ისე გეჩვენება ხანდახან, რომ აი ეს არის კლდე კლდეს მოეკვრება და გზას გადაგიღობავს. კლდეები თვალუწვდენელი სიმაღლისაა და ამ ბუმბერაზებს რომ შეჰყურებ ამ ვიწრო ჯურღმული ხეობიდგან, შენი თავი პატარა ქონდრისკაცად გეჩვენება და ჰფიქრობ, ეს კლდე რომ გადმოწვეს, ჭიანჭველასავით გაგსრესავს.

დარიალის ხეობა, 1872 წ.

გათავდა დარიალის ხეობა და მასთან ჩემი ოცნებაც. ჩვენ თვალ წინ გადიშალა ვაკე მინდორი. აგერ მოსჩანს კავკავიც (ეხლანდელი ორჯონიკიძე), ქალაქს არა უშავს რა. ლამაზად გაშლილა კავკასიის მთების ძირში, მდინარე თერგის ორსავ ნაპირზე. არ მომწონს მხოლოდ მისი სახელი. Владикавказ, ვითომ «Владей Кавказом», ე.ი. შენ იყავ ბატონი მთელი კავკასიისაო. ძველად ამ ქალაქს ძაუგს უწოდებდნენ. იმათ, ვინც ძაუგი ვლადიკავკაზად შესცვალა, მართლა კავკასიაზე ბატონობა სწადდათ. და აკი კიდეც აუხდათ ეს საწადელი, ას წელზე მეტს კავკასიონი ქედმოხრილი იდგა მეფის რუსეთის წინაშე, დამონავებული, ყოველგვარ უფლებას მოხდილი.

ვლადიკავკაზი – Vladikavkaz

ღამე კავკავში გავატარე და მეორე დღეს რკინის გზით გავეშურე პეტერბურღს. კავკასიონის მთებს ჯერ სრულებით არ მოვშორებივართ. აგერ მივუახლოვდით პიატიგორსკს. შორს-შორს მოსჩანს თეთრი, ორთავიანი იალბუზი, ახლოს ხუთთავიანი ბეშტაუ მაღლა აყუდლებულა და ამაყად დასცქერის გარშემორტყმულ მომცრო მთებს, როგორც მბრძანებელი თავის ამალას. მირბის დაუღალავი მატარებელი. გზა სწორია, როგორც ხელის გული. სრულიად ერთფეროვანი ველები, მინდვრები. გაჰქრა ის სხვადასხვა ფერადებით ნახატი სურათები, რომელნიც კავკასიონის ბუნებაში ისე გხიბლავს, გულში სიამოვნებას გიღვიძებს და რაღაც ოცნების ბადეში გახვევს. აქ კი, რუსეთის ამ თვალგაუწვდენელს მინდვრებზე ერთგვარობა, ერთფერობა გღლის, შენდა უნებურად თვალი გელულება და ძილი გძლევს. ასეთ ძილ-ღვიძილში მიდის დრო. გავიარეთ როსტოვი და ბევრი სხვა ქალაქი, მაგრამ არც ერთი ჩემ ყურადღებას ვერ იპყრობს, აქაც ყველაფერს ერთგვარობის ფერი ადევს. ერთმა გარემოებამ კი მიიქცია ჩემი ყურადღება. როსტოვიდგან დაწყობილი ვიდრე მოსკოვამდე ისე სადგურს ვერ ნახავდით, რომ ბაქანზე, ცივ დედამიწაზე, ცის ქვეშ ჭერეხივით ხალხი არ ყრილიყო. დაგლეჯილ-დაფლეთილები, მათხოვრის ბარგი-ბარხანით, დიდი და პატარა, კაცი და ქალი ძუძუთა ბავშვებით ეყარნენ ასე უპატრონოთ. წვიმა იყო თუ სიცხე, ავი თუ კაი დარი _ იმათთვის სულ ერთი იყო; თავშესაფარი მათ არ გააჩნდათ. ვიკითხე: რა ამბავია მეთქი. ამიხსნეს: ზოგი თურმე სამუშაოს საძებნელად მიდის იქ, სადაც კაი მოსავალი იცის, ზოგნი კი დედაბუდიანად აყრილან თავიანთი მამაპაპეული ადგილებიდგან და მიდიან სადღაც შორს, ციმბირში, ახალ ადგილებზე გასაშენებლად და დასაბინავებლად, ამათთვინ განსაკუთრებული მატარებლები იყო დანიშნული, რასაკვირველია, ყველაზე უსაძაგლესი, და ამასაც კი დროზე არ აწოდებდენ, დღეობით და ხშირად კვირაობითაც ალოდინებდენ. მეტადრე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ეს სანახაობა ღამეობით. გული კვნესდა, როდესაც ცივ ღამეში გესმოდა ამ ხალხის ხვრინვა, ოხვრა, გულსაკლავი ხველა ავადმყოფისა, დაჟინებული, განუწყვეტელი ტირილი ბავშვის, იქნება მშიერისაც.

მაკვირვებდა და მაოცებდა ეს მოვლენა. ვფიქრობდი, კარგი პატრონი პირუტყვს, საქონელსაც არ მიატოვებს ესე ღვთისანაბრობაზე, და ესენი ხომ კაცნი არიან, ადამიანნი, ქვეყნის მკვებავნი, მისი დედა-ბოძი. არ მენახა და არ გამეგონა ჩვენში ასეთი რამ, მერე უცხო ქვეყნებშიც ბევრი მივლია, ბევრი მინახავს, მაგრამ ამისთანა რამ იქ არაფერი შემხვედრია. უცხოელებისათვის რომ ეს მეამბნა, იმათ უთუოდ ზღაპრად ეჩვენებოდათ და სიცილს მომაყრიდნენ.

ხარკოვს ვუახლოვდებოდით, აქნამდის მთელ ტერიტორიაზე როსტოვიდან მოკიდებული გაშლილია უკრაინა. აქაური ხალხი, რომელსაც მეფის დროს დაცინვით უწოდებდნენ «მალოროსებს» და «ხახოლებს», ბევრათ განირჩევა დიდი რუსეთის ხალხისაგან, «ველიკოროსებისაგან», როგორც ენით ისე ზნე-ჩვეულებით და რამდენადაც მე შევამჩნიე, გარეგნობითაც. ამათ უფრო მეტი ელფერი ადევთ აღმოსავლეთის ტიპისა, ვიდრე ველიკოროსებს, რომელთაც მეფის დროსვე უკრაინელებიც აჯავრებდენ: დაცინვით «კაცაპებს» უწოდებდენ, ე.ი. წვერიან თხებს. კაცაპების სახელწოდება ამით უნდა აიხსნას, რომ ველიკოროსები წვერს ატარებენ, თვით უკრაინელებს კი წვერი ყოველთვის მოპარსული აქვთ და ულვაშებს კი გრძლად უშვებენ. ცოტა მძიმე ხალხია უკრაინელები, ლაპარაკი არ უყვართ. ვაგონში რომ შემოვიდნენ, ერთ ორ სიტყვას თუ გაიგონებდი მათგან, თორემ მერე, მიჩუმდებოდნენ, ააბოლებდნენ ჩიბუხს და პირიდან აღარ იშორებდნენ, გაუთავებლად სწუწნიდნენ. უკრაინელების დასახასიათებლად გიამბობთ ერთ ანეგდოტს, რომელიც გზაში გავიგონე მგზავრებისაგან. ორი უკრაინელი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ქალაქში მიდიოდა ხარებით შებმული ურმით (повозка), ხოლო მეორე ამგვარივე ეკიპაჟით ქალაქიდგან ბრუნდებოდა და აი, მისალმების შემდეგ მათ შორის ასეთი ბაასი გაიბა.

_Откель? _ ჰკითხავს პირველი.

_ С Ромны (ქალაქია), _ უპასუხებს მეორე.

_ А що?

_ Вола.

_Яким цены?

_Двадцать.

_Эге!

_ Эге და განშორდნენ ერთმანეთს. ამ მოკლე, მოწყვეტილი სიტყვებით იმათ კარგად გაიგეს თავიანთი გულის პასუხი. ე.ი. პირველმა გააგებინა მეორეს, რომ ქალაქ რომნაში ყოფილა და ხარი გაუყიდნია ოც მანეთად.

მივდივართ მოსკოვის მიწა-წყალზე, აქ «ველიკოროსების» ქვეყანაა. ესენი დიდად განირჩევიან უკრაინელებისაგან ენითაც და შეხედულობითაც. ეს უკანასკნელნი უფრო შავგვრემანნი არიან, «ველიკოროსებს» კი უფრო თეთრი ფერი გადაკრავთ. უკრაინელები თუ მძიმე, ცოტა სიმღერის კილოთი ლაპარაკობენ, «ველიკოროსები» პირიქით, მაგარი, მტკიცე კილოთი ისვრიან სიტყვებს.

მე მესამე კლასის ვაგონით მივდიოდი. მოგზაურების უმეტესობას შეადგენდნენ გლეხობა, წვრილმანი ჩარჩი მოვაჭრეები და დაბალი ხარისხის მოსამსახურეები. ყურთა სმენად ვიყავი გადაქცეული, მინდოდა გამეგო ამათი აზრი, შეხედულება ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენაზე, შემეტყო ახალი რამ პოლიტიკურ მოძრაობის შესახებ, რომელიც, ვფიქრობდი, აქ უფრო მძლავრი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვენში. მაგრამ ვხედავდი, რომ ყველას შიში ეტყობოდა. მაღლა ხმით ლაპარაკს ერიდებოდა და ლაპარაკის დროს სულ აქეთ-იქით იხედებოდა და თუ სადმე მაღლა ხმით ლაპარაკი გაისმოდა, ამ ლაპარაკს ისეთი უცნაური თავისებური დიპლომატიის ბეჭედი ესვა, ან ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, რომ მათი საუბრისას ვერც თავს გაიგებდი, ვერც ბოლოსა. ამის ნიმუშად ერთს მაგალითს მოვიყვან, რომლის მნახველი ვიყავი შემდეგ პეტერბურღში.

ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ყური მოვკარი ბაასს, რომელიც ჰქონდა შვეიცარს და უფროს მეეზოვეს. მაშინ ეს ორი თანამდებობა დიდ რამედ ითვლებოდა დაბალი ხარისხის ადმინისტრაციაში. შვეიცარი, საპარადო ტანისამოსში გამოწყობილი, თავმომწონედ ზის სკამზე შესავლის კარებთან ქუჩაში და ამაყად გასცქერის გამვლელ-გამომვლელს. აგერ ალაყაფის კარებიდგან გამოჩნდა მეეზოვე და აუჩქარებელი ნაბიჯით, დინჯათ მოუახლოვდა შვეიცარს.

– Моё-с Вам почтение-с, Петр Феодорович, _ ზრდილობიანი მოწიწებით მიესალმა.

– Здравствуйте, Никанор Карпич! _ იმავე ზრდილობით მიუგო შვეიცარმა;

– Как живете, можете?

– Благодарим-с! Грех пожаловаться на судьбу!

– Что нового? Петр Феодорыч?

– Кажись, ничего.

– Да вот поговаривают о войне. Да еще болтают что то про заводских ребят: пошаливают, мол, вроде как бунт собираются учинить.

– Оно, конечно того-с, но коли ежели теперича, да примерно сказать, то надо полагать, значит, выходит…

– Та-ак-с! понимаем-с.
ხომ ხედავთ, რა დიპლომატიაა: ერთმა მთელი გროვა სიტყვები წამოროშა და მაინც არაფერი სთქვა გასაგები, ჩაჩქმალა, მეორე კარგად მიუხვდა ამის ეშმაკობას, მაგრამ პირი არ აჩვენა და ცბიერობით უთხრა, მესმისო.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button