ეკონომიკაფილოსოფია

პაატა შეშელიძე, ნინო გორგაძე – ლიბერალიზმის პრინციპები

“ლიბერალიზმი”, როგორც ტერმინი გამოიყენება 1812 წლიდან, მას შემდეგ, რაც ესპანეთში შეიქმნა ლიბერალების პარტია და სამოქალაქო კონფლიქტში კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებების მოწინააღმდეგეები გააერთიანა.[1] მას ლათინური ძირი აქვს და თავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალებს სურდათ, რომ ამ სახელით გამოეხატათ პოლიტიკური იდეალები, მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც პიროვნებებს გააჩნიათ სრული თავისუფლება ესწრაფვოდნენ თავიანთ საკუთარ ბედნიერებას მათთვისვე მისაღები გზებით, იმ პირობით, რომ ამან არ უნდა შეზღუდოს სხვების თავისუფლება.

ტერმინ “ლიბერალიზმი”-საგან განსხვავებით, შინაარსი, რომელიც მასში ჩაიდო კაცობრიობისათვის ახალი არ ყოფილა. შორს რომ არ წავიდეთ, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ახალშექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით უკვე იყო აღიარებული მსგავსი უფლება და მნიშვნელოვანწილად, ევროპელი ლიბერალების შთაგონების წყაროსაც წარმოადგენდა.

თუმცა, “ბებერ კონტინენტს” საკუთარი ტრადიციებიც უხვად ჰქონდა, რომ “ლიბერალიზმი” ესაზრდოებინა. დამფუძნებელი მამების “ამერიკული ოცნებაც” ხომ, სინამდვილეში ანგლო-საქსური წარმოშობის იყო. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიბერალიზმში გაერთიანებულია ე.წ. ანგლო-საქსური – ევოლუციონისტური და კონტინენტური, ანუ რაციონალისტური ტრადიციები. პირველი, ადამიანების თანამშრომლობის სპონტანურ წესრიგს აღიარებს, რომელიც მრავალი პიროვნების ინდივიდუალური, დამოუკიდებელი “მცდელობებისა და შეცდომების” შედეგად ყალიბდება. მეორე, გადამწყვეტ როლს გონების “ყოველგვარი ცრურწმენისა და დოგმისგან განთავისუფლებას” ანიჭებს და საზოგადოების უკეთეს მომავალს ყოვლისმომცველ რეფორმაციას უკავშირებს. პირველისათვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საკვანძო საშუალება თითოეულის თავისუფლებაა, მეორესთვის – ყველას თანასწორუფლებიანობა.[2]

აქედან გამომდინარე, თანამედრვე თეორიული და პოლიტიკური ლიბერალიზმი ცდილობს, რომ თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა ერთმანეთს შეურწყას. თუმცა წინააღმდეგობები, როგორც იმის განსაზღვრაში, თუ რა არის თავისუფება და რა არის თანასწორუფლებიანობა, ისე მათი მიღწევის გზების შერჩევაში, იმდენად ხშირი და მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალიზმი აღარ შეიძლება ჩაითვალოს მონოლითურ მსოფლმხედველობად. მისი “მემარჯვენე” განშტოებები, რომლებიც ადამიანის თავისუფლების განუყოფელ ნაწილად ეკონომიკური საქმიანობაში ხელისუფლების ჩაურევლობას მიიჩნევენ, კონსერვატიზმს უახლოვდებიან, ხოლო “მემარცხენე” განშტოებები, რომლებიც თანასწორობის გარანტად, პირიქით, სწორედ რომ ამა თუ იმ სახელისუფლო რგოლის ჩარევას მიიჩნევენ – სოციალიზმს. გარდა ამისა, ლიბერალიზმის წიაღიდან მომდინარეობს “ლიბერტარიანიზმი”, რომელიც მინიმალური უფლებამოსილების, სიმბოლურ მთავრობას დასაშვებად მიიჩნევს, “პანარქიზმი”, რომელიც ექსტერიტორიალურ ხელისუფლებას უშვებს და “ანარქო-კაპიტალიზმი”, რომელიც საერთოდ უარყოფს მთავრობის არსებობის საჭიროებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რიგ ქვეყნებში ლიბერალები კონსერვატიული ხასიათის პარტიებში ერთიანდებიან, როგორც ეს ხდება მაგალითად იაპონიასა და ავსტრალიაში. ხოლო სხვებში, მაგალითად შეერთებულ შტატებში, ისეთ პარტიებში, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულია თავის არსით. არც ისაა გასაკვირი, რომ ზოგიერთები, საკუთარი ლიბერალობის ხარისხის განსამარტავად ტერმინებს: “კლასიკურ ლიბერალს”, “პალეო-ლიბერალს”, “ნაციონალ-ლიბერალს”, “სოციალ-ლიბერალს”, “ორდო-ლიბერალს”, “ნეო-ლიბერალს’ და სხვა მრავალს იყენებენ. ამასთან, დაუნდობლად აკრიტიკებენ ერთმანეთის “ლიბერალობას”.

შესაძლოა, “ლიბერალიზმის” ასეთი მრავალსახეობა და “შიდაოჯახური” ქიშპი, ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს და საერთოდ, “ლიბერალიზმს”, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, ეჭვით შეხედოს. მაგრამ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ სწორედ ეს მრავალფეროვნება იქნეს მიჩნეული “ლიბერალიზმის” ცხოველუნარიანობის მთავარ არგუმენტად.

“ლიბერალიზმი”, უპირველეს ყოვლისა, თვითდამკვიდრების თავისუფლებას გულისხმობს; აზრის, სიტყვის, პრესის, რწმენის თავისუფლებს აღიარებს და იმ შეხედულებების არსებობასაც ლეგიტიმურად ცნობს, რომლებიც არა უბრალოდ განსხვავებული, არამედ ლიბერალიზმის საწინააღმდეგონიც კი არიან.

აქ ჩვენ არ ვაპირებთ, ლიბერალიზმის რომელიმე განშტოების უპირატესობებზე და ნაკლოვანენბზე ვიმსჯელოთ და მითუმეტეს, თავს “ლიბერალები” ვუწოდოთ. მაგრამ მაინც გვსურს, ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის შეხედულებები, რომლებიც ყველაზე უფრო გვიზიდავს სხვადასხვა ლიბერალურ, ან მის წიაღიდან აღმოცენებულ სწავლებებში და დავასახელოთ ის ავტორები, რომელთა ნააზრევი განსაკუთრებულად მოგვწონს. თუმცა, შესაძლოა, ბევრი აქ გადმოცემული მისაზრება, სადღეისოდ უკვე აღარ წარმოადგენდეს მხოლოდ “ლიბერალიზმის” კუთვნილებას და არც ზოგიერთ დასახელებულ ავტორს მიუკუთვნებია საკუთარი თავი როდესმე ლიბერალებისათვის.

პიროვნული თავისუფლება და პასუხისმგებლობა

პიროვნულ თავისუფლებაში ვგულისხმობთ, რომ ადამიანი თავისუფალია დაისახოს მიზნები და აირჩიოს მათი განხორციელების გზები. ამავდროულად, არავის აქვს უფლება უნებართვოდ ჩაერიოს სხვა ადამიანების ცხოვრებასა და საქმიანობაში, შეზღუდოს მათი თავისუფლება – ესწრაფვოდნენ ბედნიერებას ისე, როგორც ეს მათ სწამთ; რაიმე მოტივით ხელყოს მათი სიცოცხლე, ღირსება და საკუთრება. თავისუფლება ესაა შეუზღუდაობა გარეგანი ცდუნებებისაგან, დამოუკიდებლობა ცოდვისაგან, თავშეკავება ძალამომრეობის გამოყენებისაგან.

ადამიანი, რომელიც მავნე მიდრეკილებებით და აღვირახსნილობით ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და რეპუტაციას, ხელს უშლის ღვთისგან ბოძებული ნიჭისა გამოვლენას, აკნინებს საკუთარ ღირსებას და ქარს ატანს შესაძლებლობებს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ყოველი სხვა მოძალადე. თუმცა, ადამიანის მორალურ მსაჯულად ვერც სხვა ადამიანები და ვერც მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო გამოდგება. ადამიანი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებეზე, იღებს დაკმაყოფილებას წარმატებებისაგან და იხდის შეცდომების საზღაურს. შესაბამისად, თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია.

კერძო საკუთრება

მიგვაჩნია, რომ პიროვნული თავისუფლება განუხორციელებელია კერძო საკუთრების გარეშე და ვიზიარებთ, მეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი ლიბერალი ეკონომისტის, ახალი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მამამთავრის, ლუდვიგ ფონ მიზესის აზრს, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს, ლიბერალიზმის პროგრამა, სწორედ ამ ერთი მცნებით დახასიათდეს.[3] კერძო საკუთრება არის ის საფუძველი, რომელზედაც ადამიანების თანამშრომლობა იგება. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების გარანტიასაც და ჩარჩოსაც: ის, უმთავრესი და განუყოფელი, რაც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ადამიანის კერძო საკუთრებას, მისი სიცოცხლე, სხეული და ღირსებაა. მათი ხელყოფა დაუშვებელია! ე.წ. საზოგადოებრივი საკუთრება, სხვა არაფერია თუ არა ფიქცია, რადგან რეალურად მას ექსპლუატაციას უწევენ ბიუროკრატები, რომლებიც ამით საშუალებას იღებენ ებატონონ ადამიანებს.[4] გარდა ამისა, კერძო საკუთრების უფლებას (და არა თავად საკუთრებას!) მოკლებული ადამიანი, სხვა არაფერია თუ არა მონა. ადამიანის დამონობა კი, შეუთავსებელია თავისუფლებასთან. კერძო საკუთრება არის კაცობრიობის ყოფიერი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა.

ეკონომიკური თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი მოქმედებს, რომ სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.[5] მას ამ ამოცანის გადაწყვეტა ყველაზე ეფექტურად შეუძლია, როცა ის სრულფასოვნად განკარგავს საკუთარ თავს, შრომას, დროს, ნიჭს, შესაძლებლობებს და ყველა დანარჩენ ხელქვეით რესურსს. ამავდროულად სარგებლობს ამის ნაყოფით. ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია, მხოლოდ შრომის დანაწილების ისეთ სოციალური სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე.

ასეთი თვითორგანიზებადი სისტემა ყალიბდება ადამიანების ურთიერთანამშრომლობით, რომელიც აგებულია არაძალადობრივ, ნებაყოფილობით და ურთიერთსასარგებლო გარიგებებზე და სამეურნეო გაცვლებზე. ყოველივე ამას, ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს; მხოლოდ ღია და თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი და საბაზრო ეკონომიკა ეწოდება. ამ სისტემის გენიალური სიმარტივეს, საუკეთესოდ გადმოსცემს ლუდვიგ ფონ მიზესი – “მიუხედავად იმისა, რომ მასში თითოეული მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესებისათვის, ეს მოქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს, როგორც თავისი, ისე თავის გვერდით მდგომის მოთხოვნილებები. შედეგად, ბაზარი ინდივიდუუმების საქმიანობას მიმართავს იქით, სადაც ისინი ყველაზე უკეთ მოემსახურებიან თავისსავე მსგავს მომხმარებლებს”.[6]

ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფალ ფასებს და ღია, საერთაშორისო კონკურენციას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების დონის ამაღლებას, პროდუქციის ხარისხიანობას და ხელმისაწვდომ ფასებს. საბოლოო ჯამში კი, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. თუმცა ბუნებრივი განსხვავებები, როგორც თავად ადამიანებს, ისე მათი ცხოვრების გარემო პირობებს შორის, განაპირობებს, რომ ღია ბაზარზე ყველა ერთნაირად წარმატებით ვერ საქმიანობს. მაგრამ ამ პრობლემას, თავად თავისუფალი ბაზარი წყვეტს. ის იძლევა გასხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების ჰარმონიზირების საშუალებას. ამიტომ დაუშვებელია რაიმენაირი შეზღუდვები და ბარიერები, რომლებიც აფერხებს ადამიანის ბაზრის მონაწილედ გადაქცევას, მისთვის უკეთესი და ხელმისაწვდომი განათლების, ტრეინინგის და ინფორმაციის მიწოდებას. დავესესხებით გამოჩენილ გერმანელ ეკონომისტს, დასავლეთ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის ერთერთ თეორეტიკოსს, ვილჰელმ რიოპკეს და თითოეული ჩვენთაგანი მზადაა განაცხადოს: ”მე უპირატესობას ვანიჭებ ეკონომიკურ წესრიგს, რომელსაც მართავენ თავისუფალი ფასები და ბაზრები… ეს ერთადერთი ეკონომიკური წესრიგია, რომელიც თავსებადია ადამიანურ თავისუფლებასთან”.[7]

სახიფათოა, როდესაც ხელისუფლება ერევა სამეურნეო ურთიერთობებში. ეს უპირველეს ყოვლისა ადამიანის საკუთრების უფლების უხეშ შეზღუდვას ნიშნავს, რადგან ამ დროს რესურსები იძულების წესით გადანაწილდება კერძო მეპატრონეების ჯიბიდან, ე.წ. საზოგადოებრივში, რომელიც როგორც წესი ”უძიროა”. როდესაც ხელისუფლება აწესებს ვაჭრობის კანონებს, მიგითითებს თუ სად და რა ისწავლო, ან რა საქმიანობას მიჰყო ხელი, პირველი რაც უნდა გააკეთო, შენი საკუთარი უფლებების გამოსყიდვაა.[8] ამიტომ ასეთი ხელისუფლება, აპრიორი კორუმპირებული და უავტორიტეტოა. ”საზოგადოებრივი” მომსახურება და წარმოება, როგორც წესი წამგებიანია და თან ხარისხის გაუარესების ფონზე, სულ უფრო ძვირდება.[9] გადასახადების გადამხდელებიდან იძულებით აკრებილი გადასახადები კი, ძირითად ბიუროკრატიის და მათი პოლიტიკური მფარველების მთელი ჯარის შენახვას ხმარდება. ხელისუფლებისა და საერთოდ, ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების ორგანიზება, გადასახადების გარეშე, არა მარტო შესაძლებელია, არამედ ეთიკურად სწორი და ამიტომ აუცილებელიცაა!

აზრის, სიტყვის და ინფორმაციის გაცვლის თავისუფლება

თავად ის ფაქტი, რომ ამ სტრიქონებს ვწერთ და ვცდილობთ გადმოვცეთ ჩვენი შეხედულებები, ასაბუთებს თუ რაოდენ სასარგებლოა აზრის, სიტყვის და ინფორმაციის თავისუფლება. განსხვავებული შეხედულებების გამოთქმის, მათი განსჯის და მათში წვდომის გარეშე, შეუძლებელია, რომ ადამიანებმა გააუმჯობესონ ცხოვრების ზოგადი პირობები და უზრუნველყონ პირადი კეთილდღეობა. თუ ცალკეულ ადამიანს ან მათ საზოგადოებას სურს, რომ განვითარდეს, არ გადაიქცეს საკუთარი მანკიერებების მსხვერპლი, მან არ უნდა დაუშვას ამ უფლებების შეზღუდვა და ცენზურა. თანამედროვე ინფორმატიკული სამყარო უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა, რომ ადამიანი არა მარტო მოვლენათა საქმის ყურში იყოს, არამედ თავადაც იყოს გაგონილი და ჩართული ყოველივე იმაში, რაც ხდება. მას მეტი შენსი აქვს, რომ მოვლენათა მსვლელობაზე გავლენა იქონიოს და ამავდროულად, საჭიროებისას თავი დაიცვას.

რელიგია და განათლება

“ლიბერალიზმში” ვხედავთ უდიდესი შემწყნარებლობისა და გონებაგახსნილობისაკენ მოწოდებას. რწმენის და ცოდნის მიღების თავისუფლება, ადამიანისათვის ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი და საკვები. სწორედ ეს არჩევს მას ცხოველისგან და ანიჭებს ყოველივე იმის ჭვრეტისა და შეცნობის საშუალებას, რაც მისი კეთილდღეობისთვის არის საჭირო. რწმენა ძალას აძლევს, ხოლო განათლება ხვეწს მის შესაძლებლობებს. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც განათლების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი, ამცირებს სოციალურ დაძაბულობას და ზრდის ადამიანების შრომის ნაყოფიერებას. რწმენის არ ქონა, ადამიანს უხეშს და ვერაგს ხდის, ხოლო უსწავლელობა – აზარმაცებს და სხვის ხარჯზე ცხოვრებისაკენ მიდრეკილებას უჩენს. აქედან ერთი ნაბიჯია, რომ ადამიანმა უარი თქვას თავისუფლებაზე და მონად იქცეს.

ამავდროულად, რწმენა და განათლება ადამიანის პირადი საქმეა. მისი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. ისინი თავად ადამიანს სჭირდება, რომ უფრო მეტად შეიმეცნოს სამყარო და იპოვოს საკუთარი ადგილი მასში. ის თავად უნდა მივიდეს ამ აზრამდე და თავადვე იმოქმედოს. რწმენისა და განათლების ძალით თავზე მოხვევაა შეუძლებელია. ამა თუ იმ რწმენის პრივილეგირებულ “სახელმწიფოდ რელიგიად” გამოცხადება და სავალდებულო სახელწიფო საგანმანათლებოლო სისტემის მხარდაჭერა, ეს ის გზაა არაა, რომლითაც ადამიანში ჭეშმარიტების მარცვალი გაღვივდება. ქრისტეს სიტყვის ადამიანის გულამდე და გონებამდე მისასვლელად არ სჭირდება “სახელმწიფო დეკრეტები”. ამისთვის საკამრისია ქრისტიანის მართალი სიტყვა და ზნეკეთილი მაგალითი. არც იმას სჭირდება უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა, რომ ადამიანმა გარემოს “ანბანი” შეისწავლოს. მას ამას ცხოვრება კარნახობს.

თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა

თანასწორუფლებიანობა ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ასაკობრივ, რასობრივ, სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმიანციის უარყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, თანასწორუფლებიანობა გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას.

თანასწორუფლებიანობა იდეა ვერ იქნება გაგებული სწორად და ბევრი გაუგებრობის წინაპირობად იქცევა, თუ მოწყვეტილი იქნება სამართლიანობის გაგებას. სამართლიანობაში წარმომიდგენია შედეგების შესაბამისობა შრომასა და თავდადებასთან, რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება, ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია, მას არც სხვისი შურს და არც ის ენანება, ნებაყოფილობით გაუზიაროს სხვებს თავისი ბედნიერება და აქტიურად, საქმით იქნება თუ სახსრებით, გამოხატოს ადამიანური თანაგრძნობა და მოყვასის სიყვარული.

კანონის უზენაესობა

მიგვაჩნია, რომ საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს კერძო სამართლებრივ სივრცეში, რომელიც თავისი ბუნებით მიდრეკილია თანხმობის, მშვიდობისა და სამართლიანობისაკენ, სადაც სიტყვაც – კანონია და უპირობა – დანაშაული; რომელსაც ქმნის და ხვეწავს ღვთის ნებასთან ზიარება და არა ძალაუფლებადახარბებული პატივმოყვარე ადამიანების ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო სისტემა უნდა იცავდეს ადამიანების თავისუფლების ხელშეუხებლობასა და მათი უფლებების დაცვას, ეყრდნობოდეს ეთიკურ პრინციპებს და არ ლახავდეს პირადი ცხოვრების ინტიმს. ამავდროულად, მკაცრად უნდა ზღუდავდეს ხელისფლებას, ზუსტად უწესებდეს სამოქმედო ასპარეზს და ხერხებს. ყველა, მიუხედავად ქონების, სამსახურებრივი მდგომარეობისა და დამსახურებისა, ხელისუფლების წევრების ჩათვლით, კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ყველა ბრალდებულს უნდა განემარტოს რაში ედებათ მათ ბრალი, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა. ყველა უდანაშაულოა, სანამ მათი ბრალეულობა არ დადასტურდება. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, არც ხელისუფლება და არც ვინმე სხვა, უნდა უკარნახობდეს ან ემუქრებოდეს მათ, თუ როგორ მოიქცნენ. უნდა მართავდეს სინდისი, კანონი, და არა ბიურიკრატთა ნება და ხრიკები.

ხელისუფლება და დემოკრატია

ხელისუფლება საჭიროა იმდენად და მხოლოდ მაშინ, რამდენადაც და როდესაც ის ახერხებს, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე, საკუთრება და სხვა განუყოფელი უფლებები. მას შეზღუდული და სრულიად განსაზღვრული, ერთობ სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფუნქციები უნდა ჰონდეს, რომელთა აღსრულება არ მოითხოვს დიდი ხარჯებს და იქნება გამჭვირვალე, როგორც ანგარიშგებისათვის, ისე კრიტიკისათვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ხელისუფლების კონტროლის საშუალება. მათ არ უნდა დაუშვან, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად დაარღვიოს მისთვის მიჩენილი სამოქმედო საზღვრები, ჩაერიოს მათ კერძო ურთიერთობებში და შელახოს უფლებები. ამ ამოცანის შესრულებისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ ხელისუფლებას არ ქონდეს გადასახადების დაწესების, ანუ კერძო პირების ქონების მითვისების უფლება და საშუალება. ადამიანებმა, ნებაყოფილობით უნდა შეიძინონ ხელისუფლების მომსახურება, ზუსტად ისე, როგორც ისინი ნებაყოფილობით იძენენ საკვებს, ტანსაცმელს ან სადაზღვო პოლისს.

ასეთი ხელისუფლება უნდა ემსახუროს ადამიანს, მის მიერვე უნდა იყოს შერჩეული, დაქირავებული და ექვემდებარებოდეს შეცლას, როდესაც ის ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, ადამიანი უნდა აკონტროლებს მას და არა პირიქით!

ასეთი ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს “ძალაუფლების განაწილების” პრინციპს, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ძალაუფლება არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრის ხელში, რადგანაც ამან შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ადამიანების უფლებების უგულვებელყოფა.

ასეთი ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთას შეიძლება ხელმძღვანელობდეს (პირდაპირ ან არაპირდაპირ) არჩეული პირი ან მემკვიდრეობითი მონარქიც კი, მაგრამ მისი საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული და მართული ხალხის წარმომადგენლობითი კონტროლით.

შესაძლოა, ასეთი სისტემა გარეგნულად ახლოს იდგეს დემოკრატიასთან, ან ე.წ. კონსტიტუციურ მონარქიასთან. თუმცა მისი განსხვავება ჩვეულებრივ, “უმრავლესობის დემოკრატიასთან”, ან “რჩეულთა დემოკრატიასთან”, მდგომარეობს იმაში, რომ ის გულისხმობს თითოეულის მონაწილეობას მხოლოდ იმ საქმეთა გადაწყვეტაში, რაც საქვეყნო საქმეებს – თავდაცვას, შინაგან წესრიგს და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება. ხოლო “საქვეყნო საქმის” გამრიგეები, ვერ ჩაერევიან ადამიანების კერძო ცხოვრებას და საქმიანობაში, ვერ დააწესებენ გადასახადებს და მეურნეობის წარმოების პირობებს. რასაკვირველია, ეს სისტემა, ისევე როგორც სხვა მმართველობის ფორმები, შეიძლება ტირანიად იქცეს, თუკი ის გადაგვარდება არჩევნებში “გამარჯვებული” უმრავლესობის მიერ “დამარცხებული” უმცირესობის მიმართ ანგარიშსწორების მანქანაში.[10]

მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი დაცული იყოს ჩაგვრისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი ე.წ. დემოკრატიული არჩევნების შედეგად “წაგებულ” უმცირესობაში მოხვდება. დემოკრატიული არჩევნები არ უნდა იქცეს “გამარჯვებულთა” სახელით, იმავე “უმრავლესობის” წარმომადგენლების და ან “უმცირესობის” ჩაგვრისა და ფიზიკური განადგურების იარაღად და მის ლეგიტიმაციად. ამიტომაა, რომ შეზღუდული უფლებამოსილების დემოკატიაც კი არის არა იდეალური სისტემა, არამედ ხელისუფლების სხვა სისტემებთან შედარებით მისაღები. მისი ცხოველუნარიანობისათვის, აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფალთა შერჩევის ღია, ჯანსაღი, კრიტიკული და კონკურენტული გარემო, რომ დამკვიდრებულ ადგილის, სახელისა და დიდების დაკარგვის შიშმა, გააკონტროლოს და დააბალანსოს ხელისუფალთა ცდუნება, ბოროტად და სხვების საზიანოდ გამოიყენონ მიმნდობილი ძალაუფლება.

მშვიდობა

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ მშვიდობა ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას, ხოლო ომი – სპობს ადამიანურობას, აცამტვერებს ყოველივე იმას, რაც შეუქმნია და უღირს ადამიანს. ადამიანი, რომელსაც აქვს ქონება, შრომობს, ქმნის, აწარმოებს მომხამრებლებისათვის საჭირო საქონელს და მომსახურებას, ღებულობს მოგებას და კმაყოფილია ცხოვრებით, არაფრისდიდებით არ დათანხმდება ომზე, რომელიც ძირს გამოუთხრის მის ყოფა-ცხოვრების, საფრთხეს შეუქმნის მას და მისი ახლობლების სიცოცხლეს; გაანადგურებს მის ქონებას. ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დაცულობა, განსაკუთრებით კი – კერძო საკუთრება და თავისუფალი სამეურნეო ურთიერთობები, მშვიდობის გარანტიაა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

მშვიდობა ქვეყნებს შორის, შრომის საერთაშორისო დანაწილების საშუალებით მიიღწევა. ნიშანდობლივია, რომ ხშირად ომის მიზეზი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კარჩაკეტილობა და მაღალი საბაჟო გადასახადებია. თუ ქვეყანებს ექნებათ ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და კულტურული გაცვლები, მათ ეკარგებათ ურთიერთსასარგებლო სამეურნეო ცხოვრების მორღვევის და მითუმეტეს, ერთმანეთთან ბრძოლის სურვილი.

შეჯამება

რასაკვირველია, ჩვენს მიერ აქ წარმოდგენილი შეხედულებები ლიბერალიზმზე, არც სრულყოფილია და არც სათანადოდ დასაბუთებული. თუმცა, თავად ლიბერალი მოაზროვნეების შემოქმედების გაცნობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი და დასრულებული. მითუმეტეს, რომ არც “ლიბერალიზმს” აქვს პრეტენზია ღრმა “სამეცნიერო” ხასიათზე, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური სისტემისაგან განსხვავებით. არც ლიბერალობის სიწმინდის საზომი ერთეულია დადგენილი, რომ ჩვენ ან ნებისმიერმა სხვამ, მასში საკუთარი ვერაფერი შევცვალოთ ან ახალი დავამატოთ.

სინამდვილეში “ლიბერალიზმი” არის ძალიან დინამიური, ადაპტირებადი და პრაგმატული, მრავალგანზომილებიანი ცნება, რომელიც აერთიანებს დღევანდელი, ყოფიერი პრობლემების გადაჭრის ხედვებს. “ლიბერალიზმი” ეს არის იმ მოძღვრებათა გამაერთიანებელი სახელი, რომლებიც იკვლევენ თავისუფლებას ყოფიერ სამყაროში. მისი “ერთადერთი მიზანი ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებაა და არ ეხება მათ შინაგან, სულიერ ან მეტაფიზიკურ მოთხოვნილებებს. ის არ პირდება ადამიანებს ბედნიერებას და ღვთაებრივ ნეტარებას, არამედ მხოლოდ მაქსიმალურ დაკმაყოფილებას იმ სურვილებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობის ხარჯზე.”[11]

სამწუხაროდ, ქართული ეკონომიკური მეცნიერება ჯერ არ არის აქტიურად ჩართული ლიბერალიზმის კვლევაში, ისევე როგორც ქართული პოლიტიკაა შორს ლიბერალური იდეებისაგან. მხოლოდ ერთ ქართულენოვან ელექტონულ გვერდზე (www.economics.ge) თუ შევხვდებით მცირედ ინფორმაციას ლიბერალიზმე და თითო-ოროლა პიროვნება, ძირითადად ენთუზიაზმის ხარჯზე თუ ავრცელებს გარკვეულ ცოდნას ლიბერალურ ეკონომიკაზე. თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ ცლილებები ამ მიმართულებით მხოლოდ დროის საქმეა. შედარებითი ინფორმაციული გახსნილობა და საერთაშორისო შრომის დანაწილებაში ქვეყნის ჩართვა, აუცილებლად შექმნის მოთხოვნას ”ლიბერალიზმის”, ისევ როგორც სხვა თანამედროვე მეცნიერული მიმართულებების კვლევაზე.

მითუმეტეს, რომ ლიბერალური მიდგომებისა და მათი მრავალრიცხოვანი ინტერპრეტაციების შესახებ, შეიძლება უამრავი რამ ამოვიკითხოთ და სადავო გავხადოთ კლასიკური პოლიტ-ეკონომიური სკოლების წარმომადგენლებთან (სმითი, მილი, როკარდო, ტიურგო, კანტილონი, სეი, ბასტია, მოლინარი და ა.შ. სწავლებებში), “ავსტრიული სკოლის” ავტორებთან (მენგერი, ბემ-ბავერკი, ვიზერი, შუმპეტერი, ფატერი, მიზესი, ჰაიეკი, რობინსი, ჰეზლიტი, ჰატი, რუეფი, ეინაუდი, კირცნერი, როტბარდი, გ. ნორტი, ჰეინე, ჰოპპე, ბლოკი, ჰულსმანი, სალენი, სალერნო და სხვ.), “მარჟინალისტებთან” (ვალრასი, გოსენი, ვიკსტიდი, ვიკსელი, მური და სხვ.), “ნეოკლასიკოსებთან” (ჯევონსი, ი. ფიშერი, მარშალი, ნაიტი, ფრიდმენი, შვარცი, სტიგლერი, ს. ფიშერი, ჰიკსი, ლუკასი და სხვ.); “ორდო-ლიბერალებთან” (ოუკენი, ბიომი, რიოპკე, მიულერარმაკი, ერჰარდი და სხვ.), “საზოგადოებრივი არჩევანის სკოლის” მამამთავრებთან (ბიუკენენი, ტულოკი, ოლსონი და სხვ.) და თვით ძველ, ახალ და ფრანგ “ინსტიტუციონალისტებტანაც” კი (ვებლენი, კომონსი, გელბრეიტი, კოუზი, დემსეცი, უილიამსონი, ალჩიანი, პოზნერი, კალაბრეზი, ტომასი, ჩენი, ბარცელი, დ. ნორტი, ბეკერი, ბერლი, მინზომი, მეკლინგი, იენსენი, ფამა, კოოპმანსი, გროსმანი, ჰარტი, პოლანი, დე სოტო, პიგუ, ტავერნო, ბუაიე და სხვ.) და მრავალ სხვა ავტორთან, რომელთა შრომები იმავე ლიბერალური ინტერნეტის საშუალებით უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია მრავალ ელექტრონულ გვერდზე.

რამდენადაც სადაო არ უნდა იყოს ლიბერალიზმთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ერთი რამ სრულიად ნათელია: თავისუფლება – პირველმნიშვნელოვანია. აქ არ შეიძლება კომპრომისი, როგორც “არ შეიძლება იყოს კომპრომისი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. სიმართლესა და სიცრუეს შორის. გონიერებასა და უგუნურებას შორის.”[12]

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, “ლიბერალიზმი”, 1973;
2. იქვე;
3. ლუდვიგ ფონ მიზესი, “ლიბერალიზმი, კლასიკურ ტრადიციებში”, 1929;
4. მარი როტბარდი, “ძალაუფლება და ბაზარი”, 1970;
5. ლუდვიგ ფონ მიზესი, “ადამიანის მოღვაწეობა”, 1948;
6. იქვე;
7. ვილჰელმ რიოპკე, “ჰუმანური საზოგადოება”, 1948;
8. ო’რურკე, “ზნედაცემულთა პარლამენტი”, 1991;
9. მარი როტბარდი, “ძალაუფლება და ბაზარი”, 1970;
10. ჯონ სტიუარტ მილი, “თავისუფლების შესახებ”, 1859;
11. ლუდვიგ ფონ მიზესი, “ლიბერალიზმი, კლასიკურ ტრადიციებში”, 1929;
12. აინ რანდი. “მხრებგაშლილი ატლასი”, 1957.

წყარო: ახალი ეკონომიკური სკოლა – http://www.nesgeorgia.org/publicationst1.php

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button