პოეზია

თამაზ ჩხენკელი – თავისუფლება

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ღალატი, შური და მდუმარე ჭაბუკთა ჟინი,
მაგარმ შენ სად ხარ, რომლის შუბლზე ყველაზე დიადს
ფიქრს უუნათლესს შევიცნობდი მტკივანი ჩინით.

მე ვარ ჭრილობა იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
ორივე მუხლზე დაჩოქილის შური და ბოღმა,
და შენ გეძახი, რომ გულში მაქვს ჩამჯდარი ტყვია
და ტყვია იგი უკანასკნელ ბრძოლიდან მომყვა.

შენშია მზერად სიამაყე უხდენელ კვიცის
და მზედ – სიუხვე, დაგროვილი გლახაკთა მიერ,
შენ ჯერ არ ჩანხარ და მზესავით აღდგები, ვიცი,
შენ ჯერ არ ჩანხარ და გაღმერთებ ყველაზე ძლიერ.

და თუ ვარ წყლული იმ მიწისა, რომელსაც ჰქვია
გლახაკთა შური და ჭაბუკთა უძირო ოხვრა,
მე შენ გეძახი, რადგან ვიცი, ადრე თუ გვიან
ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ სიცოცხლით მოხვალ.

1947 წ.

დამახსოვრებული და ჩაწერილი ლანა ღოღობერიძის მიერ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button