ისტორია

გია ოკუჯავა – ქართველური ენები და “ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“

(ქართველი “ფუტ-ლინგვისტები“ და „ერთობილი საქართველოსთვის“ მებრძოლი მათი ისტორიკოსი მიმდევრები)

მინცი თოფი გილუღ, მარა
იშენ ვარე მონადირე,
შხვაშ ნოტყელც გაზუმინუ
მუჭოთ ჭანდი – მოლადირე
თოლი არძას ალაბრსხუნა,
მარა ზღვა-ქვინც აკა ორწყე..
ჭიფელია ჭინიშ ღობერ
სქვამას ირკოც ვაწკიროწკე (2).

1992 წელს ევროპის პარლამენტმა მიიღო „ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“, რომელიც 1998 წლიდან შევიდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებისათვის ძალაში. დაახლოებით ქარტიის გავრცელების თარიღს ემთხვევა ქართველოლოგიაში რიგი ენათმეცნიერების გააქტიურება “ახალი ნოვატორული” თეორიით, ქართველურ ენათა კლასიფიკაციის შესახებ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბატონმა თეიმურაზ გვანცელაძემ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე აღმოაჩინა, რომ: „1960-1974 წლებში, როცა მე ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც ერთ ლექტორს არასოდეს უთქვამს, რომ არსებობდა მრავალსაუკუნოვანი შეხედულება ერთადერთი ქართველური ენის შესახებ. ეს ფაქტი ჩემი ლექტორების დანაშაულად (3) არ მიმაჩნია: მათი ერთი ნაწილი მომსწრე იყო 20-30-იანი წლების ცხარე დისკუსიებისა და კარგად იცოდა, რას ნიშნავდა იმპერიის მიერ შემოთავაზებული თვალსაზრისის წინააღმდეგ წასვლა, მეორე ნაწილს, რომელიც აღზრდილი იყო ახალ (საბჭოთა ლიდერებისგან მოწონებულ) თვალსაზრისზე, ალბათ სხვა ინფორმაცია არც ჰქონდათ…“ (თ. გვანცელაძე, 2006, გვ 10-11).

გაუგებარია მხოლოდ, როგორ მივიდნენ ამ „ახალი“ თეორიის მამამთავრები: თეიმურაზ გვანცელაძე, ტარიელ ფუტკარაძე და მანანა ტაბიძე ამ აღმოჩენამდე (4)  ყველა მათგანმა ხომ იმავე ლექტორების ხელში გამოიარა?

არავითარი “მრავალსაუკუნოვანი შეხედულება ერთადერთი ქართველური ენის შესახებ” არ არსებობდა და არც გვანცელაძე-ფუტკარაძე-ტაბიძისთვისაც დაუმალია ვინმეს რაიმე, ინფორმაციის უქონლობისა თუ კონიუქტურის შიშით.

ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძის მიერ შემოთავაზებული თეორია, რომ არსებობს ერთადერთი ქართველური ენა, ხოლო მეგრულ-ლაზური და სვანური ისეთივე დიალექტებია, როგორიც იმერული, გურული და ა.შ. “მრავალსაუკუნოვანი შეხედულება” კი არ არის, არამედ მას მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოღვაწე ექიმი-ეთნოლოგი გიულდენშტედტი უმაგრებს ზურგს და ისიც ორაზროვნად (5).

მრავალსაუკუნოვანი შეხედულება კი ის გახლავთ, რომ ისტორიულ-შედარებითი კვლევების მიხედვით, ქართველური ენები შედგება ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ენებისაგან, ხოლო სოციოლინგვისტური ასპექტების გათვალისწინებით, მეგრულ-ლაზური და სვანური ისეთსავე მიმართებაშია ქართულ ენასთან, როგორც მისი სხვა დიალექტები.

ბატონ მიხეილ ქურდიანის სიტყვებით რომ ვთქვათ: “ჩვენ ერთი ერი ვართ, ერთი ეროვნული – ქართული – ენით და ეს უცვლელად და შეურყევლად არის ძვ. წელთაღრიცხვის 284 წლიდან, როდესაც მეფე ფარნავაზმა ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა და იმ დღიდან ყველა ქართველური ენობრივი ამ საერთო-ეროვნული (რესპ. სახელმწიფო) ენის სოციოლინგვისტური დიალექტია. ქართველ ერს ფარნავაზის შემდეგ არ ჰქონია ქართულის გარდა სხვა ენა სახელმწიფო კანცელარიისთვის, მწერლობისათვის, რელიგიისთვის…” (მ. ქურდიანი, კრებული – 2007, გვ. 6).

ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძის დიალექტოლოგიის “ახალი” თეორიის საუკეთესო დახასიათება მოგვცა ბატონმა გიორგი გოგოლაშვილმა, რომელმაც ამ სამეულის მოღვაწეობა შეაფასა, როგორც “ორიგინალურობისაკენ სწრაფვა ცრუაღმოჩენათა გზით“: „როდესაც ტ. ფუტკარაძემ „აღადგინა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია“ და სვანური და „მეგრულ-ჭანური“ გამოაცხადა დიალექტებად, ქართველური ენების დიალექტური დიფერენციაციისა და განდასების ორიგინალური, ტრადიციულისაგან პრინციპულად განხვავებული ვარიანტი შემოგვთავაზა… დიალექტთა დიფერენციაციისა და განდასების მათი სქემა, ისევე როგორც ზანურისა და სვანურის „გამოცხადება“ დიალექტებად, სწორედაც რომ ორიგინალურობისაკენ სწრაფვისა და ცრუაღმოჩენათა ტიპიურ მაგალითად უნდ მივიჩნიოთ“ (გ. გოგოლაშვილი, კრებული – 2007, გვ. 98)

როდესაც ორიგინალობის მაძიებელმა „დიალექტოლოგებმა“ შეატყვეს, რომ სამეცნიერო საზოგადობა მათ „ნოვატორულ“ თეორიას არ იზიარებდა, თავიანთი ძველი პროფესია გაიხსენეს და „განგაშის ზარების“ შემოკვრით შეეცადნენ პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ ენათმეცნიერული საკითხები და საზოგადოებრივი აზრის შექმნის გზით მოეხდინათ თავიანთი თეორიით თვითდამკვიდრება.

მათი აზრით, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა არის, მათი თეორიის გაზიარება და მეგრულ-ლაზურის და სვანურის “დიალექტებად” გამოცხადება: “კიდევ ერთი აქტუალური საკითხი: თანმედროვე პირობებში ქართველი ერისთვის რამდენად შეიცავს საფრთხეს ქართველური კილოების “ენებად” კვალიფიკაცია?”- რიტორიკულ შეკითხვას სვამს თ. გვანცელაძე და თავადვე პასუხობს: “ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამის შესახებ ვრცელი მსჯელობაა წარმოდგენილი მ. ტაბიძის, ტ. ფუტკარაძის, რ. შეროზიას, მ. ნაჭყებიასა და სხვათა შრომებში, რომ არსებობს არა მხოლოდ თეორიული საფრთხე, არამედ საშიშროება კარზეა მომდგარი…” ( თ. გვანცელაძე – 2006, გვ. 112 )
„საფრთხე დღესაც აშკარაა: ქართველური დიალექტების დამოუკიდებელ უმწერლობო ენებად გამოცხადებით… ღირსებას ულახავენ ქართველთა დიდ ნაწილს” (თ. გვანცელაძე- 2006, გვ 142)

სწორედ ამ “საშიშროების” თავიდან აცილებაში უნდა დაეხმაროს თ. გვანცელაძეს, ისტორიკოსების რ. გუჯეჯიანისა და ბ. ხორავას სტატია “ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან (“ერთობილი საქართველოსათვის”)”, სადაც ტერმინი “საზოგადოებრივი აზრი”, როგორც დავინახავთ, ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძისა და მათი მიმდევრების შეხედულებებზეა დაფუძნებული. თუმცა გრძნობენ რა ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძის თეორიების ლინგვისტური მხარის სისუსტეს, ავტორები თავადვე აღნიშნავენ: “ბუნებრივია, საკითხი – მეგრულ-ლაზური და სვანური დიალექტებია თუ ენები, უნდა დარჩეს ვიწრო მეცნიერულ-ლინგვისტური დავის საგნად, რომლის პროდუქციას სულ ათეულობით მაღალკვალიფიკაციური მეცნიერი თუ გაეცნობა. მაგრამ ოფიციალური სახელმწიფო მიდგომით ისინი უნდა ჩაითვალონ დიალექტებად” (რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა – 2010, გვ. 12)

ჯერ ერთი, მეგრულ-ლაზური და სვანური ენები რომაა, დავის საგნად სწორედაც რომ ამ სამეულმა და მათმა მიმდევრებმა გახადეს და შემდეგ “ვიწრო მეცნიერულ-ლინგვისტური “ წრიდან თვითონვე გაიტანეს გარეთ: ხან საპატრიარქოში გაიქცნენ, ხან მთავრობას მიმართეს: “გვიშველეთ, ჩვენ არ გვიჯერებენ იმპერიის დაკვეთით მომუშავე ქართველი თუ უცხოელი ენათმეცნიერები”-ო, ახლა გუჯეჯიანი-ხორავამ შემოკრეს “განგაშის ზარი” “ისტორიკოსების” თვალსაწიერიდან და ამის მერე სხვებს აბრალებენ, მთელ ქვეყანას რატომ მოსდეთ ეს ამბავიო (8).

მეორეც, ფართო საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო ცნობილი, რომ მეგრულ-ლაზური და სვანური ენებია და ამით დღემდე თუ არაფერი დაშავებულა, ახლა რატომ უნდა დავმალოთ ვითომ „ოფიციალური სახელმწიფო მიდგომით” ან ასეთი დამალვა რას მოგვიტანს სასიკეთოს?

საქართველომ კი დააღწია თავი კომუნისტების მმართველობას, მაგრამ გუჯეჯიან-ხორავას ვერ დაუღწევია თავი მაშინდელი “ხალხის სახელით” გაკეთებული სტილის განცხადებებისაგან: – „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან მოვითხოვთ …“ – „წარმოდგენილ მცდარ კვალიფიკაციათა ავტორები ვალდებულნი არიან ასახონ სიმართლე …“ -„საყოველთაოდ ცნობილია, რომ სვანეთსა და სამეგრელოში არასოდეს გაგვჩენია ჩვენი დიალექტების “ენებად” გადაქცევის სურვილი (რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა – 2010, გვ. 5)

მაინც რა უნდა მოითხოვონ ამ სტატიის ავტორებმა ხელისუფლებისგან ან რა ასეთ მცდარ კვალიფიკაციას ავრცელებენ მავანნი?

გუჯეჯიანი-ხორავასეული ეს „სიმართლე“, რა თქმა უნდა თ. გვანცელაძეს ეკუთვნის: “…რომ არ არსებობს არც სამი და არც ოთხი ქართველური „ენა“; დიგლოსიის პირობებში ქართველები ლაპარაკობენ ერთადერთ ქართველურ (ზოგადქართულ) ენასა და ათეულობით დიალექტზე; ზანური (მეგრული-ლაზური) და სვანური (ბალსზემოური, ბალსქვემოური, ლაშხური, ლენტეხური და ჩოლულური) კილოები ამ საერთოეროვნული ენის, ისეთივე ტერიტორიული მიკროვარიანტებია, როგორნიც არიან: ქართლური, კახური, იმერული, აჭარული, ხევსურული, თუშური, ფერეიდნული, ტაოური, მაჭახლური და სხვანი „ (თ.გვანცელიძე 2006, გვ. 9)

გუჯეჯიანი-ხორავას ნაშრომზე თუ გავშიფრავთ ბატონი გვანცელაძის ამ პოსტულატს გამოვა შემდეგი: გუჯეჯიანმა და ხორავამ დიგლოსიის პირობებში ერთმანეთს თავიანთი აზრი გაუზიარეს მეგრულ და სვანურ დიალექტებზე (ხორავა თუ მეგრულის ზუგდიდურ-სამურზაყანულ კილოკავზე, ხოლო გუჯეჯიანი ლენტეხურზე ლაპარაკობდა – ასე უკეთესად გაუგებდნენ ერთმანეთს?!-გ.ო ), საერთო ნააზრევი კი „ზოგადქართულ“ ენაზე შეაჯერეს ქაღალდზე.

მოვუსმინოთ კვლავ გუჯეჯიანი-ხორავას დიგლოსიური ურთიერთობის შედეგად მიღებულ ნააზრევს: „ქართული საზოგადოება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან და XX საუკუნის 40-იან წლებამდე იცავდა და ინარჩუნებდა უდიდეს ეროვნულ მონაპოვარს – ქართული ენის, როგორც ყველა მხარის ქართველის, დედაენის სტატუსს” (რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა 2009, გვ. 2)

რატომ მაინცდამაინც XIX საუკუნის 40-იან წლებამდე?

იმიტომ, რომ ქართული მეცნიერების რამდენიმე თაობა 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე (ანუ ამ პერიოდის ქართველი ენათმეცნიერები: აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, ბესარიონ ჯორბენაძე, კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე ალექსანდრე ონიანი, თამაზ გამყრელიძე, თედო უთურგაიძე, ზურაბ ჭუმბურიძე, იზა ჩანტლაძე და მრავალი სხვა) რუსეთის აგენტებად და საქართველის მტრებად გამოეცხადებინა.

კიდევ კარგი, “მეცნიერთა ახალი თაობა” გამოჩნდა და “ჭეშმარიტება” ამცნო საზოგადოებას. ვისაც ეეჭვება, შეუძლია ისევ თ. გვანცელაძესთან ჩაიხედოს: “დღეს ქართველ ენათმეცნიერთა ახალი და საშუალო თაობების ნაშრომებში შეინიშნება მისასალმებელი ტენდენცია მოძველებულ თვალსაზრისთა არგუმენტირებულად გაბათილებისა და ახალ, უფრო საბუთიან შეხედულებათა დამკვიდრებისა“ (თ. გვანცელაძე – 2006)

როგორც ბატონმა გ. გოგოლაშვილმა აღნიშნა „ცხადია ახალი და საშუალო თაობის პროგრესულ ენათმეცნიერებად „სამეული“ და მათი კვერისდამკვრელები ითვლებიან” (გ. გოგოლაშვილი, კრებული 2007, გვ. 122 ).

სწორედ ასეთი კვერისდამკვრელობის ნიმუშია გუჯეჯიანი, ხორავას ეს სტატია, რომელიც ყალბი პათეტიკურობით ამცნობს მთელ ქვეყანას, თუ როგორი “შეურაცხყოფილნი არიან სამეგრელოსა და სვანეთის შვილები, რომ მათ ენებს არ ვაღიარებთ დიალექტებად/კილოებად (11)…” და რომ ეს არის „ქართული ეთნოსის დაშლა-დანაწევრების მცდელობა, რომელიც ინსპირირებულია რუსეთის იმპერიის მიერ“ (რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა 2010, გვ. 1)

გუჯეჯიანი-ხორავას სტატიაში მოხსენიებულ წიგნში “ქართველური ენები და დიალექტები (ერთი “სამეცნიერო” პოლემიკის გამო)“ არც ერთი პუბლიკაციის ავტორს, რომელიც აღიარებს რომ მეგრულ-ლაზური და სვანური ქართველური ენებია, არასდროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რომ ქართული ენა: “მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა და სალიტერატურო ენა საქართველოს ყოველი კუთხისა და ყველა ტომის უთვალავ თაობათა ერთობლივი შრომის ნაყოფია. ეს ჩვენი საერთო ენა და საერთო კულტურაა… იმის მტკიცება, თითქოს მეგრულ-ლაზური /ჭანური/ და სვანური მხოლოდ კილოებია (დიალექტებია) ქართული ენისა და არა დამოუკიდებელი ენები, სხვა არაფერია, თუ არა ცდა – ნიადაგი გამოაცალოს მთელ ისტორიულ-შედარებით კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის უარყოფითი რეაქცია, რასაც გამოიწვევს და უკვე იწევს ზემოხსენებული თვალსაზრისი სამეგრელოსა და სვანეთის წარმომადგენელთა შორის, კერძოდ–ინტელიგენციის ფენებში… ქართველურ ენათა არსებობა არავითარ საფუძველს არ იძლევა ამ ენებზე მოლაპარაკეთა შორის ეროვნული განსხვავების მტკიცებისათვის. ამ მხრივ მოძმე ენებზე მოლაპარაკე ტომები ისევე არ განსხვავდებიან ერთიმეორისგან, როგორც სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ტომები. მათ ძირითადად შეინარჩუნეს ერთიანობის შეგრძნება და ერთიანი უფლებით შევიდნენ ქართველი ერის შემადგენლობაში“ (ზ. ჭუმბურიძე, კრებული – 2007, გვ. 15-16).

“ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართველური ენები სწორედ ენებია და არა დიალექტები. ეს დიდი ხანია მეცნიერულად დადასტურებულია. მერე რა, ამას არც ადრე და არც ახლა ხელი არ შეუშლია საქართველოს ერთიანობისთვის. როგორც ჩანს, მეცნიერთა მცირე ჯგუფი ვარაუდობს, რომ თუ მაგალითად, მეგრულს, სვანურს დიალექტებად გამოვაცხადებთ კონსოლიდაცია უფრო მეტად იქნება ურყევი. ვფიქრობ, ეს არასწორია, უფრო მეტიც, საზიანო ნაბიჯია: ერთი, რომ მახინჯდება მეცნიერული ფაქტი და მეორეც, რადგან ენის სტატუსი დიალექტამდე “დაქვეითდება”, შესაბამის კუთხეთა წარმომადგენლები ამ ფაქტს შეურაცხმყოფლად და დისკრიმინაციულად აღიქვამენ. გაჩნდება უნდობლობა..” (გ. კვარაცხელია, კრებული – 2007, გვ. 13)

გუჯეჯიანი-ხორავას აზრით, ახალი აღმოჩენა გაუკეთებია ქალბატონ მ. ტაბიძეს, როცა აღნიშნავენ: “გერმანულის სხვადასხვა დიალექტთა წარმომადგენლები ერთმანეთს სტანდარტული – გერმანული სალიტერატურო ენით მიმართავენ, წერენ და კითხულობენ გერმანულად“ (რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა, 2010 გვ. 9).

ნეტა სხვა რომელ ენაზე უნდა ეწერათ ან ელაპარაკათ ერთმანეთთან გერმანელებს, რომელთა ენობრივი სიტუაცია ძალიან წააგავს ქართულ სინამდვილეს? საოცარია გამცემლიძე-ფუტკარაძის ლოგიკა გერმანელებთან მიმართებაში: თ. გამცემლიძე დღენიადაგ აყვედრის გერმანელ ქართველოლოგებს: სანამ ჩვენს საქმეებში ჩაერევიან (12), ჯერ თავიანთი დიალექტები გადააქციონ ენებად და მერე ჩვენებზე იმსჯელონო: “საკმარისია ვ. ბოედერმა… ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ფუნქციური პარამეტრებისადმი გერმანელთა და სხვათა კომპლექსური მიდგომა გაავრცელოს ქართველური ენობრივი სამყაროს მიმართ და ჩვენთან სადავოც აღარაფერი დარჩეს…“(თ. გვანცელაძე 2006, გვ. 88).

მაგრამ რად გინდა, გაითვალისწინეს გერმანელებმა გვანცელაძის ეს „რჩევა“ და „რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტიაში“ 7 სხვადასხვა ენასთან ერთად შეიტანეს აქამდე დიალექტის სტატუსის მქონე “ქვემო-გერმანული “ ანუ „Plattdeutsch“-ი და ახლა ტ. ფუტკარაძე აუხირდა გერმანელებს: „გერმანიის მთავრობამ ქვემოგერმანულს მიანიჭა რეგიონული ენის სტატუსი, იმიტომ რომ ამ უკანასკნელს მე-16 საუკუნიდან ჰქონდა წერილობითი ტრადიცია“ თორემ წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით ან ქარტიის პრინციპებიდან გამომდინარე არ ეკუთვნოდა”-ო . (13)

საინტერესო კუთხითაა გუჯეჯიანი-ხორავას სტატიაში მოხსენიებული “ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ” და “ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“. მთავარი პოსტულატი, რა თქმა უნდა, ბატონ ფუტკარაძეს გააშიფრინეს: “ქარტია კონკრეტულ სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას, თვითონ განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ვის მიანიჭოს უმცირესობის ენის სტატუსი ( ტ. ფუტკარაძე 2005 წ)” ( რ.გუჯეჯიანი, ბ. ხორავა, 2010, გვ. 9 ).

და მერე თვითონ აგრძელებენ: “ამ საკითხების განსაზღვრისას გადამწყვეტი როლი მეცნიერებს უნდა ჰქონდეთ, რომელთა შეჯერებული პოზიციით გამოიკვეთება ქართველთათვის ერთადერთი ენის არსებობა და ყველა სხვა ენობრივი ერთეული განიხილება მხოლოდ დიალექტებად” ( რ. გუჯეჯიანი, ბ. ხორავა, 2010, გვ. 9 ).

მაინც ვინ და სად უნდა შეაჯეროს ეს პოზიციები?

ბატონმა ფუტკარაძემ უკვე იზრუნა ამაზე – 2002 წელს ქუთაისში ჩატარებული ქართველოლოგთა IX სიმპოზიუმის ფარგლებში წარმოდგენილ მემორანდუმში წერია:
1. ჰუმანიტარულ დარგებში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა პოზიციების შეჯერება და საერთო თვალსაზრისის გამომუშავება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
3. საქართველოს ეთნოლინგვისტურ პრობლემასთან დაკავშირებით უცხოური პუბლიკაციების მუდმივი მონიტორინგი. წარმოდგენილი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელია: 6. გაფართოვდეს სათანადო დაფინანსებითა და აპარატურით აღიჭურვოს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ( თ.გვანცელიძე 2006, გვ. 135 )

მაინცდამაინც თავმდაბლობით არ გამოირჩევა ბატონი ფუტკარაძე, თორემ ამხელა ტვირთს არ აიღებდა თავის თავზე, ცოტა სამუშაოს მაინც გადაუნაწილებდა (16) ენათმეცნიერების, ლიტერატურისა თუ ისტორიის კვლევით ინსტიტუტებს ან საქართველოში არსებული სხვა რომელიმე უნივერსიტეტსა თუ დაწესებულებას. გარდა ამისა, ეტყობა მას და მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ქუთაისის (17) დიალექტოლოგიის ინსტიტუტში ირწევა ქართველოლოგიის აკვანი: “სასურველია საქართველოს ყველა რეგიონის უნივერსიტეტთანაც შეიქმნას მსგავსი მიზნის მქონე განყოფილება/ცენტრი (18), რომელთაც კოორდინაციას (19) გაუწევს ქართველოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი “ (ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ. შეროზია – 2010, გვ. 139 ).

მგონი აქაც გამოტოვა ბატონმა ფუტკარაძემ დედაქალაქში არსებული მშობლიური უნივერსიტეტი და ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თუ სხვა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები. ეტყობა თვლის, რომ დიალექტების შესწავლა მხოლოდ რეგიონებშია შესაძლებელი, ანდა ხვდება რომ “კოორდინაციის ” პრობლემები შეექმნება. „უცხოურ პუბლიკაციებზე მუდმივი მონიტორინგი“ კი ეტყობა იმიტომ დასჭირდა ბატონ ფუტკარაძეს, რომ ვერაფრით თავისთვის ვერ მოიზიდა დღემდე მისგან ბევრჯერ ავადხსენებული„Volkswagenstiftung”- ის ფინანსები. ამიტომაცაა ასე აგრესიულად განწყობილი გერმანელი ქართველოლოგის ბატონ გიპერტისა და ქალბატონ თანდაშვილის მიმართ: არა და ასეთ პროექტებში მონაწილეობას ევროპული ენებისა თუ არა, მეგრულ-ლაზური და სვანური „ დიალექტების“ ცოდნა მაინც ჭირდება წინაპირობად. „ქართული ენის ზანური და სვანური დიალექტები და არა „ენები“ მარადიულად (20) იარსებებენ ისევე როგორც ქართული ენის სხვა კილოები“ – ბრძანებენ გუჯეჯიანი-ხორავა.

„მარადიული მხოლოდ კავკასიის მთებია!“ – პატივცემულო ისტორიკოსებო.

თქვენს მიერ ასე უდიერად მოხსენიებული გერმანელი პროფესორი ბატონი გიპერტი, ბატონი ბოედერი, ქალბატონ თანდაშვილთან და სხვა ქართველ ენათმეცნიერებთან ერთად კი სწორედ იმ „კატასტროფული მდგომარეობის“ გამოსწორებას ცდილობენ, რომელიც მარტო ბატონ ფუტკარაძეს არ შეუმჩნევია, მხოლოდ არა ფუტკარაძე-გვანცელაძისეული „დიალექტოლოგიის“ ახალი თეორიებით, არამედ „სტანდარტული, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სოციოლინგვისტური აღწერისათვის აპრობირებული მეთოდებით“ (მ. ქურდიანი, კრებული – 2007, გვ. 5 ). იმ თქვენთვის მიუღებელ კითხვებზე კი, რომელიც თქვენი აზრით ვითომდა “ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო /ქართული ენის სტატუსს“, თუნდაც იმიტომ უნდა გაცემულიყო პასუხები, რომ მავანს მართლა სხვანირად არ გამოეყენებინა მათზე პასუხის გაუცემლობა.

თქვენს მიერ ნახსენებ კრებულშივე ბრძანა ბატონმა თ. უთურგაიძემ: „თუ კითხვარს გავექცევით, სწორი არ იქნება. ჩვენ უნდა შევავსოთ ეს კითხვარი და გავიგოთ რეალური პასუხები, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ინტერპრეტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვები გააკეთებენ და შეიძლება არასწორად შედგენილ პასუხებზე მოგვიწიოს პასუხის გაცემა. ..  “ (თ. უთურგაიძე, კრებული – 2007, გვ. 14).

მრავალი ასეთი ციტატის მოყვანა შეგვეძლო ამ კრებულიდან, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძის „ნოვატორული აღმოჩენის“ უსუსურობას და იმ „საშიშროებების“ უსაფუძვლობას, რომელთა ადვოკატობასაც ცდილობენ გუჯეჯიანი-ხორავა, თუ სხვა მათი კოლეგა ისტორიკოსები „ერთობილი საქართველოს“ ლოზუნგით. ამჯერად ამაზე მეტს არ შევჩერდებით და ბატონი ფუტკარაძისა და მისი თანამოაზრეების იმ ნაშრომზე გადავალთ, რომლის თეორიებიც მართლაც საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის, თუ მათი ნააზრევის, ვინმე ამ სახით დამკვიდრებას მართლა შეეცდება.

2010 წელს გამოვიდა წიგნი „ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო“ (ავტორები: ეკა დადიანი, ტარიელ ფუტკარაძე, რევაზ შეროზია (22)). რედაქტორები: მ. გვაზავა, რ. გუჯეჯიანი. ამჯერად არ შევუდგებით იმ ნაწილების განხილვას, რომელიც შეეხება სამეულის „მრავალსაუკუნოვან შეხედულებას“ ქართველურ ენათა კლასიფიკაციის შესახებ, რომელზეც უკვე ზემოთ ვილაპარაკეთ.

მას შემდეგ რაც ბატონმა ფუტკარაძემ 2002 წელს ჩატარებულ მემორანდუმზე “პოზიციების შემაჯერებლად“ დაიგულა თავი საქართველოში, ამ წიგნით უკვე ევროპას მიადგა: ჯერ ლინგვისტურად გაშიფრა „ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“, შემდეგ კი მისი გამოყენების რჩევები მისცა ქართულ თუ ევროპულ საზოგადოებას.

სანამ გადავიდოდეთ „ენების ქარტიის“ „ფუტ-ლინგვისტურ“ რჩევებზე, მოკლედ თვითონ ამ „ქარტიის“ შესახებ. ქარტიის მიზანი ნათლადაა ჩამოყალიბებული პრეამბულაშივე: „ითვალისწინებს რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა, კერძოდ, იმ იდეალებისა და პრინციპებისა დაცვისა და რეალიზაციის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ მემკვიდრეობას…, რომ ევროპის ისტორიული რეგიონალური თუ უმცირესობათა ენების დაცვა, რომელთაგანაც ზოგიერთს საბოლოო გაქრობა ემუქრება, ხელს უწყობს ევროპის კულტურული სიმდიდრისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას” (პრეამბულა, აბზაცი 2).

ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ „ენობრივი ქარტიის ძირითადი კონცეპტუალური პრინციპი არის „რეგიონალური ან უმცირესობათა ენების აღიარება კულტურული სიმდიდრის გამოხატულებად (მუხლი 7, 1ა)“… აქედან გამომდინარე ენობრივი მრავალფეროვნება განიხილება, როგორც ფასეულობა, რომელიც დაცვას საჭიროებს“ (ჯონათან უითლი – 2009, გვ. 8).

გარდა ამისა „ენების ქარტიაში“ ხასგასმულია, რომ „ამ ქარტიის დებულებები ზეგავლენას არ მოახდენენ უფრო ხელსაყრელ დებულებებზე, რომლებიც ეხებიან რეგიონალური ან უმცირესობათა ენების სტატუსს… სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც შეიძლება არსებობდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან უზრუნველყოფილ იყოს შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით” (“ენების ქარტია“, მე-2 მუხლი 1, 4 ).

ქარტიის მე-2 მუხლის მე-5 აბზაცში კი კიდევ ერთხელ არის მითითებული „რომ არაფერი გათვალისწინებული ამ ქარტიით შეიძლება ახსნა-განმარტებული იქნას იმგვარად, რომ იძლეოდეს რაიმე საქმიანობაში ჩართვის ან რაიმე საქმიანობის განხორციელების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში იქნება გაერთიანებული ერების ქარტიის მიზნებთან ან საერთაშორისო სამართლით დადგენილ სხვა ვალდებულებებთან, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპის ჩათვლით.“ (24)

უცნაურია ერთი რამ, პირველივე გვერდზე ავტორები მადლობას უხდიან წიგნის ინგლისურად მთარგმნელს ქალბატონ ნათია ამირიძეს. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება უცნობი ქალბატონის პროფესიონალიზმში, ერთი რამ ვერ გავიგეთ მხოლოდ: ამ წიგნის ავტორები ინგლისური ენის ისეთ ღრმა ნიუანსებზე მსჯელობენ თავისუფლად, რომ ან თარჯიმანი არ უნდა დასჭირვებოდათ წიგნის სათარგმნელად, ანდა თუ ქალბატონმა ნ. ამირიძემ გასწია ამდენი თეორიული შრომა, ბარემ ავტორების სიაშიც ჩაესვათ მისი გვარი.

ის რომ ბატონი ფუტკარაძე და მისი მიმდევრები, რბილად რომ ვთქვათ, მანიპულირებას უკეთებდნენ ქართველი თუ უცხოელი ლინგვისტების ნაშრომებს, დიდი ხნის ცნობილი ამბავია (25) , მაგრამ ევროსაბჭოს ოფიციალურ დოკუმენტებსაც თუ მიადგებოდნენ და სახელწოდებასაც კი შეუცვლიდნენ. სამეულმა “ქარტიის” სათაურშივე იპოვა უზუსტობა და ბრძანებს: “რუსულ თუ ქართულ ენობრივ არეალში “ქარტიის” დებულებების სათუო ინტერპრეტაციების ერთ-ერთი მიზეზი “ქარტიის” ძირითადი ტერმინის ბუნდოვანი თარგმანია: მიმოქცევაში არსებული თარგმანების სახელწოდებაშიც კი მთავარი ტერმინი “regional or minority language (26)“ ქართულში გადმოტანილია არასწორად: რეგიონალური და (ან) უმცირესობათა ენები; შესაბამისად, ბევრს ჰგონია, რომ ამ ევროპულ ქარტიაში ლაპარაკია, ზოგადად, რეგიონულ ენებსა და უმცირესობათა ენებზე. სინამდვილეში სამკომპონენტიანი ტერმინი “regional or minority language” ერთიანი ცნებაა “ და ნიშნავს მოცემული სახელმწიფოს ავტოქთონი მოსახლეობის იმ ისტორიულ ენას, რომელიც ამ ქვეყანაში სახელმწიფო ენა არ არის.“ ( ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე, რ.შეროზია 2010, გვ.109 ).

ენების დიდ ცოდნას არ მოითხოვს იმის გაშიფრვა, რომ ტერმინი „“regional or minority language ” სწორედაც რომ გულისხმობს – რეგიონალურ ენებს და/ან უმცირესობათა ენებს, შდრ. გერმანული ვარიანტი „Regional-oder Minderheitssprachen“, სადაც დეფისი ეკონომიის მიზნით გამოიყენება და შეიძლება ასე განვავრცოთ: „Regional-oder Minderheitssprachen“, გაათავისუფლეს რა „ქართული და რუსული ენობრივი არეალი“(27) „არასწორი ინტერპრეტაციისგან“, ავტორები უკვე „ენების ქარტიის“ დებულებების „სწორ“ ინტერპრეტაციზე გადავიდნენ: “ქარტიის მიზნიდან გამომდინარე, ტერმინი : რეგიონული ან უმცირესობის ენა გულისხმობს ერთი კატეგორიის, მაგრამ სამი ვარიანტით გამოვლენილ ენას:
1. რეგიონული ენა – სახელმწიფოს მოცემული რეგიონის ავტოქთონი მოსახლეობის ენა, თუკი ამ ენაზე მეტყველი საზოგადოება უმრავლესობაა მოცემულ რეგიონში (ქარტიის მე-18 განმარტება)
2. უმცირესობის ენა – სახელმწიფოს მოცემული რეგიონის ავტოქთონი მოსახლეობის ენა, თუკი ამ ენაზე მეტყველი საზოგადოება უმცირესობაა მოცემულ რეგიონშიც (ქარტიის მე-18 განმარტება)
3. ტერიტორიის არმქონე ენა – მოცემულ სახელმწიფოში მცხოვრები ისეთი ისტორიული მოსახლეობის ენა, რომელსაც არ გააჩნია განსაზღვრული გეოგრაფიული არეალი“ ( ე.დადიანი/თ.ფუტკარაძე/რ.შეროზია-2010, გვ.113)

ავტორების მიერ დამოწმებულ მე-18, 20 ან 30, 37-ე დანართებში არსად ჩანს, რომ „ტერმინი „რეგიონული ან უმცირესობის ენა “ერთიანი ცნებაა“, არსად ქარტიის მე-18 განმარტებაში, როგორც ამას ავტორები იმოწმებენ, არ არის მოხსენიებული სიტყვა „ავტოქთონი“ (28).

ზემოთ მოცემული სამი ვარიანტი, რომელსაც „ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე“-დ ასაღებენ ავტორები, სინამდვილეში ამ ტანდემის ჩამოყალიბებულია. თუ გავშიფრავთ 1, 2 და მე-3 პუნქტებს, მივიღებთ შემდეგს:
1. რეგიონალური ენა – ენა „X“ ვერ იქნება რეგიონალური ენა, თუნდაც ის იყოს უმრავლესობის ენა „Y“ რეგიონში, თუკი ამ ენის მატარებლები ავტოქთონ მოსახლეობას არ წარმოადგენენ
2. უმცირესობათა ენა – იგივე ენა „X“ ვერც უმცირესობის ენა გახდება, (ტანდემის „ავტოქთონურობა“ რომც დააკმაყოფილოს-გ.ო.) თუკი ამ ენის მატარებლები უმცირესობას არ შეადგენენ იმავე „Y“ რეგიონში
3. ტერიტორიის არმქონე ენა – ენა „X“ ვერ იქნება ტერიტორიის არმქონე ენა, თუკი ამ ენის მატარებლები A“ისტორიულები“ არ იქნებიან.

დამეთანხმდებით, საინტერესო ლოგიკა აქვთ ავტორებს, ოღონდაც თვითონაც გრძნობენ ამას და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ აქ შეეწყვიტათ მსჯელობა (მათი ლოგიკით, ხომ ვერავინ ვერ ხვდება „რეგიონალური და უმცირესობათა ენების ქარტიაში“-გ.ო. ), მაინც აგრძელებენ განხილვებს: “ენების ქარტია“ ავტორების აზრით „საშიშია საქართველოსთვის, მისი დებულებების არასწორი, საქართველოსთვის სახიფათო ინტერპრეტაციების გამო“. რა თქმა უნდა, ამ დებულებების „სწორი“ ინტერპრეტაცია, მხოლოდ მათ წიგნშია მოცემული! მივყვეთ ავტორების ნააზრევს: „საქართველოს არცერთ რეგიონში არ ცხოვრობს არაქართული წარმომავლობის ავტოქთონი მოსახლეობა. შესაბამისად, თუკი მკაცრად დავიცავთ ქარტიის (29) კრიტერიუმებს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებული არ არის, რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ენას მიანიჭოს რეგიონული ან უმცირესობის ენის სტატუსი. მით უმეტეს „ტერიტორიის მქონე ისტორიული უმცირესობის“ ენის (რეგიონული/უმცირესობის) სტატუსი; კერძოდ, საქართველოში არ არის: ქვეყანაში ისტორიული უმცირესობის, მაგრამ მოცემულ რეგიონში უმრავლესობის ენა /რეგიონული ენა/ და არც ისეთი ისტორიული უმცირესობის ენა, რომელიც მოცემულ რეგიონშიც უმცირესობის ენაა.“ ( ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე, რ.შეროზია – 2010, გვ.140 )

ასე მარტივად იპოვა დადიანი-ფუტკარაძე-შეროზიას სამეულმა იმ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები, რომელიც ამდენია წელია ვერ უპოვიათ სხვა ქართველ თუ უცხოელ ექსპერტებს. წესით ავტორებს წიგნი აქ უნდა დაემთავრებინათ. ხომ დაალაგეს ყველაფერი თავის ადგილზე. ვერ ისვენებენ მაინც, იციან ასე ადვილი არ არის “ევროპული დოკუმენტით” მანიპულირება და ამიტომ აგრძელებენ: “ჩვენი აზრით “რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის“ (30) დებულებები საქართველოში უნდა გავრცელდეს არაქართველი ავტოქთონი ხალხების დედაენის მიმართ (თუკი ასეთნი არიან ), გარდა ამისა, იმ არაავტოქთონი უმცირესობების ენების მიმართ რომელთაც ქვემოთ წარმოდგენილი ოთხივე ნიშანი ერთდროულად ახასიათებთ:
1. საქართველოში ცხოვრობდნენ რუსულ ოკუპაციამდე…
2. შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 1 % მაინც
3. ემუქრებათ დედაენის დავიწყების საფრთხე
4. მეზობლად არ არის სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ენაა მათი დედაენა” (ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე. რ.შეროზია – 2010, გვ.142 ).

მერე ისე ურცხვად იმოწმებენ “ჩვენს მიერ წარმოდგენილი პრინციპები გამომდინარეობს “ენის ქარტიის” ფუნდამენტალური დებულებებიდან”-ო. ( ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე, რ.შეროზია – 2010, გვ.140 ), რომ ეჭვი შემეპარა, ან რომელიღაც “საიდუმლო ქარტიის” დებულებებს იყენებენ, ან მიზანმიმართულად ცდილობენ “გამორიცხონ” რეგიონალურობისა თუ უმცირესობის ნიშნით მარკირებული შესაძლო ენების მოხვედრა “ევროპულ ქარტიაში”. თუმცა მგონი თავადვე ხვდებიან, რომ მეტისმეტად “გაუტიეს” და ტონს ოდნავ არბილებენ: “წარმოდგენილი კრიტერიუმების მიღმა საქართველოში გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ არაავტოქთონური ეთნიკური უმცირესობების დედაენის მიმართ, ვისაც საქართველოს გარდა სხვა სამშობლო აღარ გააჩნია და ვის დედაენასაც გაქრობის საფრთხე ემუქრება” ( ე. დადიანი, თ. ფუტკარაძე, რ. შეროზია – 2010, გვ. 142 ).

სანამ ავტორების “კრიტერიუმების“ დამაკმაყოფილებელ ენებზე გადავიდოდეთ აქვე განვიხილოთ ბარემ ავტორების “გამონაკლისი” ენები :
1. “ისრაელიდან ლტოლვილები ებრაელები საქართველომ პირველად შეიფარა ძველი წელთაღრიცხვის 6 საუკუნეში”- გულისამაჩუყებლად წერენ ავტორები, მაგრამ რა ქნან, თურმე “დღეს საქართველოში ცხოვრობს ებრაელთა მცირერიცხოვანი თემი, მაგრამ მათ ებრაული არ იციან“ და ჩვენ რაღა უნდა დავიცვათო. რომ სცოდნოდათ ებრაული? – არაავტოქთონი ხალხიაო (32)- მოგვაგებებდნენ პასუხად.
2. უდიური კი ეცოდებათ ავტორებს, 500 კაცამდე დარჩნენ, მათ ენობრივ-კულტურულ თვითმყოფადობას საფრთხე ემუქრებაო, მაგრამ თავიანთ “გამონაკლისში” მაინც არ გაიყვანეს, რადგანაც “აზერბაიჯანის ავტოქთონი მოსახლეობაა”-ო: “გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს უდიური ენისა და კულტურის შენარჩუნება-დაცვისთვის“-ო წერენ, მაგრამ “ქარტიისთვის“ მაინც ვერ გაიმეტეს, “ქარტიის” დასაცავი რა ჭირთ, ასოციაცია “უდის” პრეზიდენტს უთქვამს: “კახეთის რეგიონი ტოლერანტობისა (33) და ინტეგრაციის კლასიკური მაგალითია”-ო.
3. ასირიელები როდის ჩამოვიდნენ საქართველოში, არ გვიმხელენ ავტორები, “უდიურის ანალოგიურად უნდა მივუდგეთო” – ამბობენ მხოლოდ.
რა გამოვიდა: არც ერთი ამ სამ ენათაგან, მიუხედავად ავტორთა “წადილისა”, “ გამონაკლისების” სახითაც ვერ მოხვდა “ენების ქარტიაში”.

ახლა გადავიდეთ ავტორების “კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ” ენებზე:
1. აზერბაიჯანული – ვერ აკმაყოფილებს ტანდემის კრიტერიუმების 1, 3 და 4 პუნქტებს;
2. სომხური – ვერ აკმაყოფილებს ტანდემის კრიტერიუმების 1, 3 და 4 პუნქტებს;
3. რუსული – ვერ აკმაყოფილებს ტანდემის კრიტერიუმების 1, 3 და 4 პუნქტებს;
4. ოსური – „არც 1904 წლის რუსული ენციკლოპედია და არც „ძველი რუსული ენციკლოპედია“ საქართველოში ოსთა დასახლებებს არ ადასტურებს ან კიდევ „რუსეთის ხელისუფლების აღწერების მიხედვით, XX საუკუნემდე ცხინვალში არც ერთი ოსი არ ცხოვრობდა“ – გვამცნობენ ავტორები. მოკლედ: ოსები ვერ აკმაყოფილებენ ტანდემის კრიტერიუმების 1, 2, 3 და 4 პუნქტებს;
5. აფხაზური – მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ აღნიშნავენ, საქართველოს კონსტიტუციით “საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აფხაზური ენა“, ამანაც ვერ უშველა აფხაზებს: ვერ აკმაყოფილებენ 1, 2, 3, და 4 პუნქტებს და შესაბამისად ვერც „ენების ქარტიაში“ მოხვდენენ.

საქართველოში არსებული ყველა სხვა ეროვნულ უმცირესობები, ავტორების აზრით არ არიან „ავტოქთონური“, ან რომც ყოფილიყვნენ, ტანდემის ერთპროცენტიან (სხვებს რომ თავი გავანებოთ-გ.ო.) კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ, ასე რომ ვერც მათი ენები მოხვდნენ დადიანი-ფუტკარაძე-შეროზიასეული „ენის ქარტიის“ სიაში: “…შესაბამისად, მკაცრად თუ დავიცავთ „ქარტიის პრინციპებს“ …საქართველოს შეუძლია ისე მოახდინოს „რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიკაცია, რომ საერთოდ არ გააკეთოს რეგიონული ან უმცირესობის ენების ჩამონათვალი, ან არ აამოქმედოს ქარტიის III ნაწილი.“ ( ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე, რ.შეროზია – 2010, გვ. 155 ). და მერე თავიანთი ნაშრომის 159-ე გვერდზე ამაყად აცხადებენ: „ფაქტია: საქართველოში არასოდეს ყოფილა ეთნოკონფლიქტები“-ო.

სამწუხაროდ იყო კონფლიქტები პატივცემულო ავტორებო და შეიძლება თქვენს მიერ აუგად ნახსენებ ექსპერტს თ. ვიხერკევიჩს და მის ჯგუფს, ყველაფერში არ დაეთანხმოს კაცი, მაგრამ მათ ქვემო შეფასებაში ნამდვილად დევს სიმართლის ნატამალი და მათი რჩევის ყურისღებაც არ ავნებდა ჩვენს ქვეყანას: “საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში ორი ეთნიკური კონფლიქტი გაღვივდა. რა თქმა უნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, მაგრამ ეთნიკურმა დაპირისპირებამ მისცა უფრო მკვეთრი სახე ამ კონფლიქტებს. ზოგი ექსპერტი ამ კონფლიქტებს „ენობრივი ომების“ კვალიფიკაციასაც აძლევს. სწორი ენობრივი და საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად” ( რეკომენდაციები 2008, გვ. 15).

ასე რომ პატივცემულო ავტორებო, რაც იყო, იმის გამოსწორების ნაცვლად, თქვენი და თქვენი მიმდევრების თეორიები, რაც არ იყო აქამდე, იმის გამოწვევასაც მოახერხებენ.

„არის თუ არა საქართველო მულტიეთნიკური და მრავალეროვანი ქვეყანა?“ რიტორიკულ შეკითხვას სვამს სამეული და თვითონვე პასუხობს „მულტიეთნიკურობის“ ახალი თეორიით, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: თურმე ჯერ უნდა დადგინდეს „საქართველოში რომელი საზოგადოება მიეკუთვნება:
1. ეროვნულ( ეთნიკურ) უმცირესობას
2. დიასპორას
3. ახალ მიგრანტებს „( ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ. შეროზია – 2010, გვ.155 )
და თვითონვე აკუთვნებენ:
1. ეროვნული (ეთნიკური) უმცირესობა:
– აფხაზები „გარკვეული პირობითობით შეიძლება ჩაითვალონ . . . რამდენადაც მათ სხვაგან არსად აქვთ პერსპექტივა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა“ (35)
– ოსებმა რა დაგიშავებს, მათზეც ხომ წერთ გულდათუთქულები: „ოსთა ძირითად საცხოვრისში (ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთში )… ამ ენას ნამდვილად ემუქრება საფრთხე“-ო. ან ამაყად რომ წერთ „თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათასობით ოსი და აფხაზი ცხოვრობს“ –ო, მათი პატივისცემით მაინც მოგეხვედრებინათ ეს ენები ქარტიაში.
1. დიასპორა – „ვფიქრობთ… ახალი ეთნიკური უმცირესობების (დიასპორის) სტატუსი უნდა მიენიჭოს რუსეთის ოკუპაციის პერიოდში განხორციელებული დემოგრაფიული ექსპანსიის პირობებში საქართველოში ჩამოსახლებულ მიგრანტებს, რომელთა რაოდენობა საერთო მოსახლეობის 1 % შეადგენს“, აგრძელებენ ავტორები და სომხების, აზერბაიჯანელების და რუსების გარდა არავის არ უშვებენ ამ ჯგუფში, თანაც იციან რომ, „ენების ქარტია“ დიასპორის ენებზე არ ვრცელდება.
3. ახალი მიგრანტები: ყველა დანარჩენი (არც მათზე ვრცელდება „ენების ქარტია“-გ.ო.)
თავიანთი ახალი „აღმოჩენით“ კმაყოფილები აგრძელებენ:
„ამა თუ იმ სახელმწიფოს გამოცხადება მრავალეროვნულ სახელმწიფოდ უნდა მოხდეს, ამ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების ობიექტური ისტორიისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებული აქტების მიხედვით… ლოგიკურია, მულტიეთნიკურად გამოვაცხადოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ბევრი ავტოქთონი ეთნიკური ჯგუფი სახლობს: ასევე გარკვეული კონსესუსის საფუძველზე, ქვეყანა მრავალეროვნულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუკი აქ სახლობს თუნდაც 6 ახალი თუ ძველი ისეთი უმცირესობა, რომლის პროცენტული მაჩვენებელი ერთს აღემატება” ( ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ. შეროზია-2010, გვ. 163 ).

რამდენადაც “ბევრი ავტოქთონი ჯგუფი” კი არა, ავტორების საზომით ჩვენთან საერთოდ არ სახლობენ ავტოქთონი ჯგუფები, ხოლო “ძველი თუ ახალი უმცირესობა” 5-თიც რომ იყოს, მაინც არ არის ავტორებისთვის “ბევრი”, მათთვის დამახასიათებელი ალოგიკურობიდან „ლოგიკური“ დასკვნა გამოქვთ: “შესაბამისად ტერმინოლოგიური შესიტყვება “მულტიეთნიკური ქვეყანა”საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიგვაჩნია”-ო. თუ ვინმე იკითხავს, “თუნდაც 6“–იდან რატომ უნდა დაიწყოს “მულტიეთნიკურობა”, ასე გვიხსნიან ამოცანას: “საქართველო ჩვეულებრივ სახელმწიფოდ უნდა მივიჩნიოთო, სადაც 2-3 ეთნიკური უმცირესობა და ასევე რამდენიმე დიასპორა ცხოვრობს”. ( ე.დადიანი, თ.ფუტკარაძე, რ.შეროზია-2010, გვ.167 ). თუ რომელიმე მათემატიკოსი გაბედავს და ამათი 2-3-დან პლუს რამდენიმე, 6-ს გამოიყვანს, რა თქმა უნდა, ქვეყნის მოღალატე და რუსული იმპერიის სამსახურში ჩამდგარი მეცნიერი იქნება.

ჩვენს ქვეყანას რომ გაუწიეს რეკომენდაციები “ენების ქარტიის” “გამოსაყენებლად” ავტორებმა, ახლა სხვა სახელმწიფოებისთვისაც მოიცალეს: “ევროპის საბჭოს დოკუმენტებში, კერძოდ ავსტრიისა და სომხეთის მიერ “ენის ქარტიის” რატიფიკაციის დოკუმენტებში, სხვა ტექნიკური ხასიათის შეცდომებიც ვნახეთ, რომლებიც გასწორდა “ენის ქარტიის” სამდივნოსადმი … მიწერილი ტ. ფუტკარაძის წერილის შემდეგ” – გვამცნობენ წიგნის ავტორები. სომხები კიდევ გასაგებია, მეზობელი ხალხია, აწუხებს მათი ბედი ბატონ ფუტკარაძეს, მაგრამ ავსტრიელებიც რომ გადაურჩენია (37)…?

შეცდომების გასწორებას ვინ ჩივის, რეკომენდაციებსაც არ ერიდებიან ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის და თურქეთის სახელმწიფოების მიმართ, თანაც ზოგადი ხასიათისას კი არა, პირდაპირ მუხლების მითითებით, იმ მუხლებისა, ჩვენთან რომ არავის აღირსეს შიგ მოხვედრა. ერთი ირანი გადარჩა მარტო, “ევროსაბჭოს” წევრი ქვეყანა არ არისო. თუმცა ერთი დასკვნა მაინც გააკეთეს, ირანელებმა ძალით წაიყვანეს ქართველები თავისთან და ამიტომ მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ, რომ მიხედონო?! მივყვეთ თანამიმდევრულად:

“ქართველები დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ. უდავოა, რომ ქართველები ავტოქთონ ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ, თურქეთსა და აზერბაიჯანში, ვინაიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საზღვრების გავლების შემდეგ, ავტოქთონი ქართველობის ნაწილი აღმოჩნდა თურქებისა და აზერბაიჯანელების დომინანტობით შექმნილი სახელმწიფოების საზღვრებში”. ( ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ.შეროზია, 2010, გვ. 168 )
1. აზერბაიჯანი – “უეჭველი ფაქტებით დასტურდება, რომ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამ რაიონში კომპაქტურად ცხოვრობენ ავტოქთონი ქართველები (ინგილოები). შესაბამისად ამ ქვეყანაშიც ქართულ ენაზეც უნდა გავრცელდეს ქარტიის მესამე ნაწილი“.
2. თურქეთი –ავტოქთონი ქართველები (ლაზები/ჭანები, მაჭახლელები, ლივანელები, იმერხევლები და ტაოელები) ლაზებისა და გურჯების სახელებით ცხოვრობენ ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნიებში; ბევრი ქართველი ცხოვრობს თურქეთის ცენტრალურ რეგიონებშიც. შესაბამისად
ქართული ენის (მისი სახესხვაობების(38)) მიმართ უნდა ამოქმედდეს “ქარტიის” მესამე ნაწილი – უმცირესობების ენის დაცვის მაღალი ხარისხი – ტჰე ჰიგჰერ ლეველ” ( ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ.შეროზია, 2010, გვ. 168 ).

მე მგონი ამათზეა ზედგამოჭრილი ანდაზა “თავხედობას საზღვარი არა აქვსო”, „უნდა“-ას ნაცვლად, სასურველია ამოქმედდესო – რომ გეთქვათ, უფრო კორექტული არ იქნებოდა? ანდა საქართველოში, რომ არავინ არ გააკარეთ „ქარტიას“ : თქვენებური “ავტოქთონობა” ძვ.წ. მე -6 საუკუნიდან რომ დაიწყო, ანდა თქვენი კვერისდამკვრელი ისტორიკოსების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა არაქართველი თანამემამულეები თურმე “180-300 წლის წინ შემოხიზნულები” რომ ყოფილან და არცერთ მათ ენას არ აღირსეთ “ენების ქარტიაში” მოხვედრა, რაღა სხვებთან ითხოვთ მაინცადამაინც მესამე ნაწილს. თქვენი საქციელის მერე, მეორე ნაწილშიც (უმცირესობების ენის დაცვის დაბალი ხარისხი – the lower level) რომ მოხვდნენ, ამაზეც მადლობელი არ უნდა იყოთ? ანდა, ასე მარტივად გასატარებელი თუ იყო ქარტიის დებულებები სხვაგან (ორ აბზაცში), ეს 200 გვერდიანი წიგნი და ბევრი სხვა ასეთი, რაზე დაწერეთ, პირდაპირ გეთქვათ: „ენების ქარტია“ კარგია, მაგრამ საქართველოში არ უნდა გატარდეს, იმიტომ რომ საქართველოში :

1. არ გვყავს ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობები;
1.1. თუ გვყავს ისინი არ არიან ავტოქთონი (ანუ ძვ. წ. 6 საუკუნემდე ჩამოსულები);
1.2. ისტორიული უმცირესობები კი გვყავს, მაგრამ ისინი არ შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 1 %;
1.2.3. ვინც 1%-ზე მეტს შეადგენს „აშკარად ემიგრირებულებია 180-300 წლის წინ“ და მათ დედაენას საფრთხე არ ემუქრება, იმიტომ რომ მეზობელ სახელმწიფოებში მათ ენაზე ლაპარაკობენ და
1.3. ყველა დანარჩენები არიან დიასპორები ან აშკარად ემიგრირებულები და მათზე კი „ენების ქარტია” არ ვრცელდება.

ასე ლაკონურად არ ჯობდა? ამ 200 გვერდიანი და სხვა კიდევ ბევრი იგივე შინაარსის მქონე წიგნების გამოცემისა და თარგმნის ხარჯებს კი ბატონი ფუტკარაძე თავის ინსტიტუტში მოიხმარდა „მეგრულ-ლაზური, სვანური“ თუ სხვა დიალექტების საკვლევად. თანაც ასე მოკლედ ჩამოყალიბებული იქნებ თვალში თურქებსაც და აზერბაიჯანელებსაც არ მოხვედროდათ, თორემ ეხლა რა გამოდის: ამხელა წიგნი, ასეთი თეორიული მსჯელობებით, მათაც რომ მოეწონოთ?

ის ოთხი ნიშანი რომ ჩამოაჭიკჭიკეთ და მიუყენეთ საქართველოში მცხოვრებ არაქართველ თანამემამულეებს, ამათაც რომ დაუჯდეთ ჭკუაში? მაშინ რას შვრებით?

1. ავტოქთონები – დიახ, ავტოქთონები ნამდვილად არიან ინგილოები აზერბაიჯანში და „ლაზების და გურჯების სახელით ცნობილი ქართველები“ თურქეთში, იმ ადგილას სადაც ეხლა ცხოვრობენ, მაგრამ თვითონ ის ადგილი რომ გახდა ჩვენთვის „ისტორიული”, რა ვქნათ ეხლა?
2. 1%-ზე მეტი უნდა იყონ, თუ უნდათ, რომ უმცირესობად ვაღიაროთო – რამდენი ათასი ქართველი ჩავასახლოთ, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომ ეს კრიტერიუმი დააკმაყოფილონ?
3. მეზობლად არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ენაა მათი დედაენა”-ო, იქნებ ჩვენი ქვეყანა გადავიტანოთ სადმე, რომ ეს პირობა მაინც დავაკმაყოფილოთ?
4. ემუქრებათ დედაენის დავიწყების საფრთხე – აქამდე ემუქრებოდათ პატივცემულო ავტორებო – თქვენი თეორიებით თუ მიუდგნენ აზერბაიჯანელები ან თურქები ამ საკითხს, მაშინ მართლაც ვერც “ენების ქარტია” და ვერც სხვა საერთაშორისო დოკუმენტები უშველის მათ ენებს.!

განსაკუთრებით მძიმედაა ლაზების საქმე. მათ ფუტკარაძე- გვანცელაძისეული, თუ ხორავა-გუჯეჯიანისეული “ზოგადქართული” საუკუნეების წინ დაავიწყდათ და ძალიანაც რომ მოინდომონ, ვეღარ აღიდგენენ ალბათ. ლაზურის სწავლებას კი ითხოვენ თურქეთის მთავრობისგან, მაგრამ დღემდე მაინცდამაინც დიდი ხალისით არ უსრულებს თურქეთის სახელმწიფო ამ მოთხოვნას. ერთ-ერთი მექანიზმი ამ მოთხოვნის შესასრულებლად უცილობლად იქნება “ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ”, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა თურქეთი ევროგაერთიანების წევრი ქვეყანა გახდება. მერედა ამ მოთხოვნის საპასუხოდ თურქებმა, რომ “ფუტ-ლინგვისტების” თეორიები გამოაჩინონ და განაცხადონ, ლაზური დიალექტია და დიალექტებს კი არ ეხება “ენების ქარტია”, განა მართლები არ იქნებიან?! თუ საქართველოში ვერ მოხვდა ლაზურ-მეგრული “ენების ქარტიაში”, თურქებს გაამტყუნებს განა ვინმე?! ამაზეა ნათქვამი “თაგვმა თხარა თხარაო…” საკუთარი თავისთვის რომ გაგეთხარათ მარტო, რა გვიჭირდა, ინგილოებსა და ლაზებს (თუ მთლიანად საქართველოს ) რომ უთხრით ძირს ის არის სადარდებელი.

წიგნის დასაწყისშივე თითქოსდა გაკვირვებულნი რომ წერთ: “1999 წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი; შესაბამისად ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვადებულება 1 წლის ვადაში შეერთებოდა “ევროპულ ქარტიას რეგიონული და უმცირესობის ენების შესახებ” (ენის ქარტიას”); ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.” ( ე. დადიანი, ტ. ფუტკარაძე, რ. შეროზია 2010, გვ. 2 )

თქვენისთანა “ტოლერანტი” თეორეტიკოსები, თავიანთი მიმდევრებით და კიდევ თქვენგან “განსწავლული” სტუდენტები, (39) რომ ჰყავს ამ ქვეყანას, იქნებ იმიტომაც იკავებს თავს ხელისუფლება დღემდე. ქვეყნისთვის სახიფათო “ქარტიის” პრინციპები კი არ არის, სახიფათოა თქვენისთანა “მეცნიერების” მიერ გამოყენებული ტერმინები: “ლტოლვილები”, “შემოხიზნულები”, “შეფარებულები”, “აშკარა მიგრანტები” და იმ წლებისა თუ საუკუნეების “დათვლა”, რომლებსაც როცა გაწყობთ რუსული წყაროებიდანაც წარმატებით იმოწმებთ ხოლმე; ანდა ის პროცენტები, რომელიც 1-ის ტოლია, ან “მრავალეთნიკურობის” ის განსაზღვრება რომელიც 6-ზე მეტი უნდა იყოს. იმის მაგივრად, რომ განვლილი 20-წლეულიდან მაინც გამოგვეტანა რაიმე დასკვნები და ყველაფერი სხვისთვის არ დაგვებრალებინა, იმის მაგივრად, რომ გვეთქვა: არა აქვს მნიშვნელობა, ვინ როდიდან ცხოვრობს ან საიდან ვინ ჩამოასახლა, ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ამაში ყველანი თანასწორნი ვართ. ყველამ პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო –ქართულ – ენას მაგრამ არა ჩვენი არაქართველი თანამემამულეების ენების უპატივცემულობის ხარჯზე.

ვითომ რითი განხვავდება დადიანი-ფუტკარაძე-შეროზიას მიდგომა იმ რუსული თუ საბჭოთა იმპერიის მიდგომისგან, რომელსაც აღწერს ჯონათან უითლი: “საბჭოთა საგანმანათებლო სისტემა აძლევდა განსაკუთრებულ პრივილეგიებს გარკვეულ ენებს, კერძოდ კი იმ ენებს, რომელზეც საუბრობდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ეროვნება (რესპუბლიკა, ავტონომიური რესპუბლიკა, ავტონომიური რეგიონი), უფრო მცირერიცხოვან ერებს კი მოუწოდებდენენ ესაუბრათ ან რუსულად ან იმ რესპუბლიკის ტიტულარული ეროვნების ენაზე, რომელშიც ცხოვრობდნენ.” ( ჯ.უითლი 2006, გვ.18).

საბჭოთა სისტემა არა გვაქვს, მაგრამ თქვენისთანების სახით მისი შვილები ეტყობა კიდევ შემოგვრჩა, რომლებიც ჩვენს არაქართველ თანამოქალაქეებს, არავითარ არჩევანს არ უტოვებენ. ნუთუ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნორმალურ ადამიანს შეიძლება წამოსცდეს, რომ ტერმინი “მულტიეთნიკური ქვეყანა”საქართველოსთვის შეუსაბამოდ მიგვაჩნია”-ო.

ქალბატონი მანანა ტაბიძე: “საქართველომ ისტორიულ წარსულში საზოგადოებრივი ინტეგრაციულობის შესანიშნავი მაგალითები მოგვცა, სწორედ მის წარსულში იძებნება მსოფლიოსათვის ის იდეალი, რომელიც ტოლერანტობის, სხვათა უფლებების დაცვისა და შინაგანი ერთიანობის ატმოსფეროს აღწევდა იმათთან ურთიერთობაშიც, ვინც აქაურობას თავშესაფრის ძიებისას აკითხავდა და ისე ცხოვრობდა ამ ქვეყანაში ხანგრძლივად, რომ არავინ აიძულებდა, რომ ასიმილირებულიყო, წარმოშობის ქვეყანა დაევიწყებინა და რჯული ან დედაენა დაეთმო“ (საქართველოს კონფლიქტური რეგიონების ლინგვოკულტურული ანალიზისთვის “ მ. ტაბიძე გვ. 192 ).

იქნებ ერთმანეთთან მაინც შეგეთანხმებიათ სანამ გამოაქვეყნებდით, თორემ რომელს დაგიჯეროთ ახლა ფუტკარაძე და მის თანაავტორებს თუ ქალბატონ ტაბიძეს? თუ “მულტიეთნიკური ქვეყანა” არ ვართ, მაშინ მსოფლიოსთვის მისაბაძი “იდეალი” ტოლერანტობისა და ა.შ. როგორღა ვიქნებოდით? დავუშვათ, მართლა ისე “იდეალურად “ იყო ყველაფერი, როგორც ქალბატონი ტაბიძე აღგვიწერს, მაშინ ახლა XXI საუკუნეში, როცა ევროპა ამ ტოლერანტობის განსავითარებლად და განსამტკიცებლად კიდევ ერთ ახალ ინსტრუმენტს გვთავაზობს, თქვენ რაღამ დაგაწყებინათ ლინგვისტური თეორიების ისე გადაკეთება, რომ მეგრულ-ლაზურსა და სვანურს “დიალექტებად“ ასაღებთ, ოღონდაც “ენების ქარტიაში” არ მოხვდნენ როგორმეო! საკუთარ სისხლითა და ხორცით თანამოძმეების ენებს თუ ასე გინდათ “მოუაროთ“, ჩვენი არაქართველი თანამოქალაქეების ენებს ვითომ უფრო “იდეალურად” რომ მოუვლით, მაგას დაგიჯერებთ ვინმე?!

ბატონი ფუტკარაძე სომხეთის მიმართ დაშვებულ “ტექნიკურ შეცდომებს” რომ “უსწორებს” ევროსაბჭოს სამდივნოს ან სომხებს რომ აკრიტიკებს, “………პოლიტიკური მოსაზრებებით შეიყვანეს რუსული “ენების ქარტიაში”-ო, იქნებ სომხებმა იმიტომ შეიტანეს რუსული „ენების ქარტიაში“, რომ იგივე მოითხოვონ რუსეთისგანაც სომხურის მიმართ? იქნებ ის სხვა ენებიც ჩამოეთვალათ ავტორებს, სომხებმა რომ მიუჩინეს ადგილი “ენების ქარტიაში”; ვითომ დაიშლება ამით სომხეთის სახელმწიფო? ვითომ რა მოხდებოდა ჩვენთან თუნდაც უდიური, ასირიული, ოსური, აფხაზური, აზერბაიჯანული ან სხვა უმცირესობათა ენები ისე მოხვედრილიყვნენ “ქარტიაში”, რომ მათი ჩამოსვლის “წლები” და “საუკუნეები” არ დაგეთვალათ, მითუმეტეს თუ ეს “დათვლები”, რომლებსაც თქვენი კვერისდამკვრელი ისტორიკოსები ეწევიან, ხშირ შემთხვევებში მაინცდამაინც დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა. გერმანელებმა რომ “ქვემო გერმანული” აღიარეს ენად, ეს აღიარება განა “ქვემო გერმანელების” ცალკე ეთნოსად გამოცხადებას ნიშნავს?

რაც შეეხება მეგრულ-ლაზურსა და სვანურ ენებს: შეურაცხმყოფელი მათი მარტო “დიალექტებად” გამოცხადება კი არ არის, ნამდვილი შეურაცხყოფა ამ კუთხის შვილებისთვის არის ის “მოსალოდნელი საშიშროებანი“, რომელსაც თქვენ და თქვენი მფარველები ამ ენების არსებობასა თუ “ენების ქარტიაში” მათ მოხვედრას უკავშირებთ: “კეთილშობილური მიზნის მქონე ევროპული დოკუმენტები არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, თუმცა მათ რატიფიკაციას საქართველოსთვის სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუკი საქართველოს ენობრივ-ეთნიკური სიტუაცია ოფიციალურად აღიწერება ე.წ. სამი/ოთხი ქართველური ენების თეორიის მიხედვით: კერძოდ “ რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ” ევროპული ქარტიის რატიფიკაციის შემდეგ საქართველოს ენათა ჩამონათვალში თუკი 2-3 “უმწიგნობრო ქართველური ენა” დაფიქსირდება, ხელოვნურად წახალისდება ქართველთა ეთნიკური პარციაცია და სეპარაცია; ძირფესვიანად შეირყევა ქართველი /ერის/ეთნოსის მრავალსაუკუნოვანი ერთობა და, დროთა განმავლობაში შეიძლება გაგვიჩნდეს ისეთივე პრობლემები როგორიც გვაქვს აფხაზეთსა და ოსეთთან დაკავშირებით “.

გავბედავ და შევესიტყვები ამ სტრიქონების ავტორებს, მიუხედავად მათი სასულიერო თუ სამეცნიერო რანგებისა:
– მრავალსაუკუნოვანი ერთობა – ეს ერთობა აქამდე თუ არ დარღვეულა, ახლა XXI საუკუნეში, როდესაც დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რა ღმერთი უნდა გაგვიწყრეს ამ “უმწიგნობრო” ენის პატრონებს, მითუმეტეს როცა ამ ერთობისათვის სხვაზე ნაკლებად არ გვიბრძოლია?
– “ისეთივე პრობლემები, როგორიც გვაქვს აფხაზეთსა და ოსეთთან დაკავშირებით“ – იქნებ სადმე გაეშიფრათ ამ შედარების “შემოქმედთ” ან ამ მიმართვაზე ხელისმომწერებს: ოსებისა და აფხაზების დადიანი-ფუტკარაძე-შეროზიასეული კლასიფიკაციის არაავტოქთონ, ისტორიულ ან ეთნიკურ უმცირესობად გვთვლიან თუ დიასპორად ანდა “აშკარა მიგრანტებად”? თუ არა და ისეთივე პრობლემები რა ნიშნავს?
– რას მოითხოვთ ეხლა, ერთგულების დასამტკიცებლად თუ სანაცვლოდ, უარი ვთქვათ საკუთარ, თუნდაც “უმწიგნობრო”ენაზე, იმ ენაზე, რომელიც მართლა ზეპირად მოვიტანეთ აქამდე და ახლა, გლობალიზაციისა და ცივილიზაციის ამ ეპოქაში, იმის მაგივრად, რომ ყველანი ერთად გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძისა თუ მათი მიმდევრებისა და მფარველების საამებლად დავივიწყოთ ამ ენების არსებობა? „ენების ქარტიაც“, სწორედ რომ მოვლას და შენარჩუნებას ითვალისწინებს და არა იმას, რომ „საშიშროება კარზეა მომდგარი, ვინაიდან ახლა უკვე ევროსაბჭოს დოკუმენტების მცდარი ინტერპრეტაციით ცდილობენ დააკანონონ და სწავლებაც შემოიღონ ცალკეულ ქართველურ დიალექტებზე“ ( გვანცელაძე, 2006, გვ 112 ).

მართალი ბრძანდება ბატონი გვანცელაძე: დიალექტებზე სწავლება მართლაც „საშიშია“ მსწავლელთა განათლების თვალსაზრისით; ცრუობს ბატონი გვანცელაძე, როდესაც დიალექტებზე სწავლების შემოღების შესახებ წერს. არცერთ, მისგან თუ მისი მიმდევრებისგან აუგად მოხსენიებულ ქართველ თუ უცხოელ ენათმეცნიერს არ მოუთხოვია სადმე მეგრულ-ლაზურ და სვანურზე „სწავლების შემოღება/დაკანონება“; ან პროფესორი გვანცელაძე ვერ ხვდება განსხვავებას ენების სწავლასა და ენებზე სწავლებას შორის(43) .

„ვინ იცის რამდენი ათეული საუკუნეა ათქმევინებს ლექსი თავისთავს სვანურსა და მეგრულზე მეტყველ პოეტებს და მადლობა ღმერთს, რომ მათ ეს შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ენაშია და რომლის ძალითაც სამყარო იძენს ფორმასა და სახეს, არ გამოლევიათ. საკითხავია, განა ეს თქმული ლექსები წერილი ანბანით ქართულად არ იწერებოდა? განა სხვა რომელიმე წერითი ენა არსებობდა მთელს სივრცეში უძველესი კოლხეთიდან უახლეს საქართველომდე? ( ჯ. კაშია, მეგრული პოეზია – 2007, გვ.4 ).

რა უფლებით გვიკრძალავენ ბატონი ფუტკარაძე და მისი მიმდევრები თუ მფარველები ამ ანბანის გამოყენებას მეგრულისა თუ სვანურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ან რა არის „აღმაშფოთებელი“ მეგრულ-ქართული ლექსიკონებისა თუ სხვა სახის გამოცემებში: „XIX საუკუნის 80-90-იან წლებში, როცა რეალური გახდა საბჭოთა იმპერიის ნგრევა , ისევ გააქტიურდა მეგრული და ლაზური „დედა ენების“ და „ანბანების“ შექმნის საკითხი… იქმნება „მეგრული დედაენაც“ „ნანაში ნინა“… რომლის ავტორია გიორგი სიჭინავა. გამომცემელმა ნაშრომს დაარქვა „ მეგრულ-ქართული ლექსიკონი“ (ტ.ფუტკარაძე – 2006, გვ. 40).

თუ მეგრული „დიალექტის“ წერა შეიძლება ქართული ანბანით, მეგრული ენის წერა რატომ არ არის ვითომ შესაძლებელი? დავუშვათ, გადავაკეთეთ ყველა ლინგვისტური თუ სოციოლინგვისტური თეორია ბატონი ფუტკარაძისა და მისი მიმდევრების მოთხოვნის დარად, მერე ამით რა? ვინმეს ჰგონია, რომ ამ კუთხის შვილები მაშინვე მეგრულ „დიალექტზე“ ავლაპარაკდებით:

მარგალური ჯვეშ ნინა რე-
ქორთულიში ჯერღვი-ჭვერხი,
ორჩქილეთ –საღორონთო
ვაუწყორუაფუ ჭვახე რეხი,
ყოროფაში წყურგილე დო
ღორონთიში აბარწა რე,(46)
უჩა ბორჯიშ ალნანგარა,
გურიშ ელნაკარკაცა რე.

სწორედ ამ ენის „დიალექტის სტატუსამდე დაქვეითებას“ უწყობენ ხელს ბატონი ფუტკარაძე-გვანცელაძე და მათი მიმდევრები, რასაც მერე აუცილებლად მოჰყვება ამ ენების პრესტიჟის უფრო მეტად დაცემა და თანდათანობითი გაქრობა.(47)

და მერე ამ კუთხის შვილები სინანულით წავიკითხავთ ვახტანგ ბერაძეს ლექსს:

ლერს ვამჭარუ მარგალური,
თეშენ გური მანგარუნი!
ასე მიჩქუ ჩქიმი დიდა,
ცოდა მიღუ მუშმადიდა!
მარა მობრდეს მა თინერო,-
(თე ქიანა მათინენო ).
თინუ მურდუ ვადმოგურეს,
მათ ვამფირქებ თეშა, ღურელს,
ასე გებგი, მურე რინა,
მუ ტომბა რე ჩქინი ნინა!
სი რექ ჩქიმი სკვამი დიდა,
მუ ჭიჭე დო მუშმადიდა!
მარაგადე მეტი მუთა,-
სქანდე ბძირი ბჟა დო თუთა!
ანწ მუ ფთქუა ჩქიმი ღურა,
ვაგმანჭყორა, ვადმენდურა!

აი ეს გახლავთ ნამდვილი საშიშროება და არა ბატონ ტარიელ ფუტკარაძის პოლიტიკური წარმოსახვები (48). ნებისმიერ ენას, მითუმეტეს დამწერლობის არმქონეს, მოვლა და პატრონობა ჭირდება, მაგრამ არა დიალექტების დონეზე, როგორც ამას ბატონი ფუტკარაძე გვთავაზობს „თავის ინსტიტუტში“; დიალექტი და ენა /თუნდაც ზეპირი/ ორი ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულიEმოვლენაა და ორივეს თვისობრივად განსხვავებული მიდგომა და მოვლა-პატრონობა ჭირდება:

„ნინას ხოლო ნოკობუე
ბარგუა დო მაჟირუა,
ტყაში გითოტიტონუა,
წყარუა დო ლაჟირუა.
უმინჯ ყვანა,გამგონებუ
სარდაკიაქ დაჯღირუა,,,
ქემინჯი დო გექშაბირცხე
უმოღე დო ნაჟირუა. (49)

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას ვინც ფუტკარაძე-გვანცელაძის ფერხულში ჩაება და „განგაშის ზარები“ დააქუხა, ლაშა გახარიას სტრიქონებით: იმედია მიმხვდები მიხვდება და გამგები გაიგებს; განსაკუთრებით ისინი, რომლებმაც ამ „დიალექტზე“ აიდგეს ენა:

სამარგალო საქორთუოშ
გორგალი რე უდირაკუ,
ტყურათ ვაუძუკონუას,
ვართ გერქ დო ვართ ტურაქ!
გურ ვაჭყოლას უდუნდელო
დღანებაქუ დო ტყურაქ,
მის გუგონებ, გეხარუნი
ჯიმაქ – ჯიმა ნაღურაქუ?!
სამარგალო ჩხე გური რე-
ყოროფათი მოწანწილი,
საქორთუოშ სქვამ ნოხისი,
მარდიანიში მიშაშილი.
საქორთუო სქვამ ოდა რე-
ღორონთიში ნაქილიქა,
იშ კარც ირო უხაკუანც
ეშმაკიში ზაკვილი ბიგა.
ათე ოდაშ ხუალასი,
მით გარენი, ჯგირო ვარე,
ჩქინ ტაბაკის მუკიადირც,
მარა შური უხე გალე,
ეჩიენი-ვაგარჩქილე,
ვეჩიენი-თეთ ვაგგალე,
უჯგ ცოცხალო დინგარე დო
უნგარუო გამკინგარე! (50)

ფრანსუა გრინის ერთ ციტატს მოვიტან დასასრულს და მეტი აღარ შევაწუხებ მკითხველს: „სინამდვილეში, რამდენიმე მცირე სახელმწიფოს გარდა, რომლებშიც ერთგვაროვანი მოსახლეობაა, როგორიც არის ისლანდია ან ლიხტენშტეინი, ყველა დანარჩენ სახელმწიფოში გვხვდება შიდა ლინგვისტური მრავალფეროვნება. უფრო მეტიც, საზოგადოდ გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, ენობრივი მრავალფეროვნება მხოლოდ ახალგაზრდა ან ჩამოუყალიბებელი ერების მახასიათებელი არ არის. პირიქით, ეროვნული სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ხანგრძლივი ისტორიის მქონე ბევრ სახელმწიფოში არსებობს მრავალფეროვნება და ბევრი მათგანი კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას საკუთარი ეროვნული თვითშეგნების არსებით დამახასიათებელ ნიშნად მიიჩნევს“ ( კრებული 2006, გვ 79 ).

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ფუტკარაძე-გვანცელაძე-ტაბიძის, მათი მიმდევრებისა თუ მფარველების გასაგონად, რომ ამ „ენობრივ მრავალფეროვნებაში“ ერთი ერის /ეთნოსის/ ენობრივი მრავალფეროვნებაც იგულისხმება და ამ ერთან ერთად მცხოვრები სხვა თანამოქალაქეთა ენებიც. ამ მრავალფეროვნების არ-დანახვა და არ-გაფრთხილება გახლავთ საშიში ქვეყნისთვის და არა მათი „ ევროპულ ქარტიაში რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“ მოხვედრა.

იქნებ კიდევ ერთხელ ჩავუფიქრდეთ ყველანი უწმინდესისა და უნეტარესის ნათქვამს : „მე არ ვამბობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იყო დაშვებული და თანაც სერიოზული შეცდომები…“ და იგივე შეცდომები ხელახლა არ გავიმეოროთ.

იქნებ გვეყოს ჩვენი წინდაუხედაობისა თუ „უნიათობის“ მუდმივად სხვაზე გადაბრალება, თანაც ამ „სხვაში“ ახლა უკვე ევროსაბჭოს ჩართვა, „საშიშროებების“ იქ ძიება, სადაც ის არ არსებობს და ამ არარსებულის ძიებაში, კიდევ ერთი ახალი უბედურება არ დავატეხოთ თავს ჩვენს ქვეყანას.

გია ოკუჯავა
გერმანია
20 აპრილი 2010 წელი

2. ლაშა გახარია, მეგრული პოეზია 2007 , გვ. 131
ბოდიშს მოვუხდი მკითხველს ამ და სხვა სტრიქონების არ თარგმნისთვის, ტ. ფუტკარაძე, თ. გვანცელაძე, მ. ტაბიძე და მათი ამ „დიალექტის“ მცოდნე თუ არ მცოდნე მიმდევრები კი იმედია გაიგებენ და სათანადოდ შეაფასებენ იმ „საშიშროებებს“, რომლებიც ამ ლექსებში უხვადაა გაბნეული-გ.ო.
3. მოგვიანებით, როცა გვანცელაძე-ფუტკარაძე-ტაბიძემ და მათმა მიმდევრებმა შეატყვეს, რომ მათ “აღმოჩენას” სამეცნიერო საზოგადოება არ იზიარებდა, უფრო მძაფრი ეპითეტებით დაიწყეს საკუთარი მასწავლებლებისა თუ კოლეგების შემკობა-გ.ო.
4. საენათმეცნიერო ლიტერატურას ნამდვილად არ ედო კომუნისტებისგან „საიდუმლო გრიფი”,Aასე რომ გაუგებარია, მთელი 20 წელი რატომ დასჭირდა ბატონ თ.გვანცელაძეს ამ “აღმოჩენამდე” – ეტყობა თვითონ შეეშინდა გამხელისა ან „მთავლიტის“ დაშლის მერე გაეხსნა გონება-გ.ო.
5. იხილეთ ჭ.ქირია, კრებული 2007, გვ. 49
6. ტ. ფუტკარაძე და თ.გვანცელაძე 90-იან წლებში პარლამენტის დეპუტატები გახლდნენ-გ.ო.
7. მეგრულ-ლაზური და სვანური უკვე დიდია ხანია ენებია და მათი დიალექტებად გამოცხადება გახლავთ სწორედ ამ კუთხის შვილებისთვის „ღირსების შელახვა“.
ეს სტატიაც სწორედ ამ “შელახვის” პასუხად შეუძლია განიხილოს მკითხველმა –გ.ო.
8. “ვიღაცეებმა“ ინტერნეტ-გამოკითხვაც კი მოაწყვეს ფორუმში: “როგორ ფიქრობთ მეგრული ენაა თუ დიალექტი ?“ – მკითხველმა თვითონ განსაჯოს ეს “ვიღაცეები” ვინ შეიძლება იყოს. მე კი ერთ რჩევას მივცემდი: იქნებ „იმედის“ გადაცემა “სიმართლის დროს“ დეტექტორს შეგვაერთოს ბარემ სამეგრელოს / ან სრულიად საქართველოს / მოსახლეობა და მაშინ უფრო გარკვეულ პასუხს მიიღებენ. რატომღაც ამ “ვიღაცეებმა” თავი აარიდეს იგივე გამოკითხვას სვანურის მიმართ. ალბათ იმიტომ რომ იცოდნენ, თუ ვინმემ მეგრული ენა ქართულთან მცირედი მსგავსების გამო დიალექტად შეიძლება ჩათვალოს, სვანურის შემთხვევაში პასუხი ცალსახად სვანურის, როგორც ენის სასარგებლოდ იქნებოდა გაცემული.
9. გეთანხმებით პატივცემულო ავტორებო: ასეთი სურვილი არასოდეს გაჩენიათ, იმიტომ რომ იცოდნენ და თვლიდნენ რომ ენებია – გ.ო.
10. ქართველური ენების არსებობა – გ.ო
11. მგონი პატივცემულ ისტორიკოსები თვლიან, რომ სისტემაში: კილოკავი-კილო-დიალექტი-ენა
( თუნდაც უმწერლობო ), დიალექტი ყველაზე განვითარებული რგოლია და ამიტომაც არიან A“შეურაცხყოფილნი“ მათი დიალექტების „ენად“ გამოცხადებით. „ფუტ-ლინგვისტების“ გარდა სხვა ლინგვისტთა ნაშრომებსაც რომ გაეცნობოდნენ, მგონია რომ გადაუვლით-გ.ო.
12. ენებად განიხილავენ მეგრულსა და სვანურს-გ.ო.
13. მგონი ბატონი ფუტკარაძე ისეა „დიალექტებზე“ შეყვარებული, რომ ვერ იტანს, თუ სადმე ვინმე დიალექტს ენის სტატუსს მიანიჭებს.?!.
მოკლედ – ვერაფრით ვერ მოიგეს გერმანელებმა გვანცელაძე-ფუტკარაძის გული.-გ.ო.
14. მეგრულ-ლაზური და სვანურის დიალექტებად აღიარება-გ.ო.
15. ამ ინსტიტუტის დირექტორი გახლავთ ბატონი ფუტკარაძე-გ.ო.
16. “სათანადო დაფინანსების” გადანაწილება მოუწევდა მაშინ-გ.ო.
17. ბოდიშს ვუხდით Qქუთაისის უნივერსიტეტის მესვეურებს, რომ ამ კონტექსში
გვიწევს მათი ხსენება-გ.ო.
18. ქუთაისში “ინსტიტუტი”, სხვებთან – განყოფილება ან ცენტრი?-გ.ო.
19. უმნიშვნელო დეტალია თითქოს, მაგრამ თუ დაუკვირდებით ამავე მემორანდუმის ხელმოწერებს, ერთი რამე მოგხვდებათ თვალში: საერთოდ, როცა მემორანდუმის სახის დოკუმენტებს აწერენ ხელს ან ამ ხელმოწერებს კრებულში აქვეყნებენ, რამდენიმე მარტივ ეთიკურ წესს იცავენ რიგითობისას : ან ანბანის მიხედვით, ან ასაკის მიხედვით, ან მეცნიერების დარგში მიღწეული წარმატებების მიხედვით; მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი როგორც წესი, ბოლოს აწერს ხელს: ბატონი ფუტკარაძის პირველ ხელმომწერად ყოფნა კი ნათლად მიუთითებს მის მეცნიერულ და პიროვნულ „თავმდაბლობაზე“ .
20. ექპერტების შეფასებით, იმ 6700-მდე ენიდან, რომელზეც ჩვენს პლანეტაზე დღეს ლაპარაკობენ, ერთ მესამედს XXI საუკუნეში გადაშენება ემუქრება. პესიმისტური შეფასებით კი მათ 90 პროცენტს –გ.ო.
21. ვროსაბჭოს დოკუმენტის სახელწოდებაც კი შეცვალეს ავტორებმა,საკუთარი თეორიების
უფრო უკეთესად წარმოსაჩენად. ამაზე ცოტა ქვემოთ ვიმსჯელებთ.-გ.ო.
22. ავტორების რაოდენობისა და რიგითობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მგონი ფრთხილობს ტ.ფუტკარაძე: მისგან დაწუნებულ “ქართიზაციაში” რომ არ ჩაუთვალოს ვინმემ სვანურ/მეგრულის “გადიალექტება”, იმიტომ მოექცა შუაში: დადიანი/ფუტკარაძე/შეროზია,. ოღონდ დადიანი რა შუაშია ვერ ვხვდები? მგონი სვანების ნათქვამი “ ჩვენებურია თქვენი თავადიო”, რომ გვეხუმრებიან ხოლმე მეგრელებს, სერიოზულად აღიქვა – გ.ო.
23. ტ.ფუტკარაძე და მისი თანაავტორები ხშირად იშველიებენ ქვეყნის კონსტიტუციასა თუ სხვადასხვა საერთაშორისო აქტებს და ამ მოტივით აცხადებენ – „რა საჭიროა „ენების ქარტიაში“ ამ საკითხების დაფიქსირება, თუკი ისინი ამ აქტებით უკვე მოგვარებულია“-ო.
24. შდრ.: ტ. ფუტკარაძე : ქარტია საშიშია ქვეყნისთვის –გ.ო.
25.იხ. გ. გოგოლაშვილი, კრებული 2007 გვ. 75-136
26. არსად ქარტიაში ასეთ კონტქსტში არ გამოიყენება ლანგუაგე /მხ.რიცხვში /-არამედ გამოიყნება რეგიონალ ორ მინორიტყ ლანგუაგეს-გ.ო.
27. მაგას ვინ იფიქრებდა ბატონი ფუტკარაძე რუსებზეც თუ იზრუნებდა ოდესმე?-გ.ო.
28. ავტორები თითქმის ყველგან ჩრიან უმიზეზოდ ისეთ კომპოზიციებს როგორიცაა:
„რეგიონის ძირძველი, არაძირითადი მოსახლეობა“ ან „მკვიდრი ისტორიული (ავტოქთონი) ეთნიკური ჯგუფის ენა“, მაშინ როცა ქარტიასა და მის განმარტებებში ლაპარაკია ისტორიულ მოსახლეებზე-.გ.ო.
29. თავდაბლობა შეეპარათ ავტორებს ცოტათი: მოერიდათ ეთქვათ –ჩვენებურ კრიტერიუმებსო
30. შდრ. Qქარტიის ოფიციალური სახელწოდება“ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“-გ.ო.
31. არ მესმის ეს “თუკი” რისთვის დასჭირდათ, ბარემ პირდაპირ ეთქვათ “ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ არ გვყავს ასეთები”-ო-გ.ო.
32. ავტორების “ავტოქთონი” ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება და ამიტომაც იყენებენ მას ასე ხშირად-გ.ო.
33. კახეთის რეგიონი რომ ტოლერანტობის მაგალითია, არც ჩვენ გვეპარება ეჭვი, მე ის ვერ გავიგე მხოლოდ, დადიანი-ფუტკარაძე-შეროზია და მათი მიმდევრები რისი მაგალითი არიან?-გ.ო.
34. ამათი გამკვირვებია, აქამდე სულ იძახოდნენ არ დაუჯეროთ რუსებს, მაგათ გაგვიყალბეს მთელი იასტორია-ო და ეხლა თვითონ უჯერებენ?-გ.ო.
35. თქვე დალოცვილებო არ დაგემადლებიათ, ან აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორის თ.გვანძელაძის ხათრით მაინც მოგეხვედრებიათ „ენების ქარტიაში“ რა მოხდებოდა, ასე თუ გეცოდებათ, სხვაგან დაიღუპებიან უჩვენოდო? –გ.ო.
36. თავიანთი მიმდევარი ისტორიკოსების მიერ ჩამოყალიბებულ ისტორიას გულისხმობენ-გ.ო.
37. მოკლედ,… ავსტრიისა და სომხეთის მთავრობებისგან “ღირსების ორდენი “ თუ არა,
მადლობის წერილი მაინც თუ მიიღო ბატონმა ფუტკარაძემ, ამას საიდუმლოდ ტოვებენ
ავტორები-გ.ო.
38. სახესხვაობებეზე არ ვრეცელდება ენების ქარტიაო, რომ უხაროდათ აქამდე – ეხლა საკუთარ მახეში ეგებიან-გ.ო.
39. იხ. ტ.Fფუტკარაძის წიგნი „ქართული ენის ისტორია“-2006 წ. -სახელმძღვანელო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.-გ.ო.
40. In accordance with Article 3, paragraph 1, of the Charter, the Republic of Armenia declares that within the meaning of the European Charter for Regional or Minority Languages, minority languages in the Republic of Armenia are Assyrian, Yezidi, Greek, Russian and Kurdish languages.
41. ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი,სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომის წერილი საქართველოს პრეზიდენტს
42. სანამ „საპატრიარქოსთან არსებული ენის პალატის“ წევრები გახდებოდნენ ფუტკარაძე- გვანცელაძე, იქნებ ეკითხა მათთვის ვინმეს 90-იან წლებში საქართველოს საპატრიარქოს რომ უწყობდნენ თანამომხრეებთან ერთად მიტინგებს და იმავე ეპითეტებით ამკობდნენ, როგორც დღეს თავის კოლეგა ენათმეცნიერებს, როდის იყვნენ გულწრფელნი?-გ.ო.
43. შეგნებულად ცრუობს თუ ვერ ხვდება განსხვავებას ბატონი გვანცელაძე, არჩევანი მისთვის მიგვინდია-გ.ო.
44. ქვეყანა თავზე ენგრეოდათ და მეგრულ-სვანურისთვის ეცალათ ვითომ?-გ.ო.
45. მეგრულ-ქართული ლექსიკონი იყო და აბა ქართულ-ქართულ ლექსიკონს ხომ ვერ დაარქმევდა? -გ.ო.
46. ლაშა გახარია – მეგრული Pპოეზია- გვ.129
47.გლობალიზაციის პრობლემების გარდა, მიგრაციის ამჟამინდელი ტემპების გაგრძელების შემთხვევაში, როცა მშობლები უკვე ვეღარ ან აღარ ამახვილებენ ყურადღებას მშობლიური ენის სწავლებაზე, ან სულაც დაბრკოლებად ჩათვლიან მის სწავლას ბავშვის განვითარებისათვის, ისევე როგორც ამ კუთხეში მოსახლეებს გაუნელდებათ სურვილი „დიალექტის“ შესწავლისა..
48. პრეფექტი ფუტკარაძე აჭარის ავტონომიასაც აუქმებდა და მერე კარგა ხანი ვერ ჩადიოდა მშობლიურ კუთხეში-გ.ო.
49. ლაშა გახარია, მეგრული პოეზია, 2006, გვ.130
50. ლაშა გახარია- მეგრული პოეზია, 2006, გვ. 133

ლიტერატურა

– გვანცელაძე 2006 – თ. გვანცელაძე, ენისა და დიალექტის საკითხი ქართველოლოგიაში, 2006
– გუჯეჯიანი-ხორავა 2010 –რ. გუჯეჯიანი/,ბ. ხორავა, ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან (“ერთობილი საქართველოსათვის”)”, 2010
– დადიანი-ფუტკარაძე-შეროზია 2010 – ე.დადიანი,ტ.ფუტკარაძე,რ.შეროზია ევროპული ქარტია რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ და საქართველო , 2010
– კრებული 2007 – ქართველური ენები და დიალექტები „ერთი სამეცნიერო პოლემიკის“ გამო), 2007
– კრებული 2006 – ენობრივი პოლიტიკა და განათლება მრავალეროვან საზოგადოებაში, 2006
– მეგრული პოეზია 2007- თბილისი, გამომცემლობა-ბაკმი
– რეკომენდაციები 2008 – ევროპის საბჭოს 1993 წლის რეგიონული და უმცირესობათა ენების ქარტიის რატიფიცირებისათვის საქართველოს მიერ ასაღები ვალდებულებების შეასახებ, 2008
– ჯონათან უითლი 2009 – ჯ.Uუითლი, საქართველო და რეგიონალური ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია
– ფუტკარაძე – ტ.ფუტკარაძე 2007- ქართველთა დედაენა და დიალექტები

წყარო: http://einblickgeorgien.blogspot.com/2010/06/blog-post.html

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button