ნილ დეგრას ტაისონის ტოპ 10 ფაქტი სამყაროზე
ცნობილი ასტროფიზიკოსის, მწერლის, წამყვანისა და მეცნიერების პოპულარიზატორის, ნილ დეგრას ტაისონის მიერ შედგენილი ათეული, რომელშიც შედის მისი საყვარელი ფაქტები სამყაროზე. ტაისონს ეკუთვნის ნაშრომები კოსმოლოგიაზე, ვარსკვლავების ფორმირებასა და ევოლუციაზე და გალაქტიკურ ასტრონომიაზე. დიდი როლი ითამაშა პლუტონის, როგორც პლანეტის შესახებ არსებული შეხედულების გაქარწყლებასა და მისთვის ჯუჯა პლანეტის სტატუსის მინიჭებაში.
10. სამყაროში 100,000-ჯერ უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე იმ ბგერებისა და სიტყვების რაოდენობა, რომლებიც ისტორიის მანძილზე ყველა ადამიანს წარმოუთქვამს.
9. ადამიანები გენეტიკურად უკავშირდებიან დედამიწის ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ქიმიურად – სხვა მზის სისტემებში არსებულ სიცოცხლეს და ატომურად – სამყაროს ყველა მატერიას.
8. ბნელი მატერია და ბნელი ენერგია სამყაროს 94%-ს შეადგენს. ჩვენ შეგვიძლია მათი არსებობის დადგენა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით, რას წარმოადგენენ.
7. ყინულის სქელი ფენის ქვეშ, იუპიტერის თანამგზავრ ევროპას აქვს თხევადი წყლის ოკეანე, რომელსაც ათბობს იუპიტერისა და მეზობელი თანამგზავრების გრავიტაციული ზემოქმედება – ეს სიცოცხლის პოტენციური ნავსაყუდელია.
6. 65 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ევერესტის მთის ზომის ასტეროიდი ჩამოვარდა. შედეგად გამოწვეულმა გლობალურმა კლიმატურმა კატასტროფამ მსოფლიო სახეობების 70% გადააშენა, მათ შორის მძვინვარე დინოზავრები.
5. ერთ ჭიქა წყალში უფრო მეტი მოლეკულაა, ვიდრე მსოფლიოს ყველა ოკეანეში ჭიქა წყლების რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა მოლეკულებმა იმ ჭიქა წყალში, რომელსაც სვამთ, წარსულში გაიარა ჩინგისხანის, ნაპოლეონის, აბრაამ ლინკოლნის ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ისტორიული პიროვნების თირკმლებში. იგივე ეხება ჰაერსაც: ამოსუნთქულ ჰაერში უფრო მეტი მოლეკულაა, ვიდრე დედამიწის მთელ ატმოსფეროში ამოსუნთქულ ჰაერთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მოლეკულებმა იმ ჰაერში, რომელსაც ჩაისუნთქავთ, გაიარა ბილი ქიდის, ჟანა დ’არკის, ბეთჰოვენის, სოკრატეს ან თქვენ მიერ არჩეული ნებისმიერი ისტორიული პიროვნების ფილტვებში.
4. ფიზიკის კანონები, რომლებსაც აქ, დედამიწაზე ვზომავთ, მოქმედებს ყველგან სამყაროში – ნებისმიერ დროსა და სივრცეში.
3. რადგანაც სინათლეს დრო სჭირდება ერთი ადგილიდან მეორემდე მისაღწევად, რაც უფრო შორს ვიხედებით სივრცეში, მით უფრო შორეულ წარსულს ვხედავთ. ყველაზე ძლიერი ტელესკოპებით შეგვიძლია დავაკვირდეთ სამყაროს მის ყველაზე ადრეულ მომენტებამდე – მათ შორის თავად დიდ აფეთქებამდე.
2. გამომდინარე იქიდან, რომ მარსი სავარაუდოდ დედამიწაზე უწინ იყო სველი და ნაყოფიერი ადრეულ მზის სისტემაში; გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილია ბაქტერიები, რომლებიც უძლებენ ექსტრემალურ ტემპერატურას, წნევასა და რადიაციას; გამომდინარე ასტეროიდების ჩამოცვენიდან, რა დროსაც კოსმოსური ქვები კოსმოსში იფანტება და თან მიაქვთ ბაქტერიები, რაც საშუალებას იძლევა, სიცოცხლე პლანეტებს შორის გავრცელდეს, შესაძლებელია დედამიწაზე სიცოცხლის თესლები მარსიდან იქნა შემოტანილი, რაც ჩვენ ყველას მარსელების შთამომავლებად გვაქცევს.
1. რადგანაც ქიმიური ელემენტები 14 მილიარდი წლის წინ გამოიჭედა მაღალი მასის მქონე ვარსკვლავებში, რომლებიც შემდეგ აფეთქდნენ, ამ ელემენტებმა კი მომდევნო თაობების ვარსკვლავები გაამდიდრეს ნახშირბადით, ჟანგბადით, აზოტითა და სიცოცხლის სხვა ძირითადი ინგრედიენტებით, ჩვენ არამარტო ხატოვანი, არამედ პირდაპირი გაგებითაც შევდგებით ვარსკვლავური მტვრისგან.