პოლიტიკაფილოსოფია

ემანუილ კანტის პოლიტიკური შეხედულებები

მამუკა ბიჭაშვილი

ემანუილ კანტმა სახელი საკმაოდ გვიან გაითქვა მას შემდეგ, რაც ჰიუმის სკეპტიკური ფილოსოფიის ზაგავლენით, უარი თქვა ვოლფის მიმდევრობაზე და კრიტიკული ფილოსოფიის შექმნა დაიწყო. თავისი ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომის, “წმინდა გონების კრიტიკის” შესავალში კანტი წერს, რომ ამასობაში ის საკმაოდ მოხუცდა და სამოც წელს მიაღწია. ყველაფერი ღირებული კანტმა ამ ასაკის შემდეგ შექმნა.

ემანუელ კანტის პოლიტიკურ შეხედულებებს გავეცნობით მისი ორი ნაშრომის, “რა არის განმანათლებლობის” და “მარადიული მშვიდობის” მიხედვით. ამ შრომების გარდა, პოლიტიკური თეორიის კუთხით კანტის შრომებიდან შეიძლება გამოიყოს “ზნეობის მეტაფიზიკის საფუძვლები” (1785) და “ზნეობის მეტაფიზიკა” (1797), რომელიც, თავის მხრივ, ორი ნაწილისაგან შედგება: “სამართალმცოდნეობის მეტაფიზიკური საწყისები” და “სათნოებაზე მოძღვრების მეტაფიზიკური საწყისები”.

კანტი უმეტესწილად ცნობილია მისი კრიტიკული ფილოსოფიით, რომელსაც ხან კოპერნიკულ რევოლუციას ადარებდნენ და ხანაც პტოლემეურს. კანტის პოლიტიკური თეორია მისი ფილოსოფიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს კანტი განმანათლებლობის უკანასკნელი სოლიდური წარმომადგენელია.

როგორ ესმოდა თავად კანტს განმანათლებლობის არსი? “განმანათლებლობა — ამბობს კანტი — არის ადამიანის გამოსვლა მისი არასრულყოფილებიდან, სადაც ის იმყოფებოდა ისევ საკუთარი ბრალეულობით. თავის მხრივ, არასრულყოფილება სხვა არაფერია, თუ არა უუნარობა მავანმა ისარგებლოს საკუთარი განსჯით, ხოლო არასრულყოფილება მისივე ბრალეულობით, არის განსჯით ოპერირების უუნარობა, არამედ ადამიანის გაუბედაობა გარეშე ვინმეს ჩარევის გარეშე გამოიყენოს საკუთარი განსჯა. აქედან, განმანათლებლობის ერთ-ერთი ძირითადი დევიზია — გეყოს ვაჟკაცობა გამოიყენო საკუთარი ჭკუა”.

სიზარმაცე და გაუბედავობა ადამიანის გონების ზედამხედველებად აქცევს შემეცნების მიღწევის ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, როგორიცაა მეცნიერების დებულებები და ფორმულები. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება თვითგანათლებაა, თუმცა მის გზას რომ ადამიანი დაადგეს, მას სააამისოდ გამბედაობა და, რაც მთავარია თავისუფლება ესაჭიროება. თუკი ადამიანი თავისი თავისუფლების შეგნებიდან ამოვა და განათლების გზას დაადგება, მაშინ “ზედამხედველებს” პოზიტიური როლის შესრულებაც კი შეუძლიათ, რომლებიც თავად მოხსნიან რა ადამიანის არასრულფასოვნების უღელს, თავს მოუყრიან ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს და მოუწოდებენ მათ იაზროვნონ დამოუკიდებლად.

კანტის ამ ციტატაში, განმანათლებლობის ცნების ანალიზის კონტექსტში, ფიგურირებს რამდენიმე ფუნდამენტური ტერმინი. განმანათლებლობის კანტისეული გაგებისათვის, როგორც ვხედავთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განსჯის გონისმიერ უნარს და პერსონის პასუხისმგებლობას იმოქმედოს საკუთარი განსჯის კარნახით, სხვა, გარეშე ძალების დაუხმარებლად. “გარეშე ძალები” ამ შემთხვევაში, ძალზე ფართე მოცულობის ტერმინია და გულისხმობს როგორც ეკლესიის, ასევე ხელისუფლების ავტორიტეტს. ეს კი ნიშნავს, რომ კანტის განმანათლებლობის ცნება მოიცავს ინდივიდუალიზმს, რაციონალიზმს, ინდივიდის თავისუფლებას და გამბედაობას იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად.

ამ რამოდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს შორის, კანტის შემდგომ დახასიათებებში წინა პლანზე წამოიწევს თავისუფლება და გონება, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობას საჯარო ხასიათს შესძენენ და განათლებას სახალხო ხასიათს მიანიჭებენ.

განათლებისაკენ სწრაფვა არის აღმავალი ეპოქის მოთხოვნა, პროგრესის და მას ვერავინ, მათ შორის ვერც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება ვერ შეაჩერებს. კანტი შეფასებით, მისი ეპოქა არ არის განათლებული. ის ჯერ მხოლოდ განმანათლებლობის, ანუ ფრიდრიხის ეპოქაა. პრუსიის მმართველი კანტს წარმოედგინა თავისებურ ლაისსეზფაირე-სტად კულტურის, აღმსარებლობის და განათლების საკითხებში. იგი არ ერევა, მაგალითად, რელიგიის საკითხებში. უარს ამბობს მიითვისოს შემწყნარებლის ტიტული და აცხადებს, რომ თავად მოქალაქეების საქმეა გადაწყვიტონ თავისი რწმენის საკითხები. სინდისის საკითხებში ადამიანთა პოზიცია უნდა გამომუშავდეს არა ვინმეს ზედამხედველობით, არამედ საკუთარი გონების კარნახით. აქცენტირება რელიგიის საკითხებზე აქ შეგნებულია, რადგან, როგორც კანტი შენიშნავს, ჩვეულებრივ ხელისუფლება არ ცდილობს ჩაერიოს ისეთ სფეროებში, რომლებიც განსაზღვრავენ მოქალაქეთა ესთეტიურ და სამეცნიერო შეხედულებებს.

თვით ასეთი პროგრესული ხელისუფლების პოზიცია, რამდენადმე უცნაურად გამოიყურება და დაიყვანება ფორმულაზე: “იმსჯელეთ და იდავეთ რამდენიც გენებოთ, მაგრამ დამემორჩილეთ!” ასეთია განათლებული აბსოლუტისტის პოზიცია, რომელსაც საკუთარი განათლებულობის წყალობით, მართალია არ ეშინია საკუთარი აჩრდილისა, მაგრამ მაინც გამზადებული ჰყავს არმია საზოგადოებრივი სიმშვიდის დასაცავად. შედეგად იქმნება ვითარება, რომელსაც კანტი პარადოქსულს უწოდებს. ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან სამოქალაქო თავისუფლება და ხალხის სულის თავისუფლება, რომელსაც პირველი გადაულახავ წინაღობებს უყენებს. რაც უფრო დიდია სამოქალაქო თავისუფლების ხვედრითი წილი საზოგადოებაში, მით უფრო მცირეა ხალხის სულის თავისუფლების გამოვლენა და პირიქით. ხალხის სული ჩანასახშივე ფლობს დიდ სააზროვნო პოტენციალს, რომელსაც გასაშლელად ძირითადად თავისუფალი აზროვნებისაკენ მიდრეკილება და მოწოდება და ამ ტენდენციის ხელისშეწყობა ესაჭიროება.

კანტის წარმოდგენით, პროგრესის გზა, რომელიც, ჩანს, არის განმანათლებლობის მაგისტრალური ხაზი, წარმატების შემთხვევაში, აუცილებლად გამოიწვევს თავისუფალი აზრის გადასვლას ადამიანთა თავისუფალ მოქმედებაში და საბოლოო ჯამში, ზემოქმედებას მოახდენს თვით მთავრობის პრინციპებზე, რომლისათვისაც უფრო სასარგებლოა საქმე ჰქონდეს ადამიანთან, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე მანქანა.

როგორც ვხედავთ, განმანათლებლობის იდეალია განათლების გზით საზოგადოების მოდერნიზაცია, რაც თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად აყენებს თავისუფლებას. ამ პროექტის მეორე არსებითი მახასიათებელი არის მშვიდობა. რასაც კანტმა მიუძღვნა ტრაქტატი “მარადიული მშვიდობისათვის” (1795).

უნდა ითქვას, რომ კანტი არ ყოფილა პირველი, ვინც მშვიდობის პრობლემას შეეხო. ევროპული შიდაომების გამოცდილების საფუძველზე მარადიული მშვიდობის შესახებ ჯერ კიდევ რეფორმაციის ეპოქაში ფიქრობდნენ. ამ თემას მიძუღვნა ერაზმ როტერდამელმა ნაშრომი “ვედრება მშვიდობისათვის” (1517). სხვა ავტორებიდან გამოიყოფა სებასტიან ფრანკის “მშვიდობისათვის მებრძოლი წიგნი” (1539), ამერიკელი პენის “ესსე აწმყო და მომავალი მშვიდობისათვის ევროპაში” (1693), სენ პიერის “წერილს ევროპაში მარადიული მშვიდობის შენარჩუნებისათვის” (1712) და მისსავე სამტომიან გამოკვლევას ”ევროპაში მარადიული მშვიდობის პროექტი”. და ბოლოს კანტამდე მშვიდობის მოსურნე გამოდგა რუსოც “ევროპაში მარადიული მშვიდობის პროექტი” (1782).

ჩანს, კანტი ცდილობდა თავისი ნაშრომისათვის დასაწყისში მაინც მკაცრი რეგულატორული სახე მიეცა. შრომის პირველი დებულებები სწორედ ასეთ სახეს ატარებს. ასე მაგალითად, პირველი თეზისები ამბობენ იმის შესახებ, რომ არც ერთი სამშვიდობო ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთად, თუ ის შეიცავს ომის გაჩაღების ფარულ პუნქტებს. ეს მსჯელობა კანტს თვით მარადიული მშვიდობის ცნებიდან გამოყავს, რადგან თუ მარადიული მშვიდობის ხელშეკრულება არღვევს აღნიშნულ პუნქტს, ის მხოლოდ დროებითი საზავო ხელშეკრულება იქნება.

კანტის შემდეგი თეზისით, არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შეიძლება შეიძინოს მეორე სახელმწიფომ არც მემკვიდრეობით, არც გაცვლით, არც ყიდვით და არც საჩუქარის სახით. საწინააღმდეგო მტკიცება უპირისპირდება სახელმწიფოს ცნებას. სახელმწიფო ხომ (იმ მიწისაგან განსხვავებით, რომელზედაც ის იმყოფება) იმ ადამიანთა თანამეგობრობაა, რომლებიც მასზე ცხოვრობენ, რომელთა მართვის და განკარგვის უფლება არავისა აქვს, გარდა ისევ იმ ხალხისა, რომლებიც ამ სახელმწიფოს შეადგენენ.

სახელმწიფოს სხვა სახელმწიფოსათვის მიერთება მოსპობს პირველს, როგორც მორალურ პირს. კანტის ეს მსჯელობები ვრცელდება მემკვიდრეობით მონარქიაზედაც, რომელიც არ შეიძლება მემკვიდრეობის უფლებით გადავიდეს სხვა სახელმწიფოს ხელში. რომელიმე ფიზიკურ პირს შეიძლება მემკვიდრეობით ერგოს მხოლოდ სახელმწიფოს მართვის უფლება და ასეთ შემთხვევაში მმართველი კი არ იძენს ქვეყანას, არამედ, პირიქით, ქვეყანა იძენს მმართველს.

ომის შესახებ

კანტამდე მონტესკიე წუწუნებდა ევროპაში გავრცელებული ახალი მოდის შესახებ — მმართველებმა სრულ მზადყოფნაში იყოლიონ დიდი არმიები. ასეთი არმიების არსებობით არც კანტი არ არის მოხიბლული და გამოთქვამს იმედს, რომ მუდმივი არმიები თანდათანობით უნდა გაქრნენ. საამისოდ მას ორი არგუმენტი აქვს: ა) არმია იმდენად ამ არმიის მყოლი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი კი არ არის, როგორც ეს საყოველთაოდაა გაზიარებული დღეს, არამედ სხვა სახელმწიფოებისათვის მუდმივი მუქარის წყარო. ბ) შემდეგი არგუმენტი უფრო მორალური ხასიათისაა. ადამიანების დაქირავება იმისათვის, რომ მათ ან სხვები დახოცონ, ან თავად იყვნენ დახოცილები სხვების მიერ, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან. ომის თავიდან ასაცილებლად არც ერთმა ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში, არ უნდა მიმართოს ისეთ აქციებს, რაც შეუძლებელს გახდიდა შემდეგში მშვიდობას. ასეთია, მაგალითად, დაქირავებული მკვლელების გამოყენება, კაპიტულაციის პირობების დარღვევა და ა.შ. საქმე ისაა, რომ მსგავსი მოქმედებები მოსპობს მოწინააღმდეგეში ნდობას და შექმნის საფრთხეს, რომ ომი გაგრძელდეს ურთიერთამოწყვეტამდე.

ომი არის სამწუხარო, იძლებითი საშუალება ბუნებრივ მდგომარეობაში (მაშინ, როდესაც არ არსებობს არავითარი საშუამავლო ინსტანცია სასამართლოს სახით, რომელიც გამოიტანდა მხარეებისათვის სავალდებულო განაჩენს), რათა ძალით განმტკიცდეს ამა თუ იმ მხარის უფლებები მაშინ, რომდესაც არც ერთი მოდავე მხარე არ შეიძლება გამოცხადდეს მტყუანად. სწორედ ასეთ შემთხვევებში წყვეტს ომი თუ რომელი მხარეა უფლებამოსილი. ქვეყნებს შორის არ შეიძლება არსებობდეს სადამსჯელო ომი — აზუსტებს კანტი — რადგან ქვეყნებს შორის არ არსებობს ზემდგომის მიმართება ქვემდგომთან.

კანტის ეს მსჯელობები გულისხმობს საერთაშორისო სამართლის არ არსებობას, სამართლისა, რომელიც გაარჩევდა მტყუანსა და მართალს. სწორედ ამის გამო ხდება ომი აუცილებელი საშუალება საერთაშორისო სადავო საკითხების მოსაგვარებლად. მას შემდეგ რაც შედგება საერთაშორისო სამართალი როგორც ერთაშორისი საკითხების მოგვარების ერთადერთი საშუალება, მან უნდა გამორიცხოს თავისი ლექსიკონიდან ომის ცნება, რადგან საერთაშორისო სამართლის ცნება გამორიცხავს ომის უფლებას. ადამიანთა მშვიდობიანი ცხოვრება არ არის მათი ყოფის ბუნებრივი მდგომარეობა (სტატუს ნატურალის); ბუნებრივი მდგომარეობა, პირიქით, ომს გულისხმობს, ომს თუ არა მუდმივად გაგრძელებულს, ყოველ შემთხვევაში, ომის მუდმივ მუქარას მაინც. აქედან გამომდინარე, მშვიდობა მიზანდასახულად უნდა შედგეს.

მტრობას, კანტის მიხედვით, განსაზღვრავს ორი ვითარება: ჯერ ერთი, მტრულად შეგვიძლია მოვექცეთ მხოლოდ იმას, ვინც საქმით არღვევს ჩემს უფლებებს და, მეორე, ის, ვისაც ვცნობთ მტრად, უნდა იმყოფებოდეს სამოქალაქო მდგომარეობაში. საქმე ისაა, რომ ამ მდგომარეობაში შესვლით, აღნიშნული საზოგადოება სხვას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. ამისგან განსხვავებით, ხალხი, რომელიც ბუნებით მდგომარეობაში იმყოფება ასეთ გარანტიას სხვა ხალხს ვერ მისცემს და მხოლოდ იმით, რომ ის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, არღვევს მეზობლების უფლებებს. მისი ყოფა ხომ ყოველგვარი კანონის მიღმა იმყოფება?

ყველა ხალხი, ვისაც კი შეუძლია ერთმანეთზე ზეგავლენა, რომელიღაც სამოქალაქო საზოგადოებას მიეკუთვნება. მასთან კავშირში მყოფ პირთა სამართლებრივი მოწყობა ასეთ სახეს იღებს:
1. სამართალი რომელიც ვრცელდება პიროვნებაზე იმდენად, რამდენადაც ის ამა თუ იმ სახელმწიფოს წევრია;
2. სამართალი, რომელიც მყარდება სახელმწიფოებს შორის და რომელიც ვრცელდება რიგ შემთხვევებში პიროვნებაზე;
3. სამართალი, რომელიც ვრცელდება ინდივიდზე, იმდენად, რამდენადაც ის არის მსოფლიო მოქალაქე.

ეს უკანასკნელი ხალხების და ადამიანების ურთიერთობის უფრო მაღალი ფორმაა, იმდენად რამდენადაც სახელმწიფოები შედიან ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობაში, რომელიც საშუალებას იძლევა თითოეული მათგანი განხილული იყოს ზოგადკაცობრიული სახელმწფოს მოქალაქედ.

კანტი სახელმწიფოს შესახებ

მარადიული მშვიდობის საბოლო, შემეჯამებელი სტატია ადგენს, რომ სამოქალაქო მშვიდობა ყოველ სახელმწიფოში უნდა იყოს რესპუბლიკური. ის უნდა ემყარებოდეს:

ა) საზოგადოების წევრთა თავისუფლებას;
ბ) ყველა ქვეშევრდომის დამოკიდებულებას ერთიან კანონმდებლობაზე;
გ)ყველა მოქალაქის თანასწორობას.

როგორც ვხედავთ, რესპუბლიკური სახელმწიფოს ბუნების განმსაზღვრელ ძირითად ელემენტებად კანონმორჩილების გარდა, ფიგურირებს თავისუფლება და თანასწორობა.

კანტი იძლევა თავისუფლების (ამასთან, აქ ლაპარაკია გარეგან, ანუ სმართლებრივ თავისუფლებაზე) და შემდეგ თანასწორობის ასეთ განსაზღვრებას: “ეს თავისუფლება არის უფლებამოსილება არ დავემორჩილო არავითარ გარეგან კანონებს, გარდა იმ კანონებისა, რომლებზედაც მე მზად ვარ მივცე თანხმობა. ზუსტად ასევე, გარეგანი (სამართლებრივი) თანასწორობა სახელმწიფოში არის მისი მოქალაქეების ისეთი მიმართება, როდესაც თითოეულს შეუძლია სამართლებრივად დაავალდებულოს მეორე მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი თავად ემორჩილება კანონს, რომელიც, მოითხოვს, რომ ეს პირი, თავის მხრივაც იყოს სამართალვალდებული”. კანტი თვლის, რომ აღნიშნული ულებები მოუწყვეტელია ადამიანისაგან და ბუნებითადაა მას მიკუთვნებული.

რესპუბლიკური მმართველობა უნდა გამომდინარეობდეს იმ პირველი კონვენციიდან, რომელსაც ადამიანები გადაჰყავს სამოქალაქო მდგომარეობაში. მასვე უნდა ემყარებოდეს ამა თუ იმ ხალხის ყოველგვარი სამართლებრივი კანონმდებლობა. რესპუბლიკანიზმი, თავის მხრივ, ქმნის განსხვავებას ქვეშევრდომსა და მოქალაქეს შორის. კანტი წერს: “იმ წყობაში, სადაც ქვეშევრდომი არ არის მოქალაქე (მაშასადამე, არარესპუბლიკური წყობის შემთხვევაში) ეს საკითხი ყველაზე ნაკლებ კამათს იწვევს, რადგან სახელმწიფოს მეთაური არ არის სახელმწიფოს წევრი, არამედ მხოლოდ მისი მესაკუთრე”.

საერთოდ სახელმწიფოს ფორმები უნდა გავარჩიოთ ან იმის მიხედვით, თუ რამდენი პირი ფლობს უმაღლეს მმართველობას, ან იმ წესის მიხედვით, რომლითაც უმაღლესი ხელისუფალი, მნიშვნელობა არა აქვს ვინ დანიშნა ის, მართავს ხალხს. პირველი — კანტის აზრით _ არის ბატონობის ფორმა (ფორმა იმპერი) და არსებობს მხოლოდ სამი სახით: ა) როდესაც უმაღლესი ხელისუფალი ერთი პირია — ავტოკრატია; ბ) როდესაც უმაღლესი ხელისუფალი რამდენიმე პირია _ არისტოკრატია; გ) როდესაც უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის მთელ ხალხს _ დემოკრატია.

მეორე ფორმა არის მართვის ფორმა (ფორმა რეგიმინის). იგი ეხება კონსტიტუციაზე, ანუ საერთო ნებაზე (რომელიც ბრბოს აქცევს ხალხად) დაფუძნებულ მართვის იმ წესს, რომლითაც სახელმწიფო განკარგავს სრულ ძალაუფლებას. აქედან მართველობის ფორმა სულ არის ორი: რესპუბლიკა ან დესპოტია. “რესპუბლიკანიზმი არის სახელმწიფო პრინციპი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას მიჯნავს საკანონმდებლოსაგან. დესპოტია — უმაღლესი მმართველის მიერვე შემოღებული სახელმწიფო კანონმდებლობის თვითმპყრობლური აღსრულების პრინციპია. ასეთ დროს საჯარო ნება გამოდის მმართველის კერძო ნების რანგში”.

სახელმწიფოს ბუნებაზე მსჯელობის შემდეგ, კანტი გადადის მსოფლიო სახელმწიფოს იდეაზე. მსოფლიო სახელმწიფოში კანტი ხედავს მარადიული მშვიდობის გარანტორს. როგორც ზემოთ ვნახეთ, წესი, რომლითაც სახელმწიფოები ცდილობენ თავიანთი უფლებების განხორციელებას, არის არა სასამართლო, არამედ ომი. სამშვიდობო ხელშეკრულება მართალია ბოლოს უღებს ამა თუ იმ ომს, მაგრამ არა საომარ მდგომარეობას როგორც საერთაშორისო სამართლით, ასევე ბუნებითი სამართლის პრინციპებით. მაგრამ გონება მორალის უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლების სიმაღლიდან, რა თქმა უნდა, კიცხავს ომს რიგორც სამართლებრივ პროცედურას და სავალდებულოდ აცხადებს მშვიდობას, რომელიც არ შეიძლება დამყარდეს ხალხთა შორის ურთიეთმოლაპარაკების გარეშე. აქედან, უნდა არსებობდეს განსაკუთრებული სახის კავშირი, რომელიც სამშვიდობო კავშირის სახელს უნდა ატარებდეს და რომელიც ჩვეულებრივი სამშვიდობო ხელშეკრულებიდან უნდა განსხვავდებოდეს იმით, რომ ეს უკანასკნელი ცდილობს მხოლოდ ერთი ომის დასრულებას, მაშინ, როდესაც პირველი ბოლოს მოუღებს ყველა ომს და გააკეთებს ამას სამუდამოდ. ყოველივე ეს არის მხოლოდ შესავალი ძირითადი თეზისისათვის, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოებრივი ისეთი გაერთიანების ფორმირებას, რომელიც შეზღუდავს მის წევრ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების შესაძლებლობას.

კანტს იმედი აქვს, რომ “შესაძლებელია ნაჩვენები იყოს ისეთი ფედერაციის იდეის განხორციელებადობა, რომელიც თანდათანობით მოიცავდა ყველა სახელმწიფოს და მიიყვანდა მათ მარადიულ მშვიდობამდე”. უფრო კონკრეტული ნაბიჯი ამგვარი გაერთიანების შესაქმნელად იქნება, თუკი რომელიმე სახელმწიფო შექმნიდა რესპუბლიკას რომლის ძირითადი ფუნქცია მიმართული იქნებოდა მარადიულ მშვიდობაზე. ასეთ რესპუბლიკას შეეძლო ერთგვარი ცენტრის ფუნქცია შეესრულებინა, რომლის ირგვლივაც გაერთიანდებოდნენ სხვა სახელმწიფოები.

მორალი და პოლიტიკა მარადიული მშვიდობის კონტექსტში

მარადიული მშვიდობის პრობლემების კონტექსტში კანტი განიხილავს ჩვენში ხშირად აქტუალურად ქცეულ საკითხს — მორალის პოლიტიკასთან მიმართების საკითხს. მიუხედვად იმისა, რომ კანტი საკითხს განიხილავს ძალზე სპეციფიკური კუთხით, კერძოდ, როგორც მარადიული მშვიდობის მიღწევის ხელისშემშლელ ან ხელისშემწყობ პირობას, ვფიქრობთ, მაინც საინტერესოა პრობლემის კანტისეული ანალიზი.

”რა არის მორალი?” _ ეს გახლავთ პირველი კითხვა, რომლითაც კანტი იწყებს საკითხის კვლევას. მორალი მის მიერ განისაზღვრება როგორც უპირობოდ მომთხოვნი კანონების ერთიანობა, რომელთან შესაბამისადაც უნდა იქცეოდეს ადამიანი. თუ ვაღიარეთ ვალდებულების მოცემული ცნება, მაშინ მისი განუხორციელებლობის მტკიცება წინააღმდეგობრივი იქნება. ის მთლიანად გააქრობდა მორალიდან ვალდებულების ცნებას. ამიტომ კანტი აქედან აკეთებს დასკვნას, რომ საუბარი შეუთავსებლობის თაობაზე მორალს (როგორც თეორიულ სამართალმცოდნეობასა) და პოლიტიკას (როგორც პრაქტიკულ სამართალმცოდნეობას) შორის არასწორი იქნება ისევე, როგორც არასწორი იქნება წინააღმდეგობაზე საუბარი ზოგადად თეორიასა და პრაქტიკას შორის. პოლიტიკის დევიზია _ ”იყავი ბრძენი ვითარცა გველი”, რასაც მორალი უმატებს შემზღუდველ პირობად _ ”და უმანკო ვითარცა მტრედი”. მორალსა და პოლიტიკას შორის წინააღმდეგობის არსებობა მრავალმხრივაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეთავსებადია ეს ორი პრინციპი. ახალი პრინციპი, რომელიც პირველ ორს შორის წინააღმდეგობის მოხსნას და მათ თანამშრომლობას გულისხმობს შემდეგია: ”პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა”, ხოლო მისი მოდიფიცირებული ფორმა გვეუბნება — ”პატიოსნება ყოველგვარ პოლიტიკაზე უკეთესია”. ეს პრინციპი, გვიმტკიცებს კანტი, არ შეიძლება დავისა და ეჭვის საგანი გახდეს. პირიქით, ის ყოველგვარი პოლიტიკის წინაპირობას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს თავისუფლება და რაც ხდება, ხდება ბუნების კანონების კარნახით, მაშინ პოლიტიკა როგორც ხალხის სამართავად ამ კანონების გამოყენების ხელოვნება თავის თავში უნდა მოიცავდეს მთელ პრაქტიკულ სიბრძნეს, ხოლო მორალის ცნება კი სრულიად უშინაარსო გახდება. ამის საპირისპიროა წეღან შემოთავაზებული პრინციპების შესაბამისად, სამართლის ცნების პოლიტიკის ცნებასთან მიერთება და მის შემზღუდავ პირობად ქცევა, რაც მათი შეთავსებადობის საწინდარი იქნება. შემიძლია წარმოვიდგინო მორალური პოლიტიკოსი, ანუ პირი, ვინც პოლიტიკის ისეთ პრინციპებს აყალიბებს, რომლებიც შეთავსებადია მორალთან, მაგრამ არ შემიძლია წარმოვიდგინო პოლიტიკური მორალისტი, რომელიც მორალის პრინციპებს შეუგუებს სახელმწიფო მოღვაწის ინტერესებთან — წერს კანტი. მორალური პოლიტიკოსი უნდა გამოდიოდეს შემდეგი მაქსიმიდან: თუ სახელმწიფოს მოწყობაში ან სახელმწიფოთშორის ურთიერთობებში რაიმე ისეთი ნაკლი შეინიშნება, რომლის თავიდან აცილებაც სავსებით შესაძლებლი იყო, მაშინ აუცილებელია ამ ნაკლოვანებათა დაუყოვნებელი აღმოფხვრა და სახელმწიფო მოწყობის ან სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების ბუნებით სამართალთან, რაც საბოლოო ჯამში გონების იდეაა, დაახლოება. სწორედ ეს არის სახელმწიფო მოღვაწეების ძირითადი საქმიანობა.

იმისათვის რომ კანტის თვალსაზრისი სწორად გავიგოთ, საჭიროა აღინიშნოს, რომ მისი მიდგომა პრობლემისადმი ფორმალისტურია. სწორედ ამ სიტყვით გვინდა აღვნიშნო შემდეგი სახის სპეციფიკა: კანტი არ კითხულობს რეალურად ეთავსება თუ არა პოლიტიკა და მორალი ერთმანეთს. სინამდვილეში, რიგ შემთხვევებში, ის ეთანხმება და რიგ შემთხვევებში არა. რაც კანტს უფრო მეტად აინტერესებს, არის ის ფორმალური პირობები და მაქსიმები, რომლებიც განსაზღვრავენ შეთავსების ან შეუთავსებლობის სახეებს. ანუ თუ მორალი და პოლიტიკა შეთავსებადია, მაშინ უნდა დაცული იყოს ასეთი და ასეთი მოთხოვნები, თუ არა მაშინ ხორციელდება ესა და ეს. ეს კი ნიშნავს, რომ კანტის დამოკიდებულება პოლიტიკისა და მორალის შეთავსებადობისადმი ნორმატიულია, ის ჯერარსის სფეროში ტრიალებს და არა არსისა.

ყოველგვარ კანონში კანტი განასხვავებს ორ მხარეს: მატერიას და ფორმას. მატერია ამ კონტექსტში იგივე შინაარსია და იგი გულისხმობს იმ მრავალფეროვან მიზნებს, რასაც ადამიანი ისახავს ხოლმე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. იმის გამო, რომ ამ მიზნებს ემპიიული ხასიათი აქვთ, გასაგებია, რომ ისინი ვერ იქნებიან აუცილებელი ხასიათისა ადამიანისათვის. სამაგიეროდ, ასეთია კანონის წმინდა ფორმა, რომელიც თავისი წარმოშობის მიხედვით აპრიორულია და როგორც ასეთი ფლობს საჭირო აუცილებლობას და ვალდებულებას. ამ ფორმალური განსაზღვრულობის მიხედვით, ძირითადი მორალური წესი, რომელსაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვს ადამიანის ყოველგვარი ხასიათის, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის მოქმედებებზე არის კატეგორიული იმპერატივი, რომელიც ასე ჟღერს: ”მოიქეცი ისე, რომ შენი მოქმედების წესი საყოველთაო კანონად იქცეს ყველა გონიერი არსებისათვის.” კატეგორიული იმპერატივის ასეთი სახე განსაზღვრულია მისი წმინდა ფორმალური ხასიათით. ადამიანი რომ ყოველთვის ამ წესის შესაბამისად ცხოვრობდეს, ის წმინდანი იქნებოდა, მაგრამ რამდენადაც ადამიანს მრავალფეროვანი მიდრეკილებები გააჩნია, რომელთაგან ყველა ვერ დაიტრაბახებს მაღალზნეობრიობით, ამდენად მსგავს შემთხვევებში, კანტის მიერ შემოტანილ პრონციპს აქვს მაიძულებელი, ანუ იმპერატიული ხასიათი. ის თავის თავში შეიცავს უმაღლეს პრაქტიკულ მიზანს, რომელიც ამავე დროს საზომია ყველა სხვა მიზნისა.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს კანტის იდეალიზმს ანუ პოლიტიკური ურთიერთობების მეოცნებე გაიდეალებას. კანტმა კარგად იცის რომ არსებობს ამორალური პოლიტიკაც. ტერმინი ”პოლიტიკური მორალისტი” სწორედ ამას აღნიშნავს. ის ყოველთვის ცდილობს გაამართლოს თავისი ანტიხალხური პოლიტიკა და სამართლის საწინააღმდეგო სახელმწიფო პრინციპები და ამავე დროს ცდილობს გააკეთოს ეს ადამიანის ბუნების სახელით, რომელიც თითქოს მოკლებულია უნარს ესწრაფოდეს სიკეთეს გონების მიერ ნაკარნახები იდეის შესაბამისად. მსგავსი განცხადებებით, ეს პოლიტიკოსები, რამდენადაც ეს ხელეწიფებათ, მუდმივად არღვევენ სამართალს და ვითარების გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდიან. მსგავსი პრაქტიკა არ გულისხმობს, რომ პოლიტიკურ მორალისტებს შეხება არა აქვთ ნორმატიულ პრინციპებთან და თავიდან ბოლომდე რეალური პოლიტიკური პრინციპებით ხალმძღვანელობენ. ამგვარი პოლიტიკოსებისათვის სახელმძღვანელო ხასიათი აქვს შემდეგ მაქსიმებს:

(1) Fac et excusa. გულისხმობს ყოველი ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენებას, რომელიც კი გააიოლებს დაპყრობას და სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდებას. მსგავსი მოქმედებების შემდეგ, როგორც წესი, ხდება ხოლმე რაიმე ღირებული საბაბით ხალხზე მიმართული ძალადობის გამართლება. ყოველივე ეს ხორციელდება გაუგონარი თავხედობით, რაც ტოვებს ჩადენილი ქმედების კანონიერებასთან შეთავსებადობის შთაბეჭდილებას.

(2) Si fecisti nega. ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ტოტალური უარყოფა. უარყოფა იმისა, რომ მავანს მონაწილეობა აქვს მიღებული ამ მოქმედებაში; ასე მაგალითად, თუ თუ ამა თუ იმ პოლიტიკოსმა საკუთარი ხალხი მიიყვანა ამბოხებამდე, უნდა ამტკიცო, რომ ბრალი მხოლოდ მოურჯულებელ მოხელეებს მიუძღვით.

(3) Divide et impera. ამ პრინციპის გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში კარგადაა ცნობილი. უფრო საინტერესოა პრინციპის გამოყენება ქვეყნის შიდა პოლიტიკის მიმართ. კერძოდ, თუ ქვეყანაში არიან წარჩინებული პირები, რომელთა წყალობითაც უმაღლეს ხელისუფლებაში მოხვდა მავანი, ის ყოველმხრივ ეცდება განხეთქილება დათესოს ამ ადამიანებს შორის ან ამ ადამიანებსა დ ხალხს შორის.

უზნეო პოლიტიკას წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს, რაც იმაში ჩანს, რომ არავინ ცდილობს უზნეობის გამართლებას ღიად. პირიქით, თუნდაც მხოლოდ სიტყვით, ისინი ყოველთვის ცდილობენ თავიანთი მზაკვრული გეგმების გამართლებას სხვადასხვა მოტივებით. სინამდვილეში კი ისინი ყოველთვის ემყარებიან არა სამართალს, არამედ ძალას. პოლიტიკური მორალისტის შეხება მორალთან თვითწინააღმდეგობრივია. ის ცდილობს მორალი დაუქვემდებაროს პოლიტიკურ მიზნებს, ანუ საქმე გააკეთოს პირუკუ, რაც პრინციპულად შეუძლებელს ხდის პოლიტიკის მორალთან მორიგებას. აქ გადასაჭრელია ერთი ძირითადი საკითხი _ ღირს თუ არა გამოვიდეთ და დავეყრდნოთ მატერიალურ პრინციპებს, ანუ ჩვენს მიზნებს პრაქტიკული გონების ამოცანების განსაზღვრისას. ხომ არ იქნება უმჯობესი ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ფორმალური პრინციპით, რაც შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ შემდეგს: მოიქეცი ისე, რომ შენი მოქმედების სახელმძღვანელო მაქსიმა საყოველთაო კანონად იქცეს.

მატერიალური და ფორმალური პრინციპებიდან კანტი უპირატესობას ფორმალურ პრინციპს ანიჭებს, რადგან ის როგორც სამართლის პრინციპი უპირობოდ აუცილებელია მაშინ, როდესაც პირველს მაიძულებელი ძალა მხოლოდ მოცემული მიზნის რეალიზაციისათვის აუცილებელი ემპირიული პირობების მოცემულობის შემთხვევაში აქვს ძალა. ეს უკანასკნელი პოლიტიკური მორალისტის პრინციპია მაშინ, როდესაც მეორე მორალური პოლიტიკოსისა. მორალური პოლიტიკის პრინციპი ისაა, რომ ხალხი სახელმწიფოში უნდა გაერთიანდეს მხოლოდ ისეთი სამართლებრივი ცნების ირგვლივ, როგორიცაა თავისუფლება და თანასწორობა. პოლიტიკური მორალისტები კი პირიქით, მათ საპირისპიროდ ემყარებიან ბუნების მექანიზმების ცნებას, რომელიც უნდა გამოყენებული უნდა იყოს, რათა ბრბო გარდაიქმნას საზოგადოებად.

ამ თვალსაზისების შეჯერების საუძველზე, კანტი ასკვნის, რომ ობიექტურად, ე.ი. თეორიაში, პოლიტიკასა და მორალს შორის არ არსებობს წინააღმდეგობა, თუმცა ეს დასკვნა არ ვრცელდება სუბიექტურ სფეროზე, ადამიანის ეგოისტური მიდრეკილებების სფეროზე, სადაც დაპირისპირება პოლიტიკასა და მორალს შორის არსებობს და შეიძლება ასეთად დარჩეს კიდეც სამომავლოდ.

საბოლოოდ საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ფორმულა ჟღერს შემდეგნაირად: უსამართლოა ყველა სხვა ადამიანის უფლებათა მიმართ განხორციელებული ქცევა, რომელიც შეთავსებადი არ არის საჯაროობასთან. ეს პრინციპი, კანტის აზრით, არის ერთდროულად სამართლებრივიც და მორალურიც. მის საპირისპიროდ, თუ მე არ შემიძლია გავამხილო საჯაროდ ჩემი მოქმედების მაქსიმა ისე, რომ ამით არ ვავნო საკუთარ საქმეს (რადგან საჯაროობის შემთხვევაში უნდა მოველოდე რომ ჩემი ზრახვების აღსრულებას წინ აღუდგება ყველა), მაშინ ჩემი ქმედება არის უსამართლო.

ასეთია კანტის მიერ პოლიტიკისა და მორალის მომართების ფორმალისტური ანალიზი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, იმას აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენი ქცევა მორალური იყოს და არა იმას, თუ რამდენად მორალურია პოლიტიკოსის, სულ ერთია როგორი, ქმედებები.

წყარო: სოციალურ მეცნიერებათა სერია. პოლიტიკური თეორია

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი, 2006 წ.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button