განხილვალიტერატურაწიგნები

მიშელ უელბეკი – „ელემენტარული ნაწილაკები“

Michel Houellebecq – The Elementary Particles

მგონი პირველივე აბზაცის წაკითხვისთანავე დამწყდა გული, რომ ჩემი ცოდნა არც ისე ფართოა და ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში თითქმის (კი არა საერთოდ) ვერ ვერკვევი. თუ შენც ჩემნაირი ხარ, არ იდარდო, უბრალოდ ცოტა მეტად მოგიწევს გონების დაძაბვა, არც ლექსიკონში იძრომიალო, მხოლოდ ტერმინების განმარტების ცოდნა ბევრს ვერაფერს შეგმატებს.

იმდენი საკითხი, პრობლემა და საფიქრალი შემოდის, საიდან დავიწყო არ ვიცი. ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ულებეკმა ჩემს აზროვნებას ახალი მიმართულება მისცა, ასე მგონია, ერთი დახშული სარქველი გამიხსნა და სადღაც ზემოთ ამწია.

მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ ადამიანს ეძღვნება, ეს ადამიანი კი ისეა ნაჩვენები, მართლა მომინდა მათი მსგავსი არსება კი არა, ჯერზინსკის ნაოცნებარი და ჰუბჩეიაკის მიერ 2029 წელს შექმნილი ახალი რასის წარმომადგენელი ვყოფილიყავი.

მთელი წიგნიც სწორედ ამაზეა ახლანდელი საზოგადოების ნაკლის ჩვენება და მტკიცება იმის, რომ ახალი არსების ადამინის ხატად შექმნა ისევე საჭიროა, როგორც ეს 2011 წლის წინ იყო.

ორი ნახევარძმა ბრუნო და მიშელი ნაწარმოების მთავარი გმირები არიან, მწერალი მათ ცხოვრებას დაბადებიდან მიჰყვება და მათი ისტორიებით ცდილობს XX საუკუნის დასავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენების ჩვენებას. ორივე მეცნიერია, თუმცა მსოფლიო ისტორიაში მხოლოდ მიშელი ითამაშებს დიდ როლს.

ცხოვრება ელემენტარული ნაწილაკებისგან შედგება, ელემენტარულია მიშელს დედა როგორც მიაგდებს, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოა ბრუნოს სკოლაში რომ აუპატიურებენ და ვერავინ შველის, ყურადღებას არ იმსახურებს მათი გაუბედურებული ბავშვობა, იმიტომ რომ ასეთ დღეში მხოლოდ ისინი არ არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამგვარი ამბები სულ უფრო ხშირად ხდება და საზოგადოებაც ამ ნაწილაკებისგან იქმნება.

ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები რომ მოზრდილობისას ქცევას განაპირობებს, ეს არაერთ ნაწარმოებშია ნაჩვენები, თუმცა უელბეკი ამას ისე იყენებს, გეზიზღება ადამიანი რომ ხარ.

„მოსახლეობის ფართო ფენები, როგორც იქნა, სექსუალურ თავისუფლებას ეზიარნენ, რომლითაც აქამდე მაღალი მოხელენი, თავისუფალი პროფესიების მიმდევრები და მსახიობები სარგებლობდნენ. სექსუალური თავისუფლება სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა ინდივიდუალიზმის ისტორიული განვითარების ახალი საფეხური.“

ამ ახალ საფეხურს თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვა. სექსმა სიყვარული სულაც არ მოიტანა და აქაც ყოველ ფურცელზე მისი სხვადასხვა ფორმის ჩვენება, სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის ნაკლებობის ხაზგასმა. მგონია, რომ ის სექსუალური ჭაობი, სადაც გმირები ყელამდე ეფლობიან, ადამიანურ თავისუფლებაზე აქცენტის გაკეთება  ან რაიმე უხამსობის ჩვენება კი არ არის, არამედ ის, რომ ადამიანებს სიყვარული აკლიათ, ნამდვილი გრძნობა და არა ის ურთიერთობა ცოლ-ქმარს კვლავწარმოებისთვის რომ აქვთ ხოლმე. ამას მოწმობს მიშელისა და ანაბელის ბოლოდროინდელი ურთიერთობა, გარდა ამისა უელბეკი თვითონვე წერს:

„1976 წელს დასავლურ სამყაროში სექსუალურ სწრაფვას ინდივიდუალურობის უკიდურესი გამოვლინება – ფიზიკური ძალადობა შეენაცვლა.“

ყოველგვარი ძალადობა, ფართო მასშტაბის მაინც, მამაკაცებს უკავშირდება და მიშელ ჯერზინსკი საერთოდ მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს:

„უკვე რამდენიმე საუკუნეა მამაკაცები აღარაფრად ვარგიან და ისინი აღარაფრად სჭირდებათ. ზოგჯერ მოწყენილობის გასაქარვებლად  ჩოგბურთს თამაშობენ, ამას კიდევ არაუშავს . . . ბედურება ისაა, რომ ხანდახან „ისტორიის წინსვლაზე“ ზრუნვა მოეხუშტურებათ, ჰოდა, მაშინ რევოლუციებსა და ომებს ვერსად წაუხვალ.“

მერე  იმ აზრამდე მივა, რომ ადამიანი სხვა უფრო განვითარებულმა რასამ უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც მათ ხატად შეიქმნება. მეტაფიზიკური მუტაციის საშუალებით ახალი არსება უსქესო და უკვდავი იქნება, ერთხელ და სამუდამოდ დაასამარებს ინდივიდუალურობის, გათიშულობისა და მომავლის ცნებებს. ამის საწყისებს ჯერ კიდევ ოლდოს ჰაქსლის შემოქმედებაში ხედავს.

მიშელ უელბეკი

მსგავსი რამ რომ შესაძლებელია, მაგალითად იესო ქრისტე მოჰყავს.სინამდვილეში ახალი არსება ალეგორიაა, ადამიანი იგულისხმება უარყოფითი ქცევებისგან და აზრებისგან დაცლილი.

საზოგადოება ისე ნელნელა გადაეშვა ჭაობში, ვერც გავიგეთ, ვერ გავიგეთ მიუღებელი მისაღები როგორ გახდა, ყურადღება არ მიგვიქცევია ახლა იმას რომ ვაკეთებთ, რაც ადრე არ მოგვწონდა, ცუდი სასურველი გახდა, ზომა- წონა აგვერია და ამით ვამაყობთ.  სად ვართ და რას ვაკეთებთ უკვე აღარ ვიცი. ახლა არ მითხრათ,  რომ კარგი და ცუდი სუბიექტური შეფასებაა და მკაცრად არავის დაუდგენია, რა როგორია.

wyaro: mkitxveli.wordpress.com

Source
mkitxveli.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button