იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ყაზან-შაჰ და მისი ცოლი


იყო ყაზან-შაჰ ერთი დიდი დიდებული და ხათუნად ჰყვა ქალი ერთი შვენიერი. ეყოლა ვაჟიშვილი და, რა მოიზარდა, მამა-დედანი ათამაშებდენ. 

ცოლს მარტვილი სთხოვა და, რა მიაძლია, ხათუნს ფათერაკი მოუხდა და ქარი დასძვრა. 

იწყინა დიდად ყაზან-შამ და ცოლიც გააგდო და შვილიც თან გაატანა მარტო უკაცოდ. და მან სხვა ხათუნი დაისვა. 

წავიდა ხათუნი, სამკაული დამალა, ძონძი შეიმოსა და ერთს მეწისქვილეს შეეწყო. 

ერთი მისი ტოლი ყრმა მას მეწისქვილეს ჰყვანდა და ორნივ ერთად იზრდებოდენ და თამაშობდენ. მეწისქვილის ძე მცირეს წისქვილს აშენებდის, ღარსა და ბორბალს აკეთებდის, ვითა მამა-პაპათა წესია. 

ხათუნის ძე ტახტს კრევდის, ზედ დაჯდის და ეტყოდის: მე დამიჩოქე და შემომჩივლეო! 

ყრმობითგანვე ესრე იყვნენ. რა ათჩვიდმეტისა წლისა შეიქმნა, მას წისქვილთან კაი ადგილი ხევნარი იყო, ყაზან-შას სპასალარი თემის ასაწერად იარებოდა, მუნ მოვიდა და დადგა. ნახა ყრმა იგი და მოეწონა. იკითხა: ვისიაო. და მოახსენეს: ერთი საბრალო დიაცის შვილიაო. 

სპასალარმან დიაციცა და მისი ძეც, ორნივ თან წაიტანა. მან ყრმამან ასრე შეაყვარა თავი, მის ძეს იგი ერჩია და დიდს პატივს უყოფდა. 

დღესა ერთსა ჰკითხა შვილმან დედასა: ვინა ვარ, ან ვისი ძეო? 

დედამ უთხრა: შაჰის ძე ხარო და ასე მომიხდაო. მისთვის მეც გამომაძო და შენცაო. 

შვილმან უთხრა: თუ სხვა არა შეგიცოდებია რა, მაგისი ადვილი არისო. 

დედამ შეჰფიცა: არაო. 

გამოუღო დედას სამკაული, ოქროზე გაყიდა. დასხა ოქრომჭედლები და სულ ოქროს ხორბალი დააქნევინა. წავიდა ბაზარში. ყასაბსა, მეწვრილმანესა და მეპურესა სუყველას ხორბალი დაუწინდა: 

სამს დღეს უკან ფასს მოგიტანთო, სასმელ-საჭმელი იყიდა და სპასალარს გაუმასპინძლდა. 

რა დრო გარდავიდა, ხორბალი აღარ დაიხსნა. მოვიდნენ ვაჭარნი და ხორბალი მოუტანეს. ფასი სთხოვეს. 

მან შორს დაუჭირა: მე ფასი ვინ მომცა? ჩვენს თემს მაგას ვსთესავთ, მოვიმკით და მაგას გავყიდით; მე სხვა არა მაქვს რაო. 

წავიდნენ ვაჭარნი და ყაზან-შას შესჩივლეს. უხმეს მას ყრმასა. ჰკითხეს. მან იგივე თქვა. 

ყაზან-შამ ყოველი ხორბალი მოაღებინა, წინ დაიგროვა, ჰკითხა მას ყრმასა: აქაც მოვა ამისთანა ხორბალიო? 

მან მოახსენა: ყოველგან მოვაო. მაშინვე ბაღი დააბარვინა და უნდა, რომ დათესონ. 

მოახსენა: აგრე არ უნდა. ასეთი კაცი იშოეთ, რომ ქარი არა სძროდეს, თვარა არ მოვაო. 

შეიქმნა მოკითხულობა: ვის არა სძრომია ქარიო? 

ვერავინ პოვეს. მოახსენა: თქვენ ხომ არ იკადრებდითო? 

მან უბრძანა: მე წეღანაცა დამემართაო. 

მერმე მოახსენა: რა სირცხვილია, შინ მოიკითხეთ და ხათუნმან თავი დაიმდაბლოს და დათესოს. 

შევიდა ყაზან-შაჰ. ვერც მუნ პოვა. მოვიდა, უთხრა: რა ვქმნა, არ იშოებაო! 

მერმე ყრმამან უთხრა: მაშ, დანაშაული რა იყო, ან დედა რად გამიგდე და ან მე, თუ სხვა კი არ იპოვებოდაო? 

რა შეიგნა მისი შვილობა, ყელს მოეხვია და დედა მისი აგრევ ხათუნად დაისვა და შვილი შვილად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button