იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – კატის გაზრდილი ლომი
ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა.
დღესა ერთსა ნადირი ვეღარ იშოვნა, თავისი გამზრდელი კატა შესაჭმელად მოინდომა. კატამ რა შეიტყო, გაექცა და ხეზე გავიდა. ლომი ძირს წამოუწვა, უთხრა: ჩემო დედის უსაყვარლესო და ჩემო დამარჩენელო გამზრდელო, ყოველი შენი ზნეობა რომ მასწავლე, ეგ ხეზე გასვლა რად აღარ მასწავლეო?
კატამ უპასუხა: ეს ჩემთვის შევინახე: რა ასრე გამიჭირდებოდა, მომხმარებოდაო.