სულხან-საბა ორბელიანი – ანჩხლი ცოლის პატრონი
ერთი კაცი იყო საბრალო და მართალი. ერთი ანჩხლი ცოლი ჰყვა. ეს კაცი, რა პურს აიღებდის ჭამად, მდინარის პირს დაჯდის, ზოგი თვით სჭამის და ზოგი მდინარეში ჩაყარის.
გამოხდა ხანი. მდინარიდამ ერთი კაცი გამოვიდა და უთხრა: ესოდენი ხანია, რომ შენი საზრდოთი მზრდი. აწ პირში ენას გამოგავლებ და ყოვლის სულიერის ენას ისწავლიო. ამას შემოგზღავ და თუცა ეტყვი ვისმე, მაშინვე მოკვდები უცილოდო.
გამოავლო ენა და ისევ მდინარეში ჩავიდა და წავიდა.
მოვიდა კაცი იგი, სოფლის პირს დაწვა. საბძელზე ყვავი შემოჯდა. მისი ბახალა თან მოჰყვა.
ბახალამ დედას უთხრა: კაცი იგი მკვდარია და წავალ თვალებს ამოვჭამო.
დედამ უთხრა: ნუ შვილო, ადამის ტომი ხრიკიანია, არ შეგიპყრასო!
ბახალამ უთხრა: მივალ, ფეხზე ნისკარტს დავჰკრავ, თუ გაიძრა, გავფრინდები, თუ არა და გულზე დავკრავ, თუ კიდევ არ გაიღვიძა, მკვდარი იქმნება და თვალებს დავთხრიო.
კაცს ყველა ესმოდა. ჩავიდა ბახალა, ფეხზე ნისკარტი დაჰკრა, არ გაიჩუჩუნა, რა გულზე დააჯდა, მისწვდა და შეიპყრა.
ბახალამ დედას დაუძახა: მიშველეო!
დედამ უთხრა: რა ვქმნა, გიშალე და არ დაიშალე. ახლა მაგ კაცმა თუ ჩემი ენა იცოდეს, მალე მოგარჩენ, მაგრა რა გიშველო?
მან კაცმან დაუძახა ყვავსა: რა გინდა, შენი ენა ვიციო!
ყვავს იამა და წაუძღვა. ერთს კაცს მრავალი განძი დაეფლა, აჩვენა და ბარტყი მოარჩინა. წამოვიდა კაცი იგი, შინ მოვიდა.
ერთს დღეს საცაღა ლოცვა მოუნდა. ცოლმან დაუჟინა წაყვანა. რა აღარ დაიშალა, ერთი კვიციანი მაკე ცხენი შეუკაზმა. დიაციც ორსულად იყო. შეჯდა, ერთი მარტვილი უკან შემოისვა, საგზალი გარდაიკიდა და წავიდა.
რა პირშეღმართ შეუდგეს, კვიცი დავარდა და დედას დაუძახა: მომიცადეო!
დედამ დაუძახა: მე ერთი მუცელში მიძს და სამი თავისის ნუზლით ზურგსა მკიდია. თუ მე ვიარები, შენ რა დაგემართა, რატომ დავარდიო?
მან კაცმან რა მოისმინა, დიდად გაიცინა.
ცოლმან უთხრა: რაზედ იცინი, მითხარო?
მან უთხრა: ვერ გეტყვიო.
ცოლი არ მოეშვა.
ქმარმან შეჰფიცა: თუ ვთქვი, მოვკვდებიო.
არ იქმნა, ცოლმან დია შეაჭირვა.
ქმარმან უთხრა: არ დამეხსენ, წავიდეთ, ვილოცოთ, შინ მოდი, ჩემი აღაპისა და სუდარის საქმე გამირიგე და გეტყვიო.
დიაცს იამა, სწრაფით მივიდა, ილოცა, გამობრუნდა, აღაპი და სუდარა დაუმზადა და თქმას დაუჟინდა.
მას კაცს ერთი ციბა ჰყვანდა. ტირილით კარში გამოვიდა. კარზე მამალი დაჰხვდა. ჰკითხა ციბას: რა გატირებსო?
მან ყოველი უთხრა: პატრონს დიაცი მიკლავს და ის მატირებსო.
მამალმან უთხრა: შედი შენი პატრონი გამომგვარეო!
ვირემდის კაცი გამოვიდოდა, სოფლის დედლები სულ შემოიგროვა და მამალი შუა დაუდგა.
კაცს ჰკითხა: რატომ იკლავ თავსაო?
მან უთხრა: ცოლი არ მეშვება და რა ვქმნაო?
მამალმან მას ქათმებს რაღაც უთხრა და შემოურბინა. ყველანი გაინაბნენ. მერმე კაცს უთხრა: მე სამოცი ცოლი მყავს, ვინძლო უჩემოდ ერთმან საკენკი აიღოსო, და შენ ერთის ცოლის ხელით ჰკვდებიო.
კაცმან ჰკითხა: მაშ რა ვქმნაო?
მამალმან უთხრა: ერთი შინდის ჯოხი მოსჭერ, რა გითხრას თქვიო, მისდეგ, ეგოდენი ჰკარ, რომ მიამკვდარო და აღარ გკითხავსო.
დაუჯერა მამალსა. რა ცოლმან თქმა უთხრა, მუნამდის სცა, ვირემდის სულობას მიდგებოდა, და მორჩა კაცი იგი სიკვდილსა.