სულხან-საბა ორბელიანი – გლახაკი და ქილა ერბო
ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სლვა და გულთა ამასა უბნობდა:
– აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად დავყიდი. მერმე მით სახარე ხბორებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, მოვთესავ და აშენებული შევიქმნები.
და ამ გულისთქმაში შეშა აუდვა და ქალაქს გასასყიდლად წამოიღო.
ერთი ხიდი დახვდა. თქვა მან კაცმან: აქ ხარი არ გაიარს, ხმა გავცეო. შესძახა: ჰარიო!
დაუქნია ჯოხი, ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა, ქოთანი გატეხა, ერბო დაიქცა. მისის გულისთქმით გამდიდრება წუთზე წაუხდა.
– შენც შენის გონებით ბევრს რასმე ზრახავ და გამდიდრდები, მაგრამ ასეთი რამ გაგიზრახავს, რომე ღვთის ძალით შენს თავსაც მოჰშლი, არამც თუ განზრახული გაათაო.