იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – ჯიზი-გურგენ

წამოველ მუნითაცა. დამხვდა ზღვა. ჩავჯე ნავად. ამიდგა ქარი. ხომალდი დაგვემსხვრა. ყოველნი მონაგებითურთ დაინთქნენ. მე ერთს ფიცარს შევრჩი. შვიდი დღე და ღამე მატარა. 

მერვე დღეს ღადომ კიდურად გამაგდო. 

ავდეგ მაშვრალი, ზღვის ღელვისაგან დაღლილი, ვიარე. მცირე მთა იყო. გარდავხედ. ჟამი ზამთრისა იყო. დიდი თოვლი იდვა, ვიდრე მუხლამდე. მიველ ერთ კერძო. თუცა შენობა ვპოვო, მნებავს ჭამა პურისა. 

ვნახე ჭაბუკი ერთი მომავალი, ახოვანი, შვენიერი, მხნე, მწყაზარი. თხელი ტილოს ნიფხავ-პერანგი ეცვა, სხვა არარა. თავშიშველი, ფეხთუცმელი, დაეკარწახა. პერანგზე ოქროს სარტყელი ერტყა. ორი ისარი გაეპყრა. მშვილდი ხელთ ჰქონდა. მოვიდა, მნახა. უცხოს თემობისად მიცნა. ამბავი მკითხა, მოვახსენე. 

მან მითხრა: მე ჯიზი-გურგენ მქვიან. ამ ჩემს ქაშანს მიყევ, სოფლად მიხვალ, ჩემს მაგიერ მათ კაცთა უთხარ: ვიდრე მოვიდე, კაცი ესე მოიმართებულეთ-თქო. 

და წავიდა თვისსა გზასა. მე მოვყევ კვალსა მისსა. მოველ, ქალაქი იყო დიდი და კარგი. და რა მისი სახელი ვახსენე, მომეგებნენ კაცნი. ესრეთ დამიჭირეს, ვითა მათი პატრონი ვყოფილიყავ. კარგა დამხვდნენ: გამათბეს, მალხინეს, გამანებიერეს. 

საღამოს მოვიდა ჯიზი-გურგენ. ერთი ირემი მოეკლა, ზურგს ეკიდა. კართა დააგდო. შევიდა შინა. სასალუქო შეიმოსა და გამოვიდა. დიდად პატიოსანი კაცი იყო. გვერდს დამიჯდა. ორი მზგეფსი განმასვენა. 

მერმე მითხრა: მომყევ, ჩემსა სახლსა და რიგს ყველაყას გიჩვენებო! 

ავდეგ, მივყევ. ბევრი კარგი სახლი დამატარა, ყოველი სამოხელო გაწყობილი და შემიყვანა ერთს დერეფანში. შუა დიდი აუზი იყო, ცივის წყლით იდგა და ყინული ეყარა. შიგ სამისა და ოთხის თვის მეტი და, წლისა და ორისა და სამის წლისა მარტვილები ისხდეს. ზოგი დავიდოდა, ზოგი იწვა. 

გამოვიდა და ვჰკითხე: ყრმანი ესე არ მოსწყდებიან-მეთქი? 

მან ეგრე მითხრა: სიკვდილი ღვთის ხელთ არის, თუცა მოკვდავია, აბანოთა შიგაც მოკვდებიან. ჩვენი აგებულება ესრეთ მამა-პაპათ უჩვევიათ და ესრე ვიქმთ. ვინ მოკვდება, მოკვდეს და რომელიც დარჩება, მე ძოღან რომ მნახე, მისთანა ჭაბუკი გამოვაო. 

გამიკვირდა და წამიყვანა მუნით. 

შემიყვანა ერთს პალატში. დია კაი სახლი იყო. შუა ვეცხლის ბოძი ედგა და ოქროს ჯაჭვი ძირს მოება და წვერთა ბორკილი ჰქონდა. მას ზედა ერთი ბერიკაცი ება. ჯაჭვი ესრეთ გრძელი იყო, მას სახლს სულ მოუვლიდა და სხვა სახლსა შევიდის. მას სახლში ერთგნით ცხედარი ეგო, ერთგნით ტაბლა, ყოვლის სანოვაგით სავსე: ერთგნით ღვინო და ერთგნით ჭადრაკი და ნარდი. რომელსაც იგი ბერიკაცი მოინებებდა, მას იქმოდა: სმასა, ჭამასა, ძილსა, თუ შექცევასა. 

ვჰკითხე: ვინაა-მეთქი? 

მან მითხრა: მამაჩემიაო. 

მე ვუთხარ: რად შეგიბორკილავს-მეთქი? 

მან მითხრა: ძმაო, რა კაცი დაბერდება, ჭკუა დაუსუსტდება, კაცსა აწყენს. ეს ავი თემია. არავინ დაუთმობს, მე მას არ დავუთმობ. მას შუღლი მოსდევს და შუღლს კაცის კვლა. აწ ნებიერ არის, კართ ვერ გავა და, რაც იამებოდეს, იგი ქმნასო. 

მუნით შემიყვანა, ერთი მშვენიერი სახლი იყო, დამსვა. უხმო, ერთი მწყაზარი ქალი გამოვიდა. მისთანა არა მინახავს რა. დია ლამაზი იყო და ტანადაც საროს ჰგვანდა. მრავალი თვალისა და მარგალიტის სამკაული აქვნდა. თავზე ერთი ოქროს წვლილი მავთულით მობმული, მრგვალი რაღაცა ება, თვალ-მარგალიტით შემკული, და ადგილზე მიათრევდა. 

იგი არა ვკითხე. შევიგენ, მისი რამ იყო. 

მან მითხრა: ეს ჩემი ცოლიაო და იგი კაცის თავი მისთრევსო. 

მე ვჰკითხე: რად მისთრევს-მეთქი? 

მან მითხრა: ერთს დღეს ამის უცნაურად შემოველ, მას კაცსა ეხვეოდა, და ეგრე უთხრა: ნეტამც შენს თავს არავინ გამყრიდესო. მე ესე სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, სიტურფეს ჰხედავ და გუნება უკეთესი აქვს, და ცოდნა და რიგი იმისებრი არ ეგების, და ამას დავუთმე. მას კაცსა თავი მოვსჭერ, ოქროთი შევამკევ და ზედ მოვაბი, ნატვრა არ გავუქარვე. ღმერთმან ნუ გაჰყაროს! მის სიცოცხლეში ზედ ებას და იყოსო. 

მერმე ეგრე მითხრა: ამაზე ნუ გამკიცხავ, რომ ჩემი აუგი გითხარ. თუცა არ მეთქვა, უცხო კაცი, უცხო თემს, უცხოს ამბავს ვეღარ იტყოდიო. 

ხუთასი ფლური მომცა, კაცი გამომატანა, ზღვაში ნავს ჩამსვა და გამომისტუმრა და წამოველ. 

მიველ ქვეყანასა, რომელსა ჰქვიან დია კეთილი და კარგი თემი, მარა მას თემსა სიმართლე და მართალი სიტყვა არ ითქმის. ყველანი, დიდნი და მცირენი, მტყუარნი არიან. 

მეფესთან მიმიყვანეს. მუნ ვიყავ, მართალს ვერავინ იტყოდა, დიდი სირცხვილი იყო. 

მეფემან ნადიმი დაგვიდვა და დაიწყეს ნადირობის ამბის თქმა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button