სულხან-საბა ორბელიანი – საგათის მკურნალი
სიძე ჩემი ერთის მოხუცებულის კაცის მეგობარი იყო და უყვარდათ ერთმანერთი.
სიძე ჩემი სოფლად წავიდა სააქიმოდ და ვირემ მოვიდოდა, კაცი იგი მოკვდა.
რა დაფლეს, მას დღესა მოვიდა აქიმი. რა მის კაცის სიკვდილი სცნა, მრავალი იტირა და მერმე გამოიკითხა: რის სენით მოკვდაო? მათ ყოველივე უთხრეს.
მალვით წავიდა, ერთი ბაროსანი კაცი თან წაიტანა, საფლავი მოთხარა, კაცი ამოიღო. თურე საგათა შეჰქნოდა და ცოცხალი დაეფლათ. მის სენის უფალი მკვდარს ემსგავსება, და ვერ ეცნათ.
აქიმმან ეს კაცი განძარცვა და, სადაც ძარღვი ჰქონდა, ყველა შაშრით დაჩხვლიტა, საფლავი ეგრევე განგოზა, ვით იყო. კაცი შინ წამოიღო. მრავალი სისხლი ადინა, უწამლა და მოარჩინა და დამალა თავისავ სახლს შიგან.
შვილი მის კაცისა წუხდა და, რამდენჯერ აღაპი ქმნის, აქიმიც აწვივის. აქიმი აღარ სტიროდის, მხიარულად იყვის. უკვირდა მას კაცსა: ესე და მამაჩემი მოყვარულნი იყვნეს, აწ მისი სიკვდილი რად უხარისო?
რა ორმოცისა აღაპი გათავდა, აქიმმან უთხრა მას კაცსა: მე სიზმარი ვნახე, მამა შენი საფლავიდამ გაიპარაო.
მან კაცმან არ დაიჯერა. წაიყვანა, მოთხარეს, ნახეს, საფლავში აღარ იყო. დაიწყო ტირილი და მწუხარება. აქიმმან შინ წაიყვანა და ეტყოდა:
– მკვდარი რაღას გარგებს, საფლავშია თუ არა, რა სარგებელი აქვს?
კაცი იგი უფროსად ტიროდა. მერმე შეიყვანა შინა და უჩვენა მამა მისი: აჰა, ასეთი აქიმი ვარო!
რა ნახა, დიდი სიხარული შეექმნა.