სულხან-საბა ორბელიანი – წაჯე-უკუჯექის ცეცხლი
რვანი ძმანი ვიყავით. შემომადგა ცოლი: თუცა შენს ძმათ გაეყრები, ასე გაგამდიდრებ, წაჯე-უკუჯექის ცეცხლს აგინთებო.
ღონე ვეღარ დავიდევ: გავეყარე ძმათა. ზამთარი იყო. დამსვა, დაანთო ცეცხლი. მოიტანის ჩალა, დააყარის. რა აანთის, უკუვჯდი, რა შემცივდის, წინ წავჯდი. ეგრე მიყვის. ვკითხე: რა არის-მეთქი?
მან მითხრა: ძოღან დაგპირდი წაჯე-უკუჯექის ცეცხლსა და იგიაო!
ახლა ვაებით ვიარები.
მითხრეს: შენც შენი ცოლისა და ძმის ამბავი თქვიო.
მე ეგრე ვუთხარ: არც ერთი მყავს-მეთქი.
მათ მაგინეს და გამომაძეს: მაშა ჩვენი აუგი რად მოისმინეო?
წამოველ. მოველ ქალაქსა მუყამისასა. მუნ მნახა მკურნალმან, რომელი ყოველთა აქიმთა მთავარი იყო. გამასვენა, მალხინა. აწვია ყოველნი აქიმნი და უთხრა:
– რომელთა უფროსად. ძნელი სამკურნალო საქმე გენახოსთ, ანუ გექმნასთ, სტუმარი ჩემი მოაყურეთ, თუცა იამოს!