სულხან-საბა ორბელიანი – ღვინის ძალა
სულთან სალიმ ჰკითხა ვაზირსა მისსა: ვინცავინ კაცნი ღვინოს რად სმენ, რომე ყოველი ავი სიმთვრალეს მოაქვსო?
ვაზირმან მოახსენა: ღვინოს ავისაგან კარგიც უმრავლესი შეუძლიან. ღვინო ბრმას თვალს აღუხილებს, საპყარს ავლენს და გლახაკს განამდიდრებსო.
მოასხმევინა სამნივე ხეიბარნი ფადიშაჰმან და პირისპირ დასხნა და ასვეს ღვინო. რა დაითრო, თქვა ბრმამან: ღმერთო, ადიდე ხელმწიფე, რა კარგსა და წითელს ღვინოს გვასმევსო!
საპყარმან უწყინა და უთხრა: ვისთან უბნობ? ხელმწიფის მზემან, ესრეთს წიხლს ჩაგაზელ, გვერდი მოგტეხოო!
გლახაკმან უთხრა უპოვარმან: მოჰკალ და სისხლს მე გარდვიხდიო!
ვაზირმან მოახსენა:
– აჰა, ბედნიერო ხელმწიფეო, ღვინოს ესე ყოველი შეუძლია. ან მან რით ნახა, ან იგი რით გალახევდა, ან ეს სისხლს რით მისცემდა?
– ჰე, შენ, რუქავ! შენც ხომ მათსაებრ ხეიბარი ხარ და ღვინოც, ვეჭვობ, გესვას, თვარა ეგრეგვარსა რა გამბობინებს?