
სულხან-საბა ორბელიანი – ძუნწი და ოქრო
ერთმან კაცმან დიდძალი ოქრო მიწასა დაფლა. დღე ყოველ მივიდის და ადგილი იგი ნახის. შეამცნივა ერთმან სხვა კაცმან და თქვა: მივიდე, ადგილი იგი მოვთხარო, რომელსა კაცი იგი ხშირად ნახავს, და ვნახო: რა უცანო?
მივიდა და ღამე მოთხარა ოქრო იგი, წაიღო, მის წილ ლოდი დამარხა.
მოუნდა კაცსა მას ნახვა ოქროსი. მოთხარა, ნახა: ოქროსა ნაცვლად ლოდი იდვა. დაიწყო ტირილი და ვაება. მივიდა კაცი იგი მომპარავი, ჰკითხა: რას სტირიო?
მან უთხრა: ოქრო დავფალ, დახარჯვა არ მენება, იგი მოუპარავთ და მის წილ ლოდი დაუფლავთო.
უთხრა მან კაცმან: ვაი შენ! რად სტირ? მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვაო, თუცა არ დახარჯევდიო!
– მეფეო, სალაროცა ეგრეა, რაც უნდა იდვას, თუცა არ იხმარებ კეთილად, ანუ არ დახარჯავო!
მამამან უბრძანა:
– მაშა, შენ რომ იტყვი, სრულობით არ ვარგა ქონების შენახვა?
შვილმა მოახსენა:
– არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.