იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – სოფლის მაშენებელნი
ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო!
ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო?
მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო.
წავიდენ ტყეში. ძაღლმან ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: მანდ რასა იქმო?
მამალმან უთხრა: სოფელს ვაშენებთო.
მელმან უთხრა: ჩამოდი, სახლის ალაგი მომიზომეო!
მამალმან უთხრა: მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო!
მელი მამლის ნდომითა სცდა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: ადე, სახლის ალაგი მინდაო.
წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო!