იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – მოძღვარი მელი

ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული. 

ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: რა დაგმართებიაო? 

მელმან უთხრა: ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო. 

მამალმან უთხრა: რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო! 

მელმან წაიტანა და წავიდნენ. 

შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო? 

მან უთხრა: მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო. 

მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა. 

შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო. 

იგინი დამორჩილდენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო და თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი ვეღარაო. 

მათ მადლი მოახსენეს: თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? 

მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა. 

უბრძანა პირველსა მოწაფეს მამალსა: ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა დადვა. მანც შეუნდო. 

მერმე ეს უბრძანა: ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები. ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო. 

მესამე უთხრა: მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდვა. 

უბრძანა ძერას: ის რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა, და მან შეუნდო. 

მეორე უთხრა: ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო. 

მესამე უთხრა: ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, გიდი ამიტომ დაგირქვამსო? მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. 

სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხები არჩივა, მელს ოსტატობით გარდაამეტა. 

ჰკითხა მელმან ოფოფსა: სამეფო თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო? 

ოფოფმან უთხრა: სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო. 

მელმან უთხრა: მოწამე ვინა გყავსო? 

ოფოფმან უთხრა: ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. 

მელს სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. 

ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. 

ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა, მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა. 

ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნვნ მონადირენი. მანამდინ ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. 

ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწამე ვერ გიშოვნეო! 

მელმან უთხრა: რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! 

ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button