
იგავ-არაკი
სულხან-საბა ორბელიანი – ქურდი მკერვალი
ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა.
რა გაეღვიძა, შეშინდა. შვილს უთხრა: როდესაც შემატყო მაკრატელთა ხმარებასა შიგან პარვა, ხე მომაგონეო!
ერთმან დიდებულმან ერთი უცხო ოქროქსოვილი გამოაჭრევინა. რა პარვა დაიწყო, შვილმან ხე მოაგონა.
ეწყინა მკერვალსა და მაკრატელი პირში ჩასცა, ეგრე უთხრა: ამისთანა ნაქსოვი როდის ეკიდა მას ხეზედანო?