მოთხრობა

გიორგი მერჩულე – წმინდა გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება

შრომა და მოღვაწეობა ჩვენი წმინდა და ნეტარი მამის გრიგოლ არქიმანდრიტის, ხანცთისა და შატბერდის ამშენებლის, ღირსებით ცხოვრებისა და მასთან ერთად ხსენება მრავალი ნეტარი მამისა

გვაკურთხე,  უფალო

1. მოცემულია ღირსეული სიბრძნე კარგის მიზეზის – ქრისტეს, ყოველთა ღვთის, მიერ ჭეშმარიტ ბრძენთა ბუნებაში. ამიტომ, ითხოვდე სრულ ბრძენთაგან მოშიშებით სიბრძნისმეტყველებას და სულელთაგან … დუმილით ბრძენთა სმენას. ამჟამად სულელები სიბრძნისმეტყველებენ… რადგან ვერ შეიცნეს, რომ ბრძნულად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი – რჩეული ოქრო, როგორც თქვა სოლომონმა, რომ როდესაც დუმილი ამეტებს ბრძენთ, მაშინ “მათი სიბრძნე გამოსასვლელებზე იქება”, რადგან მათი ენა ფუჭი მეტყველებისთვის უტყვია და ცუდის სათქმელად უმოქმედო. საქმედ აქვთ მათ ძიება საზღაურისა, ყოვლითურთ სიწმინდეს ბრძნობენ სამართლიანობის ღირსებასთან ერთად და ღვთის სიყვარულით ცოდნისმიერად გალობენ, შესწირავენ რა მუდამჟამს ლოცვას, როგორც ამბობს მოციქული: “უწყვეტად ილოცეთო”.

ამჟამად კი მე, ვინაიდან არ ძალმიძს უწყვეტად ლოცვა და ყველა სულელზე უდარესი ვარ, ჩემი სინაკლულე არ მანებებს დადუმებას და გარკვეულწილად უმჯობესი მგონია, რომ ღვთის მადლითა და შეწევნით ვთქვა ღმერთშემოსილი ადამიანების – ჩვენი ნეტარი მამის გრიგოლის და მის ახლობელთა და მოწაფეთა – ღირსებით ცხოვრების შესახებ, რათა, რამდენადაც შევძლებ, ვაუწყო მსმენელებს ამ წმინდანის მოწაფეთა და მოწაფის მოწაფეთაგან ჭეშმარიტად მონათხრობი და ხსენებულ ნეტართა მეოხებით ვპოვო ორივე მხრივ განკურნება ჩემი უძლურებებისა ამ სიტყვათა ამგვარად წერის გამო.


2. რომ არსებაშეუქმნელი, კაცთმოყვარე წმინდა სამების მადლით ჩვენგან მიუწვდომლად ზეცათა შიგნით ანგელოზებთან ერთად ცოცხალთა წიგნში საუკუნოდ დაწერილთა და წმინდა ჯვარს დანდობილ დიდ მეუდაბნოეთა, კლარჯეთის დიდებულ უდაბნოებში პირველად დამკვიდრებულ და ღირსებით მცხოვრებ წმინდა მამათა მოთმინების სიმხნევე, მათი სიწმინდით შრომა (რაც სათნოა უფლისთვის) და სასწაულების სიმრავლე აღუწერლობის გამო ქართლის ქვეყანას დააკლდა იმ მიზეზით, ადრე რომ ვახსენე, მაშინ როცა საჭირო იყო ამათი დაწერა თაობიდან თაობაში უკუნისამდე ყველასათვის საუწყებლად, რომ “დაბადებადი ხალხი მაქებელი ყოფილიყო უფლისა” ამათი ხსენების დღესასწაულზე.

მაგრამ ახლა ჟამთა სიმრავლის გამო დავიწყების სიღრმეს მიეცა სასწაულები, კარგი საქმეები და უბიწო ცხოვრება ამ ყოვლადმოსახსენებელი, საკვირველი და ნეტარი ადამიანებისა, რომლებიც ამ ხილული და განქარვებადი მზის ქვეშ ბრწყინავდნენ, ისევე როგორც მნათობები ზეციურ სამყაროში, ახლა კი სულით გაბრწინებულნი დაუსრულებელ სინათლეში ხარობენ და ქრისტესგან აღთქმულთა მიღებით გამხიარებულები მარადის მეოხებას გვიწევენ ჩვენ, რადგან თავიანთი შრომა-გარჯის სანაცვლოდ მიღებული აქვთ მათ უსაზღვრო სიხარული და მხიარულება.

ამ ნეტართა შორის გამობრწყინდა მადლით სავსე, სიბრძნით სრულქმნილი, დიდი მღვდელი, კარგად განმგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცის ადამიანი და მიწის ანგელოზი, სანატრელი გრიგოლი, ხანცთისა და შატბერდის, ამ ორი დიდებული მონასტრის, სულიერად მამა, წინამძღვარი და მაშენებელი, რომელიც სიკარგის ნიმუშად გაუხდა მისი დროის ყველა მეუდაბნოე მამას მათ ახალმშენებლობაში.

იგი იყო წარჩინებული, დიდებული და მართლმორწმუნე დედ-მამის შვილი და აღიზარდა დიდი ნერსე ერისთავის სამეფო სახლში ნერსეს ცოლის, კეთილმსახური დედოფლის ხელით, რომლისგანაც შვილებული იყო, რადგან იყო კიდეც მისი ძმისწული, და დედის საშოდანვე შეწირული იყო ღვთისადმი, ისევე როგორც სამოელ წინასწარმეტყველი, თავისივე დედის მიერ და იზრდებოდა მარხვაში მსგავსად [იოანე] წინამორბედისა, რადგან პატარაობიდანვე „ღვინო და ხორცი არ შესულა მის პირში~, ვინაიდან ქრისტეს განუკუთვნა მან თავისი სული სავანედ. შესახედაობაც სამონაზვნო შეემოსა მას, რადგან ყრმათა თამაშობისგან და ადამიანთა ყოველგვარი თავყრილობისგან განშორებული იყო და განმარტოებით იმყოფებოდა თავის სამყოფელში, რომელიც მას ჰქონდა განკუთვნილი. ამის გამო „დაყუდებულს~ უწოდებდნენ მას სახელად.

ხოლო სწავლისადმი მისი გულისხმიერება ძალიან გასაკვირი იყო, რადგან სწრაფადვე დაისწავლა “ფსალმუნნი” და “ხმით” სასწავლი საეკლესიო სწავლა. ქართულ ენაზე ყველაფერი სასწავლო შეისწავლა, მწიგნობრობაც ისწავლა მრავალი ენისა და საღვთო წიგნები ზეპირად დაისწავლა. ამასთან, ამ სოფლის ფილოსოფოსთა სიბრძნეც ისწავლა კარგად და რაც ნახა კარგი სიტყვა, მიიღო, ხოლო უკეთური უკუაგდო. სახელგანთქმული გახდა მისი სრულქმნილება ყველგან, თუმცა იგი ამსოფლის გარეგან სიბრძნეს კიცხავდა მოციქულის სიტყვისებრ: “განა არ გააუგუნურა ღმერთმა ამ სოფლის სიბრძნე?” მისი სიტყვა შეზავებული იყო მადლის მარილით. როდესაც მეტყველებდა, ბრძნულად გახსნიდა თავის პირს და წესს დაუდგენდა თავის ენას. ასაკის მატებასთან ერთად კარგი სათნოებაც მატულობდა, რადგან არ იყო იგი, როგორც ჭაბუკი, მოამაყე და სასურველ საჭმელთა მოყვარული, არამედ თავის თავში დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვას ამბობდა: “პური სასურველი არ ვჭამო”. ასე იღებდა ღარიბთა საჭმელს თავისი სხეულის განსამტკიცებლად ნეტარი გრიგოლი, რომელიც იყო გულით მდაბალი და სულით გლახაკი, ქცევით წყნარი და გონებით მოწყალე, რადგან მუდამჟამს იყო მის გულში დანერგილი ძირი სიწმინდისა, ღვთისმსახურების ჯეჯილის აღმომაცენებელი. ჭეშმარიტი სარწმუნოების ნერგი გაიზარდა მის სულში და ღვთის სიყვარულის ნაყოფი გადიდდა მასში. აი, ასეთი მრავალგვარი კეთილგანგებულებით ცხოვრობდა ეს სამღვდელო ჭაბუკი უფლისთვის სათნოდ, და იყო იგი შეხედულად დიდი, ხორციელად თხელი, ტანით სრული, ყოვლითურთ კარგი სრულიად, სხეულით ჯანმრთელი და სულით უბიწო.

3. მაშინ მისმა აღმზრდელმა ხელმწიფეებმა, მისმავე სანატრელმა დედამ და ხალხის სიმრავლემ ინებეს ამ ნეტარის კურთხევა ხუცესად. და უთხრეს მას ხსენებულმა მთავრებმა და მისმა მშობლებმა: “შვილო, ქრისტეს ყოვლად კარგო და სანდო მონაო, აჰა დადგა წინასწარმეტყველ დავითის ნათქვამის დრო, რასაც ამბობს: “ვინ ავა უფლის მთაზე და ვინ დადგება მის წმინდა ადგილას, თუ არა ხელით შეუბღალავი და გულით წმინდა”. და ახლა შენი ღირსების გამო და ჩვენს სულთა და ხორცთა იმედად შენ გპოვა ქრისტემ ხელით შეუბღალავი და გულით წმინდა, რომ შენ ახვიდე უფლის მთაზე და დადგე მის წმინდა ადგილას მისი წმინდა და უბიწო მსხვერპლის შემწირველად.

ამ ნეტარს კი თუმცაღა ჰქონდა მღვდლობის სიყვარული, მაგრამ შეწუხდა იგი მათ სიტყვაზე, შიშმა მოიცვა თავისი ასაკის სიახალგაზრდავის გამო და უთხრა მათ: “თქვენ იცით საღვთო წიგნების აზრი და შეგიცვნიათ წმინდა მოციქულებისა და ნეტარი მღვდელთმოძღვრების მიერ განსაზღვრული კანონი წმინდა კათოლიკე ეკლესიისა, თუ როგორი სიფრთხილე სჭირდება მღვდლობას და როგორი ყოვლითურთ შეუბღალავობა არა მხოლოდ საქმით, არამედ გონებითაც და სიტყვითაც. ამიტომ, თუმცაღა ღვთის სულგრძელობას უტვირთავს მოთმენა უწესო ადამიანების მღვდლობისა, უმჯობესი იქნებოდა მათთვის, რომ საერთოდ არ შერთვოდნენ ადამიანთა რიცხვს, ვიდრე ის, რომ საუკუნოდ [შერთვოდნენ] დაუსრულებელ სასჯელს. ამასთან. სანდო მღვდლებისთვის ეს იცოდეთ თქვენ, რომ ყოველგვარ სულიერ და ხორციელ დიდებაზე მეტია [ეს საქმე], რადგან იგი მონაცვლეობაა ქრისტეს, ჭეშმარიტი ღვთისა, რომელმაც უთხრა თავის მოწაფეებს: “ნეტარნი ხართ თქვენ, რადგან ბევრ წინასწარმეტყველსა და მართალს სწადდა, რომ ენახა და ესმინა, რასაც ხედავთ თქვენ და გესმით, და ვერ მიაღწიეს, რისი ღირსიც გახდით თქვენ”. თავისი მღვდლობის ნაცვლად უფალმა მოციქულები დაადგინა მღვდლად, შემდეგ და შემდეგ კი – ყველა სანდო მღვდელი, და მათ მიერ ქრისტიანთა ცხოვრების იმედი მღვდლობას მიანდო და ყველა სასწაული , წინასწარმეტყველთა ხილვები და ღვთისმხილველ ადამიანთა გამოცხადება მღვდლობით დაბეჭდა და ახლა არაფერია კაცთა ცხოვრება მღვდლობის გარეშე, რისთვისაც პავლე ამბობს: “ქრისტეს მიერ სახარებისგან მე გშვით თქვენ”. და უფალი ბრძანებს: “თუ ვინმე არ იშვება მეორედ და არ მიიღებს წმინდა საიდუმლოს, ვერ შევა ცათა სასუფეველში”. ამიტომ, ახლა პატივს ვხედავ და სასჯელის მეშინია.

მაშინ მიუგეს ბრძენმა მთავრებმა და უთხრეს: “შვილო, ქრისტეს რჩეულო, შიში ღვთისა არს სათნოებათა თავი, როგორც მოსე ამბობს: “რას ითხოვს ღმერთი შენგან, ჰოი ისრაელო, თუ არა იმას, რომ გეშინოდეს მისი?”, რადგან “უფლის შიში შეჰმატებს დღეებს”, როგორც ამბობს სოლომონი, რადგან სიბერის ღირსება არათუ მრავალი წელია ანდა დღეების აღრიცხული რაოდენობა, არამედ მხცოვანება ესაა ადამიანის გონიერება და სიბერის ასაკი კი – უბიწო ცხოვრება. და კიდევ, იობი ამბობს: “არათუ მრავალწლიანები არიან ბრძენნი, არცთუ ბრძენებმა იციან სამართალი”, “არამედ სული არს, ცხადია, და სული ყოვლისმპყრობელისა, რომელიც ასწავლის სიბრძნეს”, და შენ მოგცა ქრისტემ კარგი მოხუცებულობა გონებისა. ამიტომ, ახლა ნუღარ იქნები ურჩი, არამედ დაემორჩილე ქრისტეს ბრძანებას და მღვდლობით დაემონე იმას,  რომელმაც  ივნო  ჩვენთვის,  –  საუკუნო  მღვდელმა, –  და  გვაცხოვნა  ჩვენ  ყველანი”.

ნეტარი გრიგოლი დაემორჩილა მათ და ღვთის ნებით იკურთხა ხუცესად მის მვედრებელთა ვედრებისამებრ, რაც შეჰფეროდა კიდეც მისვე ქცევას, მოშიშებითს, საღვთო კანონით [წარმართულს] და მარადწმინდა სამების მართლმადიდებლობას. ასე გაიხარა ხალხის სიმრავლემ, როდესაც ღირსნი გახდნენ, მისი წმინდა ხელით მიეღოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი.

მაშინ მთავრებმა განიზრახეს მისი ეპისკოპოსობა, რადგან ღვთის ანგელოზივით ჰყავდა იგი ყველას ჭეშმარიტების მასწავლებლად, როგორც დაწერილია: “მღვდლის ბაგეებმა დაიცვან სამართალი და მისი პირისგან გამოიძიონ სჯული, რადგან ყოვლისმპყრობელი უფლის ანგელოზია იგი”.

4. მაგრამ ნეტარმა გრიგოლმა როგორც კი ნახა თავისი თავი ხორციელ დიდებაში, მეტად შეწუხდა მისი გული და განიზრახა მან ფარულად გაქცევა თავისი ქვეყნიდან საღვთო ხმობისამებრ, რაც წინ უძღოდა მას მამამთავარი აბრაამის მსგავსად და მსგავსად ისრაელებისა – უდაბნოსკენ, თუმცა აბრაამი ურწმუნო ერის ქვეყნისგან განაშორა ღმერთმა, გრიგოლი კი მორწმუნე და კეთილმსახური ქვეყნიდან გამოიყვანა მან იმ მიზნით, რომ უსარგებლო უდაბნოებში გამობრწყინებულიყო ეს ჩაუქრობელი სანთელი, მაღალ სასანთლეზე მბრწყინავი იმ ზეთით, რომელიც არ მოიპარება, რომ საყვირის ხმაზე და ხმოვანებაზე ანთებულიყო იგი, გაბრწყინებულიყო ძლიერი სულით და წაძღოლოდა საქორწილო კრებულს თავის წმინდა მოწაფეებთან ერთად, და რადგან ღვთისმხილველობითი გონიერი და უბიწო მადლით შეეცნო მას ზეცის მთავრობათა უცვლელი მეუფება, და მათთან თანამოდასეობის წადიერებით დატოვა მან მოკვდავ კაცთა ამქვეყნიური მეფობის ცვალებადი პატივი და განარიდა თავი დროებით და ნივთიერ ბუნებათაგან, რომ უდროო სინათლე გასძღოლოდა მას უნივთო სამკვიდროსკენ და უცვლელი დიდებისკენ ცათა სასუფეველში.

5. თავისი ამგვარი კარგი განზრახვისა და მსვლელობის ჟამს იპოვა მან კარგი მეგობრები ქრისტეს მადლის შეწევნით: საბა, რომელსაც ეწოდა საბან, თავისი დეიდაშვილი, იშხნის მეორედ მაშენებელი და მისი ეპისკოპოსი; თევდორე, ნეძვის მაშენებელი და მამასახლისი; ქრისტეფორე, კვირიკეთის მაშენებელი და მამასახლისი. ეს ოთხი შეანაწევრა სარწმუნოებამ და შეაკავშირა საღვთო სიყვარულმა, იყვნენ რა ერთი აზრით შეკრებილები, როგორც ერთი სული ოთხ სხეულში დაფუძნებული. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა თქვა დავითის სიტყვა: “რა არის კარგი და რა არის მშვენიერი, თუ არა ძმათა დამკვიდრება ერთად?” რადგან ისევე როგორც თქვა ქრისტემ თავისი დამკვიდრებულობა მისი სახელის გამო შეკრებილთა შორის, ამგვარადვე იყოს ჩვენს შორის თავად უფალი, რომ ესათნოოს მას ჩვენი ეს სულიერი მეომრობა უცხოობაში და რომ შეწირული იყოს ჩვენი მსახურება მოსაწონისად მის წინაშე”. მათ კი თქვეს: “იყოს ქრისტე ღმერთი ჩვენს შორის ჩვენს სულიერ ძმობასა და მსვლელობაში და მღვიძარე გულმოდგინებაში, შენი სიტყვებისამებრ, ბრძენო გრიგოლ, რომ საღვთო ძალა დამკვიდრდეს ჩვენში”.

მაშინ მათ ერთიანი ერთობით დაიბეჭდეს თავიანთი თავი საუფლო პატიოსანი ჯვრის ძლიერების ბეჭდით და სიხარულით გაემართნენ იმ გზაზე, რომელიც არ იცოდნენ, მაგრამ, ამასთან, უმეცარნი არ იყვნენ, რადგან მხოლოდ უფალი უძღოდა მათ, ხედავდა რა იგი მათ გულში წმინდა და წყაროსავით დაუშრეტელ ლოცვას და მათი ცრემლების ნაკადულს.

და [მან] ქართლიდან ოპიზაში მოიყვანა ისინი პირველად, ხოლო ოპიზაში შეკრებილი იყო ცოტა ძმა ქრისტეს სიყვარულისთვის, ვინაიდან იქ იპოვებოდა წმინდა მცირე-ეკლესია იოანე ნათლისმცემლისა. ამ ძმათა წინამძღვრის სახელი იყო ამბა გიორგი, რადგან ოპიზის მესამე მამასახლისი იყო იგი, გარდაცვლილნი იყვნენ რა სამოელი და ანდრია. ამ ნეტარმა ამბა გიორგიმ როდესაც დაინახა სანატრელი მამა გრიგოლი და მისი მეგობრები, საღვთო ცოდნით შეიცნო მათი ღირსების მადლი და მიიღო ისინი სიხარულით არა როგორც მოწაფეები, არამედ როგორც მასზე აღმატებულნი, რადგან იცოდა სულიწმინდით, რომ უნდა მინიჭებოდათ მათ პატივი ზემოდან ღვთის მიერ. და ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოპიზაში მამა გრიგოლი და მისი მეგობრები სამონაზვნო შრომის ფიცხელი ღვაწლით, როგორც იყო ეს წესი იმ დროის მონაზვნებისა.

მაგრამ მამა გრიგოლს სწადდა განმარტოებით განდეგილობა, რადგან ესმოდა მარტოდმყოფთა ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ უდაბნოს იმ სივრცეში, რომლებიც მძოვარ [ცხოველთა] მსგავსად მწვანილითა და ხილით საზრდოობდნენ (ზოგი – მცირედი პურითაც), რომელთაგან ნაწილის სახელი ესმოდა, ნაწილი კი ფარულად იყო. ყველა ამ ნეტარს მოინახულებდა წმინდა გრიგოლი და სწავლობდა მათ კარგ ქცევებს, ზოგისგან – ლოცვას და მარხვას, ზოგისგან – სიმდაბლეს და სიყვარულს, ზოგისგან – სიმშვიდეს და ურისხველობას, ზოგისგან – უპოვარებასა და მიწაზე წოლას ანდა მჯდომარე ძილს, ზოგისგან – მღვიძარებას და დუმილით ხელსაქმობას, და ამათ მსგავს სათნოებებს, შემდეგ კი სულიერ სწავლათაგან ამგვარად ავსებული უბრუნდებოდა თავის სამყოფელს, რადგან ესმოდა ამ წმინდანთაგან: “რცხვენოდეს სოფელს ჩვენს კარგ ქცევათა გამო”.

6. იმ დროს იყო ერთი ბერი ხანცთაში, მარტოდმყოფი ადამიანი, მართალი და წმინდა, რომელსაც ერქვა ხუედიოსი. ამ ნეტარმა ხილვა ნახა არათუ ძილში, არამედ ცხადად, რადგან ხედავდა ხანცთის იმ წმინდა ადგილს, სადაც ახლა წმინდა ეკლესიაა აშენებული, რომ სინათლის ღრუბელი, თითქოს ეკლესიის სახით გამოხატული, იდგა იქ ხანგრძლივად და ამ ღრუბლიდან დიდძალი სურნელება გამოდიოდა. და მოესმა ხმა ნეტარ ბერს: “აშენდება წმინდა ეკლესია ამ ადგილას ღვთის კაცის, გრიგოლ მღვდლის ხელით და მისი და მისი მოწაფეების ლოცვათა სურნელება როგორც კარგი საკმეველი აღიწევა ღვთის წინაშე”. როდესაც ხილვა ნახა მან, მეტად დიდად გაიხარა და მოელოდა ნაუწყებ წმინდანს, რადგან ჰქონდა მას ჩვეულება ღვთისმიერი ხილვის [მიღებისა]. ამგვარადვე აუწყა ქრისტემ სანატრელ მამა გრიგოლს ამ ბერის ღირსება და იმ ადგილის მოპოვება მის მიერ.

იმ დროს სულიწმინდის წინამძღვრობით მოვიდა ხანცთაში, ამ წმინდა ბერთან, ჩვენი ღვთისსათნო მამა გრიგოლი, და როგორც კი დაინახეს მათ ერთიმეორე, გაიხარეს მეტად და შეასრულეს ლოცვა. მაშინ ნეტარმა ბერმა უთხრა: “მაკურთხე, წმინდა მამაო გრიგოლ, რადგან მღვდელი ხარ შენ”. შეასრულა ლოცვა მამა გრიგოლმა და მოიკითხეს მათ ურთიერთი როგორც დიდი ხნის საყვარელმა მეგობრებმა; შემდეგ სიხარულით დასხდნენ და ერთმანეთს უამბეს ის პირველი ხილვა. ნეტარმა გრიგოლმა თქვა: “ვმადლობ ქრისტეს, რომელიც გამომიძღვა შენი სამყოფლისკენ მე, შენს შვილს, და მაღირსა შენს წმინდა ფეხთა ნაკვალევის თაყვანისცემა, ღვთის რჩეულო! ამიერიდან შენი წმინდა ჯვარი იყოს ჩემი მფარველი და შენი ღირსეული ლოცვების შეწევნა ჩემი გალავანი”. ბერმა კი მიუგო: “პირიქით, უმალ შენი წმინდა ლოცვების ნაყოფი და შენი წმინდა ჯვარი იყოს მარადის ჩემზე, ამ უძლურ მოხუცებულზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ნახავ მას მტვრადქცეულს. შენ, ღვთის წმინდანო, თუმცაღა ასაკით უმცროსი ხარ, მაგრამ საქმით უფროსი ხარ ჩემზე, რადგან შენ იქნები კეთილი მწყემსი ქრისტეს მრავალი პირმეტყველი ცხვრისა და ჩემი სულის საუკუნო გვირგვინი და იმედი. ამიტომ, არათუ ხორცმა და სისხლმა მოგიყვანა შენ ამ უსარგებლო უდაბნოში შენი ქვეყნიდან, მამაო პატიოსანო, არამედ ღვთის ერთადერთი ძის ძალა, სულიწმინდის სიბრძნე და მამაღმერთის მადლი გაქვს შენს წინამძღვრად, რომლის წინაშეც ყოვლითურთ უჩინარდება მტრის მზაკვრობათა ყოველგვარი შეწმასნილობა როგორც “ობობის ქსელი” ქარის წინაშე, და იცის მან, უკეთურმა, შენს სიწმინდეთა შემაძრწუნებლობა, რითაც შეკრულია იგი როგორც უსუსური ფრინველი და მთლიანად გაქელავს მას ქრისტე შენს ფეხქვეშ, წმინდა მამაო”.

ნეტარმა გრიგოლმა მიუგო: “ქრისტემ აღუთქვა თავის მოწაფეებს: “მე თქვენთან ვარ ყველა დღეს” და არა მხოლოდ თქვენთან, არამედ – ყველა მორწმუნესთან “სოფლის აღსასრულამდე”. თვით იგივე უფალი მკვიდრობს შენში, ღირსო მამაო. შენი ლოცვით მან მომანიჭოს ეშმაკებისა და მათი ურიცხვი მზაკვრობების დაძლევა, შენ კი შენს შრომათა სანაცვლოდ მოგცეს ცათა სასუფეველი მოციქულის სიტყვისებრ: “საქმის მკეთებელს საზღაური ეთვლება არათუ მადლით, არამედ ვალდებულებით”.

ამის შემდეგ უთხრა იმ კარგმა ბერმა წმინდა მამა გრიგოლს: “წინასწარმეტყველი ამბობს: “ტკბილია ჩემს სასაში შენი სიტყვები უფრო მეტად ვიდრე თაფლი ჩემს პირში”, მაგრამ ხორცს საპატრონებელი სჭირდება წერილისამებრ: „რომელმაც მისცა საზრდელი ყველა ხორციელს, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა”.

მაშინ გაამზადა მან ტაბლა, ჩვეულებისამებრ, სიხარულით, რაც კი აღმოაჩნდა თავის დიდ უპოვარებაში, აკურთხეს მადლობით და დაიწყეს ჭამა, მუდმივად წარმოთქვამდნენ რა სულის მასაზრდოებელ სიტყვას: “უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ”. ამ მცირედი ფუფუნებით, როგორც თითქოსდა დიდძალი სანოვაგით, მეტად ილხენდნენ ისინი, რადგან ღმერთი იყო ამ წმინდანთა შორის, – სიხარული დაუსრულებელი და სიკეთე მოუკლებელი, რის გამოც ამბობდნენ: “არ ვართ ნაკლულევანნი, არამედ აღვსებულნი ვართ მოუკლებელი, უხილავი და განუძარცვავი საგანძურების მადლით”. როდესაც მიიღეს საჭმელი, კვლავ შეუდგნენ სულის ცხონების შესახებ ბჭობას. გახანგრძლივდა საუბარი მათ შორის, რადგან ის დღე დაღამდა და ღამე უძილოდ გათენდა მათ საღვთო ლოცვასა და გალობაში.

განთიადისას ხუედიოსმა დაათვალიერებინა გრიგოლს ხანცთის ყველა ადგილი, რომელსაც ძალიან შეუყვარდა ისინი. მაშინ უთხრა მან ნეტარ ბერს: “წავალ ოპიზაში და სწრაფადვე მოვალ ჩემს ძმებთან ერთად, რომლებიც იქ დავტოვე, რომ ისინიც, მოვლენ რა ჩემთან ერთად, იკურთხონ შენი წმინდა ლოცვების მიერ”. როდესაც მივიდა გრიგოლი ოპიზაში, ახარა თავის ძმებს ნახვა იმ წმინდა ბერისა და იმ ადგილისა – ღვთივმოცემული კარგი სამყოფელისა. სწრაფადვე მივიდნენ ისინი ამბა გიორგისთან, ოპიზის წინამძღვართან, მიიღეს მისი და ყველა ძმის წმინდა დალოცვა და სიხარულით მოვიდნენ ხანცთაში, ილოცეს და მოიკითხეს წმინდა ბერი, როგორც ზეცის ანგელოზი, რომელმაც გაიხარა ამ ნეტართა ნახვით და უთხრა მათ: “თქვენ ხარ სიწმინდის ნაყოფი, სურნელოვანი მცენარეები, მშვენიერი ვარდები, კარგი ფინიკები და ნაყოფსავსე ზეთისხილები, სიწმინდის ზეთით გაპოხიერებულები, რომელთა ნახვითაც დღეს “განოყიერდა ჩემი სიბერე და ამაღლდა ჩემი სიხარული როგორც მარტორქის რქა”. ამიერიდან იხაროს ამ უდაბნომ თქვენი, ქრისტეს ნების აღმსრულებლების, დანერგვით მასში”. მათ კი მიუგეს: “წმინდა ანტონს მიმსგავსებულო წმინდა მამაო, შენი სიტყვების ღირსად გახდომა ჩვენთვის ბუნებაზე აღმატებულია, მაგრამ დაამტკიცოს ყოვლისშემძლე ქრისტემ ეგ მადლიანი ქება, რაც ბრძანე. ამიტომ, საკმარისია ჩვენთვის და ინებოს უფალმა ამ მადლის მოცემა ჩვენთვის, რომ ღირსეულად ვემსახუროთ შენს სიწმინდეს ვიდრე აღსასრულამდე, ჰოი ღვთის წმინდანო”. მაშინ უთხრა მათ ბერმა: “თუმცაღა მხიარულია თქვენი გული, რომ ემსახუროს ჩემს მოხუცებულობას, მაგრამ ეს იცოდეთ, რომ ღვთის ნებით მე თვით უნდა ვემსახურო ჩემს თავს ვიდრე სიკვდილამდე, რადგან დავითი ამბობს: “აღუთქვით და აღუსრულეთ თქვენს უფალ ღმერთს”. ამჯერად მე აღთქმული მაქვს უფლისადმი, რომ მარტო ვიყო მე აღსასრულამდე, სულით კიდევ თქვენთან ვარ და ახლა მმართებს მე საქმით აღვასრულო აღთქმული”.

ამის შემდეგ უთხრა მან ნეტარ გრიგოლს: “ელიას და იოანეს მიმსგავსებულო და ადამიანთა შორის ნეტარო, ჩვენს ახლოს არის პატარა გამოქვაბული. წამიყვანეთ იქ შენ და შენმა ძმებმა, რომ რაც დღენი დამრჩენია, მასში აღვასრულო, რადგან ცოტა ხნითღა არის განკუთვნილი ჩემთვის ხორცში ყოფნა, ხოლო ეს აღმითქვით, რომ ჩემს სიკვდილამდე არ გამრავლდებით ამ ადგილას”. და ჯვარი გადასწერა მან თავის სამყოფელს და გაძლიერდა მათი სიტყვა, მათ კი აღარ შეჰკადრეს შეკამათება, მასთან ერთად მივიდნენ გამოქვაბულში და ლოცვა აღასრულეს. ბერმა თქვა: “ეს არის ჩემი მოსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავმკვიდრდები, რადგან მესათნოება ეს”. მაშინ ეამბორნენ ერთიმეორეს, გამოემშვიდობნენ წმინდანს ეს ნეტარები და ჩამოვიდნენ ღვთისგან სამონასტროდ ჩვენებულ ადგილას, ხოლო წმინდა გრიგოლმა შემუსვრილი გონებით ხელგაწვდენილად წარმოთქვა ეს ლოცვა:

7. “ჩვენი ამ უცხოობისა და უპოვარების დროს, ქრისტე, არ შეგვეშინდება ჩვენ უკეთურისგან, რადგან შენ, უფალი, ჩვენთან ხარ, მზადმყოფი ჩვენთვის ამ კარგ ადგილას, – შენი ნების მოსასვენებელში, სადაც მარადის ვედრებას შევწირავთ შენი იმ დიდებით მეორედ მოსვლის მოსალოდნელი დღის გამო, ღმერთო, როდესაც საშინელებათა ზარტეხილი და საყვირის ხმოვანება შეაძრწუნებს ყველა ქმნილებას, რადგან გამოუცხადებს ცოდვილებს იმ დაუსრულებელ სატანჯველებს, ხოლო მართლებს ახარებს დაუსრულებელ ცხოვრებას. მაშინ იგოდებს ქვეყნიერების ყველა ტომი იმის გამო, რომ მიეცემა ყველა ბრალეული გვემასა და ტანჯვას, ხოლო მართლები მათთვის იგლოვებენ, რადგან უბიწოთათვისაც შემაძრწუნებელი იქნება შენი ზარტეხილი, რისგანაც ვძრწი მე, რადგან მოუმზადებელი ვარ, არა როგორც უმეცრების ჩრდილში ჩაკეტილი, არამედ როგორც მცონარების უსაქმობათაგან ძლეული, და ვხმობ კვნესით: როდესაც მოხდება სხეულთა დარღვევა და მხილება ცოდვათა, და კვლავ განახლება და შეერთება სულისა და ხორცისა, ზოგისთვის საუკუნოდ საცხოვნებლად და ზოგისთვის საუკუნოდ სატანჯველად, მაშინ საიდან იქნება ჩემთვის ხსნა დანაშაულთა სასჯელისგან? რადგან არ მომიპოვებია მე ღვაწლი, რითაც უდანაშაულო აღმოვჩნდებოდი შენს საყდართა წინაშე, ქრისტე, მაგრამ ჩვენი დედოფლის, მარადქალწული ღვთისმშობლის და ყველა შენი წმინდანის ვედრებით, მოწყალე უფალო და კეთილო მეუფე, მოიღე წყალობა და გვაცხოვნე ჩვენ შენს რჩეულებთან ერთად, რომ მათთან ერთადვე განგიკუთვნოთ შენ საუკუნო დიდება, ამინ”.

ამის შემდეგ დაიწყო მან ხანცთის შენება და უბრძანა ძმებს დავითისეული გალობის ამ მუხლთა წარმოთქმა: “შენს მოწყალებებს, უფალო, უკუნისამდე ვუგალობებ, თაობიდან — თაობამდე ვუამბობ შენს ჭეშმარიტებებს ჩემი პირით, რადგან თქვი: “ქვეყნიერება წყალობით აშენდება” “და შენი ველები აივსება ნოყიერებით; გაანოყიერებ შენ შენ უდაბნოს მშვენიერებას და ბორცვები სიხარულს შეიმოსავენ, და ღელეები გაამრავლებენ ღვთისმსახურების ხორბალს, იღაღადებენ და იგალობებენ” ჩვენი პირები ასე: “მოგვხედე შენს მონებს, უფალო, და – შენი ხელების ნაქმნარს. წაუძეხი მათ ძეებს! იყოს სინათლე შენი, ჩვენი [უფალი] ღვთისა, – ჩვენზე! ჩვენი ხელების საქმეები წარმართე ჩვენზე, უფალო, და ჩვენი ხელების ნაქმნარი წარგვიმართე”, “რადგან ამ უდაბნოებსა და მთებს მივაპყრეთ ჩვენი თვალები. საიდან მოხვედი ჩვენს შესაწევნელად?” “ჭეშმარიტად შეწევნა გვაქვს ჩვენ უფლის სახელით, რომელმაც შექმნა ცანი და მიწა და ყველა ქმნილება”.

შემდეგ ერთობლივად ჯვარი გადასწერეს იმ ადგილს და დაიწყეს სენაკების გასაკეთებლად მიწის დავაკება, რადგან ხანცთის კლდე კლარჯეთის ყველა უდაბნოზე უფრო უხეშია, და დიდი შრომით დაამუშავეს ის ადგილი, არ ჰქონდათ რა ცული და წერაქვი, არც სხვა რამ ამგვარი მოსახმარისი, არამედ ოპიზელმა მამებმა მისცეს მათ ყველაფერი, რაც კი ხელთ აღმოაჩნდათ, და შემწეობა გაუწიეს ყოველგვარი მოსახმარისით და ხორცთა საპატრონებელით, ვინაიდან იმ დროს ხსენებულ მხარეებში ოპიზის გარდა სხვა მონასტერი აშენებული არ იყო და არც ამა ქვეყნის ერისკაცები ახლდათ მათ იმ მხარეების ახალმშენებლობისთვის, რადგან კლარჯეთში, ტაოში, შავშეთში და ყველა იმ ახლომდებარე მხარეში ცოტანი იყვნენ ისინი, ტყეებში აქა-იქ დასახლებულები.

ნეტარმა გრიგოლმა პირველად ააშენა ძელის ეკლესია, შემდეგ თავისი სამყოფელი, თითო-თითო სენაკი ძმათათვის და ერთი დიდი სენაკი სატრაპეზოდ. დღითი-დღე მრავლდებოდნენ ძმები, რადგან ემატებოდა უფალს მეთერთმეტე საათის მუშები ჭეშმარიტი ვენახის დასამუშავებლად და ისინი პირველ მართალთა თანაზიარნი და წმინდა მოწამეთა მონაწილენი ხდებოდნენ, რადგან მონაზვნობის ღვაწლში წმინდა მოწამეების მსგავსად, – და მათზე მეტად, – მხნეობდნენ, რადგან მარტვილები მარტოოდენ ერთ დროს ეწამნენ, ესენი კი ყოველ დროს ეწამებოდნენ ქრისტეს სახელისთვის, როგორც ამბობს დავითი: “შენთვის ვიხოცებით ჩვენ ყოველ დღე”, და პავლე ამბობს: “მე ყოველდღე ქრისტესთვის ვკვდები”. დაუცხრომელი რომ არ ყოფილიყო წმინდანთა ბრძოლა, არც მოიხსენიებდნენ ამ ბრძოლას “ყოველდღიურ სიკვდილად”, რადგან, მოციქულის სიტყვისებრ, “ხორცს ნდომა აქვს სულისთვის და სულს ხორცისთვის, და ესენი ერთი-მეორის მოწინააღმდეგები არიან”. ვინაიდან ზოგჯერ სულის ზოგი აღმოფშვინვა მადლი ხდება და სულის ზოგი აღმოფშვინვა დანაშაული ხდება ჩვენში. ამიტომ, “მოწინააღმდეგე ანგელოზს” უწოდებს პავლე ადამიანთა გონებას და როგორც თავისი თავისთვის ქადაგებს იგი ამას, ასევე ყველასთვის ამბობს, რადგან ზოგჯერ წმინდა ანგელოზების გონებას ჰპოვებს იგი ჩვენში და ზოგჯერ ეშმაკებისას. ამიტომ უბრძანა ქრისტემ პეტრეს: “არათუ დღეში მხოლოდ შვიდგზის შეუნდე ძმებს, არამედ სამოცდაათჯერ შვიდგზისო”. აი, ამგვარ ვნებებს, მოწინააღმდეგის დაფარულ და ცხად ხრიკებს, ძალუმად შეებმოდნენ ეს ღირსი მამები, ქრისთესთვის მრავალგვარი ჭირისა და მწუხარების დამთმენნი.

8. იმ დროს ნეტარი ბერი ხუედიოსი ძალიან მოხუცებული იყო და მიახლოებული ხორციდან გასვლას. მაშინ მივიდა ჩვენი წმინდა მამა გრიგოლი და ის ძმებიც, რომლებიც მასთან იყვნენ, ბერის სანახავად, და როცა მოიკითხეს, უთხრეს: “გვაკურთხე, წმინდა მამაო, რადგან უფალთან მიდიხარ ახლა”. მან მიუგო: “ღმერთი მშვიდობისა, სიყვარულისა და კაცთმოყვარეობისა იყოს თქვენთან ყოვლითურთ, ჩემთვის კი ილოცეთ, წმინდა მამებო, რადგან დღეს მივდივარ უცხო ბანაკში და ღვთის საშინელ დასაბრძანებლებში”. მათ უთხრეს: “არ ხარ უცხო წმინდა ანგელოზთა ბანაკში, რომლებთან ერთადაც მარადის ხარობ სულით ქრისტეს წინაშე, მაგრამ ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, შენს წმინდა ადგილას დამკვიდრებულებს და შენი მადლის ნერგებს”. და მან უთხრა მათ: “ღვთის ხელებს ვაბარებ ჩემს სულს და თქვენს ხელებს – ჩემს სხეულს, ხოლო ღვთის ნებით საუკუნოდ ერთად იყოს ჩვენი სიხარული”.

და დაიძინა ნეტარმა ბერმა და ტკბილი გაუხდა მას თავისი მირულება, ხოლო ის ადგილი აივსო სურნელებით და წმინდა ანგელოზების გალობით, რომლებმაც წაიყვანეს იგი სიხარულით ქრისტეს წინაშე, ხოლო მამა გრიგოლმა და მისმა ძმებმა წამოიყვანეს ძლევაშემოსილი მისი სხეული და წმინდა გალობით დამარხეს იგი საფლავში, ამასთან მადლობა უძღვნეს ქრისტეს, თავისი ნების აღმსრულებლებისთვის მძლეობის მიმცემს და მათ გვირგვინოსანმყოფელს.

მაშინ ღვთის ნებით გამრავლება დაიწყეს ქრისტესმსახურმა ძმებმა, ხოლო მამა გრიგოლი არავის მცონარეთაგანს არ მიიღებდა, არამედ პირველად გამოსცდიდა [მავანს] ყველა კარგ საქმეში და თუ ჰპოვებდა მას გულით უმანკოს, უეშმაკოს და უდრტვინველი თავმდაბლობით წადიერად მორჩილს ყოველგვარი კარგი საქმისადმი, მიიღებდა სიხარულით. ამის გამო მისი ყველა მოწაფე მეტად კარგი იყო და მისი წმინდა სათნოებების ღირსეულად შემთვისებელი. ემსგავსებოდნენ ისინი თავიანთ კარგ მოძღვარს, ისევე როგორც მათი მოძღვარი ემსგავსებოდა ქრისტეს, რომელიც ამბობს: “საკმარისია მოწაფისთვის, თუ იქნება იგი როგორც თავისი მოძღვარი”. ასე კარგად ცხოვრობდნენ ისინი სულიერად, ხორციელად კი დიდ შევიწროებაში იყვნენ.

9. იმ დროს ამ მხარეების მფლობელი იყო ღვთისმსახური ხელმწიფე, დიდი ბაგრატიონი, კეთილმორწმუნე აშოტ კურაპალატი, რომლის მეშვეობითაც დამყარდა ქართველებზე მისი და მისი შვილების მთავრობა ვიდრე უკუნისამდე დროთა. ამ ხელმწიფისა და მისი შვილების, დიდებული ხელმწიფეების, კარზე უცნობი იყო წმინდა გრიგოლი, მაგრამ აშოტ კურაპალატის კარზე იმყოფებოდა დიდებული ვინმე აზნაური, რომელსაც სახელად ერქვა გაბრიელ დაფანჩული (ახლა მის შთამომავლებს ჰქვიათ “დაფანჩულნი”). ეს აზნაური შემკული იყო ყოველგვარი სრულქმნილებითა და სიმდიდრით. იგი ქებული იყო სიბრძნით, აღნაგობით, ახოვანებით, ყველა საქმეში გამარჯვებულობით და კეთილმორწმუნეობით.

მას ჰქონდა ზოგი სოფელი ნეტარი გრიგოლის სავანის ახლოს. როდესაც გრიგოლმა თავისი მოწაფეების უპოვარება ნახა, მივიდა იგი, ღვთის ნებით, გაბრიელ დაფანჩულის სახლში, რომელიც შინ არ აღმოჩნდა. სანაცვლოდ, მისი ღვთისმოყვარე მეუღლე მარიამი მიეგება ჩვენს მამა გრიგოლს სარწმუნოებით, ჯეროვანი პატივი სცა მას და ბევრი სიკეთით გაისტუმრა, თანაც ადამიანები გაატანა [გზის] სასწავლად და უთხრა: “მამაო, ამ ადამიანებს ასწავლე შენი მონასტრის გზა და შენი სულიერი შვილების მოსახმარისი შენი საზრუნავი აღარ იქნება, რადგან არ მოგაკლდება იგი ჩვენი სახლიდან. სანაცვლოდ, თქვენს წმინდა ლოცვებში მოგვიხსენეთ ჩემი ბატონი გაბრიელი, მე, მხევალი შენი, და ჩვენი შვილები”. ასე სიხარულით მოვიდა თავის მონასტერში მამა გრიგოლი და მეტად გაიხარეს ძმებმა, რადგან პატივს სცემს ღმერთი თავის მადიდებლებს.

ხოლო როდესაც მივიდა თავის სახლში გაბრიელ მთავარი, აუწყა მას თავისმა ღვთისმოყვარე მეუღლემ ნეტარი მამა გრიგოლის მოსვლა და ისიც, თუ როგორ სიხარულით გაისტუმრა მან იგი. გაიგონა რა ეს ამ დიდებულმა აზნაურმა, მადლობა შეწირა ღვთისადმი თავის სახლში წმინდანის შესვლის გამო და დალოცა თავისი მეუღლე. მაშინვე დაწერა მან თხოვნის წერილი და გაგზავნა კარგი ადამიანები, რომ კვლავ მობრძანებულიყო იგი მის სახლში. ჩვენი ნეტარი მამა გრიგოლი დაემორჩილა მის სიტყვებს და წაჰყვა გამოგზავნილ ადამიანებს.

როდესაც გაიგო გაბრიელმა, მეფის აზნაურმა, ამ ნეტარის მისვლა, ადგა, წინ მიეგება, თაყვანი სცა სიხარულით და, წადიერად ეამბორებოდა რა წმინდანს ხელებზე, პატივით წაიყვანა იგი თავის სახლში, სადაც ბევრი დღე მოასვენა. წარუდგინა მას თავისი ოთხი ძე, ყოვლად კარგები, ყველაფრით მსგავსები მათი მამის, გაბრიელისა: პატრიკი, გუარამი, არშუშა და აბულასათი. უთხრა მან ნეტარ გრიგოლს: “ღვთის წმინდანო, აკურთხე ესენი შენი წმინდა ხელების თავზე დადებით და ისევე როგორც აკურთხა ისრაელმა იოსების ძეები, ამგვარადვე აკურთხე ჩვენი შვილები ჩვენ, მათ მშობლებთან, ერთად”.

და როდესაც ნახა წმინდანმა ამ კურთხეული მეუღლეებისა და მათი შვილების დიდი სარწმუნოება, მაშინ ადგა იგი სიხარულის ცრემლით სავსე, [ღვთის] მიმართ აღაპყრო თავისი წმინდა ხელები და უთხრა: “უფალო, გვწამს, რომ შენ ოდითგან [მცხოვრებ] შენს კურთხეულ წმინდანთა სიტყვას საქმით აღასრულებ; ამჯერადაც, უფალო, მოხედე ჩემს, შენი გლახაკი მონის, ლოცვას და ყველა შენი წმინდანის ლოცვით აკურთხე მშობლები შვილებიანად და შვილები მშობლებთან ერთად – ეს კეთილმორწმუნეები და შენი წმინდა სახელის მადიდებლები, და როგორც აკურთხე სახლი ნოე მართლისა, აბრაამ მამამთავრისა და ყველასი, ვინც კი შენი ნების აღმსრულებელია, ღმერთო   დიდებისაო, იგივე საუკუნო კურთხევა დაამკვიდრე ამათ შორის, და უხვად მიანიჭე ამათ ამა სოფლის   სიკეთე დღეგრძელებაში და – დაუსრულებელი სიკეთე ზეცისა, და შეგვიწყალე ჩვენ, ამინ”.

და ჯვარი  გადასწერა მან ყველას და დაჯდა. მაშინ გაბრიელმა უთხრა წმინდანს: “ქრისტემ საქმით დაამტკიცოს სიტყვა შენი ბაგეებისა, ღირსო მამაო, ჩვენ  კი შეგვაძლებინოს უფალმა, რომ  გულმოდგინედ  ვემსახუროთ შენს სიწმინდეს, რათა აღსრულდეს ჩვენს შორის მოციქულის სიტყვა:  “თქვენი  ზედმეტი – მათი სინაკლულისათვის და მათი ზედმეტი – თქვენი სინაკლულისათვის”. ამჯერად ჩვენთან არის ხორციელი სიკეთე, თქვენთან კი არის სულიერი სიკეთე  და  ესენი  შევუზავოთ  ერთიმეორეს. თქვენ მონაწილე გაგვხადეთ თქვენი წმინდა ლოცვებისა  ამ  ცხოვრებაშიც  და სიკვდილის შემდეგაც,  ამასთან,  ჩვენი  ძვლები ღირსჰყავით თქვენს წმინდა ძვლებთან ერთად   დადებისა და თქვენს მონასტერში  უკუნისამდე  დააწესეთ ჩვენთვის ლოცვა, ჩვენ კი აღგითქვამთ,  რომ  ჩვენს  ცხოვრებაში და ჩვენი  შვილების ცხოვრებაში, შვილებიდან შვილებამდე, თავს ვიდებთ თქვენთვის და თქვენი  მონასტრისთვის  ღვწას  უკუნისამდე დროთა. გარდა ამისა, წმინდა მამაო, გამონახეთ კარგი სამყოფელი ქალებისათვის, რომ იქ მკვიდრობდნენ, რათა ეს მცნება იყოს ჩვენს შორის: თუ ჩემი შთამომავლობიდან მამაკაცი იქნება მონაზონი, მის სამყოფლად ხანცთა იყოს, ხოლო თუ ჩემი მოდგმიდან მონაზონი ქალი იქნება, იმ ადგილას დამკვიდრდეს იგი, რომელსაც შენ გამოავლენ ამ მხარეში, – შენს მიერ ნაკურთხს, და როგორც მიცვალებული მამაკაცებისთვის ხანცთა დამიწესებია, ასევე იყოს მიცვალებული ქალების სასაფლაოდ ის, რაც ახლა აშენდება”.

ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ ძებნა და იპოვა მშვენიერი ადგილი “გუნათლეს” ახლოს, გადასწერა მას ჯვარი და იქ ააშენეს ქალთა მონასტერი, რომელსაც ახლა ჰქვია “გუნათლეს ვანი”. ამ ვანისთვის ჟამისმწირველი მღვდელი ხანცთიდან დაადგინა ნეტარმა გრიგოლმა გაბრიელის ვედრებით.

აი, ამის გამო, აღთქმის შესაბამისად, ხანცთაში ლოცულობენ ყველა დაფანჩულისთვის ვიდრე დღევანდელ დღემდე.

10. ხოლო დიდებულმა აზნაურმა გაბრიელმა ბევრი სიკეთით გამოისტუმრა მამა გრიგოლი, მისცა მას კირითხუროები და ყველა მასალა ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად. ასე მოვიდა მამა    გრიგოლი    თავის სამყოფელში. გაიხარეს მისმა მოწაფეებმა, მადლობა უძღვნეს ქრისტეს და ლოცულობდნენ  მეურვეებისთვის.

ნეტარმა გრიგოლმა საეკლესიე ადგილი დაავაკა და როდესაც იწყებდა იგი ეკლესიას, ცრემლით თქვა ეს ლოცვა: “ქრისტე ღმერთო, შენი ხორცშესხმის განგებულება ღმრთეებრ უჩვენე შენს ქმნილებებს და შიშით ემსახურნენ შენს მეუფებას: წინასწარმეტყველები წინაუწყების გზით, მოციქულები ქადაგებით, მოწამეები ჭეშმარიტი აღმსარებლობით, მსოფლიო კრებათა ღირსნი წმინდანნი და მეუდაბნოე მამები შენი წმინდა სახელის მარადისი დიდებით. ყველა წმინდანის ეს ოთხმხრივი საღვთო კრებული, შეუძრავი გალავნის მსგავსად გარემოვლებული, სიმტკიცედ გაუხდა შენს წმინდა ეკლესიებს, რადგან შენ, “თვითსიბრძნემ, იშენე შენი თავისთვის სიწმინდის სახლი” მორწმუნე ხალხის თავშესაფრად, უწოდე რა წმინდა ეკლესიას შენს სხეულად, და შენს წმინდა სახელზე და შენი წმინდანების სახელზეც შეუძრავად ააშენე და დაამყარე წმინდა ეკლესიები. ამიტომ უწოდე შენ “ეკლესიად” ყველა წმინდანს, რომ მათი სიკვდილის შემდეგ მათ ნაცვლად ეკლესიები ჰქონდეთ სიმტკიცედ და სიამაყედ შენს სამწყსოებს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ვიდრე კვლავ მოხვალ დიდებით წმინდანებთან ერთად. შენ, უფალო, ამჯერადაც აკურთხე ეს ადგილი, შენი წმინდა ეკლესიის სამყოფელი, შენი მადლით და შენი წმინდანების მეოხებით, რომ ღირსი გავხდე მე, შენი გლახაკი, ამის სრული აშენებისა შენი დიდი მოწამის, გიორგი ჯვრითმოამაყის სახელზე და მის უძლეველ სარწმუნოებაზე, რომელიც არის ახოვანი და ბრწყინვალედ სახელგანთქმული შენს წმინდა მარტვილთა და მოწამეთა შორის, რომლების ხორცი მახვილით იჭრებოდა, მაგრამ სარწმუნოება არ განიპობოდა, ხოლო მხნეობით ყველა მათგანზე მეტი აღმოჩნდა წმინდა გიორგი, რომელმაც ურჯულოთაგან დიდი ხნიდან თავზარდაცემულ ქრისტიანებს ასწავლა მძლავრი მხნეობა, მხიარულად ითმენდა რა მრავალგვარ სატანჯველს და ძლევაშემოსილი იდიდა კიდეც ცათა შინა და ამქვეყანაზე. ამიტომ, წმინდა ანგელოზებთან ერთად ნეტარმა მოწამეებმაც გაიხარეს მის ღვაწლთა აღსრულებით, რადგან მას მისცა ქრისტემ მძლეობა ყველა მტერზე, აწ კი – მის ნაწილებს და სახელს, და მისი მეოხება გვფარავს ჩვენ, მის ყველა მადიდებელს, მარადის და უკუნისამდე”.

და ჯვარი გადასწერა მან წმინდა ეკლესიის ადგილს და შეუდგნენ შენებას. ასე კარგად გასრულდა ხანცთის ძველი ეკლესია ქრისტეს შეწევნით, წმინდა გიორგის მეოხებით და ნეტარი მამა გრიგოლის ლოცვით, ასევე დიდებული გაბრიელ მთავრის და ყველა მართლმორწმუნის ხორციელი ღვაწლით.

იმ დროს ყველა ამ წმინდა უდაბნოში დაიწყეს წმინდა მამებმა მონასტრებისა და წმინდა ეკლესიების შენება და ამგვარად გამრავლდნენ წმინდა სამების მსახურები და მარადისმადიდებლები.

11. ხოლო სანატრელი და სასწაულთა მიერ შემკული დედა ფებრონია მოვიდა სამცხიდან და დამკვიდრდა მერეში. მისი ღირსეული ცხოვრებისა და სულიერი წარმართებულობის საზღვარი არ არსებობდა. წმინდა საღვთო სიყვარულით თანამოაზრეები და დიდი მეგობრები იყვნენ ეს ღვთის ნეტარი ადამიანები – დედა ფებრონია და მამა გრიგოლი (ხუცესიც მერეში ხანცთიდანაა).

ამის შემდეგ ღვთისმსახურ მეფეს აშოტ კურაპალატს აუწყა გაბრიელ ერისმთავარმა სანატრელი მამა გრიგოლის ღირსება, მისი მწირობა, მისგან მონასტრის შენება უსარგებლო უდაბნოში და სათნოება მისი მოწაფეებისა, აგრეთვე წარჩინებულობა წმინდანის მშობლებისა, რაც მას მოწაფეებისგან ჰქონდა შეტყობილი. როდესაც ეს ყოველივე გაიგო კეთილმსახურმა კურაპალატმა აშოტმა, მაშინვე დაწერა ეპისტოლე თავისი ხელით და ქვეშევრდომთაგან ერთი კარგი ადამიანი და ერთიც გაბრიელის მსახურთაგანი სასწრაფოდ გამოგზავნა მამა გრიგოლთან. როდესაც ნეტარმა მამამ წაიკითხა ხმობის წერილი კურაპალატისა, პატივით მოწერილი, და იმ ადამიანებისგანაც გაიგო ყველაფერი, მყისვე წავიდა ხელმწიფესთან და მიაღწია რა პალატს, მოეგებნენ მას კურაპალატის ძეები, ხოლო როდესაც მივიდა იგი მათი სასახლის კართან, მაშინ კურაპალატი წამოდგა და წინ მოეგება ნეტარ მამა გრიგოლს. დიდი თავმდაბლობით მოიკითხეს მათ ერთმანეთი და დასხდნენ. კურაპალატმა უთხრა მას: “ღვთისმიერი კურთხევა იყოს ყველა ჩვენთაგანზე შენი პირით, წმინდაო”. მან თქვა: “გაკურთხოთ ყველანი ქრისტეს და ყველა წმინდანის პირმა, რადგან ჭეშმარიტად სამართლიანია ეს სიტყვა: “სადაც არის პატივი მთავრობისა, იქ არის მსგავსება ღმრთეებისა”, რადგან თქვენ, ხელმწიფეები, ქვეყნის მართვის უფლებამოსილნი გაგხადათ, ვცნობთ რა ჩვენდამი ღვთის კეთილისმყოფელობას შენი მეფობის შედეგად, და როგორც აბრაამისთვის ამბობს უფალი, რომ “აბრაამს სწადდა ჩემი სინათლის ნახვა, ნახა და გაიხარა”, აბრაამის მსგავსად მეც, გლახაკს, მწადდა თქვენი ნახვა და თაყვანისცემა, რის გამოც ახლა სიხარულით სავსე ვარ და ძღვნად ვწირავ ლოცვას. უფრო მეტი დიდებით დაიცვას ქრისტემ შენი მეფობა დიდებასა და სიხარულში და დაგიმკვიდროს შენ, კარგ შვილებთან ერთად, საუკუნო დიდება ზეცის მთავრობათა თანა”.

მაშინ კურაპალატმა უთხრა მამა გრიგოლს: “ისრაელის მეფეებს დრო და დრო წინასწარმეტყველს მოუვლენდა ღმერთი მათ სიამაყედ და სჯულის გალავნად, მორწმუნეთა შესაწევნელად და ურწმუნოთა სამხილებლად. ამგვარადვე, ჩვენს დროში შენ გამოგაჩინა ღმერთმა ქრისტიანთა სიამაყედ, რომ იმავეს იღვაწდე ჩვენთვის შენი წმინდა ლოცვით ქრისტეს და მისი წმინდანების წინაშე”. მან მიუგო: “დავით წინასწარმეტყველის და უფლისგან ცხებულის შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მისი მეფობა და სათნოებებიც დაგიმკვიდროს შენ ქრისტე ღმერთმა, რის გამოც ამას მოგახსენებთ: “არ მოაკლდება შენი შვილებისა და მათი ნათესავების მთავრობა ამ ხარეებს უკუნისამდე დროთა, არამედ ისინი იქნებიან მტკიცედ მყარ კლდეებზე და საუკუნო მთებზე მეტად და დიდებულნი იქნებიან უკუნისამდე”.

ამის შემდეგ ამ სამოციქულო ადამიანმა წარმოთქვა ხანცთის ქება: “ყოველმხრივ კარგია ეს უდაბნო მზის მცხუნვარებითა და ჰაერის შეზავებულობით. აქვს მას წყარო, ჭარბად მომდინარე, მშვენიერი, გრილი და საამური, ასევე ტყეების ურიცხვი სიმრავლე და კიდევ სხვა რამ მცირედიც სანუგეშო, ამ უდაბნოს ძალსამებრ. ხოლო სათესი ყანა და სათიბი მიწა საერთოდ არ არის და არც იქნება ღადოთა უსწორმასწორო უხეშ თხემებზე”. გაიგონა რა ეს დიდებულმა კურაპალატმა, შეწირა ხანცთას საყანედ კარგი ადგილები და შატბერდის ადგილიც. მაშინ კურაპალატის სამმა დიდებულმა ძემ – ადარნესემ, ბაგრატმა და გუარამმა ცალ-ცალკე შეწირეს, რაც კი სჭირდებოდა მონასტერს მოსახმარისი, ყველაფერი უხვად.

როდესაც მიიღო ეს ადგილები ნეტარმა გრიგოლმა და მიანიჭა კურთხევა კურაპალატსა და მის ძეებს, მაშინ მოვიდა იგი ხანცთაში, თავის მონასტერში, მრავალი სიკეთის ნაყოფით სავსე და ახარა ძმებს მთელი ეს წარმატება, [აღსრულებული] ქრისტეს მადლით და წმინდა გიორგის მეოხებით, ხოლო მათ უხაროდათ, ლოცულობდნენ სარწმუნოებით შემომწირველთათვის და ჰმადლობდნენ კეთილისმყოფელ ქრისტეს.

12. და როგორც ხორციელად ემატებოდა ამ წმინდა ადამიანების რაოდენობას, ასევე სულიერადაც შეეძინებოდათ მათ, რადგან ამ დროს მოვიდნენ მამა ეპიფანე და მღვდელი მატო ქართლიდან და დიდი ზენონი სამცხიდან, ვინაიდან ეპიფანე და მატო ადრევე ამ წმინდანის მეგობრები იყვნენ და მის სახელზე მოვიდნენ ხანცთაში, ხოლო ზენონი ვიღაც ცნობილი ადამიანის შვილი იყო სამცხეში, ღვთისმსახურებით აღზრდილი და სიწმინდით მცხოვრები, რადგან საღვთო შიში მკვიდრობდა მასში და სწადდა მას მონაზვნობა აღთქმისამებრ მმარხველთა აღთქმისა. როდესაც მისი მშობლები აღესრულნენ, დაუტოვეს მათ ქონება ზენონს და მის დას, რომელიც მასთან ერთად იყო სახლში. ზენონს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მამისეული და დედისეული ქონება თავისი დისთვის დაეტოვებინა მისი ნებისამებრ, თვით კი მონაზონი გამხდარიყო მწირობაში. როდესაც ამას განიზრახავდა ზენონი, მისი და, ეშმაკის გამარჯვებით, შეაცდინა ვიღაც უკეთურმა ადამიანმა, და იგი მთელი ღამის განმავლობაში მიდიოდა შავშეთისკენ. როდესაც გაიგო ეს ზენონმა, მარტოდმარტო შეიჭურვა საჭურველით, ამხედრდა ცხენზე და დაედევნა უკან. როდესაც დიდი მანძილი განვლო, თქვა თავის გულში: “მე ვარ სახელოვანი ჭაბუკი და ვისაც მივსდევ, მეტად უბადრუკია. თუნდაც დავეწიო და მოვკლა, საფრთხეა ჩემი სულისთვის, ხოლო თუ უშედეგოდ დავბრუნდები ჩემს სახლში, სირცხვილია ჩემთვის. ამიტომ, ახლა შევუსრულებ უფალს მონაზვნობის აღთქმას”. მოიკრიბა მხნეობა ამ ნეტარმა, რადგან ქონების დატოვება სისხლის დანთხევას ემსგავსება, გადაიწერა ჯვარი თავის სხეულზე, დაადგა საღვთო გზას და მივიდა დედა ფებრონიასთან მერეში, რადგან მისი სახლიკაცი იყო. ღვთის ნებით იქ იმყოფებოდა მამა გრიგოლი და დედა ფებრონიამ ამ წმინდანს, კეთილ მწყემსს შეაფარა ეს უმანკო კრავი, მან კი მოიყვანა იგი ხანცთაში, “დაამკვიდრა” ღვთის მადლის “მწვანილოვან ადგილას” და “გამოზარდა” სულიწმინდის “მოსასვენებელ წყლებზე”.

ნეტარმა ზენონმა მიაღწია მოხუცებულობას და არ განშორებია იგი ხანცთას ვიდრე  აღსასრულამდე, იყო რა ჭეშმარიტად სულიერი შვილი, მსგავსი მამისა, კარგი მოწაფე, მოძღვრის   მონაცვლე, ნეტარი, სათნოებათა საგანძური, მონაზვნობის წმინდა წესი, კლარჯეთის უდაბნოთა   გალავანი, უკეთური სულების განმდევნელი, რადგან მის სიცოცხლეში და სიცოცხლეში მისი მოძღვრისა ვერ ბედავდა ეშმაკი წმინდა ადამიანების დაცემას ამ ადგილებში.

ეს ახოვანი მიცვალების შემდეგ საუკუნოდ ჩვენი მეოხია უფლისადმი თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც მისი მსგავსი იყვნენ, მამა გრიგოლის მოწაფეები, ღირსნი და სასწაულთა მოქმედნი, მოთმინების შეურყეველი სვეტები როგორც დაუცემლად გამყარებული სვეტები ცათა.

13. ვინაიდან ამ კეთილი მწყემსის, გრიგოლის, მოსვლამდე უხილავი მხეცებისგან დევნილი მცირე რაოდენობის ქრისტეს ცხვრები სათითაოდ ან ორ-ორად გაბნეულები იყვნენ ამ უდაბნოთა სივრცეში, ხოლო წმინდა გრიგოლის მოსვლიდან ეს ცხვრები გამხნევდნენ, განდევნეს ეშმაკეული მხეცები და გასწორდა მთელი საღვთო წესი.

ხოლო მამა გრიგოლი ფიქრობდა: “ისევე როგორც ჩემი მონასტრის მამები სათნოებით აღმატებულნი არიან ამ დროის მონაზვნებზე, ამგვარადვე მართებულია, რომ ჩემს ეკლესიაში დაწესდეს საღვთო და ბრძენთაგან განუსჯელი საეკლესიო წესი”. ამის გამო განიზრახა მან წასვლა ქრისტეს საჭურჭლეში, მეორე იერუსალიმში, რომელიც არის კონსტანტინოპოლი, და საბერძნეთის ყველა გამოჩენილ წმინდა ადგილას, რომ მოეხილა და მოელოცა ისინი. ამ დროს იპოვა მან იერუსალიმში მიმავალი ვიღაც თავისი მეგობარი და მას დააბარა საბაწმინდის წესის დაწერა და ჩამოტანა, თავის ძმებს კი დაუდგინა მეურვე ადამიანები, გამოემშვიდობა მათ და აღუთქვა კვლავ მალე მოსვლა.

და თან წაიყვანა გრიგოლმა საბა, თავისი დეიდაშვილი, და ვიღაც ერთი სხვა მოწაფე, გაემართა საბერძნეთისკენ, მივიდა კონსტანტინოპოლში, თაყვანი სცა ცხოვრების ძელსა და ყველა წმინდანის ნაწილს, და სიხარულით მოიარა ყველა სალოცავი წმინდა ადგილი, რადგან ბევრი ენა ჰქონდა ნასწავლი და კეთილმსახურების გზით ბევრისმსწავლელი იყო, ხოლო ზოგი რამ ნანახი კარგის მასწავლებელი ხდებოდა მისთვის, ზოგი კი – მოსარიდებელი უკეთურების გამო. ასე ამოივსო მან თავისი გული აპოკრიფული “ახალი სჯულის” სიმდიდრით და მადლის სულით გამხიარულებულები გამოემართნენ თავიანთ სამყოფელისკენ.

14. და როდესაც მოვიდნენ ტაოში, გაიგეს იქ მყოფი ადამიანებისგან, რომ მოუკლავთ აშოტ კურაპალატი და რომ მის ნაცვლად ხელმწიფობენ მისი ძეები. მაშინ ტკივილის ცრემლით აივსნენ ისინი ღვთისმსახური ხელმწიფის წაქცევისათვის და ტირილით სავსენი ლოცულობდნენ მიცვალებული მეფის გამო, ხოლო ნეტარი გრიგოლი ჰმადლობდა ღმერთს და გლოვით ამბობდა: “ჰოი ჩემო მეფეო, ძლიერო და დიდებულო, ეკლესიათა სიმტკიცეო და ქრისტიანთა გალავანო, საიდან მოგელოდი, – აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან? რადგან ყველა ტომზე გაბატონებული იყავი, ბრძოლით იმორჩილებდი ხელმწიფეებს. დიდებული ეგ საკვირველება – შენ, ღვთისმსახურო ხელმწიფე, – ახლა როგორღა ჩაუვარდი ხელში უბადრუკ ურჯულოებს და უსუსურ ადამიანებს, რომლებიც იუდას მსგავსად გახდნენ შენი, თავიანთი უფლის, მკვლელები, რომ მოვეკალით ჩვენ, გლახაკი მლოცველები შენთვის უკუნისამდე”. ამის შემდეგ ილოცეს მათ აშოტის შვილების, დიდებული ხელმწიფეების გამო, რომ კარგ ღვთისმსახურებაში დაეცვა ისინი უფალს დიდებით და დღეგრძელობით.

15. და როდესაც მოვიდნენ იშხნის ახლოს, ღვთისგან გამოეცხადათ ნეტარ გრიგოლს და ღირს საბას იშხნის პირველი დიდებულება და მისი დაბის წმინდა ეკლესიები. ეუწყათ მათ, რომ კვლავ უნდა განახლდეს იგი ადრინდელისებრ საბას ხელით და ეცნობათ მისასვლელი გზაც, რადგან იმ დროის ადამიანებისგან მიუვალი იყო ის ადგილი. როდესაც მივიდნენ იშხანში, მეტად გაუხარდათ მათ ამ დიდებული ადგილის პოვნა, რადგან იყო იქ სანუგეშო სულიერიც და ხორციელიც. საბას მაშინვე ეწადა იქ დარჩენა, მაგრამ ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: “ძმაო, პირველად ვნახოთ ხანცთაში მყოფი ჩვენი ძმები და ღვთის ნებითა და მათი ლოცვით კვლავ მოხვალ ამ წმინდა ადგილას” . აქედან წამოსვლისას მივიდნენ ისინი კურაპალატის ძეებთან და ნუგეშისცემით ილოცეს მათთვის მათი მამის სიკვდილის გამო.

16. ასე მოვიდნენ ხანცთაში, თავიანთ მონასტერში, და მოაბრძანეს წმინდანთა ნაწილები, წმინდანთა ხატები და სხვაც ბევრი შეწირულობა. ნახეს მათ ძმები ჯანმრთელად და მშვიდობიანად, ყველა უშფოთველად მხიარული და საღვთო სიყვარულით სავსე; გაიხარეს ამის გამო, რადგან მაცხოვრის მადლმა კვლავ შეკრიბა თავისი ნების აღმსრულებლები.

რამდენიმე დღის შემდეგ გაუშვა გრიგოლმა საბა იშხანში და მისცა მას ორი მოწაფე, ხოლო თავად განაგებდა ხანცთის სულიერ ცხოვრებას უფლის წესისამებრ.

17. ამ დროს იერუსალიმიდან მოვიდა ადამიანი, რომელმაც მოართვა მას საბაწმინდის წეს-განგება დაწერილი. ხოლო ნეტარმა გრიგოლმა მაშინ განაწესა თავისი ეკლესიისა და მონასტრის წესი, – სიბრძნით განსაზღვრული, ცოდნით გაბრწყინებული და ყველა წმინდა ადგილისგან გამორჩევით   შეკრებილი, როგორც დაულეველი სიკეთეების საგანძური.

მაგრამ  ახლა  ამ  სულიერი  წესებიდან  ცოტა  რამ  გვაქვს დაცული, ისე როგორც ვინმეს მიერ ზღვიდან ამოღებული ერთი წვეთი წყალი, რადგან ამ ნეტართა ცხოვრება ასე იყო: მართალნი იყვნენ, მაგრამ მუდამ თავიანთ თავს ადანაშაულებდნენ, ჰქონდათ სიყვარულის მაგარი ფესვი, მოთმინება თავმდაბლობით და სიმშვიდით, ლოცვით შემოზღუდული მარხვა, მართალ სარწმუნოებასთან ერთად გულის შეუძრავი სიწმინდე, ენის ჭეშმარიტება და უბიწოებით კრძალვა სრულიად ყველაფრის მიმართ, ხოლო წმინდა ეკლესიაში ლოცვისას არ საუბრობდნენ ერთმანეთში, არამედ შიშით იდგნენ როგორც ზეცაში ღვთის წინაშე და როცა ფსალმუნს ამბობდნენ, “ალილუიას” დასრულებამდე მგალობლები ვერ გაბედავდნენ ფსალმუნის მუხლის აღებას მათი დაწყნარებული ლოცვის დროს, რადგან არ ჰქონდათ ჩვეულება, რომ სწრაფად ეთქვათ ყველა მათი საგალობელი, არამედ მშვიდად და ნელა ლოცულობდნენ, და კედელს მოხუცებულთა გარდა ვერავინ მიეყრდნობოდა, ხოლო ეკლესიაში ძილსა და მოურიდებლად ჯდომას საერთოდ არ იკადრებდნენ. აი, ამგვარი კარგი სათნოებანი სხვაც ბევრი იყო მათში დამკვიდრებული, რომელთა შესახებ ახლა სათითაოდ თქმა შეუძლებელია, რადგან შემოკლებულია ეს დრო და გონება იმას ესწრაფვის, რომ მსმენელთა ყურისთვის ზედმეტი არ იყოს რაიმე. ამიტომ, მთელი წეს-განგება ვერ დაიწერა ამ წიგნში, არამედ – თითო სიტყვა ყველა იმ წესიდან, რაც აქამდე ჰქონდათ ხანცთაში და ახლა რომელიც აქვთ, ამგვარად:

ყოველი ღამისთევისას – შეღამებიდან გათენებამდე ლოცვა, და ღამისთევათა წინა დღით – დღის ყველა ჟამის ლოცვა, და ჟამისწირვა – მეცხრე ჟამის დროს, და კვერექსების შემატება, ხოლო ყოველ ჟამისწირვაზე – “წმიდაო ღმერთო”-ს წინ კვერექსი “ზეცითგარდამო”, და კვირადღის ჟამისწირვაზე – ექვსი “წმიდაო ღმერთო”. ამასთან, საკურთხევლის მსახურებისას არ გაიბედებოდა ფოჩიანი სამოსლითა და ტყავით მსახურება.

გარდაცვალებულთათვის ყველაფერს იხდიდნენ, რა დღესაც დაემთხვეოდა გარდაცვალებიდან მესამე დღე, მეშვიდე, მეორმოცე და წელიწადი, და ამ დღეების ჟამისწირვას არ მიათვლიდნენ იმ ორას დღეს, რაც ხანცთაში დამარხულებისთვისაა დაწესებული. პაქსიმადის გაყოფაც თავიდანვეა დაწესებული.

გიორგიწმინდობის თვის დადგომიდან გიორგიწმინდობამდე – მარხვა წველით. ასევე, ქრისტეშობისა და წმინდა მოციქულთა მარხვებს დიდი ღვაწლითა და კეთილკრძალულებით აღასრულებდნენ საეკლესიოდ.

ნოემბრის თვის დადგომიდან კი ვიდრე პირმარხვამდე – ყოველ შაბათს ცისკარზე ოთხი კანონი, დიდმარხვისას კი ვიდრე ბზობამდე – ყოველ ცისკარზე ოთხი კანონი. ასევე – წიგნისკითხვა ოთხი.

და ვნების შვიდეულის განგება დიდძალი იყო, ხოლო აღვსებიდან ახალკვირიაკემდე “ჭირის კანონს” არ ამბობდნენ; სერობისას წარმოითქმოდა “სადილსა ჩემსა” და აღდგომის “წარდგომანი” და რაც ცისკარზეა დაწესებული, და თითო კანონი – ახალკვირიაკემდე. ხოლო სულთა ხსენებისას, აღვსების შემდეგ, ცისკრად “ნეტარარიანნი” და „გალობანი” ითქმოდა მათგან, როგორც წერია ეს ყველაფერი და ყოველივე ამის დანარჩენი ნაწილი “ეკლესიის განგებაში”; ასე აღასრულებდნენ ყოველივეს მამები ჩემს დროში.

18. თუმცა ჩვენი ნეტარი მამა გრიგოლის [მოღვაწეობის] პირველ დღეებში მისი მოწაფეებისთვის მეტად მკაცრი კანონი იყო, რადგან მათ სენაკებში იყო პატარა საწოლი, უბადრუკი საგები და ერთი ჭურჭელი წყლისთვის, ხოლო სხვა რამ ხორცთა სანუგეშო, საჭმელისა და სასმელისა, საერთოდ არაფერი ჰქონდათ, არამედ რასაც ტრაპეზზე ერთობლივად ჭამდნენ, ამით იყო მათი არსებობა. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს და ისინიც, რომლებიც იღებდნენ, ცოტას იხმევდნენ. მათ სენაკებში საკვამური არ იყო, რადგან ცეცხლი არ ინთებოდა. ღამითაც, სანთელს არ ანთებდნენ; სანაცვლოდ, ღამით იყო ფსალმუნება, დღისით კი წერილის კითხვა და მუდამჟამს ლოცვა, როგორც ამბობს დავითი: “დღისით ამცნო უფალმა თავისი წყალობა და ღამე – თავისი გალობა”.

ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი საკუთრივ დიდმარხვას გადადიოდა მცირეოდენ მოუხარშავ კალნაბზე, ჩვეულებრივ კი მისი საჭმელი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იყო პური, რომელსაც დღეში ერთგზის ჭამდა სინაკლულით, და წონით მცირე წყალი; ღვინო სიყრმიდანვე არ დაელია მას, ხოლო უმეტესობა მისი და მისი მოწაფეების სათნოებებისა მხოლოდ ღმერთმა იცის.

19. ხოლო ნეტარი გრიგოლის თავდაპირველ კარგ მეგობრებს, თევდორეს და ქრისტეფორეს, გულში ჰქონდათ მონასტრის შენების საღვთო შური და ისე, რომ არ გაუმჟღავნებიათ მამა გრიგოლისთვის თავიანთი განზრახვა, ფარულად წავიდნენ აფხაზეთში და მათ გაჰყვა რამდენიმე ძმაც.

როდესაც მოვიდნენ სამცხეში, ღვთის ბრძანებით დაიმოწაფეს დიდი მირიან აზნაურის ძე, სახელად არსენი, რომელსაც ღირსეულად ეწოდა დიდი არსენი, ქართლის კათალიკოსი და მცხეთის საყდრის დაუჭკნობელი გვირგვინი. ეს ბავშვი ასაკით პატარა იყო, დაახლოებით ექვსი წლის, და იზრდებოდა იგი თავისი მამის სახლში, ამ ღვთის ადამიანებმა კი მირიანის გადაწყვეტილებით შეჰმოსეს ბავშვს სამონაზვნო შესამოსელი, თან ფიცის [ნიშნად] მარჯვენა ხელი ჩამოართვეს და უთხრეს: “ჩვენი მოძღვარი არის გრიგოლი, ხანცთელი მამასახლისი, და თუ უფალს ენდომება, ესეც მისი მოწაფე იქნება ჩვენთან ერთად, სადაც ვიქნებით ჩვენ”. და წავიდნენ ისინი აფხაზეთში.

აფხაზთა მეფემ დემეტრემ დიდი პატივით პატივი სცა მათ და კარგ ადგილას დააბინადრა.

20. როდესაც ნეტარმა გრიგოლმა გაიგო თევდორეს და ქრისტეფორეს წასვლის შესახებ, შეწუხდა მეტად, თან წაიყოლა ოთხი ძმა და წავიდა იმ რჩეულ კრავთა საძებრად ეს კეთილი მწყემსი. როდესაც მან მოაღწია ქართლის ადგილებს, ძმათა ძებნისას ღვთის ნებით ნახა ყრმა ეფრემი, ჭაბუკი ღირსეული, ღირსებაშივე [შემდეგ] სრულ მამაკაცობას მიწევნული სიწმინდით, სიწმინდეში – აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, ეპისკოპოსობაში – კარგ მოხუცებულობამდე მიღწეული, რომელიც საკვირველებით აღესრულა და მისი წმინდა ნაწილები სინათლედ მიებოძა სამცხეს. ეს ეფრემი, ღირსი ღვთისა, დაიმოწაფა ნეტარმა გრიგოლმა და უბრძანა მას ასე: “როდესაც მოვბრუნდები აფხაზეთიდან, თან წაგიყვან შენ ხანცთაში”, თვით კი გაემართა აფხაზეთისკენ.

როდესაც მივიდა იგი ხელმწიფის წინაშე, წამოდგა [ხელმწიფე], წინ მიეგება მას და მდაბლად მოიკითხა, რადგან თავზარი დაეცა მისი სიწმინდეების მადლისგან და მისი პირისახის დიდებულებისგან, იყო რა, ღვთის მადლით, ამ ნეტარის შესახედაობაც მოსე წინასწარმეტყველისებრ დიდებული.

მოკითხვის შემდეგ დასხდნენ მეფე და ნეტარი გრიგოლი. წმინდანმა დიდხანს ლოცა და მრავალი კურთხევით შეამკო მეფე, მან კი თქვა: “კურთხეულია ღმერთი, რომელიც აქ მოგიძღვა, წმინდა მამაო, მაგრამ მითხარი მე, რა არის მიზეზი შენი მობრძანებისა”. ნეტარმა გრიგოლმა უთხრა: “ღვთისმსახურო და დიდებულო მეფეო, მოსული არიან შენთან წმინდა მამები, ჩემი ძმები და ახლა ისინი იმყოფებიან ამ სამეფოში. ჩემი მოსვლაც მათ გამოა, შენმა ხელმწიფებამ კი ბრძანოს და მოვიდნენ ისინი ჩემთან”. მეფეს გაუძნელდა მათი მოძებნა და უთხრა: “არ მოსულან აქ მაგნაირი მონაზვნები, როგორებსაც ბრძანებს შენი სიწმინდე”. მაშინ განრისხდა ნეტარი გრიგოლი მეფის სიტყვის გამო და უთხრა: “მეფეო, ნუ მიქმნი სიძნელეს, მომეცი ჩემი ძმები, რომლებიც შენთან არიან მოსულები”. და რადგან აღარ ჰქონდა მეფეს პასუხის ძალა წმინდანისგან სამართლიანი მხილების შედეგად, ბრძანა ამ ძმათა მოყვანა, რომლებიც მამა გრიგოლის დანახვაზე შეუვრდნენ მას ცრემლით, ხოლო წმინდანმა წამოაყენა ისინი, სიყვარულით შეიტკბო და ჰმადლობდა ქრისტეს მათი პოვნისთვის, ხოლო რადგან ეს ძმები შინაგანად მომლოდინენი იყვნენ წმინდანისა, უხაროდათ მათაც თავიანთი ეს ურთიერთშეკრება.

მეფემ კი უთხრა ნეტარ გრიგოლს: “წმინდა მამაო, აჰა ასრულდა წადიერება შენი ნებისა, მაგრამ დაე  აასრულოს უფალმა ჩემი გულის ნებაც, რადგან ჩემს სულში მაქვს მონასტრის პირველშენება. ახლა    ბრძანე, რომ მოვინახულოთ აფხაზეთის მრავალი ადგილი და სადაც ინებებს შენი სიწმინდე, ის ადგილი ავაშენოთ მონასტრად”.

მოიარეს მათ სამონასტრედ მისაჩნევი ადგილები, მაგრამ არ  ესათნოვა  წმინდანს და უთხრა მეფეს: “არ არის არც მიწა, არც წყალი ამ მხარეში, სადაც აშენდებოდა მონასტერი, რადგან მონაზონის ტალანტი მარხვაა, ამ მიწაზე კი არ შეიძლება მარხვა ცხელი და მომაკვდინებელი
ჰაერის გამო”.

მეტად შეწუხდა მეფე ამ მიზეზის გამო და უთხრა მათ: “არ არის სამართლიანი თქვენს სიკეთეებთან უზიარებელი იყოს ეს ქვეყანა”.

21. მაშინ მამა გრიგოლმა, მეფის სარწმუნოებისამებრ, ააშენა მონასტერი, სახელად უწოდა “უბე” და ვინმე ილარიონი, იერუსალიმიდან მოსული სანდო მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რადგან იგი ხანცთიდან წაყოლოდა თევდორეს და ქრისტეფორეს და ჰქონდა მას კარგი წიგნები. თვით მამა გრიგოლმაც თავისი წიგნები, რაც ჰქონდა, დაუტოვა ამ მონასტერს, ხელმწიფე კი სიხარულით აივსო მონასტრის მშენებლობის გამო და მის ასაშენებლად შეწირა დიდი შესაწირავი, ხოლო მამა გრიგოლს და მის მეგობრებს უბოძა ათიათასი დრამა და აავსო ისინი ყოველგვარი სიკეთით.

22. მათი წამოსვლის დროს გულმოდგინედ გამოჰკითხა დიმიტრი მეფემ მამა გრიგოლს კლარჯეთის უდაბნოთა ამბავი, რომ აღეწერა მას ამ წმინდა ადგილების ყველა ნიშანი. მამა გრიგოლმა უთხრა მას:

“ღვთისმსახურო მეფეო, თუნდაც რომ მეტად გავამრავლო სიტყვა, მაინც ვერ მიწვდება ჩემი გონება იმას, რომ გაუწყო შენ იმ უდაბნოთა ყველა სიკეთე, მას შემდეგ, რაც მათში აღორძინდა წესი მონაზვნობისა, რაც მომავალ დროში უფრო მეტად აყვავდება და გაიზრდება, მაგრამ ვიტყვი მრავლისგან მცირედს ამგვარად:

ბუნებით   ერთმთლიანია   ამ   უდაბნოთა   მხარე   და კარგადაა იგი შეზავებული მზისა და ჰაერისგან, რადგან არც ძლიერი სიცხე წვავს მათ და არც მეტისმეტი სიცივე ტანჯავს მის მკვიდრთ, არამედ თანაშეზომილად მდგრადობს იგი თავის საზღვარში – უნოტიო, უსიცხო, უტალახო, მზიანი, რადგან ადამიანებს მათი ფეხის ქუსლები არასოდეს უტალახდებათ სიარულისას. ასევე, კარგი წყალი და ხე ნებისამებრ უნაკლულოდ აქვს მას ქვიშაში ამოსული. [ესაა] ურიცხვი ტყე და საამურ წყალთა სიმრავლე. ღვთისგან ბუნებით არის მიცემული მისთვის მხიარულება. და უგზოა იგი და ყოველნაირად მიუვალი სოფლის წესით მცხოვრებთათვის, რადგან მკვიდრობენ ისინი მაღალ ღადო მთებში, და ერტყმის მას ერთ მხარეს ეს მთა, მეორე მხარეს კი უძრავი გალავანივით შემოვლებული აქვს შავშეთის დიდ წყალთა შენაკრების გარშემოწერილობა . აი ასე, ყოველი მხრიდან შემოზღუდულია იგი მთებით, ხევებით და ძნელ ადგილებზე საშინლად მსრბოლი წყლებით. მონასტრებში არ არის არც სათიბი ადგილი და არც სახნავი ყანა, არამედ დიდი გაჭირვებით მოსდით მათ როჭიკი სახედრის ზურგით და ცოტათი ვენახი აქვთ, ჭირით და წუხილით დარგული, და ასევე – ბოსტნებიც, ხოლო ველური ფხალის რაოდენობა ურიცხვია. ამ ყველაფერთან ერთად, უშიშარია მათი გული შერყევისგან და ყოველგვარი აღძრულობისგან ურწმუნო უქრისტოების მხრიდან ხელმწიფეთა მტრობის ჟამს, და ასე, ყოვლითურთ დიდი მშვიდობით და მყუდროებით არიან ისინი და ქრისტეს ადიდებენ, რადგან ღმერთმა შესაქმის დასაბამშივე უკანასკნელ დროთათვის შექმნა ეს უდაბნოები ორივე მხრივ: მონაზონთა სამყოფელად და ყველა ქრისტიანის თავშესაფრად, ვინაიდან ღვთის განგებას აქვს ეს ჩვეულება, რომ წმინდა უდაბნოთა მონასტრები გლახაკთა ხელით შენდებოდეს, რომლებიც სრულიად თავისუფალი გახდნენ სოფლის საცთურთაგან, და თუმცა წმინდა უდაბნოებს ხელმწიფეები პატრონობენ, მაგრამ გლახაკთა სახელის წოდება ინება ქრისტემ წმინდა მონასტერთა მშენებლობისთვის. სანაცვლოდ, ღმერთმა მორწმუნე მეფეებს მისცა უფლებამოსილება საეპისკოპოსო საყდართა და ქალაქ-სოფელთა აშენებისა, ამასთან მთელი ხალხის მთავრებად გახადა ისინი, რომ მათ, ბრწყინვალე სამოსელით შემკობილებს, სამართლიანად განეკითხათ [ადამიანები] და რომ ხილულ საგნებში არ დაეტოვებინათ თავიანთი გონება, არამედ საუკუნო სიკეთეები შეემეცნებინათ, რადგან საღვთო სიბრძნემ მრავალსახოვანი სამოსელის გზით შეამეცნებინა ყოველ ადამიანს თითოეული მათი მდგომარეობის პატივი ღვთისმსახურებით, თუმცა სარწმუნო და ჭეშმარიტი მონაზვნები ამ ქვეყანაზე არავის უფლებამოსილების ქვეშ არ არიან, რადგან ისინი ნებსით განერიდნენ საწუთროს ფუფუნებებს და პირვანდელ წმინდა მამათა მსგავსად აირჩიეს მათ, ღვთის გამო, მწუხარება გლოვის ადგილებში, რომლებმაც, დიდ სიგლახაკეში მყოფებმა, ააშენეს წმინდა უდაბნოები ამქვეყნიურ მეფეთა ბრძანების გარეშე, ყოვლისშემძლე ღვთის შემწეობით, და ახლაც, ჩვენს დროში, არიან იმ პირვანდელ ნეტარ მამათა მსგავსნი, უსარგებლო ადგილებში მონასტერთა მაშენებელნი ღვთის სამყოფელად, ხოლო კეთილმსახური ხელმწიფეები მათი შრომის თანამონაწილეები ხდებიან ქონების უხვად მიცემით, როგორც დღეს, როდესაც შენმა დიდებულებამ – მეფობამ დიდი სიკეთით გაამდიდრა ჩვენი სიღარიბე, რის გამოც ყოვლითურთ მოზიარე ხარ ჩვენს ლოცვებთან”. მეფე გამხიარულდა ნეტარი გრიგოლის სიტყვების გამო, მის გულში გამყარდა დიდი სარწმუნოება და სიყვარული კლარჯეთის უდაბნოთა მიმართ და იგი ჰმადლობდა ქრისტეს, მისი ნების აღმსრულებელთა კეთილისმყოფელს, ისინი კი ასე გამოემშვიდობნენ ხელმწიფეს და აფხაზეთიდან წავიდნენ.

23. და მიდიოდნენ რა, გზაში სანატრელმა თევდორემ და ქრისტეფორემ უთხრეს ნეტარ გრიგოლს: “წმინდა მამაო, ხანცთიდან ჩვენი წამოსვლის დროს, სამცხეში რომ მოვედით, მირიან აზნაურის ადგილის ახლოს, როდესაც გვნახეს მისმა კაცებმა, რადგან საღამოს დროს ველზე მოვაწყვეთ ჩვენი სადგომი, და უთხრეს თავის ბატონს, სწრაფადვე მოვიდა თვით მირიანი, მდაბლად მოგვიკითხა, წაგვიყვანა თავის სასახლეში და კარგად მოგვასვენა.

როდესაც გათენდა, შეგვიყვანა მან თავის მეუღლესთან, რომლის სახელიც არის კრავი, რადგან არის იგი ქრისტეს მხევალი. დავლოცეთ იგი და დავსხედით. მაშინ მირიანმა, დიდებულმა ბატონმა, ბრძანებით დააყენა ჩვენს წინ თავისი ძეები, სამი ყოვლად კარგი და მშვენიერი ყრმა და როდესაც დავლოცეთ ისინი, უთხრა მან კრავს: „ახლა ვაჩვენოთ ჩვენ კარგი ნიშანი და ჩვენი ძეებიდან ერთ-ერთი განვაწესოთ მონაზონად და ამ ქრისტეს მოწაფეთა მოწაფედ, და ამათი ლოცვით მიეცეს მას მადლი, რომ ნახონ ჩვენმა მოძულეებმა და შერცხვეთ. ახლა თქვი, ჩვენი შვილებიდან რომელი იყოს მოწესე?” მან მიუგო: “ბატონო ჩემო, შენი შვილები არიან შენს წინ. რომელი მათგანისთვისაც ბრძანებ, იგი გამოირჩიოს უფალმა რჩეულ მოწესედ”. მირიანმა თქვა: “ეს უმცროსი იყოს მონაზონი და ამ უდაბნოს მამათა სულიერი შვილი”. და მოიყვანა მან იგი თავისი ხელით, მოგვცა ჩვენ პირჯვრის გადასაწერად და შემოსა მოწესეთა სამოსლით. ჩვენ მას ვუწოდეთ სახელად არსენი და აღვუთქვით მირიანს, რომ ჩვენს მსგავსად მის შვილსაც შენს მოწაფედ გავხდიდით, რაზეც მან კიდევ უფრო გაიხარა. ახლა, როგორც ესათნოება შენს სიწმინდეს, ისე გააკეთე”. წმინდანმა უთხრა მათ: “სანატრელო ძმებო, ნება არს ღვთისა, რომ იგი ჩვენი ხელით გახდეს მოწესეთა შორის რჩეული და დიდ საზომს მიაღწიოს”. ამასთან, მანაც მოუთხრო, ამაზე პასუხის მსგავსად, ყველაფერი ღირსი ყრმის, ჭაბუკი ეფრემის შესახებ. ძმებმაც გაიხარეს თავიანთი მოძღვრის სიტყვის გამო და ისინი ერთად მივიდნენ იქ, სადაც იყო ეფრემი. წამოიყვანეს იგი და, ასევე, სანატრელი არსენი. ხოლო ეფრემი იყო ასაკით უფროსი. სწორედ მათზე თქვა ნეტარმა გრიგოლმა დავითის სიტყვა: “ღვთის სიტყვათა გამოცხადება განმანათლებელია და იგი გონიერს ხდის ჩვილებს”, რომლების მიერაც განმტკიცდება ქება ქრისტესი. ესენი, ჭეშმარიტად უბიწოები და წრფელები, შემოგვიერთდნენ ჩვენ, რომ იტვირთონ მონაზვნობის ღვაწლი, მოსულები არიან რა თანახმად უფლის ბრძანებისა: “ნუ აჩერებთ მაგ ბავშვებს ჩემთან მოსასვლელად, რადგან მაგნაირებისა არის ცათა სასუფეველი”. ეს კი იცოდეთ, ძმებო, რომ ჩვენს ძმათა შორის ჩვენდამი სამართლიანი დრტვინვა იქნება, მაგრამ თვით უფალი იზრუნებს ამათთვის, რომელმაც თქვა: “ერიდეთ, რომ არ დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რადგან მათი ანგელოზები მარადის ხედავენ ჩემი ზეცათა მამის სახეს”. და ახლა თქვენ, ძმანო თევდორე და ქრისტეფორე, ძლევაშემოსილებო, გაუხდით ამათ კარგ აღმზრდელად ღვთის ნებისამებრ”.

მათაც აღუთქვეს ეს და თავს იდეს არსენისა და ეფრემის მეურვეობა. მაშინ უთხრა მათ ნეტარმა გრიგოლმა: “ძმანო, ეს იქნება თქვენს ყველა სათნოებაზე უფრო დიდი, რომ თქვენი თვალები მუდამჟამს ამათზე იყოს. გახსოვდეთ ამათი მშობლების დიდებულება, მათი რწმენა ქრისტესადმი და ჩვენ გლახაკებისადმი, – თუ როგორ დაივიწყეს მათ შვილობის სიყვარული ქრისტეს სიყვარულის გამო, როგორ მსხვერპლად მიუძღვნეს [შვილები] უფალს ჩვენი ხელით და როგორ იმედით მოგვანდეს ისინი ჩვენ, უცხოებს, ვითარცა ძმებს. ახლა როგორც უბიწოები წამოვიყვანეთ ისინი მშობლებისგან, რომ წმინდად იყონ დაცულები, ამგვარადვე ჰპოვებს მათ ქრისტე, როდესაც იგი თავის სამკვიდრებლად მოითხოვს მათ ჩვენი ხელებიდან”.

როდესაც მოაღწიეს ხანცთაში, მეტად გაიხარეს ძმებმა, ქრისტეს მიერ საღვთოდ შეკრებილებმა, სულიერი მამისა და ძმათა მოსვლის გამო, თუმცა ბავშვების მოყვანისთვის უკმაყოფილება იყო მათ შორის. ამიტომ, მოვიდნენ ისინი მამა გრიგოლთან და უთხრეს: “წმინდა მამაო, მოციქული ამბობს: “სრული სიყვარული შიშს განდევნისო”. თუკი ბრძანებს შენი სიწმინდე, უშიშრად ვიტყვით, რისთვისაც ვართ მოსულები”.

მან უთხრა: “ძმანო, ჭეშმარიტად ძირმტკიცეა ჩვენს შორის სიყვარული და შიში არ არის მასში. ბრძანეთ, რაც გნებავთ”. მათ უთხრეს: “ყველა შენი საქმე განუსჯელია, გარდა იმისა, რომ ეს ბავშვები მოიყვანე, რითაც შენგან დამტკიცებული წესი შენს დროსვე ხდება დაკლებული მომავალ დროში ჩვენს შესარცხვენად. თუმცაღა ჩვენი გული ამჟამინდელისთვის უშიშარია, მაგრამ ეს საქმე წესის გარეშეა. აი, ესაა ამჯერად ჩვენი სიტყვა, ღვთის წმინდანო”.

როდესაც ნეტარმა გრიგოლმა მოისმინა მათი ეს კარგი ნაფიქრალი, ცხადად გაიხარა და უთხრა მათ: “ჰოი, სანატრელო ძმებო, ნუ მოხდება ისე, რომ მე შევცვალო პირვანდელ წმინდა მამათაგან შემოკრებილი წესი ხორციელი რამ მიზეზის გამო, მაგრამ ჭეშმარიტს ვამბობ ღვთის წინაშე (რადგან არასოდეს გსმენიათ ცრუ სიტყვა ჩემი პირიდან: ამ ბავშვების აქ მოსვლა ამგვარადაა: ქრისტე ღმერთმა წმინდა ანგელოზის პირით მაუწყა ამათი ყველა საქმე, რადგან ეს ღირსი ყრმები, მსგავსად ადამიანებისგან განშორებული და ღმერთს მიახლოებული ეფრემ ასურისა და არსენ რომაელისა, უბიწოდ აღიზრდებიან ხანცთაში მათი პატივის [გაცხადების] დრომდე. მაშ, ახლა, შეგვიძლია კი კამათი უფლის ბრძანებასთან? “რადგან აუცილებლობა მადევს~, მოციქულის სიტყვისებრ, “თუ არ ვახარებ, ვაი მე”, მაგრამ თქვენ ნეტარნი ხართ, რადგან უფალმა გამოგარჩიათ ამ თავისი მონებისთვის, თუმცა თუ ვინმე ამგვარი მიზეზის გარეშე შეცვლის პირვანდელ წესს და ბავშვს მოიყვანს, რომ იმყოფებოდეს იგი ამ მონასტერში, დიდად დაისჯება იგი უფლისა და ჩვენი ღვთის დიდებული მეორედ მოსვლის დროს”.

ძმები დაკმაყოფილდნენ ამით, განმტკიცდნენ და ჰმადლობდნენ ქრისტეს, საკვირველებათა მოქმედს. მაშინ, რადგან თევდორეს და ქრისტეფორეს სენაკები ერთად იყო, სხვა ძმებისგან მოშორებულად, წაიყვანეს ამ სულიერმა მამებმა თავიანთ სენაკში ეს ღმერთშემოსილი ბავშვები, ნეტარი გრიგოლის მცნებისამებრ, და კარგად აღზარდეს ისინი რძის ნაცვლად ღვთის მადლით.

24. ამ დროს ბაგრატ კურაპალატმა ღვთის ნებით, თავისი ძმების ნებითვე და ბერძენთა მეფის ბრძანებით მიიღო კურაპალატობა აშოტ კურაპალატის, თავისი მამის, ნაცვლად, რადგან მიეცა მას ხელმწიფობის უფლებამოსილება ზევიდან და მისი ძმები, ორივენი კარგი და დიდებული ხელმწიფეები, – უფროსი ადარნერსე და უმცროსი გუარამი, – შუათანა ძმას მორჩილი გაუხდნენ საღვთო ძმობის სიყვარულით, რადგან ერთფიქრი, ერთსული და ერთნება იყვნენ ისინი, თუმცა ბაგრატი მათზე აღმატებული იყო სიბრძნით, შესახედაობით, სიქველით და მთელი ღვთისმსახურებითი სრულქმნილებით, რადგან ემსგავსებოდა იგი წინასწარმეტყველ დავითს და წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფეს, მოციქულსა და მღვდელმოწამეს ნეტარ ბაგრატს მთელი კეთილმსახურებით და განდიდა ამ სამი ხელმწიფე ძმის მეფობა ქრისტეს მადლით, რადგან, ღვთის შეწევნით, თავიანთი ხმლით დაიპყრეს მათ ბევრი ქვეყანა და განდევნეს აგარის ჩამომავალნი.

ნეტარი მამა გრიგოლი მივიდა დიდებულ ბაგრატ კურაპალატთან და ლოცვით უძღვნა მას ჯეროვანი ხოტბა კურაპალატობისა, ხოლო ეს ხოტბითი ქება, იმ დროის ბრძენთაგან დაუტევნელი, მეტად ესათნოვა კეთილმსახურ კურაპალატს და უთხრა მას: “ჰოი, წმინდა მამაო, ღმერთმა შეგამკო სიბრძნით, აღნაგობითა და სულიწმინდით ხსნის გალავნად ჩვენთვის და შუამდგომლად სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, რითაც განეფინე მთელ ამ ქვეყანას შენი თანამზრუნველობითა და საღვთო მოღვაწეობით, ხოლო მე მმართებს სიყვარული და პატივისცემა თქვენი მამობისა. ახლა ბრძანოს შენმა სიწმინდემ, რომ ემსახუროს ჩვენი მეფობა შენს ღირსებას, რადგან ღვთის მიერ მონაწილე ხარ ჩვენი, აშოტ კურაპალატის შვილებისა”.

წმინდანმა უთხრა: “მეფეო, შენს კეთილმსახურ მამაზე უფრო მეტად და უფრო დიდად კეთილმსახურო და გარშემორტყმულო საუფლო ჯვრის ფრთებით, მარადის გფარავს შენ დამბადებლის მარჯვენა და წმინდანთა მეოხება, ყოვლითურთ შენი მცველია ის დაუძინარი მცველი და დაუღამებელი სინათლე უწინამძღვრებს შენს მეფობას, არ სჭირდება რა მას სანთლის შუქი, თუ არა მხოლოდ – დაბინდულთათვის. ხოლო მე წესად მაქვს გულმოდგინედ ლოცვა შენს გამო, რომ არ შეგიმცირდეს შენ კეთილი საქმე მეფობის მიზეზით. ახლა კი ამას ვითხოვ შენგან: არის აშოტ კურაპალატისგან ხანცთისთვის შეწირული ადგილი, რაც კარგ მონასტრად გახდება, და თუ მიბრძანებს შენი მეფობა, ავაშენებ მას ღვთის სადიდებლად და შენი სულის საცხონებლად, და სანამ იარსებებს ცა და მიწა, იარსებებს მასში ლოცვა შენს გამო”.

25.
 მაშინ სიხარულით უბრძანა მას ბაგრატ კურაპალატმა იმ მონასტრის აშენება და მისცა ყველა საშენი მასალა. როდესაც მივიდა ნეტარი გრიგოლი შატბერდში, მისი ცრემლების მდინარით ირწყვებოდა ის ადგილი, ამბობდა რა ამ ლოცვას:

“შენი სუფევის მეუფებით, ღმერთო, გაურჯელად დაჰბადე ყველა დაბადებული და ხელმწიფობით განაგებ შენს ყველა ქმნილებას, რადგან ხარ შენ ცათა შემოქმედი, ანგელოზთა დამბადებელი, მიწის დამფუძნებელი და ზღვათა დამამყარებელი; და წვრილმან საქმეთა მოქმედიც შენ ხარ, როგორც თქვა დავითმა: “უფალმა თუ არ ააშენა სახლი, ფუჭად დაშვრებიან მისი მაშენებლები”. ახლა, უფალო, მორჩილი გაუხდეს ჩემი ლოცვის ხმას შენი ყურნი, აკურთხე ეს ადგილი შენი მადლით, ააშენე მონასტერი შენი სიწმინდის მოსასვენებლად და დასამკვიდრებლად, შესძინე მას კეთილსახელოვანი სახელი მრავალრიცხოვან ტომებს შორის შენს სადიდებლად, ყოველთა მეუფეო, შენი ძლიერი მკლავის უხილავი შემწეობით, გაანათლე იგი შენი წმინდა სულის სინათლით და დაიცავი იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანის მეოხებით უკუნისამდე დროთა, ამინ”.

გადაწერა მან ჯვარი გამორჩეულ ადგილს და დაიწყეს ეკლესიის შენება და სენაკებისაც. ასე კარგად წარემატებოდა [საქმე] დღითი-დღე, რის გამოც გლოვის ღელედ გაუხდა იგი უხილავ და ხილულ მტრებს, ხოლო ცხონების ნავსაყუდელად – ქრისტეს სამწყსოებს: მეფეებს, მთავრებს და მართლმორწმუნე ქრისტიანების მთელ კრებულს. ღვთის მიერ ზევიდან გამორჩეული ხანცთის მსგავსად შატბერდიც, ასევე, აშენდა საღვთო შეწევნით და ამ ნეტარი ადამიანის ლოცვით, რომელმაც შეაერთა ეს ორი უდაბნო, – ერთობლივად შენაწევრებულები და ძმური სიყვარულის საფუძველზე შემტკიცებულები ვიდრე დროთა აღსასრულამდე.

ამის შემდეგ უხმო კურაპალატმა წმინდანს. როდესაც მივიდა იგი მის წინაშე, აუწყა კიდეც მას მთელი ეს ქრისტესმიერი კეთილგამარჯვებულობა მონასტრისა. მაშინ განაწესა მან მოსახერხებელი ადგილები შატბერდის საყანედ და მისცა ყველაფერი, რაც კი საჭირო იყო, მის სრულ ასაშენებლად.

26.
 იმ დროს ნეტარ გრიგოლს მოესურვა საბა იშხნელის გახსენება და აუწყა ყველაფერი, რაც ადრე მოხდა, ღვთისმსახურ კურაპალატს, მან კი, როდესაც მოისმინა, მეტად გაიხარა, და, სასწრაფოდ დაწერა რა წერილი, გააგზავნა კარგი ადამიანები და პატივისცემით მოუხმო საბას; მაგრამ მოვიდნენ გაგზავნილები და აცნობეს კურაპალატს, რომ არ ნებავდა იმ ღვთისკაცს აქ მოსვლა. მაშინ ბრძანა კურაპალატმა იშხნის გზების გაკეთება, რადგან იმჟამად იქვე ახლოს იმყოფებოდა, და უთხრა ნეტარ მამა გრიგოლს: “დაუფიქრებლად გავაკეთე, რომ არ შემოგთავაზე წერილის მიწერა. ახლა, როგორც წესია, მისწერე”. მანვე კვლავ დაწერა სხვა წერილი და მამა გრიგოლის წერილიც გააგზავნა. ნეტარი საბა დაემორჩილა კურაპალატის ხელმეორე ბრძანებას, უფრო მეტად კი – მამა გრიგოლის წერილს.

და მოვიდა მათთან, თავის მსურველებთან, ეს ღვთისთვის სასურველი კაცი. კურაპალატი წინ მიეგება მას და პატივისცემით მოიკითხა, მან კი კურთხევით დალოცა იგი. როდესაც დასხდნენ, უთხრა კურაპალატმა წმინდანს: “აუცილებელია ხელმწიფეთა მორჩილება. რისთვის არ მოხვედი პირველ ხმობაზე, წმინდა მამაო?” 

მან კი მიუგო: “დიდებულო მეფეო, შენ ამქვეყნის ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე – ზეცისა, ამქვეყნისა და ქვესკნელებისა. შენ ამ ტომების მეფე ხარ, ქრისტე კი – ყველა დაბადებულისა. შენ ამ წარმავალ დროთა მეფე ხარ, ქრისტე კი – საუკუნო მეუფე. რომელიც მყოფობს სრული უცვლელი, უდროო, დაუსაბამო, დაუსრულებელი, მეუფე ანგელოზებისა და ადამიანებისა. ამიტომ, შენზე მეტად მისი სიტყვების სმენაა აუცილებელი, რომელმაც ბრძანა: “ვერავის ძალუძს ორი ბატონის მონობა”, ხოლო ამჯერად ჩემი ძმისა და მოძღვრის გრიგოლის სიტყვით მოვედი შენს წინაშე”.

კურაპალატმა უთხრა: “სამართლიანია შენი სიტყვა, წმინდაო, თუმცა უმჯობესია, რომ განათლდეს მრავალი სული სასანთლეზე შენი, ბრწყინვალე სანთლის, გაბრწყინებით, როგორც უთხრა ეს ქრისტემ თავის მოწაფეებს: “ვით მცხუნვარება მზისა ანათებს ცის ქვეშ მყოფთ, ასევე ბრწყინავდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რომ ხედავდნენ ისინი თქვენს კარგ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას”.

ამის შემდეგ კურაპალატი მივიდა იშხანში ამ ნეტარ კაცებთან – მამა გრიგოლთან და მამა საბასთან – ერთად. კურაპალატს ძალიან შეუყვარდა ის ადგილი. მაგრამ რაღასთვის ვაგრძელებ სიტყვას? ღვთის ნებით საბა ეპისკოპოსი გახდა იშხნისა, ნეტარი ნერსე კათალიკოსის მიერ აშენებული კათოლიკე ეკლესიისა და მისი დასაბრძანებლისა, რაც მრავალი წელი დაქვრივებული იყო. ახლა კვლავ აღსრულდა სულიერი ქორწილი, მეორედ აშენდა რა იგი ამ ნეტარის მიერ და იმ ღვთისმსახურ მეფეთა ხორციელი ღვაწლით.

როდესაც კი მამა გრიგოლი სტუმრად მივიდოდა იშხანში, ეპისკოპოსი დასაბრძანებელზე მას დასვამდა , თვითონ კი გვერდით დაჯდებოდა, რადგან არ იკადრებდა ნეტარი გრიგოლის ურჩობას, იყო რა იგი მოძღვარი და უფრო აღმატებული.

ასე კარგად წერამართა იშხანი დღემდე და უკუნისამდე.

27. მაგრამ ახლა თავდაპირველ სიტყვასთან  მივიდეთ, რადგან  ჩვენი  ნეტარი მამა გრიგოლი  პატივცემული იყო ზევიდან ღვთის მიერ და მის დროში არავინ ეურჩებოდა მის სიტყვებს,  განსაკუთრებით – იმ დროის ხელმწიფეები. ხოლო იყო დრო, როდესაც ერთ ადგილას იყვნენ ის დიდებული ძმები და ნეტარმა გრიგოლმა გულმოდგინედ შეახსენა მათ, რომ მობრძანებულიყვნენ და  ენახათ მისი აშენებული მონასტრები და კლარჯეთის ყველა უდაბნო.

ყურად იღეს მათ წმინდანის შეხსენება, რომელიც წინ გაუძღვა მთავრებს და მიიყვანა ისინი    პირველად შატბერდში. ძალიან შეუყვარდათ ეს ადგილი და შეწირეს მრავალი შესაწირავი  ხელმწიფეებმაც, აზნაურებმაც და მთელმა შეკრებილობამ.

მაშინ შატბერდის მეურვედ გამოჩნდნენ დიდებული აზნაურები და როდესაც ეს ხელმწიფეები წამოვიდნენ შატბერდიდან, წინ მოუძღოდათ რა ნეტარი გრიგოლი, იმ დროს მოვიდა ზაქარია ანჩელი ეპისკოპოსი, ღირსი და სასწაულთმოქმედი. პატივისცემით  მოიკითხეს იგი ხელმწიფეებმა და თან წამოიყვანეს.   მივიდნენ ისინი “ჯმერკსა” და “ბერთაში”, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიებში, და “დაბაში”, წმინდა   მოწამე გიორგის ეკლესიაში (დოლისყანა კი მონასტერი მოგვიანებით გახდა).

და მოილოცეს მათ წმინდა ადგილები და დიდი საბოძვარი გასცეს, რადგან იმ სამ ხელმწიფეს ბევრი  რამ ჰქონდა შესაწირი, რის გამოც მიიღეს მადლი ამ ნეტარი მამების ლოცვით.

მოვიდნენ ოპიზაში, სადაც გამხიარულდნენ ნათლისმცემლის მადლით და ამ ნეტარი ადამიანების ლოცვით, ამასთან ძლიერი მეურვეობა გამოიჩინეს შესაწირავების გაცემით და გაემართნენ ხანცთისკენ. ხოლო ნეტარმა გრიგოლმა თან წამოიყვანა მონასტერთა წინამძღვრები და მოვიდნენ ისინი ხანცთაში, დიდმოწამე გიორგის სამყოფელში. კიდევ უფრო მეტად განუცვიფრდათ გონება ხელმწიფეებს, როდესაც უმკაცრეს სამონაზვნო კანონში ნახეს ნეტარი გრიგოლის მოწაფეები (რადგან იყვნენ ისინი როგორც ზეცის ანგელოზები), ამასთან, მიიღეს მათ მტერთა ძლევის საჭურველი უპირველესად წმინდა გიორგის მეოხებით, შემდეგ კი ამ სანატრელთა ლოცვით, განათლდნენ რა ხორცითაც სულთან ერთად. ხოლო როდესაც ისიც ნახეს, რომ ადგილი ნაყოფთაგან მოუმუშაკებელია, უფრო მეტი შესაწირავი მისცეს მას თავიანთი სიკეთეებიდან. ამ დროსვე მოვიდა მიძნაძოროს წინამძღვარი, მონასტერთა მაშენებელი, დიდი მამა სანატრელი დავითი და მისი მოწაფეები, ნეტარი ილარიონი, მამა და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიც მცხეთაში კათალიკოსი გახდა, და ნეტარი მამა ზაქარია, ბარეთელთის მაშენებელი, რომ წინ მიგებებოდნენ ამ ხელმწიფეებს.

როდესაც ხელისუფლებმა ნახეს ეს შეკრება წმინდა მამებისა, რომლებიც წმინდა უხორცო [ანგელოზთა] მსგავსნი იყვნენ, გაიხარეს, რადგან ესმოდათ იმათგან საღვთო მცნების მოძღვრებანი, რის გამოც თქვეს ამ დიდმა ხელმწიფეებმა: “წმინდა მამებო, მას შემდეგ, რაც გიხილეთ თქვენ, თითქმის დაგვავიწყდა, მიწაზე ვართ თუ არა ჩვენ. პირიქით, გვგონია, რომ ზეცაში ვართ დამკვიდრებულნი, წმინდანთა ბანაკში, რადგან თქვენ სულით მარადის ღვთის წინაშე დგახართ და სადაც არის თქვენი სამყოფელი, იქ არის თქვენი გულიც, მაგრამ იყოს თქვენი მეოხება ჩვენზე აქ და საუკუნო [წიაღში]”.

წმინდანებმა კი მრავალი ლოცვით აღჭურვეს და აკურთხეს ხელმწიფეები და უთხრეს მათ: “ღვთისმსახურნო მეფენო, ჭეშმარიტად ღვთის ხელთაა თქვენი გულები, რომელმაც ნუგეში სცა ჩვენ, გლახაკთა, გულებს თქვენი სახის ხილვით და თქვენი სიკეთეების უხვად მონიჭებით, თქვენ კი, უკვდავ ხელმწიფეებს, განგიკუთვნათ წმინდა ეკლესიების დანერგვა მოკვდავი მეფობის გზით და მან უხილავად თქვენს საჭურველად გახადა მათი შემწეობა, უმეტეს ხილული საჭურველისა და ბევრ მხედარზე უმრავალრიცხოვნესად. ეს იცოდეთ, რომ თქვენი ეს სულიერად დაწყობილი ლაშქრები – უდაბნოს წმინდა მამები – თქვენი ხორციელად განლაგებული ლაშქრების სიმტკიცენი არიან და საფურველები ყველა მორწმუნე მეფისა ბრძოლების ფერხულში, განსაკუთრებით კი – თქვენი, იმის გამო, რომ მეფობის სიმაღლესთან ერთად გაქვთ თქვენ ქრისტეს მიმსგავსებული სიმდაბლე, წმინდა ეკლესიათა მეურვეობა, გლახაკთა ნუგეშისცემა და მთელი ხალხის სამართლიანი განსჯა, უფლის სიტყვისებრ: “პირფერობით ნუ სჯით, არამედ სამართლიანი მსჯავრი საჯეთო”, რომ ამქვეყნიურ მეფობასთან ერთად მიიღოთ ზეციურ მეუფესთან დაუსრულებელი თანამკვიდრობაც. და მოგცეთ ქრისტემ სრული დიდება ზეცისა და მიწისა, რომ არასოდეს უგულებელყოთ სიტკბოებით გახსენება ჩვენი, აქ დავანებულთა. სცანით, რომ ისევე როგორც აბრაამ მამამთავარმა და დავით წინასწარმეტყველმა ნაალაფართაგან თანასწორად მისცეს მეომრებს ნაწილი, ასევე თქვენი სიკეთეებისგან მარად წილისმქონენი არიან გლახაკები და ეკლესიები, და როგორც ლევიტელებისთვის ბრძანებს უფალი: “მათი ნაწილი მე ვარო”, ამგვარადვე გლახაკთა ნაწილი თქვენს მიერ არის განწესებული, რომ, სანაცვლოდ, უფალი მოიპოვოთ ორივე ცხოვრების იმედად, რადგან გლახაკებს არაფერი აქვთ გარდა კეთილი ღმერთის მოწყალებისა.

28. ამის შემდეგ წმინდა მამებმა ეპისკოპოსთან ერთად განიზრახეს, რომ არქიმანდრიტად დაედგინათ გრიგოლი კლარჯეთის ყველა უდაბნოზე და მოახსენეს ეს ხელმწიფეებს, მათ კი მეტად გაიხარეს და ერთობლივად, დიდი ძალდატანებით, ამ ღვაწლის შესასრულებლად დაადგინეს იგი, რომელიც მრავალი წელი, ვიდრე გარდაცვალებამდე, კარგად წარმართავდა წმინდა მამების წესს.

ხელმწიფეებმა მოილოცეს მიძნაძორო, წყაროსთავი, ბარეთელთა და მათი ადგილები. იქაც გასცეს მათ შესაწირავი, ამასთან მიიღეს მადლი წმინდა ეკლესიებისგან და ნეტარი მამებისგან – ღირსი და წმინდა მოღვაწეებისგან, ყველა იმ უდაბნოს კი საზღვრები განუყვეს და წასვლისას თან წაიყვანეს ნეტარი გრიგოლი, რომელსაც ადარნერსე ხელმწიფემ თავისი ძე გურგენი ნათლიობით მისცა და რადგან ბაგრატ კურაპალატის ძე დავით კურაპალატიც ასევე ნეტარი მამა გრიგოლის მირქმული იყო, – ორივე ეს ხელმწიფე: დავით კურაპალატი და გურგენ კურაპალატი. ამის გამო, გარდაცვალების დროს ანდერძი დაეტოვებინა გურგენ კურაპალატს: “ჩემი ნათლიმამის ძვლების ახლოს დამდეთ, მის ფეხებთან, და სხვა მამების ძვლები ჩემზე დაასვენეთ”, რაც გააკეთეს კიდეც ასე.

გურგენ კურაპალატის შემდეგ მისმა ძემ, აშოტ ერისთავთ-ერისთავმა, წადიერად დაიწყო ხანცთაში  ახალი ეკლესია და ურიცხვი შესაწირავი ზეჭარბად მისცა მას.

ხოლო იმ დროს ხანცთაში წინამძღვრად იყო მამა არსენი, ჩამომავლობით აზნაური. მისი განზრახვით  მოხდა დაწყება ახალი და მშვენიერი ეკლესიისა იმ უხეშ კლდეზე, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი შრომით და მყარი ქვითკირით დაავაკეს და იმ ადგილის დამუშავება ისე ჩათვალეს, თითქოს მთლიანად აშენებულიყო იგი; მაგრამ აკურთხოს ქრისტემ ამონა, სიბრძნით მთლიანად მაშენებელი, და ყველა მისი შემწე, რომლებისგანაც კარგად წარემართებოდა იმ ეკლესიის შენება, ხოლო ქვა და კირი ძალიან შორიდან ზურგით მოჰქონდათ ადამიანებს ძნელ გზებზე და ყველაფერი სასწორით იწონებოდა, რადგან ყიდულობდნენ მათ ის მშენებლები.

იმ დროს გარდაიცვალა ღვთისმსახური ხელმწიფე, წმინდა ეკლესიების მაშენებელი, ქონებათა შემწირველი და გლახაკთა მეურვე. იგი დაიმარხა ხანცთაში არსენისა და მისი ძის მცხვედას მეშვეობით. ხოლო მამა არსენი და ჯიბრილის ძმა სანატრელი იოანე, ახალი ეკლესიის დამამთავრებელი, ორივენი ხანცთას აღესრულნენ წინამძღვრობაში. ქრისტემ მისცეს მათ მოსვენება!

ხოლო გურგენი, აშოტის ძმისწული, დიდი ხელმწიფე მრავალი ტომისა, ღვთის მიერ დაჯდა ერისთავთ-ერისთავად. მან დაასრულა ხანცთის ახალი ეკლესია და მასთან ერთად – ყველა დიდებულმა ხელმწიფემ, აზნაურმა და მთელმა მორწმუნე ხალხმა. უფალმა მისცეს მოუკლებელი სიკეთე ყველას!

29. მაგრამ ახლა კვლავ ის ადრე დარჩენილი განვაახლოთ; როდესაც განდიდდა ნეტარი მამა გრიგოლის სახელი და მიაღწია ქართლს, გაიგო მისმა სანატრელმა დედამ თავისი ძის დიდებულება, იყო რა ცოცხალი და მოხუცებულობას მიწევნული. მაშინ გამხიარულდა იგი სულით, გაძლიერდა ხორცით და მადლობა შესწირა ქრისტეს, რომელმაც კარგი ამბავი გააგებინა თავისი ყოვლადკარგი ძისა, ხორციელად მისი სიამაყისა და მისი სულის გვირგვინოსანმყოფელისა, რადგან მხოლოდ ის ერთადერთი შვილი ჰყავდა და მისი შობის გარდა მამაკაცი არ იცოდა, არამედ სიწმინდით მყოფობდა ლოცვაში, მარხვასა და მარადის ღვთის შიშში, მისი გული კი გლოვობდა თავის ძესთან განშორებას. მაგრამ სიხარულის ხმამ განამტკიცა იგი, ამასთან, რაც მიცვალებულთა გამო მწუხარება ჰქონდა, ამ ნუგეშისცემით დაავიწყდა და სწრაფადვე წამოვიდა სახედრით, თან ახლდნენ რა თავისი მსახურები – კაცები და ქალები.

და მოვიდა იგი დედა ფებრონიასთან მერეში, ხოლო მან სიხარულით მიიღო და სწრაფადვე აცნობა წერილით ნეტარ გრიგოლს, ის კი, – უბიწო ძე, – მალევე მივიდა მორწმუნე დედის წინაშე, თაყვანი სცა მას, ქრისტესმიერი კურთხევა მისცა და მოიკითხა. ისიც სიხარულით მოეგება თავის ძეს, ეამბორებოდა და ეუბნებოდა: “ჩემო ტკბილო შვილო, გნახე, რომელიც მსურდა, რადგან შენი ნახვით გამშორდა ყველა ის ადრინდელი ტკივილი”. და მრავალგვარი სიტყვით ხანგრძლივად იყო მათი საუბარი.

ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა: “შენდობა იყოს ჩემდამი შენგან, ჩემო დედაო, თუმცა არა ჩემი ნებით გაგშორდი, არამედ ღვთის ნებას ესათნოვა ასე, როგორც ამჟამად მოხდა, შენ კი ამ წუთიერ ცხოვრებაში ხორციელად და სულიერად არაფერი გაკლდა აქამდე, მაგრამ ახლა მმართებს შენი მეურვეობა ხორციელად და სულიერად, უფლის მცნებისამებრ, რასაც ბრძანებს იგი მშობლების პატივსაცემად, და “სიბრძნეში” წერია: “შვილო, მიუბოძე შენს მშობლებს, რაც მათ მოგიბოძეს, რადგან მათ გარეშე არც შენ იქნებოდი”; და კიდევ, ამბობს: “დასაგმობია, ვინც შეურაცხყოფს თავის მამას, და უფლისგან დაწყევლილია, ვინც განარისხებს დედას”, რადგან “მამისა და დედის კურთხევა უკუნისამდე გაამყარებს [შვილთა] სახელებს, ხოლო მათი წყევლა სრულიად ამოძირკვავს მათ”. პავლეც ასევე მრავალგზის ამცნებს ყველას მშობელთა პატივისცემას, და ახლა ეს სიტყვები და ამათი მსგავსნი გვესმის ღმრთივსულიერი წიგნებიდან მორწმუნეთა სასწავლად, მე კი, ღვთის მადლით მოვიპოვებ შენს კურთხევას, შენი გულის ნებისამებრ, როგორც შვილი “ძალისამებრ მშობლის მოყვარული მორჩილებით”.

დიდად ანუგეშა სანატრელი მოხუცებული ამ ნეტარმა ღვთისკაცმა და დიდად დამოძღვრა იგი, ხოლო მან თავდაპირველად აკურთხა ღმერთი, შემდეგ კი – თავისი ძე, რომელსაც შეავედრა თავისთან მოსული სახლეული და უთხრა: “ჩემსავით გებარებოდეს ესენი, შვილო, რომლებმაც თავს იდეს ჩემი გულმოდგინედ მომსახურება”. წმინდანმა მიუგო: “მოციქული ამბობს: “თუ ვინმე არ მეურვეობს თავისიანებს და, განსაკუთრებით, სახლეულს, ამგვარ ვინმეს სარწმუნოება უარუყვია და არის იგი ურწმუნოებზე უარესი”, მე კი მმართებს, დედაო, შენი ბრძანების შესმენა და ზრუნვა შენს ამ ყველა საპატრონებელზე”. და როგორც შესაფერისი იყო, უპატრონა მან ყველას კარგად.

მაშინ ნეტარმა დედა ფებრონიამ უთხრა ამ პატიოსან მოხუცებულს: “ღვთისმოყვარე დედაო, შენს შვილთან და ჩემს ძმასთან, გრიგოლთან, ერთად ახლა მეც შენი შვილი ვარ და არანაირად არ მოგაკლდება ჩვენგან მომსახურება, რადგან გხედავ შენ როგორც ანა წინასწარმეტყველს, რომელიც არ შორდებოდა უფლის ტაძარს დღე და ღამე ლოცვითა და მარხვით. ასევე შენც ღვთის მცნებებში განმტკიცებული მყოფობ მუდამჟამს და ნაყოფისგან არის შესაცნობი ხის სიკარგე”. ხოლო ის სიხარულით ჰმადლობდა ქრისტეს და მის წმინდანებს.

მაშინ ნეტარმა გრიგოლმა შესაფერისად წარმართა თავისი დედისა და მის მხლებელთა ცხოვრება. ვიღაც ქალს, თავისი დედის მსახურს, ქმარი მოუყვანა მან, და ბასილი, ხანცთელი მამასახლისი, მისგან იშვა, რომელიც ჯეროვნად წინამძღვრობდა ხანცთას მრავალი წელი, ვიდრე სიკვდილამდე და უფლის წინაშე მის მისვლამდე. დიდი დროის შემდეგ მამა გრიგოლის სანატრელი მშობელიც გარდაიცვალა მერეში და მივიდა უფალთან, რომლის სურვილიც ჰქონდა.

30. ხოლო ნეტარმა გრიგოლმა გააპატიოსნა მისი სული და დიდება შესწირა ღმერთს, რომელმაც მიჰმადლა მას თავისი დედის კეთილმსახურება, მიიღო რა მისგან სრული კურთხევა.

თევდორემ და ქრისტეფორემ, ამ სანატრელმა დიდმა მამებმა, როდესაც ნახეს ღვთის ღირსი არსენი და ეფრემი მოწიფულები და სიბრძნითა და ასაკით სრულქმნილები, გული დადეს მამა გრიგოლის დაფიცებასთან დაკავშირებით, რომლისადმიც აღთქმული ჰქონდათ, რომ არ განშორდებოდნენ ამ ბავშვებს მათ გაზრდამდე.

მაშინ ფარულად გამოვიდნენ ხანცთიდან ღამე, ვიღაც ძმებიც თან წაიყვანეს და კვლავ წავიდნენ ქართლის მხარეს, რადგან უფალი უხმობდა მათ უხილავად ბრძანებით და აღაშენებდა ნეძვისა და კვირიკეწმინდის მონასტრებს მათ მიერ; ხოლო ნეტარ გრიგოლს ეუწყა უფლისგან, აღარ დაებრკოლებინა ისინი თავიანთი ამ გულმოდგინებისგან, არამედ თანამდგომი გახდომოდა მათ ამ კარგ საქმეში. და ძებნა ისინი გრიგოლმა, იპოვა სამცხეში და უსაყვედურა მათ ფარულად წასვლის გამო. ისინი შეუვრდნენ მას და უთხრეს: “შენდობა იყოს ჩვენზე, წმინდა მამაო, რადგან იმ მიზეზით მოხდა ხანცთიდან ჩვენი გამოსვლა, რომ მონასტერთა ახალშენებით რაღაც ნაყოფი გამოჩნდეს ჩვენს წილად~. წმინდანმა უთხრა: “კარგია თქვენი ეს განზრახვა, ღვთის ნებით, მაგრამ მეც თანამონაწილე გამხადეთ მაგ გულმოდგინებისა, რადგან არ ვარ კარგის ხელისშემშლელი”. და წავიდნენ ერთად სამცხისა და ქართლის მხარეთა უდაბნოებში, იპოვეს ორი ადგილი სამონასტრედ, ორივეგან ააშენეს სენაკები, უწოდეს თევდორეს სავანეს “ნეძვი”. ქრისტეფორესას – “კვირიკეწმინდა”, დატოვეს მოწაფეები და სამივე ეს ნეტარი: გრიგოლი, თევდორე და ქრისტეფორე, წამოვიდნენ ხანცთაში, წესისამებრ ძმების გასაყოფად. როდესაც მოვიდნენ ღვთისსათნო კრებულში და მოიკითხეს ისინი, დაიწყო სიტყვა ნეტარმა გრიგოლმა ძმების მიმართ: “ქრისტეს ერნო, ისმინეთ ჩემი! თავდაპირველად ამ წმინდა უდაბნოში ერთად მოვედით ოთხნი: მე, გლახაკი გრიგოლი, საბანი, იშხნის ეპისკოპოსი, თევდორე და ქრისტეფორე. ესენი მრავალი წელი მორჩილები იყვნენ ჩემდამი როგორც მოწაფეები, სანამ ღმერთმა არ უხმო ქრისტესთვის სათნო ამ დიდ მამებს. როდესაც ინება ქრისტემ, საბა ეპისკოპოსი გახადა იშხანში. და წაიყვანა მან აქედან ძმები. მაგრამ ახლა ქრისტე აშენებს ორ მეტად კარგ მონასტერს ქართლში თევდორეს და ქრისტეფორეს მიერ, და როგორც ხორციელი მშობლები განუყოფენ ქონებას შვილებს, ასევე ხანცთა სულიერი მშობელია ყველა ჩვენგანისა. თუმცაღა მონაზვნობის ხატი აქ მოსვლამდე გვქონდა, მაგრამ ყველა კურთხევა აქ მიგვიღია ჩვენ. და ახლა ამათ, ჩემს შვილებს, ჩემი ხელით ძმებს უბოძებს იგი, რომ თავიანთ ახალშენებაში უზრუნველები იყონ ისინი კარგად გამოცდილი მონაზვნების თანადგომით, და რომ მტკიცედ ნარჩუნდებოდეს ჩვენს მიერ აშენებული მონასტრების სულიერი სიყვარული”.

როდესაც  დაასრულა  მან  ეს  სიტყვები,  ბრძანა  ყველა ძმის შემოკრება და თევდორესა და ქრისტეფორეს თათბირით გამოარჩია მათგან ცამეტი ძმა ხანცთისთვის საუფროსოდ, სხვა ყველა კი თანაბრად გაყო სამ გუნდად (რადგან შატბერდის წილი ადრევე გაეგზავნა შატბერდში) და ბრძანა, აღთქმისამებრ, მათი წილითგანყოფა. თევდორე და ქრისტეფორე გამხიარულდნენ, მაგრამ ცოტათი გულისწყრომა იყო მათ შორის, რადგან ეფრემი და არსენი გრიგოლის ნაწილში იყვნენ. ამიტომ, ეფრემი თევდორეს უბოძა მან, არსენი კი თვით განიკუთვნა და მისი თანაბარი სხვა ძმა მისცა ქრისტეფორეს. ისინიც სიხარულით გულდაჯერებულები გახდნენ.

ხოლო ამ ნეტარი სამწყსოების მხრივ საკვირველი ის იყო, რომ ისინი არ ეკამათებოდნენ იმ კარგ მწყემსებს, რომ, ვთქვათ, შეპასუხებოდნენ მათ ადგილის გამო, თუ ვის სად ემარჯვებოდა, რადგან თავიანთი თავი ცხვრებისებრ შეერაცხათ მათ, მარადის ქრისტესთან მყოფ ამ ქრისტეს რჩეულებს. ამგვარი იყო მორჩილება ამ ძლევაშემოსილი ადამიანებისა.

და წარუძღვნენ ეს ნეტარი მამები ძმებს და კვლავ მივიდნენ ნეძვსა და კვირიკეწმინდაში, ხოლო მამა გრიგოლი მთელი გულით თანამდგომი გაუხდა მათ მათეულ ახალშენებაში, აკურთხეს რა წმინდა ეკლესიათა ადგილები და დადეს საფუძვლები.

როდესაც უნდა წამოსულიყო ნეტარი გრიგოლი, ყველა ძმამ ტირილით უთხრა: “ჰოი ღვთის წმინდანო, უკვე სრულდება ჩვენზე უფლის სიტყვა: “ნატრობდეთ თქვენი მოძღვრის ნახვას და ვერ ნახოთ!” ჰოი, შენს სიწმინდეთა მძლავრებას! მაგრამ იყოს შენი ნება და არა ჩვენი ნება. თუმცაღა შენ, წმინდანო, ამ საწუთროში განგვიშორე, საუკუნოდ ნუ ინებებ ჩვენს განშორებას და გახსოვდეთ კიდეც მუდამჟამს შენს წმინდა ლოცვებში, ღვთისგან გამორჩეულო”.

და აკურთხა ნეტარმა ყველანი ცრემლით, ნუგეში სცა მათ გულებს, შეავედრა ისინი ქრისტეს და იმ სანატრელ მამებს, და ჯვარი გადასწერა წმინდა მონასტრებს. წამოსვლისას გამოაცილეს იგი მამა თევდორემ და მამა ქრისტეფორემ და ცრემლით ეამბორნენ ერთიმეორეს. ისინი თავიანთ მონასტრებში დარჩნენ, ხოლო ჩვენი ნეტარი მამა მოვიდა ხანცთაში.

ეს მცირედი ვახსენე ამ სამი წმინდანის – თევდორეს, ქრისტეფორეს და საბან იშხნელის – ცხოვრებაზე, რადგან ჭეშმარიტად ძალიან გაგრძელდებოდა [სიტყვა] მათი საქმეების სრული აღწერით.

31. როდესაც ხანცთა სახელოვანი გახდა მადლით და გახარებული სულიერ შვილთაგან, მაშინ მიძნაძოროდან ხანცთაში მოვიდა დიდი მეუდაბნოე მამა მიქელი, რომელიც დამკვიდრთა პარეხთა შორის, რადგან იყო იგი ნეტარი მამა გრიგოლის მეგობარი და ეძიებდა მარტოდმყოფობას. იპოვა მან თავისი თავის სამკვიდრებელი ბერთის პარეხთა შორის, ამ წმინდანის რჩევით მათში დამკვიდრდა და კარგად წარემატა უფლის სათნოებათა მიმართ.

მაგრამ   მტერი   ეშმაკი   მეტად   გლოვობდა,   რადგან ხედავდა წმინდა ადამიანების გამრავლებით თავისი დროის შემოკლებას. ამიტომ, იგი მიქელის მიმართ ცხადად და ფარულად მოქმედებდა მრავალ მოჩვენებას, რომ გაექცია უდაბნოდან, მაგრამ იგი ძლიერად ითმენდა ამ დაუძინებელი მოწინააღმდეგის წყლულებს და სამარცხვინოს ხდიდა მის ნაირგვარ ხრიკებს ქრისტეს შეწევნით და ყველა წმინდანის მეოხებით.

32. ხოლო რომელიღაც დროს იყო მამა მიქელი თავისი სენაკისგან მოშორებით მაღალ კლდეზე ოდნავ რაღაც მცონარედ და გაკადნიერდა მისდამი ბელიარი, გადმოაგდო რა ქვევით იმ სიმაღლიდან, ხოლო სრულიად უვნებლად დაიცვა იგი ყოველთა მეუფე ქრისტე ღმერთმა; მაგრამ მამა მიქელი შეწუხდა ამ მიწყივ მარადიული ბრძოლის გამო, თავისი მოწაფე გაგზავნა თავის სულიერ მოძღვართან, მამა გრიგოლთან და აუწყა მას ბოროტი სულების ყველა განსაცდელის შესახებ, წმინდანი კი სწრაფად მივიდა თავისი ძმის შესაწევნელად უფლის ძალით, სულით გაამხნევა იგი, თავისი ხელით ახლად გააკეთა ძლევის მომცემი ქრისტეს ბეჭდები, ხის ორი ჯვარი, მის დასაფარავად და მტრების გასადევნად, აღმართა ისინი მისი სენაკის მოშორებით აქეთ-იქიდან და საზღვრად განუჩინა წმინდანს, [უთხრა რა:] “ქრისტეს ამ ორ ჯვარს შორის უშიშრად იყავი წმინდა სამების შეწევნით და პატიოსანი ჯვრის ძალით, ხოლო თუ გაცდები მათ, კვლავ ცთუნდები პირველზე უარესად”.

ილოცეს და წამოვიდა სანატრელი გრიგოლი, ხოლო ნეტარმა მიქელმა ჰპოვა სრული მოსვენება, რადგან თავმდაბლობით დასცა ამპარტავანი მტერი, ვინაიდან არათუ თავისი სიმართლე ეიმედებოდა, არამედ მარტოოდენ ღმერთზე მინდობით მოიყვანა მან თავისი მოძღვარი და სულიერი ძმა გრიგოლი შემწედ, როგორც დაწერილია: “ძმა – ძმის შემწე როგორც დაუცემელი გალავანი”, იაკობ მოციქულის სიტყვისამებრ: “ერთიმეორისთვის ილოცეთ, რომ განიკურნოთ, რადგან მეტად შემძლეა მართლის ლოცვა შესაწევნელად”. აი ასე, მთლიანად გაიმარჯვა მან მტრებზე ღვთის მადლით.

ხოლო იყო ნეტარი მიქელი შავშეთის ქვეყნიდან, სოფელ ნორგიალიდან. მიძნაძოროში მონაზონი გახდა იგი, ხოლო პარეხთა შორის მრავალი წელი ცხოვრობდა და როდესაც აღესრულა, იქვე დაიმარხა, ამჟამად კი მისი საფლავი და [საფლავი] დიდებული მამა ბასილისა, რომელიც მის შემდეგ პარეხთა მკვიდრი იყო, ერთად არის და ადამიანებს კურნებას მიჰმადლებს, რომლებიც სარწმუნოებით მიდიან მათთან.

33. ნეტარი მამა გრიგოლი მუდამჟამს მიმოდიოდა ორ თავის აშენებულ მონასტერს – ხანცთასა და შატბერდს – შორის და თავისი მოძღვრების სწავლებით ავსებდა მოწაფეთა გულებს, რადგან არათუ მარტოოდენ საღვთო წიგნებს სიბრძნისმეტყველებდა იგი ყოვლითურთ, არამედ წმინდა კათოლიკე ეკლესიის საქადაგებელი გალობის მოძღვარიც იყო უზადოდ, მთლიანად წელიწადის განგებით, და მან ყველა დღესასწაულის განგება კარგად იცოდა, რადგან რაც დაესწავლა, დაუვიწყებლად ახსოვდა, და ჰქონდა ხმის ნებიერება და ტკბილობის მშვენიერება, მისი მეხსიერება კი გასაკვირი იყო, რადგან ამჟამად ხანცთაში არის მისი ხელით დაწერილი, სულიწმინდის მიერ, “საწელიწდო იადგარი”, რომლის სიტყვებიც მეტად კარგია; ხოლო “ახალი სჯულის” კანონიკური წიგნები ზეპირად იცოდა და, აგრეთვე, მრავალი წიგნი “ძველი სჯულისაც”. გარდა ამისა, არაკანონიკურები, წმინდა მოძღვართა თქმულნი, აურაცხელი წარმოითქმოდა მისი ენით უწიგნოდ ჩვენს ბუნებაზე უზესთაესად, რადგან სადაც ღვთის ძალა დაივანებს, ყველაფერს აღასრულებს იგი ადამიანურ ბუნებასა და ცნობიერებაზე აღმატებულად. ადამისადმიც, მცნების უგულებელყოფის უწინარეს, ყველაფერი დამორჩილებული იყო, ამას კი მცნებათა უბიწოდ დაცვით ყოველივე კარგად უმარჯვებდა და მისგან არა მხოლოდ მისი მონასტრები განმტკიცდებოდნენ, არამედ მისი სიბრძნის მდინარეთაგან ირწყვებოდა კლარჯეთის ყველა უდაბნო. მრავალგზის მოდიოდნენ წმინდა მამები, მონასტრების წინამძღვრები, მრავალგვარი მიზეზით და მისი სიბრძნით პოულობდნენ მოსვენებას ყველა საქმის მხრივ.

34. ხოლო ამ ნეტარის მთელ სიცოცხლეში მონასტრების წმინდა მამები აღებას მის წინაშე იხდიდნენ ხანცთაში, პირმარხვის დროს კი იღებდნენ კანონს დიდმარხვისთვის და   მიდიოდნენ.

იყო ერთხელ ამ ნეტართა ერთად შეკრება წმინდანის წინაშე და მამა გრიგოლი ოპიზის წინამძღვრის გარდა ყველა მათგანს ასწავლიდა სულის საცხონებელ კარგ სიტყვებს, ოპიზელი მამასახლისი კი შეწუხდა და უთხრა მას: “წმინდა მამაო, რისთვის განმარიდებ შენს სულიერ სიტყვებს?” ხოლო მან უთხრა: “მამაო პატიოსანო, არათუ უგულებელყოფის გამო გაგერიდე შენ, არამედ იმ მიზეზით, რომ ყველა ამ უდაბნოზე უწინარეს ოპიზაა აშენებული და არ განვაგებ ოპიზაზე, არც მის წინამძღვარზე”; მაგრამ მან თავმდაბლობით დაარწმუნა წმინდანი, რომ მისთვისაც ესწავლებინა სხვა მამათა თანაბრად, რადგან ისე ჰყავდა იგი ყველას როგორც წმინდა მოციქულთაგანი, შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანებს შორის.

35. მაგრამ იმ დროის ხელმწიფეებმა მრავალგზის მტკიცედ განიზრახეს ამ ნეტარის ეპისკოპოსობა და მეტისმეტი გარჯილობით შეაწუხეს იგი, რომ დამორჩილებოდა მათ, მაგრამ მან არ ინება ამგვარი დიდება და ცხადად გააგებინა ყველას, რომ “მსოფლიო წმინდა საყდრებზე უმცროსები არ არიან უდაბნოთა წმინდა ეკლესიები – ღვთის დიდების საყდრები. თუმცაღა მღვდლობა ეპისკოპოსებისგან ეძლევა ყველა მღვდელს, მაგრამ პირველმეუდაბნოე წმინდა მამებისგან ასე ვისწავლეთ: “რა მადლიც ეძლევა ადამიანს ნათლისღების დროს, იგივე მადლი ვნახეთ, როდესაც მონაზვნობის ხატი მიჰქონდა ახალმონაზონს და ამგვარადვე [ვნახეთ] წმინდა სქემის მიღებისას”. ამის სხვა მოწმობანიც ბევრია, მაგრამ ისევე როგორც ისრაელის შიგნით ქალაქები იქნა განლაგებული კაცისმკვლელთა თავშესაფრად, ამგვარადვე წმინდა უდაბნოებიც ყველას თავშესაფარია, რადგან უმანკოთა მფარველნი არიან ისინი სოფლის ვნებებისგან და ვნებულთა ნავსაყუდელნიც იმედიანი სინანულის მიცემითა და რჯულმდებლობით. საკმარისია ჩემთვის ორივემხრივ სადიდებლად, თუკი როგორღაც შევძლებ ამ უდაბნოთა შესაფერისად მეურვეობას, რომლებშიც ადამიანებმა თავისუფლება იპოვეს, როგორც თქვა პავლემ: “იმ თავისუფლებით, რითაც გაგვათავისუფლა ჩვენ ქრისტემ”, და: “სადაც არის უფლის სული, იქ არის თავისუფლება”, რადგან მიეცათ მათ უფლებამოსილება “ღვთის შვილად გახდომისა”, იოანე მახარებლის სიტყვისებრ”.

ამგვარი სიტყვით დაიმოძღვრნენ ხელმწიფეები და ადიდებდნენ ისინი ქრისტეს.

36. ამის შემდეგ ნახა ნეტარმა მამა გრიგოლმა გაზრდილი საღვთო კრებული შატბერდში და პირველი წმინდა ეკლესია დასრულებისა და კურთხევის პირზე. მაშინ სიხარულით აივსო იგი, რადგან მოჰმადლა მას უფალმა, მისი გულისამებრ, ეს კარგი საქმე წმინდა ღვთისმშობლის მადლითა და მეოხებით, რომლის სახელზეც აშენდა ის წმინდამონასტერი, მარადსადიდებლად ღვთის დედისა, – შეუწევნელთა შემწისა და მის მოიმედეთა და მაქებელთა ყოვლად მფარველისა, აწ და უკუნისამდე, რომელიც   მისმა ძემ და ყოველთა ღმერთმა გამოუთქმელად ადიდა თავისი ხელმწიფობის ყველა ქმნილებაზე მეტად,  რადგან უკვე დაამკვიდრა იგი წარუვალ სუფევაში, სულითა და ხორცით შეერთებული, თავისი   ღმრთეების დიდების წინაშე, რამდენადაც ის არის ყველა წმინდანის პირმშო და სინათლე   ქრისტიანობისა. მისი და ყველა წმინდანის მეოხებით გვაცხოვნებს უფალი ჩვენ, თავის ყველა მორწმუნეს, განსაკუთრებით კი თავის რჩეულებს ადიდებს იგი, აღმსრულებლებს მისი წმინდა ნებისა,   რადგან ამბობს: “ჩემს მადიდებლებს ვადიდებ” და: “მივანიჭებ ას წილს აქვე და საუკუნო ცხოვრებას  ვუმემკვიდრებ”.

ეს უტყუარი ბრძანება აღუსრულა ქრისტემ ნეტარ გრიგოლს: წარუვალი დიდების პატივად მიჰმადლა  მას დიდებული უდაბნოების შენება და მისი ხორცში ყოფნის დროსვე მის სიწმინდეთა შიში და ზარი   მიჰფინა მეფეებზე და მთელ ხალხზე, როგორც მძლავრობა წინდაუდგომელი ხელმწიფისა, ხოლო    სოფლიდან განშორების შემდეგ ჩვენს შემეცნებაზე აღმატებულად ადიდა იგი ცათა შინა ანგელოზებთან  ერთად და ახლა მიწაზე მის მოწაფეთა და მაქებელთა პირით იდიდება მარადის.

37. ხოლო სანატრელი დედა ფებრონია წუხილში იყო, რადგან მათ მწყემსად ხმობილი სარწმუნო მღვდელი, მამა გრიგოლისგან გაგზავნილი, გარდაიცვალა, მაგრამ ეუწყა მას ღვთისგან, რომ “იმაზე უკეთესი სხვა მღვდელი იქნება ახლა თქვენს მწყემსადო”; წერილი მისწერა მან ნეტარ გრიგოლს და ითხოვდა ღირსეულ მღვდელს. მაშინ წმინდანმა უთხრა წმინდა მატოს: “შვილო საყვარელო, მხედარი სანამ ბრძოლაში არ შესულა, მისი მძლეობა ლაშქრის სიმრავლეში შესაცნობი არ არის და არც მეფეებისგან იღებს ჯილდოს, ხოლო როდესაც იგი ახოვანი გამოჩნდება, მისი ბრძოლის ძალა ყველაზე გაცხადდება და სამართლიანად მიანიჭებს მას მეფე დიდძალ საბოძვარს. შენც ასევე, გახდი მორჩილი ჩემი სიტყვებისა, როგორც ყოველთვის, ყოვლითურთ იტვირთე მერეში, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, მღვდლობა როგორც უფლის ძლევაშემოსილმა მხედარმა და ვსასოებ ქრისტეს, რომ “კარგ ასპარეზობას მოიასპარეზებ”; მაგრამ იგი ცრემლით შეუვრდა მას და უთხრა ტკივილით: “შემინდე მამაო, რადგან იცის შენმა სიწმინდემ, რომ არასოდეს ვყოფილვარ შენი ბრძანების ურჩი, მაგრამ ახლა არ ძალმიძს ამის გაკეთება, რაც მიბრძანე”. წმინდანმა უთხრა: “შეგიძლია, უფლის ძალით. ახლა შენს კარგ სათნოებებთან ერთად მოიპოვე სრული მორჩილება. ქრისტეს ჯვრით ჯვარი გადამიწერია [შენზე], რომ ყველა მიზეზი მოსპო”.

როდესაც ნახა მან თავისი მოძღვრის უცილობელი ბრძანება, თავისი ნების გარეშე დაემორჩილა მის სიტყვებს. და გახდა, ღვთის ნებით, ქალთა მონასტრის მღვდელი ეს სანატრელი და სასწაულთმოქმედი მატოი, დიდი და დიდებული თავისი საქმით, რადგან მერეში მისი ორმოცწლიანი მღვდლობის დროს არავის გაუგია მისგან ფუჭი და უსარგებლო სიტყვა, რაც ადამიანებს ცოდვად ჰყოფნით, როგორც ამბობს უფალი: “ყველა ფუჭი სიტყვის გამო, რასაც ადამიანები ამბობენ, პასუხს გასცემენ მასზე სასჯელის დღეს”. და არა მარტოოდენ თვით იგი, არამედ ისინიც, რომლებიც შეჰყურებდნენ მას, ვერ იკადრებდნენ უქმად განცხრომას მისეულ თავშეზღუდვათა და სიწმინდით და უბიწოდ ქცევის გამო, რადგან კარგის ნიმუშად გაუხდა იგი ყველას .

დაიცვა მან ჭეშმარიტი ქალწულობა არათუ ოდენ ხორცით მარტო, არამედ სულით, სიტყვით, ყურითა და თვალით, რადგან ამბობდა ეს ნეტარი: “მონაზვნობა თავშეზღუდვას ჰქვია”, რის გამოც ღვთისმოყვარე ქალმა თემესტიამ, მერეს დეკანოზმა, თქვა: “ორმოცწლიანი ჩემი დეკანოზობისა და მატოის მღვდლობის დროს მას არასოდეს გამოურთმევია ჩემი ხელიდან საცეცხლურები”.

ამასთან, გადამეტებული შრომით მოუძლურდა იგი, რადგან უწყვეტი ლოცვა, წყურვილი და შიმშილი მუდამჟამს, უძილობა, ზედგომა და მუხლდრეკა მრავალი ჰქონდა ამ ნეტარს, რომელიც ხორცთა ვნებას დასცემდა და დააუძლურა მან სულის მტრები. ხოლო ჟამისწირვას არასოდეს შეაჩერებდა მიზეზისა და უძლურების გარეშე, მისი სამოსელი კი ყოვლითურთ მდარე იყო და საჭმელიც – ასევე.

38. ერთხელ კი იყო მატოი თავის სამყოფელში მერეს მახლობლად. გაიგო მან ქურდების მისვლა და დღისითვე გაამზადა მათთვის პური, ხოლო როდესაც მოვიდნენ ეს ქურდები ღამით, უთხრა მათ: “გწამდეთ ჩემი, შვილებო, წმინდა ღვთისმშობელი გიბრძანებთ, რომ არ მავნოთ მე, არამედ მოდით და ჭამეთ პური, რაც გაგიმზადეთ თქვენ”. მაგრამ ერთმა იმათგანმა, რომელსაც მოყვანილი ჰყავდა [სხვები], გაბედა წაეღო ის, რაც ჰქონდა წმინდანს, ამან კი უთხრა: “მსახური ვარ წმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც დაგსჯის შენ, თავხედს”. და მყისვე დაეცა იგი ბოროტი მტრისგან. მაშინ მისი მეგობრები ცრემლით შეუვრდნენ წმინდანს, რომ განეკურნა იგი, მან კი ჯვარი გადასწერა და უთხრა: “განგკურნებს წმინდა ღვთისმშობელი”. და სწრაფადვე გამოჯანმრთელდა იგი. წმინდანმა უთხრა მას: “საწყალო, რად გამოუძეხი ადამიანებს ჩემთვის ბოროტის გასაკეთებლად?” და უმასპინძლა მათ და გაუშვა მშვიდობით.

ამგვარი სასწაულები ბევრი აღასრულა ამ წმინდანმა და მიაღწია სიბერემდე. ამასთან, სნეულებაც შეეყარა მას ძლიერი ჯაფის გამო და არ შეეძლო თავისი თავის მოვლა. მაშინ თქვა ნეტარმა მატომ: “ეს ხრიკი მტრისგან მოხდა, რომ ქალები მივლიდნენ მე. თუმცაღა ღვთის ნებისანი არიან ეს დები, მაინც უწესობაა ქალთა ხელით მოვლა მონაზონისა. მაგრამ მაქვს მე გამოსავალი, რითაც გავთავისუფლდები [ამისგან]”.

ბერთაში იყვნენ მამა გრიგოლის დედის მსახურთაგანნი ვინმე, მატოის ნათესავები, კარგი მონაზვნები და მისი მეგობრები. მათ აცნობა მატომ და ისინიც სიხარულით მოვიდნენ საკაცით მის წასაყვანად, რადგან დიდი მოღვაწეობის გამო მეტად დაუძლურებული იყო.

ხოლო ყველა და გოდების ცრემლით აივსო, რადგან სულიერი მამისა და მოძღვრისგან ობლდებოდნენ. აკურთხა მან ყველა მათგანი ცრემლით სავსემ, ჯვარი გადასწერა, გამოემშვიდობა და უთხრა: “ქრისტემ დაგიცვათ თავისი ქალწული მშობლის და ყველა წმინდანის მადლით. ამასთან, მუდამჟამს ილოცეთ ჩემთვის”. ანიშნა ძმებს და აიზიდეს იგი საკაცით. როდესაც ცოტა გაიარეს, უბრძანა მათ შეჩერება და თქვა: “უფალო, შენმა სიტყვამ უძლურთა სხეულები ცოცხალ სხეულებად გახადა. მომეცი მეც ძალა, შენს უძლურ მონას”. მყისვე სავსებით გაძლიერდა იგი და თავისი ფეხით მიაღწია ბერთას. დაჰყო [იქ] ერთი წლის დღენი სრულიად ჯანმრთელად, შემდეგ კი გარდაიცვალა ამ საწვალებელი სოფლისგან და მივიდა ცოცხალთა სოფელში ღვთის წინაშე სიხარულით როგორც ქრისტეს მხნე, ახოვანი მოღვაწე, სრულიად ძლევაშემოსილი, და მეოხია ჩვენთვის უკუნისამდე.

39. ხოლო მისი გარდაცვალების დროს ჩვენება იხილეს მერეში სანატრელმა ქალებმა: თემესტია დეკანოზმა და ანატოლე დაყუდებულმა, რომელსაც უწოდეს ანტონიოსი, ორთავემ – სწორედ შუაღამისას, და ეკლესიაში მივიდა ის მარტოდმყოფი ჟამისრეკვის უწინარეს. მაშინვე მივიდა ეკლესიის სტოვამდე დეკანოზიც. მათ მოიკითხეს ერთიმეორე. დეკანოზმა უთხრა: “რის გამოა შენი მოსვლა? მითხარი, რა ნახე?”. მან უთხრა: “შენი ხილვის მსგავსად ვნახე, რადგან ახლა აღესრულა ჩვენი მაკურთხებელი მატოი”. და მოუთხრო მან ყველაფერი: „მოვიდა ვიღაც კაცი, ბრწყინვალედ შემკული, და მითხრა მე: “დიდი მატოი მიიცვლება ღვთის წინაშე, ხოლო შენ გამომყევი მე, რომ ღირსი გახდე მისი ამ სოფლიდან ზეცის სასუფევლისკენ დიდებით მიცვალების ნახვისა”. მეც გავყევი მას, მიმიყვანა კი ბერთის ახლოს ბორცვთან და მითხრა: “გაიხედე ბერთის ზევით და ნახე დიდებული ხილვა”. და ვხედავდი მე სინათლის სვეტს, რაც ჩამოიწეოდა ზეციდან ამ მონასტერზე. იყო სიმრავლე სვეტთან ერთად გადმომავალი წმინდა ანგელოზებისა და ერთი ვინმე, დიაკონის მსგავსად, ოლარით მათთან ერთად, რომლებიც უგალობდნენ ღმერთს ბრწყინვალე მით. კიდევ, ვნახე წმინდა ანგელოზთა კრებული, იმავე სახით აღმავალი ზეცად და სინათლით შემკულ ამ უხორცოებს თავიანთ შუაში ხელმოკიდებით აჰყავდათ წმინდა მატოი, გამოუთქმელი დიდებით გალობდნენ რა: “მაღალთა შინა…”. ესაა ჩემი ხილვა ამ წმინდანის შესახებ”.

მან კი უთხრა: “ჭეშმარიტად სარწმუნოა შენი ეს ჩვენება, მაგრამ ახლა ისმინე ჩემიც, რადგან როგორც თავდაპირველად, სიჭაბუკეში, იყო სანატრელი მატოი ტანადი და მშვენიერი, კიდევ მეტად ვნახე ახლა იგი დიდებით შემკული, შემოსილი ჟამისწირვისთვის წარმოუდგენლად ბრწყინვალე სამოსლით, და ხელში ჰქონდა მას ოქროს საცეცხლურები. მე გამიკვირდა ეს ხილვა და ვუთხარი მე: “როგორ გაძლიერებულხარ უძლურებისგან, მოძღვარო?” მან კი მომიგო: „რომელ საკურთხეველსაც ვმსახურებდი ჩემი სიყრმიდან, ახლა ამ საკურთხევლიდან დაუსრულებლად მისი მსახურებისკენ მივიცვალე, რადგან ღირსი გავხდი ზეცის საკურთხევლის წინაშე წარდგომისა და მარადისმსახურებისა”.

როგორც კი მათ ეს იხილეს, მოვიდნენ ბერთიდან ვიღაცეები და უთხრეს მატოის გარდაცვალება იმავე დროს და ჰმადლობდნენ საკვირველთმოქმედ ქრისტეს.

40. ხოლო ნეტარი გრიგოლის ბევრი სხვა მოწაფე მონაზვნობის უფრო დიდ საზომს იყო მიღწეული, რადგან ზოგჯერ დაინახებოდა მათი სხეულები წმინდა ანგელოზების ბრწყინვალებით შემოსილი მატოზე მეტად და დიდი სასწაულები ხდებოდა მათგან მათი ხორცში ყოფნის დროსაც და მათი სიკვდილის შემდეგაც. ვამბობ კი იმ ქრისტეშემოსილი სარწმუნო შვილის შესახებ, რომელსაც სახელად ეწოდა დიმიტრიოსი, რადგან იგი ნეტარ დედა ფებრონიას გაეზარდა და მამა გრიგოლისთვის დაემოწაფებინა, რომელიც ჩათვლილი იყო მის პირველ მოწაფეებში.

41. მრავალგზის იქნა დანახული ამ ღვთისკაცისგან თავზე სინათლის სვეტი მთელი ღამე, ღამისთევის ლოცვისას, რადგან სულიწმინდა ივანებდა მასზე მარადის. იგი გაემართა იერუსალიმისკენ და როდესაც მიაღწია ჰემსას, ცოტათი დასნეულდა და, სულით შეიცნო რა ღვთისმიერი ხმობა, თავისი  ხელით  დაწერა  ეპისტოლე  ასე:

„ქრისტეს რჩეულნო, სიწმინდის სავანეებო: მამაო გრიგოლ და დედაო ფებრონია, ჩემო სულიერო მშობლებო, რომლებმაც რძის ნაცვლად აღმზარდეთ მოძღვრების სულიერი საზრდოთი და საღვთო სწავლის საგზლით გამგზავნეთ ამ კარგ გზაზე! ახლა ჩემი სიტყვა დუმდება თქვენს მიმართ, უფლის დიდებით მოსვლამდე, რადგან მე ჰემსას მივაღწიე და იქ დამიძინია ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. როდესაც თქვენი მოწაფეები მოითვალოთ, იქ მიკითხეთ თქვენი შვილი და მარადის მომიხსენეთ თქვენს წმინდა ლოცვებში, ღვთის წმინდანებო”.

და იმ დროსვე აღესრულა და დაიმარხა იქვე ჰემსაში.

42. მაგრამ გავიხსენოთ ადრეხსენებული და ყოვლადმოსახსენებელი ღირსი არსენი და ეფრემი, გრიგოლის მოწაფეები და აღზრდილები, რომლებიც ისათნოვა ღვთის ნებამ თავიანთი გონიერი   სამწყსოების მწყემსთმთავრად, რადგან დიდი ეფრემი, არსენზე მრავალი წლით ადრე, აწყურის   საყდრის ეპისკოპოსი გახდა სამცხეში, ხოლო შემდეგ დიდი არსენი კათალიკოსი გახდა კათოლიკე   ეკლესიაში, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელ მცხეთაში, და იყო მათ შორის სიყვარული ერთად გაზრდილობის გამო.

მაგრამ ქართლის ეპისკოპოსები არსენის მამაზე, მირიანზე, ძალიან გაბრაზებულები იყვნენ იმ მიზეზით, რომ მათთან მოთათბირების გარეშე, სამცხის ხალხის მძლავრებით, თავისი ძე მან კათალიკოსად დაადგინა, ცოტა ეპისკოპოსის თანადგომითა და კურთხევით, უფლის დაშვებით კი, მცირედი მხილებისათვის, მოხდა ეპისკოპოსთა აღშფოთება, იქამდე, რომ ნეტარი ეფრემიც მიემხრო მათ, რადგან სამართლიანი იყო ამათი შეპასუხება, და რომელიც იმ დროს ხელმწიფე იყო, მამფალი გუარამ დიდი, მირიანის მიმართ გულძვირად იყო. მან მყისვე ბრძანა ეპისკოპოსებისა და უდაბნოს მამების შეკრება. და ყველანი შეიკრიბნენ ჯავახეთში, მაგრამ მამა გრიგოლი არ იყო იქ, არცთუ კლარჯეთის უდაბნოთა მთელი წინამძღვარი მამები. ნეტარი გრიგოლი კი არქიმანდრიტი იყო და ყველანი წადიერად მოელოდნენ მას, წესის წინამძღვრები მის გარეშე მსჯელობდნენ არსენ კათალიკოსის შესახებ და ვერ დაადგინეს თავიანთი მსჯავრი. მაშინ იმჟამინდელმა ერუშნელმა ეპისკოპოსმა უთხრა ყველას: “როდესაც მოვა უდაბნოთა ვარსკვლავი, მაშინ გასწორდება ყველა საქმე და განზრახვა”. მათ კი უთხრეს: “ვის შესახებ არის ეგ გადაჭრით ნათქვამი?” მან თქვა: “გრიგოლ არქიმანდრიტის შესახებ, ხანცთისა და შატბერდის მაშენებლისა”.

მაშინ ერთმა ვიღაც ეპისკოპოსმა ამპარტავნულად თქვა შეკრებილთა შორის: “მხოლოდ იგია მნათობი ვარსკვლავი?”, მაგრამ სხვა ყველამ თქვა: “ჭეშმარიტს ამბობს, რადგან იგი არის მოძღვრების სინათლით ნათელმყოფელი და სულიწმინდით შემკული”.

და  მყისიერად  დაინახეს  მათ  ეს  წმინდანი,  მომავალი სახედრით მამათა კრებულში. საკვირველი შესახედაობით, რადგან ის უბადრუკი სამოსელი, რაც ემოსა ამ მოხუცებულს, ისე ჩანდა, როგორც მბრწყინავი სინათლე, თვალშეუდგამი, ხოლო მის თავზე კუნკული წარმოჩნდებოდა როგორც სამეფო გვირგვინი, პატიოსანი თვლებისა და ფასდაუდებელი მარგალიტებისგან შემკული; და როდესაც იხილეს მისი ღვთისმიერი დიდებულება, ყველანი სიხარულით მიეგებნენ და მიჰყვნენ მის სიტყვებს სიხარულით.

ამ დროს მოვიდა ეფრემ ეპისკოპოსი და პირველად მოიკითხა თავისი მოძღვარი, მამა გრიგოლი, შემდეგ კი თავისი ძმა-ეპისკოპოსები, ხოლო ნეტარმა გრიგოლმა ფარულად მოუხმო ნეტარ ეფრემს და უთხრა მას: “შვილო, წმინდა მღვდელმთავრობის მაგ პატივს გაფიცებ, ნუ უშლი ხელს შენს სულიერ ძმას არსენს”, მან კი მიუგო: “წმინდა მამაო, არ შეიძლება ჩემს ძმა ეპისკოპოსებთან შეპაექრება სიმართლის გამო და მეც შემინდე, რადგან არ ვარ ამიერიდან არსენის ცხვარი და არც იგი – ჩემი მწყემსი”. მაშინ წმინდანმა მწყრალად უთხრა: “თუ ამას გააკეთებ, ეფრემ, უარმყავი მე, რომ არ ვარ შენი მოძღვარი”. ნეტარი ეფრემი სულიერი მამისა და მოძღვრის ამ სიტყვაზე ატირდა და უთხრა: “მკაცრია ეს ბრძანება, მახვილზე მეტად გამკვეთი. ახლა შენი ნება იყოს და არა ნება ჩემი, ღვთის წმინდანო”, მან კი უთხრა: „ეფრემ სანატრელო, გისმინოს ქრისტემ, რასაც ითხოვ მისგან შენ, გულით უმანკოო და გონებით წრფელო, მიმსგავსებულო შენს მოძღვარს ქრისტეს, დავითის სიტყვისებრ: “რადგან წრფელია ჩვენი უფალი ღმერთი და არ არის სიცრუე მასთან”, და შენ იცი შენი ღვთისმხილველი სულით, რომ ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები არსენის კათალიკოსობა მისი სრულქმნილების გამო, მაგრამ მირიანმა, მისმა მამამ, სააუგო გახადა იგი უდროო აჩქარებულობით, ისევე როგორც ადამმა ჭამა ის ნაყოფი, რომელიც ჯერ არ იყო მწიფე. ახლა შენ კარგად გააკეთე, რომ ისმინე ჩემი, რადგან ადამიანის გულისწყრომა ღვთის სიმართლეს არ იზამს, ხოლო არსენის ეს დანაშაული ჩემზე იყოს”.

ამის შემდეგ, როდესაც გაიგო გუარამ ხელმწიფემ ამ ნეტართა მოსვლა, წინ მიეგება მათ სიხარულით და მოიკითხა თავმდაბლურად. როდესაც დასხდნენ, ბრძანა გუარამმა ყველა მოწესის შემოკრება და მოვიდნენ რა, მაშინ თქვა: “წმინდა მამებო, ეპისკოპოსებო და მეუდაბნოეებო, ყველამ იცით სჯულის კანონი, რადგან არ ბრძანებსიგი ეპისკოპოსისა და კათალიკოსის ძალმომრეობით დადგომას”, და ამის თქმისას სააუგო სიტყვები გაამრავლა, ელოდა კი პასუხს იმათგან; მაგრამ ყველას თვალები შეჰმზერდა მამა გრიგოლს და ეპისკოპოს ეფრემს, ხოლო მათ დაიდუმეს გარკვეული დროით.

მაშინ ეპისკოპოსებმა უთხრეს ეფრემს: “ბრძანე პასუხი, რაც საჭიროა”, მან კი თქვა: “სადაც მამა გრიგოლი იქნება, მე იქ არ ვიკადრებ სიტყვის თქმას”. მაშინ ხელმწიფემ უთხრა ნეტარ გრიგოლს: “მამაო, ყველა შენ გელის ჭეშმარიტების სათქმელად, რადგან ყველაზე უფროსი ხარ ასაკითაც და ღვთის ნების სათნომყოფელობითაც, და შენგანაა მართებული სიტყვის დაწყება”. ხოლო მან თქვა: “მართებული იყო პირველად მღვდელთმოძღვრებისგან ბრძანება, მაგრამ ახლა, შენი სიტყვის შესაბამისად, ვიტყვი ასე: ჭეშმარიტმა ქრისტეს სამწყსოებმა ისმინეთ ამ გლახაკი მოხუცებულისა, რომ არსენ კათალიკოსი ღვთის ნებით არის კათალიკოსი და მასზე აუგის მთქმელნი, რომლებიც არ მოინანიებენ, თავმოჭრილები იქნებიან და სრულიად შერცხვებათ ამ საწუთროშიც და იმ საუკუნოშიც”.

მაგრამ ხელმწიფე კი, თუმცაღა იყო იგი ბრძენი და ღვთისმსახური, ამ მართალი კაცისგან მართლმხილების გამო ძალიან შეშფოთდა, რადგან ნება სიბრძნეს სძლევდა და შური ღირსებას არ ერიდებოდა, შესაცნობი გახდა რა გულის გესლი ბაგეებისგან, დაუფიქრებლად სიტყვის ასე გაშვებით: “დიდი ხანია არ მენახა მამა გრიგოლი, მაგრამ მესმოდა, რომ ბრძენთაგან დაუტევი მისი სიბრძნე შეცვლილია სიბერითო და ადრე გაგონილი თვალით ვნახე”, თან სჯულის ბევრ სიტყვასაც ამბობდა იგი, რაც არ შეჰფერის ერისკაცებს, რადგან იყო იგი მეტად სიტყვახელოვანი.

ხოლო ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა მას: “ჰოი ხელმწიფეო, რად მრისხანდები ჭეშმარიტების გამო? ეს იცოდე, რომ პირველი წმინდა მამების შეკრებაზე ეპისკოპოსებთან და წესის წინამძღვარ მონაზვნებთან ერთად იყვნენ პირველი მორწმუნე მეფეები, მაგრამ არათუ მათთან  ერთად  სჯულის  სწავლებას  იკადრებდნენ  ისინი, არამედ  მათეულ  გამოძიებას სჯულისას გამოიკითხავდნენ და  ითხოვდნენ სიტყვის განმარტებას, რადგან მათ მიერ სწავლობდნენ ღვთის მცნებებს და მათ სიტყვებს ემოწმებოდნენ; არც წმინდა მოციქულებისა და ღირსი მღვდელთმოძღვრების მიერ განსაზღვრულ   კანონშია ნაბრძანები, რომ შეჰკადრებდეს ერისკაცი ეპისკოპოსთა და წესის წინამძღვარ მამათა   საგამგებლო მოძღვრებას ანდა ახალსახეობას შემოიღებდეს, თუნდაც რომ სამართლიანი ჩანდეს;    პირიქით, სჯულისა და მღვდელთმოძღვართა არად ჩაგდებაა ეს, ხოლო მე ახლა შენი სიტყვისებრ,  გუარამ, ვარ გონებაშეცვლილი, მაგრამ როდესაც სამართალი გაგასამართლებს, მაშინ ნახავ შენს თავს  გონდაკარგულს და ჩემს სიტყვებს აღარ დაგმობ”.

ხოლო ხელმწიფე შეძრწუნდა გონებით და უთხრა ეპისკოპოსებს: “თქვენგან შეჰფერის თქვენი  საგამგებლოს განგება. ახლა თქვით!” და მათ უთხრეს: “ღვთისმსახურო გუარამ, ქრისტესმიერმა  სასწაულმა დაამუნჯა ჩვენი ენა, რადგან ვნახეთ დღეს გრიგოლზე მიუწვდომელი დიდება”, და აუწყეს   მას მთელი ის ხილვა, რაც ნახეს მისი [გრიგოლის.] შემოსვლისას.

მაშინ თავზარი დაეცა ხელმწიფეს და რადგან იყო იგი თავმდაბალი და ღვთისმოშიში, სძლია მას თავმდაბლობამ, შეუვრდა ნეტარ გრიგოლს და უთხრა: “ღვთის წმინდანო, შემინდე, რადგან დაგაბრკოლე”, მან კი უთხრა: „ქრისტემ შეგინდოს ყველა დანაშაული”.

მაშინ გუარამმა, დიდმა ხელმწიფემ, კარგად უმასპინძლა ყველას და პურისჭამისას, როდესაც გუარამი გამხიარულდა ღვინისგან, მაშინ ეპისკოპოსებმა ერთობლივად თქვეს: “საჭირო იყო ეს მხილება   არსენისთვის, მაგრამ ახლა, ამიერიდან არსენი იყოს კათალიკოსი მთელი ქართლისა და ყველას სულიერად მამა, თავდაპირველი ეჭვი კი ყველაში სრულიად გამქრალი იყოს, რომ ჩვენი პატივი ქრისტიანობისა  მშვიდობით და სიწყნარით აღვასრულოთ და  კარგი პასუხი მოვიპოვოთ ქრისტეს  საყდართა წინაშე”.

გუარამ ხელმწიფემ და მთელმა ერმა თქვეს: “ამინ, იყოს!”

ამასთან, ხელმწიფემ გამოიკითხა ეპისკოპოსთაგან: “ღვთის წმინდანებო, თუკი ჩვენი ქვეყნის ვიღაც ერისკაცი, საღვთო წიგნების მცოდნე და ენებშიც გაწაფული, მივა იერუსალიმში ან სხვა წმინდა ადგილას და ნახავს რაიმე კარგ წესს, რაც ქრისტიანობას შეეფერება და ჩვენში არ არის, ან თუნდაც წმინდა წიგნებისგან გაიგებს იგი [ასეთ რამეს] და თვითნებურად აუწყებს უსწავლელ ხალხს, კარგი იქნება თუ ცუდი?” (ხოლო როდესაც იგი ამას ამბობდა, კიცხავდა ვიღაც მრავლისმეტყველებს).

მათ უთხრეს: “დაწერილია: “განსაზღვრული ტვირთი ეყოფა ნავს; თუ დაუმძიმებ, დაინთქმება. და თუ მსუბუქად იქნება, ქარები და ტალღები გაიტაცებს”. ასევე, სჯულის ტვირთი და ქრისტიანობის წესი, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანას აქვს დაცული, მეტად კარგია და ღმერთი კმაყოფილია, და ჩვენ ვართ თავდები იმისა, რომ თუკი ვინმე მტკიცედ დაიცავს მას და უცვლელად აღასრულებს საქმით (არათუ სიტყვით ივაჭრებს), “ას წილს აქვე მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს” უფლის სიტყვისებრ; ამასთან, შევიწყნარეთ მამა გრიგოლის თავდაპირველი სიტყვა, რაც წარმოთქვა, ჩვენ კი ამას ვამბობთ: თუკი ერისკაცი გაიგებს რაღაც ახალ კარგ წესს, შენი ბრძანებისამებრ, უმჯობესია დუმილი, როგორც თქვა იაკობ მოციქულმა: “ნუ მოძღვრავთ ბევრნი, ძმანო”, მაგრამ თუ დუმილს ვერ შეძლებს, თვითნებურად არ იქადაგოს, არამედ აუწყოს თავის ეპისკოპოსს და თუ საჭირო იქნება, მან ასწავლოს თავის სამწყსოს; ამასთან, თუ ამპარტავნულად ითავხედებს ეს ერისკაცი და ხალხს პირველად დაუდებს სხვა წესს, ამგვარი ვინმე, ნაცვლად სარგებლისა, მოცილეებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად დაისჯება უფლის დიდებით მოსვლის დროს”.

ხელმწიფემ თქვა: “ჭეშმარიტად სამართლიანია საღვთო განგების ეგ სულიერი სამსჯავრო და თუკი წიგნისმკითხველს ჰმართებს, რომ გამოიკითხოს, უფრო მეტად ესაჭიროება გამოკითხვა წესისა და სჯულის მასწავლებელს, და ყოვლითურთ თავის შეკავება, როგორც ამბობს [უფალი]: “მკურნალო, პირველად განიკურნე შენი თავი”.

ერისკაცებმა სირცხვილი განიცადეს, მოხდა რა მხილება უვიცებისგან წესის დადებისა, და მიიღეს მათ შენდობა სჯულის წინამძღვართაგან.

როდესაც დაასრულეს პურისჭამა, გამოემშვიდობნენ ამ დიდ მთავარს და მანაც სიხარულით გაუშვა ყველა.

მაშინ ახარეს არსენს (რადგან იგი კრებაზე არ იყო): “ღვთის შემდეგ შენმა მოძღვარმა მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათალიკოსობა”. ისიც სიხარულით ჰმადლობდა ქრისტეს და ამ წმინდანს.

ხოლო ეფრემ ეპისკოპოსმა, მამა გრიგოლის მცნებისამებრ, ადრინდელივით განაახლა არსენ კათალიკოსის სიყვარული, რადგან მალევე დააწყნარა მან დიდხანს გახანგრძლივებადი მშფოთვარება, რაც არსებობდა კათალიკოსსა და ეპისკოპოსებს (უფრო კი გუარამ ხელმწიფეს) შორის. სანატრელი არსენ კათალიკოსი და ეფრემ ეპისკოპოსი მოდიოდნენ თავიანთი მოძღვრის, მამა გრიგოლის, სანახავად. ამასთან, ხანცთის ძველი ეკლესია არსენ კათალიკოსმა აკურთხა და ქართლის ყველა ეკლესიას სიხარული მიჰფინა მან, რადგან მთლიანად შეამკო მამამთავრობის საყდარი და შეიმკო მადლით, ხოლო როდესაც მამაგრიგოლი გარდაიცვალა, მის დასაფლავებაზეც იყო არსენი, რომელიც ოცდაშვიდი წელი კათალიკოსობდა, შემდეგ კი გარდაიცვალა ამ სოფლიდან, მხიარულად მივიდა ქრისტეს წინაშე და აქვს მას მადლი ჩვენს შესაწევნელად.

43. ხოლო დიდი ეფრემი ბევრი სიკეთის მომნიჭებელი გაუხდა ჩვენს ქვეყანას, რადგან თავდაპირველად აღმოსავლეთის კათალიკოსები მირონს იერუსალიმიდან მოაბრძანებდნენ, ეფრემმა კი, ქრისტესმიერი ბრძანებით, ქართლში დააწესა მირონის კურთხევა, იერუსალიმის პატრიარქის განჩინებითა და სიხარულისმიერი თანხმობით, ქართლად კი ბევრი ქვეყანა აღირაცხება, რომელშიც ქართული ენით შეიწირება ჟამი და სრულდება ყველა ლოცვა, ხოლო “კვირიელეისონი” ბერძნულად ითქმება, რაც არის ქართულად: “უფალო, წყალობა ჰყავი”, ანდა: “უფალო, შეგვიწყალე”.

ეს ნეტარი ეფრემი ორმოცი წელი ეპისკოპოსობდა, იყო რა სულიწმინდით შემკული, რადგან ადამიანთა დაფარულ საქმეს, როგორც ცხადს, ისე ამხელდა და სასიკვდილოდ განწირულ სნეულებს სიტყვით მყის განჰკურნებდა, ხოლო ურჩებს სიტყვითვე მოაკვდინებდა, და ბევრ სხვა სასწაულსაც მოქმედებდა. იგი კარგ სიბერეში გარდაიცვალა მადლით სავსე, სიხარულით მივიდა ქრისტეს წინაშე და ჩვენ, მორწმუნეებისთვის, მეოხი არის უკუნისამდე.

44. ამგვარები იყვნენ მამა გრიგოლის მოწაფეები, ხოლო დიდმა ეპიფანემ თავისი თავმდაბლობით მიაღწია თავისი მოძღვრის საზომამდე. იგი ცრემლთა ფრქვევით დევნიდა უკეთურ სულებს, სნეულებს მყისვე ჰკურნებდა და მრავალ სხვა სასწაულსაც მოქმედებდა, გვემით განსწავლიდა რა ურჩებს და მორწმუნეებს კი ლოცვით სიკვდილისგან იხსნიდა. მართლაც, ერთხელ, ზაფხულის დროს, ხორასუნის მთებზე ჩამოდიოდა იგი და მასთან ერთად ძმები. ნახეს მათ მოხერხებული ადგილი და პურის საჭმელად დასხდნენ. ამავე გზაზე მოდიოდა ვიღაც ქალი და თან ჰყავდა მას შვიდი წლის ძე. ეს ბიჭი იყო შესახედავად კარგი და ფხიზელი გონების. როდესაც ისინი მოვიდნენ ნეტარი მამა ეპიფანეს თვალსაწიერზე, ამ ბიჭს სიკვდილის ტკივილები ეწია და მძაფრი სენის გამო სული სხეულისგან გასვლას ჩქარობდა, მაგრამ მისმა დედამ მწარე გოდებით აიტაცა თავისი ძე და მირბოდა რა წმინდანისკენ, ხმობდა ასე საწყლად: “ჰოი ღვთის წმინდანო, შემეწიე მე, შეუწევნელს, რადგან მიკვდება ჩემი შვილი, და ღვთის შემდეგ შენდამი მოვილტვი”; და დააგდო მან თავისი ძე ეპიფანეს ფეხების წინ, ის კი ადგა ცრემლით სავსე, რადგან ბუნებით იყო მოწყალე, დავარდა ქრისტეს წინაშე და თქვა: “უფალო ღმერთო ჩვენო, იესო ქრისტე, ნახე ჩემი ცრემლები და ცრემლები ამ საწყალი ქალისა, წყალობა მოიღე ამ ბიჭზე და უბრძანე ამის სულს მკვიდრობა თავის სხეულში მრავალი წელი, ამ გლახაკის ნუგეშსაცემად და შენი, ერთადერთი ძის, სადიდებლად მამითა და სულიწმიდითურთ საუკუნეთა მიმართ. ამინ”.

გადასწერა მან ჯვარი, მოჰკიდა ხელი და უთხრა: “განგკურნებს უფალი იესო ქრისტე, ადექი, ბიჭო, და ჯანმრთელი იყავი!” მყისვე გაშორდა მას ტკივილი და უძლურება თავის სხეულში და ყოველგვარი წუხილი თავის სულში. ადგა ეპიფანე მხიარული, მისცა იგი თავის დედას და უბრძანა საჭმლის მიცემა, დედაკაცმა კი სიხარულით მადლობა შესწირა ღმერთსა და ამ წმინდანს და მშვიდობიანად წავიდნენ ერთად ის და მისი ძე თავიანთ გზაზე. ეს ბიჭი სიბერემდე კარგად ცხოვრობდა და ადიდებდა    ღმერთს.

45. და კიდევ, ვიღაც სხვა მორწმუნე ადამიანებს ჰყავდათ შვილი, პატარა ბიჭი, მტრისგან ტანჯული შობიდანვე, იყო რა ყრუ, მუნჯი და გონებანაკლული, ხოლო ტანის შესახედაობით საღი ჩანდა და იზრდებოდა ისე, როგორც სხვა ბავშვი, როდესაც გახდა იგი ათი წლის, იმ დროს მამა ეპიფანე ითქმოდა სასწაულთმოქმედად, რომელიც მივიდა იმ სოფელში, სადაც იყო ეს ტანჯული ბავშვი; დედამ წაიყვანა ბავშვი იმ გზაზე, მამა ეპიფანეს რომ უნდა გაევლო, და დაინახა რა იგი, ევედრებოდა მას მწარე ცრემლით და მტკიცე სარწმუნოებით თავისი ძის გამო, ამ ნეტარმა კი, ტიროდა რა კვნესით, ტკივილიანად წარმოთქვა: „ქრისტე ღმერთო, რომელიც კაცთმოყვარების გამო განკაცდი და იტანჯე ტანჯულთა განკურნებისთვის, ახლა, უფალო მოწყალეო, რად იგვემება ეშმაკისგან შენი ეს უცოდველი დაბადებული ცოდვათა ჩვენთა სამხილებლად? შენ, წყალობააურაცხელო ღმერთო, შვება მიეცი და გაათავისუფლე იგი ყველა ჭირისგან და სიხარული მიეცი მის მშობლებს”. და გადასწერა ჯვარი ბავშვს და მისცა იგი თავის დედას განკურნებული, რადგან მყისვე ბრძნულად ამეტყველდა ეს მუნჯი და კარგად ესმოდა მას, უსმენოს, როდესაც განდევნა მისგან ბოროტი ეშმაკი ამ ნეტარი კაცის ლოცვამ, და ვინც ნახა ეს საკვირველება, ადიდებდა ღმერთს.

46. იმ დედაკაცმა კი მოიყვანა თავისი ქმარი და შესაწირავად ორი ძროხა უძღვნა ეტვიფანეს, მაგრამ მან აჩუქა ეს ძროხები იმ განკურნებულ ბავშვს და აკურთხა ისინი, რომლებიც გახარებულები წავიდნენ და მადლობა უძღვნეს ღმერთს.

47. ეგევე ნეტარი ეპიფანე ერთხელ მივიდა დიდ აბულასათთან მკის დროს, ხანცთისთვის როჭიკის სათხოვად, ხოლო მან უთხრა: “შენი ძმები ერთ დღეში რასაც მომკიან, მომიცია. აბულასათმა ეგევე ამცნო თავის ცოლს, რადგან იყო გუნათლეში [მცხოვრები] და თვითონ წავიდა სხვა მხარეში. ეპიფანემ შეკრიბა თავისი ძმები, კარგი მომკელები, და მივიდნენ გუნათლეში პირველთქმული სიტყვისამებრ. დაიწყეს მათ კარგი ყანის მკა დიდი გულმოდგინებით ვიდრე დღის განახევრებამდე, ხოლო ვიღაც უკეთურმა ადამიანებმა აცნობეს თავიანთ ქალბატონს, რომ საღამომდე მთლიანად მომკიდნენ ისინი ძალიან კარგ ხორბალს. მანაც დაიმწუხრა და გააგზავნა მათთან კაცი, რომ აღარ მკიდნენ. ეპიფანე ძმებისგან მოშორებული იყო, იმათ კი [ქალბატონისგან] გაგზავნილს არ მოუსმინეს.

ხოლო ქალბატონმა გულისწყრომით გააგზავნა სხვა კაცები, რომლებმაც ძალით გააძევეს ისინი იმ ყანიდან. მაშინ მამა ეპიფანე გაუნაწყენდა ძმებს, რომ მათ არ ისმინეს იმ კაცისა, რომელიც თავდაპირველად იყო გამოგზავნილი, რადგან იგი (ეპიფანე) ჭეშმარიტად იყო ქრისტეს მონა და არ უნდოდა შფოთის ხილვა. ამის გამო ასე თქვა მან: “უფალო, შეუნდე შენს მხევალს ეს ჩვენი შეურაცხყოფა და უმჯობესი იზრუნე მისთვის განსაცდელთა დაშვებით მცირედ, რომ ისწავლოს მან არდაგმობა გლახაკებისა”.

და მაშინვე დასცა ის [ქალი] უკეთურმა სულმა, რადგან თავისი კადნიერების გამო გაშორდა მას მადლის სული. მყისვე აცნობეს ეს ეპიფანეს, ხოლო იგი მივიდა მასთან თავის ძმებთან ერთად და მთელი გულით ულოცეს, იყო რა იგი ძალიან საწყლად, და მყისვე განიკურნა, რადგან კვლავ დამკვიდრდა მასთან მადლის სული მის მცველად უკუნისამდე და აღარ ვნებულა. მაშინვე სიკარგით შეიცვალა იგი, შეუვრდა ეპიფანეს და მის ძმებს და დიდი სიკეთით გაუშვა ისინი გახარებულნი.

მართლაც, ქრისტემ შეამკო სასწაულითა და თავმდაბლობით როგორც მამა გრიგოლი, ასევე მისი მოწაფეები, მოციქულის სიტყვისებრ: “თქვენი ეგ სიმდაბლე ცხადი გახდეს!” ამის გამო ცხადლივ გამოჩნდა ეპიფანეს მეტისმეტი თავმდაბლობა ამგვარად:

48. მოხდა ერთხელ, რომ რომელიღაც ჟამს ვიღაც ძმები, კეთილი მონაზვნები, მოსულები იყვნენ ნეძვიდან და განცალკევებით საუბრისას ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა მათ: “სრული თავმდაბლობა საქმით და არა სიტყვით არის კი თქვენს მონასტერში ძმათა შორის?” მათ უთხრეს: “არის შენი ლოცვით, როგორც თვითონვე იცი”. მათს ამ სიტყვაზე დარეკეს ჟამი ჟამისწირვისთვის და როდესაც ნეტარმა გრიგოლმა დაიწყო ჟამი, ჰკითხა მას დეკანოზმა საზოგადო ჟამისმწირველის შესახებ, ხოლო მან ეპიფანესთვის ბრძანა ჟამისმწირველობა, რადგან იგი ჰყავდა დადგენილი ხანცთაში მამასახლისად. ეპიფანე შეიმოსა ჟამის შესაწირად და სხვა მღვდლებიც მასთან ერთად, რადგან კვირა იყო ის დღე. როდესაც ავიდნენ საკურთხეველთან და ეპიფანემ “წმიდაო ღმერთო”-ს წინა ასამაღლებლის თქმა დაიწყო, საკურთხეველთან ავიდა აგრეთვე მამა გრიგოლი, კვერთხი დაარტყა თავზე ეპიფანეს და უთხრა: “დადუმდი!”, ხოლო იგი უშფოთველად დადუმდა. უბრძანა მას გრიგოლმა სადიაკონეში წასვლა და განმოსვა.

მაშინ მთელი კრებული გაკვირვების თავზარმა აავსო, ხოლო ეპიფანე წავიდა და განიმოსა, შემდეგ მივიდა და დადგა თავისი მოძღვრის წინ ხანგრძლივად, მან კი კვლავ უბრძანა შემოსვა და ჟამისმწირველობა. ისიც სიხარულით შეიმოსა და შეუვრდა ნეტარ გრიგოლს, ხოლო მან ჯვარი გადასწერა და ავიდა საკურთხეველთან ეპიფანე, ამპარტავნების სენთა დამძლევი, და დაიწყო მან უსისხლო მსხვერპლთა შეწირვა. ამ საქმის მიზეზის კითხვა კი წმინდანისათვის ვერავინ იკადრა, ვიდრე თვითონ არ ბრძანა ეს ნეძველი ძმების მიმართ:

“ნახეთ, საყვარელო ძმებო, საქმით სრული თავმდაბლობა ეპიფანესი? გწამდეთ ჩემი, ჭეშმარიტს ვამბობ ღვთის წინაშე: არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია მას, რადგან მისი ღვთისმოშიშების, სიწმინდისა და სიმდაბლის გამო სულიწმინდის მადლი მუდამჟამს მასთან არის დავანებული. მართალია, არსებობს დამდაბლებულის თავმდაბლობა დანაშაულთა გამო, მაგრამ “რა თანასწორობა არის სინათლესა და სიბნელეს შორის?” მართლაც, ჭეშმარიტი სინათლის სამოსელი ჰმოსავს მას ამ მრავალ ძმას შორის, რომლებიც ღირსეული თავმდაბლობით შემკობილები არიან. და ეს თქვენს დასანახად გავაკეთე, რადგან თქვით თქვენი ძმების სრული საღვთო სიმდაბლე”.

ისინი კი შეუვრდნენ და უთხრეს: “თუმცაღა კარგები არიან სათნოებით ჩვენი მონასტრის ძმები, მაგრამ ეს თავმდაბლობა არ ძალუძთ”.

და როდესაც ჟამი შეწირა წმინდა ეპიფანემ, ყველანი ეზიარნენ წმინდა საიდუმლოს – ქრისტეს ხორცსა და სისხლს, და ერთობლივად უძღვნეს მადლობა წმინდა სამებას, ყოველთა დამბადებელს.

49. ხოლო შატბერდის მამებს შორის ბევრი იყო შემდეგ და შემდეგ მონაზვნობის მხნეობით გამორჩეული, ზოგი კი წინასწარმეტყველების მადლით მბრწყინავი, მსგავსად სხვა უდაბნოებისა, სადაც ჟამიდან ჟამზე გამობრწყინდებოდნენ წმინდა ადამიანები. მათ შორის ჩვენს დროს მიძნაძოროს ხევში ბრწყინავდა დიდი იაკობი, როგორც მნათობი ვარსკვლავთა შორის, ჩვენს სიტყვაზე აღმატებულად შემკული, საღვთო მეგობრებთან ერთად, მრავალგვარი მადლით; თუმცა ამ წიგნის გავრცობის შიშით გვერდი ავუარე ყველა მათგანს და მივედი ჩვენი ნეტარი მამა გრიგოლის სასწაულებამდე, რაც კი გავიგეთ სარწმუნო ადამიანებისგან. ამასთან, ყველაფრის აღწერა ვერ შევძელი უმეცრების გამო, რადგან ვფიქრობდი, რომ მის ცხოვრებას დაწერდნენ ბრძენი და სრულქმნილი მამები, რომლებიც იყვნენ ჩვენს დროში: დიდი სოფრონი, სანატრელი მამა, შატბერდის ეკლესიის განახლებით აღმშენებელი და უკუნისამდე მისი გვირგვინი, ასევე ღმერთშემოსილი მამა ილარიონ პარეხელი და ღირსი მღვდელთმოძღვრები ქრისტესი: გიორგი, მაწყვერელი ეპისკოპოსი, და სტეფანე, მტბევარი ეპისკოპოსი პირველი, ან კიდევ მათი მსგავსი სხვები; მაგრამ როდესაც ამ ნეტარებმა დაიძინეს, მაშინღა გამეღვიძა მე, უცოდინარსა და მეტად ცოდვილს, რომ დამეწყო და აღმეწერა ცხოვრება და ის სასწაულები, რასაც ახლა გაიგონებთ:

50. ერთხელ იყო ნეტარი გრიგოლი თავის სამყოფელ სენაკში (ამ სენაკში, ისევე როგორც სხვა ძმების [სენაკებში], ცეცხლი არასოდეს დანთებულა და კანდელიც არ ანთებულა). ცისკრის ჟამს დეკანოზმა უთხრა მნათეს: “მიდი მამასთან და მიაყურადე, სძინავს თუ ღვიძავს”, მან კი, როდესაც მივიდა, დაინახა დიდძალი ბრწყინვალება სენაკში შიგნიდან, სწრაფად მორბოდა და დაიძახა: “ცეცხლია მოდებული მამის სენაკში”.

უთხრა მას დეკანოზმა: “დადუმდი, შვილო, და ნუ გეშინია! არ არის ის ცეცხლი დამწველი, არამედ – ღვთის სული ნათელმყოფელი”, რადგან ამ დეკანოზს მრავალგზის დაენახა ეს დიდებული სანახაობა და როცა მივიდა სენაკთან და შეიხედა კედლის ნაპრალში, დაინახა წმინდანი ხელგაწვდენით და მისი სხეულიდან გამოდიოდა სინათლის ისრები ჯვრისსახედ. და დიდებით იყო შემკული იგი და ისე ბრწყინავდა, როგორც მზე, ხოლო დეკანოზი სიხარულით ჰმადლობდა ქრისტეს და ხანგრძლივად დააყოვნა მან ჟამისრეკვა, სანამ არ შეიცვალა ეს სანახაობა.

51. და კიდევ, ერთხელ ყინვის დროს ძმები ხანცთის ტყეში ქვევით ყრიდნენ ძელს. მათთან იყო   ნეტარი გრიგოლიც, გამოსაჩენ ადგილას მდგარი. რომელიღაც მოხუცებული ძმა ძელის გასავლელ   ძნელ ადგილზე გადიოდა, სხვა ძმებმა კი, არ იცოდნენ რა ეს, ძალიან დიდი ძელი დაუშვეს. როდესაც  ამ ძმამ დაინახა ძალუმად მომავალი ძელი, მეტად შეშინდა, გაქცევის [ძალა] მოესპო მას და დიდი   ხმით დაიძახა: “მამაო, შემეწიე!” მან კი ჯვარი გადასწერა ძელს და უთხრა: “ქრისტეს სახელით, შეჩერდი ძელო!” და მისმა სიტყვამ, როგორც შეუძრავმა კლდემ, ფრიალო ადგილზე გააჩერა იგი, მყინვარზე საშინლად დაქანებული, ძმას კი უბრძანა გულდადებულად გასვლა. როდესაც ნახეს ეს სასწაული,  გაუკვირდათ ძმებს და ადიდებდნენ ღმერთს.

52. ამის შემდეგ იყო ერთხელ ეს ნეტარი შატბერდის მახლობლად და მოვიდა მასთან სარწმუნოებით ვიღაც ქალი, ვისაც ხელთ ჰყავდა თავისი პატარა ძე დაახლოებით ორი წლისა, რომლის ხელები და ფეხები მტრისგან იყო წართმეული და პირი მოღრეცოდა. მოვიდა ეს ქალი ბევრი ცრემლით, თავისი ძე დააგდო წმინდანის ფერხთით და ასე უთხრა: “ღვთის წმინდანო, წყალობა უყავი ამას, ადამიანთაგან განწირულს, რადგან ღვთის შემდეგ შენსკენ მოვილტვი”. როდესაც დაინახა წმინდანმა მისი მეტისმეტი გოდება, შეებრალა და მისმა ცრემლებმა დენა დაიწყო, რაც ღუმელად გაუხდა მტერს, რადგან ადამიანებისთვის უხილავად წვავდა ამ ტირანს, უკეთურ ეშმაკს, გრიგოლის ლოცვები და დევნიდა მას.

მაშინ გრიგოლმა თქვა: “ქრისტეს სახელი გაძევებს, ეშმაკო, გაშორდი ამ უმანკო ჩვილს უკუნისამდე”. გადასწერა ჯვარი და მყისვე გარბოდა ბოროტი სული და მთლიანად განიკურნა ის ბავშვი, მისი მშობელი კი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და ამ წმინდანს. გახარებულები წავიდნენ ისინი თავიანთ სახლში და იმ ბავშვმა სავსებით ჯანმრთელად იცოცხლა.

53. და კიდევ, იყო ვიღაც სხვა ქალი, დიდი ხნიდან სისხლისდენით ტანჯული. მან გაიგო ეს სასწაული, გულმოდგინედ მივიდა წმინდანთან და არ შეეძლო თავისი სენის გამოცხადება, არამედ მდუმარე ოხვრით ასველებდა მის ფეხებს ცრემლით და ითხოვდა განკურნებას. წმინდანის ნიშანზე ძმები ცოტა ხანს მოშორდნენ მათ, რადგან სულით ცნო მან დაფარული ვნებულება და მისცა მას თავის მარჯვენა, რომ მიედო. მანაც გააკეთა ასე და მაშინვე განიკურნა უძლურებისგან; გახარებული წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.

54. ნეტარი მამა გრიგოლის კარგი სათნოება საკვირველებით არის სავსე, რადგან შატბერდის მახლობლად იყო ვიღაც მდაბიო კაცი, რომელსაც ჰყავდა ცოლი და ჰყავდა შვილები, ამასთან ჰქონდა დიდი ქონება და სიხარულში იყო მათი ცხოვრება, რადგან კეთილმორწმუნეები იყვნენ ისინი, მაგრამ ქალს მისდა სასიკეთოდ უძლურება შეემთხვა, რომ ამ მართალი კაცის ხელით ქრისტეს განეკურნა იგი და მტერი კი შერცხვენილი განექიქებინა, რომელმაც თავისი მზაკვრობით მისი ხელების ათივე თითი მის ხელისგულებს დააკრა და ძალუმად ტანჯავდა ბოროტი ტეხით . მაშინ საღვთო მცნობელობამ მიახვედრა მას ნეტარი მამა გრიგოლის ღირსება. ამ ქალმა დაუყოვნებლივ თან წაიყვანა თავისი ერთი ძე და მივიდა ამ ნეტართან (ღვთის ნებით წმინდანი იმყოფებოდა შატბერდის ერთ-ერთ დაბაში), დაიწყო მისდამი ვედრება ბევრი ცრემლით და იმ უძლურებაზე გოდებით, რაც მას შეემთხვა. როდესაც გრიგოლმა ნახა მისი სარწმუნოება და ცრემლები, შეებრალა იგი ძალიან. მაშინ უბრძანა მან ერთ მღვდელთაგანს ეკლესიაში წასვლა და მოტანა ევლოგიისა, – იმ კანდელისგან, რომელიც ჩაუქრობლად ანთია წმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ, თავად კი დადგა ხელგაწვდენით, ღვთის წინაშე სალოცავად, დაუდუმებელი ოხვრითა და წყაროსებრ მდინარე ცრემლით, ვიდრე იმ მღვდლის მოსვლამდე, და როდესაც მიიღო იმ კანდელის ზეთი, მოუხმო ამ ქალს, მის ხელებს ჯვარი გადასწერა, სცხო ზეთი ჯვრისსახედ წმინდა სამების სახელითა და წმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და თქვა: “განკურნებული იყოს შენი ხელები”. მყისვე გასწორდა მისი ყველა თითი და საერთოდ აღარ დააჩნდა მას ვნებულება, რადგან მავნებელი ეშმაკი თავზარდაცემული გარბოდა ნეტარი გრიგოლის ლოცვებით. ასე სიხარულით წავიდა იგი თავის სახლში და ადიდებდა ქრისტე ღმერთს.

და კიდევ, ამ ქალმა წაიყვანა ქმარი და თავისი შვილები და დიდი შესაწირავი უძღვნა წმინდანს. ყველა მათგანმა კურთხევა მიიღო და წავიდნენ გახარებულები, ქადაგებდნენ რა სასწაულს მრავალთა შორის.

55. ხოლო ამ წმინდანის დროს ხელმწიფემ აშოტ კურაპალატმა დაიპყრო ბევრი მხარე და ააშენა არტანუჯის ციხე დედოფლის, თავისი მეუღლის საცხოვრებლად და ამ ციხეში კარგად ცხოვრობდა იგი მრავალი წელი. მაგრამ აცთუნა მტერმა ეს ხელმწიფე და მოიყვანა მან ციხეში მეძავი ქალი, რომელთანაც მრუშობდა, რადგან ავხორცობის ეშმაკი მეტად აღაგზნებდა მას და თუმცა ადრე არ ჰქონდა ამგვარი ჩვეულება, დამარცხდა იგი ამ ბოროტი ცოდვით. როდესაც გაიგო ნეტარმა გრიგოლმა ეს სულის გამხრწნელი საქმე, შეწუხდა ძალიან და შეატყობინა [ამის შესახებ] წმინდა გრიგოლს, დიდ მოხუცებულს, რომელიც ეკლესიებში მკვიდრობდა, რადგან იყო იგი სასწაულთმოქმედი და დიდად პატივცემული ღვთისა და კაცთაგან; მისი თანხმობით პირისპირ ამხილა მან ხელმწიფე, რომელმაც აღუთქვა ამ ცოდვის მოშორება და იმ ქალის იქ გაშვება, საიდანაც მოეყვანა, მაგრამ ვერ განახორციელა თავისი ბრძანება, რადგან დაემონა გულისწადილს.

ხოლო ნეტარმა გრიგოლმა იპოვა შესაფერისი დრო, როდესაც [მეფე] არტანუჯიდან შორს იყო, ერთ დღეს წავიდა შატბერდიდან, საღამოთი მივიდა იმ ციხის ძირას, გაუგზავნა კაცი იმ ქალს საჭმლის სათხოვად და იქ გაჩერების მიზეზი შეატყობინა, მან კი დიდი სიხარულით გაიხარა და მრავალნაირი სანოვაგე გასცა წმინდანისა და მისი მოწაფეებისათვის.

როდესაც გათენდა, გრიგოლმა კვლავ გაუგზავნა მას კაცი, რომ მისულიყო მის სანახავად. მაშინ იგი, უფრო მეტად გახარებული, მყისვე მოვიდა წმინდანთან თავისი ორი მხევლითურთ, რომ ღირსი გამხდარიყო ამ ნეტარი კაცის ჯვრისა. მაგრამ მან არ გადასწერა ჯვარი, არამედ უბრძანა მოშორებით დაჯდომა, მოწაფეები კი და, აგრეთვე, მსახური ქალებიც გვერდზე გადგნენ მათი მოძღვრის ნიშანზე, რადგან ყველაზე იყო მიფენილი ამ წმინდანის შიში.

მაშინ უთხრა მას ნეტარმა გრიგოლმა: “ჰოი, საბრალოვ! რად შეჭრილხარ ცოლქმარს შორის საუკუნოდ შენს წარსაწყმედად ამ ბოროტი ცოდვით, რომლითაც დამონებული ხარ ეშმაკისადმი და უკეთური რამ მიზეზით საფრთხე გამხდარხარ დიდი ხელმწიფისათვის?”

მან კი ცრემლით უთხრა: “ღვთის წმინდანო, მე ჩემს თავზე არ მაქვს თავისუფლება, ვინაიდან მეტისმეტი სიყვარული აქვს ჩემდამი კურაპალატს და ახლა არ ვიცი რა ვქნა, რადგან იმ სიტყვებმა, შენ რომ ბრძანე, შემაძრწუნა მეტად”. წმინდანმა უთხრა: “შვილო, გახდი მთლიანად მორჩილი ჩემი, გლახაკის, სიტყვებისა და მე გაგიხდები თავდები ქრისტეს მიმართ, რათა მან თავად შეგინდოს შენ ყველა შენი დანაშაული”. და მან უთხრა: “წმინდა მამაო, შენს ხელთ ვარ, ჩემი სულისთვის უკეთესზე იზრუნე”. მაშინღა გადასწერა მას ჯვარი, აკურთხა ლოცვით, აღჭურვა მადლით და მისცა თავისი ფეხსაცმლების ზონარი, რომ შემოერტყა სარტყლად. მანაც ასე გააკეთა. და უთხრა წმინდანმა: “ჩემო შვილო, დღეს მოხდა შენი სულის გადარჩენა, რადგან სანატრელ დედა ფებრონიასთან მიგიყვან შენ”, და მან გაიხარა ძალიან. მის მხევლებს ნეტარმა გრიგოლმა უბრძანა ციხეშივე წასვლა, იმ ქალს კი უთხრა: “ჩემო შვილო, გამოემართე და იარე ჩვენს წინ”. ასე მოიყვანა იგი მერეში, რადგან თავიდანვე იყო ამაზე ნეტარი დედის თანხმობა. მას მიაბარა გრიგოლმა იგი და უთხრა: “უპატრონე ამას სათანადოდ, უპატრონე, და როდესაც კურაპალატი მოძებნის …, რადგან ხედავ ამის გულს დამსხვრეულს”. მან კი თქვა: “ქრისტე იზრუნებს კარგად თავისი მხევლისთვის, რომელიც იპოვა შენს მიერ, ღირსო მამაო”.

და დიდხანს საუბრობდნენ განმარტოებით ეს ნეტარები (ჩვეულებაც ასე იყო მაშინდელი წინამძღვარი მამებისა, რადგან დედა ფებრონიას თანხმობის გარეშე არცერთ საქმეს არ შეუდგებოდნენ). ხოლო რომელიღაც დათაგანი მათ ახლოს იყო ჩამვლელი და გაიგონა მან ერთი სიტყვა, სხვა სიტყვის მოსმენა კი ვეღარ გაბედა, რადგან წმინდა გრიგოლმა უთხრა ნეტარ ფებრონიას: “რა გითხრა შენ ანგელოზმა?”მართლაც, ღმერთი იყო ყოვლითურთ მათ შორის.

ხოლო როდესაც მოვიდა კურაპალატი ციხეში, მოიკითხა ის ქალი და როდესაც ვერ იპოვა, ძალიან შეწუხდა, გაიგო რა მთელი მომხდარი საქმე, და რადგან არათუ კაცობრივ მახეთა რაღაც ხრიკით იყო ეს ხელმწიფე მისი მოტრფიალე, არამედ ეშმაკის მანქანებით იყო იმდენად ძლეული, რომ თავმოყვარეობა დაავიწყდა და დაუყოვნებლივ მოვიდა მერეში. მაგრამ ნეტარმა ფებრონიამ დამალა ქალი და როდესაც ილოცა კურაპალატმა წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში, ამასთან მიიღო დედა ფებრონიას დალოცვა, მაშინ დაიწყო ლაპარაკი: “იცი კი, დედაო, რატომ მოვედი ამჟამად?” ხოლო მან უთხრა: “უფალმა იცის, რისთვის მობრძანდი აქ”. და მან უთხრა: “იმ მიზეზის გამო მოხდა ჩემი მოსვლა, რომ ჩვენი სასახლის [ერთი] მეჭურჭლე ქალი იყო და მთელი ჩვენი ქონება მის ხელთ იყო, მამა გრიგოლს კი აქ წამოუყვანია და ჩვენი საუნჯიდან ბევრი დაგვაკლდა. ახლა უბრძანე, რომ ერთხელ მოვიდეს ციხეში, ყველაფერი მოგვითვალოს და კვლავ თქვენთანვე მოვიდეს, როგორც ისურვებს”. მაგრამ ფებრონიამ მკვეთრად უთხრა მას: “მომიზეზება ცოდვის მიზეზებისა იმ ადამიანებთან, რომლებიც მოქმედებენ უსჯულოებას. როდესაც ეს გაიგონა კურაპალატმა, მართლმხილებისგან თავმოჭრილი შერცხვენილ იქნა და ხანგრძლივად დადუმდა როგორც დამარცხებული, რადგან ხორციელად ძლიერ ხელმწიფეს სულით ძლიერმა ადამიანებმა სძლიეს, აღჭურვილებმა საღვთო შურით, ხოლო შეწუხებულმა კურაპალატმა გულის შეჭირვებისგან თქვა: “ნეტავი იმ კაცს, ვინც ცოცხალი აღარ არის”, და დაუყოვნებლივ ადგა და მიდიოდა.

მაშინ ნეტარი ფებრონია დაწყნარებული სულით აჩერებდა მას, რომ ემასპინძლა, მაგრამ იგი არ დაემორჩილა, რადგან მამხილებლად ჰქონდა თავისი გონება და რადგან, ამასთან, გაშორდა რა ავხორცობის სურვილი, გაიაზრა მან თავისი შერცხვენა, თუმცა სულით ხარობდა, რადგან სიბრძნემ განდევნა მავნებელი სულმოკლეობა და აქებდა იგი წმინდანთა ძალმომრეობას, უფრო კი გამარჯვების მომცემ ღმერთს. წავიდა იგი სიხარულით, რადგან წმინდა გულით ჰქონდა მას ამ ნეტართა, როგორც მისი სულის საუკუნოდ გვირგვინოსანმყოფელთა, პატივისცემა.

56. ხოლო უფრო მეტი ვნება მტერმა მიაყენა ადარნერსე ხელმწიფეს, რომელიც იყო აშოტ კურაპალატის ძე, რადგან მეძავი ქალის ცილისწამებით, ვისთანაც მრუშობდა იგი, უსამართლოდ მოიშორა თავისი ერთგული ცოლი, მეძავობის ცრუ [ბრალდებით], და გაგზავნა იგი მის მხარეში, აფხაზეთში, საიდანაც მოყვანილი ჰყავდა. მაგრამ ქრისტემ თავის მონას გრიგოლს გამოუცხადა მთელი ეს უსამართლობა, რაც მიაგეს უდანაშაულო დედოფალს. ამის გამო მრავალგზის მხილება მოაწია ნეტარმა გრიგოლმა ადარნერსეზე, თუმცა ხელმწიფე დასძლია ცუდმა თავმოყვარეობამ და მან არ იდო თავს ამ მართალი კაცის მხილება. პირიქით, უკეთურებას უკეთურება დაუმატა და სხვა ცოლი შეირთო. მაშინ მამა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა მას, თუ რა შეემთხვეოდა ამ დანაშაულთა გამო ღვთის დაშვებით. და უთხრა ასე: “ჩემი, გლახაკის, სიტყვათა არმოსმენის გამო მიეცემი ბოროტ სნეულებებს, ის შვილები კი, რომლებიც ახლა გეყოლება, დაიტანჯებიან ეშმაკისგან და ვერ განიკურნებით ვერც შენ და ვერც შენი შვილები, სანამ შენდობილი არ იქნებით დედოფლისგან, ამ უსამართლოდ დასჯილი ღვთისმხევლისგან; თუმცაღა ხორციდან გავა იგი, მაგრამ მის საფლავთაგან მიიღებენ შენდობას შენი შვილები, ხოლო ამ ცილისმწამებელ მეძავს მალე შეარცხვენს ქრისტე თავისი ურცხვი თავხედობისა და უკეთურებისათვის,”.

ხოლო ადარნერსე ნეტარი გრიგოლის სიტყვების გამო ძალიან შეშინდა და შეუვრდა წმინდანს, მან კი წამოაყენა იგი და უთხრა: “ქრისტემ მოგცეს შენ დანაშაულთა შენდობა, მაგრამ ეს იცოდე, რომ ჩემი ნათქვამი ასრულდება თავის დროზე, რომ ყველამ შეიცნოს ურჩობის ნაყოფი”.

რამდენიმე დღის შემდეგ ადარნერსეს შეხვდა ძვლებისტეხის მტანჯველი სენი (რომელსაც ჰქვია ნიკრისი) და ტკივილებისგან მწარედ იტანჯებოდა, იყო რა ამ დრომდე ყოვლად ჯანმრთელი. დაუყოვნებლივ გაგზავნა მან კარგი კაცი, რომელსაც ერქვა კუპრა, დედოფალთან შენდობის სათხოვნელად. როდესაც ადარნერსესგან გაგზავნილმა მიაღწია ფერსათს, სადაც არის ახლა მისი საფლავი, ნახა [იქ] თავისი დედოფალი, რომელიც იყო ხელმწიფე ბაგრატ შაროელის ასული, დიდ  მონაზვნობაში, რადგან მის სამოსლად იყო უბადრუკი ანაფორა და შემოსილი ჰქონდა მას წმინდა  სქემა, ამასთან აეკიდებინა ამ სანატრელს (რომელსაც პირველად ეწოდა ბევრეულისი, შემდეგ კი – ანასტასია) შეშის დიდი ტვირთი და მიჰქონდა იგი თავის სახლში, ვინაიდან მთლიანად შეარცხვინა მან ეშმაკი და ახლა კურნებას პოულობენ მისი მადლით მორწმუნეები, იაქვთ რა მის საფლავთან მიწა  ევლოგიად.

როდესაც მივლინებულმა კაცმა ნახა ასეთი რამ, ცნო იგი, შეუვრდა მას ადარნერსეს სანაცვლოდ და  უთხრა: “ქრისტეს ნების აღმსრულებელო, გევედრება, რომ შეიწყალო, ჩემი ბატონი, სამართლიანად   დასჯილი ღვთისგან შენს გამო, და ნუ წყევლი მას, არამედ შეუნდე თავისი დიდი დანაშაულნი”.

მან კი უთხრა: “გეფიცები ქრისტეს, რომ არასოდეს ამოსულა ჩემი პირიდან წყევლა და არც მას ვწყევლი. ქრისტემ შეუნდოს მას ყველა ცოდვა და განკურნოს იგი სულით და ხორცით”.

და მყისვე განიკურნა ადარნერსე, რადგან იმ წარგზავნილმა კაცმა დაიმახსოვრა დრო, როდესაც დედოფალმა ილოცა მისი ბატონისთვის, და მოვიდა რა, ნახა იგი სრულიად უვნებელი და სიხარულით ჰმადლობდა ქრისტეს. მაგრამ როდესაც არცთუ ბევრი წლის შემდეგ შეეძინა ადარნერსე ხელმწიფეს ძეები: გურგენ კურაპალატი და სუმბატი, ესენი დიდად იტანჯებოდნენ მტრისგან. ამიტომ დაუყოვნებლივ გაგზავნა მან ისინი ფერსათში საგლახაკო შესამოსელითა და ხელმწიფური შესაწირავით, რომ ელოცათ მათ სანატრელი დედოფლის საფლავზე, რადგან გარდაცვლილი იყო იგი, ხოლო რაჟამს ილოცეს, სრულიად განიკურნენ, ნეტარი გრიგოლის სიტყვისებრ, და წავიდნენ რა თავიანთ სახლში, ადიდებდნენ ქრისტეს, ყოველთა ღმერთს.

57. ხოლო ის ცილისმწამებელი ქალი ბოროტად ეშმაკეული  გახდა  და  გაცოფდა, ამასთან სხვა განსაცდელებიც მოიწია მასზე, მისი უკეთური საქმეებისამებრ, და, ამგვარად, საშინელი და შემზარავი იყო მისი შეხედვაც და მისი სიტყვების სმენაც. მაგრამ როგორც კი გონს მოეგო, მაშინვე მივიდა  ფებრონიასთან ეს საწყალი, შეუვრდა მას ცრემლით, აღიარებდა ყველა დანაშაულს და ევედრებოდა გოდებით, რომ ეშუამდგომლა მისთვის მამა გრიგოლთან. ფებრონიამ მისწერა კიდეც წერილი  ვედრებით, მაგრამ ნეტარმა არ უსმინა, არამედ შემოუთვალა: “უფრო მძიმე განსაცდელები აღიძვრება მაგაზე იმის გამო, რომ საცთურად გაუხდა ეგ ღვთისმსახურ ხელმწიფეს და გააშორა მას სანდო   ცოლი, რადგან გაახმაურა მისი სახელი როგორც მეძავისა და კიდევ, უდანაშაულო ჭაბუკის სისხლი დაღვარა.  ახლა ამ საქმეთა უმსგავსოებისამებრ მიეზღვება მაგას ვიდრე სიკვდილამდე”.

ნეტარმა ფებრონიამ კი თქვა: “ჭეშმარიტია მამა გრიგოლის  მსჯავრი”, რადგან მან არ დააძალა  წმინდანს, როგორც უთქვამს მოციქულს, რომ “წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს    დაემორჩილებიანო”, თუმცა, როგორც შეჰფეროდა, ნუგეშისცა სასოწარკვეთილს, რადგან სავსე იყო იგი ორივე ცხოვრების სიბრძნით და დიდი სასწაულები დაინახებოდა მისგან, ისევე როგორც ზოგი მისი მოწაფისგან, ახლა კი სარწმუნოებით მვედრებლებს კურნებას აღმოუცენებს მათი საფლავები. ხოლო ის ქალი ვიდრე სიკვდილამდე დარჩა მერეში, რადგან თუმცაღა უკეთურ ტანჯვებში იყო, მაგრამ მისი გონება საღად ნარჩუნდებოდა და, მოკვდა რა, ბრძანა დედა ფებრონიამ მისი დამარხვა ქრისტეს ნების აღმსრულებელი დების ახლოს, რომ იგი, დიდად დამნაშავე, მათ, უდანაშაულოებს, გაემართლებინათ ქრისტეს წინაშე.

უფალმა კი აჩვენა სასწაული, რადგან სხვა მიცვალებულთა დამარხვისას სამგზის ინახა იგი აკლდამის კარის შიგნით მდებარე, და აღარ იკადრეს აღება ამ ცოდვილი ქალის ცხედრისა, არამედ მაშინღა აუწყეს ყოველივე ნეტარ ფებრონიას, რადგან იგი დიდად მოხუცებული იყო და არ შეეძლო შესვენებულთა დამარხვაზე მისვლა. მან თქვა: “საჭიროა, რომ ვაუწყო ეს ნეტარ გრიგოლს, რადგან იგია ამ საქმის წინამძღვარი”. და მისწერა ეპისტოლე პატივით ამგვარად:

58. „წყალობა ყოს უფალმა ჩვენზე წმინდა ჯვრით და შენი ღირსეული ლოცვების შეწევნით, ქრისტეშემოსილო მამაო გრიგოლ, – ყოვლითურთ მონაწილევ ჩემი, გლახაკის, ლოცვებთან. შენ, ღვთის წმინდა კაცო, მოპირისპირეებმა მრავალსახოვანი საფრთხე შეგიმზადეს სიბოროტით, როგორც მახე – მონადირეებმა, და დაიწყეს შენდამი ბრძოლა მოუწყინებლად, რადგან ვერაგულად გებრძოდნენ წამოჩვენებითად, შესახედავად სასტიკი სიმძაფრით, მრავალგზის საშინლად გამოჩვენებით, როგორც გუნდი მხედრებისა, ან ზოგჯერ – როგორც მძვინვარე მხეცთა სიმრავლე, და ასე აღძრეს შენზე ომების ტალღა, უჩინარი და საჩინარი, მაგრამ მათ ყველას აჯობა შენს სხეულში დანერგილმა სიმდაბლემ, სიწმინდით შემკულმა, და შენმა მართალმა, ცეცხლისებრმა სულმა დაწვა ეს მავნებელი მტრები – უხილავნი და ხილულნი. ხოლო ამის გამო ძალა შენთვის არის ძალა ღვთისა, რადგან გაქვს შენ წმინდა ანგელოზთა მსგავსება – სიწმინდე, რაც არის გამარჯვების ჯილდო, სამარადისო ლოცვითა და მარხვით შემოზღუდული, და – მრავალგზისი მუხლდრეკა, შემწირველი წმინდა ცრემლებისა შენს უძილო თვალთაგან და შენი მღვიძარე სულისგან; შენ, წმინდა მღვდელო, “ეკლესიად” წოდებულ მართალთა შორის მოსვენებულო საღვთო მოძღვარო, მორწმუნეთა სიმტკიცევ, ხელმწიფეთა პირუთვნელად მამხილებელო და სწავლების კვერთხით განმსწავლელო, რის გამოც შენი სიტყვები წინასწარმეტყველისებრ სრულდება ადამიანთა შორის; თუმცა ახლა შენდობის დროა. წყალობა ჰყავი ამ განწირული ქალისთვის, როგორც შეჰფერის შენს სიწმინდეს, რადგან დანარჩენი ჩემი სიტყვა გეუწყება წერილის წამომღებისგან და ყოვლითურთ წყალობა ჰყავი ჩემთვის აქ და იმ საუკუნოში, ამინ~.

და როდესაც წაიკითხა ფებრონიას წერილი ნეტარმა გრიგოლმა და შეიცნო ყოველივე, ცრემლით მადლობა უძღვნა ქრისტეს და დაწერა ეპისტოლე იმ შესვენებული დების მიმართ ამგვარად:

59. “ქრისტესმოყვარენო, მოკლე დროში, – თქვენი სიყრმიდან ვიდრე სიკვდილამდე, – ქრისტესთვის ამა სოფლის სტიქიონებზე გამარჯვებულნო მოციქულის სიტყვისებრ: “რამეთუ მოკვდით და თქვენი ცხოვრება დაფარულია ქრისტეთურთ ღმერთთან”. როდესაც გაცხადდება ჩვენი ცხოვრება, მაშინ თქვენც გაცხადდებით სამერმისო საუკუნო დიდებით, – თქვენ, ბრძენთაგან ნეტარყოფილნო და უმეცართაგან შეუცნობელნო, კარგი ვაჭრებივით წუთიერით უსაზღვრო სიმდიდრის მომყიდველნო, ხოლო ამჟამად ხორცით მძინარენო და მღვიძარენო სულით, მკვდართაგან მკვდრებად შერაცხილნო და უკუნისამდე ცოცხალნო ქრისტესგან, სულის ტაძრით მიწის ცად შემცვლელნო, ქალწულობის ყვავილნო, ღვთის დედას მიმსგავსებულნო, საუკუნოდ მხიარულნო მის წინაშე, მისი ძის იმ დიდებული მოსვლის მომლოდინენო, – თქვენ, უძლურებისგან უცვლელ ძალამდე მიღწეულნო და სიკვდილის შემდეგ ყოვლითურთ შემძლენო ორი სახის საზღაურის მიცემისა, ადამიანთა ქცევებისამებრ, როგორც ვნახეთ ამჟამად თქვენმიერი სამართლიანი სასჯელი, რის გამოც მე, გლახაკი გრიგოლი, და დედა ფებრონია მადლიერნი ვართ თქვენი თანაშეწევნისათვის. ახლა კი გევედრებით მაგ საწყალი ქალის გამო:   ითხოვეთ ქრისტესგან მის დანაშაულთა შენდობა და ღირსი გახადეთ მისი ძვლები თქვენს ძვლებთან,   ხოლო მისი სული თქვენს სულთან [ყოფნისა], უფრო კი უფლის მეორედ მოსვლისას უპატრონეთ მას,   რადგან გაქვთ მადლი მორწმუნეთა შესაწევნელად და მოელით დაუსრულებელ დიდებას და   გამოუთქმელ სიხარულს, რასაც მიაღწევთ კიდეც, ხოლო თქვენი მეოხება მარადის შეგვეწეოდეს   ჩვენ, რომ ჩვენც ღირსნი გავხდეთ იმ სანატრელი ცხოვრებისა სამერმისო საუკუნეში, ამინ”.

როდესაც წაუკითხეს ნეტარი გრიგოლის ეს წერილი მიცვალებულ დებს და თან სიტყვითაც აუწყეს   დედა ფებრონიას ბრძანება, მაშინღა მიიღეს მათ ის მკვდარი მის პირვანდელ ადგილას, სადაც  სამგზის იყო დადებული, და ამ დღიდან აღარ შეუცვლია [ადგილი], რადგან ნეტარი მამა გრიგოლი მიზეზად   გაუხდა მას ჯერ ცოდვათა მხილებისა, შემდეგ კი მიტევებისა და შენდობისა, თან დიდი სინანულიც   შეეწია ამ ცოდვილს ღვთის წინაშე, რომელსაც არ ნებავს ცოდვილის სიკვდილი, არამედ – მოქცევა    და სინანული, ხოლო [ყოველივე ამის] შემცნობელთ გაუკვირდათ და ადიდებდნენ ღმერთს.

60. ხოლო ამგვარ სასწაულებს მოქმედებდა ქრისტე ნეტარი გრიგოლის ხელით, რადგან სხვადასხვა სენისგან შეპყრობილი და არაწმინდა სულებისგან ვნებული უძლურები მისი ლოცვითა და ცრემლით იკურნებოდნენ, სარწმუნოებით მვედრებელთა თხოვნისამებრ.

და არა მხოლოდ ადამიანები ხედავდნენ მას ნავსაყუდელად, არამედ – ველის ნადირებიც, რადგან ერთხელ შატბერდის მახლობლად, მთებზე, ეს ნეტარი რაღაც საქმისთვის იმყოფებოდა, იყვნენ რა მასთან ერთად ძმებიც, და მათ დასანახზე გამოვიდა ერთი ირემი, ვინაიდან მონადირეებს ალყაში მოექციათ იგი და ვერც ერთი მხრიდან ვერ აღწევდა თავს მათ ხელებს.

მაშინ მიაშურა მან მონაზვნებს, შუაში გაუარა ყველას, მივიდა, როგორც გონიერი, ნეტარ გრიგოლთან, თავისი თავი დადო წმინდანის ხელებზე და თითქოსდა ტიროდა იგი მასზე მოწეული ბოროტების გამო, ხოლო მან ნუგეში სცა და უთხრა: “ქრისტეს სახელით ვერ გავნებენ შენი მტრები, ნუ გეშინია”. ნახეს რა ეს იმ ადამიანებმა, მეტად გაუკვირდათ და ადიდებდნენ ღმერთს. მოვიდნენ ისინი წმინდანთან და ჯვარი გადაიწერეს, მან კი აკურთხა და ირმის სანაცვლოდ მისცა მათ ხორცთა სხვა სამზრუნველო. წავიდნენ ისინი, მან კი ირემი მშვიდობიანად გაუშვა.

61. ამგვარადვე, იყო რა იგი ხანცთაში, თავის სენაკში, ბევრმა მონადირემ მონასტრის ახლოს ალყაში მოაქცია ოთხი გარეული თხა, ისინი კი სირბილით შევიდნენ იმ სენაკში, სადაც იყო მამა გრიგოლი მჯდომარე, და შემოერტყნენ მას. ხოლო მან შეიცნო მათი მისვლის მიზეზი, ნუგეში სცა მათ და ბრძანა, რომ მონადირეებისთვის ემასპინძლათ და გაესტუმრებინათ, ამ ნადირებს კი საჭმელი მისცა და მშვიდობიანად გაუშვა.

62. ხოლო ბასილი მამასახლისი, იყო რა ჭაბუკი, მამა გრიგოლის სახედარს უვლიდა. მას კისერზე გამოუვიდა უკეთური გამონაზარდი, რასაც უწოდებენ “კურთხეულს”. ძველად კი ერქვა “სატალი”. ამ მწარე სენით იტანჯებოდა იგი სულ დაახლოებით ოთხი დღე. მაშინ იკითხა ნეტარმა გრიგოლმა: “სად არის ყმაწვილი ბასილი?” ძმებმა შეატყობინეს მისი სენის შესახებ და მან ბრძანა, რომ მოეხმოთ იგი, მათ კი უთხრეს: “არ შეუძლია მოსვლა”. მაშინ უთხრა მან მათ: “ჩემს მიერ უთხარით: გიხმობს შენ მამა გრიგოლი”.

და როგორც კი გაიგონა ხმობის სიტყვა ბასილიმ, გაძლიერდა იგი თავისი მოძღვრის ბრძანებით და მივიდა მასთან, მან კი ჰკითხა: “რა გაწუხებს?” მანაც თავისი ხელით უჩვენა ის გამონაზარდი, რადგან დიდი ადგილი დაეკავებინა მას. მაშინ ნეტარმა გრიგოლმა ძლიერად დაარტყა თავისი ხელით იმ ადგილს, სადაც გამონაზარდი იყო, და უთხრა ბასილის: “ტყუილად წაგიხდენია თავი, რადგან არ არის შენში არანაირი ზიანი”. და მან ხელი მოისვა იმ ადგილზე და კვალიც კი გაქრა უკეთური გამონაზარდისა, ხოლო რომლებმაც ნახეს ეს სასწაული, ადიდებდნენ ღმერთს.

63. იმჟამად იერუსალიმში იყვნენ ნეტარი გრიგოლის ვიღაც მოწაფეები, ღირსეული ადამიანები, კარგი მონაზვნები, სიბრძნით სრულყოფილნი და სასწაულთმოქმედნი, სასუფევლის მაძიებლები და ამა სოფლის დიდებისგან გაქცეულები, ღირსი მღვდლები, დიდებულ აზნაურთა შვილები, დიდი ეფრემის, მაწყვერელი ეპისკოპოსის, ნათესავები, რომლებისგანაც მოწერილი იყო მამა გრიგოლისადმი ეს ეპისტოლე, იერუსალიმიდან ხანცთაში თავდაპირველადვე მოღწეული, მე კი ახლა ჩავწერე ამ წიგნში ეს მათი მოწერილი, ყველაფერი შეუცვლელად, ასე:

“ჩვენი წმინდა და პატიოსანი დიდი მამა გრიგოლის წმინდა ლოცვა მოგვიბოძოს უფალმა და ღირსი გაგვხადოს [ამისა] ჩვენ, ეს ცოდვილები, შენი გლახაკი და უღირსი მონები, უვარგისი არსენი და უძლური მაკარი, სულიერად ძმისშვილი და შვილი შენი და ყველა შენი შვილისა. მამაო დიდო და პატიოსანო უფლის მიერ, ჩვენო პატრონო და ღვთის ღირსო, მაგ წმინდა უდაბნოს პატრონო თვითონ და ქრისტესმოყვარე ერის მოძღვარო და ყოველთა განმანათლებელო, შეგვინდეთ მაგ წმინდა სიმდაბლით ეს ჩვენი კადრებული, გლახაკი და უღირსი მონების უმეცრული და უგუნურებითი მონაწერი. შენს ღვთისმოყვარებაზე მინდობით ვიკადრეთ ეს კადნიერებითი მოწერა, იმ უკვდავ სერობაზე ხმობილო! ჩვენ, ყველა ადამიანზე მეტად ცოდვილნი, ტკივილით მოგახსენებთ და გიძღვნით მადლსა და ლოცვას წმინდა აღდგომისას, აგრეთვე ყველა იმ [ადამიანისას], რომელიც არის წმინდა ქალაქ იერუსალიმში და მისი მხარეების, ჩვენი უფალი ქრისტეს თაყვანსაცემი წმინდა ადგილების გარშემო. შენ, პატიოსანო წმინდა მამაო, და ყველა შენმა შვილმა, ყველა თქვენგანის სურვილისამებრ სარწმუნოებით შეგვინდეთ და შეიწირეთ თქვენდამი ჩვენი მოსალმების წადიერება. კიდევ, წმინდაო მამაო, მოვიდა მანდედან ვიღაც კაცი, ღვთის მონა, ამ ქვეყნის ბერძენი მღვდელი, და ენახე შენ, მამაო, და მან მოგვითხრო მაგ წმინდა უდაბნოში მაგ შენი პატიოსანი სიწმინდით ცხოვრების ღვთის მიერ მშვიდობით დაცულობა და სიმრთელე. ჩვენც, ამ უღირსებმა, დიდად მოვისვენეთ და გავიხარეთ და ცოდვილებმა უღირსი პირით ვიკადრეთ მადლობის შეწირვა კაცთმოყვარე ღვთისადმი ამის მოსმენისათვის და იმ სიხარულის გამო, რომ მშვიდობიანად ხარ. და კვლავ მანდვე წამოვიდა ეს ღვთის კაცი მოსე, და ეს წერილი მას გამოვატანეთ. აქ მან ყველა ეს წმინდა ადგილი მოიარა და მოილოცა და შენ, მამაო, ყველა მორწმუნესთან ერთად სულ გლოცავდა და გახსენებდა და მართლაც დიდად გაქებდა, ჩვენ კი ზომაზე მეტად გავიხარეთ და ჩვენი თავისა და ჩვენი ცოდვილი სულებისათვის ვიკადრეთ ეს მოწერა, ვევედრებით ქვედავარდნით შენს ყოვლად კარგ სიკეთეს და შენი ღვთისმოყვარების ტკბილ მოთავეობას, რომ არ უგულებელგვყოთ შენი მონები შენს წმინდა ლოცვაში, ღმერთშემოსილო მამაო, წმინდანთა დიდო მოძღვარო, და როგორც შევავედრეთ ჩვენი სული შენი სიწმინდითცხოვრების ღირსებას, ამჟამადაც გევედრებით, ქრისტეს სიყვარულისთვის მოგვიხსენეთ ღირსეულ ლოცვებში და მაგ თქვენი წმინდა სამწყსოს წინაშე, ღვთის ღირსო პატიოსანო მამაო და პატრონო ჩვენო. ხოლო ჩვენს ყოფნას ამ წმინდა ადგილას, საბაწმინდას, და მთელ ამბავს ეგევე მოსე მოგახსენებს, წმინდაო მამაო. შენს სიტკბოებაზე მინდობით გაუწყებთ: დაიჯეროს შენმა სიწმინდემ, ამ წმინდა ადგილებში მარადის შენს ხსენებას ვბედავთ ჩვენს ლოცვებში, რომ ღირსგვყოს უფალმა ჩვენ, ეს უღირსები, ყოვლითურთ შენი წმინდა ლოცვის მონაწილედ გახდომისა. მამაო, გებარებოდეს ეფროსინე, ჩვენი და. ღვთის სიყვარულისთვის მოიკითხეთ იგი და შენი ლოცვა-კურთხევა მასაც მიაფინეთ, ამინ”.

აი, ამგვარი ღირსეული ადამიანების გამო თქვეს პირველმა წმინდა მამებმა: “ბოლო ჟამს რომლებიც აღმოჩნდებიან ქრისტეს ნების აღმსრულებელი მამები, ჩვენზე უწინარესნიც იქნებიან ისინი და ჩვენს მამებზეც”.

64. ხოლო სასწაულთმოქმედი ნეტარი მამა გრიგოლი ამგვარად განმგებლობდა კლარჯეთის ყველა   უდაბნოს, რადგან სანდო მონაზვნებს კარგად პატრონობდა, დამნაშავეებს სინანულისკენ მოაქცევდა და სამართლიანობისადმი დაუმორჩილებლებს საერთოდ აძევებდა. მართლაც, ერთი ოპიზელი ბერი  ამბობდა, “ჩემს სიჭაბუკეში სამგზის გავხდი გაძევებული ოპიზიდან მამა გრიგოლის მიერ ჩემი  მოქმედებების უკეთურების გამოო”.

მას შემდეგ, რაც აშენდა კლარჯეთის დიდებული უდაბნოები, მათი მღვდლები და დიაკონები ანჩელი ეპისკოპოსებისგან იკურთხებიან და ასევე, როდესაც ეპისკოპოსებს აკურთხებენ, თუკი კათალიკოსს თანაბრად ყველა ამ უდაბნოს დასტური და ყველა მათგანის ჭეშმარიტად დასტურმყოფელი მოწერილობა არ აქვს, არ ინებებს იგი საეპისკოპოსო [პირის] ეპისკოპოსად ხელდასხმას და, სამართლიანი მსჯავრით, არც იქნება ეს მოსაწონი, მიუხედავად იმისა, რომ [მათ] აშენებამდე მეტად ურიცხვი წელი ჰქონდა ანჩის საყდარს და ეპისკოპოსიც ბევრი ყოფილა [მისგან] ღირსეულად სასწაულთმოქმედი; თუმცა პატივი მიაგო ქრისტემ ამ წმინდა უდაბნოებს, რომ იყოს მათ წინამძღვრად უნაკლო, წმინდა და ღირსი ეპისკოპოსი, როგორც შეჰფერის ეს ქრისტე-ღმერთის ხატის სახელზე აშენებულ ამ წმინდა საყდარს, უბიწოებით დაცულს მრუდე მოძღვრების მწვალებლობის გახრწნილობისგან.

65. ხოლო ნეტარი მამა გრიგოლის დროს მისმა მღვდელთმთავარმა ზაქარიამ ეს სასწაულები იმოქმედა:

“ტბის” მონასტრის ახლოს, ფრიალო ფერდობზე, საშინელი ლოდი ინძრეოდა და მონაზვნები შიშისგან გარბოდნენ თავიანთი სახლებიდან, ზაქარიამ კი, იმედით მდგომარემ, უთხრა მათ: “ხვალ ნახავთ ამ ლოდს იმ ადგილას დადებულს, სადაც ჩვენ არაფერი გვევნება”, და ასეც მოხდა, რადგან მამებმა საერთოდ ვერ შეიგრძნეს მისი რყევა, ხოლო მეორე დღეს მყარად იყო იგი დადებული წარმოუდგენელ ადგილას; სადაც თქვა ამ წმინდანმა, და ადიდებდნენ ისინი ქრისტეს.

იგივე ზაქარია ერთხელ, რთველის დროს, იჯდა “ტბის” [მონასტერში] თავისი მწიფე ბაბილოების ქვეშ, რომელთაც ხშირად ჭამდა შაშვი, ხოლო მან ჯვარი გადასწერა და მყისვე მოკვდა იგი, შემდეგ კი ისევ ჯვარი გადასწერა და, გაცოცხლდა რა, ფრინავდა თავის მეგობრებთან ერთად.

66. და ერთხელ ურიცხვი კალია მოვიდა ანჩის საზღვრის ახლოს, ხოლო ნეტარმა ეპისკოპოსმა ზაქარიამ წინ მიაგება მათ თავისი კვერთხი მღვდლების ხელით და უფალმა თავისი მონის მადლით მოსპო კალიების სიმრავლე, მზის ბრწყინვალებას რომ ფარავდა, და მორწმუნე ერი ღმერთს ადიდებდა.

67. კიდევ, ორი საშინელი ვეშაპი გამოჩნდა ანჩის ვენახში და მევენახეები გარბოდნენ, ხოლო ზაქარიამ ლოცვით მოაკვდინა ისინი და ადამიანები სიხარულით ჰმადლობდნენ ქრისტეს. აი, ამგვარი ღირსეულები სხვებიც იყვნენ ანჩში, სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსები, უფალს მიმსგავსებულები, რომლებმაც შიმშილობის დროს ცოტა პურით ბევრი მშიერი გამოზარდეს.

68. ხოლო მადლის ეს სათავე გამოჩნდა ზაქარიას სიყრმის წლებში, რადგან იყო იგი კრავების მწყემსი კლარჯეთის მხარეში და, როგორც მღვდელმა, შესაწირავი გაამზადა პატიოსანი ჯვრის წინ, სხვა მცირეწლოვანი ბავშვები კი გარს შემოერტყნენ მას და დაუდუმებელი ხმით ხმობდნენ ანგელოზთა გალობას ასე: “წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა, ალელუაჲ, ალელუაჲ, დიდებაჲ ღმერთსა”, და მეტ ბევრ “კვირიელეისონს” ამბობდნენ, ხოლო ზეციდან კი ამ უმანკო მღვდელ ბავშვზე სინათლის მეტად მბრწყინავი სვეტი იყო მოახლებული. გზად მომავალი ვინმე ანჩელი ეპისკოპოსი, ხედავდა რა ამ სასწაულს, მივიდა და ეზიარა ამ ღირსი ბავშვის ხელით და თან წაიყვანა იგი ანჩში, ხოლო დეკანოზს გამოუცხადა თავისი ზიარების შესახებ. ამ ეპისკოპოსის ბრძანებით ღირსეულმა ადამიანებმა “ტბის”[მონასტერში] აღზარდეს ეს ნეტარი ეპისკოპოსი ზაქარია. აი, ამგვარი კარგი სათნოებანი იმემკვიდრეს ანჩის ეპისკოპოსებმა.


69. ხოლო ამ წმინდა ხორბალთა შორის გამოჩნდა ერთი ვიღაც, ღვარძლისებრ აღმოცენებული სარწებში დიაკონად, თბილისში კი აღზრდილი საჰაკ ამირა ისმაელის ძისგან და [მისთვის] ელჩობის გამწევი აშოტ კურაპალატის წინაშე. ამან, ამ უკეთურმა ცქირმა, ნახა ანჩის ეპისკოპოსი გარდაცვლილი და აურაცხელად სულგრძელი ღვთის დაშვებით საჰაკ ამირის მიერ მოითხოვა აშოტ კურაპალატისგან ანჩის საყდარი, ხოლო როდესაც ძალადობით დაიკავა მან ანჩი, კვლავ მრავალი უკეთურება შეჰმატა თავის უკეთურებას, რისი მოხსენიებაც, ამ წიგნში ყველაფრის ჩასაწერად, მართებული არ არის.

თავის უწესობაში მრავალგზის იქნა იგი მხილებული კლარჯეთის პირველ წმინდა მეუდაბნოე მამათაგან და კათოლიკე ეკლესიის ყველა სამწყსოსგან, უფრო კი მამა გრიგოლისგან, რადგან ამ დიდებული უდაბნოების არქიმანდრიტი იყო იგი, მაგრამ ცქირმა, ამპარტავნებისგან ძლეულმა, მთლიანად უკუაგდო საღვთო შიში, ფარულად მოუხმო ანჩელ ერისკაცს, ურცხვსა და გლახაკს. ამასთან მაგრად მოისარს, და აღუთქვა მას სამი საწყაო ფეტვი და ხუთი თხა და გაგზავნა ხანცთაში მამა გრიგოლის მოსაკლავად. [მკვლელმა] გზაში გაიგო, რომ გრიგოლი ხანცთის ადგილ-მამულში იმყოფებოდა და რომ იმ დღეს უნდა მოსულიყო შინ. ამის გამო ხანცთის ტყეში წავიდა იგი ჩასასაფრებლად, მშვილდი კი მოზიდული ჰქონდა ხელში.

70. ხოლო ნეტარი მამა გრიგოლი თავისი ადგილ-მამულიდან მარტო ჩამოდიოდა ხანცთაში და გზად მიმავალი, ტიროდა რა, გოდებით ამბობდა ზეპირად წმინდა მამა ეფრემის მიერ ნათქვამ საკითხავებს, სულით კი ხარობდა, რადგან საღვთო ხილვებს ხედავდა სულიწმინდის მადლით. მაშინ იმ საბრალო კაცმა ნახა დიდი სასწაული ზევიდან წმინდანზე, რადგან სინათლის ცად აწეული, მეტად მბრწყინავი სვეტი ფარავდა მას და მის თავზე იყო მზერაგაუსწორებელი ჯვარი, ცისარტყელის სახით მის ირგვლივ, როგორც ეს მშვენიერებით ჩნდება წვიმის დროს. ამგვარი დიდება ნახა მასზე იმ კაცმა და ძრწოლამ შეიპყრო იგი დიდად, რადგან მოეშვა მისი მკლავების ძარღვები და ამ დიდი თავზარისგან დაცემული მიწაზე იდო.

უთხრა მას ნეტარმა გრიგოლმა: “ჰოი საბრალოვ, შეასრულე ნაბრძანები იმისა, ვინც გამოგგზავნა შენ, რადგან შენ ხარ ქრისტიანობის უარმყოფელი, ვინაიდან ფუჭი საფასურის გამო უდანაშაულო ბერიკაცის სისხლს გადაისხამ. განა სამი საწყაო ფეტვისა და ხუთი თხისთვის არ ხარ მოსული ჩემს მოსაკლავად, ჰოი უგუნურო?” მაშინ ის კაცი ტირილით ევედრებოდა მას: „შემიწყალე, ღვთის წმინდანო, შენი ეს განწირული მკვლელი, და მიემსგავსე ქრისტეს, თავისი მონანული მკვლელების მპატიებელს, რადგან არ არის დარჩენილი ჩემი ძალა ჩემთან შენი საშინელი ხილვის გამო, რამაც დამცა მე”. მაშინ წმინდანმა სიბრალულით ჯვარი გადასწერა მას და განკურნა იგი, რადგან ბევრი გვემულება იყო მასზე დატეხილი, და სიხარულით გაუშვა თავის სახლში, ხოლო იმ კაცმა ყოველივე მომხდარი უთხრა ცქირს, ის კი უფრო მეტად გაცოფდა და სიბრმავეზე სიბრმავე დაამატა.

ბევრი ბოროტება გაუკეთა მან მამა გრიგოლს, გრიგოლის დროის წმინდა მამებს და სხვებსაც, მორწმუნე ერისკაცებს, ხოლო რომლებიც მუდამჟამს სამართლიანად ამხილებდნენ მას, მათვე ერთობლივად აცნობეს ყოველივე დიდ ხელმწიფეს, აშოტ კურაპალატს და მისი ბრძანებით ანჩის კათოლიკე ეკლესიის ყველა მოწესემ წერილი მისწერა ქართლის კათალიკოსს, რომლისგანაც ღირსეული ეპისკოპოსები მივიდნენ ანჩში და მათთან ერთად შეიკრიბა ყველა მეუდაბნოე მამა.

სასწაულთმოქმედი ნეტარი დედა ფებრონიაც მივიდა ამ წმინდა კრებაზე, რაც მიმსგავსებული იყო პირველ წმინდა [კრებებს]. მათთან ერთად იყო ყველა მღვდელი, ანჩის სამწყსო . ეპისკოპოსთა წინაშე პირისპირ წარმოთქვეს ამ ღირსეულმა სასწაულთმოქმედმა ადამიანებმა საჩივარი ცქირზე, მისი უსჯულოება და მისი სიავეების თავხედური მიზეზი.

მაშინ ამ ღირსეულმა მღვდელთმოძღვრებმა განკვეთეს ცქირი მისი პატივისგან. მამა გრიგოლმა და დედა ფებრონიამ შემოსილი ჩამოიყვანეს იგი საკურთხევლიდან და საკურთხევლის წინ განმოსეს, და ყველამ ერთად გააძევა კათოლიკე ეკლესიიდან როგორც რომ დამპალი ნაწილი. განიდევნა იგი როგორც მწვალებელი, ყოველმხრივ სჯულის დამარღვეველი, მაგრამ მას, განეშორა რა ღვთის შეწევნა, ყველა საშუალება მოესპო და წავიდა თბილისში საჰაკ ამირთან, თავის პატრონთან, ამ უკანასკნელის დაჟინებული თხოვნით კი თითქოსდა დამთმობი გახდა კურაპალატი და ცქირმა კვლავ ძალადობით დაიკავა ანჩის საყდარი, რომ შური ეძია მამა გრიგოლზე.

მაშინ შეკრიბა მან ანჩის ხალხი და გაგზავნა ხანცთის დასანგრევად, სადაც ისინი მხოლოდ მზის ამოსვლისას მივიდნენ. მამა გრიგოლმა უთხრა მათ: “შვილებო, დრო მომეცით მე და ჩემს ძმებს შუადღემდე, რომ წმინდა ეკლესიაში ვედრება აღვასრულოთ ქრისტეს წინაშე და შემწედ გავიხადოთ წმინდა გიორგი და ყველა წმინდანი, და მოახდინოს უფალმა კარგი სასწაული”. შეისმინეს მათ მოხუცებულის სიტყვა, რადგან ენახათ მისგან სასწაულები.

71. და მათი ცრემლიანი ვედრების დროს შეისმინა უფალმა მათი თხოვნა და წმინდა ანგელოზის მიერ ეუწყათ მათ: “საღვთო შურისგება ეწია თქვენს ბოროტ მტერს და აჰა მოვა მაცნე იმისა, რომ მოკვდა იგი, თუმცაღა ორი დღე ცოცხალი ამის გამოა, რომ ვერ გახდეს საეპისკოპოსო საყდარში დამარხვის ღირსი და ყველამ ირწმუნოს მისი განკვეთილობა, ხოლო მისი გული უკვე მკვდარია”. და როდესაც ანგელოზთა სწორ მამებს ანგელოზისგან მოესმათ მათთვის სასიხარულო ხმა, მეტად გაიხარეს და დიდება შესწირეს ღმერთს (რომელიც ერთადერთი ახდენს საკვირველებას), ამასთან შეიცნეს წერილის სიტყვა: “რისხვა კლავს უგუნურს”. მაშინ გამოვიდა ეკლესიიდან მხიარული ნეტარი გრიგოლი და უთხრა მათ: “ნუღარ გეშინიათ იმის, ვინც თქვენ იძულებით გამოგგზავნათ, რადგან უფალმა რისხვით მოკლა იგი”.

და კიდეც მოვიდა კაცი, რომელიც ეუბნებოდა ამ ადამიანებს: “ნუღარ გაბედავთ დიდებული ხანცთის დანგრევას, რადგან მაგის დამნგრევი მოკვდა”.

მაშინ გაიხარეს ამ ადამიანებმა, ხოლო მამები გაუმასპინძლდნენ მათ. შემდეგ ისინი სიხარულით წავიდნენ თავიანთ სახლებში და ადიდებდნენ ღმერთს.

მაგრამ თავდაპირველ სიტყვასთან მივიდეთ. როდესაც ცქირმა ხანცთაში გააგზავნა ხალხი, თვითონ წავიდა ქორთაში, რადგან იქ მისი განძი იყო და უნდოდა წაეღო. გზაზე, როდესაც პური ჭამეს, მიეძინა მას და საშინელი ჩვენება ნახა, მისი ბოროტი საქმეების მამხილებელი, უფრო კი ხანცთელთა მიმართ ჩადენილი ბოროტების სანაცვლო. მაშინ მასთან ერთად იყო ვიღაც ანჩელი საღვთო მღვდელი და მას გამოუცხადა უფალმა ცქირის საშინელი სიკვდილი (სწორედ ამ მღვდელმა გაგზავნა თავისი მოწაფე ხანცთაში და ამან აუწყა მათ დარწმუნებით ცქირის სიკვდილი). როგორც კი მიაღწია ქორთას ცქირმა, კიდეც მოკვდა და იქ დაასაფლავეს იგი უფლის მეორედ მოსვლამდე.

როდესაც იმჟამინდელი განსაცდელი გაქარწყლდა, მაშინ ქრისტეღმერთის ცხოველი ხატის წმინდა საყდარმა მშვიდობისმყოფელი სიხარული მიჰფინა თავის სამწყსოებს კარგი მწყემსების გამობრწყინებით.

ხოლო ამ ჩვენს ბოლო დროში გლახაკები ხარობენ უფლის მადლით საუკუნოვან წმინდანთა მეოხებით და ჩვენი დიდებული მეფეების ხორციელი ღვაწლით, რომლებიც იყვნენ ღირსეულად ღვთისმსახურები, წმინდა ეკლესიების აღმშენებლები, ბარბაროსთა ბანაკის დამარღვევლები, ჭეშმარიტი ქრისტიანების სიამაყენი და მოწესეთა სიხარული, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ძე დიდი ადარნერსე კურაპალატისა, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, ღვთის ძალით დიდი ხელმწიფე, ეზრა ეპისკოპოსის, ღირსი ანჩელი მამამთავრის და დიდებული აზნაურების, დაფანჩულების, შვილის დროს მყოფი.

ეს ბაგრატი ქებულია გონებამწვდომელობით. იგი არის წმინდა ეკლესიების აღმშენებელი, საღვთო წიგნების მაძიებელი და შემკრები, ყველა წმინდანის ღირსეულად მადიდებელი. წმინდანების მეოხება მარადის შეეწეოდეს მას აქ და საუკუნოდ, რომელმაც ნეტარი მამა გრიგოლის ეს ცხოვრება განაახლა გამოკლებული სასწაულების შერთვით; შერთული იყოს იგი პირველი წმინდა მეფეების რიცხვს მეუფე ქრისტეს მიერ, ღირსი მამა გრიგოლისა და ყველა წმინდანის ლოცვით, რადგან მან ჩვენ, მამა გრიგოლის გლახაკ შვილებს, საყვედური მოგვაშორა და დიდებულმა მეფემ შერცხვენილი გახადა უმეცრებით მოსაყვედურენი. უფალმა სრულიად აშოროს მას მის დანაშაულთა გამო, რაზეც კი ეჭვი ექნება, საყვედური, ღირსი მამების ვედრებით და მათთან ერთად ნეტარი მამა გრიგოლის მადლით, რომელიც მიწაზე ცხოვრობდა როგორც ანგელოზი.

თავისი მოხუცებულობის დროს ასე ამცნებდა გრიგოლი სახელდობრ ხანცთის კრებულს: “ამ მონასტერში სენაკებთან ნურავინ ააშენებს ეგვტერს ჟამისწირვისათვის, რადგან თუ კრებულის ნება არ არის, უმართებულოა, რომ დიდი საკრებულო ეკლესიის გარეშე [სრულდებოდეს ჟამისწირვა]; ვინაიდან როდესაც დეკანოზი ჟამისწირვისათვის საათს დარეკავს, მაშინ ყველა მღვდელი იქ არ მივა, არამედ ისინი თავიანთ ეგვტერებში დადგებიან ჟამისწირვაზე და დიდი ეკლესიის სწორადვე შეაწყენენ თავს ადამიანებს შესაწირავის თხოვნით, დეკანოზს კი ხვეწნა დასჭირდება მათთან, რომ დიდ ეკლესიაში მივიდნენ ჟამისმწირველი მღვდლები. ახლა ამ წესის მტკიცედ დაცვაა საჭირო იმათგან, რომლებიც ჩემი, გლახაკი გრიგოლის, სიტყვებს დაემორჩილებიან”.

72. ხოლო ეს ნეტარი ღვთისკაცი მამა გრიგოლი, ქრისტეს ნების სამკვიდრებელი და დიდებული სასწაულთმოქმედი, მეტისმეტად ძლიერ დაბერდა, რადგან ასორი წლის ასაკს მიაღწია მან. თუმცა მისი პირისახის ფერი არ შეცვლილა, არც სუსტადმხედველობა შეხებია მის თვალებს. ხორცით ძლიერი იყო იგი და სიკვდილამდე არანაირად არ პოვნილა მასთან უძლურება, რადგან გაძლიერებული იყო იგი ქრისტეს ძალით. სიამაყედ ჰქონდა მას ქალწულობის სანთელი, მოწყალების ზეთი და ღვთისა და ძმათა სიყვარული, შრომა კი დიდად უყვარდა მას, არა მხოლოდ ლოცვისა და მარხვისა, არამედ იგი დღე და ღამე თავისი ხელით საქმიანობდა, როგორც ამბობს პავლე: “ვინც არ შრომობს, ნუ ჭამსო”; ამასთან, იყო იგი მხიარულად მემასპინძლე და გლახაკთმზრუნველი.

უფრო მეტი დღე შატბერდში იმყოფებოდა იგი, რადგან თავის მონასტრებში მამასახლისები ჰყავდა მას დადგენილი და ისინი ზრუნავდნენ მათზე, ხოლო რაც ზეაღმატებული საქმე იქნებოდა, მას აუწყებდნენ იმ ღვთივმოცემული სიბრძნის კვალობაზე, მარადის მასთან რომ იყო დამკვიდრებული მის აღსასრულამდე და მისი, ბრძენის, ბრძენებთან ერთად საუკუნო ცხოვრებასა და სუფევას მიახლებამდე.

73. ხოლო მისი მოხუცებულობის ხანებში, იმყოფებოდა რა შატბერდში, წუხილი ჰქონდათ ხანცთაში მკვიდრ ძმებს, რადგან გაეგონათ, რომ მათ სულიერ მამას შატბერდში ეგულებოდა ამ ცხოვრების დაბოლოება. ამიტომ, ყველა, ვისაც კი სიარული შეეძლო, ერთობლივად მივიდა შატბერდში წმინდანის მოსაძიებლად. შატბერდელმა ძმებმა გაიხარეს თავიანთი ძმების მოსვლის გამო, მაგრამ გაიგეს რა მათი მოსვლის მიზეზი, სიხარული მწუხარებად გადაექცათ. როდესაც ილოცეს თაყვანისცემით წმინდა ღვთისმშობლის წმინდა ეკლესიაში და როდესაც სულიერად შობილმა და გარჯით შეკრებილმა შვილებმა თაყვანი სცეს თავიანთ ნეტარ მამას, ის კი წადიერი სურვილით ეამბორა ყველას და სიყვარულით მოიკითხა, როგორც ტკბილმა მამამ და კეთილმა მოძღვარმა, ხოლო შემდეგ, რაჟამს ურთიერთმოკითხვით ერთიმეორეს ეამბორნენ ხანცთელი და შატბერდელი ძმები, და დასხდნენ, მაშინ ხანცთელთა მიმართ სიტყვის თქმა დაიწყო ნეტარმა გრიგოლმა და უთხრა მათ:

“ძმებო და საყვარელო შვილებო, მაუწყეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ აქ მოსასვლელად გაისარჯეთ”. ეპიფანემ და ზენონმა უთხრეს სხვა ძმებს: “საჭიროა თქვენგან ღირსეული პასუხი, რომ ბრძენმა მოწაფეებმა ღირსეული სიტყვით გულმოდგინების ძღვენი შეწიროთ ბრძენი მოძღვრისადმი და რაც არის სასოებით საწადელი ჩვენი სულისა, მივიღოთ ის ღვთის მადლით”.

მაშინ ყველამ ერთად აღმოთქვა:

“ჰოი ღვთის წმინდანო, სულიერად შენი შვილების მშობელო მამავ, ჩვენს ცხოვრებაზე მზრუნველო და ქრისტეს მორწმუნეთა თავშესაფარო, თუმცაღა ჩვენი შატბერდელი ძმები ყველანი უფლისთვის სათნონი არიან და ღვთის ნებისამებრ – მორჩილნი შენი ნებისა, მაინც ამდენი დღე არმოსვლა შენი ჩვენთან ხანცთისთვის დიდი სირცხვილია და ყველა ჩვენგანის შემარცხვენელიც ყველა ადამიანისგან, რადგან შენს წმინდა შრომათა პირველი ნაყოფი ხანცთაა. ახლა სწორედ ამის გამოა ჩვენი აქ მოსვლა, რომ წამობრძანდე ხანცთაში და ნუგეში მიიღოს ყველამ, ვისაც კი აქ მოსვლა არ ძალუძს, ამასთან სხვა უდაბნოებსაც დაანახოთ ჩვენს მიმართ შენი სრული სიყვარული. ესეც იცოდე, თუ ვერ ვპოვებთ გაგონებას, აღმოვჩნდებით ყველანი აქ შენს წინ, რადგან მძიმეა ჩვენთვის ამ დროს უშენოდ ხანცთაში მისვლა”.

წმინდანმა კი თქვა: “კურთხეულია ყოველთა ღმერთი ქრისტე, რომელმაც თავისი წმინდა მცნება სიყვარულისა მტკიცედ დანერგა თქვენს გულში ჩემდამი, თქვენი გლახაკი ბერისადმი, ჩემო საყვარელო შვილებო, უფრო კი ქრისტეს შვილებო და მისი წმინდა ნების აღმსრულებლებო, რომელმაც თავის ბრძანებებს სახარება უწოდა, რადგან მან თავისი მოსვლით მშვიდობა ახარა ადამიანებს, მის მტრებს, რომლების სიყვარულისთვისაც სიკვდილი თავს იდო და გვასწავლა ყველას, რომ “ყველა სათნოების თავი ღვთის სიყვარულია”. ახლა სიყვარულმა მოგიყვანათ აქ თქვენ, ჩემთვის კი მძიმეა ორივე მხრივ: პირველად, თქვენი შეწუხება, შემდეგ კი, ამ ძმებთან განშორება.

მაშინ მოუხმო მან ყველა შატბერდელ ძმას და უთხრა მათ:

“წამოდით, ძმებო, ხანცთაში მკვიდრ თქვენს ძმებთან და ურთიერთს შეუთანხმეთ ნება, რადგან ბრძენთაგან გარბის შფოთი . ამიტომ, ერთად დაადგინეთ ის, რაც უმჯობესია, მე კი მგონია, რომ უფრო ადრე აშენებული ადგილი უფრო მეტ პატივზე უცხადებს უფლებას თავის მაშენებელს, ისევე როგორც უცხადებს უფლებას მოხუცი ჭაბუკს პატივისცემით მომსახურებაზე”.

მაგრამ შატბერდელმა ძმებმა უთხრეს: “ჭეშმარიტია შენი ნაბრძანები, წმინდა მამაო, და სამართალი რომ არ გაკუთვნებდეს მათ, – ცოცხალია უფალი და შენი წმინდა ლოცვა, – არ დავუთმობდით ჩვენს ძმებს”. თქვეს რა ეს, და ამისი მსგავსი, როგორც შეჰფეროდა, მაშინ ნეტარმა მამა გრიგოლმა უთხრა ყველას: “შვილებო, ქრისტეს ბრძანებამ შეგვკრიბა დღეს, რომ მომავალ ჟამს ამ ორ მონასტერში დამკვიდრებულ ძმებს ახლა დავუწესოთ ერთობისა და სიყვარულის სიმტკიცე საუკუნო რჯულად, უფლის სიტყვისამებრ, რაც უთხრა მან მოციქულებს: “ამით ცნოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუკი ერთიმეორის მოყვარულები იქნებით”, და კიდევ, უბრძანა მათ: “რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები”. ახლა თქვენც დაიცავით უფლის ბრძანებანი ერთიმეორის პატივისცემითა და სიყვარულით, ამასთან, ყველაფერთან ერთად, უეჭველი თავმდაბლობის სათნოებით და თქვენს წმინდა ეკლესიებში ერთიმეორისთვის ილოცეთ; მე გლაკახიც მარადის გახსოვდეთ თქვენს წმინდა ლოცვებში და თქვენს ძმობაში კარგად დაინახებოდეთ ახლობელთა და შორებელთაგან. ხოლო თუ რომელიმე ხანცთელი ძმა შატბერდში ყოფნის მოწადინე იქნება, ან კიდევ შატბერდელი – ხანცთაში ყოფნისა, ნურავინ იუფლებს მათ არმიღებას ანდა შფოთით მათი ჩანაფიქრის ჩაშლას და იძულებით შეფერხებას, სამართლიანი რამ მიზეზის გარეშე, ამასთან, თუ ვინმე უსამართლოდ შეაფერხებს მას, პასუხს გასცემს ღმერთს განკითხვის დღეს, რადგან არ არის ეს ჩემი, სულიერად თქვენი მამის, ნება, თანახმად მოციქულის სიტყვისა: “თუნდ გყავდეს ბევრი აღმზრდელი, მაგრამ არა ბევრი მამა”; ხოლო სულის ცხონების ყველა სხვა საღვთო წესი თავიდანვე გაქვთ განწესებული ჩემგან. მასზე იყავით მტკიცე უკუნისამდე და ქრისტეს მშვიდობამ, რაც აღემატება ყოველგვარ გონებას, დაგიცვათ სულისა და ხორცის ყველა ვნებისგან ერთობლივად ყველანი და მიგაახლოთ წმინდანებთან”.

მაშინ შევიდა იგი წმინდა ეკლესიაში და ცრემლით მიანდო თავისი თავი მას, გამოემშვიდობა რა მდუმარედ, და გამოსვლისას კი ბერებს ამბორი უძღვნა და ასე გაემართა ხანცთისაკენ, ხოლო მთელი ის ხალხი ცრემლით მიჰყვა. წმინდანი დადგა მაღალ ადგილას, ამ ღვთის ერის შუაში, დიდება შეწირა ქრისტესადმი და თქვა:

74. “უფალო ჩემო იესო ქრისტე, ღმერთო, ქვეყნად მოსვლის უწინარეს სოფელში იყავი და ახლა ცათა-ზედა მყოფი ჩვენთან ხარ ღმრთეების ძალის სინათლით ჩვენს შესაწევნელად! შენ, უფალო, მოწყალებით მომიძეხი მე ამ მხარეებში სამ მეგობართან, კარგ წმინდა მღვდლებთან, ერთად, რომლებიც სიკვდილამდე მარადჟამს შეუფერხებლად სწირავდნენ შენდამი უსისხლო წმინდა მსხვერპლთ და რომლებიც მრავალი სულის ნავსაყუდელად აქციე, მათი სიკვდილის შემდეგ კი ზეცის საკურთხეველთან დაუსრულებლად მსახურების ღირსი გახადე წმინდა ანგელოზებთან ერთად, და ახლა ჩემს მიერ აღაორძინე შენი ნების აღმსრულებლები, ქრისტე, რადგან სიბრძნის ტალანტი, რაც ჩემი სიყრმიდან მომეცი, გავამრავლე, როგორც ერთგულმა მონამ, შენს მორწმუნეებში. და ახლა შენს წინაშე არიან სასუფევლის მოწაფეები. აკურთხე ისინი, ქრისტე, როგორც აკურთხე წმინდა მოციქულები, და დაიცავი ბოლო დროში ჩემი მომავალი შვილები, ვიდრე სოფლის აღსასრულამდე, შენს ნებაში და წყალობა მოიღე ყველა ქრისტიანზე, შენს მართლაღმსარებელზე, უფალო!”

და შემდეგ ჯვარი გადასწერა შატბერდს და უთხრა: “კარგად აღორძინდი, შატბერდო, შეიმკვე მადლით და გაძლიერდი ღვთის ძალით, რომ შენს მსხვერპლთა ნაყოფი ჟამითი-ჟამად უბიწო შესწირო უფლისადმი, რადგან მე ახლა უკვე გემშვიდობები შენ და ვეღარ ნახავ ჩემს პირისახეს ხორციელად, ვიდრე უფლის დიდებით მოსვლამდე. ახლა თუმცაკი ხორცით გშორდები, მაგრამ სულით მარადის შენთან ვარ შენს შესაწევნელად”.

მაშინ მწარე ცრემლით ტიროდნენ შატბერდის მკვიდრნი იმ სიტყვის გამო, რომ ხორციელად აღარ ეყოლებოდათ დასანახად თავიანთი მოძღვარი.

წმინდანმა კი უთხრა მათ: “შვილებო, სულის სიბრძნით სძლიეთ გულის ტკივილებს და ნუ შეძრწუნდება თქვენი გონება, რადგან მე ასე აღგითქვამთ: ქრისტე არას დაგაკლებთ თქვენ არც აქ და არც იმ საუკუნეში, თუკი დარჩებით მონაზვნობის იმ წესზე, რაც, პირველი წმინდა მამებისგან შეწირული, ჩემგან გისწავლიათ. და ასე ვამცნებ შემდგომ და შემდგომ ჩემს შვილებს, რომ შეინახონ ეს წმინდა მოძღვრება, მაგრამ თუ დრომ გასაჭირის გამო წესი შეცვალოს, რაც სულისთვის დიდად საზიანო არ იქნება, შენდობა იყოს იმ დროს და არა სამარადისოდ, არცთუ მრავალი შვების მიდევნებით, რის შესახებაც თქმულია, რომ “არაფერი ისე არ განარისხებს ღმერთს, როგორც მეტისმეტი შვებაო”, მე კი როდესაც ღირსი გავხდები უფალთან მისვლისა, შევევედრები თქვენთვის, რადგან დიდად მომისვენეთ მე და რადგან ახლა, ხორცში ჩემი ყოფნისას, ჩემი თავისთვის და თქვენთვის ვლოცულობ, ხოლო როდესაც გავთავისუფლდები ამ საწუთროსგან, ვსასოებ ქრისტეს, რომ უწყვეტად იქნება ჩემი ვედრება მისდამი თქვენს გამო, ყველა სარწმუნოებით მავედრებელისა და ჩემი შვილების გამო, რომ ჰპოვონ მათ ღვთის მიერ წყალობა და შეწევნა სრული საუკუნო სიხარულისთვის”.

და როდესაც დაასრულა მან ეს სიტყვები, მაშინ ეამბორა შატბერდელ ძმებს, ცრემლით სავსეებს, დიდი ვედრებით დაარწმუნა ისინი, რომ უკან მიბრუნებულიყვნენ თავიანთ ადგილზე, თავად კი წაჰყვა ხანცთელ ძმებს, თუმცა თანასწორი საზღაური მიიღეს ღვთისგან იმათაც, რომლებმაც წაიყვანეს იგი და იმათაც, რომლებიც უკან მიბრუნდნენ, რადგან სარწმუნოება და სიყვარული თავისი მამისა და მოძღვრისა თანასწორად ჰქონდა ყველას.

როდესაც შატბერდიდან ხანცთაში მოვიდა ნეტარი გრიგოლი, ხანცთასთან ერთად გაიხარეს   ახლომდებარე უდაბნოებმა. მოდიოდნენ ძმები ყველა მხრიდან წმინდანის სანახავად და მიჰქონდათ   მისგან კურთხევა და ლოცვა და სიხარულით სავსენი მიდიოდნენ თავიანთ ადგილზე.

ასე რომ, ხანცთის დიდება ამაღლდა საუკუნო და გონისეული სამკაულით, გახდა რა იგი   განსასვენებლად გამზადებული ღვაწლთაგან დამაშვრალთა ნაწილებისთვის უკუნისამდე. მაშინ   გაიხარა ნეტარმა მამა გრიგოლმა, რადგან სიკეთეში ნახა თავისი მონასტერი და დიდი მადლიერებით   აკურთხა მან სანდო წინამძღვარი მამა ეპიფანე და ყველა ძმა, მისი მორჩილნი.

75. მაშინ ევედრებოდა ნეტარს დაყუდებით მყოფი ვიღაც მღვდელი, რომ აეშენებინა მას თავის სენაკთან ეგვტერი ჟამისსაწირავად, მაგრამ წმინდანმა უთხრა: “ძმათა კრებულში ეგ საქმე უწესოა. თუკი შენ ააშენებ ეგვტერს, ყველა ძმა ააშენებს და როდესაც დეკანოზი ჟამს დარეკავს ჟამისწირვისთვის, დიდ ეკლესიაში მღვდელს ძნელად იპოვის იგი. კიდევ სხვაც ბევრია ამაში სულის საზიანო და უსარგებლო. ამიტომ, მე არ ვეთანხმები ამას”.

76. ამის შემდეგ უბრძანა მან დიდ ზენონს: “ძმაო, ჩავიდეთ ვენახში, რაც არის ოპიზის გზაზე” (რადგან რთველის დრო იყო); და ჩავიდნენ ორივენი ერთად მის მოშენებულ კეთილნაყოფიერ ვენახში. ამ დროს მოვიდა სანატრელი მამა მაკარი ოპიზელი თავისი მოძღვრის, მამა გრიგოლის, სანახავად. გაიხარეს რა დიდად და მოიკითხეს რა ურთიერთი წადიერად, დასხდნენ პურობად, რადგან პურისჭამის დრო იყო. პურისჭამის შემდეგ გადაწყვიტეს იქ დარჩენა მეორე დღემდე. მამა მაკარიმ საუბარში იკითხა ნეტარი გრიგოლისგან ასე: “თუკი მწვალებელთა შვილი მართლმორწმუნეობაზე მოიქცევა, ნათლისღება სჭირდება თუ არა?”

უთხრა მას წმინდანმა: “მოციქული მათ “ცრუ ძმად” სახელდებს, რომლებსაც თავიანთ მრუდე მოძღვართა სახელები ჰქვიათ, მაშინ როცა პავლე მოციქულმა არ შეიწყნარა ჭეშმარიტ მორწმუნეთა მიერ წმინდა მოციქულთა სახელის მიღება. პირიქით, ადანაშაულებს და ეუბნება მათ: “რის გამოა მწვალებლობები თქვენში, რადგან თითოეული თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ…” (და ამის მომდევნო), ხოლო ყველა მართლმადიდებელს ქრისტიანი უწოდა მან და ახლა თუმცაღა მწვალებლებისთვის წერილიც განაჩინებს ზოგის ნათლისცემას და ზოგისას არა, მე ამას ვამბობ: როგორც ყველამ იცით, ჭეშმარიტ ქრისტიანთა შვილს მწვალებელი მღვდელი ვერ მონათლავს, თუნდაც უნათლავი კვდებოდეს, რადგან სინათლე არ არის მათთან და უნათლავის სიკვდილი უმჯობესია, ვიდრე უსჯულოება სჯულის დარღვევით. ამიტომ, საჭიროა და სამართლიანი ყველა მწვალებლის შვილის ნათლისცემა; თუმცაღა მათი მწვალებლობა ცალ-ცალკე ჩანს, მაგრამ ისინი ურთიერთშია შეწნულები, საცთურიდან გამომდინარე, იმ მელიების მსგავსად, რომლებსაც კუდი კუდზე გადაუნასკვა სამსონმა და ლამპრები გამოაბა ყველას კუდს, რადგან მწვალებელთა სახე იყვნენ ისინი, რომელთა საბოლოო სამყოფელიც საუკუნო ცეცხლია, ვინაიდან გაუცხოებულები არიან ჩვენი წმინდა დედის, მხოლო კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისგან და ცდებიან იმ საშოდან, რაც მათთვის მეორედშობად მიიჩნევა, ამასთან სიცრუეს ამბობენ, რადგან მუდამჟამს ტყუილს ქადაგებენ და ცილისმწამებლობენ, არიან რა შეჩვენებულები ჩვენს მოძღვართა, წმინდა მამათა მიერ. და კიდევ, თუკი მწვალებელთა შვილები კრებას ესწრაფვიან, ეს აღარ არის მათთვის ნებადართული. პირიქით, [გვმართებს] ყურადღებით ყოფნა და მათთან საერთოდ სიტყვის არდაძვრა კრების შესახებ. გარდა ამისა, იმ მორწმუნეს, რომელსაც სასწაულის მოხდენა არ ძალუძს, არ მართებს ურწმუნოებთან პაექრობა. თანაც, რადგან ყველა მწვალებელს ერთი სახელი, – მწვალებელი, – ჰქვია, მათი ცთომილებაც ერთადაა შემტკიცებული მტრის მიერ, ამის გამო კი ყველას ნათლისცემაა საჭირო, რომ დავის მიზეზი გაუქმდეს და ერთობლივად იყოს სრული სიხარული ქრისტეს ჭეშმარიტი სამწყსოებისა”.

აი, ამგვარი სიტყვა ბევრი ბრძანა ნეტარმა გრიგოლმა, ხოლო მამა მაკარიმ უთხრა: “ჭეშმარიტად სამართლიანია შენი ბრძანება, წმინდა მამაო, მაგრამ ცხადად მაუწყე ღირსეული სიტყვა მოპაექრეთა მიმართ წმინდა სამების შესახებ”. მან კი უთხრა: “ესაიასგან ისწავლე, რადგან სერაფიმებისგან ისწავლა მან თანასწორი პატივი წმინდა სამებისა, რომლებიც დაუდუმებლად ხმობენ: “წმინდაა, წმინდაა, წმინდაა უფალი საბაოთ”, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე ამბობს სამების სამგვამოვნების შესახებ: “როდესაც სამი სანთელია სახლში, შეუძლებელია მათი სინათლის განყოფა ან კიდევ შერევა მათი”. ესაა წმინდა სამების სარწმუნოება. “განძში” წერია ყველაფერი ჭეშმარიტებით. ამას ამბობს იგი: “მამა არაა ძეზე უფროსი თვალის დახამხამებითაც კი”. ახლა, როგორც გვისწავლია სიბრძნე წმინდა წიგნებისგან, საკმარისია ეს შენს მოძღვრად ყოველმხრივ”.

ხოლო ნეტარმა მაკარიმ უთხრა მას: “წმინდა მამაო, ისევე როგორც თავდაპირველად მონაზვნობის ხატი შენი ხელით მომცა უფალმა, ამჯერადაც, მსგავსადვე, შენი პირით მომანიჭოს მან სულიერი სწავლა ჩემს გალავნად უკუნისამდე”. და როდესაც შესაღამოვდა, ერთ სახლში იყო სამივე ღვთისკაცი და წარმოთქვეს რა, წესისამებრ, ფსალმუნნი, მაკარის მიერულა და სარეცელზე მიეძინა.

77. მაშინ ნეტარი მამა გრიგოლი და ზენონი დაბალი მეტყველებით ფსალმუნებდნენ. საღვთო მადლმა გააბრწყინა ისინი დიდების სინათლით და ის ბნელი სახლი თითქოსდა მზის მცხუნვარებამ გაანათა. როდესაც გაეღვიძა მამა მაკარის, თქვა მან: “როგორ საკვირველად ჩანან ეს წმინდანები!” უთხრა მას მამა გრიგოლმა: “ძმაო მაკარი, რისთვის გიკვირს ეს სანახაობა? არ გსმენია წერილისგან, რომ “საკვირველია ღმერთი თავის წმინდანებს შორის”? აი, ასე ხარობდნენ სამივენი, წმინდა სამების მადიდებლები, და წარმოთქვეს მათ ცისკრის საგალობლები.

როდესაც გათენდა, ისინი, მშვიდობის სავანეები, ურთიერთს გამოემშვიდობნენ და წავიდა მამა მაკარი ოპიზაში, ხოლო მამა გრიგოლი და [მამა] ზენონი ავიდნენ თავიანთ მონასტერშივე; ეს ზენონი მიწევნული იყო თავისი მოძღვრის სათნოებებამდე. მის შესახებ ასე ამბობდნენ ადამიანები მამა გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ: “ზენონი არის მტკიცე გალავანი კლარჯეთის დიდებული უდაბნოებისა”.

78. ხოლო ჩვენს ნეტარ მამა გრიგოლს გულმა უგრძნო ხორცთაგან გასვლა და ღმერთთან მისვლა. უფალმა აუწყა მას მისი ნების აღსრულება, როგორც თქვა დავითმა: “თავის მოშიშთა ნებას ჰყოფს უფალი, მათ ლოცვებს შეისმენს და აცხოვნებს მათ. მაშინ უბრძანა მან თავის ძმებს კერეონების სანთელთა ჩამოქნა [ხანცთის] ირგვლივ ყველა ახლომდებარე უდაბნოსთვის შესაწირად, რომლებიცაა: ოპიზა და მისი ფრთები, ბერთა და მასთან ახლომდებარენი, მიძნაძორო და წყაროსთავი მათთან მკვიდრი [მონასტრებითურთ]. შატბერდი კი თუმცა სხვა უდაბნოებს ცოტათი მოშორებულია, მაგრამ განუყოფლად თანამოძმეა მათი. იგი თავისი საღვთო კრებულის სიკარგით, საღვთო მოძღვრების ყველა წესით, სამონაზვნო რჯულდების კანონით და ყოველივე კეთილმოქმედებით თანაბრად არის პატივცემული ღვთის მიერ და ადამიანებისგან, რადგან იგია უთუოდ სიამაყე ახლომდებარე მონასტრებისა. [გრიგოლმა] ყველა ამ უდაბნოს მისცა კერეონები და შეატყობინა დღე, როდესაც უნდა აენთოთ ისინი და ელოცათ მისთვის.

79. ხოლო მათ შეიცნეს მისი ამ სოფლიდან მიცვალების დრო, რადგან ისევე როგორც წმინდა ღვთისმშობლის მიცვალებისას მოვიდა წმინდა მოციქულთა გუნდი ქვეყნის კიდეებიდან, ასევე იმ ჟამს, როდესაც გრიგოლის სიცოცხლის დრო [დასრულდა], შეიკრიბნენ წმინდა მამები ამ ნეტარი მოხუცებულის პატივსაცემად და მისგან კურთხევის მისაღებად, ის კი სიხარულით აღივსო მათი ნახვის გამო, ქრისტესმიერი კურთხევით აკურთხა ყველანი და უთხრა მათ: “უფალმა მოგცეთ საზღაური თქვენი გარჯილობისა, რომელმაც ბრძანა: “უძლური ვიყავი და შეპყრობილი, და მოხვედით ჩემთან”, რადგან მე ახლა უკვე გავდივარ ხორცთა საპყრობილიდან და უძლურებისგან ვთავისუფლდები ღვთის მადლით, რომელმაც ჯვრით დათრგუნა სიკვდილი. ავაზაკთან ერთად ყველა მორწმუნეს თავისი წმინდა ჯვარი მიანიჭა მან წინამძღვრად და, წმინდა ანგელოზებთან ერთად, ნიშნად ქრისტიანობისა – ეს სამეფო ბეჭედი, რაც მორწმუნე ადამიანების სულს აქვს სამარადისო საფარველად და საცხონებლად”.

მაშინ უთხრა ყველა მამამ ნეტარ გრიგოლს: “ღვთის წმინდანო, ქრისტეს ბრძანებათამებრ, ნეტარების საქმეთა სამკვიდრებელო, სასუფევლის დამკვიდრებისთვის ნებსით გლახაკო თავმდაბლობის სულით, საუკუნოდ ნუგეშისცემისთვის გულით მგლოვიარეო, გონებით მშვიდო, სამოთხის მშვენიერების მომლოდინევ, სიმართლისთვის მშიერო და მწყურვალევ, გამოუფიტავ მიწაზე ტკბილი საზრდოს ღირსქმნილო და გლახაკთმოწყალეო, მარადის განუშორებელია შენგან წყალობა ღვთისა, გულით   წმინდაო და შენი სულით კი ყოვლითურთ ღვთისმხილველო, მშვიდობისმყოფელო ძმათა შორის და   წმინდა ანგელოზთა მშვიდობას მიახლებულო ღვთისშვილად წოდებით, ღვთისგამო დევნულებათა    და ჭირთა მტვირთველო ქრისტესთან დამკვიდრებისათვის, ქრისტესთვის გაკიცხულთა ნავსადგურო და მზრუნველო ჩვენი ცხონებისათვის იმ სამარადისო ცხოვრებაში, გიხაროდეს შენ და მხიარული იყავი, რადგან “შენი საზღაური დიდია ცათა-შინა”, რამეთუ შენ, მართალი პავლე მოციქულის მსგავსად, “კარგი ასპარეზობა გიასპარეზია, სრბოლა აღგისრულებია, სარწმუნოება შეგინახავს, – კარგი საქმით სრულქმნილი. ამიერიდან მოგელის სიმართლის გვირგვინი, რასაც მოგანიჭებს მეუფე შენს წმინდა შრომათა სანაცვლოდ”, მაგრამ ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, სულიერად შენს შვილებს, როდესაც მიხვალ კეთილი, მოწყალე, მწყალობელი და ტკბილი უფლის სახის წინაშე, მოგვიხსენე შენი სამწყსოები და ნუ დააცხრობ ჩვენს გამო მოღვაწეობას ქრისტეს მიმართ, რადგან ყოვლითურთ ძალგიძს შეეწიო ყველას, ვისაც კი შენი ლოცვების იმედი აქვს და შენს მეოხებას ეშურება”.

ხოლო წმინდანმა უთხრა მათ: “თუმცა უფალს გავუმზადე ჩემი თავი და ჩემი ბავშვობიდან ძალისამებრ ვიშრომე, მაგრამ თქვენს სიტყვებში მეტისმეტი პატივდებაა, ქრისტესმსახურო მამებო; თუმცა ღმერთი ადამიანებისგან გულმოდგინებას ეძიებს და ანიჭებს რა თავის მორჩილებს, სანაცვლოდ, სასუფეველს, მეც მომმადლებს იგი თავისი ნების აღმსრულებლებთან ერთად დამკვიდრებას ყველა თქვენგანის ლოცვით, თქვენ კი გახსოვდეთ ჩემი მოთმინებითი სიმტკიცე მონაზვნობის მიმართ, რაც ნახეთ მას შემდეგ, რაც დავემკვიდრე თქვენს შორის, ვიდრე აქამდე, რადგან ასეა საჭირო ცათა სასუფევლის ძიება. ილოცეთ ჩემთვის, რომ მომეცეს მადლი ღვთის წინაშე თქვენს, ჩემს შემწეთა, შესაწევნელად უფლის მიერ”.

80. მაშინ უთხრა მან ხანცთაში მყოფ ძმებს: “შვილებო, რა მცნებაც თავდაპირველად გაიგონეთ ჩემგან, თქვენი სულის საცხონებლად დაიცავით და მარადის აღასრულებდეთ ჩემს ხსენებას, მე კი თუკი ვპოვებ გაბედულებას ქრისტეს წინაშე, მის სიკეთეთა სიუხვე მოუკლებლად გექნებათ ორსავე სოფელში, ხოლო ახლა ამას გამცნებთ ქრისტეს ჯვრით, რომ ჩემი სხეული დამარხოთ ჩემს ძმებთან ერთად, რადგან არ ვარ უკეთესი ჩემს ძმებზე სათნოებათა მოპოვებით. ამიტომ ყველას გევედრებით, ნურასოდეს დამივიწყებთ თქვენს ლოცვაში მე, ღვთისადმი ყოვლითურთ თქვენზე მლოცველს და ამჯერად თქვენთვის ქრისტეს მიმართ საუკუნოდ ვედრების შემწირველს. ლოცვითა და ჟამისწირვით მარადის მომიხსენეთ მე, უცხოქმნილი თქვენგან სიკვდილის მიერ, ოდეს ნახოთ მწირობის ადგილი ჩემი ამ მკვიდრობისა, რადგან აჰა მიიქცევა მიწად ჩემი სხეული კვლავხმობის დრომდე, ჩემი სული კი უფლისგან შეიწყნარება”.

81. იმ დროს, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა ნეტარი გრიგოლი, მიუწვდომელი სინათლით ბრწყინვალედ შეიმკო მისი მშვენიერი შესახედაობა ქრისტეს მიერ, რადგან უფლის ანგელოზთა ბანაკი გარს შემოერტყა მას და პატიოსან საკმეველთა სურნელებამ აავსო მთელი ის ხალხი, მამათა კრებული, ვინაიდან ამ მართალ სულს ზეცის წმინდა მთავრობათა ხედვის ჩვეულება ჰქონდა და ახლა მათგანვე მოესმა მას სიხარულის ხმა: “ნუ გეშინია ჩვენთან მოსვლისა, სანატრელო მსახურო ქრისტესო, რადგან ცათა მეუფე ქრისტე გიხმობს შენ, მიწის ანგელოზსა და ზეცის ადამიანს. ახლა მოდი სიხარულით და შენს უფალთან იხარე დაუსრულებლად, რადგან ადამიანთა შორის ნეტარი ხარ შენ როგორც იმ ნეტარ დიდებაში დასამკვიდრებლად გამზადებული და მხიარული საუკუნოდ”. ეს სიტყვები ესმოდა მის ზოგ მოწაფეს, თუმცა ის დიდებული ჩვენება ყველამ ნახა. მაშინ სრულიად გაიხარა ნეტარმა უძლეველი სიხარულით, ჯვარი გადასწერა თავის მონასტერს, თავისი ძმები აკურთხა საუკუნო კურთხევით ქრისტეს ყველა მორწმუნესთან ერთად და თქვა: “მეუფეო ქრისტე, მას შემდეგ, რაც თვითვე ივნე თავად და გამოიცადე, ძალგიძს იმათი შეწევნაც, რომლებიც მახეებისგან და მტრის საცთურებისგან გამოიცდებიან, რადგან ქრისტიანთა შემწე შენ ხარ, უფალო! დაიფარე შენი მარჯვენით შენი წმინდა სახელის მოიმედენი, ბოროტისგან იხსენი ისინი და მიეცი მათ დაუსრულებელი სიხარული, ხოლო მე, შენი მონა, მაცხოვნე შენს სასუფეველში და მოწყალედ მომიხსენე შენი მეუფებით”.

82. ასე შეჰვედრა მან სული უფალს და შეერთო იგი ანგელოზთა კრებულს, რადგან უხორცო ანგელოზები და ადამიანთა სულები ერთბუნება არიან და ადამიანის სულს აქვს ანგელოზებრივი მეტყველება. თუმცა ხორციელი ენების დადუმებაზე ამბობს დავითი: “იმ დღეს მოისპობა ყველა მათი მეტყველება”, მაგრამ თვითვე ამბობს წმინდანთა სულებისთვის: “ამაყობენ წმინდანები დიდებით, ხარობენ თავიანთი ხსენების გამო” და მეოხებას უწევენ თავიანთ მადიდებლებს ქრისტეს მიმართ, რადგან ვიდრე ცოცხალთა და მკვდართა განსჯამდე იღვწიან ისინი მათდამი მავედრებელი ხორცში მყოფი მორწმუნე ადამიანებისთვის და მოელიან სრულ სიხარულსა და მხიარულებას, მათი მეუფის აღთქმისამებრ, როდესაც დიდებისაგან უფრო დიდებულ დიდებაში დამკვიდრდებიან უფლის დიდებით მოსვლისას; ხოლო “ცის ოთხივე ქარისგან შეკრება რჩეულებისა ცისკიდიდან ცისკიდემდე” ესაა ის, რომ ქარით, როგორც “ეტლით”, შეკრებს ქრისტე თავის წმინდანებს თავის წინაშე საუკუნო სიხარულისა და შვებისათვის, როდესაც თითოეული მათგანი თავის ნაღვაწს წარმოუჩენს უფალს და, სანაცვლოდ, წაიღებს ულევ სიმდიდრეს.

83. მაშინ, ნეტარო მამაო, სასწაულებით მბრწყინავმა ახალმა ქრისტესმოწამემ იოანე სანატრელმა, ხანცთიდან იერუსალიმში მისულმა და სარკინოზების ხელით ბაღდადში ქრისტესთვის მოკლულმა, იხაროს შენს რჩეულ შვილებთან ერთად, როდესაც წარუდგენ მათ ქრისტეს. იმ დროს რაღა იქნება ნუგეშისცემა ჩვენ, მცონარეებისთვის, რომლებიც წოდებულნი ვართ შენს მოწაფედ, რადგან გამხმარია ურთიერთის სიყვარული, სიკეთის ყოველი საქმე შემცირებულია და გაზრდილია ნაკლულევანება!? მაგრამ ღვთის მოწყალებათა და ყველა წმინდანის მეოხებათა შემდეგ შენი ლოცვებისადმი არის ჩვენი იმედი, წმინდა მამაო! შეიწირე ჩვენი სარწმუნოება, ღირსო, რადგან შენ იცი ჩვენი სიყვარული, თუმცა ხორციელად არ გვინახიხარ. ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, არამედ იყოს შენი მადლი შემწე ჩვენი, – შენს წმინდა უდაბნოებში დამკვიდრებულებისა, – და მთელი ხალხისა, რომ აღმოვჩნდეთ წარუვალი სიხარულის  ცხოვრებაში  შენთან  ერთად.

ახლა, საყვარელო ქრისტესმორწმუნეებო, ჩვენც, ყველას, გვმართებს ძალისამებრ გულმოდგინება სიკეთის საქმნელად ღვთის მოწყალებასთან და წმინდანთა მეოხებასთან ერთად, რომ ღირსი გავხდეთ ცოდვათა შენდობისა და საუკუნოდ დიდი წყალობისა.

84. ხოლო ჩვენი ნეტარი მამა გრიგოლის გარდაცვალება იყო მის წელიწადთა რაოდენობით ასმეორე წელს, ოთხმოცდაერთ ქრონიკონს, მისი ეს ცხოვრება კი დაიწერა მისი გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათი წლის შემდეგ, დასაბამიდან გასული წლების მიხედვით ექვსიათასხუთასორმოცდამეთოთხმეტე წელს, იერუსალიმში აგათონის პატრიარქობისას; მცხეთაში მიქელის კათალიკოსობისას; ქართველებზე აშოტ კურაპალატის, ადარნერსე ქართველთა მეფის ძის, მთავრობისას; აფხაზებზე გიორგის, კოსტანტი მეფის ძის, მეფობისას; სუმბატის, ადარნერსე მეფის ძის, ერისთავთერისთავობისას; ადარნერსეს, ბაგრატ მაგისტროსის ძის, მაგისტროსობისას; სუმბატის, დავით მამფლის ძის, ერისთავობისას. ქრისტემ მიანიჭოს ყველა მათგანს დაუსრულებელი დიდება.

ხოლო იმავე დროს ანჩში ეპისკოპოსი იყო მაკარი, ნეტარი მამა გრიგოლის მიერ აშენებულ მონასტრებში კი იყვნენ მამასახლისები, წარმომავლობით დიდ აზნაურთა შვილები: ხანცთაში – მამა თევდორე, მცხვედას დისწული, და შატბერდში – მამა გრიგოლი, ლიპარიტის ძე, დიდი მამა გრიგოლის სახელით შემკული. ქრისტემ სრულად შეამკოს იგი თავისი მადლით და საუკუნოდ გაამართლოს იგი თავის წინაშე.

ხოლო ხანცთის წინამძღვრის, მისი ძმის იოანეს და ამ წიგნის აღმწერის გიორგი მერჩულის – სამივე მათგანის ერთობლივი გულმოდგინებით დაიწერა ნეტარი გრიგოლის ეს ცხოვრება. ქრისტემ დაწეროს ისინი ცხოველთა წინაშე და სრულიად წყალობა ყოს ყველა მორწმუნისთვის, რომ შეიცნონ მათ ამქვეყნის საღვთო ნიჭიც ზეციურთან ერთად.

მართლაც, ეკლესიაში ერთი წიგნისმკითხველი თანაბრად საკმარისია როგორც ცოტა, ასევე ბევრი მსმენელისთვის და, მსგავსადვე, როდესაც ერთი იკურთხება ან მრავალი, მაკურთხეველი ერთია საკმარისი, რადგან დაუკლებელია ჩვენდამი ქრისტეს სიკეთეები და წმინდანთა მეოხების მადლი.

85. ამიტომ, დღეს ხსენება ნეტარი მამა გრიგოლისა და ყოველთა მართალთა მარადის იყოს იმედი ჩვენთვის და შესავედრებელი სულისა და ხორცისა მონაზონთა წინამძღვრის, ჩვენი დიდი მამა ანტონის, მონაზონთა დასში, დაუღამებელ სინათლეში, როგორც თქვა სოლომონმა: “სინათლე მართლებზეა მარადის”. და კვლავ ამბობს იგი: „ხოლო მართალთა სულები ცოცხლები არიან ღვთის ხელებში~ და ანათებს მათ ცათაგან დაუტევი და ქალწულის საშოში გამოუთქმელად დატევნილი მზე სიმართლისა, ჩვენთვის ცხოვრებად გამობრწყინებული დაუსაბამო სინათლე ქრისტესი, – ჩვენი ღვთისა, რადგან არაფერია შეუძლებელი მის წინაშე, რომელმაც მზისთვალს, თავის ქმნილებას, იმგვარი ბრწყინვალება მისცა, რომ ყველაფერს ხილულს მიეფინება იგი და ანათებს მას თავისი სინათლით. და მანვე, ყოვლისშემძლე ღმერთმა, მისცა ხელმწიფობის მადლი ყველა თავის წმინდანს, რომლებიც ჩვენთვის განუწყვეტლივ აღავლენენ ვედრებას მისდამი. ამის გამო, ‘მათი ხსენება ქებით აღესრულება” და ისინიც თავიანთი დღესასწაულის შემამკობლებს მარადის იფარავენ, ანათლებენ მათ სულებს და მადლს ანიჭებენ ყველა მორწმუნეს, რადგან ძალუძს თითოეულ მათგანს შეეწიოს სარწმუნოებით მავედრებლებს და მარადის მეოხნი არიან ჩვენთვის ყოველთა დამბადებელი წმინდა სამების წინაშე, რომლისაც არის ძლიერება, დიდება, დიდმშვენიერება და დაუსაბამო და დაუსრულებელი მეუფება. მას შეჰფერის პატივი და ქებით თაყვანისცემა დროთა უკუნისამდე და სამერმისო საუკუნეებში, ამინ.

86. ადრე მომხდარი ეს სასწაული გაგონილი გვაქვს ჩვენი ბერებისგან, რომ ხანცთაში მამა გრიგოლის მოწაფის, ეპიფანეს მამასახლისობისას იყო ვიღაც მდიდარი კაცი ანჭკორაში, სახელად წერტა (ახლა რასაც “წერტაისნი” ჰქვია, მისი თხების სადგომი იყო). მას ჰყავდა ასული, დაბადებიდან ყრუ და მუნჯი, აღნაგობით კი საღი. როდესაც ცამეტი წლისა იყო ეს ასული, მის დედას ჩვენებით გამოეცხადა ძილში ღირსი ეპიფანე და უთხრა: “ხვალ ხანცთაში ჩემი ჟამისწირვისას გამოაგზავნე კაცი და ჩემი, ეპიფანეს, ხელების ნაბანს გამოვატან შენთან. შეასვი იგი შენს ასულს, წაუსვი თავზე და განკურნებს მას ქრისტე მისი ვნებებისგან ყველა წმინდანის მადლით”.

ხოლო მორწმუნე ქალმა არ შეატყობინა თავის ქმარს ეს ჩვენება, რადგან იმ დროს ეს ადამიანი მონაზონთა მიმართ გულმწყრალად იყო. ამიტომ მან ფარულად გააგზავნა კაცი, ნეტარმა ეპიფანემ კი უფლის მიერ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო. მისცა მან იმ კაცს თავისი ხელების ნაბანი და როდესაც იგი [უკან] მივიდა, იმ ქალმა მტკიცე სარწმუნოებით წაუსვა უსისხლო მსხვერპლის ღირსეულად შემწირველი მღვდლის საბოძვარი თავის ასულს, რომელსაც დაეძინა სამი დღე და სამი ღამე, ხოლო გაეღვიძა რა, თქვა: “დიდება ღმერთს, დიდება წმინდა სამებას, რომელმაც ნეტარი მამა ეპიფანეს ლოცვით განმკურნა და მიხსნა მე ეშმაკისგან”. ნახა რა ეს სასწაული წერტამ, მისმა მამამ, გაკვირვებული წავიდა ხანცთაში, სიხარულით სავსე, და როდესაც მიაღწია მან უდაბნოს თვალსაწიერს, ხმამაღლა ტიროდა თავისი ადრინდელი უგულისხმოების გამო. მაშინ მამა ეპიფანემ სიხარულით და ნუგეშისცემით მოიკითხა იგი და, ძალისამებრ, მეტად პატივი სცა, წერტამ კი დიდი შესაწირავი უძღვნა მას, რაც შეწირა წმინდა მთავარმოწამე გიორგის წინაშე. ჰმადლობდა იგი საკვირველთმოქმედ ქრისტეს და მის მონას ეპიფანეს, რომლის ლოცვითაც სრულად მიეფინა მას სიხარული, მისი ასული კი კარგად გადარჩა ამ საწუთროში და საუკუნოდ. ჩვენთვისაც წყალობა ყოს უფალმა ყოვლითურთ ყველა მისი წმინდანის მეოხებით.

87. ხანცთაში მკვიდრი გაბრიელ მოძღვარი, დიდად მოღვაწე ნეტარი წმინდა მამა, გვიყვებოდა მამა ბასილის შესახებ: “მრავალი წელი ხანცთაში მისი მამასახლისობის დროს ეს იყო მისი კანონი: როდესაც შინ იყო, ტრაპეზისგან ცალკე საკვებს არაფერს მიიღებდა, – არც საჭმელს, არც სასმელს. მაგრამ თავისი ავადმყოფობის დროს, რითაც გარდაიცვალა თავის წინამძღვრობაში, მითხრა მე: “შვილო გაბრიელ, სამზადიდან წანდილის ცხელი კერძი მომიტანე”. მაშინ [წანდილი] მოხარშული არ იყო. სხვა მოვხარშე და მივართვი, რადგან მრავალი დღე არაფრის გემო არ გაესინჯა. როდესაც გაიგო, რომ იმ დღეს ეს საჭმელი საერთო [ტრაპეზზე] არ ყოფილა, მაშინ, რაც მიტანილი მქონდა, აღშფოთებით დააქცია და მრისხანედ მითხრა მე: “რად შეცდი, საწყალო, და რად მაცთუნებ მე?”, ხოლო მე შიშით შენდობა ვითხოვე და ვკითხე ამ დიდი გაკიცხვის მიზეზი.

მან კი მითხრა: “შვილო, ჩემს სიჭაბუკეში მამა გრიგოლის სახედარს ვუვლიდი და ხორციელი მოთხოვნილებით მამას თავს ვაბეზრებდი, მას კი, ღვთის კაცს, ქრისტესგან წინასწარმეტყველების მადლი ჰქონდა და ასე მიბრძანა: “ბასილი, მალე შენ ხანცთაში მამასახლისად დადგები და რასაც ახლა წუხხარ, მაშინ გექნება, – სამოსელიც და საგებიც, როგორც გენდომება, მე მოხუცი კი, სულიერად შენი მამა, ახლავე გამცნებ და ქრისტეს ჯვრით ჯვარს გადაგწერ: როდესაც ეს ჩემი სიტყვა საქმით ასრულდება, ხანცთაში როდესაც იქნები, ყველაფერს ხორცთა მოსახმარისს ტრაპეზზე დასჯერდი, რადგან გეყოფა შენ, სხვაგან რომ იქნები, მაშინდელი პატივი ხორციელი შვებისთვის”. და ახლა ჩემი მამასახლისობის მრავალ წელს ჩემი მამის კანონი საქმით აღმისრულებია, შენ კი ჩემი სიკვდილის დროს ურჩობის სასჯელში მაგდებდი. ამიტომ გავბრაზდი შენზე”. მე კვლავ შევუვრდი მას და გამიკვირდა მისი დიდი მოთმინება, ხოლო მამა ბასილიმ მაკურთხა ყველა კურთხევით და მითხრა: “კურთხეული იყავით უფლის მიერ შენ და მთელი მართლმორწმუნე კრებული წმინდა ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და ყველა წმინდანის მეოხებით, ამინ”.

ძველი ქართული ტექსტი ახალ ქართულზე თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

“საეკლესიო ბიბლიოთეკა”, ტ. I, 2008 წ. თბილისი

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button