ლიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი მართა

გაზაფხული იდგა.

მარტი ილეოდა.

კავკასიონის მთებზე ნაადრევად შემშრალიყო თოვლი.

უღელტეხილები სამოყვროდაც გახსნილა და სამტროდაც.

ეს ის დრო იყო, როცა ევროპის კარზე დამაშვრალი ქართველები ამაოდ შესთხოვდნენ საქრისტიანოს შველას. საქართველოს გვირგვინოსანი მეფე უკვე მერამდენე ელჩს უგზავნიდა ერთმორწმუნე რუსეთის იმპერატორს; იმპერატორი კი სულ სხვას ფიქრობდა.

ეს ის დრო იყო, როცა საქართველო მთლიანად გაეწირნა თავის იღბალს, ხოლო ურჯულოები ისე იტაცებდნენ ქრისტიანებს როგორც მგლები ბატკნებს.

აღმოსავლეთი წალეკვით იმუქრებოდა.

ხან ლომი ბრდღვინავდა, ხან ნამგალა მთვარე კაშკაშებდა ავისმომასწავლებლად. სტამბოლის ბაზარზე უამრავი ქართველი ტყვე იყიდებოდა   _    შოლტივით მოქნეული  თვალშურთხა  ქალწულები,  პატარა  ბიჭები,   შეშინებულ,  უდედოდ დარჩენილ შვლის ნუკრებივით რომ აფეთებდნენ თვალებს, შეღერებული ვაჟკაცები, ბეჭბრტყელნი  და  კუშტად  მომზირალნი,   ბრაზით  რომ  ენთებოდათ  არწივის

თვალები, როცა მისი მისამართით ამბობდა თათარი: გიურჯ! გიურჯ!

ბუღი ასდიოდა სტამბულის ბაზარს.

სათნოებას ქადაგებდა ევროპული საქრისტიანო.

თავისას ფიქრობდა იმპერატორი.

იქით ხომ მიჰყავდათ და მიჰყავდათ (ზოგი _ მტრებს, ზოგსაც შინაური მოღალატეები ჰყიდდნენ), აქეთ კიდევ დიდოები წაექეზებინათ და ისინი

მოსდებოდნენ მთას, ისე იპარავდნენ ქალსა და ბალღს, სამკალ-სათიბზე გასულს, _ თვალსა და ხელს შუა აგაცლიდნენ.

ერთ დროს წისქვილში წასვლა რიტუალს ჰგავდა _ ახლა კი შავეთში წასვლას უფრო, საიდანაც, კაცმა არ იცის, მობრუნდება როდისმე თუ აღარა.

უმეტესად ქალებს და ბალღებს იტაცებდნენ დიდოები. ჩაუსაფრდებოდნენ და…

შიშის თვალებით იმზირებოდა ტყე.

შიში უთვალთვალებდა წისქვილს.

წყაროზე დოქით მიმავალ ფეხშიშველა ბალღს შიში უმზერდა.

შიშს თვალები გაჰფართოებოდა და მთელს საქართველოს მისჩერებოდა.

აი, ახლაც, შიშით შეჰყურებდნენ მართა და მისი უმცროსი და მარეხი თოვლშემშრალ კავკასიონს.

მართა მამის სახლიდან მოდიოდა ქმრის ოჯახში. იქ, შემოდგომაზე, ომში დაჭრილი მამა მოჰკვდომოდა და ის დაასაფლავეს. გამცილებლად თავისი ერთადერთი და მოჰყვებოდა. დედა კარგა ხანია აღარ ჰყავდათ.

აღარც ქმარი ჰყავდა მართას.

სიძე-სიმამრი ერთად იყვნენ კახეთში შემოსეულ მტერთან საბრძოლველად და იქიდან მარტო სიმამრიღა დაბრუნდა, ისიც დაჭრილი.

ერთი წელიც არ უცხოვრია ქმართან მართას, ერთხელაც კი ვერ შეუხედნია ხეირიანად მისთვის თვალებში, ისე დაქვრივდა. შერჩა უიღბლო სიცოცხლეს იმ იმედით, რომ არ გააცივებდა მეუღლის კერას.

ფეხმძიმედ იყო.

წინ ტყე ჰქონდათ გასავლელი მართას და მარეხს.

გარინდებული ტყე შიშის თვალებით იყურებოდა.

თუმცა ჯერ არ გამოფოთლილიყვნენ ხეები, მაგრამ მაინც ჩამოებურა ხშირ წიფლნარს.

დებმა ერთხელ კიდევ შეხედეს უღელტეხილს და ტყეში შევიდნენ.

ლეკების დანახვაზე შეკრთნენ, გაქცევა დააპირეს, მაგრამ საითაც გაიქცნენ, ყველა მხრიდან მათკენ წიფლის უკანმიმალული ნაბადი ეჭირათ.

იმათ გარშემო ნელ_ ნელა შეიკრა ნაბდების წრე.

როცა ორივეს გული წაუვიდა შიშით, კიდეც რომ ეთქვათ დიდოებს, გაიქეცითო, ამის თავიც აღარ ჰქონდათ. ქალები ნაბადში გამოხვიეს, თოკებით შეკრეს, ცხენებზე დააკრეს და თვითონაც ამხედრდნენ.

ჩქარობდნენ ლეკები.

მაინცდამაინც კარგად არ იყო ამშრალი თოვლი და თადარიგს იჭერდნენ, რო, თუ მდევარი დაედევნებოდათ, როგორმე უღელტეხილზე გადაესწროთ.

მერე აღარ ეშინოდათ.

სწორედ ეს უღელტეხილი ჰყოფდა საქართველოს დაღესტნისაგან.

ამ მთას საქართველოს გამოსახედს ეძახდნენ აქაურები.

ამბობენ, როცა ტყვეები მიჰყავდათ, ისინი ცდილობდნენ აქედან ერთხელ კიდევ გადმოეხედათ საქართველოსთვის, რადგან, ვინ იცის, იქნება უკან ვეღარც დაბრუნებულიყვნენ ვერასოდეს. თუ პატრონი მოინდომებდა მოტაცებული ტყვის გამოხსნას, ისეთ ფასს ადებდნენ, ძნელად თუ ვინმეს შეეძლო ამ ფასის გადახდა. ამიტომ ბევრს მართლა უკანასკნელად უხდებოდა იმ უღელტეხილიდან საქართველოს გადმოხედვა. თუ ლეკებს მოეწონებოდათ ქალი, რჯულს შეაცვლევინებდნენ და ცოლად ირთავდნენ. ხოლო ვინც რჯულის გამოცვლაზე უარს ამბობდა, ბავშვებთან და კაცებთან ერთად აღმოსავლეთის ბაზრებისაკენ მიჰყავდათ გასაყიდად. იქ დიდი ფასი ედოთ “გიურჯებს”.

ისინი კი, ვინც რჯულის შეცვლა და ლეკის ცოლობა ინდომა, ურიგდებოდნენ თავიანთ ბედს, მაგრამ სამარეში თითქმის ყველა მაინც ერთი ნატვრით ჩადიოდა _ ნეტავ ერთხელ მაინც გადამახედა იქით, საქართველოს გადასახედიდან.

ასეთი იყო ტყვეების ბედი.

მართა და მარეხი კი ვერ გადმოხედავდნენ საქართველოს უკანასკნელად, რადგან დიდოებს ეს ძვირფასი ტყვეები საგულდაგულოდ გამოეხვიათ ნაბდებში.

როცა უღელტეხილი გაიარეს და თავის სამშვიდობოს დაიგულეს, მაშინღა გამოხსნეს და გაოცებულები დარჩნენ: სიჩქარეში, მათი შეპყრობისას, ვერც კი შეემჩნიათ დების სილამაზე.

მართას და მარეხის სილამაზე განთქმული იყო. ორივეს ღია-წაბლისფერი თმა ჰქონდა, ტანად აშოლტილნი და წელწვრილნი იყვნენ. მარეხს მაყვალივით შავი თვალები ჰქონდა, ხოლო მართას მოცისფრო-მოიისფრო. მარეხი ის-ის იყო შედიოდა სრულქმნილებაში, მართა კი უკვე დაქალებულიყო და სილამაზითაც ბევრითა სჯობდა უმცროს დას.

ლეკებმა ხარბად აათვალ-ჩაათვალიერეს დები და როცა მართას გამობერილ მუცელზე შეაჩერეს მზერა, ერთ-ერთმა ლეკმა ხელი მიადო ზედ.

_ გიურჯ, გიურჯ! პატარა გიურჯ! _ ჩაიცინა ლეკმა. მართამ განზე გაიწია. ლეკებმა კარგა ხანს ხარბად ათვალიერეს დები და მერე, ეტყობა იმის შიშით, სხვას

არავის შეემჩნია მათ მხარეში ტყვეების სილამაზე, საგულდაგულოდ ისევ ნაბდებში გაახვიეს, ოღონდ ახლა მუცლით აღარ გადაუწვენიათ მართა ცხენის ტახტაზე, უფრო ფრთხილად მოექცნენ.

შებინდდა.

ღამე მდინარის პირას გაათენეს ლეკებმა.

რაღა თქმა უნდა, კიდევ გამოხსნეს ნაბდებიდან ძვირფასი ტყვეები და ახლა ცეცხლის შუქზე ტკბებოდნენ იმათი ცქერით. რაღაცას თავის ენაზე ხმამაღლა ყაყანებდნენ, რაღაცაში ვერ რიგდებოდნენ, დროდადრო ხან მართაზე ანიშნებდნენ ერთმანეთს, ხან მარეხზე.

ეტყობა, ვერ მორიგდნენ.

დები ისევ ნაბდებში შეახვიეს, შეთოკეს და თვითონაც დასაძინებლად მიწვნენ.

ცეცხლი ნელ-ნელა ჩაცივდა.

ჩამოიბურა გულის შემხუთველი ღამე.

ეძინათ დიდოებს.

მარტო ყარაული ფხიზლობდა.

დებს კი რა დააძინებდათ.

დაფეთებული თვალებით იყურებოდნენ ნაბდებიდან.

ყარაული შუა ხნის კაცი იყო.

ნიკაპით თოფის ლულას დაჰბჯენოდა.

მერე წამოდგა.

მართას სახეზე ნაბადი გადაუწია და დიდხანს უყურა.

ქალს შიშისაგან ჟრუანტელმა დაუარა.

ლეკმა ორი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო, სახე აუწია, სულ ახლოს მიიტანა სახესთან, თვალებში ჩახედა.

მართას ნიკაპი აუცხროვდა.

ლეკმა უფრო დაიწია ქვემოთ, ტუჩები მართას ტუჩებს დაადო და ასე გაირინდა ერთ წამს.

მართამ სახე მოარიდა.

ლეკმა ისევ თითებით აუწია ნიკაპი, ისევ ჩახედა თვალებში და ქართულად ჩასჩურჩულა:

_  შენ, ლამაზო გოგო, ჩემი ცოლი იქნები.

მართამ ვეღარ აიტანა ლეკის ტუჩებისაგან დანატოვარი მყრალი გემო და გადმოაფურთხა.

ლეკმა ხანჯალი ამოსწია.

მერე ისევ ჩააგო.

მიმოიხედა.

მართას გაშორდა და ისევ საყარაულოდ დადგა.

როჭოებმა მთებში ყივილი ატეხეს. ამ ხმაზე ლეკები წამოიშალნენ.

ეტყობა, თენდებოდა.

შეკაზმეს ცხენები და ისევ გაუდგნენ გზას.

ის დღეც იარეს.

შებინდებისას აულს მიატანეს.

მოლა გაჰკიოდა მწუხრის ლოცვას.

ძაღლების ყეფაც მოისმოდა აქეთ_ იქიდან.

მოსულთა შესაგებებლად ბანებზე გადმომდგარიყო ქალი და კაცი.

ძვირფასი ტყვეები ისევ ნაბდებში იყვნენ საგულდაგულოდ გამოხვეულნი.

ამაოდ ცდილობდნენ დიდოები იმათ დანახვას.

ტყვეები ერთ მაღალ სახლში შეიყვანეს და უკან ადევნებულ აულს ცხვირწინ მიუხერეს კარი.

ჯერ ვერაფერს ხედავდნენ მართა და მარეხი. მხოლოდ აულის სუნით გრძნობდნენ, რომ მუსლიმანურ სამყაროში მოხვდნენ. ასეთივე სუნი ასდიოდათ მათ გამომტაცებლებს. მართას ჯერ ისევ ტუჩებში ჰქონდა გამჯდარი ლეკის ტუჩების უსიამოვნო გემო, რომელიც ასეთივე სუნით დაამახსოვრდა.

გარეთ ცნობისმოყვარე აულის ჩოჩქოლი მიწყნარდა.

ტყვეები ნაბდებიდან გამოხსნეს.

იმათმა სილამაზემ ისევ თვალი მოსჭრა და ვნებით გააბრუა ლეკები.

ისევ ატეხეს ყაყანი.

რაღაცაზე ისევ ვერ თანხმდებოდნენ.

მერე რამდენიმე მოხუცი მოიყვანეს და ახლა იმათი თანდასწრებით ყარეს წილი.

ერთმა თეთრწვერა მოხუცმა ლეკმა განაჩენი გამოიტანა.

ეს განაჩენი ქართულად გადაუთარგმნეს დებს:

_ თქვენი სილამაზე გიხსნით თქვენ. ჩვენი აულის უმდიდრეს ვაჟკაცებს გადაუწყვეტიათ თქვენი ცოლად შერთვა. ამისათვის უნდა დაუტევოთ ღმერთი თქვენი და შეუდგეთ ალლაჰს, დიდი არს ძალა მისი, ილოცეთ მისთვის, რომ გადაგარჩინათ აღმოსავლეთის ბაზარზე გაყიდვას.

თარჯიმანმა მარეხს ახარა, რომ მას შეუძლია ახლავე გახდეს ლეკის ცოლი, ხოლო მართას, რაკი ფეხმძიმედაა, მანამდე არ გააჩენს, ვერ შეირთავს საქმრო, რჯულის შეცვლა კი ახლავე შეუძლია, მარეხთან ერთად.

მარეხი იმ ღამესვე წაიყვანა თავისთან საქმრომ. გამოთხოვებისას შეშინებული ეხვეოდა მარეხი დას.

კარებში რომ გაჰყავდათ, მართამ მიაძახა:

_  რჯული არ შეიცვალო, მარეხ!

ასე გაჰყარეს დები ერთმანეთს.

მეორე დღეს დიდი გამოცოცხლება იყო აულში.

მეჩეთისკენ გარბოდა დიდი და პატარა.

დიდოებს მარეხი დაეყოლიებინათ რჯულის შეცვლაზე და ახლა ყველა იმისი სილამაზის სანახავად მიიჩქაროდა.

მართა კი ვერა და ვერ დაიყოლიეს. რა არ აღუთქვეს, რას არ შეჰპირდნენ, მაგრამ მაინც მტკიცედ იდგა ქრისტეს რჯულზე.

ისიც დაანახვეს, როგორ ინათლებოდა მისი და.

დაემუქრნენ კიდეც, _ აღმოსავლეთში გაგყიდით და შვილთან ერთად მონურ წამებაში ამოგხდიან სულსო.

ვერ გატეხეს.

ადგნენ და გომურში შეაგდეს.

აშიმშილეს.

დროდადრო შორიდან აყურებინებდნენ, როგორ გამო_ ჰქონდა მარეხს სახლიდან გასამზეურებლად ლოგინი.

ერთხელ მიუგზავნეს კიდეც მარეხი, რათა იმას მაინც დაერწმუნებინა, რომ ალაჰი ჭეშმარიტი ღმერთია და როგორმე დაეყოლიებინა რწმენის შეცვლაზე.

დები პირისპირ დარჩნენ.

მარეხი გულზე მიეკრა და აქვითინდა.

მართა აწყნარებდა.

_ იმ ღამის მერე ისე ვიყავი ღმერთზეც და ყველაზეც გაჯავრებული, მე თვითონ არ ვიცი, რატომ დავთანხმდი. _ ჩურჩულებდა მარეხი.

მართა აწყნარებდა.

გამომშვიდობებისას, კარებთან მისული მარეხი შედგა, დას მოხედა და თქვა:

_  იქნებ როგორმე შეძლო რჯულის შენარჩუნება, სხვანაირად ამაოა ყველაფერი.

კარები გაიხურა.

დროდადრო საქმრო ძვირფას საჩუქრებს უგზავნიდა მართას.

რამდენჯერმე ინახულა კიდეც.

თავიდან რატომღაც ეგონა მართას, იმ კაცზე უპირებდნენ გათხოვებას, ნაბადში გახვეულს რომ აკოცა.

არა, ეს ის კაცი არ იყო.

ეს არც მომტაცებლებში ერია.

ამას დიდი რიდით ეპყრობოდნენ აქაურები.

სახეზე სიამაყე ეწერა.

მძიმედ, აუჩქარებლად დადიოდა.

აშკარა ღირსებებით გამოირჩეოდა დანარჩენთაგან.

თუმცა მართას არც მისი ღირსებები შეუმჩნევია და არც მის ცოლობაზე უფიქრია.

იგი ოცნებით ომში დაღუპულ მეუღლეს ხედავდა.

ეჩურჩულებოდა.

ფიცს აძლევდა.

ისე შეეჩვია მასზე ფიქრს, ისე გაიტაცა მასზე ოცნებამ, დაავიწყდა კიდეც, რომ ის ცოცხალთა შორის აღარ იყო.

მოენატრა.

ისიც და საქართველოც.

ორივე ერთად.

ერთ დღეს ისიც “გაახსენდა”, მისი მეუღლე ცოცხალი რომ აღარ არის, მტერთან ბრძოლაში რომ დაიღუპა და ქართულ მიწას მიებარა.

მეუღლე და საქართველო ერთმანეთში გააიგივა მართამ.

მერე დედ-მამა გააიგივა საქართველოსთან.

აქამდე გულით გრძნობდა.

ახლა გონებითაც შეიგრძნო საქართველო.

უფრო შეიყვარა.

უფრო მოენატრა.

ისე მოენატრა, როგორც დედა, მამა და საყვარელი მეუღლე მოენატრება კაცს.

უფრო მეტადაც.

და ეს დედ-მამაზე და მეუღლეზე უფრო მეტად მონატრება ჟრუანტელად უვლიდა. ღამღამობით სიზმარში ხედავდა, რომ ტყვეობიდან გარბოდა და გადასახედიდან

გადაჰყურებდა საქართველოს.

იქიდან მოჰქროდა სასიამოვნო ნიავი.

იქიდან, მის შესახვედრად გამორბოდნენ დედ-მამა, ქმარი, მეგობრები, ნათესავები.

აგვისტოს ალმური ტრიალებდა აულში.

მართა ბოლო თვეში იდგა.

ახლა მას აღარც ბორკილებს ადებდნენ და სოფლის გარეთაც უშვებდნენ.

მისი გაქცევისა აღარ ეშინოდათ.

მართას კი ისე მონატრებოდა სამშობლო, ისე შეეპყრო გაქცევაზე ფიქრს, რომ სულ ერთთავად გასაქცევ ბილიკებს ჰკვლევდა, სულ გაქცევის გეგმას ადგენდა.

მარეხს, ეტყობა, უკრძალავდნენ დასთან შეხვედრას.

მხოლოდ შორიდან ხედავდა ხოლმე ბანზე გადმომდგარს.

ახლა ისიც ფეხმძიმედ იყო.

ერთხელ შემთხვევით შეხვდა წყაროდან მომავალს.

მარეხს ისევ ცრემლები გადმოსცვივდა.

_ თუ ქრისტიანობას არ უარყოფ და ასლანას ცოლი არ გახდები, ბაზარზე გიპირებენ გაყიდვას, _ ტირილით თქვა მარეხმა.

მართამ ისევ დედასავით მიუალერსა.

მარეხი საჩქაროდ გაშორდა დას.

მართამ სიბნელეში, მარტოდმარტომ იმშობიარა.

როგორც კი წამოწევა შეძლო, ჩვილი გულზე მიიკრა, თითქოს ეშინოდა არავის წაერთმია.

გაბანა.

კიდევ კარგი, ზაფხული იდგა და წყალი არ იყო ცივი.

ძონძებში შეახვია.

ნახშირი აიღო და პატარა ბიჭს იმით შუბლზე ჯვარი გამოსახა.

ბიჭი ტიროდა.

მართამ მოაწოვა.

ბიჭი გაჩუმდა.

ბავშვის ტირილზე ლეკის ქალმა შემოიხედა.

მართამ უფრო მიიკრა ბავშვი გულზე.

ქალი ახლოს მოვიდა.

მართას თავზე ხელი დაადო და მოეფერა.

მერე საჭმელი შემოუტანა.

რამდენიმე დღეს ასე უვლიდა ქალი მართას.

ერთხელ, დილით, ტირილით შემოვიდა.

ისევ ხელი დაადო თავზე.

მოეფერა.

მერე ბავშვი აიყვანა ხელში.

დიდხანს სევდიანად უყურა მართას და თქვა:

_  თუ ალაჰი არა, გაყიდის შენ.

ქალი წავიდა.

მართა საგონებელში ჩავარდა.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იქ იყო, მართა ხვრელს თხრიდა გომურის ბნელ კუთხეში.

ღამღამობით, გომურში, მასთან ვირს შემოაგდებდნენ ხოლმე. იმ ვირს ყელზე დასაბმელი თოკი ეკიდა. თოკს ბოლოში რკინის პალო ჰქონდა გამობმული.

მართა სწორედ იმ პალოთი თხრიდა მიწას.

ვირი ჭკვიანი თვალებით უყურებდა.

ერთხელ ქართულის მცოდნე ლეკს წარუდგინეს მართა და აუწყეს, რომ მოსაფიქრებლად ათ დღეს აძლევენ.

ათი დღის მერე _ ან ალაჰი და ასლანას ბედნიერი ცოლობა, ან აღმოსავლური ბაზრები და უდაბნოს ხვატი და მონობა.

ათი დღე საკუთარ განცდებს ებრძოდა მართა.

გაქცევაზე ფიქრი ჩასჯდომოდა თავში.

ხვრელიც უკვე მზად ჰქონდა, მაგრამ ცალკე საქართველო ეძახდა თავისკენ, ცალკე პატარა პირმშო შემოჰღუღუნებდა მტრედივით.

აშკარა იყო, ბავშვით ვერ გაიქცეოდა.

ვერ ივლიდა.

მდევარი მალევე წამოეწეოდა.

თან ნადირის შიშიც ჰქონდა.

რომ წარმოიდგენდა ამას, შვილს მაგრად იკრავდა გულზე.

ძილში კი, მთაზე იდგა და საქართველოს გადაჰყურებდა.

ახლოვდებოდა გადამწყვეტი ჟამი.

პატარა ბიჭი გატრუნული იწვა დედის კალთაში.

ეძინა.

ვერა გრძნობდა სახეზე დედის ცრემლებს.

დროდადრო ბედნიერად იღიმებოდა.

გარეთ ბნელოდა.

მთვარისაგან მკრთალად განათებული ღამე ჩამოწოლილიყო.

მართა საფიქრალს მისცემოდა.

თუ ტყვეობას თავს დააღწევს, კარდაკარ შემოივლის საქართველოს და ხვეწნა-მუდარით შეაგროვებს შვილის გამოსასყიდ ფულს…

თუ არ გაიქცევა, ან რჯული უნდა უარყოს და ან ღმერთმა იცის, სად გაჰყიდიან.

ცოტა მარეხის იმედი აქვს.

უფრო მეტად _ მასპინძელი ქალის. სანამ საქართველოში შვილის გამოსასყიდ ფულს შეაგროვებს, მანამდე ეს ქალი მიხედავს მის ბიჭს.

ეს თითქოს დღესაც აგრძნობინა ქალმა.

ხელში აიყვანა ბიჭი, დალაით რძე დაალევინა. პატარამ ერთი კი იუცხოვა, დედის ძუძუს არ ჰგავდა დალაი და დაიჭყანა.

მერე დალია.

ლეკის ქალი კეთილად იცინოდა.

მერე მართას გადაუსვა თავზე ხელი.

ხვალ თუ ზეგ გადამწყვეტი დღე უნდა დამდგარიყო.

მართა იჯდა ერთ ადგილას თვალმიშტერებული და ფიქრობდა.

კალთაში მშვიდად ეძინა ბიჭს.

ბავშვმა ჯერ არ იცოდა, რომ სადღაც არსებობდა საქართველო, რომელიც ამ წუთში მთელი ძალით უძახდა მართას, თავისკენ იხმობდა და საზარელი გადამწყვეტი წუთის წინაშე აყენებდა. რაღა თქმა უნდა, იმ ბიჭმა არც ის იცოდა, რომ იმ საქართველოში ეკლესია იდგა, რომლის გუმბათზეც მტერდი იჯდა, ხოლო შიგნით პაატა სააკაძე ესვენა. არა, ჯერ ჩვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, დედის კალთაში მშვიდად იწვა და ძილში ანგელოზებს შეჰღიმოდა.

იქვე ცარიელი აკვანი იდგა.

აკვანი ლეკის ქალმა შემოუტანა მართას.

ბიჭი აკვანში გადააწვინა მართამ.

აკოცა.

პირჯვარი გადაიწერა და ხვრელში გაძვრა.

გარეთ კარგა ხანს იდგა გაუნძრევლად.

ფეხის გადადგმა გაუჭირდა.

კედელზე ყურმიდებული გაშეშებულიყო.

უცებ შიგნიდან ბალღის ტირილი მოისმა.

მართა ისევ გომურში შეძვრა.

ბიჭს ძუძუ ჩაუდო პირში და ისიც გაჩუმდა.

ისევ ჩაეძინა.

ახლა უფრო ღრმად, უფრო მშვიდად.

ერთხელ კიდევ გადაიწერა მართამ პირჯვარი და გომურიდან გარეთ გამოსული ღამეს შეერია.

მარტო რამდენიმე ძაღლმა ასტეხა ყეფა და მერე ისინიც ჩაჩუმდნენ.

გარბოდა მართა.

გარბოდა, რაც კი შეეძლო.

ერთ ადგილას, მდინარეზე ხიდი იყო გადებული.

მართამ არ იცოდა, რომ ხიდზე ნაცარი ეყარა და რომ გადაირბინა, გარკვევით დააჩნდა მისი კვალი.

მთელი ღამე შეუსვენებლივ იარა.

ყანებში შემოათენდა.

პურის ძნაში დაიმალა.

გამოეფინენ დიდოები აულიდან ყანის სამკელად.

მთელი დღე ძნაში დამალული გაჰყურებდა მათ.

მერე მდევარიც დაინახა.

ცხენებით მოვიდნენ და აქაურებს რაღაცა ჰკითხეს.

ეტყობა, მართას ეძებდნენ.

მართა უფრო ღრმად შეიმალა ზვინში.

მზის ჩასვლისას ლეკებმა მკა შეწყვიტეს.

წავიდ_ წამოვიდნენ.

დაღამდა.

სამალავიდან გამოვიდა მართა და გზას დაადგა.

ყურებში ბავშვის ტირილი ედგა და უკან ეწეოდა.

წინ საქართველოს გადასახედი ელოდებოდა.

გარბოდა.

უგზოზე მიდიოდა, რომ მდევარს არსად გადაჰყროდა.

ის ღამეც იარა.

დილით აღმართს შეუდგა.

საქართველოს საზღვარი იცნო მართამ.

გულმა ბაგაბუგი დაუწყო.

უღელტეხილამდე ორი საათის გზა იყო დარჩენილი.

მირბოდა მართა.

ნახევარი გზა აიარა კიდეც და შორეული ხმა მოესმა.

მის უკან, ხეობის სიღრმეში, მდევარი მოდიოდა.

რაც კი შეეძლო, აჩქარდა.

გული ამოვარდნაზე ჰქონდა.

მდევარი თანდათან უახლოვდებოდა.

ზემოთ საქართველოს გადასახედი იყო.

როგორმე იქამდე უნდა მიეღწია.

მერე ისე აშკარად ვეღარც ლეკები გაბედავდნენ გამოდევნებას. ისინი ან ნისლიანში ბედავდნენ იქით გადასვლას, ან ღამით. ახლა კი მზიანი დილა იყო.

ზურგიდან თანდათან ახლოვდებოდა მდევრის ხმა.

უკანასკნელი ღონე მოიკრიბა მართამ და ააღწია უღელტეხილამდე.

იმ ლეკმა, აქედან გატაცებისას რომ აკოცა მართას, ქვასთან ჩაიმუხლა, თოფი დაუმიზნა და ისეთივე გახელებით გამოსწია ჩახმახს, როგორი გახელებითაც მის ტუჩებს დაეწაფა ერთ დროს.

ზუსტი გამოდგა მისი ნასროლი.

_ ვაი, შვილო! _ აღმოხდა მართას და შეტორტმანდა. უნდოდა უკან მიხედვა, მაგრამ წინ საქართველო იყო.

მთაზე მდგარი ქარისაგან დაძრულ ლერწამივით ქანაობდა და მანამდე გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს, სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს.

მერე წინ გადაქანდა მოწყვეტით და საქართველოს მხარეს თავგადახრილი მიწას ჩაებღაუჭა.

*

თქვენ კი მაინც ჯიუტად კითხულობთ:

_  რამ გადაარჩინა საქართველო?!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button