მეცნიერი ქალები, რომლებიც სექსიზმმა იმსხვერპლა
საუკუნეების განმავლობაში მეცნიერი ქალები სექსიზმის, ანუ სქესობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ. ისინი „მოხალისეების” სტატუსით მუშაობდნენ და მათ მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი აღმოჩენებისთვის დაფასებას მამაკაცები იღებდნენ, სახელმძღვანელოებშიც შესაბამისი ინფორმაცია იწერებოდა. ამასთან, როგორც წესი, ქალებს მწირი სამუშაო რესურსები ჰქონდათ და თავდაუზოგავი შრომა სჭირდებოდათ იმ აღმოჩენების გასაკეთებლად, რომლებსაც შემდეგ მათი ქმრები ან მამრობითი სქესის კოლეგები ისაკუთრებდნენ.
თანამედროვე მეცნიერი ქალები თვლიან, რომ დამოკიდებულება შეიცვალა. მათი შევიწროება უკვე ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა ბოლომდე მაინც არ ამოძირკვულა.
წარმოგიდგენთ 6 მკვლევარ ქალს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს, მაგრამ მათი სახელები დიდი ალბათობით უცნობია თქვენთვის. მიზეზი კი ერთია: ისინი ქალები არიან.
ჯოსელინ ბელ ბერნელი
1943 წელს ჩრდილოეთ ირლანდიაში დაბადებულმა ჯოსელინ ბელ ბერნელმა 1967 წელს აღმოაჩინა პულსარები. ამ დროს ის ჯერ კიდევ ბოლო კურსის სტუდენტი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტში რადიოასტრონომიის ფაკულტეტზე.
პულსარები წარმოადგენენ იმ მასიური ვარსკვლავების ნარჩენებს, რომლებიც ზეახლად გარდაიქმნენ. მხოლოდ მათი არსებობა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ამ გიგანტების აფეთქება უკვალოდ არ ჩაივლის – სანაცვლოდ ისინი ტოვებენ პატარა, წარმოუდგენლად მკვრივ, ღერძის გარშემო მოძრავ ვარსკვლავებს.
ბელ ბერნელმა აღმოაჩინა მათგან მომავალი სიგნალები, რომლებიც ბრუნვის შედეგად წარმოიქმნებოდა. აღმოჩენა მაშინ მოხდა, როცა ის იკვლევდა 5 კმ სიგრძის ამობეჭდილ მასალას იმ რადიოტელესკოპიდან, რომლის აწყობაშიც თავად მიიღო მონაწილეობა.
აღმოჩენას შედეგად მოჰყვა ნობელის პრიზი 1974 წელს ფიზიკის დარგში, თუმცა დააჯილდოეს მხოლოდ ენტონი ჰიუში – ბელ ბერნელის ხელმძღვანელი – და მარტინ რაილი, ასევე რადიოასტრონომი კემბრიჯის უნივერსიტეტიდან.
ამ დისკრიმინაციამ ბელ ბერნელისადმი ბევრს გაუჩინა სიმპათია. „იმ პერიოდში ხალხს მეცნიერთა მუშაობა წარმოედგინა შემდეგნაირად: იყო კვლევის უფროსი – აუცილებლად მამაკაცი – რომელსაც დაქვემდებარებაში ჰყავდა მისი მიმდევრები და დაბალი კურსის სტუდენტები, რომლებსაც არ მოეთხოვებოდათ ფიქრი და მხოლოდ ის უნდა ეკეთებინათ, რასაც ხელმძღვანელი იტყოდა”, განაცხადა ბელ ბერნელმა, ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეულმა ასტრონომმა, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან” ინტერვიუში. მაგრამ მიუხედავად სიმპათიებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენისა, ბერნელი მაინც ხდებოდა აკადემიაში გაბატონებული პოზიციების მსხვერპლი.
„ჩემს სამსახურს ყოველთვის მეცნიერული კვლევის მიმართულება არ ჰქონდა”, ამბობს ის. ასტროფიზიკოსისთვის მისი კარიერის განმავლობაში შეთავაზებული პოზიციების დიდი ნაწილი ეხებოდა სწავლებას ან ადმინისტრაციულ და მმართველობით მოვალეობებს.
„წარმოუდგენლად რთული იყო ოჯახისა და კარიერის შეთავსება”, აღნიშნავს ბერნელი. ეს ნაწილობრივ იმის გამოა, რომ უნივერსიტეტი, სადაც ის მუშაობდა ორსულობის პერიოდში, დეკრეტული შვებულების შეღავათს არ ითვალისწინებდა.
მას შემდეგ ბერნელი აკადემიის წევრი ქალების „მფარველი” გახდა. ზოგიერთი ცალკეული სკოლა შეიძლება მხარს უჭერს მათ, თუმცა ბელ ბერნელს სურს სისტემური დამოკიდებულების შექმნა, რომლითაც მკვლევარი ქალების რაოდენობას გაზრდის. ამას წინათ ის ხელმძღვანელობდა ედინბურგის სამეფო საზოგადოების სამუშაო ჯგუფს იმ სტრატეგიის შესაქმნელად, რომელიც შოტლანდიის მასშტაბით გაზრდის ქალების რიცხვს მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში.
ესთერ ლედერბერგი
1922 წელს ბრონქსში დაბადებულმა ესთერ ლედერბერგმა საძირკველი შექმნა მომავალი აღმოჩენებისთვის ბაქტერიების გენეტიკური მემკვიდრეობის, გენების რეგულაციისა და გენეტიკური რეკომბინაციის სფეროებში.
მიკრობიოლოგი ლედერბერგი ყველაზე მეტად ცნობილია 1951 წელს, ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობისას, ბაქტერიის დამაინფიცირებელი ვირუსის – lambda bacteriophage – აღმოჩენის გამო.
პირველ ქმართან, ჯოშუა ლედერბერგთან ერთად, მან შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც ადვილად შეიძლებოდა ბაქტერიების კოლონიების გადატანა ერთი პეტრის ჯამიდან მეორეზე. ამ მეთოდს „პარალელური გათესვა” ეწოდება და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ბაქტერიების მიერ ანტიბიოტიკებისადმი გამძლეობის შესწავლა. ლედერბერგის მეთოდი დღემდე გამოიყენება.
ჯოშუა ლედერბერგის შრომამ პარალელურ გათესვაზე გარკვეული როლი ითამაშა მისთვის 1958 წელს მედიცინა/ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრიზის მინიჭებაში, რომელიც ჯორჯ ბიდლთან და ედვარდ ტატუმთან გაიყო.
„ესთერი იმსახურებდა აღიარებას ლამბდა-ფაგის აღმოჩენის, F ნაყოფიერების ფაქტორზე მუშაობისა და განსაკუთრებით პარალელური გათესვის გამო”, ამბობს სტენლი ფალკოუ, სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი მიკრობიოლოგი, რომელიც 2006 წელს ლედერბერგის დაკარძალვაზე სიტყვით გამოვიდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა.
გარდა ამისა, სტენფორდში ლედერბერგს არ ეპყრობოდნენ მისი აკადემიური მოსწრების შესაბამისად. „მას ბრძოლის გადატანა მოუხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ასოცირებულ მკვლევარ-პროფესორად დაენიშნათ, როცა რეალურად სრული პროფესორის სტატუსი ეკუთვნოდა. ის მარტო არ იყო. იმ დღეებში აკადემიაში ქალებს ცუდად ეპყრობოდნენ.”
ციანსიუნ ვუ
1912 წელს ჩინეთის ქალაქ ლიუჰეში დაბადებულმა ციანსიუნ ვუმ დაამხო ფიზიკის ერთ-ერთი კანონი და მონაწილეობა მიიღო ატომური ბომბის შექმნაში.
1940-იანებში პროექტ „მანჰეტენის” ფარგლებში ვუ კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც ის იკვლევდა რადიაციის აღმოჩენისა და ურანის გამდიდრების მეთოდებს. ომის შემდეგ აშშ-ში დარჩა და ცნობილი გახდა, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერიმენტული ფიზიკოსი.
შუა 1950-იანებში ორმა თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა, ლი ჩჟენდაომ და იან ჩჟენინმა ვუს დახმარება სთხოვეს სივრცული სისწორის კანონის სიმცდარის დამტკიცებაში. ამ კანონის მიხედვით, კვანტურ მექანიკაში ორი ფიზიკური სისტემა – მაგალითად ატომები – რომლებსაც ერთმანეთისადმი სარკული პოზიცია უჭირავთ, იდენტურად მოიქცევიან.
ვუს ექსპერიმენტებმა, რომლებშიც გამოყენებული იქნა კობალტ-60, კობალტის მეტალის რადიოაქტიური ფორმა, უკუაგდო 30 წლის განმავლობაში მართებულად მიჩნეული კანონი.
ამ მნიშვნელოვან წინსვლას ფიზიკაში შედეგად მოყვა 1957 წელს იანისა და ლის ნობელის პრიზით დაჯილდოება, ვუს კი, მიუხედავად მისი გადამწყვეტი როლისა, ნაშრომი არ დაუფასეს. ნობელის ჟიურის გადაწყვეტილებამ ხალხი აღაშფოთა.
პნინა აბირ-ამი, მეცნიერების ისტორიკოსი ბრანდეისის უნივერსიტეტიდან, თვლის, რომ ამ გადაწყვეტილებაში ეროვნებამაც ითამაშა თავისი როლი.
ვუ 1997 წელს გარდაიცვალა ნიუ-იორკში ტვინის ინსულტით.
ლიზა მეიტნერი
ვენაში, ავსტრიაში, 1878 წელს დაბადებული ლიზა მეიტნერის შრომამ ბირთვულ ფიზიკაში საფუძველი ჩაუყარა ატომის დაშლის აღმოჩენას – მოვლენის, რომლის დროსაც ატომის ბირთვი ორ ნაწილად იყოფა. ეს აღმოჩენა კი ატომური ბომბის შექმნის საძირკველი გახდა.
მეცნიერის ისტორია წარმოადგენს სექსიზმის, პოლიტიკისა და ეროვნებისგან შემდგარ რთულ სამკუთხედს.
ვენის უნივერსიტეტში ფიზიკის დარგში სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდგომ მეიტნერმა 1907 წელს ბერლინში გადაინაცვლა და ქიმიკოს ოტო ჰანთან ერთად დაიწყო მუშაობა. მათი სამუშაო ურთიერთობა 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა ავსტრია დაიპყრეს 1938 წლის მარტში, ებრაელმა მეიტნერმა შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში გაქცევით უშველა თავს. ის განაგრძობდა ჰანთან ერთად მუშაობას, ჰქონდათ რეგულარული მიმოწერა და იმავე წლის ნოემბერში ჩუმად შეხვდნენ კოპენჰაგენში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანმა ჩაატარა ექსპერიმენტები, რომელთა შედეგიც მხარს უჭერდა ბირთვული დაშლის იდეას, ის ვერ ახერხებდა ამ მოვლენისთვის ახსნა მოეძებნა. მეიტნერმა და მისმა დიშვილმა, ოტო ფრიშმა, ერთობლივად შეიმუშავეს თეორია. ჰანმა მათი კვლევის შედეგები ისე გამოაქვეყნა, რომ მეიტნერი თანაავტორად არ მიუთითებია. თუმცა გადმოცემით, მეიტნერი გაგებით შეხვდა ამ ამბავს, გამომდინარე ნაცისტურ გერმანიაში არსებული სიტუაციიდან.
„ამით დაიწყო მეიტნერის დამსახურებების უგულებელყოფა ბირთვული დაშლის აღმოჩენის საკითხში”, ამბობს ლოუინ საიმი, მეიტნერის ბიოგრაფიის ავტორი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც არ მოხდა მეიტნერის აღიარება, იყო მისი სქესი. ერთხელ მან მეგობარს მიწერა, რომ შვედეთში ქალად ყოფნა ლამის დანაშაულად ითვლებოდა. ნობელის პრემიის ფიზიკის კომიტეტის წევრი მეცნიერი აქტიურად ცდილობდა მის გამოთიშვას. შედეგად 1944 წელს ნობელის პრიზი ქიმიის დარგში ატომის გახლეჩის საკითხში შეტანილი წვლილის გამო მხოლოდ ჰანს გადაეცა.
„მეიტნერის პერიოდის კოლეგები, მათ შორის ფიზიკოსი ნილს ბორი, უდავოდ თვლიდნენ, რომ ატომის გახლეჩის აღმოჩენაში მისი როლი უმნიშვნელოვანესი იყო”, აღნიშნავს საიმი. მაგრამ რადგანაც მისი სახელი არ აღმოჩნდა თავდაპირველ ნაშრომში ჰანის გვერდით – და ნობელის პრემიითაც არ მოხდა მისი დამსახურების აღიარება – წლების განმავლობაში მისი სახელი არც კი უკავშირდებოდა ამ აღმოჩენას.
ფიზიკოსი გარდაიცვალა 1968 წელს კემბრიჯში, ინგლისში.
როზალინდ ფრანკლინი
1920 წელს ლონდონში დაბადებულმა როზალინდ ფრანკლინმა რენტგენის სხივების მეშვეობით ფოტო გადაუღო დნმ-ს. ამ ფოტომ მნიშვნელოვნად შეცვალა ბიოლოგია.
„მისი ცხოვრება ალბათ ყველაზე ცნობილი და სამარცხვინო მაგალითია, როცა მეცნიერს დამსახურება ჩამოართვეს”, ამბობს ლოუინ საიმი.
ფრანკლინმა 1945 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით დაამთავრა, შემდეგ სამი წელი პარიზის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც შეისწავლა რენტგენის სხივების დიფრაქციული ტექნოლოგია, ანუ კრისტალის მოლეკულური სტრუქტურის განსაზღვრა.
1951 წელს ინგლისში დაბრუნდა, როგორც ასოცირებული მკვლევარი და მოღვაწეობა დაიწყო ჯონ რანდალის ლაბორატორიაში, ლონდონის სამეფო კოლეჯში და მალე გაიცნო მორის უილკინსი, რომელიც დნმ-ის სტრუქტურის მკვლევართა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ფრანკლინი და უილკინსი დნმ-ის სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდნენ, მაგრამ ზოგიერთი ცნობით, უილკინსმა არასწორად შეაფასა ფრანკლინის როლი რანდალის ლაბორატორიაში – არა როგორც კვლევის ავტორის, არამედ როგორც ასისტენტისა.
ამასობაში ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი, კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე ცდილობდნენ დნმ-ის სტრუქტურის განსაზღვრას. ისინი პერიოდულად ესაუბრებოდნენ უილკინსს, რომელმაც მათ ერთხელ უჩვენა დნმ-ის ფოტო, გადაღებული ფრანკლინის მიერ – ცნობილი, როგორც ფოტო 51 – მისი ნებართვის გარეშე.
ფოტო 51 დაეხმარა უოტსონს, კრიკსა და უილკინსს, განესაზღვრათ დნმ-ის სწორი სტრუქტურა, რომელიც რამდენიმე სერია სტატიებად გამოაქვეყნეს ჟურნალ Nature-ში 1953 წლის აპრილში. ფრანკლინმაც გამოაქვეყნა სტატია იმავე გამოცემაში დნმ-ის სტრუქტურის დამატებითი დეტალების შესახებ.
ფრანკლინის მიერ დნმ-ის მოლეკულისთვის დიფრაქციული ფოტოს გადაღება გადამწყვეტი ნაბიჯი იყო მისი სტრუქტურის გასაშიფრად, მაგრამ აღიარება მხოლოდ უოტსონს, კრიკსა და უილკინსს ხვდათ წილად. მათ 1962 წელს მედიცინა/ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემია მიიღეს.
ფრანკლინი 1958 წელს გარდაიცვალა ლონდონში საკვერცხის კიბოთი. ეს უოტსონის, კრიკისა და უილკინსის მიერ ნობელის პრემიის აღებამდე 4 წლით ადრე მოხდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნობელის პრემიებს გარდაცვლილ ადამიანებს არ გადასცემენ, ზუსტად ვერ გვეცოდინება, დაჯილდოვდებოდა თუ არა ფრანკლინი თავისი დამსახურების გამო.
ნეტი სტივენსი
1861 წელს ვერმონტში დაბადებულმა ნეტი სტივენსმა ჩაატარა კვლევები, რომლებსაც გადამწყვეტი როლი ჰქონდათ იმის დადგენაში, რომ ორგანიზმის სქესი განისაზღვრება მისი ქრომოსომებით და არა გარემოთი ან სხვა ფაქტორებით.
ბრინ მორის კოლეჯში (პენსილვანია) დოქტორის ხარისხის აღების შემდეგ სტივენსმა იქვე განაგრძო მუშაობა და სქესის განსაზღვრას იკვლევდა. ფქვილის დიდი ღრაჭუკების (ერთგვარი ხოჭო) შესწავლით მან დაასკვნა, რომ მამრების სპერმა შეიცავდა X და Y ქრომოსომებს – სქესის ქრომოსომებს, ხოლო მდედრის რეპროდუქციულ უჯრედებში მხოლოდ X ქრომოსომები იყო. ეს ფაქტი მხარს უჭერდა იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც სქესის განსაზღვრა დამოკიდებულია ორგანიზმის გენეტიკაზე.
ამბობენ, რომ მკვლევარმა ედმუნდ უილსონმაც იგივე დაკვირვებები განახორციელა, მაგრამ ანალოგიურ დასკვნამდე სტივენსზე გვიან მივიდა.
სტივენსი ემსხვერპლა მოვლენას, რომელიც ცნობილია, როგორც „მატილდას ეფექტი” – მეცნიერებაში მკვლევარი ქალების დამსახურებათა შევიწროება ან უარყოფა.
„თომას ჰანტ მორგანს, იმ პერიოდის ცნობილ გენეტიკოსს, ხშირად მიაწერენ სქესის განსაზღვრის გენეტიკური საფუძვლის აღმოჩენას. მან პირველმა დაწერა გენეტიკის სახელმძღვანელო და სურდა, თავისი მიღწევები გაეზვიადებინა”, ამბობს ლაურა ჰუპსი, ბიოლოგიის პროფესორი პომონას კოლეჯიდან.
„სახელმძღვანელოებს ახასიათებდათ საშინელი ტენდენცია, გამოეყენებინათ იგივე მონაცემები, რაც სხვა სახელმძღვანელოებში იყო.” ამიტომ სტივენსის სახელი სქესის განსაზღვრის აღმოჩენასთან დაკავშირებული არ გამხდარა.
ჰუპსს ეჭვი არ ეპარება, რომ მორგანი სტივენსის წინაშე ვალში იყო. „ის იმ პერიოდში სხვა მეცნიერებს ესაუბრებოდა თავის თეორიებზე, მაგრამ მასა და ნეტი სტივენსს შორის მიმოწერა სხვანაირი იყო. ის სთხოვდა მას, ექსპერიმენტებიდან მოპოვებული ინფორმაციის დეტალები გაემხილა მისთვის.”
„სტივენსის გარდაცვალების (მკერდის კიბოთი 1912 წელს) შემდგომ მორგანი ჟურნალ Science-ში წერდა მის შესახებ და ამბობდა, რომ, მისი აზრით, სტივენსს არ ჰქონდა ფართო მეცნიერული ხედვა”, ამბობს ჰუპსი. „მაგრამ ეს იმის გამოა, რომ მისი ხედვით არც დაინტერესებულა.”