განხილვამუსიკა

The Nali – Cheeky Faces

beat, pop/rock

არსებობენ მუსიკოსები, რომელთა ამბიცია და მიზანი მსოფლიოს დაპყრობა და მილიონების კეთებაა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მუსიკას უბრალოდ მუსიკისთვის უკრავენ და მედგრად მიყვებიან თავიანთ მუსიკალურ კრედოს და მოდას ნატამალ ყურადღებასაც არ აქცევენ. ზუსტად ასეთი ადამიანია დათო ქარჩავა და მისი ჯგუფი The Nali. შესაძლებელია, რომ ფართე აუდიტორიას მათ შესახებ არაფერი გაეგოს, მაგრამ ისინი საუკუნის დასაწყისიდან მოღვაწეობენ და ეს ალბომი მათი უკვე მეორე ნამუშევარია. ალბომის სმენისას ძალიან მარტივად მიხვდებით, რომ The Beatles მათი გავლენის მთავარი წყაროა. როდესაც ბითლზისნაირი ჯგუფის სტილის იმიტირებას ცდილობ, ძალიან ძნელია მსმენელი გააკვირვო, მაგრამ ეს ჯგუფი ამას ახერხებს! უპირველესად ძალიან ლამაზი მელოდიურობითა და ძალიან დახვეწილი, ყოველივე ზედმეტისაგან დაცლილი არანჟირებებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოპ-მუსიკისთვის, ალბომის სიმღერების უმეტესობა მოგანდომებს გადახვევას და თავიდან ჩართვას. ალბომი მთლიანად ძალიან კარგია, მაგრამ I Want You Back, One Minute In The Sun, Sea And Me, They All Know განსაკუთრებით მომწონს. არის რამდენიმე პირდაპირი რევერანსი The Beatles-ისადმი (ორი სიმღერა მაკკარტნის და ჰარისონს ეძღვნება და იმიტირებას უკეთებს მათ კომპოზიციურ სტილს; ასევე „Queen Bitch“ აშკარად დაფუძნებულია Taxman-ის იდეაზე), მაგრამ ეს აბსოლუტურად ნორმალურია ასეთი ტიპის ჯგუფებისთვის. მთავარი კი ისაა, რომ ეს ალბომი არამარტო ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავს, არამედ დამოუკიდებლადაც მყარად დგას, როგორც 12 ძალიან კარგი პოპ-როკ სიმღერის კრებული.

გადმოსაწერი ბმული: The Cheeky Faces

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button