ამბროსი ხელაიას წერილი ЧК-ს
საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) თავმჯდომარეს
ამა თვის 13-ში მე ვიყავ მოწვეული თქვენ მიერ საგანგებო კომისიაში. ჩვენების ჩამოსართმევად ჩემს მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო.
მე ვფიქრობდი, რომ ჩემი განმარტება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა საქმის სათანადო მსვლელობისათვის, მაგრამ თქვენ მიერ დანიშნულმა გამომძიებელმა ქავჟარაძემ მომიწვია საგანგებო კომისიაში და მომთხოვა დავასაბუთო მემორანდუმში აღნიშნული დებულებანი. ამის გამო საჭიროდ ვრაცხ განვაცხადო შემდეგი. საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-1921 წლებში. იგი იცნო რუსეთმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით. მიუხედავად ამისა 1921 წლის თებერვალში რუსეთის ჯარებმა გადმოლახა საქართველოს საზღვრები და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია, მოსპო ქართველი ერის სუვერენობა. ამ გარემოებას მოჰყვა საქართველოს დაქუცმაცება მისი ერთი ნაწილი გადაეცა აზერბაიჯანს, მეორე სომხეთს, მესამე ახლადშექმნილ ავტონომიურ ოსეთს. ცალკე რესპუბლიკების სახით გამოეყო აფხაზეთი და აჭარა. საქართველოს რკინიგზა შეუერთდა რუსეთისას, საქართველოს ჯარი გაითქვიფა რუსეთისაში, ქართული ენა განიდევნა სახელმწიფო დაწესებულებებიდან.
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი