ისტორია

ქართული უნივერსიტეტის გახსნა

26 იანვარი შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის კულტურულ დღესასწაულათ. 26 იანვარს თფილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი: უნივერსიტეტის გახსნას აუარებელი ხალხი დაესწრო, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ბევრი გარეთ დარჩა, ქართული გიმნაზიის ვრცელ დარბაზმაც ვერ დაიტია ყველანი. დაჟინებით მოითხოვდნენ უნივერსიტეტის გახსნა მომხდარიყო გარეთ, გიმნაზიის ეზოში, რომ ყველას მისცემოდა საშუალება წარმოთქმული სიტყვები მოესმინა. დაესწრო პროფესორთა შემადგენლობა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. უნივერსიტეტი გახსნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს დავალებით აკაკი ჩხენკელმა:

მოქალაქენო! – სთქვა მან – საქართველოს ეროვნულ საბჭოს მონდობილობით ბედნიერება მაქვს გვხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი (ტაში). მე ვამბობ პირველითქო, აქედან ცხადია, დღევანდელი დღე დიდმნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ არ გვქონია არც ერთი მაღალი სასწავლებელი. მე არ შევეხები შორეულ წარსულს, იმ წარსულს, რომელიც განიყოფება რუსეთის ფარგლებში ჩვენი ცხოვრების ხანიდან. მაშინ ჩვენ გვქონდა დროს შესაფერი უმაღლესი სასწავლებლებიც.

ერს, რომელსაც არა აქვს, თავისი სამეცნიერო ტაძარი, არ შეუძლია სთქვას, რომ იგი სრულ-ასაკოვანია.  როცა მე მესმოდა საზღვარ-გარეთ საქართველოს შესახებ საგმირო ამბები, თუ რა მონაწილეობას იღებდა იგი განმათავისუფლებელ მოძრაობაში,- მაშინ მეკითხებოდნენ რამდენი უნივერსიტეტი, პოლიტეხნიკუმი და უმაღლესი სასწავლებელია საქართველოშიო. და მე ამ შეკითხვაზე მხოლოდ გაწითლებით ვუპასუხებდი: ჩვენ არ შეგვეძლო განათლება მიგვეღო სამშობლო ენაზე. რა ერია ის ერი, რომელსაც არა აქვს საშუალება მეცნიერების ნაყოფით სამშობლო ენაზე. ჩვენ რუსეთის საზღვრებში ცხოვრებამ მოგვიტანა კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური თვითცნობიერება, ეს უნდა მიეწეროს როგორც რუსეთის საზღვრებში ცხოვრებას, ისე თვით ქართველ ერის უნარს, რომელმაც აუღო ალღო ახალ ცხოვრებას, ახალ ხანას, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე შედგა ფეხი და ცნობილ ჰყო საკუთარი თავი როგორც შინ, ისე გარეშე უფრო ფართოთ, ვინემ ეს წარსულში იყო. მაშინ იტყოდნენ: ესა და ეს მეფე; ესა და ეს სარდალიო. არ იყო ისეთი ხანა, რომ ეთქვათ – ქართველი ერი წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანიზმს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს უცხოელებშიო. თუ რატომ არ გვქონდა მაღალი სასწავლებელი, ამის მიზეზი ყველამ იცის. ჩვენ სხვებთან ერთად ვიყავით ჩაგრული ერი, მოკლებული ყოველგვარ უფლებას. ახლა მოგვეცა საშუალება გავხსნათ ქართული უნივერსიტეტი. ეს მიეწერება დიდ მოძრაობას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი ერი მისი დემოკრატია. მაშასადამე, როცა ქართველი დემოკრატია იბრძოდა სოციალურ-პოლიტიკურ უფლებებისათვის, ამავე დროს იგი იბრძოდა ერის უფლებებისათვის. დემოკრატიის ღვაწლმა მოგვივლინა დღევანდელი დღესასწაული. თქვენ იცით ქართველი ხალხის დაუშრეტელი წყურვილი ცოდნის შეძენისადმი. ჩვენი სასწავლებლები, რომლებშიაც უფრო გამარუსებელი და ბიუროკრატიული რეჟიმი იყო გამეფებული, ვერ იტევდნენ ჩვენ მოსწავლეებს. სტატისტიკის მიხედვით ჩვენში ათჯერ მეტი სასწავლებელი იყო საჭირო, რომ მოთხოვნილება დაგვეკმაყოფილებია. თუ რამდენად ძლიერია ჩვენში სწავლა-განათლების სურვილი, ეს სჩანს გურიის მაგალითიდან. გურიაში დღეს იმდენი სასწავლებელია, რომ საყოველთაო სავალდებულო სწავლის შემოღების შემდეგაც არ იქნება საჭირო ახალი სასწავლებლის გახსნა. და თუ ეს სკოლები ეროვნული გახდა, მათი მნიშვნელობა ყველასთვის ცხადი იქნება, რატომ პირველათ იხსნება მაღალი სასწავლებელი, როცა ჯერ კიდევ არ გვაქვს დაბალი და საშუალო ეროვნული სასწავლებლები? ასეთ ხანაში სწორეთ საჭიროა ქართული უნივერსიტეტი, რომლიდანაც უნდა გამოვიდეს ის ხალხი, რომელიც გაუძღვება დაბალ და საშუალო ეროვნულ სკოლებს. საჭიროა ცოდნა, მეთოდი, რომ ახალგაზრდებს გრძნობა გაუფაქიზოთ, ხასიათი განვუმტკიცოთ. ცხადია, ჩვენ დიდი სიხარულით უნდა მივეგებოთ ამ ხანის დაწყებას, ქარ. უნივერსიტეტის გახსნას. ჩვენ გვეჭირვება დიდი ცოდნა-განათლება. ამ მხრით არ ვართ მაინცდამაინც დაწინაურებული.  ერთა ისტორიაში არის მაგალითები, როცა ერი იჩენს უნარს ერთ რომელიმე დარგში, ვთქვათ პოლიტიკაში, პუბლიცისტიკაში. მაშინ მეცნიერებისათვის მას აღარ რჩება ძალა და ღონე. ჩვენ სწავლა-განათლების მხრით ბევრ ერს ჩამოვრჩით უკან, ისეთ ერებსაც, რომლებიც პოლიტიკურათ ჩვენზე დაბლა დგანან. ჩვენ გვესაჭიროება შესწავლა წარსულის, შეგნება აწმყოსი და გათვალისწინება მომავლის. ჩვენ შეიძლება კარგათ ვიცოდეთ რომელიმე ბრაზილიის წარსული, ხოლო ბევრი არ აღმოჩნდა ჩვენში, რომ თავის ერის წარსული იცოდეს. ეს სრულებითაც არ მოასწავებს, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ წარსულის გზით. არა, ჩვენ უკვე შევდექით იმ გზაზე, რომლითაც განათლებული ერები მიდიან. წარსულის შესწავლა გვესაჭიროება ჩვენ აწმყოს შესაგნებათ და მომავლის გასათვალისწინებლათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თანამედროვე მეცნიერების დარგები, შევისწავლოთ ახალი მეთოდები; ეს საჭიროა მომავალ მასწავლებლებისათვის.

არა ნაკლებ საჭიროა სხვა ერთა ცნობა, მათი წარსულის, აწმყოს და მომავლის შესწავლა-გათვალისწინება. მეცნიერება არ არის ქართული, ფრანგული, ინგლისური. იგი ერთია. მხოლოდ ფორმა, სახე შეიძლება იყოს ეროვნული. მეცნიერება ამიტომ საუკეთესო იარაღია ხალხთა დაახლოვებისა. იგი რომ ეროვნული იყოს, მაშინ გაძნელდებოდა ხალხთა შორის კავშშირისა და სოლიდარობის განმტკიცება. ამიერ კავკასიაში იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელსაც შემოვლილი ჰქონდეს ეს მხარე. საჭიროა ერთმანეთის შესწავლა, პატივისცემა. თუ არ არის „შენ“ არ იქნება არც “მე“. რადგანაც არსებობს „მე“, მაშასადამე არსებობს „შენ“, არსებობს სხვა ერებიც. ქართულ უნივერსიტეტის დანიშნულება უნდა იყოს აგრეთვე ერთა შესწავლა. ეს მოგვცემს საშუალებას მტკიცე კალაპოტში ჩავაყენოთ ერთა ურთიერთობა.

მოქალაქენო! ნებას ვაძლევ ჩემს თავს მიულოცო პროფესორთა კოლეგიუმს, უნდა ვუთხრა მათ, რომ მათი გზა არა არის ყვავილებით მოფენილი, იგი ნარ-ეკლიანია. ჩვენ გვაკლია მეცნიერული ძალები, შესაფერისი მოწყობილობა, იარაღები. ამ მხრივ საქმის ადვილათ და დაჩქარებით მოწყობა შეუძლებელია. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ქართველმა ერმა უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ მცირე ჯგუფს არაფრისგან ყველაფრის შექმნა არ შეუძლია. მე მწამს, რომ თქვენი (პროფესორთა) ენერგია, საქმისადმი სიყვარული და მტკიცე სურვილი შეგაძლებინებთ შეასრულოთ თქვენი მოვალეობა. ეს უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტია,  მაგრამ იგი არ არის სახელმწიფოს უნივერსიტეტი. ქართველ ერს არა აქვს საჯარო უფლებებით აღჭურვილი ორგანოები. ქართული უნივერსიტეტი მაშინ იხეირებს, როცა ქართველ ერს ექნება ასეთი ორგანოები (ტაში)

ჩვენ ვდგავართ ქართველ ერის პოლიტიკურ განახლების კართან. შორს არ არის ის დრო, როცა ქართველი ერი სხვა ერებთან ერთად მიიღებს კანონიერ კმაყოფილებას. არის ერთად ერთი თავდები, რომ ქართველი ერი გადასჭრის ნაციონალურ საკითხს ისე, რომ მას მიიღებს სხვა ერებიც, იგი გაატარებს კანტის თქმულებას, სხვასაც ის უსურვე, რაც შენთვის გინდაო. ამის თავდებია ქართველი დემოკრატია (ტაში), და თუ ეს იმედი გაგვიცრუვდა, მაშინ ვიტყოდი მე, ვაი ჩვენ… ქართველი ერი განიცდის საბედისწერო ჟამს. სულ ახლოს არის უფსკრული, სადაც იგი შეიძლება გადაიჩეხოს. ასეთ მდგომარეობაშია რუსეთის ყველა ერები. დღევანდელი ანარქია, სამოქალაქო ომი, უიმედობა მომასწავლებელია იმის, რომ დადგება განკიტხვის დღე. და ვფიქრობ, ქართული უნივერსიტეტის გახსნა სიმბოლური მოვლენაა. ჩვენ დღეს აქ ვზეიმობთ, ქართველი ერის ბედი კი განსაცდელშია. განსაცდელშია როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მიზეზების გამო. ჩვენ თითქოს გვაკლია თავის მდგომარეობის შეგნება. მე, მესმის როცა ვკითხულობთ ჩვენ ისტორიაში, ამა და ამ მეფემ თავის რაზმის შეუტია მტერს სამშობლოს დასაცავათ, მაგრამ მტერი ათჯერ მრავალრიცხოვანი და ძლიერი აღმოჩნდა და დაამარცხა იგიო. ასეთი მდგომარეობა მირჩევნია მე იმ მდგომარეობას, როცა ჩვენ არ გავქვს წარმოდგენილი განსაცდელი. დამარცხება არ არის საშიში მაშინ, როცა ერს ესმის განსაცდელი. ხოლო თუ იგი მოულოდნელათ დამარცხდა, მაშინ დაემხობა კიდეც.

ქართული უნივერსიტეტის უწმინდესი მოვალეობაა ემსახუროს დემოკრატიის კანონიერ მოთხოვნილებებს, იგი უნდა დაუახლოვდეს ხალხს. თუ წინათ ეროვნული კულტურა ვიწრო ჯგუფისთვის იყო  ხელმისაწვდომი, დღეს ეროვნული კულტურა მხოლოდ მაშინ არის ეროვნული, როცა მთელი ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდება. არ უნდა იყოს არავითარი განსხვავება. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება დაეწაფოს მეცნიერებას. მეცნიერება უნდა იყოს დემოკრატიის დამცველი. დემოკრატიასა და მეცნიერებას შორის არსებული კავშირი უნდა იყოს დაცული ქართულ უნივერსიტეტში. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ქართულ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები პირნათლათ შეასრულებენ წმინდა მოვალეობას (ხანგრძლივი ტაში)”

დროს უქონლობის გამო ქართულ დაწესებულებების წარმომადგენლებს არ მიეცათ მისალმების საშუალება. საერთო სურვილით, როგორც გამონაკლისი, სიტყვა მიეცა მუშა ვლასა მგელაძეს, რომელმაც მეტათ მგძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა. მოდით, ნახეთ – მიმართა მან პროფესორებს- თუ რა განძი, რა კულტურა შეინახა ქართველ ხალხმა, იმედია შემდეგში მეცნიერება არ იქნება ისეთი ყალბი, როგორიც იგი იყო საშუალო საუკუნეებში. ემსახურეთ ძმობა-ერთობის იდეას, მაშინ დააფასებენ თქვენ შრომას, მაშინ ჩვენც შემოვკრბებით ჩვენს გარშემო. ქართველი ერი, ისტორიულ ქარტეხილში გამოვლილი არ მოკვდება. ამის თავდებია ის, რომ ჩვენ საუკეთესო მებრძოლნი მივეცით განმათავისუფლებელ მოძრაობას. იმედია, ქართულ უნივერსიტეტის კარები არ იქნება დახშული დემოკრატიისათვის, მაშინ იგი ჩვენში იპოვის საუკეთესო დარაჯს. გაუმარჯოს ქართულ უნივერსიტეტს, თქვენს მობრძანებას და ამ შენობას, რომელიც ჩვენი ხელებით არის აშენებული!.. (ხანგრძლივი ტაში).

კმაყოფილ საზოგადოებამ ხანგრძლივი ტაშისცემითა და ოვაციებით დააჯილდოვა ივ. ჯავახიშვილი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ უნივერსიტეტს. 

დასასრულ, აკაკი ჩხენკელი მიესალმა ქართულ უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორს პროფესორ ივ.ჯავახიშვილს და ღრმა მადლობა უძღვნა მას დიდი ამაგისათვის.

დ ე პ ე შ ე ბ ი:

სოხუმი. სოხუმის ფოსტა-ტელეგრაფის მომსახურენი, განურჩევლად ეროვნებისა, აღტაცებით ულოცავს ქართველ ერს ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. გიგზავნით ფოსტით უნივერსიტეტის ფონდის გასაძლიერებლად 500 მანეთს.

მონდობილობით შალამბერიძე.

ხონი. ხონის ყველა სასწავლებელთა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელსაც შემოუერთდა მრავალი ხალხიც, გამოსთქვამს თავის აუწერელ სიხარულს ეროვნულ მეცნიერების ტაძრის გახსნის გამო და უსურვებს მას აყვავებას. მიტინგის თავჯდომარე სერგო ბახტაძე.

ალექსანდროპოლი. გუმბრის ფოსტა-ტელეგრაფის ქართველი მოხელენი აღტაცებით ვეგებებით ქართული უნივერსიტეტის გახსნას ტფილისში. იმედი გვაქვს მოწინავე პირები ქართველი ერისა ენერგიულათ გაუძღვება ამ დიად ეროვნულ საქმეს და მით საბოლოოთ მოსპობს იმ ათასნაირ დაბრკოლებას, რომელსაც განიცდიან და გამოსცადეს ჩვენმა მოზარდმა თაობამ უცხო ქვეყნებში. ვიღებთ ჩვენ წვლილს ფონდის გასაძლიერებლათ და მომავალშიც ვეცდებით შეძლების დაგვარათ დახმარება გავუწიოთ ამ დიად სანატრელ ეროვნულ დაწესებულებას.

მოსეშვილი, ქორქია, გაბუნია, სიხარულიძე, ჯაფარიძე, ალიბეგაშვილი, გოძიაშვილი, კოჩიაშვილი, ცომაია, ზარიძე, ტაბატაძე.

გაზეთი „ერთობა“

კვირა 28 იანვარი 1918წ, #22  გვ.2

6ca1d3664e57119c2acdb51cc09f6c05

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button