წერილები

მარო მაყაშვილის დღიური

 ჩემი ოცნება 

 ჩემი ნატვრა თუ ამისრულდა, ხომ კარგი და  თუ არა და?.. ძალიან მინდა ყველა ენები შევისწავლო ისე, რომ მშვენივრად ვიცოდე. თუ არ ვიზარმაცებ, მუსიკას გავაგრძელებ. მინდა საზღვარ გარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ, ერთ წელიწადს ვიმსახურებ. მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი. იქ ცხოვრებისთვის ცოტა მეყოფა. ისე მინდა გავაკეთო, რომ მამამ ბევრი არ მიგზავნოს, ჩემიც მქონდეს. ძალიან და ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო. არ შევკრთე და მელე გავიგო ამოცანა, რომელსაც მასწავლებელი მომცემს. ჩემი თხოვნა და მუდარა ეგ არის.

17 ენკენისთვეს

***

 ვეღარ შემხვდა “ის”. ვერ გამიგია ვერც მისი გვარი, ვერც მისი სახელი, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე. რა კარგია წიგნი, მეტადრე, თუ ძალიან საინტერესოა. მე შემიძლიან მთელი დღეები ვიჯდე და ვიკითხო ერთიმეორეზე. მავიწყდება ყველაფერი, რაც გარშემო ხდება. მთლათ მივეცემი ხოლმე წიგნს. მე ვიზიარებ გმირებთან ერთად ჭირსაც და ლხენასაც. ხანდისხან ისე ამტკივა ხოლმე გული, რომ ვერ ვაგრძელებ კითხვას და წიგნით ხელში რამეს ჩავაჩერდები ხოლმე, დიდხანს, დიდხანს. მაგისთანა ცხოვრება ჩვენში არ არის, როგორც ზოგიერთ წიგნშია და არც შემთხვევები. თუ რამე ისეთია წიგნში, , მაჟრჟოლებს და ალაგს ვერ ვზივარ. ხან წამოვხტები წიგნით, ხან სხვა ალაგს გადავალ. თუ ვინმემ შემაწყვეტინა, ძალიან ვბრაზობ და დანდისხან ბრიყვულად ვუპასუხებ ხოლმე, რითაც დედას ვაჯავრებ. იცის ხოლმე: “აი თავის რომანებს ჩაუჯდა და ვერაფრით ვერ გააცლიო”.

19 ენკენისთვეს

***

“ის უნახავს ქეთოს დღეს, მე კი არა.

25 ენკენისთვეს

***

 რა ცუდი რამე გახდა თამაზისულ თავის თავზე ფიქრობს, მასთან ლაპარაკიც კი არ შემიძლია, მომაბეზრა თავი. დაიკარგოს, ჩოხა ჩაიცვა და მკითხა: თეთრი თუ შავი ახალუხი მოუხდებაო, სულ გატუტუცდა. მგონი ათ ქალშია შეყვარებული, საბრალო.  ირაკლიც მაბრაზებს. ისეთი უშნო გახდა სახით, რომ ადამიანს შეეშინდება, რომ დაინახოს. სულ სისულელეებზე ლაპარაკობს. მართალია, ძალიან მეგობრულად ვართ, მაგრამ…

მარტოკა ვარ და როცა ისინი მოვლენ ხოლმე, გამეხარდება. გამოცდა ჩავაბარე. ერთი დამრჩა და არ ვიცი, ჩემი ბედი გადაწყდება მალე. ჩამოვიდეს დედა მალე მარტოობაში რამის სული ამომხდეს. მამა თითქმის სახლში არ არის ხოლმე.

ენკენისთვეს

***

გუშინ მესამედ ვიყავი “ევგენი ონეგინზე”, კიდევ ორჯერ შემიძლიან წავიდეთ, მაგრამ მარტო ორდა იყო ონეგინი. ჩემთვის ის შეუდარებელია. ყურს რომ ვუგდებდი, ტანში მაჟრჟოლებდა. თავის ბენეფისზე უფრო კარგი, შესანიშნავი იყო. გუშინაც ძალიან კარგად ჩაატარა თავისი როლი. მე მგონია, დილიდან საღამომდის რომ ვუსმინო მას, არ მომწყინდება. მაგისთანა ონეგინი ჯერ აქაურებს არ უნახავთ. როგორც სიცხეში, ისე ვიჯექი, ბინოკლს არ ვაშორებდი მის სახეს. ვიყიდეთ მედა ქეთომ მესამე იარუსის ბილეთი. პირველი მოქმედების შემდეგ პარტერის მეექსვე რიგში ჩავედით, ბოლოს კი ლიტერნის ლოჟაში. მე შემიძლიან, უფასოდ ვიარო მამას ბილეთით. ხალხი, საზოგადოდ, ცოტა დადიოდა ოპერაში. გუშინ კი თითქმის სავსე იყო. საცოდავი ორდა ცოტა უქეიფოთ იყო. როცა გაათავა და თქვა “позор, тоска”, უკანასკნელ სიტყვაზე ვეღარ ასწია ხმა და ჩასწყდა, მაგრამ არაფერი იყო რა, ხალხი მაინც ძალიან და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ლივიცკაიაც ტატიანას როლში ძალიან კარგი იყო. მთელი შემადგენლობა ძალიან და ძალიან კარგი იყო, ზალივსკის გარდა. არა! თიატრში ხშირად ვივლი. ძალიან მიყვარს, მეტადრე თუ ისინი თამაშობენ, ვიც ძალიან მომწონან. ღამე ქეთოსთან მეძინა, სანამ დავიძინებდით, მთელი წარმოდგენა წარმოვადგინეთ. ღამე სულ სიმღერა მედგა ყურებში და სიტყვები “увы сомненья нет ” და “а счастье било так близко, так возможно”. შარშან მეუბნებოდნენ, ხშირად დადიხარო. რა ვქნა, მაგნიტივით მიზიდავს. წრეულ კი არ ვივლი? ეხლა ვნატრობ იმას, თუ რატომ ღმერთმა კარგი ხმა არ მომცა. სახლში მთელი ოპერა დაუკარი საღამოთი. ქეთოსთან წავედი და ავად დამიხვდა. მასაც შეხვდა ახალი მოდური ავადმყოფობა “ისპანკა”. წამოვედი სახლში. ნუნუ შინ დამხვდა. ყოველ დღე ველი ჩვენებს. ნეტა მალე ჩამოვიდნენ სოფლიდან. მარტოკა ყოფნა მომწყინდა. ვითომ უნდა გვენახა, გვაქვს ხმა თუ არა. მე და ვავა სხვადასხვა ნოტებს ვიღებდით როიალზე. ისეთები მოდიან სიმღერის სასწავლებლად, რომლებსაც სულ არ აქვთ ხმა. რამდენი რამის დაწერა მინდა მაგრამ მეძინება.

30 ენკენისთვეს 

გამოცდები დამთავრდა!

დღეს ძალიან და ძალიან სასიამოვნო ამბავი მახარეს: შენ გადახვედიო. მე ჯერ არ დავიჯერე, მაგრამ ბოლოს დამარწმუნეს. მე მე-VII კლასის მოწაფე ვარ, ვაშა!!!

8 ოქტომბერს

ოსმალოები ბათომს სტოვებენ

 ძალიან მიყვარს მგალობლიშვილებთან ერთად დროს გატარება. საუცხოვო ოჯახია: გოგა, პატე, კოსტა და ელიჩკა ძალიან მიყვარან. მათთან მოწყენით ყოფნა არ შეიძლება. მხიარულები და სასიამოვნო ყმაწვილები არიან. არ ვიცი რა მიზეზია ეს, მახლობელი ნათესავები ვართ და თქვენზე (თქვენობით) ვლაპარაკობთ. რაღაც ვერ მეხერხება შენზე (შენობით) ლაპარაკი. დღესაც იქ ვიყავი. ქეთო გამექცა, შინ ეჩქარებოდა. ჯერ სუნანასთან ვიყავით, “ისპანკით” არის ავად. მერე ელიჩკასთან ავედი. ბევრი ვილაპარაკე იმაზე თუ რა საღამოებს გავმართავდით ახალ სასწავლებელში. ინსტიტუტის შენობაში “პლანები” კარგი დავაწყეთ. ავასრულებთ თუ არა, არ ვიცი, გარემოებაზედ არის დამყარებული ყველაფერი. “ზნაჩოკები” შევუკვეთეთ VIII კლასისთვის. ეს უკანასკნელი კლასია და საჭიროა სხვასთან გასარჩევად. 25 მანეთი გვიჯდება თითო თითოს. მართალია, ძვირია, მაგრამ რა.

P.S. დღეს სთქვეს, რომ მგონი ოსმალოები ბათომს სტოვებენ და მირბიანო.

გაზაფხული

დიდი ძილის შემდეგ ამოჰყო მზემ თავი, თვალები დაისრისა, ზარმაცად გადმოხედა დედამიწას და გაიფიქრა: „ნეტა რას აკეთებენ იქ, დიდიხანია, არ ჩამიხედნია“. დედამიწამაც იგრძნო სითბო და ნელ-ნელა გადიხადა თვისი თბილი საბანი. აჩუხჩუხდნენ რუები, აღელდნენ ხეები, მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ კეკლუც კაბებს. ცამაც გადიფარა ცისფერი სარტყელი. გაცოცხლდა ბუნება და გააცოცხლა სულდგმულიც. ჭიაღუამ აიდგა ფეხი და მუშაობას შეუდგა. ფრინველები თანდათან იკრიბებიან შორეული ქვეყნებიდან და ერთმანეთში ჭორიკანობენ. საღამო მშვენიერი არის. მთვარე მფლობელი ღამის სივრცისა დაბრძანდება თავის ციმციმა ამალით. სიჩუმეა. სიოც განაბული სთვლემს ტოტებში. ზოგან წამოიკვნესებს ბულბული და ისევ მალე წყდება მისი ჰანგი. ყვავილები ერთმანეთს ეკონებიან. მთვარემ გადაავლო ყველაფერს თვალი, დარწმუნდა რომ ყველგან მშვიდობაა, გამოესალმა აქაურობას და ისევ მიიძინა. მის მაგივრად მზემ გაუცინა კვლავ გაღვიძებულ დედამიწას. სოფლები ახმაურდნენ. ყველა ჩქარობდა წასულიყო ყანაზედ და მოეთოხნა პური, რომ წლის სარჩო შეეძინათ. ყველა ფუსფუსებდა, უმეტესად დედაკაცები. კაცები აქა-იქ სჩანდნენ, ისიც ან ძალიან ახალგაზრდები ან ბებრები. ყველა მირბოდა მდელოებისაკენ. ამ ფუსფუსში ბევრს ცრემლი ადგებოდა თვალთ. რა ამბავი იყო? აი, რა… მუშა ხელი გამოილია. რამდენმა ყმაწვილმა ბიჭმა შესწირა თავი მამულს და რამდენი სხვა ქვეყანაში იყო და თავისი სამშობლო გასაუბედურებლად დაუგდო. ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ ცრემლებთ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოდ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შესწირა დედამ თავისი სიცოცხლე? რომ ვიღაცა გარეული ადამიანისთვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოც უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი? ერეკლე, ერეკლევ რაზე დაგვღუპე? მათალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი? იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ? რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო?

გაზაფხლია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს არავისზედ არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის. ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთაბ, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ. მოხუცებული კაცები მიიზლაზნებოდნენ მინდორისკენ. გადაგდებული თოხებით და ხორბლით. უკანაც ბავშვები მისდევდნენ წყლით და პურით, მთელი დღის საგზლით. სიმღერა აღარ ისმის. სად არის ურმული და ჰოროველა? ყოველი ხორბალი ცრემლებით ითესება. მისი მთესველი იმას არ ევედრება ღმერთს, რომ კარგი მოიყვანოს ყანა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდეს და თავთავმა მიწაზედ დახაროს სიმძიმისგან თავი. არა! ის ლოცულობს მისი შვილი ან მახლობელი მშვიდობით დაბრუნდეს ბრძოლიდან და მაგაზედ მეტი მას არა უნდა რა. შინაც დედაკაცი მხიარული არ არის. მოწყენით და ოხვრით ასრულებს თავის მოვალეობას. მისი ჭკუა დაბნეულია და ხანდისხნან იმას აკეთებს, რაც საჭირო არ არის. ბავშვსაც კი ესმის ესეთი მდგომარეობა. „დედა, ნუ გეშინიან, მამილო მალე მოვა, და თუ არ მოვიდა, ღვთის ნებაა, მე მალე გავიზრდები და ნახავ, როგორ შეგინახავთ“. მაგრამ ამ სიტყვებზედ ბავშვსაც სტკივა გული. დედას ამხნევებს, თითონ კი იტანჯება. სოფლის ქუჩები მთელი დღე ცარიელია. ან ყველა მინდორშია, ან სახლში ჩაკეტილი. ბალღობა ზოგიერთ ალაგას აბუზულად და მოწყენით ლაპარაკობენ. ზოგიერთნი კი, სულ პატარები, დალასლასებენ ან ყვირიან ან ჩხუბობენ. აი, ესენი არღვევენ სიჩუმეს. სახლში შეხვალ, იქ ცრემლებით არწევს დედა ბავშვს და ეუბნება: „შე საბრალო, იქნება მამაშენის ნახვა ვერ დაგცალდეს“ და ამაზედ უფრო ამოუჯდება გული საბრალოს. მხუცებული დედა კი იგონებს თავის შვილის ყოველ ნაბიჯს და დასტირის, იქნებ ჯერეთ ცოცხალს. თუ ძველად სამშობლო თავისუფალი ყოფილიყო, ნუთუ დედა არ შესწირავდა სიხარულით შვილს თავის მამულის დასაცავად. ეხლანდელი დედა დაემსგავსებოდა უწინდელს თუ კისრს უღელი არ ჰქონდა. ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისათვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა, ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამისდა მიუხედავათ გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაივიწყა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრათ, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობისგან განთავისფლებისგან, აქ გლეხი გამხეცდა და თავის მოძმე ქართველს ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა, გაფუჭდა. აი, რუსობამ რა შედეგ მოუტანა ჩვენს ერს. ნუთუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედმოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ.

რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა? მანდილი გადააფარა ალბათ ყველაფერს ოხრათდარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა ამ ომის დროს და მერე… ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.

1918 წლის 20 მაისს. 10 საათი საღამოსი. თბილისი

***

დღეს დაგვიდგა უბედური დღე. დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველები ე.ი. ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენც წავედით სანახავად. რა სურათი წარმოგვიდგა თვალწინ: ჩასუქებული, ჩასხმული, მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ რიგრიგად და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა, მათ ისეთი შეხედულება ჰქონდათ, თითქოს უნდა ადამიანი შუაზე გაეგლიჯათ. წარბშეხრილნი და გამგელებულნი… პარადი იყო. მე ასეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა ახლობლს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონო. მონობისგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, ზეციერო, რა დაგიშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი?

იმ საშინელ დღეს მიდიოდა ორი ჯარი – ქართველები და გერმანელები. ხალხი ბუზებივით ირეოდა. ზოგი იცინოდა, მხიარულობდა, ზოგი კი სდუმდა და სევდას ეძლეოდა. ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი რისთვის ვიბრძოდით, აი ნაყოფი წარმოუდგა ახლა ყველას. რა საზარელი შეხედულება აქვთ: ჩასხმულები, მხარბეჭიანები, გოჭივით ჩასუქებული ცხვირ-პირი და სასტიკი გამომეტყველება. ჩემს უკან მოდიოდა ორი რუსი. ერთმა მათგანმა სთქვა, როცა ქართული სიმღერა გაიგეს: пой ласточка, пой, и могилу себе рой! აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება, ამ სიტყვებით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს მათ.

1918 წელი, 12 ივნისი

***

…ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია… ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა… ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ… ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული – “იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები…” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: “ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო. “კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით…

1918 წლის 12 ივნისი

***

რა ვიცი, თითქოს ჯერ კარგად ეპყრობიან გერმანელები ქართველებს. გუშინ ლაპარაკობდნენ, თითქოს სომხები რაღაცას სთხოვდნენ გერმანელის უფროსს, მაგრამ მან მიაძახა: ჯერ ქართველებს და იქნება თქვენცაო. ქართული და გერმანული ჯარი ბრძოლაში იყო და ორი ქალაქი დაიხსნა. თანდათან იქნება დისციპლინას შეგვაჩვიონ. ჩვენ ხალხში ეგ საჭიროა. ეკონომია და ყველაფრის გაზომვა უნდა შევითვისოთ, თუ გვინდა, რომ ვიარსებოთ. იქნება გერმანელებმა მაინც კარგ გზაზე დაგვაყენონ.

ყოველი სოციალისტის ლაპარაკში ეხლა ნაციონალურ – პატრიოტული ელემენტიც შეიპარა. ყველამ იგრძნო, რომ საქართველოში სოციალისტობა შეუძლებელია. მაგრამ სოციალისტებს არ უნდათ, რომ სხვებმა ჩააჩუმონ ისინი და მაინც მაგ პარტიას აღმერთებენ. აი რა ხდება ეხლა საქართველოში, რომელიმე ქართველი მეფე ამას წარმოიდგენდა? ამაზედ ფიქრიც კი ეშინოდათ. ოჰ! თამარ, სად არის შენი ბრწყინვალე დრო და ან შენი – დავით აღმაშენებელო.

იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.

ეხლა მინდა ცოტა ჩემ თავზეც ვილაპარაკო. მე იმიტომ გადმოვიტანე ჩემი დღიური აქ, რომ ძველი მეზიზღება. იქ არასასიამოვნო (ეხლა) ჩემთვის ამბები და ჩემი გრძნობები არის. მერე იმაში წერაც არ მიმიწევს, რადგანაც სულ დაჯღაბნულია. ერთი ფურცელი არ არის რომ რამე წაშლილი არ იყოს, კარგიც ვქენი. ძველი ყველაფერი დავივიწყე და ახალ გრძნობას მივეცი.

,,новым чувсвом всемм сердсем отаался
как ребёнок душою я стал
и я сжёг всё, чему поклонялся
поклонился всему, что сжигал.”

ეს ოთხი პწკარი ჩემ დღიურებში მესამედ არი გატარებული, რადგანაც ამ სტრიქონებში მე ვხედავ იმას, რაზეც წინათ ბრმა ვიყავი. მართლა, რომ დავწვი, რასაც წინად თაყვანს ვცემდი. უფრო ცუდი სულ წავჯღაბნე ისე, რომ მარტო შავი ხაზები დარჩა დაწერილ სიტყვებს მაგივრად. როცა ვშლიდი, აი სწორედ მაშინ სურვილი მქონდა დღიური მთლად დამეხია, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან იქ ბევრი სხვა რამ მქონდა ისტორიული და უფრო საინტერესო. და ამიტომ, ისე დავარჩინე.

1918 წელი. 16 ივნისი

***

 დღეს გავათავე შესანიშნავი წიგნი. ,,Mолъ” ჟიდისა, მართლა ძალიან მომეწონა. აქ არის გამოყვანილი ორი ტიპი ადამიანისა. ერთი სულით მაღალი, გაურყვნელი და მაღალი იდეალებით და მეორე, დაცემული, გახრწნილი და თავისი გრძნობების მონა. აქ ნათლად გვიხასიათებს ავტორი ამ ორ ჯგუფს, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან არიან დაშორებულნი. მაგალითად, ამ რომანში გმირი ქალი ვერა და კორეზი შეუდარებელნი არიან. ბევრმა რომ წაიკითხოს, იტყვის: ამისთანა ადამიანები არ არიანო დედამიწაზე. მე კი ვიტყოდი – არიან და ძალიანაც ბევრიც. ვერას უყვარს მთელი თავისი არსებით გამოჩენილი მომღერალი. უკანასკნელი კი აღმერთებს მას. მისთვის მას შეუძლიან გასწიროს ყველაფერი, რაც უფრო საჭიროა მისთვის, მაგალითად – ხმა. ვერა იდეალია კორეზისა და ისეც იდეალური ტიპია. მაგისთანა მტკიცე ხასიათით, მაღალი შეხედულებით. ის მხოლოდ იმიტომ არ მიდის თავის სატრფოსთან, რომ იმას ყავს ქმარი, რომელიც მისი პატრონი გახდა. იმისთვის უცხოა ქმრისთვის ღალატი (იმ დროს ეგ დიდ მოდაში იყო) და იმ აღთქმის დაშლა, რომელიც ეკლესიაში აღუთქვა. აი ეს სტანჯავდა მაგას. ის ქმარს ცივად ეპყრობოდა. ის ამ საზოგადოებისთვის არ იყო დაბადებული, სადაც მუდამ ინტრიგები, შური და შეურაცყოფა იყო. ვერა იდგა სულ თავში თავისი გრძნობებით და ეს საძაგელი დაცემული საზოგადოება ფეხთ. თავისი საყვარელი არსება კორეზი რამდენჯერ მოიცილა თავითგან, რადგან მას უნდოდა, ყველას წინაშე ის სუფთა ყოფილიყო, რომ არ ეთქვათ – აი, ამანაც გაიჩინაო. მაგრამ რა ბედნიერი იქნებოდა იმასთან, ვინც უყვარს. ქმარი რუსი თავადი, რომელიც ძალიან მდიდარი იყო და სულ საზღვარგარეთ ცხოვრობდა. მხეცი, გარყვნილი ადამიანი. მან იყიდა ჯერ თექვსმეტი წლის ახლად გადაშლილ ვარდივით ქალი. აქ მშობელ დედის საქმე იყო. ცუდმა, გველმა, ოღონდ თვითონ ყოფილიყო უზრუნველად, მოიცილა თავიდან თავისი ქმრის შვილი (ვერა მისიც იყო). როგორც თვითონ ამბობდა, რაგანაც თავის ქალში თავისას არაფერს ხედავდა. არ დააფასა რუსმა თავისი ცოლი. ის იყო მისთვის ძალიან ლამაზი საგანი. ბევრმა შეურაცყოფას აყენებდა თავის ახალგაზრდა ცოლს. ისიც მოთმინებით ელოდა. სძულდა თავისი ქმარი მთელ თავისი არსებობით. ბოლოს ვეღარ გასძლო, როცა დაინახა მთელი სისაძაგლის მშვენივრობა. ქმრის ყურებამდის მიაღწია საზოგადოების ჭორიკანობამ, ვითომ კორეზი ცოლის საყვარელი იყო, გამოიწვია დუელში და შიგ ყელში დაუმიზნა. ორივე ცოცხალნი დარჩნენ. მხოლოდ შესანიშნავი როგორც მომღერალი მოკვდა. ხმა დაეკარგა. კორეზმა ვერა გაიცნო, როცა ის თექვსმეტი წლისა იყო. მაშინვე შეუყვარდა საბრალო ბავშვი, რომელიც თავის დედის საზოგადოებაში ჩავარდა. კორეზი აფრთხილებდა: როგორც ჩრჩილს შეუძლია შესჭამოს ბეწვიო, ისე თქვენც გაგაფუჭებენო. მერე როცა ვერა გათხობდა, ოთხი წლის განმავლობაში კორეზი გმირულად იქცეოდა, ერთხელ არაფერი არ უთხრა თავის გრძნობაზედ თავის იდიალს. ის იტანჯებოდა, როცა ხედავდა ამ მდგომარეობას, რომელშიც ვერა იყო. უნდოდა ეშველნა, მაგრამ ნება არ ჰქონდა. მისი რა საქმე იყო, ეგრე იტყოდა სხვა, მაგრამ როგორ თუ რა საქმე ჰქონდა, იგი იტანჯებოდა ყურებით იმ საზოგადოებაზედ, რომელშიაც შეფრინდა ჩრჩილი. რამდენჯერ უნდოდა კორეზს ფეხქვეშ ჩავარდნოდა თავის ღმერთს, მაგრამ თავის თავისა რცხვენოდა. ვერა ისეთი ქალი არ იყო, როგორიც სხვა. მას ვერას ხორცი კი არ ენატრებოდა, არამედ მთელი თავისი სულით და გრძნობებით. კორეზს მხოლოს შეეძლო დაემშვიდებინა ის და გაემხნევებინა. რამდენჯერ სულ სხვა ქვეყანაში იყო კორეზი და ვერას ერთი დანახვისთვის სხვა ქვეყანაში მიდიოდა… როგორ უნდოდა მას გაენთავისუფლებინა ის ამ მწუხარებისაგან… მაგრამ ძალა არ ჰქონდა. მაგრამ როცა ის მოკვდა, როგორც მომღერალი, ვერამ ვეღარ გაუძლო და მივიდა მასთან. ის ხმას აღარ ნანობდა, მისი მზე კვლავ ამობრწყინდა. მის გვერდით იყო ის, რასაც უიმედოთ ეძებდა მთელ თავის სიცოცხლეში. ამისთანა ადამიანებს ღმერთო, ნუ მოაკლებ დედამიწას.

მე რომ ვკითხულობდი ამ წიგნს, თითქო მეც იმას ვიზამდი, რასაც ვერა. მხოლოდ ქმრის წინაშე. მაგრამ ეგრე დიდხანს სატრფოს არ მოვშორდებოდი. ძალა მიღალატებდა. ამისთანა სიყვარული კარგია. მართალია, ვერა ძალიან ლამაზი იყო ისე რომ სადაც ფეხს შეადგამდა, ანათებდა იქაურობას. ნუთუ სიყვარულში დიდ როლს თამაშობს სილამაზე? ეს ჩემთვის გარკვეული არ არის. მე მგონია, ჯერ გულის და სულის, გრძნობების სილამაზე უნდა შეიმჩნიო და მერე გარეგნული. ხანდახან გარეგნობას ადამიანს მაცდურ მდგომარეობაში აყენებს. იყოს ლამაზი სახით, მაგრამ გული და გრძნობები მახინჯი, მე მგონია, მაშინ ის არ არის ბედნიერი და სხვასაც გააუბედურებს. იქნება სახით ადამიანი არ იყოს შესანიშნავი, მაგრამ გულით კი შეუდარებელი და ჭკუით. მე ამისთანებს ვამჯობინებ და ყოველთვის ამ აზრისა ვიქნები. იმისთანა ადამიანი, რომელიც სულ თავის ინტერესზე ფიქრობს, წვრილმანია.  მისი შეხედულება უმნიშვნელო არის. ის არაფერს სხვას არ მოუტანს სასარგებლოს. ისეთი ადამიანი, რომელიც სცხოვრობს სხვებისთვის, ის მესმის. მე არც ასეთი ვარ, არც ისეთი, მაგრამ იქნება გავხდე და უფრო მინდა როგორც უკანასკნელი. ბევრს გონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არ მინდა, არა. ამ ფულით სხვას მოუტანო ბედნიერება. და მაშინ თითონაც იქნები ბედნიერი. ,,რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. სხვაზე ფიქრი უფრო კარგია. თავისაზედაც უნდა, მაგრამ სულ მუდამ არა. ღმერთო, რად დამბადე ქალათ! ქალი უძლური რაღაცა საგანია კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს ქალი, კაცს  – ღმერთი. კაცი მაღლი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზე, მაგრამ ეს არ ჩანს, – ის მდგომარეობის მონაა.

რა არის სიცოცხლე წვრილმან ადამიანისთვის? სულელური და ცარიელი უქმე ჩემის აზრით.

1918  წლის 20 ივნისი

თბილისი

***

დღეს მე, ქეთო, ელიჩკა ჩამოვედით ახალქალაქიდან. ჯერ აქედან რომ წავედით, ძალიან დავიღალეთ. მთელი ღამე არ გვეძინა, სულ ვიცინოდით. ელიჩკა სიცილის გუნებაზე იყო. დილას ავდექიტ თუ არა, გიჟებივით ჩავიცვით და სადგურისკენ მოუსვით. გვეგონა, დავიგვიანებდით, მაგრამ ადრეც მივედით. ვიყიდეთ მესამე კლასის ბილეთები და ახდილ ვაგონში ჩავსხედით. გრაკალამდის 6 საათი ვიარეთ, მოვკვდით პირდაპირ. მეტეხში ჩამოვხტით და ფეხით ავედით ახალქალაქში. ისე,  რომ დილის 7 საათზე გამოსულნი საღამოს 7 საათზე სახლში ვიყავით. საშინლად დავიტანჯეთ. გოგას და პატეს ძალიან გაუკვირდათ, როცა სამივე იმათ სახლს მივადექით.ეს სამი დღე საუცხოვოთ გავატარეთ. მთელი დღეები ერთად ვიყავით და ვმხიარულობდით. პატე მშვენიერია… იქიდან პატემ და გოგამ მეტეხამდის ჩამოგვაცილეს. იქაც ხუთი საათი ვისხედით. კარგი იყო. რა ოხრათ მივიღე წრეულ გამოცდა. თავისუფალი რომ ვყოფილიყავი, ახალქალაქში ვიქნებოდი.

ამასწინად მე მეხუთედ შემხვდა “ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს.  კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი რისთვის. იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის.  ნეტა ვინ არის? ლამაზია ჩემზედ, მაღალი თუ არის? ჩემო დედა.

მოსწავლეა გიმნაზიაში. იქნება მეშვიდე ან მერვე კლასში. ამასწინად თეთრ ჩოხაში ვნახე. შესანიშნავი იყო.

რაღაც მემართება. ეხლა ძალიან შემემჩნა მარტოკობა, მინდა, დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ.

1918 წელი. 28 ივნისი

***

…მინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?

20 მარიამობისთვე

***

…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.

17 ენკენისთვე

***

…ეჰ! რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა – სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით… გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერივანისა – ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები… ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო!!! ძალა რომ მქონდეს მე… რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა.

10 ოქტომბერი, 1918 წელი

***

…თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები. ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი… თანდათან რაღაც მეპარება მე გულში. რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე.

17 დეკემბერი

***

…მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს… დაგვანებონ თავი…
…აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება.

4 იანვარი, 1919 წელი

***

“გუშინ სასწავლებელში გვქონდა დიდი საღამო-ბალი. ჯერ მანამ ეს გაიმართებოდა, დიდ ფუსფუსში ვიყავით, ვღელავდით და გვეშინოდა, რომ ცუდათ ჩაივლისო, მაგრამ ჩვენი მოლიდინი არ გამართლდა. 7 საათზე ხალხმა დაიწყო თავის მოყრა. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, რაღაც უცხო ხალხი იყო, მოსწავლეები და წვრილფეხობა. სასიამოვნო არ იყო. თამარა ილინიშნამ მე, ქეთო და ვავა საჩაიეს ოთახში დაგვაყენა. ბუფეტი შესანიშნავი იყო. ბევრი რამის გემოც ვნახეთ. 9 საათზე არტისტებიც მოვიდნენ: ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო. გავიცანით ინაშვილი. წინად უფრო მომწონდა, როცა ახლო გავიცანი არ მომეწონა. რას ნიშნავს ახლო? აი, როცა დაველაპარაკე, ახლო ვნახე მისი სახე. შორიდან უკეთესია. თავისი სურათები გვაჩვენა დემონში გადაღებული. პირველმა სპიტკომ იმღერა, რადგანაც კომერციულ სასწავლებლის საღამოზედაც იყო მიწვეული. სწორედ იმ საღამოს თითქო ჯიბრზე კომერსანტებმაც გამართეს ბალი. კონკურენცია იყო ჩვენ და მათ შორის. საკონცერტო განყოფილება ძალიან კარგი იყო. 12 საათზე ცეკვა გაიმართა. ბევრი ვითამაშე, ძალიან დავიღალე კიდეც. თვალებიუ მიჭრელდებოდა, როცა მაგდენ თავებს ვხედავდით. კორიდორებში გამოვედით დასასვენებლად, როცა გოგა, მე, ქეთო, გუგული და ბევრი სხვა ჩვენი ჯგუფისა შევედით პატარა სასტუმრო ოთახში და ცალკე ცეკვა გავმართეთ. იქვე როიალი იდგა, გუგული მამაცაშვილი უკრავდა. ჩვენ კი ყველაფერს ვცეკვავდით, ტანგოსაც კი. მერე ჩაჩნური მათამაშეს, ყველას ძალიან მოეწონა. მუსიკა მშვენიერი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო და კინაღამ ჩხუბი არ მოუვიდათ ზოგიერთ სამხედრო პირებს, მაგრამ გააშველეს. 11 საათზე პაულო იაშვილი მოვიდა. მივესალმეთ და ყვავილები მივეცით. შემდეგ კოპალიც მოვიდა და ვახშმისთვის სულ კარგი ხალხი დარჩა. პირველ საათზე თუ ორის ნახევარზე ვახშამზე დასხდნენ. პაულო პულუმბაშათ იყო. აუქციონზე შამპანური ორ ათასად გაჰყიდა. ძალიან ყვიროდა და დაიღალა. ესტრადაზე მე და ქეთო აგვიყვანა და იქ გვეჭირა ბოთლი. სხვები ფულს აგროვებდნენ. კაბარეს დროს პაულომ და კოპალმა ლექსები წაიკითხეს. სახაზინო თეატრიდან მოიპატიჟეს მოცეკვავეები და მომღერლები. ძალიან კარგი იყო. ჩემ მაგიდიდან ბლომად ავიღე ფული. ძალიან ბევრნი მოვიდნენ კომერციულ სასწავლებლის საღამოდან ჩვენ ვახშამზე. 4 საათზე ხალხი წავიდ-წამოვიდა. თამარ ილინიშნამ ძლივს გააბრძანა ზოგიერთი მთვრალი სამხედრო პირი. მერე დავრჩით მე, ელო, ტასო, ნიცა, ბეჟანიშვილი და რცხილაძე. თითქმის მთელო მეექვსე კლასი, ზოგიერთნი VI-ა-ადან, პაულო, ლელი, კოპალი, ყველა მასწავლებლები, დირექტორი, გამგე თავის მახლობლებით, 8 აფიცრებამდინ, სუნანა, მედია, აფხაზი ნიკუშა და სხვ. გავმართეთ ცეკვა. მუსიკა წავიდა და როიალზე უკრავდით. აქ უფრო კარგად გავატარეთ დრო, მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ. მათამაშეს ჩაჩნური. პაულო და კოპალი არ მშორდებოდნენ. იცინოდნენ და მიხაროდა, რომ ჩემ მიერ დაპატიჟებულნი კარგად ატარებდნენ დროს. ხუთ საათზე ვახშამი გაგვიშალეს. ერთი უშველებელი საერთო მაგიდა. ქეთო 4 საათზე წავიდა. მეც მეუბნებოდა, მაგრამ ამხანაგებმა დამარჩინეს. ჩვენი გერმანულ ენის მასწავლებელი ძალზე დაითვრა და ყველას ქათინაურებს ეუბნებოდა. საცინელი იყო სიმთვრალეში და ცეკვაში. ბ-ნი ლეოც ჩამოვიდა ზუგდიდიდან ჩვენ საღამოზე. ძალიან გაგვეხარდა და ისიც გახარებული იყო. როცა ცოტა გადაჰკრა, აღარ გვშორდებოდა, გვეხუმრებოდა და ოხუნჯობდა. ვახშმის დროს დირექტორმა მოგვილოცა ჩვენ და გვისურვა ბედნიერება. მან სთქვა: მე მინდა, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენი აზრით და ჭკუით იყოთ და არავის, არავის არ მიბაძოთ, მაგაზე საშინელება არაფერი არ არის. მერე პაულომ და კოპალმა დალიეს, ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური, ვიცოდი, რომ მათამაშებდნენ. გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ ”კნიაჟნა”, “კნიაჟნა”! სულ ერთია, არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ. რა მექნა, მეც დავსთანხმდი. ტასო და რცხილაძე აქ ძალიან დაითვრნენ. ტასო ძლივს იჯდა სკამზე. ხან მე დამადებდა მხარზე თავს, ხან ელოს. მეც სანაძლეოზე ვჭყიპავდი. რცხილაძე ხომ კინაღამ მოკვდა. სულ გასულელდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა. ოჰ, რამდენი ვიცინეთ.

8 საათზე სახლში დავაპირეთ წასვლა. არ გვიშვებდნენ, მაგრამ მაინც წავედით. მე-6 კლასი და დანარჩენი წინ წავიდნენ. ვაჟები, მე, სუნანა და მედია ერთად გამოვედით. აი, აქ იყო, რაც იყო. სახლამდინ არ მომიკუმია პირი, გიჟივით ვიცონოდით. სასწავლებლიდან რომ გამოვედით, პაულომ მოტეხა ერთი დიდი ტოტი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! გეგეჭკორი იქვე სდგას (ცხოვრობს). ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთი “ტაჩკა” დაინახამ შიგ ჩაჯდა და ყვირის მცხეთაში მივდივარო, იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. იქიდან ჩამოაბრძანეს, ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯარაში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ. პირველნი სირცხვილისგან იმალებოდნენ. შეგვხვდა ერთი დროგი ჭარხლით. პაულომ მისცა მედროგეს 5 მანეთი და 4 დიდი ჭარხალი ამოაცალა და გადმოგვიგდო, ერთი საჩაიეში შეიტანა და უთხრა, სადილისთვის ჭარხლის სუფი გამიკეთეთო. მეორე მუშას ჩაუჩხირა პირში. ორი ვირი მოდიოდა, ზედ შეაჯდა და გარეკა. ტრამვაი გაივლიდა დ თავს უკრავდნენ ყვირილით: “Здравствуй душечка. Оля, Маруся, Таня!..” კოპალი და ერთი ავიატორი ციციშვილი აჰყვა. როცა სახაზინო თეატრს მიუახლოვდით მუსიკის ხმა მოგვესმა. დავინახეთ ქართული ჯარი ქართული დროშით მიმავალი მცხეთაში. კოპალმა და პაულომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. მე და სუსანას ყველაზე დიდები მოგვცეს. დავდექით შუა გზაში და ჯარი რომ მოგვიახლოვდა, ყველას დაურიგეთ პატარ-პატარა თაიგულები და მერე თავზე ვაშას ძახილით გადავაყარეთ. ჯარი შედგა და ქართული სიმღერა დასძახეს. პაულომ ექსპრომტები უთხრა. მერე ჯარს უკან მარშით გავყევით. ხალხი გვიყურებდა და უკან მოგვდევდა ცქერით. ყველა ფანჯრებიდან გვიცქერდნენ. 9 საათი იყო. ხალხი ძალიან ბევრი იყო. დავეწიეთ დანარჩენ მოწაფეებს დაყველა ერთდ წავედით. პაულომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. რკინის ღობე ჰქონდა გაკეთებული. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ. ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთი თათრის დუქანში შევიდა პაულო, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის, მარო, მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში.

ჩაგვაცივდნენ მცხეთაში უნდა წამოხვიდეთო თქვენ და სუნანაო ავტომობილით…”

23 თებერვალი, 1919 წელი

***

1919 წ. …მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა…

გუშინ, არ ვიცი, რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი…

30 ივლისი …საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button