დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ოსტატური მკვლელობა

ჯოისს ყოველთვის უყვარდა უკაცრიელი ადგილები, კლდიანი სანაპიროები უცნაური პეიზაჟებით და ამაში არაფერი იყო გასაკვირი – ის ხომ სწორედ თავისი პეიზაჟებით იყო ცნობილი! იმ წელსაც მეთევზეთა სოფელი აირჩია. ცნობისმოყვარე არ იყო, მაგრამ, იმ ახალგაზრდა წყვილს ყურადღება მაინც მიაქცია. ჯერ ერთი, საკმაოდ ორიგინალური, სპორტული მანქანიდან გადმოვიდნენ; მეორეც – ქალს მუქი, უფრო კი, მყვირალა იისფერი კაბა ეცვა, ისეთივე, ოდნავ მუქი ფერის შლაპით. ისინი იმავე პატარა სასტუმროში დაბინავდნენ, რომელშიც ჯოისი ცხოვრობდა. იმ საღამოს წყვილი არ გამოჩენილა. მეორე დღეს, დილით, ჯოისი სასტუმროს წინ მოლბერტის დასადგმელად ადგილს ეძებდა, როცა სასტუმროს კვერცხისგულისფერი პატარა ავტომობილი მოადგა. იქიდან ქალი გადმოვიდა ვერცხლისფერი, გამომწვევი კაბითა და პლატინისფერი თმით. წინა დღეს ჩამოსულმა მამაკაცმა მის დანახვაზე ხელი ხელს შემოჰკრა და წამოიძახა:

–კეროლ, ძვირფასო! რამდენი წელი არ მინახავხარ და, აი, სად შევხვდით! როგორი უცნაურია! ეს ჩემი მეუღლეა, მარჯორი… მშვენიერია, აღარ მოვიწყენთ. კარგი საცურაო ადგილები ვიცი, ვისაუზმოთ და იქითკენ გავწიოთ. კლდეებზე გაირუჯებით კიდეც…

მიუხედავად იმისა, რომ ჯოისი ცნობისმოყვარე არ იყო, მხატვრის თვალმა სწრაფად აღიქვა მაკიაჟის სქელი ფენა კეროლის სახეზე და მისი უგემოვნოდ შეღებილი, პლატინისფერი თმა,

მაგრამ, მერე ხატვამ გაიტაცა. როცა ფუნჯი დადო და სასტუმროსკენ გაიხედა, დაინახა, რომ მარჯორი აივანზე საცურაო კოსტიუმს ფენდა. ქალი მისკენ ზურგით იდგა. ქვემოდან დევიდმა – ქმარმა ასძახა, კეროლი ხომ არ გინახავსო, ქალმა კი ისე გააქნია თავი, არ შემობრუნებულა და ოთახში შევიდა. ქმარმა ისევ ასძახა – ცოტა ხანს კეროლს დაველოდოთ და მერე წავიდეთ, პეპრაიტერში გველიან, მანქანას მოვიყვანო…

ჯოისს უცნაური, ავბედითი განცდა გაუჩნდა და ხატვის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თითქოს მალე მოსახდენი ცუდის მოლოდინმა აიტანა… დაახლოებით ორი საათის მერე სასტუმროდან წყვილი გამოვიდა – ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი, მყვირალა იისფერ კაბაში გამოწყობილი ცოლითურთ. მისის კეროლი – მათი მეგობარი, რომელსაც ცოლ-ქმარი ამაოდ ელოდა, გვიან საღამოს გამოჩნდა სოფელში. ჯოისმა თავად დაინახა ის, კლდოვანი სანაპიროდან მანქანების სადგომისკენ მიმავალი. ჯოისს, ალბათ, დაავიწყდებოდა კიდეც უცნაური წყვილი და მათი მეგობარი, მაგრამ, სამი დღის შემდეგ გაზეთში საინტერესო სტატიას წააწყდა, სათაურით:

„სასიკვდილოდ საშიში ბანაობა“. ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ მისის დეკრი, კაპტან დევიდ დეკრის მეუღლე, ცურვისას ლენდორის ბუხტაში დაიხრჩო პატარა საკურორტო დაბასთან ახლოს. ჯოისს შეაჟრჟოლა. ჯერ ერთი, მაშინვე გაახსენდა ცოლ-ქმარი, თანაც, განცხადებაში აღნიშნული დაბა ძალიან ახლოს იყო იმ სოფელთან, სადაც მან ეს წყვილი ნახა. საკუთარი სინდისის წინაშე მართალი რომ ყოფილიყო, ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თავისი უცნაური ეჭვების შესახებ მოუთხრო. პოლიციაში, რა თქმა უნდა, აუხსნეს, რომ მხოლოდ ეჭვების, ისიც, გაურკვეველი ეჭვების საფუძველზე, საქმეს ვერ აღძრავდნენ და თავაზიანად გამოისტუმრეს. მხატვარმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა გაზეთი. ფაქტობრივი დეტალები ძალიან მწირი იყო: ცოლ-ქმარი კურორტზე ჩასვლისთანავე გაემართა საბანაოდ, მაგრამ, რადგან მალევე ამოვარდა ცივი ქარი, კაპიტანმა დეკრმა ცურვას გოლფის თამაში ამჯობინა, მისი ცოლი კი პლაჟზე მარტო დარჩა და გაცურა. საშინელებაც მაშინ მოხდა… როცა მისის დეკრი სასტუმროში აღარ დაბრუნდა, ქმარმა გოლფის თამაშს თავი ანება და მისი ძებნა დაიწყო. პლაჟზე ქალის ტანსაცმელი იპოვეს, საცოდავი ქალის გვამი კი ზღვამ მხოლოდ სამი დღის მერე გამორიყა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, თავზე ღრმა ჭრილობა გახდა. ეტყობა, ქალმა ცურვისას ჩაყვინთა და, რადგან იქაურობა წყალქვეშა რიფებითა და კლდეებით იყო სავსე, თავი გაიტეხა. ჯოისმა გონებაში გამოთვალა თარიღი და გულში ისევ უსიამოვნოდ გაკენწლა ეჭვმა – უბედური შემთხვევა ცოლ-ქმრის სოფლიდან გამგზავრების ზუსტად ერთი დღის თავზე მოხდა. ყველაფერი საშინელებათა ზღაპარს ჰგავდა. გული უგრძნობდა, რომ ქალი მოკლეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი, წყალქვეშა კლდე არ ყოფილა, მაგრამ, პოლიციაში ხელახლა მისვლისგან თავი შეიკავა – შეეშინდა, რომ დასცინებდნენ…

ერთი წლის შემდეგ ჯოისი ისევ გაემგზავრა ეტიუდების დასახატად მეთევზეთა პატარა სოფელში. ეს სოფლები ყველა ერთმანეთს ჰგავდა თავისი პატარა, სოფლური სასტუმროებით, კლდოვანი სანაპიროთი და წყალქვეშა რიფიანი პლაჟებით და… ჯოისს სუნთქვაც კი შეეკრა, როცა მის თვალწინ ერთი წლის წინანდელი სურათი გაცოცხლდა: სპორტული მანქანიდან გადმოსული ცოლ-ქმარი – მკვეთრ, უგემოვნო ლილისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი და კაცი – კაპიტანი დეკრი. ქალი თითქმის იმ ტიპაჟის იყო, როგორც შარშანდელი მისის დეკრი – ოდნავ პუტკუნა, ქერა და სულელურღიმილიანი… ჯოისი დაიძაბა. წესით, აქ მესამე პერსონაჟიც უნდა

გამოჩენილიყო, და, მანაც არ დააყოვნა – ჟოლოსფერ კაბაში გამოწყობილი, წითურთმიანი ქალი, რომლის არშემჩნევა ან ვერ დამახსოვრება შეუძლებელი იყო – კაპიტან დეკრის „ძველისძველი“ ნაცნობი… ჯოისი უკანმოუხედავად გაიქცა პოლიციის განყოფილებაში მტკიცე გადაწყვეტილებით – არ დაეშვა მკვლელობა. დარწმუნებული იყო, ამჯერად მაინც შეძლებდა სამართალდამცველების დარწმუნებას. ადგილობრივი პოლიციის კომისარმა ყურადღებით მოუსმინა და სკოტლანდ-იარდის თანამშრომელი გააცნო, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა კაპიტან დეკრის სათვალთვალოდ. გვარი, რა თქმა უნდა, გამოგონილი იყო. ეს ნაძირალა ცოლად ირთავდა მორიდებულ, შეუმჩნეველ გოგონებს და მათ სიცოცხლეს დიდი თანხის საფასურად აზღვევდა. სინამდვილეში კი მისი ცოლი კეროლი იყო, სცენარი ერთი და იგივე ჰქონდათ: კაცს მსხვერპლი მიყრუებულ კურორტზე ჩაჰყავდა, აქ ვითომ შემთხვევით ხვდებოდა კეროლს და სამივე ერთად საცურაოდ მიდიოდა. ცოლ-ქმარი საცოდავ ქალს კლავდა და გვამს ზღვაში აგდებდა, კეროლი კი მის ტანსაცმელს იცვამდა და წყვილი ისევ სასტუმროში ბრუნდებოდა… ჯერ ვითომ მეგობარს „ეძებდნენ“, მერე კი მიემგზავრებოდნენ. სინამდვილეში, მანქანა, უბრალოდ, მიეფარებოდა ხოლმე ადგილობრივების თვალს, კეროლი ისევ თავის კაშკაშა ფერის ტანსაცმელს იცვამდა, იკეთებდა ასეთივე კაშკაშა ფერის პარიკს და სასტუმროში ბრუნდებოდა. ასე ჩაცმულ და შეღებილ ქალს ყველა ამჩნევდა. ვის გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ცოტა ხნის წინ სწორედ მან შეასრულა კაპიტნის დამხრჩვალ-მოკლული ცოლის როლი?! კაპიტანი თითქმის შეუცდომლად არკვევდა, ზღვა მოკლულის გვამს სად გამორიყავდა. კეროლი კიდევ ერთხელ შეასრულებდა მოკლულის როლს: კაპიტანთან ერთად ბინავდებოდა სასტუმროში, მერე კი წყვილი მაშინვე მიდიოდა საცურაოდ, რომ ადგილობრივებს ქალისთვის სახეზე შეხედვაც ვერ მოესწროთ. მოკლულის ტანსაცმელს პლაჟზე აწყობდნენ და მშვიდად ელოდნენ გვამის გამორიყვას….

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button