რატომ გვეღვიძება მაღვიძარას დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე?
თუკი ვინმეს აღვიძებთ, გამოდის, რომ საკმარისად არ უძინია. აქედან გამომდინარე, მაღვიძარა საუკეთესო საშუალებაა ძილის მოსაკლებად, რადგან ჩარევის გარეშე გაღვიძება ხშირად იმის მანიშნებელია, რომ უბრალოდ კარგად დაისვენეთ. მაგრამ რატომაა, რომ როცა მაღვიძარაზე ადრე გვეღვიძება, თითქმის ყოველთვის სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი მის დარეკვამდე?
იმ აპლიკაციების მსგავსად, რომლებიც თავაზიანად გაღვიძებას გპირდებიან, ორგანიზმიც ცდილობს, ნელ-ნელა გამოგაფხიზლოთ. ახალი დღის დაწყების მოლოდინში ძილის ბოლო სტადიებში სტრესთან დაკავშირებული ჰორმონები წარმოიშობა, ამბობს იან ბორნი, ტუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ქცევის ნეირომეცნიერების დარგში.
1999 წელს ჩატარებულ კვლევაში ბორნმა და მისმა კოლეგა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სისხლში ერთი განსაკუთრებული ჰორმონის, ადრენოკორტიკოტროპინის, დონე იმატებდა მაშინ, როცა მძინარეებს ჰქონდათ დროის კონკრეტულ მომენტში გაღვიძების მოლოდინი. ექსპერიმენტში 15 მოხალისეს შუაღამეს დაძინების წინ უთხრეს, რომ პირველ დღეს დილის 6 საათზე, შემდეგ ორ დღეს კი 9 საათზე გააღვიძებდნენ. როცა იცოდნენ, რომ 6-ზე გააღვიძებდნენ, ექსპერიმენტის მონაწილეებში „შეინიშნებოდა ადრენოკორტიკოტროპინის დონის განსაკუთრებული ზრდა იმ პერიოდში, როცა გაღვიძებას ელოდნენ”, ამბობს ბორნი. ხოლო როცა 9 საათზე ელოდნენ გაღვიძებას, აღნიშნული ტენდენცია არ შეინიშნებოდა.
ადვილი წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც მჯდომარე სამუშაო აქვს და მიჩვეულია რუტინულად ყოველდღე ერთსა და იმავე დროზე გაღვიძებას, რათა გეგმაში ჩაჯდეს. მაგრამ ბორნის კვლევაში მონაწილე სტუდენტები არ იყვნენ მიჩვეული ასე ადრე ადგომას. „ამ კვლევისთვის შევარჩიეთ სტუდენტები, რომლებიც დილის 6 საათზე არ დგებოდნენ ხოლმე. მათი გაღვიძების პერიოდი დილის 7-დან 9 საათამდე იყო, ამიტომ 6 საათი იმაზე ადრე იყო, ვიდრე მიჩვეული იყვნენ.” თუმცა უცნობია, ადრე გაღვიძების მოლოდინი რატომ ზრდის სტრესის ჰორმონებს.
ადამიანები, მწერები, მცენარეები, ზოგი ბაქტერიები – ყველანი შინაგანი საათის მიხედვით ვმოქმედებთ, ამბობს ლუჩიანო დიტაჩიო, კანზასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ასისტენტ-პროფესორი ფარმაკოლოგიის, ტოქსიკოლოგიისა და თერაპევტიკის განყოფილებიდან. ეს ცირკადული რიტმები ემთხვევა ჩვენი გარემოს დღე-ღამის მონაცვლეობის ბუნებრივ ციკლს. ეს კი გვეხმარება ყოველ დილას გაღვიძებასა და ყოველღამე დაძინებაში. მაგრამ მხოლოდ ის, რომ ყველა ადამიანს ბიოლოგიური საათი აქვს, არ ნიშნავს, რომ ეს საათები ერთნაირია. ვარიაციები გარკვეულ გენებში, რომელთაგან ერთ-ერთი ამოიცნეს დიტაჩიოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ 2011 წლის კვლევაში, გვკარნახობენ, რატომ არ უჭირს ზოგიერთ ჩვენგანს ადრე გაღვიძება.
ამ კვლევაში დაადგინეს, რომ KDM5A გენი იყო ე.წ. „მაღვიძარა” გენი, ის პასუხისმგებელია იმის შეგრძნებაზე, რომ უკვე დილაა. „ეს კონკრეტული გენი წარმოადგენს იმ გენების ქსელის აქტიურ ნაწილს, რომელიც საათივით მუშაობს. ის არაა მექანიკური ხასიათის და მოლეკულური კომპონენტებისგან შედგება, თუმცა ფუნქციონირებით ზუსტად საათის მსგავსია. KDM5A გენი ახდენს ცილის, სახელად JARID1a-ს დაშიფრვას, რაც წარმოქმნის ვარიაციებს მაღვიძარა გენის მოქმედებაში, როგორც საათის ისრების ბრუნვა განსხვავდება მჭიდროდ მოჭერისა და თავისუფლად მოშვების შემთხვევებში.”
მაშასადამე, ადგომის წინასწარ განსაზღვრულ მომენტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაღვიძების მიზეზი წარმოადგენს მაღვიძარა გენის ინდივიდუალური გამოხატვისა და ადრე ადგომასთან დაკავშირებული სტრესის ჰორმონების ინდივიდუალური დონის ნაზავს. ეს მხოლოდ ნაწილია იმ თავსატეხში, რომელსაც დიტაჩიო „ოსტატ მარეგულირებელს, ტვინში არსებულ სპეციალურ საათს” უწოდებს.