ისტორია

გიორგი ბერუჩაშვილი – ერნესტ სოლვეი – კაცი, რომელმაც ცივილიზაციის განვითარებას მანამდე არგაგონილი მუხტი შესძინა

ცნობილია, რომ საგანმანათლებლო სისტემის ხარისხი, ქვეყნის მოსახლეობის საზოგადოებრივი ცნობიერებიერების და ცხოვრების დონის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. სხვა სიტყვებით: ყოველი ჩვენგანი ცალ-ცალკე და ერთად, როგორც სახელმწიფო, მასწავლებელთა ცოდნის სიღრმისა და პედაგოგიური ინტელექტის ანარეკლი ვართ. რთულია წარმოდგენა ვიქონიოთ იმაზე, თუ რამდენად ზუსტი ანარეკლი. ადამიანის ცხოვრება ხომ არ მეორდება … და, რამდენმა მათგანმა დაგვამახსოვრა თავი, როგორც ჭეშმარიტმა მასწავლებელმა …

დღეს საჯარო სკოლების VII-IX კლასების მოსწავლეებსაც კი მკაფიო წარმოდგენა აქვთ ნობელის პრემიაზე და მის დამაარსებელზე. ვფიქრობთ, არ შევცებით თუ ვიტყვით, რომ ქართულ ენაზე მეტყველი, სულ მცირე, ხუთი მილიონი კაციდან, მხოლოდ რამდენიმე ათასს სმენია არანაკლები სიდიდის მეცნიერისა და მეცენატის ერნესტ სოლვეის (Ernest Solvay 1832-1922) სახელი. მათგან კი მხოლოდ რამდენიმე ათეული თუ აცნობიერებს სოლვეის სიდიადეს. ამ წერილის გაცნობის შემდეგ, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში დღემდე არსებული, ერთი შეხედვით, თითქოსდა პატარა, მაგრამ ჩვენი აზრით, სახელმწიფოებრივი აზროვნების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ხარვეზი, ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, იმედია არ დარჩება. მაშ ასე _ Solvay:

სუფრის მარილისაგან სოდის მიღების სამრეწველო მეთოდის გამომგონებელს, ბელგიელ ქიმიკოსს სოლვეის მკვლევარის ნიჭთან ერთად, მეცნიერთა შორის უიშვიათესი _ მეწარმის უნარიც აღმოაჩნდა. კაცობრიობა დღემდე ამ უნარების ერთ პიროვნებაში შერწყმის ბედნიერ შემთხვევათა სიმრავლით არ არის განებივრებული. ევროპაში აშენებულმა რამდენიმე საწარმომ (ქარხანამ), სოლვეის დიდი ფინანსური შემოსავალი მოუტანა. ფიზიკისა და ქიმიის მეცნიერებათა განვითარების შემაფერხებელ დაბრკოლებათა გადალახვის _ არსებულ სამეცნიერო პრობლემატიკაში სიცხადის შეტანის – მიზნით, მან მიიღო გადაწყვეტილება, შემოსავლის ნაწილით საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის დაარსების თაობაზე. მივაქციოთ ყურადღება: სოლვეი თავისი თანამედროვე, მეორე დიდი მეცენატის – ალფრედ ნობელის (Aლფრედ Nობელ 1833-1896) მიერ არჩეული გზით _ სამეცნიერო შრომის შედეგების დიდი თანხით (პრემიით) წახალისებით _ არ შემოიფარგლა. პრაქტიკულ-გამოყენებით სამეცნიერო სამუშაოებში გაწაფულმა მისმა გონებამ, სამეცნიერო შრომის ეფექტიანობის ინოვაციური მექანიზმი შექმნა. მეცნიერების ისტორიაში ცნობილ ასეულობით მეცენატთა შორის, მან პირველმა დააფუძნა პრობლემატიურ საკითხზე მეცნიერთა პერიოდული საერთაშორისო შეკრება (კომიტეტი), რომლებიც დღემდე სოლვეის კონგრესების სახელით იხსენიება. სოლვეის კონგრესი პირველად 1911 წ. შეიკრიბა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კონგრესი იკრიბებოდა სამწლიანი შუალედებით.

სოლვეის მიერ გამოგონილი, სამეცნიერო აზროვნების სტიმულირების ინოვაციური მექანიზმის შინაარსი ასეთია: შეკრებამდე წლინახევრით ადრე, კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი ირჩევს ფიზიკის საკვანძო _ კონკრეტულ პრობლემას და რვა მეცნიერს, რომლებსაც, საერთო აზრით, ხელეწიფებათ წვლილი შეიტანონ ამ პრობლემის გადაჭრაში და კიდევ 10-15 დამხმარე ფიზიკოსს. რვა დღის განმავლობაში, 10 სთ.-დან 18 სთ.-მდე, მცირეოდენი შესვენებებით ლანჩზე, დისკუსიების რეჟიმში განიხილება დასმული კონკრეტული პრობლების ყველა შესაძლო ასპექტი.

სოლვეის კონგრესების მიერ თანამედროვე ფიზიკის განვითარებაში შეტანილ წვლილს ნათლად წარმოაჩენს ამ შეკრებებში ალბერტ აინშტაინის, ნილს ბორის, ჰენდრიკ ლორენცის, ერნესტ რეზერფორდის, ვერნერ ჰაიზენბერგის, მაქს პლანკის, პოლ ლანჟევენის, უილიამ ბრეგის, რობერტ ოპენჰაიმერის, ენრიკო ფერმის, აბრაამ იოფფეს, ლეონიდ კაპიცას, ლევ ლანდაუს, ერენფესტის, მილიკენის, ვოლფგანგ პაულის, მარია და ფრედერიკ ჟოლიო-კიურების და სხვ. სახელოვან მეცნიერთა მრავალჯერადი მონაწილეობა. 1922 წ.-დან დღემდე სოლვეის კონგრესები იკრიბება ქიმიაშიც. მეცნიერების ისტორიაში ერთადერთი პიროვნება, ვისაც ფიზიკისა (1903) და (1911) ქიმიის დარგში აქვს მიღებული ნობელის პრემია, პოლონელი მარია სკლადოვსკაია-კიურია. სოლვეის კონგრესის მონაწილეთა შორის ქართული სახელიც გვხვდება _ ალბერტ თავხელიძე (1967 წ.).

სოლვეის მიერ ჩაფიქრებული ინოვაცია _ კონკრეტულ პრობლემატიკურ საკითხზე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა ვიწრო წრეში ინტენსიურ მსჯელობათა ორგანიზება _ დღემდე ფართოდ გამოიყენება სამეწარმეო-პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას. მაღალტექნოლოგიურ (Hი-ტეცჰ) სამეცნიერო-სამრეწველო კორპორაციებში უკვე მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დამკვიდრებული პრაქტიკა _ BBrain storming, ქართულად-გონებრივი შტურმი, რუსულად- Мозговая атака, სოლვეიმდეც სპონტანურად გამოიყენებოდა, განსაკუთრებით _ სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების დაძლევისას. სოლვეიმ აზროვნების ინტენსიფიცირების პროცესს სისტემატიკური დატვირთვა შესძინა. ნაკლებად გაცნობიერებული მკითხველის საყურადღებოდ დავსძენთ, რომ სოლვეის კონგრესების შეკრების სამწლიანი შუალედი მხოლოდ პირობითია: მოქმედი, მით უფრო საერთაშორისო აღიარების მეცნიერის გონება პრაქტიკულად არ ისვენებს. მცირე გადაჭარბებით _ იგი (გონება) 24 საათიან რეჟიმში .მუშაობს.

სოლვეის კონგრესები წინამდებარე სტატიის თემად შემთხვევით არ აგვირჩევია. საქმე ისაა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსების სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში ჩართავა. ეს კი ინტელექტუალურ სიმძლავრეთა გამოვლენის მექანიზმების დახვეწის, სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ კონკრეტულ პრობლემათა მაღალპროფესიულ შესწავლა-განხილვის გარეშე ვერ მოხერხდდება. ცრულიბერალთა მიერ პანაცეად გამოცხადებულ და საზოგადოებრივ აზროვნებაში ბოლშევიკური სიჯიუტით კულტივირებული საბაზრო-ეკონომიკური მექანიზმების იმედად, აქ ვერ ვიქნებით. ამგვარ აზროვნულ სტერეოტიპთა ,,მუშაობის” შედეგია კონკურენტუნარიანი ეროვნული ეკონომიკის შექმნისათვის საკადრო რესურსის მომზადება-გადამზადების შინაარსისაგან დაცლილი დაწყებითი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემები, ყოველწლიურად საშუალოდ 30 ათასიან (!), უმაღლესი განათლების მიღების მსურველ აბითურიენტს რომ წარმოშობს, მრეწველობის არმქონე, ოთხ მილიონიან ქვეყანაში.

ნაუცბათევად დაფრთიანებულ ქართველ პოლიტიკოსთა არგუმენტები, რომ პატარა ეკონომიკის მქონე საქართველოს (თურქეთისა და რუსეთის ეკონომიკები შესაბამისად 50-ჯერ და 100-ჯერ დიდია), თანამედროვე ძვირადღირებული სამეცნიერო ექსპერიმენტების დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია, ხელისუფლებაში ფსევდოჰუმანიტარული განათლების მქონე პიროვნებათა სიმრავლით განპირობებული აზროვნების ნაყოფია. სხვა მრავალ ფაქტორებთან ერთად, გლობალიზების ეპოქის დადგომა, ამ ფაქტორმაც _ თანამედროვე მეცნიერების ასიგნებაზე გაწეული ხარჯების მკვეთრმა ზრდამ _ განაპირობა. მსგავსი საკითხები, დაინტერესებული ქვეყნების რესურსების გაერთიანებითა და თანამშრომლობით გვარდება. რაც შეეხება პრაქტიკულ-გამოყენებით ამოცანებს, ამ სფეროშიც საერთაშორისო თანამშრომლობა დღემდე არნახული განვითარების დინამიზმით მიმდინარეობს. გლობალიზაციის უმთავრესი პოზიტივიც ხომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ და ფართოდ გავრცელებაშია. ინტერნეტმა და თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებმა მსოფლიო დააპატარავა _ იგი ძველებურად უსასრულოდ არ გამოიყურება. საერთაშორისო სამეცნიერო კლასიფიკაციაში მიღებული მცირე განვითარებადი ქვეყნის (შმალლ დეველოპინგ ცოუნტრყ), მათ შორის _ საქართველოს რეალური ეკონომიკური განვითარება, გონიერების ყველა საზომით და სპეციალისტთა საერთო აზრითაც, თანამედროვე ტექნოლოგიების დახვეწილად გააზრებული იმპორტის ორგანიზაციაში მდგომარეობს. ამგვარი განვითარებისათვის საკმარისი საკადრო და სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალი, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს. მას, ისევე როგორც ყველა სამომავლო შედეგზე ორიენტირებულ პროცესს, მოვლა-პატრონობა და გზაზე დაყენება სჭირდება. არ არსებობს მხოლოდ სახელისუფლო სტრუქტურების სათანადო კომპეტენცია _ ამ საკითხით საქმიანი დაინტერესებისა და შესაბამისად, თუნდაც ფართო მოხმარების კონკურენტუნარიანი/ექსპორტუნარიანი სამრეწველო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშემწყობი გარემო-პირობები.

თანამედროვე მეცნიერების, როგორც სოციალური ფენომენის მკვლევარები განმარტავენ, რომ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ახალგაზრდა ბიზნეს სტრუქტურები, ამგვარ ამოცანებში არა თუ მონაწილეობისათვის, არამედ გაცნობიერებისათვისაც კი, ჯერ მზად არ არიან. განვითარებადი ქვეყნების პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტი ამ საკითხში, სახელისუფლო სტრუქტურების აქტიურ როლზე _ სახელმწიფო მეურვეობაზეა დაფუძნებული.

ინოვაციურ (ცოდნისმიერ) ეკონომიკურ პოლიტიკაზე ქვეყნის ორიენტაცია, მთელი სისრულით, უპირველესად პროფესიული განათლების სისტემაში ვლინდება. ამ სფეროს მარეგულირებელ კონცეპტუალურ და ნორმატიული დოკუმენტებში, ამგვარი შინაარსი სანთლით საძებნია: ,,საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, პირველი გვერდი: ,,კანონი სრულად თავსებადია განათლების რეფორმის ფუნდამენტურ პრინციპთან: განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიურობა …“ ჩვენი კომენტარი: დეცენტრალიზაცია, ავტონომიურობა რაიმე კონკრეტული სახელმწიფოებრივი მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ. პროფესიული განათლების მიზანი ყოველ კულტურულ ერში ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ და საკმარის სპეციალისტ-პროფესიონალთა აღზრდაა. ეკონომიკურ ცხოვრებაში _ ქვეყნის კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შექმნაა. ეს მკაფიო ზეამოცანა დოკუმენტში ჩანაცვლებულია საქართველოში ევროპული განათლების დონის უახლოეს მომავალში მიღწევის (სატელევიზიო!) ფრაზეოლოგიით. ,,ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი, ამ თვალსაზრისით საბჭოურ წარმოდგენებსაც კი აჭარბებს. ინებეთ: ,,საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს: … სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები … “.

ჩვენი კომენტარი: იმის ცოდნა, რაზედაც სახელმწიფო მოხელეთ, მასწავლებლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ბუნდოვანი წარმოდგენები აქვთ, მოზარდებს ვერ მოეთხოვებათ. ეს ნონსენსია!
ნათელია, რომ ევროკავშირის საინოვაციო განვითარების ლისაბონის სტრატეგია, სადღეისოდ არ წარმოადგენს საქართველოს ერთიანი პროფესიული საგანმანათლებლო სივრცის და პროფესიული განათლების გამჭოლი სისტემის მსაზღვრელს. ამგვარად გააზრებული (Deliberate Policy) პოლიტიკის არ არსებობის პირობებში, ,,საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფციის საფუძველი _ პროფესიული განათლების გამჭოლი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეყდნობა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის მიერ 1997 წ. მიღებულ განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას (International standard Classificaion of Education, ISCEG-97) და კოპენჰაგენის პროცესის რეკომენდაციებს” (იხ. კონცეფცია), მხოლოდ დეკლარაციად რჩება.

დასასრულ, შევნიშნავთ მხოლოდ, რომ კერძო პიროვნებათა ხელში დაგროვილი სიმდიდრის ქვეყნის საჭიროებებზე მიმართვის გონივრული მექანიზმების შექმნა _ საზოგადოებრივ სიკეთეთა გამრავლების სამსახურში ჩაყენება და არა ამ სიმდიდრის საეჭვო ოფშორულ ზონებში განთავსება, თანამედროვე მწარმოებლური ერების საზოგადოებრივი ცნობიერების დამახასიათებელი თვისებაა. ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებული ერები, თავიანთი ხანგძლივი განვითარების პროცესში, გარდაუვალ ფასეულობებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის დაფუძნების შედეგად ჩამოყალიბდნენ.

გიორგი ბერუჩაშვილი

Source
https://burusi.wordpress.com/2011/03/15/ernest-solvay/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button