ლიტერატურასაკითხავიფაქტებიწიგნები

გიგი თევზაძე “ვეფხისტყაოსანი“, როგორც პოლიტიკურ-სოციალური პროექტი

ორ საუკუნეზე მეტია „ვეფხისტყაოსანი“ [ჯერ] ევროპის და [შემდეგ] მსოფლიოს შუა საუკუნეებით დაინტერესებულ ინტელექტუალთა თვალთახედვის არეალში მოექცა. მან მალევე მოიპოვა კონტრეტული – შუა საუკუნეების სარაინდო რომანის სტატუსი, რამაც ხაზი გაუსვა საქართველოს მიკუთვნებულობას იმდროინდელი შუა საუკუნეების ლიტერატურის [და, შესაბამისად, კულტურის] main-stream-ისათვის[1], თუმცა ის მაინც რჩება უცნაურ, ორმაგ ფენომენად:

1. არაქართულენოვანი მკითხველისათვის ის წარმოადგენს, მართალია, შუა საუკუნეების გლობალური კონტექსტის ნაწილს, მაგრამ მაინც ლოკალურ, მხოლოდ საქართველოსათვის მნიშვნელოვან სარაინდო რომანს, რომლის გეოგრაფიული და ისტორიული ადგილი სადღაც „შაჰ-ნამეს“ და „სიმღერა როლანდზე“ შორის არის განლაგებული.

2. ქართველებისათვის, შუა საუკუნეების, კოლონიალური, პოსტკოლონიალური, მოდერნული, პოსტმოდერნული და პოსტ-პოსტმოდერნული ლიტერატურის მიუხედავად, „ვეფხისტყაოსანი“ ჯერ კიდევ რჩება ძირითად ტექსტად, რომლის ინტერტექსტუალური რეფერირება, ალუზია, დეკონსტრუქცია და რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს[2]. თანამედროვე სამყაროში ძნელია იპოვო ისეთი ვითარება, სადაც აქტიური ლიტერატურის ხერხემალი კვლავ 9 საუკუნის წინ დაწერილი ტექსტია.

ამ ქართული აღქმის მიზეზად, ქართველი მწერლების გაუნათლებლობას და პროვინცილიზმს ვერ დავასახელებთ: პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ჩახედულია ქართველი მწერალი თანამედროვე ლიტერატურის ტექნიკებში და პროცესებში, მით უფრო მიმართავს „ვეფხისტყაოსანს“, როგორც შემოქმედების წყაროს. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსნის“ ქართველი მკვლევარები, მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე, ძალიან ნოყიერ ნიადაგს პოულობენ „ვეფხისტყაოსანში“ სხვადასხვა თეორიის თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური მოძღვრების ნაკვალევის აღმოსაჩენად: აქაც, პროვინციალიზმი არ არის განმართლება: ამ მკვლევარების ნაწილი კარგად იცნობს და იცნობდა თანამედროვე აზროვნებას და მის გამოხატვებს[3].

თუკი დავუშვებთ, რომ ქართული აღქმა არ არის პროვინციალური და ტექსტს ადეკვატურად აღიქვამს, მაშინ კითხვა უნდა შევაბრუნოთ და „ვეფხისტყაოსნის“ ევროპელ მკვლევარებს გადავხედოთ: იქ ხომ არ არის რაიმე მიზეზი, რომლის მიხედვითაც „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გაზიარებული ინტერპრეტაცია ჩამოყალიბდა: „ვეფხისტყაოსნის“ ქართულ ენაზე წამკითხველ პირველ უცხოელ მკვლევარებს/მთარგმნელებს (XIX-XX საუკუნეები) რომ გადავხედოთ, ვნახავთ უცნაურ ფაქტს: არც ერთი მათგანი არ იყო შუა საუკუნეების ლიტერატურის ან, თუნდაც ზოგადად, შუა საუკუნეების კულტურის სპეციალისტი. აი, მათი სია:

მარი ბროსე (1802-1880) – ჟურნალისტი, ლიტერატორი; არტურ ლაისტი (1852-1927) – ჟურნალისტი და მთარგმნელი; ნიკო მარი (1864-1934) – ენათმეცნიერი;

ბელა ვიკარი (1859-1945) – ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი; ნიკოლაი ზაბოლოცკი (1903-1958) – პოეტი, მთრგმნელი; ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) – მთარგმნელი;

მარჯორი უარდროპი (1869-1909) – მთარგმნელი; მათი უმეტესობა გამოირჩეოდა ქართული ენის კარგი ცოდნით და ასევე იმით, რომ არ იყო შუა საუკუნეების კულტურის სპეციალისტი. შედეგად, მათი წარმოდგენები შუა საუკუნეების ლიტერატურაზე არ უნდა გასცდენოდა, ზოგადად, კარგი განათლების მქონე ჰუმანიტარის ცოდნის ფარგლებს. არ არის გასაკვირი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ და შუა საუკუნეების სპარსულ/ინდურ/ევროპული ეპოსი ერთმანეთთან არავის შეუდარებია[4].

 აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ არც „ვეფხისტყაოსნის“ მეოცე საუკუნის საბჭოთა პერიოდის ქართველი მკვლევრები გამოირჩეოდნენ. კორნელი კეკელიძეს თავის „ქართული ლიტერტურის ისტორიაში“ არაერთი გვერდი აქვს მიძღვნილი „ვეფხისტყაოსნისათვის“,5თუმცა, არ აქვს გაკეთებული არცერთი შედარება შუა საუკუნეების სხვა სარაინდო რომანებთან. შესაძლებელია ეს საჭოთა ცენზურის გამოც ხდებოდა: საბჭოთა კავშირის პირველ ათწლეულებში და შემდეგაც, რეპრესიულ მანქანას შეეძლო მკაცრად დაესაჯა ყველა, ვინც რაიმე პარალელს ავლებდა ბურჟუაზიული სამყაროს ისტორიასთანაც კი.

 რომ შევადაროთ ”ვეფხისტყაოსანი“ სხვა, დაახლოებით მე-7-[5][6]-დან (კელტური ეპოსის ”Táin Bó Cúailnge” და აღმოსავლეთ რომაული „დიგენის აკრიტასის“ შექმნის დრო) მე-16 საუკუნემდე (არიოსტოს „გახელებული როლანდის“ დაწერის დრო) დაწერილ ეპოსებს, საინტერესო სურათს მივიღებთ. შესაძლებელია გავაკეთოთ ოთხი მნიშვნელოვანი ნიშანის იდენტიფიცირება, რაც „ვეფხისტყაოსანს გამოარჩევს ამ პერიოდის სარაინდო რომანებისაგან:

  1. სასწაულების მინიმალიზაცია/არარსებობა:

„ვეფხისტყაოსანი“ უცნაურად სეკულარული ეპოსია: ძალიან რეალისტურია. უფრო ქრონიკებს ჰგავს, ვიდრე სარაინდო რომანს. თუმცა, ფორმაც, გადმოცემის წესიც და პესონაჟებიც სარაინდო/ზღაპრულია: უცხო ქვეყნები, უცხო მეფეეები, უცხო მხარეები. თუმცა, ამ ფორმის მიუხედავად, მასში არ არსებობს არც ერთი მაგიური ნივთი, სასმელი, ქმედება, ჯადოქარი. ყველა ფენომენი, სიტყვიერად აღწერილი როგორც საოცრება, მოგვიანებით აღიწერება, როგორც დახელოვნების შედეგი; ხოლო ყველა ნივთი, თავდაპირველად მოხსენიებული როგორც ჯადოსნური, შემდეგ ზუსტდება როგორც ოსტატური ნაკეთობა. მაგალითად, გრძნეულ ქაჯთა ხსენებისას სწრაფი დეკონსტრუქციაც ხდება – ავტორი ამბობს, რომ ქაჯები, უბრალოდ, განსწავლული და დახელოვნებული ადამიანები არიან. ერთადერთი ჯადოსნური მომენტი, რომელიც არ არის დეკონსტრუირებული, ფატმანის მონის სისწრაფეა. თუმცა, ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც, ეს სისწრაფე უფრო მხატვრული ხერხია, ვიდრე სიუჟეტის არსებითი ნაწილი. ასეთ სარაინდო რომანს შუა საუკუნეები არ იცნობს: ისტორიულ ეპოსებსაც კი წინ უძღვის მითოლოგიური გარემო; ხშირად ისტორიული თხზულებებიც/ეპოსებიც არ არის თავისუფალი სასწაულებისაგან და ჯადოსნობებისაგან.

ყოველივე ამის ფონზე, „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად გამორჩეული ტექსტი უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების ნარატიული კულტურის ფონზე და, ალბათ, ისეთივე ზეგავლენა უნდა მოეხდინა მკითხველზე, როგორც „ჰარი პოტერმა“ მოახდინა, ოღონდ პირიქით: თუკი როულინგმა ყველას დაანახა, რომ ჩვენს რუტინულ სამყაროს დამატებული ფანტაზია საოცარ შედეგებს იძლევა, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა ყველას აჩვენა, რომ რუტინულ სასწაულებს მოშორებული ცხოვრებაც ისევე საინტერესოა და რომ ყველა შეიძლება გახდეს მის ნარატივებში აღწერილი ამბების წევრი[7].

  1. სასულიერო პირების არარსებობა:

„ვეფხისტყაოსანში“ ისეთი პერსონაჟიც კი არ არსებობს, რომლებიც მიახლოებით მაინც მოაგონებდა მკითხველს სასულიერო პირს; მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც ნახსენებია ”მუყრნი და მულიმნი” (სტრ. 351), და ისიც სეკულარული კონტექსტში, შესაბამისი, დამცინავი კომენტარით. მეტიც, არ არსებობს არც ერთი „ბრძენი მოხუცი“, რომელმაც ოდნავ მაინც შეიძლება მოგვაგონოს სასულიერო პირი.

სრულიად შესაძლებელია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ამიტომაც იყო საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის მხრიდან დევნის ობიექტი და, ალბათ, ამითვე აიხსნება მისი უზომო პოპულარობა საქართველოს ტერიტორიაზე: შესაძლებელია, ამ მხრივ, „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენთვის უცნობი პოლიტიკური სეკულარული მოძრაობის ანარეკლია, რომელიც ჰყვება, რომ შეიძლება არსებობდეს გარემო სასულიერო პირების გარეშე, სადაც ადამიანი, ავთანდილივით, პირდაპირ მიმართავს ღმერთს. ამ მხრივ, „ვეფხიტყაოსანი“ სეკულარიზმის მანიფესტია.

  1. „მოხუცების ადგილი აქ არ არის“:

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მოხუცები რომანში მეორეხარისხოვანი/პასიური/უარყოფითი პერსონაჟები არიან: როსტევანი, რომელიც დადებითი, მაგრამ პასიური პერსონაჟია და ახალგაზრდებს უჯერებს; ფარსადანი, რომელიც აქტიურია, მაგრამ მხოლოდ უარყოფით საქმეებს სჩადის (სარიდანის სამეფოს მითვისება, ხვარაზმშას მოწვევა სიძედ, ნესტან-დარეჯანის გაგზავნა ქაჯებთან). ეს უცნაური თემაა სარაინდო რომანებისათვის; ბრძენი მოხუცი, რომელიც პროტაგონისტებს სწორ რჩევებს აძლევს, ეხმარება, სათავგადასავლო ლიტერატურის კანონია, „შაჰნამედან“ და „ტრისტან და იზოლდადან“, „რომეო და ჯულიეტამდე“.

  1. საეკლესიო და საერო კონტროლისაგან თავისუფალი გზები:

ჩვენთვის, ის ფაქტი, რომ „ვეფხისტყაოსანის“ გმირები უდაბნოში გადაადგილდებიან და მხოლოდ მოგზაურებს თუ ხვდებიან, არ არის უჩვეულო, თუმცა, შუა საუკუნეების ქართველისათვის ეს ძალიან უცნაური ვითარება უნდა ყოფილიყო: ვახტანგ გორგასალის პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს გზები „აღჭურვილი“ იყო მონასტრებით, რომლებიც გზების გაკონტროლებელის და მცველის ფუქციას ასრულებდნენ. მონასტრები ერთმანეთისგან ერთი ან ნახევარი დღის სავალზე იმყოფებოდნენ, რაც ერთსა და იმავე დროს, მოგზაურის კომფორტის და კონტროლის საშუალება იყო. მონასტრების უშუალო გამგებელი საქართველოს ეკლესია იყო. შესაძლებელია, ამიტომაც იყო შუა საუკენეებში ამდენი დაპირისპირება მეფეებსა და ეკლესიას შორის – ვინც აკონტროლებდა ეკლესიას, ის აკონტროლებდა სავაჭრო გზებს და მას ჰქონდა მეტი ფული.

არის კიდევ ორი ნიშანი, რომელიც ასევე გამოარჩევს „ვეფხისტყაოსანს“ შუა საუკუნეების სარაინდო ეპოსებიდან – უნივერსალიზმი: 1. იმდროინდელი ყველა ლიტერატურული სიუჯეტის ინკორპორირება და 2. ყველა სიმბოლოს, ხატის და ოპოზიციის გამოყენება, რაც მიღებული იყო შუა საუკუნეების ინტელექტუალთა წრეებში[8]. ეს ორი ნიშანი ხსნის „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, დღესაც პოპულარობას და დაუძველებლობას, თუმცა უშუალო კავშირი „ვეფხისტყაოსანთან“, როგორც სოციალურ-პოლიტიკურ პროექტთან არ აქვს.

რას შეიძლება მიუთითებდეს ეს ოთხი ნიშანი, რომელიც გამოარჩევს ვეფხისტყაოსანს ყველა მანამდელ, თუ შემდგომად დაწერილ სარაინდო რომანებისაგან? ეს ოთხი ნიშანია:

  1. სათავგადასავლო რომანი ჯადოქრობის და ჯადოსნობის გარეშე;
  2. პრინციპულად სეკულარული სამყარო, ადამიანის პირდაპირი კავშირი ღმერთთან, ყოველგვარი მედიატორების გარეშე;
  3. სამყარო (ქვეყანა), რომელშიც მოხუცების ადგილი არ არის: მართებულის, სწორი ქცევის და ახალგაზრდობის დაკავშირება ერთმანეთთან;
  4. გზები სასულიერო და საერო კონტროლის გარეშე – გადააადგილების სრული თავისუფლება.

ვფიქრობ, ცხადია, რომ ეს, ერთის მხრივ, რეალისტური, მაგრამ, ამავე დროს, სრულიად ახალი სამყაროა: სამყარო, სადაც არ არის რელიგია, სადაც არ მართავენ მოხუცები, სადაც გადააადგილება თავისუფალია, საერო და საეკლესიო კონტროლის გარეშე.

ვფიქრობ, სიმართლესთან ახლოს იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ამ კუთხით აღწერილი „ვეფხისტყაოსანი“ პოლიტიკური და სოციალური პროექტია – სამყაროს სურათი, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვა სამყარო, სადაც მეტი თავისუფლებაა და სადაც თავისუფლების შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი.

მაგრამ, ერთი შეხედვით ეს ლოგიკური დასკვნა უფრო მეტ კითხვებს წარმოშობს, ვიდრე პასუხებს: ვინ იდგა ამ პროექტის უკან? ვინ დააფინანსა ჯერ ამ პროექტის პროცესი, და შემდეგ, წიგნის საოცრად ეფექტური გავრცელება? საერთოდ, „ვეფხისტყაოსანი“ ერთი ადამიანის დაწერილია, თუ რამდენიმეს? პროექტის მასშტაბურობა და მიზანი იმდენად გრანდიოზულია, რომ სავსებით შესაძლებელია ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მას ერთი ავტორი ჰყავდა.  თუმცა, ის, რომ თუ პოემის დაწერაში არა, მის გავრცელებაში და პოპულარიზაციაში ნამდვილად რამდენიმე, თანაც ძალაუფლების და სიმდიდრის მქონე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, ვფიქრობ, დიდად სარწმუნოა.

„ვეფხისტყაოსანი“ ნამდვილად არ არის ხელისუფლების პროექტი. ვერსია, თითქოს „ვეფხისტყაოსანი“ ოფიციალური პოლიტიკის (დემნა უფლისწულის და მისი მომხრეების რეპრესიები და თამარის მამის მიერ სამეფო ტახტის უზურპაცია) გასამართლებლად იწერება, არ უნდა იყოს სწორი. „მიბრძანეს მათთა საქებრად“, როგორც ჩანს, მიმიკრიაა, თუნდაც იმიტომ, რომ ტარიელის პროტოტიპი აშკარად დემნა ბატონიშვილია, ხოლო ხვარაზმშას – ან გიორგი რუსი, ან დავით სოსლანი. მაშინ რა მოხდა? შეგვიძლია, ძალიან მოკრძალებული რეკონსტრუქციით, დავუშვათ, რომ „ვეფხვისტყაოსანი“ ახალგაზრდა, მდიდარი, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული არისტოკრატების პროექტია, რომელთა მიზანიც ქვეყანაში (და ალბათ, არა მარტო) სოციალური და პოლიტიკური სისტემის შეცვლაა: მიზანი კი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც მართავენ ახალგაზრდები, სადაც არ არის რელიგია და სადაც ყოველ ადამიანს გადააადგილების სრული თავისუფლება აქვს. ამ მიზნის მისაღწევად მათ უცნაური, და ალბათ, მათი გადმოსახედიდან, ეფექტური გზა აირჩიეს: ასეთი ქვეყნის მიღწევა შეუძლებელია ცნობიერების, იდენტობის ძირეული ცვლილების გარეშე. ამიტომ, მათ შექმნეს, მანამდე წარმოუდგენელი და არარსებული, მხატვრული და იდეური ძალის პოემა, რომელსაც გავრცელებისას უნდა მოენადირებინა ადამიანების გულები, მათ თავში ჩამჯდარიყო და ასე გამოეწვია სასურველი ცვლილება. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში სდევნიდა ამ წიგნს, როგორც საკუთარი ძალაუფლების ყველაზე დიდი საფრთხეს. ანდა, სრულიად შესაძლებელია, წიგნის გავრცელებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ახალგაზრდა არისტოკრატები მსგავს რევოლუციას გეგმავდნენ, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მკითხველისათვის იდეურად უკვე მისაღები უნდა ყოფილიყო.

როგორ დამთავრდა პროექტი „ვეფხისტყაოსანი“? რევოლუცია არ მოხდა, თუკი დაგეგმილი იყო. თუმცა, თვითონ პროექტის შედეგი მაინც არ არის ერთმნიშვნელოვანი: არც წარუმატებელია, მაგრამ არც წარმატებული: „ვეფხისტყაოსანი“ ნამდვილად ჩაჯდა ყველა ქართველის თავში, მაგრამ ცნობიერების ცვლილება არ გამოიწვია, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ადამიანი ორიენტირებულია დაინახოს და გაიგოს არა ის ახალი, რასაც მას სთავაზობენ, არამედ ის, მან რაც უკვე იცის.

და ბოლოს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: თუკი ეს ყველაფერი ასეა და ზედაპირზეა, რატომ არ არის ეს ცხადი  უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის? ბოლოს და ბოლოს, რატომ არავის არ მიუქცევია, ამ, აშკარად ზედაპირზე მყოფი ფაქტებისათვის, ყურადღება?

პასუხი, ვფიქრობ, მარტივია: „ვეფხვისტყაოსანი“ არასოდეს მოხვედრილა შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის სერიოზული მკვლევარის თვალთახედვის არეში. ხოლო რაც შეეხება განათლებულ არასპეციალიტებს: თანამედროვე (modern) მკითხველისათვის რაინდები, ნადირობა, მიჯნურობა, სიყვარული, ცხენდაცხენ და საზღვაო ბრძოლები იმდენად არის რომანტიკით და ზღაპრულობით მოცული, რომ „ვეფხისტყაოსანი“ განწირულია, იყოს აღქმული როგორც ჩვეულებრივი ზღაპრული სარაინდო რომანი.

[1]Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состаянии, СПб., 1802;  M. Brosset, Recherches sur la poesie georgienne, Nouveau journal Asiatique, V, 1833.

Н. Марр, Вступительные и заключительные строфы Витяза в барсовой коже Шоты из Рустава.

Грузинский текст, русский перевод и пояснения с этюдом „Культ женщины и рыцарство в поэме“, ТР, XII, Санкт-Петербург, 1910

[2] Chota Rustaveli, L’homme a la peau de leopard. Texte francais de m. Georges Gvazava et de m-me Anie Marcel-Paon, Paris, 1938;

[3]Schota Rusthaveli, Der Recke im Tigerfell, Altgeorgisches Poem, Deutsche Nachdichtung von Hugo Huppert, Berlin, 1955, 1970 აგრეთვე, იხ. „რუსთაველი მსოფლიო ლიტერატურაში“. თბილისი, 1976.  იხ. აკა მორჩილაძე, „წიგნი“ თბილისი, 2003; პაატა შამუგია, ”ანტიტყაოსანი”. თბილისი, 2007;

ინტერვიუ რობერტ სტურუასთან, გაზ. ”24 საათი”, 15 თებერვალი, 2003

[4] გამონაკლისს წაარმოადგენს ვიქტორ ნოზაძის გამოუქვეყნებელი ხელნწერი, სადაც ის შუა საუკუნეების სარაინდო და ეპილური პოემების და „ვ“-ს სიუჯეტებს დარებს ერთმანეთს. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi–bin/library.exe?e=d–01000–00—off–0period—00-1–0–

[5] –0—0—0prompt–10—4——-0–0l–11-en–50—20–help—00–3-1-00–0–0-11-1-0utfZz–810&a=d&cl=CL4.2&d=HASH0122cedaaecfe520de36a3d8.7.3

[6] კორნელი კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, II, თბილისი, 1958, გვ. 149-160

[7] თუმცა, ისიც უნდა აღინიშვნოს, რომ თუკი როულინგმა არსებული [ფენტეზის] ტრადიცია გააგრძელა და საყოველთაოდ მისაღებად/გაზიარებულად აქცია, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის პროექტი ჯერ-ჯერობით – უპრეცენდენტოდ გამოიყურება. „ვ“ თვითონ გვევლინება ტრადიციის შემქმნელად.

[8] იხ. გიგი თევზაძე „ვ?“: ბოლოს და ბოლოს რა არის ეს ვეფხისტყაოსანი“. ჟურნალში „კადმოსი“. ილიას უნივერსიტეტის გმაომცემლობა. 2013.

Source
burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button