ბუნება & სამყაროენიგმაკოსმოსიმეცნიერებაუცნაურიფაქტები

ვარსკვლავები უფრო მეტია თუ ქვიშის მარცვლები?

კარლ სეიგანის ცნობილი ფრაზის მიხედვით, სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დედამიწის ყველა სანაპიროზე არსებული ქვიშის მარცვლები. სავარაუდოდ ეს მეტაფორა იყო, მაგრამ რა მოხდება, თუკი პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ? მართლაც, რომელია უფრო მეტი?

როგორც ცნობილია, „ირმის ნახტომის” გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია, ხოლო სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკა — შესაძლოა 500 მილიარდიც კი. თუკი დავიანგარიშებთ ვარსკვლავების სავარაუდო რაოდენობას, მივიღებთ მინიმუმ 10 სექსტილიონს (სექსტილიონი 21 ნულიანი რიცხვია). ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი 200 სექსტილიონია, ანუ 200 000 000 000 000 000 000 000.

რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავი და გონების ამრევია. მაგრამ რას ვიტყვით მთელი პლანეტის პლაჟებზე არსებულ ქვიშის მარცვლებზე? მათი ანგარიში ცოტა არ იყოს რთულია, ისინი ზომაში ხომ სულ რაღაც ნახევარ მილიმეტრს შეადგენენ.

შეგიძლიათ, 20 მარცვალი გვერდიგვერდ მოათავსოთ და 1 სმ სიგრძის ხაზს მიიღებთ. 8000 მარცვალი დაახლოებით 1 კუბურ სმ-ს შეავსებს. ხოლო თუ ავიღებთ ქვიშის 10 სექსტილიონ მარცვალს და წარმოსახვით ბურთში მოვათავსებთ, ამ ბურთის რადიუსი 10.6 კმ იქნება. ხოლო მაქსიმალური მაჩვენებლის, ანუ 200 სექსტილიონის შემთხვევაში, ის 72 კმ-ზე გადაიჭიმება. ეს სფერო რომ დედამიწაზე დიდი ყოფილიყო, სათაურში დასმული კითხვის პასუხი ნათელი იქნებოდა, თუმცა საკითხი ასეთი მარტივი არაა.

მაშ, მთელი პლანეტის სანაპიროების ქვიშა უფრო მეტია? ამის დასადგენად უნდა გამოითვალოს ქვიშიანი სანაპიროს საშუალო მოცულობა და მსოფლიოს პლაჟების მიახლოებითი რაოდენობა.

დოქტორ ჯეისონ მარშალის გამოთვლების მიხედვით, დედამიწაზე არსებობს დაახლოებით 700 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობის პლაჟი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 5 სექსტილიონ ქვიშის მარცვალს.

თუმცა ჯეისონი გვაფრთხილებს, რომ ეს არის უხეში გამოთვლა და რეალურ მაჩვენებელს შეიძლება ცდებოდეს ორის ფაქტორის ფარგლებში. ანუ რეალურად ეს რიცხვი შეიძლება იყოს ორჯერ მეტი ან ორჯერ ნაკლები, რის შედეგადაც ვიღებთ ვარიაციას 2.5 სექსტილიონიდან 10 სექსტილიონამდე.

შესაბამისად გამოდის, რომ ქვიშის მარცვლების მხოლოდ მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება გაუტოლდეს ვარსკვლავების რაოდენობის მინიმალურ მაჩვენებელს. უფრო რეალური ანგარიშით კი, ისინი ქვიშის მარცვლებს 5-10-ჯერ აღემატებიან რაოდენობით.

პასუხიც ესაა. მათემატიკური ანგარიშით მიღებული დასკვნების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყაროში უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე დედამიწის ყველა პლაჟზე ქვიშის მარცვალი.

შესაბამისად, კარლ სეიგანის ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობითაც ესადაგება რეალობას.

და კიდევ ერთი რამ: რა მოხდება, თუკი ქვიშის მარცვლების ნაცვლად ატომებს ჩავსვამთ? რა ზომისაა 10 სექსტილიონი ატომის კომბინაცია? ალბათ იფიქრებთ, რომ საკმაოდ დიდი, რადგან საუბარია კოლოსალურ რიცხვებზე. რეალურად კი ეს ობიექტი მტვრის ტკიპაზე (სიგრძე 0.3 მმ) პატარა იქნებოდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქვიშის ერთ მარცვალში უფრო მეტი ატომია, ვიდრე – ვარსკვლავების რაოდენობა მთელ სამყაროში.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button