ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

XXI

ამ დროს მელია გამოჩნდა.

– გამარჯობა, – მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.

– გაგიმარჯოს, – თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.

– მე აქა ვარ, – გაისმა ხმა, – ვაშლის ხის ძირას.

– ვინა ხარ? – შეეკითხა პატარა უფლისწული, – სანდომიანი იერი გაქვს…

– მე მელია ვარ, – მიუგო მელიამ.

– მოდი მეთამაშე, – შესთავაზე პატარა უფლისწულმა, – ძალიან უბედური ვარ.

– შენთან თამაში არ შემიძლია, – მიუგო მელიამ, – მე მოუშინაურებელი მელია ვარ.

– მომიტევე, – უთხრა პატარა უფლისწულმა.

და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:

– არ არის „მოშინაურება“?

– შენ აქაური არ უნდა იყო, – უთხრა მელიამ, – რას დაეძებ აქ?

– ადამიანებს დავეძებ, – თქვა პატარა უფლისწულმა – რა არის „მოშინაურება“?

– ადამიანებს, – თქვა მელიამ, – თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?

– არა, – მიუგო პატარა უფლისწულმა. – მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?

– ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.

– მიჩვევას?

– სწორედ მაგას, – მიუგო მელიამ. – შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები  შენთვის…

– მგონი მიგიხვდი, – თქვა პატარა უფლისწულმა… – ერთ ყვავილს ვიცნობ… მან, მგონი, მომიშინაურა…

– შეიძლება, – მიუგო მელიამ, – რა არ ხდება ამ დედამიწაზე.

– ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.

– სხვა პლანეტაზე მოხდა?

– დიახ.

– მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?

– არა.

– საინტერესოა! ქათმები?

– არა.

– სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, – ამოიოხრა მელიამ.

და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

– ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში…

მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

– მომიშინაურე!.. – შეევედრა იგი უფლისწულს.

– სიამოვნებით მოგიშინაურებდი, – მიუგო პატარა უფლისწულმა – მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.

– მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, – თქვა მელიამ. – ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.

– როგორ უნდა მოგიშინაურო? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

– ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, – მიუგო მელიამ. – ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები…

მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.

– უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, – უთხრა მელიამ, – მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.

– რიტაული რა არის? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, – მიუგო მელიამ. – რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს – დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.

ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.

– ო!.. – ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.

– შენი ბრალია, – უთხრა პატარა უფლისწულმა. – მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე…

– მართალია, – თქვა მელიამ.

– ახლა კი უნდა იტირო!

– მართალია.

– მერე და, რა მოიგე?

– დიახაც მოვიგე, – მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.

და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

– წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.

პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

– თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, – უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, – თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე.

– თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

– თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, – განაგრძო მან. –  არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.

– მშვიდობით… – უთხრა მან მელიას.

– მშვიდობით, – მიუგო მელიამ. – აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

– თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

– თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

– თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

– ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, – თქვა მელიამ, – მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე…

– ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე… – გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

XXII

– გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

– გაგიმარჯოს, – მიუგო მეისრემ.

– რას აკეთებ აქ? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– მგზავრებს ვანაწილებ, – მიუგო მეისრემ, – ათას-ათას კაცად ვაჯგუფებ და ხან მარჯვნივ ვისტუმრებ და ხან მარცხნივ.

ამ დროს ისეთი გრუხუნით ჩამოიქროლა გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა, რომ მეისრის ჯიხური შეაზანზარა.

– სად მიჰქრიან? – იკითხა პატარა უფლისწულმა. – რას დაეძებენ?

– ეს თვითონ მემანქანემაც არ იცის, – მიუგო მეისრემ.

ახლა მეორე გაკაშკაშებულმა ჩქარმა მატარებელმა ჩაიგრუხუნა მეორე მიმართულებით.

– უკვე გამობრუნდნენ უკან? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– ესენი სხვა მგზავრები არიან, – მიუგო მეისრემ.

– არ მოსწონთ ის ადგილი, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ?

– არავის მოსწონს ის ადგილი, სადაც ცხოვრობს, – მიუგო მეისრემ.

ამასობაში მესამე ჩქარმა მატარებელმა ჩამოიქროლა.

– ესენი პირველი მატარებლის მგზავრებს მისდევენ? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– არავის არ მისდევენ. – მიუგო მეისრემ. – მათ ვაგონებში სძინავთ ან სხედან და ამთქნარებენ. მარტო ბავშვები არ შორდებიან ფანჯრებს და ცხვირი სარკმლის მინაზე აქვთ მიჭყლეტილი.

– მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ, – თქვა პატარა უფლისწულმა. – ისინი თავს ევლებიან ჭინჭის თოჯინას და ამიტომაა იგი ასე ძვირფასი მათთვის. და თუ ვინმემ მათ თოჯინა წაართვა, მწარედ ტირიან.

– ისინი ბედნიერები არიან, – თქვა მეისრემ.

XXIII

– გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

– გაგიმარჯოს, – მიუგო ვაჭარმა.

ეს იყო წყურვილის მომკვლელი აბებით მოვაჭრე. საკმარისია ერთი ასეთი აბი გადაყლაპოს კაცმა და მთელი კვირა აღარ მოწყურდება.

– რა საჭიროა ეს აბები? – შეეკითხა მას პატარა უფლისწული.

– იგი დროის დიდ ეკონომიას იძლევა, – მიუგო ვაჭარმა – ექსპერიმენტებმა გამოიანგარიშეს, რომ კვირაში შეიძლება ორმოცდაცამეტი წუთი დაზოგო.

– მერე რად უნდათ ეს ორმოცდაცამეტი წუთი?

– რამეში მოიხმარენ.

„მე რომ ორმოცდაცამეტი თავისუფალი წუთი მქონოდა, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ნელა გავისეირნებდი წყაროსაკენ…“

XXIV

უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც ამ უდაბნოში მარცხი მომივიდა და სასმელი წყალის სწორედ მაშინ გამომელია, როცა პატარა უფლისწული აბებით მოვაჭრის ამბავს მიყვებოდა.

– შენი თავგადასავალი მშვენიერია, – ვუთხარი მე პატარა უფლისწულს. – მაგრამ ხომ ხედავ, ჯერაც არ შემიკეთებია თვითმფრინავი, სასმელი წყალიც არა მაქვს და, მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემეძლოს ნელა გავისეირნო წყაროსკენ.

– ჩემმა მეგობარმა მელიამ მითხრა, რომ…

– ჩემო კარგო ბიჭო, რა დროს მელიაა!

– რატომ?

– იმიტომ, რომ წყურვილით სიკვდილი გველის.

მან ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი და მომიგო:

– მეგობარი ყოველთვის კარგია, სიკვდილის წუთებშიც კი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ მელიას მეგობრობით…

„წარმოდგენაც არა აქვს მოსალოდნელ საფრთხეზე, – გავიფიქრე მე. – მას ხომ არასოდეს გამოუცდია შიმშილი და წყურვილი. მისთვის მზის სხივიც კმარა…“

პატარა უფლისწულმა შემომხედა და ფიქრი გამაწყვეტინა:

– მეც მწყურია… – მითხრა მან. – წამოდი, ჭა მოვძებნოთ…

მე უიმედოდ ჩავიქნიე ხელი: რა აზრი ჰქონდა ალალბედზე ჭის ძებნას ამ თავლუწვდენელ უდაბნოში. მაგრამ მაინც გავუდექით გზას.

დიდხანს ვიარეთ ხმაამოუღებლად. დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აენთნენ. წყურვილით ღონემიხდილი და გაოგნებული ძლივსღა ვარჩევდი ვარკვლავების ციმციმს. პატარა უფლისწულის სიტყვები მაინც მიტრიალებდა თავში.

– შენც იცი, რა არის წყურვილი? – შევეკითხე მე.

მაგრამ პასუხი არ გამცა.

– წყალი გულსაც რგებს… – თქვა უბრალოდ.

მე ვერ გავუგე, მაგრამ აღარაფერი ვკითხე… კარგად ვიცოდი, რომ კითხვაზე პასუხს ადვილად არ გამცემდა.

იგი დაიღალა და სილაზე დაეშვა. მე გვერდით მივუჯექი. კარგა ხანს ვდუმდით. მერე კი თქვა:

– ლამაზია ვარკვლავები, მეტადრე იმიტომ, რომ იქ, სადღაც, ერთი ყვავილი ხარობს, რომელიც აქედან არა ჩანს…

– მართალი ხარ, – მივუგე მე და თვალი მოვავლე მთვარის შუქით განათებულ დატალღულ ქვიშას.

– უდაბნოც ლამაზია, – დასძინა მან.

მართლაც ლამაზი სანახავი იყო უდაბნო. მე ყოველთვის მომწონდა იგი. ზიხარ სილის ბორცვზე, ირგვლივ არაფერი ჩანს. არაფერი ისმის. და მდუმარებაში მაინც ანათებს რაღაც…

– იცი, რატომაა უდაბნო ასეთი ლამაზი? – თქვა პატარა უფლისწულმა, – იმიტომ, რომ სადღაც, მის წიაღში, წყარო იმალება…

მე გავვოცდი. მხოლოდ ახლა მივხვდი, რას მოასწავებდა ეს იდუმალი ელვარება, უდაბნოს სილა რომ გამოსცემს ხოლმე. ოდესღაც, პატარა რომ ვიყავი, ერთ ძველისძველ სახლში ვცხოვრობდი. ხალხში ხმა დადიოდა, ამ სახლში განძია დაფლულიო. ეს განძი, რა თქმა უნდა, არავის უპოვია, და ალბათ არც არავის უძებნია, მაგრამ სახლი გრძნეულებით იყო მოცული. თითქოს გულში რაღაც საიდუმლო აქვს ჩამარხულიო…

– მართალი ხარ, – მივუგე მე პატარა უფლისწულს. – სახლი იქნება, ვარსკვლავი თუ უდაბნო, ლამაზი მათში ის არის, რაც არა ჩანს.

– მიხარია, რომ ჩემს მელიას ეთანხმები, – მითხრა პატარა უფლისწულმა.

მერე კი ჩაეძინა. მე ხელში ავიყვანე იგი და გზა განვაგრძე. აღელვებული დავყურებდი მას. ასე მეგონა, თითქოს უძვირფასესი განძი მეჭირა ხელში და მასზე სათუთი არაფერი იყო ქვეყნად. დავცქეროდი მთვარის შუქით განათებულ  ფერმკრთალ შუბლს, მინაბულ თვალებს და ოქროსფერ კულულებს, რომლებსაც ქარი ელამუნებოდა, და ჩემს თავს ვეუბნებოდი: რასაც ახლა ხედავ, ნაჭუჭია მხოლოდ, ყველაზე მთავარს თვალი ვერ ხედავს-მეთქი.

უფლისწულს ოდნავ გაპობილ ბაგეზე წყნარი ღიმილი გადაეფინა.

„ის რაც უფრო დიდ აღტაცებას მგვრის, – გავიფიქრე მე, არის მისი ერთგულება ყვავილისადმი, ვარდზე ოცნება, რომელიც ჩირაღდანივით ანთია მის სულში მაშინაც კი, როცა მას სძინავს…“ და ჩემთვის აშკარა გახდა, რომ იგი უფრო სათუთი იყო, ვიდრე მეგონა, მივხვდი, რომ ჩირაღდანს უნდა გაუფრთხილდე, თორემ ქარის ერთ შემოქროლვას შეუძლია ჩააქროს იგი…

ასე ვიარე, ვიდრე განთიადისას ჭას არ წავაწყდი.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button